მიკროსკოპი


მიკროსკოპი




ამ საქმეს გაბედვა უნდოდა. მან გაბედა.

ერთხელაც მოვიდა სახლში, უცნაურად დაბნეული, სახეგაყვითლებული. ცოლისთვის არც შეუხედავს, ისე ჩაილაპარაკა:

_ ისა... ფული დავკარგე. - და ამ დროს მისი ჩატეხილი ცხვირი (მოღრეცილი და კეხიანი), აქამდე ყვითელი, მთლად გაუწითლდა. - ას ოცი მანეთი.

ცოლს ყბა ჩამოუვარდა, სახეზე მუდარა აღებეჭდა: იქნებ ხუმრობს? არა, ეს ცხვირმოგრეხილი არასოდეს ხუმრობს, არ შეუძლია. ცოლმა სულელურად იკითხა:

_ სად?

ქმარმა უნებურად ჩაიქირქილა:

_ ჰიჰ, ეგ რომ ვიცოდე, წავიდოდი და...

_ ოო, არა! - იფეთქა ცოლმა. - შენ დიდხანს არ გექნება საქმე საქირქილოდ! - თქვა ეს და სატაფეს ასაღებად გაიქცა. - ერთი ცხრა თვე მაინც, საძაგელო!

ქმარმა ლოგინზე ბალიშს სტაცა ხელი - დარტყმების მოსაგერიებლად. (ძველები მარტო ბაქიბუქობდნენ თავიანთი ელვარე ფარებით. ბალიში!) ცოლ-ქმარი ოთახში დატრიალდა.

_ ბალიში, ბალიშს გასვრი! შენი გასარეცხი იქნება!..

_ გავრეცხავ! გავრეცხავ, ცხვირმოღრეცილო! სამაგიეროდ, ორი ნეკნი ჩემი გახდება! ჩემი! ჩემი!

_ ხელებზე ნუ მირტყამ, გაიგე?

_ მოკლე-მოკლე ხელუკები, მოღრეცილი ცხვირუკები!

_ ხელები, შე სენის წყარო! ასე ხომ ხვალ ბიულეტენზე დავჯდები! შენვე წააგებ!

_ ჰოდა, დაჯექი!

_ შენვე წააგებ...

_ წავაგო!

_ ვაიმე!

_ აი, ასე!

_ გეყო?

_ არა, მაცადე, ბოლომდე გავერთო! სული უნდა მოვიოხო, შე ცხვირმოღრეცილო ჩერეტო შენა! კოდალავ... - აქ ცოლმა იმარჯვა და მტკივნეულად გაარტყა თავში. ცოტა თვითონვე შეეშინდა...

ქმარმა ბალიში დააგდო, თავში იტაცა ხელები და მორთო კვნესა. ცოლი გამომცდელად დააშტერდა ქმარს: თვალთმაქცობს თუ მართლა ეტკინა? გადაწყვიტა, რომ მართლა. დადო სატაფე, დაჯდა სკამზე და აყმუვლდა, მოთქმითა, მოთქმითა:

_ ვაი, რატომ მერგო მე ასეთი ბედიიი?.. ვაგროვებდი, ვაგროვებდი!.. ვაი, ზედმეტად თეთრი პურის ლუკმა არ ჩამიდია პირშიიი!.. ვაი, ჩემი ბავშვებისთვის ტკბილი თაფლაკვერი არ მიყიდია!.. ვიზოგავდი, ვიზოგავდი, შე ცხვირმოღრეცილო ჩერეტო შენააა!.. ვაიმეე!.. ყოველ კაპიკს ვიზოგავდი, მიხაროდა: ექნებათ ზამთარში ჩემს შვილებს თბილი და მორთული ქურქები! სკოლაში დაძონძილები და შეციებულები არ ივლიან!..

_ როდის იყო, რომ დაძონძილები დადიოდნენ? - ვერ მოითმინა ქმარმა.

_ ხმა ჩაიწყვიტე, შე ჩერეტო, შენა! გაჩუმდი. ეს ფულები საკუთარ შვილებს შეუჭამე! შეუჭამე და ყელზეც არ დაგადგა... ნეტა მართლა ყელზე დაგდგომოდა, ოდნავ შვება იქნებოდა ჩვენთვის.

_ გმადლობ კეთილი სიტყვისთვის, - გესლიანად გამოსცრა ქმარმა.

_ ოხ, შე ჩერეტო!.. მაინც, სად იყავი? იქნებ გაიხსენო? იქნებ სამუშაო ადგილას დაგრჩა? იქნებ დაზგის ქვეშ დადე და დაგავიწყდა?

_ სად დამრჩებოდა სამუშაოზე!... შემნახველ სალაროში სამუშაოდან წავედი. სამუშაო ადგილასო...

_ იქნებ ვინმესთან შეიარე, შე ჩერეტო?

_ არავისთან მე არ შევსულვარ.

_ იქნებ ჯიხურში ლოთებთან ლუდი დალიე?.. გაიხსენე. იქნებ იატაკზე დაგივარდა... გაიქეცი, ჯერ კიდევ დაგიბრუნებენ.

_ არ შევსულვარ ამ ჯიხურში.

_ აბა, სად შეიძლება დაგკარგვოდა, შე ჩერეტო?

_ მე რა ვიცი?

_ ველოდებოდი! ახლა წავიდოდი ბავშვებთან ერთად, ქურქებს მოვიზომებდით... უკვე შერჩეული მქონდა. ახლა იმათ უკვე დაიტაცებენ. ვაი, შე ჩერეტო, ჩერეტო...

_ კარგი, გეყოფა! ამოიჩემა: ჩერეტო, ჩერეტო...

_ აბა, ვინ ხარ?

_ რა ვქნა ახლა?

_ ორ ცვლაში იმუშავებ, ჩერეტო! აწი მჭლედ გვეყოლები... დალევ  აწი ორას ორმოცდაათიანს აბანოს მერე, კი, როგორ არა! ცივ წყალს მიირთმევ ჭიდან...

_ არც მინდა ეგ არაყი. როგორმე გადავიტან უმისობას.

_ ფეხით ივლი სამუშაოზე! კი, ისეირნებ აწი ავტობუსით.

აქ უკვე ქმარმა გაკვირვება ვერ დამალა.

_ ორ ცვლაში მუშაობა და თან ფეხით სიარული? მოფიქრება არ გინდა?

_ კი, ფეხით! ფეხით ივლი, იქითაც და აქეთაც, ჩერეტო! ხანდახან სირბილითაც წახვალ, რომ არ დაგაგვიანდეს. ამოანთხევ იმ ფულებს, ბევრჯერ გაგახსენდება...

_ ორ თვეში არა და თვენახევარში კი გამოვიმუშავებ, ეგ არაფერია, - სერიოზულად თქვა ქმარმა და ხელი მოისვა ნატკენ ადგილზე. - ოსტატს უკვე მოველაპარაკე... - თავიდან ვერ გაიაზრა, რომ თავი გათქვა, მაგრამ როცა ცოლმა გაკვირვებით შეხედა, გამოასწორა: - როცა ვნახე, რომ ფული დამეკარგა, სამუშაოზე დავბრუნდი და მოველაპარაკე.

_ აბა, ერთი, შემნახევლი სალაროს წიგნაკი მაჩვენე, - მოსთხოვა ცოლმა. შეხედა, ამოიხვნეშა და ისევ მწარედ თქვა: - ჩერეტო.

სოფლიდან ცხრა კილომეტრის დაშორებით განლაგებული „ზაგოტზერნოს“ პატარა სახელოსნოს დურგალი ანდრეი ერინი ერთი კვირა თავს უგვანოდ გრძნოდა. ცოლი ისევ ისე ჯავრობდა, ისევ „ჩერეტოს“ ეძახდა, და ქმარიც ჯავრობდა, მაგრამ ხმამაღლა ჩხუბს ვერ ბედავდა.

ამასობაში დღეები გადიოდა... ცოლი ნელ-ნელა მშვიდდებოდა. ანდრეი იცდიდა. ბოლოს გადაწყვიტა, რომ უკვე შეიძლება.

და აი, ერთ გვიან საღამოს (მართლა ერთნახევარ ცვლას „ასკდებოდა“) დაბრუნდა ანდრეი სახლში, ხელში კი პატარა ყუთი ეჭირა, და ყუთში, იგრძნობოდა, რაღაც მძიმე საგანი იდო. ანდრეი ჩუმად ბრწყინავდა.

თუ რამე იყო გასაკეთებელი, სახლშიც ხშირად მოჰქონდა ხოლმე, ქაღალდში გახვეული რაღაც ხის საგნები, კოლოფები, და არავის გაკვირვებია, რომ რაღაც მოიტანა. მაგრამ ანდრეი ჩუმად ბრწყინავდა. ზღურბლთან იდგა, იცდიდა, როდის მიაქცევდნენ ყურადღებას... ყურადღება მიაქციეს.

_ რაშია საქმე, რას ბრწყინავ მთვარიან ღამეში გამოდებული შიშველი უკანალივით?

_ აი, მომცეს, დამკვრელური შრომისთვის, - ანდრეი მაგიდასთან მივიდა. დიდხანს ხსნიდა ყუთს. როგორც იქნა, გახსნა და მაგიდაზე შემოდგა... მიკროსკოპი. - მიკროსკოპი.

_ რად გინდა ეგ?

ანდრეი ერინი დაფაცურდა. მაგრამ დაფაცურდა არა დამნაშავე სახით, როგორც სჩვეოდა, არამედ, როგორღაც, შემწყნარებლურად.

_ მთვარეს დავაკვირდებით! - და გადაიხარხარა. მეხუთეკლასელმა ვაჟიშვილმაც გაიცინა: მიკროსკოპით - მთვარეს!

_ რა დაგემართათ? - იწყინა დედამ.

მამა-შვილი გადაბჟირდა.

დედამ მკაცრად შეხედა ანდრეის. ისიც დამშვიდდა.

_ შენ იცი, ყველა ფეხის ნაბიჯზე მიკრობები რომ გახვევია? აი, ტოლჩით წყალი ამოხაპე... ასე, ხომ? - ანდრეიმ ერთი ტოლჩა წყალი ამოიღო. - რა გგონია, წყალს სვამ?

_ დამანებე თავი!

_ არა, მიპასუხე!

_ ჰო, წყალს ვსვამ.

ანდრეიმ შვილს შეხედა და უნებლიეთ ისევ ახარხარდა.

_ თურმე, წყალს სვამს!.. სულელი არაა ახლა ეს ქალი?..

_ ჩერეტო! ახლავე ავიღებ სატაფეს.

ანდრეი კვლავ დასერიოზულდა.

_ მიკრობებს სვამ, ჩემო კარგო, მიკრობებს. წყალთან ერთად ერთ-ორ მილიონს ჩაყლაპავ და ეგაა, მიაყოლებ! - მამა-შვილმა ისევ გადაიხარხარა. ზოია (ცოლი) კუთხისკენ გაეშურა სატაფეს ასაღებად.

_ აქეთ მოიხედე! - აყვირდა ანდრეი. ტოლჩით ხელში მიკროსკოპთან მიირბინა, დიდხანს აწყობდა ხელსაწყოს, მრგვალ სარკეს წყალი დააწვეთა, მილაკს თვალი დაადო და ორი წუთი მაინც იყურებოდა შიგ, სუნთქვაშეკრული. ვაჟი ზურგსუკან ედგა - იმასაც სასტიკად უნდოდა ჩახედვა.

_ მამი!

_ აი, ისინიც, ძაღლები!... - წაიჩურჩულა ანდრეი ერინმა. მერე რაღაც შემზარავი აღტაცებით დაიჩურჩულა: - დასეირნობენ.

_ კარგი, რა, მამი!

მამამ ფეხი დააბაკუნა:

_ იქით-აქეთ, იქით-აქეთ!.. ძაღლები!

_ მამიკო!

_ ბავშვი მიუშვი, ნახოს! - მკაცრად უბრძანა დედამ, თვითონაც აშკარად დაინტერესებული ჩანდა.

ანდრეი დანანებით მოწყდა მილაკს და შვილს დაუთმო ადგილი. ხარბად და ეჭვიანად მიაჩერდა კეფაში, მოუთმენლად ჰკითხა.

_ აბა?

ვაჟი დუმდა.

_ აბა?!

_ აი, ისინიც! - აყვირდა ბიჭი. - თეთრები...

მამამ შვილი მიკროსკოპს მოგლიჯა და დედას დაუთმო ადგილი.

_ შეხედე! წყალს სვამს თურმე...

დედა დიდხანს უყურებდა... ხან ერთი თვალით, ხან - მეორეთი...

_ ვერავისაც ვერ ვხედავ.

ანდრეიმ ერთბაშად იფეთქა, გასაოცრად გაბედული გახდა.

_ დაუდგა თვალი! ნებისმიერ გროშს მიაგნებს ჯიბეში, აქ კი მიკრობების დანახვა არ შეუძლია.. ლამისაა, თვალებში მოგახტნენ, სულელო! აი, ასეთი, თეთრები არიან...

იმიტომ, რომ თვითონ ვერანაირ თეთრებს ვერ ხედავდა, მამა-შვილი კი ხედავდა, დედა არ გაწყრა.

_ აი, აქ ყოფილან... - შეიძლება, მოიტყუა კიდეც, ტყუილი ადრეც დასცდენია. იყო მომტყუებელი.

ანდრეიმ გაბედულად მოაშორა ცოლი მიკროსკოპს და მილაკს თვითონ მიეწება. ამჯერადაც ჩურჩულზე გადავიდა:

_ ოხ შენი, რას აკეთებენ! რას აკეთებენ!..

_ მღვრიე რაღაცები რომაა, ჰო? - დაეკითხა ზურგსუკან მდგონი დედა შვილს. - სუპის ქონებივით?.. ამათზეა ლაპარაკი?

_ ჩუ-მად! - დაიღრიალა ანდრეიმ ისე, რომ მიკროსკოპს არ მოშორებია. - ქონებიო... ქონი შენა ხარ. შაშხი. - საკვირველია, ანდრეი ერინი ოჯახის მყვირალა უფროსი ხდებოდა.

უფროსმა, მეხუთეკლასელმა ვაჟმა სიცილი დაიწყო. დედამ ალიყური აჭამა. მერე მიკროსკოპთან უმცროსები მიიყვანა.

_ აბა, ჭკუისკოლოფო!.. ბავშვებიც ჩაახედე. ჩაშტერებიხარ აქ...

მამამ მიკროსკოპთან ადგილი დაუთმო და აღელვებულმა დაიწყო ოთახში ბოლთისცემა. რაღაცაზე ფიქრობდა.

ვახშმის დროს ანდრეი სულ ფიქრობდა, მიკროსკოპს გახედავდა ხოლმე და თავს იქნევდა. სუპიანი კოვზი შვილს აჩვენა.

_ რამდენია აქ? დაახლოებით?

ვაჟმა შუბლი შეიჭმუხნა.

_ ნახევარ მილიონამდე იქნება.

ანდრეი ერინმა თვალები მოჭუტა, კოვზს შეხედა.

_ არანაკლები. ჩვენ კი მათ ყლაპ! - სუპი ჩაყლაპა და მკერდზე მჯიღი დაირტყა. - და მორჩა. ახლა იქ თვითონ ორგანიზმი დაუწყებს ბეგვას. ეგ კი გაუსწორდება!

_ შენ თვითონ მოითხოვე, ჰო? - ცოლმა მსუბუქი უკმაყოფილებით გახედა მიკროსკოპს. - იქნებ მტვერსასრუტი მოეცათ. მტვერი ვერაფრით მოგვიშორებია.

არა, რა, ღმერთმა, ქალს როცა ქმნიდა, რაღაცა გაართულა. გაერთო შემოქმედი, გაერთო. ისე, ყველა ხელოვანი ხომ ასეა. რა იყო, ბოლოს და ბოლოს, მოაზროვნეს ხომ არ აკეთებდა.

ღამით ანდრეი ორჯერ ადგა. აანთებდა შუქს, ჩაიხედავდა მიკროსკოპში და ჩურჩულებდა:

_ აი, ძაღლები!.. რას სჩადიან. რას არ სჩადიან! ძილიც რომ არ ერევათ.

_ არ გადაირიო, - უთხრა ცოლმა, - ისედაც ბევრი არ გინდა, მთლად გაგიჟდები.

_ მალე აღმოჩენებს დავიწყებ, - თქვა ანდრეიმ და ცოლთან, თბილ ლოგინში შეძვრა. - მეცნიერთან წოლილხარ ოდესმე?

_ კიდევ რას იტყვი!

_ იწოლები. - ადრეი ერინმა ცოლს მოფერებით მოუთათუნა ხელი რბილ მხარზე. - იწოლები, ჩემო კარგო, იწოლები მეცნიერთან.

სადღაც, ერთი კვირა, ანდრეი ერინი თითქოს სიზმარში ცხოვრობდა. მოვიდოდა სამუშაოდან, ხელ-პირს გულდასმით დაიბანდა, ჩქარა-ჩქარა ივახშმებდა... მიკროსკოპისკენ აპარებდა თვალს.

_ საქმე ისაა, რომ, - ყვებოდა ანდრეი, - რომ ადამიანს ას ორმოცდაათი წლის სიცოცხლე ეკუთვნის. იბადება კითხვა: რატომაა, რომ სამოცი, დიდი-დიდი, სამოცდაათი წელი - და ფეხებს ჭიმავს? მიკრობები! ეს არამზადები დღეს უმოკლებენ ადამიანს. შეძვრებიან ორგანიზმში და როგორც კი ოდნავ დაუძლურდება, ჯაბნიან.

ვაჟიშვილთან ერთად საათობით იჯდა მიკროსკოპთან, კვლევებს აწარმოებდნენ. სინჯავდნენ ჭიდან ამოღებული წყლის წვეთს, სასმელ წყალს ვედროდან... როცა წვიმდა, წვიმის წვეთს სინჯავდნენ. გარდა ამისა, მამა სინჯისთვის გუბის წყლის მოსატანად გზავნიდა ხოლმე ვაჟს... იქ ის თეთრები პირდაპირ ფუთფუთებდნენ.

_ ოხ, ამის დედა, რას შვრებიან!.. როგორ გინდა, ამათ შეებრძოლო? - ანდრეი უძლური იყო. - ჩადგა ადამიანმა ტლაპოში ფეხი, მოვიდა სახლში, კვალი დატოვა, იქვე გაიარა ბავშვმა, ფეხშიშველმა, და აი, ბატონო, აიკიდა. და ბავშვის ორგანიზმი ხომ მოგვეხსენება!

_ ამიტომ ფეხები ყოველთვის უნდა გაიწმინდო, - შენიშნა შვილმა. - შენ კი არ იწმენდ.

_ ამაში არაა საქმე. ამ მიკრობების წუმპეშივე განადგურება უნდა ვისწავლოთ. თორემ რა, მე კი შევიწმენდ, უკვე ვიცი, რომ საჭიროა, მაგრამ, აი, სენკა მაროვი... უმტკიცე, რამდენიც გინდა. როგორც ტყაპუნობდა, ისევე იტყაპუნებს.

ათვალიერებდნენ ოფლის წვეთსაც, რისთვისაც ბიჭი ქანცგაწყვეტამდე დარბოდა ქუჩაში, შემდეგ კი მამამ პატარა კოვზით ჩამოფხიკა შუბლიდან ცვარი - წვეთად შეაგროვეს და მიკროსკოპისკენ დაიხარნენ.

_ არის! - ანდრეიმ გულდაწყვეტით დაირტყა მუშტი მუხლზე. - მიდი ახლა და იცოცხლე ას ორმოცდაათი წელი!.. კანი რომ კანია, იმაშიც არიან...

_ მოდი, სისხლიც შევამოწმოთ! - შესთავაზა ვაჟმა.

მამამ თითში ნემსი იჩხვლიტა, ხასხასა წითელი სისხლის მძივი გამოიდინა, სარკეზე ჩამოფერთხა... მილაკისკენ დაიხარა და აკვნესდა.

_ წასულია, შვილო, საქმე - სისხლშიაც გამძვრალან! - ანდრეი ერინი წელში გასწორდა, გაოცებით მიმოიხედა. - ესეც ასე. არადა, იციან, პარაზიტებმა, ჩემზე უკეთ იციან, და ხმას არ იღებენ.

_ ვინ? - ვერ გაიგო შვილმა.

_ მეცნიერები. იმათ ჩვენზე უკეთესი მიკროსკოპებიცა აქვთ, ყველაფერს ხედავენ, და ხმას არ იღებენ. არ უნდათ, რომ ხალხს გუნება წაუხდინონ. არადა, რატომ არ უნდა თქვან? იქნებ ყველას ერთად მოგვეფიქრებინა, როგორ მოგვესპო მიკრობები. არა, მოილაპარაკეს ერთმანეთში და ხმას არ იღებენ. მღელვარება არ დაიწყოსო.

ანდრეი ერინი სკამზე ჩამოჯდა, პაპიროსი გააბოლა.

_ რა წვრილი ქმნილება სპობს ადამიანებს! - ანდრეი განადგურებული ჩანდა.

შვილი მიკროსკოპში იყურებოდა.

_ ერთმანეთს დასდევენ! ესენი ოდნავ სხვანაირები არიან... მრგვალები.

_ მრგვალებიც და მოგრძოებიც, ყველანი ერთი ჯიშისა არიან. დედას ჯერ არ უთხრა, რომ ჩემს სისხლშიც ვნახეთ.

_ მოდი, ჩემიც ვნახოთ?

მამამ ყურადღებით შეხედა შვილს... ცნობისმოყვარეობა და შიში ირეკლებოდა ერინ უფროსის თვალებში. მრავალი წლის მანძილზე ნამუშევარი, დიდი, ფისის სუნით გაჟღენთილი ხელები მუხლებზე ოდნავ უკანკალებდა.

_ არ გვინდა. იქნებ, პატარებს მაინც... ეხ, თქვენი! - ანდრეი წამოდგა, გაჯავრებულმა სკამს ფეხი წაკრა. - ყველანაირი ტილების, ბაღლინჯოების, ჭუპრების განადგურება კი ისწავლეთ, ეს კიდე... უპატარავეს წილზე პატარა რაღაცაა და ვერაფერი მოგიხერხებიათ! აბა, რას მიკეთებს თქვენი სამეცნიერო ხარისხი?

_ ტილი ჩანს, ესენი კიდევ... ამათ რას მოუხერხებ?

მამა კარგახანს ფიქრობდა.

_ სკიპიდარით?... ვერ მოერევა. არაყი ხომ უფრო მაგარია... მე ხომ ვსვამ, მაგრამ ხომ ვნახეთ, სისხლში რაც ხდება!

_ არაყი რა, სისხლში შედის?

_ აბა, სად? აბა, რისგან სულელდება ადამიანი?

ერთხელაც ანდრეიმ სამუშაოდან მოიტანა გრძელი, წვრილი ნემსი... პირი დაიბანა,შვილს თვალი ჩაუკრა და ორივენი ოთახში გავიდნენ.

_ მოდი, ვცადოთ... მავთული დავაწვრილე, იქნებ ერთი-ორი წამოვაგოთ.

მავთულის წვერი წვრილი, წვრილი იყო, თმასავით. ანდრეი დიდხანს აფათურებდა ამ წვეტს წყლის წვეთში. ხვნეშოდა... ოფლმაც კი დაასხა.

_ გარბიან ეს სენის წყაროები... არა, მსხვილია, ამაზე არ წამოეგებიან. საჭიროა უფრო წვრილი, უფრო წვრილი კი შეუძლებელია, ვერ გააკეთებ. კარგი, ახლა ვივახშმოთ, მერე დენით ვცადოთ... ელემენტი წამოვიღე: ორ მავთულს მივუერთებთ და დავაკონტაქტებთ. ვნახოთ, მაშინ რა მოუვათ...

და აი, ამ დროს მოხდა არმოსახდენი: შემოიარა სერგეი კულიკოვმა, რომელიც ანდრეისთან ერთად მუშაობდა „ზაგოტზერნოში“. შაბათის აღსანიშნავად სერგეი შეზარხოშებული იყო და ალბათ ამიტომ შებორიალდა ანდრეისთან - ისე, უბრალოდ.

უკანასკნელ ხანებში ანდრეის დალევისთვის არ ეცალა და მან, მისდა გასაოცრად, აღმოაჩინა, რომ მთვრალები შეზიზღებოდა. რაღაც, ძალიან სულელებივით იქცევიან და ათასგვარ აბდა-უბდას ლაპარაკობენ.

_ ჩვენთან დაჯექი - უხალისოდ დაპატიჟა ანდრეიმ.

_ რატომ? ჩვენ აქ... ჩვენ რა? ჩვენ - კუთხეში!..

„რა არის ახლა ეს, რა ღარიბი ნათესავივით იქცევა?“

_ როგორც გინდა.

_ მიკრობები მანახე, რა.

ანდრეი შეშფოთდა.

_ რა მიკრობები? წადი, გამოიძინე, სერიოგა... არანაირი მიკრობები არა მაქვს.

_ რატომ მალავ, ჰა? იარაღი ხომ არაა, რომ მალავ? სამეცნიერო საქმეა... ჩემმა ბიჭმა ყურები გამომიჭედა: ძია ანდრეის უნდა, რომ ყველა მიკრობი ამოწყვიტოსო. ანდრეი!... - სერგეიმ მკერდში იკრა მჯიღი, „მეცნიერს“ მრისხანე მზერა მიაპყრო. - ოქროს ძეგლს ჩამოგისხამთ!.. საქვეყნოდ გაგითქვამთ სახელს! მე კი შენ გვერდით ვმუშაობდი!... ანდრიუხა!

ზოია ერინას, თუმცა მთვრალებს ისიც ვერ იტანდა, მაინც ეამა, რომ მის ქმარზე ამბობდნენ, მეცნიერიაო. უფრო იმის გამო, რომ ბუზღუნი სჩვეოდა, ვიდრე ნამდვილი გრძნობების კარნახით, ზოიამ შენიშნა:

_ სხვა ვერაფერი მიაკუთვნეს? აჰა - მიკროსკოპი. კაცი ჭკუიდან შეირყევა, ღამეები არ სძინავს. მიენიჭებინათ მტვერსასრუტი... თორემ მტვერს მიაქვს აქაურობა, ყიდვას კი თავი ვერ მოვაბით.

_ ვინ მიენიჭებინათ? - ვერ გაიგო სერგეიმ.

ანდრეის ტანში გაზრა.

_ პრემია რომ გასცეს... ეს მიკროსკოპი...

ანდრეის უნდოდა, რაღაცნაირად, თვალით ენიშნებინა სერგეისთვის, რომ... მაგრამ გაგიგონია! სერგეი ზოიას მიშტერებოდა, ცხვარივით.

_ რა პრემია?

_ ხომ მოგცეს პრემია.

_ ვის?

ზოიამ ჯერ ქმარს შეხედა, მერე - სერგეის...

_ პრემია ხომ მოგცეს?

_ ელოდე, მოგცემენ პრემიას! გზაშიც დაგეწევიან და კიდევ დაგიმატებენ. პრემიაო...

_ ანდრეის კი, ხედავ, მიკროსკოპი მისცეს... დამკვრელური შრომისთვის... - ერინის მეუღლეს შემზარავად ჩაუწყდა ხმა. ყველაფერს მიხვდა.

_ კი, მოგცემენ, როგორ არა! - აღარ გაჩუმდა კუთხეში მჯდარი მთვრალი სერგეი. - გასულ თვეში შეკვეთები ას ოცდაათი პროცენტით დავხურე... ხომ ასეა? აი, ანდრეი არ მათქმევინებს ტყუილს...

ყველაფერი დაინგრა და საშინლად ჩაენარცხა სადღაც, უფსკრულში.

ანდრეი ადგა... წვდა ქეჩოში სერგეის და სახლიდან გაიყვანა. ეზოში ერთიც უთავაზა კინკრიხოში, მერე ჰკითხა:

_ სამი მანეთი არ გექნება? ხელფასამდე.

_ მაქვს... რაზე დამარტყი?

_ წამო ჯიხურში. შე ჭაობის საფრთხობელა!.. რა ჯადაბას დახეტიალობ მთვრალი, ეზო-ეზო? ჩილიკა ხარ, თვალებდაჭყეტილი.

იმ ღამეს ანდრეი ერინი სერგეისთან დარჩა. დათვრნენ უღვთოდ. მთელი ფული დახარჯეს, კიდევ ვიღაცებისგან ისესხეს, ხელფასამდე.

ანდრეი მხოლოდ მეორე დღეს, სადილობისას დაბრუნდა სახლში... ცოლი შინ არ დაუხვდა.

_ სადაა? - ჰკითხა ბიჭს.

_ ქალაქში წავიდა, იმაში... რა ჰქვია... საკომისიოში.

ანდრეი მაგიდას მიუჯდა, თავი ხელებს დააყრდნო. დიდხანს იჯდა ასე.

_ იჩხუბა?

_ არა. ისე, ოდნავ. რამდენის დალიე?

_ ოცი მანეთი. ეჰ, პეტკა... შვილო... - ანდრეი ერინს თავი არ აუწევია, მწარედ შეიჭმუხნა, კბილები დააღრჭიალა. - განა ამაშია საქმე?! ვერ გაიგებ, ჯერ პატარა ხარ... ვერ გაიგებ...

_ მესმის: გაყიდის.

_ გაყიდის. ჰო... ქურქები ხომ გჭირდებათ. კაი, ქურქები, ეგ კაი. არა უშავს... საჭიროა. მალე ზამთარი დადგება. ისწავლე, პეტკა! - ხმას აუწია ანდრეიმ. - თუნდაც ოთხით იფოფხე, მაგრამ იფოფხე მეცნიერებისკენ - დიდი საქმეა! შენა, ყულაბაში ხურდა სულ არ გაქვს?

_ არა, - თქვა პეტკამ. იქნებ მოიტყუა კიდეც.

_ რა გაეწყობა, - დაყაბულდა ანდრეი. - გეუბნები, ისწავლე. არასოდეს დალიო... ისინი არც სვამენ, ის მეცნიერები. რატომ უნდა დალიონ? ისედაც ბევრი საქმე აქვთ.

ანდრეი ერთხანს იჯდა, ნაღვლიანად აქნევდა თავს... მერე ოთახში გავიდა, დასაძინებლად.

 

რუსულიდან თარგმნა არსენ კორძაიამ

    

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE