„საქართველოში დალევა ხომ ნაღდი ჯაზია“, ჰოდა, ეს რომანიც ნაღდი ჯაზია


„საქართველოში დალევა ხომ ნაღდი ჯაზია“, ჰოდა, ეს რომანიც ნაღდი ჯაზია




ასეც ხდება ხოლმე, რომ როცა ერთი,  ფერთა განსაკუთრებული გამისა და კომპოზიციის ტექსტი იქმნება, ავტორი რაღაც ხნის განმავლობაში ვერ ელევა მიგნებულ მიმართულებას და ცდილობს, მაქსიმალურად ამოწუროს თავი ამ კუთხით. მე მგონია, რომ სწორედ ასე მოხდა ზურაბ ქარუმიძის ახალი რომანის, „ჯაზის ყვავილობის“ შემთხვევაში, რომელიც თავისუფლად შეიძლება გამოვაცხადოთ  წინა რომანის, „მელია-ტულეფიას“ ერთგვარ მემკვიდრე ტექსტად. ეს სტატუსი მას სიუჟეტის ქრონოლოგიის გამოც ეკუთვნის და მხატვრულ-ჟანრობრივადაც, თუმცა, საქმე, ცხადია, სულ სხვა „ინტრიგების“ და სიახლეების მატარებელ მასალასთან გვაქვს, ვიდრე ეს „ტულეფიას“ შემთხვევაში იყო.

ალბათ ყველას გახსოვთ „მელიას“ ირგვლივ ატეხილი სკანდალი, რაც, რა საოცარიც არ უნდა იყოს, სულაც არ უკავშირდებოდა თვითონ რომანს. უფრო სწორად, რომანის სიუჟეტი  ბრბოს განხილვის საგანი მას მერე გახდა, რაც მისი ავტორის დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა დააპირეს. რა კურიოზულიც არ უნდა იყოს, ფაქტი ისაა, რომ ტექსტის მიმართ წაყენებულმა უბირმა ბრალდებებმა თუ სხვა გარემოებებმა, ავტორის თანამდებობაზე დანიშვნა შეუძლებელი გახადა, თუმცა, ეს ანტიპიარი, დიდი ნერვების და ემოციების დახარჯვის ფასად, რომანს მაინც წაადგა. რადგან მანამდე თუ ქარუმიძე ე.წ. ინტელექტუალთა ვიწრო წრის საკითხავი მწერალი იყო, ამ სკანდალის მერე მის წიგნზე, მართალია, წაუკითხავზე, სანტექნიკოსებიდან დაწყებული, ფუნთუშების გამყიდველებით დამთავრებული, ყველა ალაპარაკდა. რას ვიზამთ,  საწუთროს ამ უკუღმართობას  მიჩვეული ვართ – მწერლის პოპულარობა შეიძლება მისმა ნაწერმა კი არა, ნებისმიერმა სხვა რამემ განაპირობოს, რაც, საბოლოოდ, ადრე თუ გვიან, მაინც ტექსტებამდე მიიყვანს ხალხს.  თან, თუ შიგადაშიგ ავტორის მიმართ პიკანტური ეპითეტები  - „უხამსი“, „პორნოგრაფისტი“, „ონანისტი“ ფიგურირებს, ჩვენი საზოგადოების ღრმად მიძინებული (ა)მორალისტური ბუნებაც აქ იღვიძებს და საკუთარი ვერგანხორციელებული ეროტიკული მითების ბურუსში გახვეული, სომნაბულური ბოდვებით „ამკობს“ მწერალს.

მოკლედ, „მელია-ტულეფიას“ წყალმაც ასეთი ქაოსის ფონზე ჩაიარა და ამასობაში, როგორც მოგახსენეთ, დაიბადა ახალი რომანი - „ჯაზის ყვავილობა“, რომელიც, ეს-ესაა, გამომცემლობა „აზრმა“ დასტამბა. სახელწოდების ცხად ეტიმოლოგიურ რემინისცენციებზე აღარ შევჩერდები და ქარუმიძის რომანების ზემოთ ნახსენებ მსგავსება-ნათესაობაზე ვიტყვი ორ სიტყვას...

თავის დროზე ვწერდი, რომ „ტულეფიამ“ ქართულ სალიტერატურო სივრცეში მანამდე გამოუყენებელი დეკორაციების, ლიტერატურული მოტივების, სოციოლოგიური წიაღსვლების, მისტიკის, ისტორიის, კომპოზიციური ხერხების, ცოტა არ იყოს, ეკლექტური ნიმუში გადაგვიშალა-მეთქი. იქ პერსონაჟია ოთხი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი, რომელიც ექცევა ევროპაში უკვე დაბერებული, საქართველოში კი ახლადფეხადგმული ბოჰემურ-მოდერნისტული დინების ნაკადში. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ისევე, როგორც ეს ოთხი პერსონაჟი, ასევე მასთან ერთად ქვეყნის ხელისუფლება და ხელოვანთა ბომონდი - ერთი სამყაროა. თითქოს ყველა ერთად - მხატვარი, პოეტი, მუშა, ოფიციანტი, რევოლუციონერი, ჩინოვნიკი, კომერსანტი - დაძრულა და ერთი დიდი, მისტიკური რიტუალის ჩატარება განუზრახავს-მეთქი. იქ მთავარი პერსონაჟი არის ეპოქა და მისი სუნთქვა. ავტორი, ლამისაა, აკრობატულ ილეთებს იყენებს, რომ მკითხველამდე სწორედ მთავარი რამ - მეოცე საუკუნის ოციანი წლები მოიტანოს.

„ჯაზის ყვავილობა“ სწორედ ამ  მოდელს აგრძელებს და ავითარებს. მოქმედება კი 20-იანი წლებიდან 50-იანი წლების საქართველოში ინაცვლებს იმდროინდელი ისტორიული მოვლენების ფონზე. თხრობისას ისე ბუნებრივად ზავდება ისტორია და ფანტაზია, როგორც ვისკიში ჩაყრილი გაზირებული ყინულის კუბები, დალევისას ენის რეცეპტორებზე რომ შეგაგრძნობინებთ ფენოლურ ტონებს. კვლავ გვხვდება გრადაციული, სრიალა გადასვლები ისტორიული პერსონაჟებიდან მხატვრულ გმირებამდე, მონაცვლეობა რეალურად მომხდარი ამბებისა და ავტორის წარმოსახვის. რაც ყველაზე მთავარია, 1956 წლის ყველასათვის ნაცნობი სისხლიანი მოვლენები  და მის ირგვლივ არსებული დროის არეალი სულ სხვა მისტიკური შრეების ფონზე იწყებს გაცოცხლებას. დემონსტრანტები, სტილიაგები, ოკულტიზმი, მედიტაციები, კაგებეს თანამშრომლები, ამერიკული დაზვერვა, და, რაც მთავარია, ჯაზი - ყველაფერი ეს საბოლოოდ ერთგვარ ფანტასმაგორიულ ორომტრიალში ექცევა და ამ ფონზე მიდის ფინალისკენ. რომანი არის ემოციურად მკვეთრად დამუხტული და აი, ასეთ ფორმულირებას გავაკეთებდი: თუ პირველ რომანზე ვთქვი, რომ ეს იყო ერთგვარად 20-იანი წლების „ტანცმაისტერის“ მიერ შექმნილი  ქორეოგრაფიული ნიმუში, მეორე არის უკვე ერთგვარი ჯაზური კომპოზიცია.

წინა რომანთან კავშირს ამძაფრებს ზაქრო კარმელი, ერთ-ერთი პერსონაჟი ზემოთ ნახსენებ ოთხთაგან, რომელიც უკვე დაბერებული, ეზოთერიკულ-ეროტიკულ სამყაროშია ჩაძირული, ხოლო ლეგენდარულ შამბალას თითქოს ტიბეტიდან საქართველოში გადმოუნაცვლებია. წარმართული კულტურის „ნახევარქრისტე“, ტაია შელია კი რომანის პერსონაჟად გვევლინება  მოჯადოებული კაგებეს ფონზე, ჯაზისა და ამერიკული დაზვერვის კოქტეილში. უშიშროებას აქვს ინფორმაცია, რომ ამერიკული საიდუმლო სადაზვერვო ოპერაცია „ჟასმინი“ ჯაზური მუსიკის მეშვეობით ქვეყნის მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ლამობს. რა გროტესკულად და დაუჯერებლადაც არ უნდა მოგვეჩვენოს დღეს ეს ამბავი, ყველას  გვახსოვს არცთუ შორეული წარსული, როცა ჯაზი, როკი და სხვა დასავლური თუ ამერიკული „შხამებით“ კვება აკრძალული გვქონდა საბჭოთა მოქალაქეებს. რომანის ოპტიმისტური აბსურდი კი ის არის, რომ „ჟასმინთან“  და ჯაზთან მებრძოლი უშიშროების კაპიტანი, ვენორი ქარცხავა საბოლოოდ ჯაზური მაგიის მუხლმოყრილი ფანატი და  მსხვერპლიც კი შეიქნება. რაც მეტად გადადის თხრობა დრამატიზმში, მით მეტად შემოდის  ავტორისეული გროტესკი, ირონია, როგორც ყველა ტრაგედიის საშველი და ზემდგომარეობა.

რომანში მოთხრობილი ამბავი, როგორც ასეთი, მომნუსხველია, და მძაფრი, მისტიკით შებურვილი სიუჟეტის მოყვარულებს თავს წააკითხებს. თავბრუდამხვევია ისტორიულ-მეცნიერული, ინფორმაციული ნაკადი, რომელიც მკითხველის ემოციურ რეცეპტორებზე მხატვრული ტექსტის ტოლფას ეფექტს ქმნის. ავტორი სხვადასხვა სტილურ ხელწერას მიმართავს და ამ თამაშით ცვლის რიტმს, ტემპს, ენას, თხრობის მანერას და უსასრულოდ იმპროვიზირებს.

იმპროვიზაცია – ეს სიტყვა შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან, როგორც ამას წინათ ფეისბუკზე დავწერე, „საქართველოში დალევა თუ ნაღდი ჯაზია“ (ზ. ქარუმიძე), ეს რომანიც ნაღდი ჯაზია. არა იმიტომ, რომ რომანის სათაურში ეს იტყვა ფიგურირებს, ან იმიტომ, რომ სიუჟეტში ჯაზის კლასიკოსებს უკრავენ, არამედ მხოლოდ უმართავი თხრობის მანერის, ჯაზისთვის დამახასიათებელი დისონანსური „აკორდების“ გამო, რომელიც პარალელური სიუჟეტების თხრობისას „ჩაესმის“ მკითხველს,  კაგებეს კაპიტან ვენორი ქარცხავას ბოდვითი ჩვენებების, უსასრულო ფანტასმაგორიის გამო, რომელიც, მე ვიტყოდი, რომ ავტორის მხრიდან ზომიერების დაკარგვის ერთ-ერთი უმთავრესი ნიმუშია ამ რომანში. საერთოდაც, თუ ნაკლი ვახსენეთ, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ზომიერების ზუსტი ბალანსის დაცვა ტექსტში ქართველი ცნობადი სახეების უშველებელი სპექტრის შემოტანითაც დარღვეულია. შექმნილია საგანგებო, გათვლილი ქაოსი, სადაც პანტა-პუნტით ცვივიან ნაცნობი სახელები და გვარები, სიმღერები, კინოფილმები – ყველა და ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი, რაც თხრობას მეტისმეტად ამძიმებს, ტვირთავს და  რაღაც მომენტიდან მომაბეზრებელსაც კი ხდის. რომ არა ეს დისბალანსი, დრამატურგიულად ყველაფერი საინტერესოდ მიდის -  რომანის სივრცე  თითქოს ერთ უშველებელ  მოედნად ქცეულა, სადაც ისე, როგორც ბეკეტის ერთ ძალიან სტატიკურ, მაგრამ ემოციურად დინამიკურ პიესაში,  აქაც სამსჯავროს წინაშე უნდა წარდგეს ეს ამდენი ადამიანი, რომელიც იმ ფრაგმენტითაა წარმოდგენილი, რომელიც ძირითადად წინა საუკუნის თაობის ადამიანებს განსაკუთრებულად მძაფრად ახსოვთ. რაღაც მომენტში გიპყრობს განცდა, რომ რომანს კი არ კითხულობ, ერთ დიდ, უშველებელ ორგიას უყურებ, ან მიუზიკლს, სადაც მასობრივი სცენების დროს ასეულობით პერსონაჟი ერთდროულად ასრულებს ცეკვის მხოლოდ მისეულ მოძრაობას.  აქ კი, არ შეიძლება არ ვთქვა ავტორის კინემატოგრაფიული ხედვის შესახებ, რომელიც კიდევ უფრო თვალნათლივ „მელია-ტულეფიაში“ წარმოჩნდა და „ჯაზის ყვავილობაში“ მეტი პერსონაჟის ფონზე ქაოსური სცენების კინემატოგრაფიულად გადაწყვეტის უდალაგებულესი ნიმუში მოგვცა.

ისევ დავუბრუნდები ამ შეფასებას – რომანს, როგორც ჯაზურ კომპოზიციას. განსაკუთრებით ტექსტის მეორე ნაწილს, სადაც სიტყვაც და დრამატურგიაც თავისუფალია ყველანაირი კლიშედან, რაც კი ლიტერატურაშია დაწესებული. შესაძლოა, არ მოგეწონოთ, ავტორს გადაჭარბებასა და გაზვიადებაში დასდოთ ბრალი, მაგრამ თავისუფლებისკენ ლტოლვის სიმცირეში თქვენ მას ვერ გამოიჭერთ.

როგორც ვლადიმერ ნაბოკოვის რომანში, „ლუჟინის დაცვა“ ამბის დრამატურგია ვითარდება საჭადრაკო სვლების კომბინაციებით, ასევე „ჯაზის ყვავილობა“  დაწერილია, უფრო სწორად, შესრულებულია ჯაზური იმპროვიზაციით და მხოლოდ მის კანონებს, ანუ კანონებს უკანონობის შესახებ ემორჩილება.

სადაც ავტორი ჭეშმარიტ თავისუფლებას ეზიარება თავისი განწყობით, იქ მისი თხრობა ძალდაუტანებელი და მსუბუქია, ხოლო სადაც იწყებს ფიქრს, როგორ გათავისუფლდეს უფრო მეტად, როგორ დაგვახვიოს თავბრუ და აგვირიოს თავგზა, იქ ნაკეთობის და მკითხველის მიმართ კოკეტობის კვალი ეტყობა ტექსტს. საერთოდაც, ქარუმიძეს მოსწონს კოკეტობა მკითხველის წინაშე.  თავისთავად ამაში ცუდი არაფერია, რადგან ამ მანევრს ის, როგორც ერთგვარ ობლიგატოს, ისე იყენებს. ერთი ისაა, რომ ხანდახან ბუნებრიობა ღალატობს ხოლმე.

აქ ყველაფერი ერთადაა – სულიერი და მიწიერი სამყარო, სულები და ადამიანები, შესაძლებელი და შეუძლებელი, წარსული და მომავალი აწმყოსთან ერთად. აქ დროც და საიქიოსა და სააქაოს შორის ზღვარიც წაშლილია. მხოლოდ ტაქტილური შეგრძნებებია დარჩენილი ჩვენთვის, რათა ეს ყველაფერი ზუსტად აღვიქვათ და მკითხველური „პალპაციით“  ვიგუმანოთ, სად არის ისტორიის მტკივნეული ნაწილი, სად ავტორის ფანტასმაგორია და სად პერსონაჟთა ბოდვითი ჩვენებები.

ამ წიგნის წაკითხვის მერე იწყებ ფიქრს. 50-იანი წლების საქართველოს ხომ, ასე თუ ისე, ვიცნობთ და მთელი საბჭოთა მარაზმიც 90-იანელთა თაობას ბავშვობაში მაინც საკუთარ ტყავზე განუცდია. ამ თემაზე უამრავი ფილმი გვინახავს და უამრავი წიგნი წაგვიკითხავს. და რა არის ასეთი გაცვეთილი მომენტების გაცოცხლების დროს მწერლის მისია – დაგვანახოს საკითხი სულ სხვა რაკურსიდან. ქარუმიძეც სწორედ ამას აკეთებს – იმას, რაც გვგონია, რომ კარგად ვიცით, ახალი ქვესკნელიდან ახალი მიკროსკოპული ინსტრუმენტებით გვაჭვრეტინებს და კეროლის თეთრი კურდღელივით გვიხსნის სულ სხვა სამყაროს გასაღებს, რომელზეც არასოდეს გვიფიქრია. გასაღებია ისიც, რომ ასეთი მიდგომით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით -  ნეგატიურ ისტორიულ პროცესებში ყოველთვის დუღს განვითარება, ყოველთვის მოიაზრება  ყვავილის თესლივით  სადღაც სიღრმეში მღვივარი სიცოცხლე, რომელიც თავის დროზე სწორედ ასე აღმოცენდა და დაიწყო ჩვენი დამტვერვა. ის, რაც დღევანდელ თაობას, როგორც ნორმა, აქვს, სწორედ იმ ჯურღმულებში გაბმული უხილავი თუ ხილული ქსელებისა და ლაბირინთების ქსოვისა და ხლართვის ნაყოფია. ამ რომანში ჩვენ ვხვდებით,  როგორ მივუდგეთ ისტორიას მისტიციზმის ჭრილში, რომ  ლევიტაცია, ექსტაზი, მედიტირება  - ეს რეალობის მეორე და საგულისხმო მხარეა. მითები ხანდახან კონკრეტულ ამბებს ქმნიან, და არა  - პირიქით.

ზურაბ ქარუმიძის მწერლური სამყარო პოსტმოდერნისტული ველია. ის უკვე ზუსტად ფლობს ოსტატობის ხარისხს და ამ ველზე ყოველი მკვეთრი მოძრაობა ახალი „ნაღმის“ აფეთქებით შეიძლება დამთავრდეს.  უკვე აფეთქებულ ორ ნაღმში მის აქ მოხსენიებულ ორ რომანს ვგულისხმობ. არ ვიცი, თვითონ ფიქრობს თუ არა ტრილოგიაზე, მაგრამ მე მგონია, რომ მესამე ნაღმი სწორედ 90-იანი წლების საქართველო შეიძლება იყოს, რომელიც ასევე გადაღეჭილი თემაა და სწორედ აქ არის საჭირო ის ჯადოსნური ჯოხი, რომლის მეშვეობითაც ამ მწერალმა რეალობის ახალი ჯურღმულები შეიძლება გაანათოს. ეს, ცხადია, ჩემი პირადი სურვილია, თუმცა კი, ერთგვარი მწერლური ლოგიკის გათვალისწინებით გაჩენილი.

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE