ნუ მომიკლავენ ჩემს თოჯინას ჯარისკაცები


ნუ მომიკლავენ ჩემს თოჯინას ჯარისკაცები




ანისურ რაჰმანი დაიბადა 1978 წელს. დჰაკასა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტებში სწავლობდა ენებს, ლიტერატურას, თეატრისა და კინოს ხელოვნებას. ლექსების გარდა ბენგალურ და ინგლისურ ენებზე წერს პიესებს, მოთხრობებსა და ესეებს. მისი დებიუტი შედგა 2003 წელს პოეტური კრებულით „ცარიელი ჭიქა“. შვედურ ენაზე ნათარგმნი პირველი პოეტური კრებული („ექვსი სეზონი“) კი 2012 წელს გამოიცა. როგორც დრამატურგი, თანამშრომლობს ნორვეგიისა და შვედეთის სახელმწიფო თეატრებთან და რადიოებთან. ამჟამად მუშაობს ქალაქ უფსალას ლიტერატურულ ცენტრში ლიტერატურული პროექტების ხელმძღვანელად. 

 

მატარებელი

 

მატარებელი დანიშნულების ადგილისკენ მიექანება. წინ გრძელი გზა აქვს.

დროსავით მიქრის. დროის სიჩქარით ჩაუქროლა თვალებს, რომელიც მას უყურებდა;

ჩაუქროლა მათაც, ვისი კარ-მიდამოც ცოტა ხნის წინ ჩამოიტოვა.

მიქრის და ტოვებს მტვერს თვალებში და სახეებზე, ბევრ თვალებში და ბევრ სახეზე.

მატარებელს არ ახსოვს მტვერი. არც თვალები, არც სახეები.

მათი აღრიცხვა დიდ დავთარში არ უთხოვიათ.

 

მატარებელი მიქრის. ჩავლისას ქარისა და მტვრის ბუღს აყენებს,

ლამისაა ამ სისწრაფით დროსაც გაუსწროს.

ვის შეუძლია გაუტოლდეს მას სიჩქარეში?

 

აბა, როგორ დაინახავენ რკინიგზასთან მყოფი თვალები,

სადამდე წავა მატარებელი? თუმცა მაინც ეცდებიან, ბოლომდე გასწვდნენ.

მატარებელი არ მიიხედავს არც უკან, არც მარცხნივ ან მარჯვნივ,

თვალები მალე დაიღლებიან.

განრიგის დროით მატარებელი დროსავით მიქრის შორეული ადგილებისკენ,

სოფლებს გაივლის, გეზს აიღებს სადგურებისკენ.

ვინ იცის, რა გზა გამოიარა, რა დარჩა უკან?

ვის შეუძლია გამოიცნოს?

დრო არის ძველი მატარებელი.

ეს საიდან ეცოდინება რკინისა და ძელებისგან ნაგებ მანქანას?

ის ვერ გაიგებს. არავინ იცის, რა ფიქრები უტრიალებს სხვას გონებაში.

მატარებელი ვერ გაიგებს, როგორ ედება მტვერი გონებას.

მხოლოდ ის იცის, რომ საჭიროა წინ წავიდეს დღისით და ღამით.

ის ხომ ვერასდროს მიაღწევს სადგურს, თუ მტვერში მყოფთა ტკივილს შეიგრძნობს?!

მტვრით დაბინდულთა გონებამ კი ნამდვილად იცის, როგორია დაფარული სიმართლის სახე.

 

ნება მომეცით, ჩემი გითხრათ:

სიმართლეს ბრმები უკეთ ხედავენ.

ბრმამ იცის კარგად.

ბრმა ვინ არის?

ვის შეეძლო, გაძღოლოდა ამ მატარებელს თანაც ისე, რომ ხელთ სჭეროდა მისი სადავე?

 

 

შენა ხარ ჩემი სიგარეტიც და სანთებელაც

 

ფრთხილად იყავი, არ გაბედო აქ ნარკოტიკის მოხმარება, არც სიგარეტი არ მოწიო.

შესაძლოა, სულაც შეცდომით დაგაპატიმროს პოლიციამ. როგორც შენ ამბობ,

ყველაფერი ხდება ამქვეყნად. ამიტომ, არც პოლიციაში მოხვედრაა გამორიცხული.

 

დაჭერის შიში ნამდვილია სხვა ჩვეულებრივ შიშებთან ერთად.

შენ თუ იცი, მე რამდენჯერ დავტყვევებულვარ?

ნეტავ, ვინმეს სადმე თუ ახსოვს?

ვინ წუხდა ჩემზე?.. რაც არ უნდა იყოს პასუხი,

მომისმინე: ბევრჯერ ყოფილა -  როცა გიყურებ,

შეპყრობილი ვარ, შენი ტყვე ვარ. გულისცემა უცებ მატულობს

და ხმა მიწყდება. ამ დროს უზომოდ მინდა გაქცევა.

გავიქცეოდი, რომ შემეძლოს, ასი მეტრით დაგშორდებოდი.

 

როცა მთავრდება ეს აგონია, მხნეობას ვიკრებ.

ვცდილობ, ვითხოვო პატიება, მოგიახლოვდე,

შემოგხედო და იქნებ თვალიც კი გაგისწორო.

ჩემს ფიქრებს შენზე კიდევ ერთხელ გადავამოწმებ და გეუბნები,

რაც არ მითქვამს... დასწყევლოს ღმერთმა! ეს სიტყვებიც უმაქნისია!

შეპყრობილი ვარ, ტყვე ვარ შენი და მეშინია, სულ არ დამებნეს გზა და კვალი.

იმას ვდარდობ, პოლიციის წითელ შენობას თუ მიმაყენეს,

შენს თვალებში უხეშ ენაზე დაწერილის წაკითხვა მელის.

ვკარგავ ენას, საკუთარ ენას. აღარ ვიცი, როგორ წარმოვთქვა სიტყვა,

რომელიც შენთვის მომქონდა.

არადა, მსურდა, მომეყოლა რასაც ვფიქრობდი და მომესმინა პატიების ათასი სიტყვა.

არვინ იცოდა, ვერც ხვდებოდა, რომ შეპყრობილს ერთადერთი სურვილი მქონდა,

ჩემს სურვილს კი - თავის სათქმელი.

არვინ იცოდა, ვერც ხვდებოდა, რომ სხეულით დავატარებდი შეშლილობას, მიჯაჭვული ვყავდი სიგარეტს.

ეს შენ ხარ ჩემი სიგარეტი - ის ნარკოტიკი, რის წარმოდგენაც კი შეეძლო ჩემს წარმოსახვას.

შეიძლებოდა ვყოფილიყავ სანთებელაც. მონაცვლეობით - სიგარეტი ან სანთებელა,

სანთებელა ან სიგარეტი. წარმოვიდგინე, ერთად როგორ ვითამაშებდით

სიგარეტის და სანთებელას როლების გაცვლას. მე და შენ ერთად.

 

საბედნიეროდ, შენ აღმოჩნდი ის პოლიცია, რომელმაც შემდეგ

შემიპყრო და დამაპატიმრა.

სიგარეტის როლს ითამაშებ თუ სანთებელის, ჩემი ხარ მაინც.

ირონიაა: როგორც კი თავი ამოვყავი შენს ტყვეობაში,

მხნეობა ისევ დამიბრუნდა. პოლიციის არ მეშინია.

ახლა შენი პატიმარი ვარ.

არ მეშინია არც ტყვეობის. მოდი, ასე ვთქვათ:

შენა ხარ ჩემი სიგარეტიც და სანთებელაც, -

სულ ესაა... სიყვარულის უფლებას ვითხოვ.

 

 

დილან ტომასი

 

ნება მომეცი, გკითხო როგორ უმკლავდებოდი

გონებაში მოზღვავებულ სიტყვების ნაკადს

რითმისა და რიტმის ზვირთებში; როგორ აწყობდი

ემოციებში სიტყვების წარღვნას, როცა გონება რალს მართავდა

ალიტერაციის მისაგნებად.

მითხარი, როგორ აკავშირებდი სათქმელს და სიტყვებს, რომლითაც მას გამოხატავდი,

ანდა, როგორ იქმნებოდა სოლიდარული მეტაფორები?

როცა კითხულობ მათ, გგონია, ეს თამაშია  - დედის კალთას გამობმული ბავშვის თამაში,

სათამაშოდ რომ გაუხდია ემოცია, სიტყვა, გრძნობა, მეტაფორა, მუსიკა და

შედარებები,  ტკივილები და ნეტარება, მონაცვლეობით

დაკარგვისა და შეძენის ვნება, მონატრება და გამოწვევა, -

გამოხატული შენს სიტყვებში, შენი გონებით ნაკვებ სიტყვებში.

სპონტანურად, უმარტივესად არჩევდი სიტყვებს,

თითქოს ბავშვმა ხელი ჩაჭიდე დედის „სარის“

და დატრიალდი მის გარშემო შეუჩერებლად.

როგორ შეძელი? ასეთი რამ როგორ გამოსდის ადამიანს?

 

ამ კურთხეული მადლით მოსილი დაემსგავსე ლამის იესოს

სიმართლის თქმაში, სილამაზის პოვნისა და სიყვარულის გამოხატვაში.

დროს სწყურია ამ ხმის მოსმენა, ჩამდგარა მწკრივში ტაძრისაკენ

დუქნის ეზოდან, დუქნის ეზოდან - ტაძრისაკენ, ბოჰემური ტიპებიდან

მღვდლებისაკენ, რომლებსაც ათრობს სიტყვის მუსიკა,

ამ სიტყვების სიახლოვიდან ნაშობი ტრფობა, სტრიქონების ხმა,

მრავალ თვალთაგან დაღვრილი ცრემლი, სახეებიდან გადმოსული

წრფელი ღიმილი, გონის ღიმილი, უამრავი გულის ღიმილი...

ამ ყველაფრის მოწმე მკითხველი გაკვირვებული გეკითხება

- რა ძალაა, რაც პოეზიად აქცევს სიტყვებს?

შენ ამ ხელობის - პოეზიის ქსოვის ხელობის - ოსტატად გთვლიან.

სად იპოვე ის დინამიტი, სიტყვებს შორის რომ დამალე ასაფეთქებლად?

მან დაამსხვრია ყველაფერი, რათა ისევ აგეგო და გეშენებინა.

შენი ერთ-ერთი გულმოდგინე მკითხველთაგანი აქამდე მხოლოდ

ალფრედ ნობელის აღმოჩენილ დინამიტს სცნობდა, ახლა კი ვხედავ,

შენ ხარ მეორე ადამიანი იმ აღმოჩენით,

რათა ქვები ააფეთქო ხალხის გულებში და გონებას უჩვენო

სახლი. ეს უნარი აფეთქების მაგიჟებს შენში. ეს უნარი აფეთქების

შურსაც აღმიძრავს, რადგან მე არ მაქვს შენებური წარმოსახვის ძალა საკმაო.

არ გამომივა შენი ქება, არც საუბარი შემიძლია შენზე ამდენი.

 

დიდებულ სიტყვებს მომავალშიც იტყვიან შენზე. დაე, სხვებმა თქვან,

ოღონდაც მე გავთავისუფლდე შენი ჯადოსგან. მე მშურს შენი,

უმწეო ვარ, თანაც მარტო ვარ. გთხოვ, მაპატიო.

ძლიერ მაშინებს შენი სიტყვა-დინამიტები ჩემს ცარიელ

მონდომებაში -  ჩემი განცდა გადმოვცე სიტყვით.

 

მას შემდეგ, რაც გამოცალე ყველა სასმისი, აისრულე ყველა ოცნება,

ინეტარე თავისუფლებით, აზეიმე საკუთარი წარმოსახვები,

მოიპოვე მეფის გვირგვინი კეთილხმოვანი სიტყვებისათვის,

სახე-ხატების, შედარებების, მეტაფორის და რითმებისათვის...

ნაუცბათევად, ყოველგვარი ცნობის გარეშე დაასრულე შენი თამაში.

გაუჩინარდი სცენიდან და გზა გააგრძელე იმ სამყაროში,

საიდანაც აქეთ მოხვედი. ეს სამყარო კი გიცქეროდა უამრავი

სულელი თვალით შენთვის და მისთვის მძიმე წუთებში,

გიყურებდა და გხედავდა  ჭკვიანსა და თავმოყვარე

ადამიანს, რაღა თქმა უნდა... უდროოდ წასულს.

ნუთუ ასე გეჩქარებოდა აქაურობის დატოვება?

 

სულელ მკითხველებს ძლიერ დაგვაკლდა შენი წასვლა,

მოგვენატრა შენებური დინამიტები, გულში ქვების მეხთატეხის ხმა და

გონებაში - სახლის შენება. მიუხედავად იმისა, რომ ისევ ისე მშურს

შენი თხრობისა და შექმნის ნიჭის.

 

ნუთუ ასე სასწრაფო იყო ზეცაში შენი გამოძახება?

რა დაგახვედრეს? პოეზიის უდაბნოები? ზეცის ხალხს

ნუთუ ასე მოშიებოდა შენი სიტყვები?  ვინ იცის...

ვის შეუძლია ზღაპრების თქმა? შენ მოგვიყვები?

 

შენი უელსი შენ გამო ტირის,

იმაზე ტირის, უდროოდ რომ მოგიწია გადასახლება.

ისე, რას იტყვი, როგორ მიდის ცაში ცხოვრება?

 

ნატალი შინ ბრუნდება

 

იცი, ალბათ, ვინ თქვა სიმართლე იმის შესახებ, რომ

ღამე დნება და დღე იწყება. არ მჯერა, შუქი თუ გამოჩნდება აქ ოდესმე.

 

ბავშვი მამას გვერდზე გასწევს, რომ არ გახდეს თოფის სამიზნე.

ჯარისკაცები გადათელავენ მამასაც, ბავშვსაც

მძიმე ჩექმებით. დახვრეტითაც იმუქრებიან.

დღე იქცევა ღამის სიბნელედ.

 

სად არის ქალაქი? სად ვნახო სახლი?

ღამე დნება და დღე იწყება.

დენი, შუქი და ჩამრთველი ადგილზეა,

კმარა ეს იმისთვის, რომ ბნელი გაქრეს?

 

რაც უნდა ეცადო, სიტყვები აზრებს გადაუმალო,

რაც უნდა ეცადო, გაერთო ნოტებით და სიმღერებით,

გულში სისხლისღვრა არ წყდება არასდროს.

 

ღამე დნება და დღე იწყება.

ქალაქის ბაულებს[1] ეჭვი იპყრობს,

არ სჯერათ თუკი გამოჩნდება სინათლე სადმე

ან ამ ქალაქში, ან ამ სახლში.

 

არ მოველოდით, რომ სიმართლე უელსური,

გაცხადებული სახალხო მთქმელი ბაულის მიერ, 

ტრანოსშიც ასე გაიჟღერებდა - ისევ სიმართლე.

ეს როგორ ხდება? რატომ ხდება? ვერ ამიხსნია.

 

რატომ უნდა მოისროდნენ თავდაჯერებით

დამპყრობელი ჯარისკაცები ამ სამყაროს მთელ სინათლეებს

თოფ-იარაღის საწყობებისკენ?

 

სასტიკმა სამყარომ მუქი ფერით გააფერადა ომში მყოფი

მამებისა და, დედებისა და, ბავშვების თვალები.

ხომ არ გინახავთ სინათლე ბლოკპოსტთან

ღამისა და დღის გასაყარზე?

 

ღამე დნება და დღე იწყება, სინათლე ჩნდება უელსში ნელა,

როცა საავდრო რუხი ღრუბელი დამძიმდება ტრანოსის თავზე.

 

ჩახედე თვალებში მიშელს-ბენგტს-ანტონს,

კოლმს-დომინიკსა და ტიშანის - წყლის წვეთებია მათ სახეებზე.

ნატალი შინ ბრუნდება: ღამდება ტრანოსში.

ნატალი შინ ბრუნდება: თენდება უელსში.

 

აი, რატომ ვამტკიცებ ხოლმე, რომ გურუ ხდება ყველგან ოსტატი.

როგორ შეძლო დღევანდელობის სახის დანახვა

ამდენი წლის წინ?!

 

ღამე დნება და დღე იწყება.

სინათლე არა და არ გამოჩნდა.

შენ, როგორც გურუს, გიხარია,

რადგან ეს შენთვის გართობაა, დილან ტომას!

 

 

ნუ მომიკლავენ ჩემს თოჯინას ჯარისკაცები

(ფრაგმენტი პოემიდან)

 

1.

მამი, ისინი ვინ არიან? რატომ ისვრიან?

რატომ ისვრიან შუაღამისას?

დღისით ისედაც სულ თოფები უჭირავთ ხელში,

როდისღა სძინავთ?

ნუთუ სახლი არ გააჩნიათ?

ჩვენი სახლისკენ რატომ მოდიან?

სხვა საქმე ნუთუ არაფერი აქვთ?

უმუშევრები ხომ არ არიან?

შინ კატა არ ჰყავთ, ანდა ძაღლი?

ბაღიც არა აქვთ?

არ ურჩევნიათ, ბაღს მიხედონ?

ნეტავ, ბავშვები არა ჰყავთ სახლში?

ვინ დაატარებს მათ სკოლაში?

რატომ ისვრიან წამდაუწუმ ჩვენს სახლთან ახლოს?

წავიდნენ და შვილს ეთამაშონ, არ უჩევნიათ?

თუ არ უყვართ მათთან თამაში,

მაშინ მულტფილმს უყურონ ერთად.

რატომ ისვრიან აქ? მითხარი!

რატომ თესავენ შიშს ჩვენ გარშემო?

რატომ მიშლიან ხელს, დავიძინო?

რატომ მიშლიან ხელს თამაშში?

რატომ მიშლიან ხელს საუბარში?

არ დამაცდიან მულტფილმის ნახვას?

რატომ ისვრიან აქ დღედაღამე?

რატომ თვითონ არ ეშინიათ ამდენი სროლის?

რა უგუნური საქციელია!

ჩვენ გვეშინია, მაგრამ ვხედავ

სულ არ აღელვებთ. რატომ, მამი?

 

ამ  გაუსაძლის ზაფხულის ხვატში

მდინარეზე მაინც წავიდნენ, წყალში გაერთონ.

შეეძლოთ, თუნდაც, სათევზაოდ გადასულიყვნენ

ან საკუთარი ველოსიპედით, ან სულაც ცხენით.

რატომ ისვრიან დაუსრულებლად?

არ ანაღვლებთ ჭამა და ძილი?

რატომ მშობლები არ უკრძალავენ თოფებით თამაშს?

ნუთუ, არ ჰყავთ დედა და მამა?

მთლად ობლები ხომ არ არიან?

რატომ ესროლეს ჩემს თოჯინას ცალ ხელში თოფი?

დავიჯერო, შინ თოჯინები არ ჰყოლიათ?

ასე უწესოდ და ჯიუტად რად იქცევიან?

აი, ნახე, არ იღლებიან, ისევ ისვრიან.

ნეტავ, თუკი რამე ასტკივათ,

რას იზამენ?

მათი მშობლები ხომ იდარდებენ,

მათი მშობლები ხომ იტირებენ? -

ნეტავ ამაზე  არ ფიქრობენ?

 

- შვილო, კარგი იქნებოდა, დაიძინებდე.

- კარგი, მამი, ღამე მშვიდობის! გთხოვ,

დაიცავი სროლისაგან ჩემი თოჯინა,

ნუ მომიკლავენ ჯარისკაცები!

 

2.

მამი, იარაღს სად შოულობენ?

ასე უწესოდ და ჯიუტად რად იქცევიან?

მათი თოფების შიშით ცაზე ჩიტები გაქრნენ,

სად წავიდნენ, მამი, ჩიტები?

მათი შვილების სახელები ხომ არ იცი,

რა ჰქვიათ, ნეტავ, ან სად ცხოვრობენ?

წერილი უნდა გავუგზავნო

ამ უწესო ჯარისკაცების შვილებს სახლებში.

უნდა მოვუყვე, რას სჩადიან, როგორ ურჩობენ,

ხალხს რომ კლავენ და ტკივილს გვრიან ადამიანებს.

შენ ხომ ნახე, წყალი როგორ გაწითლდა ტბაში?

 

მაგრამ, ვაიმე, წერილს როგორღა გავაგზავნი?

ფოსტალიონი რომ აღარ მოდის?

იმ საზიზღრებმა მასაც სადმე ხომ არ ესროლეს?

რომ მენახა, ვინ დაურიგა იარაღი ამ გიჟების ჯგროს,

ერთ მაგარ სილას გავაწნავდი.

მერე, ტირილს რომ დაიწყებდა, კანფეტს მივცემდი

და ვკითხავდი: „რატომ მიეცი იარაღი ამ უწესოებს,

უკეთესი ხომ იქნებოდა, ბურთი მიგეცა?“

შეწყვეტდნენ მაშინ უგუნური საქმის კეთებას

და დაიწყებდნენ ვარჯიშს ფეხბურთში -

მომავალი მსოფლიო თასის ჩემპიონატში“.

 

3.

მა, პაპამ მითხრა ვარსკვლავებად ვიქცევითო, როცა მოვკვდებით.

იმ კაცებმა კი, ნაძირლებმა, პაპა მოკლეს.

სწორედ მაგათ მომიკლეს პაპა.

ყველას კლავენ. რა გვეშველება?!

ვერ გამიგია - ცასთან არიან გარიგებული,

რომ უამრავი ადამიანი უნდა დახოცონ?

კიდევ რამდენი უნდა მოიკლას, რომ ეყოს ამ ცას?!

ნახე, რამდენი ვარსკვლავია უკვე ზეცაში, -

თვლას ბოლო არ აქვს.

არა, არ გვინდა მეტი ვარსკვლავი, შეწყვიტეთ სროლა!

მომისმინეთ, ჰეი, მკვლელებო, ნუღარ ისვრით!                    

გირჩევნიათ, სახლში წახვიდეთ.

თუ აქ ვინცა ვართ, ყველას დაგვცხრილავთ,

თუ ყველანი ვარსკვლავებად გადავიქცევით,

აქ ვინ მოუვლის დარჩენილ კატებს,

ან ვინ მოუვლის დარჩენილ ძაღლებს,

ან ვინ მოუვლის ჩვენს ბაღჩა-ბაღებს,

ვინღა ივლის მაშინ სკოლაში?

 

ოჰ, იქნებ სადმე შემახვედრა ამ უტიფარი მკვლელების ბრბოსთან.

მამა, რას იტყვი, სახლში ხომ არ დაგვეპატიჟა?

ნახატები მაქვს ყვავილების, ჩიტებისა და სხვა ბუნების სილამაზეთა,

თუ მოვიდოდნენ, ვაჩუქებდი ყველა მკვლელს ნახატს -

იქნებ ეს მაინც გახარებოდათ და შეეწყვიტათ უგონოდ სროლა,

იქნებ კაცისკვლა დავიწყებოდათ...

 

4

მამი, რა გჭირს? რამ შეგაშინა?

შენ, რა, არასდროს გიცელქია? წესები არ დაგირღვევია?

პაპას არასდროს უყიდია შენთვის თოფი?

... შეგიძლია, თოფი მიყიდო?

მინდა, ის ხიდი ავაფეთქო, რომელზედაც ჯარისკაცები გადმოივლიან

აქ მოსასვლელად.

ჰო მიყიდი? რა მაგარი იქნებოდა, -

ის ურჩები აქეთ ვეღარ გადმოვიდოდნენ...

შენ აქ ხარ, მაგრამ თითქოს არ ხარ,

გინდა გადარჩე და ამიტომაც გირჩევნია გადაიმალო,

მაგრამ განა რამდენი ხნით დაიმალები?

მიდი, წაართვი  იარაღი იმ ჯარისკაცებს

და მერე ერთად გადავყაროთ ოკეანეში.

 

ახლა პაპა რომ ცოცხალი იყოს, ეგრევე პირში მივახლიდი:

„ეს რა შვილი გაგიზრდია, უმაქნისი,

არაფერი არ შეუძლია!“

 

5.

მამა, შეხედე, რა დამართეს სათამაშოებს!

რა სასტიკი ხალხი ყოფილა!

სულ არ ადარდებთ, რა ძვირფასია სათამაშო ბავშვებისათვის.

ესეც რომ არა, შინ ბავშვები ხომ ეყოლებათ, იმ ბავშვებს კიდევ

სათამაშო ექნებათ ალბათ...

არ მესმის, რატომ დაამტვრიეს ჩემი ნივთები.

თუ ჭირდებოდათ, რამდენიმე სათამაშოს გავიმეტებდი, ეთხოვათ მაინც.

ვინც მაჩუქა, იმას ეს არ მოეწონება, მაგრამ მაინც მივცემდი იმათ,

ჩემს ახლობლებს კი ვეტყოდი, მეტად აღარ ეჩუქებინათ

არანაირი სათამაშო არასდროს ჩემთვის,

რადგან ოდესმე აუცილებლად დაიმტვრევა ყველა მათგანი

ამ სასტიკი კაცების ხელით.

 

6.

მამა, შემთხვევით ხომ არ იცი, როგორ კეთდება რაკეტები?

არა, არ იცი შენ არაფერი.

არაფრისთვის აღარ ვარგიხარ.

იქნებ წიგნი მაინც გეშოვა რაკეტების შესახებ სადმე?

წავიკითხავდით და შეიძლება ასე გაგვეგო, როგორ იგება ხომალდები.

და თუ მართლა გამოგვივა საჰაერო ხომალდის შექმნა,

ყველას ვასწავლით, როგორ კეთდება... შესანიშნავი იქნებოდა!

და როდესაც ის სასტიკი ჯარისკაცები აქ მოაღწევენ, ჩვენ ყველანი

ამ რაკეტებით გავფრინდებით უცებ მთვარეზე.

თან წავიღებთ ფოტოაპარატს და მთვარიდან გადავუღებთ სურათებს

ამათ, ნაძირალათა ამ სასტიკ ბრბოს.

გაგიჟდებიან, როცა ვერსად ვერ გვიპოვიან,

ხელცარიელი მოუწევთ წასვლა.

ჩვენ კი მთვარიდან დავბრუნდებით ჩვენი ხომალდით

და პოლიციას მივცემთ ფოტოებს ამ სასტიკი ჯარისკაცების.

აი, მაშინ ნახონ სეირი!

 

ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა



[1]                      ბაულები - ბენგალელი მისტიკოსი პოეტი-მომღერლები.

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE