ფრაგმენტები პოემიდან „მოგზაურობა უკან წინანდალში“


ფრაგმენტები პოემიდან „მოგზაურობა უკან წინანდალში“




  1. ღამე არისტოტელეს მოედანზე

 

ჩვენ ვიყოთ ერთად,

აქეთ მისმინე.

 

კონტინენტის წიაღის შვილი

ზღვას ყველგან არ ველოდები,

არც ტალღების ხმაური მესმის ძილში,

არც ქალაქის მსგავსი დაგეგმარება წარმომედგინა.

ზინომავრო, ზინომავრო, ზინომავრო, შენი ტუჩები,

შენი ბნელი ხელისგულები, სველი სითბო.

ეკლესიები, მეჩეთები, მონასტირიოტონ

და ზღვასთან ზიარი მთავარი მოედანი.

 

ქვემოთ,

სტუდენტები, შავებში

ჩაცმულები და ლამაზები,

გმობენ საკუთარ სიბერეს.

მე კი სხვა განმარტება სულის არც ვიცი,

სხვა ვერ შევიტყვე, ვერ გავიგე, ვერ დავიჯერე.

შავებში ჩაცმულები და ლამაზები,

შენს სიმართლეს გმობენ,

შენს ბნელ ხელისგულებს.

ჩვენ ვიყოთ ერთად.

 

ლემნოსამდე გამცურავი პელასგი ლტოლვილები,

ახალი ლტოლვილები,

ახალი დორიელები,

ახალი ტალღები ზღვის,

ახალი შრიალი კვიპაროსის.

ჩვენ ვიყოთ ერთად.

 

როგორც ლტოლვილი ცოლ-ქმრის

ჩახუტებული ხელისგულები ჩაძირულ გემზე,

ჩაძირულ ნაპირზე,

რომელსაც ისინი უკვე ვერ დაანგრევენ,

ვერ აქცევენ თავისნაირად,

ისე ვერ გამრავლდებიან, რომ შეჭამონ,

შთანთქონ,

თავის ზნეზე გადაიყვანონ

და დააქციონ

დააქციონ,

დააქციონ.

 

ჩვენ ვიყოთ ერთად და ხელი არ უნდა გამიშვა,

სანამ ადამიანების ხმები არ გაგვაღვიძებენ

და პირქვე დამხობილი ძეგლები არ გამოჩნდება

ამ ნაპირის მიმზიდველობის.

 

და  ვიხრებოდეთ ქართაგან ძლიერთაგან,

როგორც ორი გვერდიგვერდ მდგარი კვიპაროსი

პოეტის ფანჯარაში.

არ გამიშვა ხელი.

 

სულზე უტკბესი ჩამეღვარა საწამლავი,

განუყოფელი ჩემი სხეულისგან შენი სხეულის

სისხლი და ნაღველი,

უტყვი გამტანობა,

დაჟინება სველი სითბოსი.

არ გამიშვა ხელი.

 

და ზღვა ტალღებს არ იშურებს.

 

ეს ზღვა ჩვენი არ არის - მათია,

ვისაც ჩვენი სტუმრობა არ უხარია,

ჩვენი მეზობლობა არ სურს,

ჩვენი შვილების და მათი შვილების

მაკედონიის წითელ გორაკებზე

ერთად თამაში არ წარმოუდგენია.

 

არ გამიშვა ხელი.

 

და ყველა დროშა ჩვენს ნავებზე, ომის დროშაა.

და ყველა ენა ჩვენი პირიდან შიმშილს ჰყვება,

ჰყვება ღატაკის გზად გადგომის გაცვეთილ ამბავს.

 

არ გამიშვა ხელი.

იქნებ ასე გადავრჩეთ.

არ გამიშვა ხელი.

თესალონიკი

დეკემბერი 2014

 

 

7. დუბაირუბაი

 

სხვისი კბილებით პირში, პირი

ქვიშით გევსება, სიტყვები

აღარ გამოთქვამენ სათქმელს, ის

მაინც არ გქონდა, სერიალები

ლაპარაკობენ თავისას, შენსას

მიერეკება წყალი. გასუსული.

 

„ქარში მიმწყდარ მაქამის ხმას ჰგავს კაცის ბედი;

ვარდი გახმება, რაგინდ ბევრჯერ იცვალო ხედი,

ვარდი გახმება, ფოთლებს ისევ ქარი წაიღებს,

ფიალის თიხად იქცევა ხორცი, რომ შეკრას წრედი.“

 

ზაბი, ავღანელი ყმაწვილი, მატყუარა ბიჭია,

მატყუარა მამის შვილი, ომი ასეთია.

გაგუდულ კაიფში ბიძამისი მიყვება

ყალბი ვისკით მოწამვლის ამბებს,

ავღანეთში სმა სახიფათოა, ბევრი

დაბრმავდა ან მოკვდა, რამდენიც გინდაო.

 

„თუ არ დავთვერი, რაღას მარგებს მე ზღვის ყურება?

დიდხანს არ გვაცლის ეს სამყარო, ვუდგეთ მდგმურებად

და ცივი ღვინით იქნებ მაინც გავიადვილო,

უდაბნოს ხვატში მარტოდ ყოფნა, გამოყრუება.”

 

ლონდონელია ზაბი, მაგრამ ბიზნესი

არის DAP ყანდაგარი და CIF ქაბული,

DDU სისხლი, EX-Works გვამები,

ორი მოკლული დარაჯი სხვისი ტვირთების,

ყალბი ვისკი, სიცხე, ნავთობი,

ავტომატიანი ნაბიჭვრები, ჰალსტუხიანი

ნაბიჭვრები, ყალბი ვისკი და

სიკვდილი ბატონია ავღანეთიდან,

მას თვალები საერთოდ არ აქვს.

 

„თიხის დოქივით მარტივად ტყდება კაცის ცხოვრება

და თუ ირიდებს ამ აზრს, მხოლოდ რომ თვრება;*

ერთი წამია ამქვეყნად ყოფნა, ჩემი და შენი,

ღვინო დალიე და მთვრალს აღარ გემახსოვრება.“

 

მისტერ ტომასი, იგი დაღალეს

სიცხემ და ადამიანებმა, მას რახანია

ეკუთვნის განზე გადგომა და დიეტური

საკვები ლაჟვარდოვან ნაპირზე, ძალიან

ძვირფასი კონიაკი იშვიათად, ოჯახის

წიაღში ყოფნა, ამის მაგივრად,

ის მე მიყურებს. ღმერთმა დაწყევლოს.

 

„კოცნაზე ტკბილი ცისქვეშეთში ღვინოა მხოლოდ,

სხვა ყველაფერი, მზად ვარ დღესვე წყალს გავაყოლო.

მტვრიდან შობილი, მტვრად ვიქცევი გარდაუვალად,

უკოცნელს, ნაკოცნს, მთვრალსა თუ ფხიზელს, ესა გვაქვს ბოლო.“

 

მათ ან სამოთხე ან ჯოჯოხეთი

ერგებათ, შუაკაცს ფული,

არცთუ ბევრი, ერთხანს საკმარი, საშუაკაცო.

მუსლიმო თუ კაფირო, უყურე შუაკაცს,

ის ოდესღაც თავის სახლში

ცხოვრობდა და არაბეთის ყურის ქვიშა

პირს არ უვსებდა, პურს

არ აჭმევდა, სხვა ხალხის ომი. უყურე.

 

„დიდ ფასს ნუ ადებთ წმინდა სიტყვის დაზეპირებას,

არ მოგატყუონ წვერბინძურმა, ფლიდმა პირებმა,

სხვა ჯილდო არ აქვს უფალს ჩვენთვის გარდა ღვინისა,

ღვინით მოხდება ჩვენი მისკენ გადაბირება.“

 

ნასიბ რაჰილ ჰიკამი, შარჯელი

მეთევზე, შენი სიზმრების ბადეს

მიათრევს, შენი პურის ნახევარს

ალბობს, დამპალი კბილებით

იღიმის, სიცხეს და კაფარს,

ნავთობს, ფულისთვლას.

„ჰიჯად არ გექცეს, მადიჰად

არ გექცეს, ფაქრად არ გექცეს,

პირში ქვიშა.“ იღიმის.

 

„ნუ უსმენ მოლას, სიმაღლიდან ტყუილებს რომ ამბობს

თუ არ დაასწრებთ, სხვა ჯიშის კაცი მოვა, მოგკლავთო;

თავს თუ არა დებ ამათ ტყუილზე, დაზოგავ სხვასაც,

ბოროტ განზრახვას არ დაგაცლის ღვინო, მოგალბობს,“

 

კაფარში ვინ ხარ, როგორ იტყვი

რა ქვია შენს სახლს, ამ სიცხეში

პირი ქვიშით გამოტენილი, ნავთობის

სუნით გაჯერებულ სხვის გვამში, ხიდქვეშ

დრავიდი მუშები საუზმობენ, დუბაი

მარინას ხეივანი, სიცხის სხვა

სახე, სხვა სახე მესამე

პირის, უძილობა, ნაცვალსახელი კერძო

კაფარის, უხილავი ავტომატები 

მუშების თავზე, სახელი უდაბნოს

სიგიჟის პირას მისულის,

ტუჩზე წვეთი ღვინო,

საკმარისია მასში აზრი კვლავ გააჩინოს,

რომ სიზმარია სიბრძნის ცოდნა, გარდა იმისა,

რომელიც გაცლის სამუდამოდ გამოიძინო.

 

დუბაი

2010

 

 

9. იმპერიის გაქვავებული ბირთვი

 

იუდოფობია ბრიყვული რამ არის,

თავად განსაჯე,

პაუნდი იდუმალის ახსნის მავნე

სურვილს მიაწერს,

მე კი, იდუმალების გამრავლებას,

საწყალ სემიტებს.

მე ვირჩევ ამ იმპერიას.

 

მჯერა, რომ ქართულ ენაში ინგლისური

pathetic დაჯაბნის რუსულ патетический-ს

და იქნება მის ადგილას სიტყვა - მგზნებარე,

როგორც: მგზნებარე დიდი ქართული

საბჭოთა პატრიოტიზმი

და პათეტიკური.

 

მე ვირჩევ ამ იმპერიას,

აქ თეთრი ადამიანი ვარ,

აქ ძალადობის ისტორია ჩემზე ბევრად შავია

და მეტად ბუნდოვანი პასუხისმგებლობა.

 

რწმენა ტოტალიტარულია.

იდუმალი ტოტალიტარულია.

წმინდანთა სახეები ტოტალიტარულია.

და სწორედ ამიტომ,

დახუჭული თვალებით უნდა ვუყუროთ

შენს დაყლევებას, მასწავლებელო,

ასე გამოდის.

 

მე ვირჩევ ამ იმპერიას,

მის გაქვავებულ გულში დაკარგვას:

ასე უფრო შეუმჩნევლად ვიქნებით,

თუ გადავურჩით 

მბზინავი რესპუბლიკის გაუჩინარებას,

მის პატარა ხელებში,

ჩემო ძვირფასო.

 

აქ ზღვისკენ მავალ ჰუდზონს მისდევს ქარი,

ცოლს აივნიდან ხელებს უქნევს ქმარი

და ღვინო სარდაფებში ხდება ძმარი,

ნოლიტას წმინდა პატრიკს მტვერავს დრო.

„არ ვიცი“-ს პასუხობენ ყველა კითხვას

და სანამ ინსპექცია მიაკითხავს,

დელმონიკოში წვავენ კვერცხით ვირთხას.

დრო გარბის, სახურავებს ახებს სხივებს,

კრავს ცაში ვეღარმობრუნების მძივებს

და სასმელებით თავს თუ დაიმძიმებ,

შემორბის, როგორც ბუდუარში ბრბო.

 

შენ იწყებ ამ ქალაქის ერთით ათვლას,

110-ზე რომ ააღწევ, იგრძნობ დაღლას

და ტკივილს, თუკი ახვალ უფრო მაღლა.

ღიღინებს ჩიხში ჰობო თავის დარდებს

და ლენოქს ჰილზე აგურისფრად მყუდრო,

სახლისკენ მიდის აპერკლასი ურდო,

ეცადე მათში ჩუმად აიბურდო.

გულს სჯერა ყველა ფილმის, ყველა სცენის,

და ცენტრალ პარკი მზით და ფოთოლცვენით,

წამშლელი ყველა ცრემლის, ყველა წყენის,

აფარებს მიწას შემოდგომის ფარდებს.

 

გავიქცეთ! ემდი ვხიოთ შტრაუს პარკში

და სისხლი როცა მიმოქცევას გაშლის,

ბოლომდე გავხრათ გული, როგორც ვაშლი;

შენს ტუჩებს ვირჩევ პოლიტიკის ნაცვლად.

ქვავდება ცენტრი სითის ძლიერ ხელში,

ჯედაებს სიტყვა ეჩხირებათ ყელში

და რესპუბლიკა ყროლავს როგორც ლეში.

ჩვენ დავიკიდოთ, დრო ჩვენ არ გვაქვს ბევრი,

მოვშინაურდეთ, კასრია თუ ქვევრი,

გამოვიკეტოთ, არ გატოკდეს ნერვი,

არ გვიღირს მათი ბრძოლა მდოგვის მარცვლად.

 

პოლიტიკური სახედრები თოკით,

მიაბიჯებენ ბელგიური ბლოკით,

რომ გამოვიდეს რბილი ანტრეკოტი;

მითფექინგ დისთრიქტს არ აკვირვებს ხოცვა.

ჩვენ ლანდშაფტს შემოვფარგლავთ შავი ტუშით

და გაგვახარებს იორკვილი და სუში,

საღამოჟამს რომ ჩაგეკრობი გულში,

ვიქნებით როგორც ორი ხე და ქარი

გადაგვხრის ერთმანეთისკენ, აქ არის

სიმართლე ყველა კუთხის, ყველა მხარის,

ეს რესპუბლიკა იღუპება როცა.

 

NYC 2012

 

შენიშვნები

 

1. ღამე არისტოტელეს მოედანზე

 

არისტოტელეს მოედანი - თესალონიკის მთავარი მოედანი.

ზინომავრო (ბერძ. მჟავეშავი) - ბერძნული ვაზის ჯიში და ღვინო. 

სხვა განმარტება სულის - იხ. არისტოტელე „სულის შესახებ“

ლემნოსამდე გამცურავი პელასგი ლტოლვილები - ჰეროდოტეს და სხვათა აზრით, კუნძული ლემნოსი პელასგების უკანასკნელ ბასტიონს წარმოადგენდა.

სანამ ადამიანების ხმები არ გაგვაღვიძებენ - აშკარა ციტატა ელიოტის პრუფროკიდან

კვიპაროსი პოეტის ფანჯარაში - აქ განმარტება აუცილებელია, „პოეტი“ მე არ ვარ, ლაპარაკია შალვა ბაკურაძის ფანჯარაზე, რომელიც მდებარეობს სხვა პოეტის, კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ქუჩაზე თბილისში.

მაკედონიის წითელ გორაკებზე - იხ. მარტინ ლუთერ კინგის “I Have a Dream”

 

7. დუბაირუბაი

სხვისი კბილებით პირში - იხ. ბენ ლერნერი, Mean Free Path. ლერნერს მეათე თავში დავუბრუნდებით.

მაქამი - არაბული მუსიკალური ტერმინი, შდრ. აზერბ. მუღამი.

სიკვდილი ბატონია ავღანეთიდან - იხ. პაულ ცელანი, „სიკვდილის ფუგა“.

ნასიბ რაჰილ ჰიკამი - ძველი არაბული სალექსო ფორმის, ქასიდას ნაწილები. იქვე ჰიჯა, მადიჰი, ფაქრი.

კაფარი (fr. cafard) - სევდა, მძიმე აზრები. საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში გავრცელებული, სამშობლოსთან განშორებით გამოწვეული დეპრესია, უდაბნოს სიგიჟე.

 

9. იმპერიის გაქვავებული ბირთვი

 

იმპერიის გაქვავებული ბირთვი - იხ. რობინსონ ჯეფერსის „Shine Perishing Republic“. ამ თავის დასაწყისში, ორი ამერიკელი პოეტის, რობინსონ ჯეფერსის და ეზრა პაუნდის განსხვავებულ პოლიტიკურ მრწამსებზეა საუბარი.

მის პატარა ხელებში - იხ. დონალდ ტრამპის ხელები

ნოლიტა - North of Little Italy, უბანი მანჰეტენზე, აქ და შემდეგში ნახსენებია მანჰეტენის უბნები/სამეზობლოები.

„არ ვიცის“ პასუხობენ ყველა კითხვას - Know Nothing, ანტიკათოლიკური მოძრაობა XIX საუკუნის ამერიკაში.

110-ზე რომ ააღწევ - ასმეათე ქუჩა საზღვრავს ჰარლემსა და მანჰეტენის უფრო პრესტიჟულ უბნებს.

კასრია თუ ქვევრი - დიოგენეს ხშირად კასრში გამოკეტილს ხატავენ, თუმცა ძველმა ბერძნებმა კასრის კეთება არ იცოდნენ და სავარაუდოდ დიოგენე ჭურში (ამფორაში) იჯდა.

 

* რედაქცია არ ეთანხმება ავტორის უზნეობას, და მიაჩნია, რომ 14-მარცვლიან სტროფში 12-მარცვლიანი სტრიქონის გამოჭენება არანაირად არაა გამართლებული. ავტორს შეეძლო სიტყვა „მხოლოდ“-ის შემდეგ ჩააემატებინა სიტყვა „მაშინ“ ან სადმე, შესაფერის ადგილას, რომელიმე ორმარცვლიანი სიტყვა ჩაეკვეხებინა, მაგრამ იგი ვირზე შეჯდა და რედაქციის რჩევას ყური არ უგდო.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE