ნუგზარ ზაზანაშვილის პოეზიის და „სიმარტივის“ პარადოქსები


ნუგზარ ზაზანაშვილის პოეზიის და „სიმარტივის“ პარადოქსები




ძნელია პოეტთან ლაპარაკი, რაც უნდა წინასწარ და „პოეტურად“ მოემზადო - ლექსები იკითხო და ინტერვიუებსაც გადახედო, ფეისბუკს ჩაჰყვე-ამოჰყვე, პოსტები და კომენტარები ითვალო, რადგან „ფეისბუქის ფრენდების უმრავლესობა / ჩემს ნატურალურ ფეისს / ვერასოდეს იხილავს / ჩემი გასვენების დღესაც კი“. როგორ კარგადაც უნდა მოემზადო, მაინც გაიფიქრებ, იქნებ რაღაც ისე ვერ გაიგე, როგორც საჭიროა; რაღაც ისე ვერ წაიკითხე, როგორც მან დაწერა.

„სიცოცხლე /ცარიელ / ჩარჩოსაც /ჰგავს“, წერია ნუგზარ ზაზანაშვილის „მექანიკური როიალის“ ერთ-ერთ გვერდზე, ცარიელი ფურცლის ზედა, მარცხენა კიდეში.  წავიკითხე, კიდევ ერთხელ წავიკითხე - ხან ვისი სიცოცხლე ჩავსვი და ხან როგორი, ჩარჩოშიც ჩავეტიე და ფურცლის კიდეებსაც გავცდი, თუმცა ამ ოთხი სიტყვის სიზუსტე ვერც შევამცირე და ვერც გავზარდე. ამ სიზუსტის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ ამ ფურცელზე არის ჩემი ადგილი, ალბათ, შენიც, სხვა მკითხველისაც.

თუმცა / მთავარი ისაა რომ არაფერია მთავარი / ანუ / რომ ყველაფერი მთავარია / წამოცდენილი სიტყვაც / გაქცეული მზერაც / და გაფრენილი ქაღალდის ჩიტიც“. იქნებ მთავარი მკითხველის წამოცდენილი სიტყვაცაა, მკითხველის გაქცეული მზერაც; იქნებ მეც შემიძლია ყველგან ვიყო, ტანზანიაშიც და სტამბოლის აეროპორტშიც, ოღონდ იქაც და იქაც ჩემი „წასაღები“ და „ნოსტალგია“ მქონდეს. გამქრალი სასვენი ნიშნები და უხილავი პუნქტუაცია მკითხველის „ადგილის“ და „თავისუფლების“ კიდევ ერთი ნიშანია ჩემთვის.

„ინშალლაჰ!“ - ვფიქრობ.

„რა მშვენიერი ღრუბლები ადგას / ამ მახინჯ სახლებს“, გულში ვიმეორებ ნუგზარ ზაზანაშვილთან შეხვედრამდე, „აკადემქალაქის“ მრავალსართულიანების ჯუნგლებში ჩაკარგულ გზაზე,WWF-მდე.

 

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და კონსერვაციის პროგრამის დირექტორი, ეკოლოგი, ესეისტი და პოეტი ნუგზარ ზაზანაშვილი ლექსების ოთხი კრებულის ავტორია, მეხუთეა „რუსოფობია - ანუ პოეტური იმპერიალიზმი ლომონოსოვიდან ევტუშენკომდე“. 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული და ლიტერატურული პუბლიკაცია. პირველი წიგნი 1998 წელს დაბეჭდა. პირველი პუბლიკაცია იყო ლიტერატურული წერილი ესმა ონიანზე 1980 წელს. მომდევნო წელს დაიბეჭდა ლექსებიც. მერე იყო პაუზა.

პაუზა: „საბჭოთა კავშირი იყო და არ მქონდა ისეთი ლექსები, იმ დროს იოლად რომ დაებეჭდათ. ჯერ ისედაც ცოტა კარგი ლექსი მქონდა. არავინ დაიჯეროს, რომ აიღებ და ეგრევე კარგად წერას დაიწყებ. მგონი, გოეთეს ჰქონდა ეს ფორმულა: ჯერ წერ მარტივად და ცუდად; მერე - რთულად და ცუდად; შემდეგ - რთულად და კარგად; დაბოლოს - მარტივად და კარგად. ეს ეტაპები არსებითად ყველა პოეტმა უნდა გაიაროს. არ გამოდის ეგრე, რომ თავიდანვე მარტივად და შესანიშნავად წერდე. ახალგაზრდა ვიყავი, ცოტა მქონდა ლექსი, რომელიც შეიძლებოდა დაბეჭდილიყო და ამ ცოტაშიც არ იყო მათთვის მოსაწონი. ერთხელ ახალგაზრდების გვერდი უნდა გაკეთებულიყო „ლიტერატურულ საქართველოში“, წავიღე ჩემი ლექსები. დამირეკეს, ნუგზარ, თქვენი ჭირიმე, იქნებ სხვა რამეც მოიტანოთო. რა ვქნა, სად ვეძებო და თავი დამანებეთ-მეთქი. სანამ არ დაინგრა საბჭოთა კავშირი, დაბეჭდვა აღარ მიცდია. ვწერდი, მაგრამ მაგათთან ლაპარაკის თავი არ მქონდა. 1992 წლიდან დავიწყე ჩემი ლექსების გამოქვეყნება. ჯერ „მნათობი“ იყო, ბესიკ ხარანაულმა დიდი პუბლიკაცია გამიკეთა, მერე - „ცისკარი“, შემდეგ „არილიც“ გამოჩნდა. ხშირად ვბეჭდავ „ლიტერატურული გაზეთშიც“. ძალიან მომწონს „ახალი საუნჯე“, ორიგინალური კონცეფცია აქვს, ძალიან ცოტაა კონცეფციურად გამართული ჟურნალი“.

 

წერს დაახლოებით 14-15 წლიდან. გიტარაზე უკრავდა: „დავამღერე, დავამღერე და ჩემი სიტყვებიც გაჩნდა“. დაიწყო და დაიწყო... ვერავინ განსაზღვრავს, ზუსტად რატომ მოხდა, მაგრამ წინაპირობა, რა თქმა უნდა, ოჯახი იყოო. მშობლები - მუსიკოსი დედა, რომელმაც 50 წელზე მეტხანს იმუშავა სახელმწიფო კაპელაში, კონცერტმაისტერად, და მხატვარი-კერამიკოსი მამა. კიდევ გარემო, მამის მეგობრები - მიხეილ ქვლივიძე და სხვები, პოეტი და ფსიქიატრი სანდრო მათიაშვილი, რომელმაც მჟავანაძის დროს გამოაქვეყნა „ცოტა“ ანტისაბჭოთა ტექსტები და ისე შეაშინეს, სიცოცხლეში აღარაფერი დაუბეჭდავსო. ამ გარემოში აღარავის გაჰკვირვებია, როცა წერის და სიტყვების სიყვარული გაჩნდა. მერე იყო უნივერსიტეტი და მწერალთა წრე.

მწერალთა წრე: „იქ იყვნენ თამაზ ვასაძე, შადიმან შამანაძე, ნოდარ გრიგალაშვილი და კიდევ ბევრი სხვა, ჩემზე უფროსებიც და უმცროსებიც. თამაზ ბაძაღუა იყო თავმჯდომარე რამდენიმე წელიწადს. ძალიან ჯანსაღი, ღია და თავისუფალი იყო იქაურობა. ყველაფერს ლაპარაკობდნენ, პოლიტიკურსაც და არაპოლიტიკურსაც, და ეს ძნელი აღარ იყო. უბრალო სიტყვაზე და ლაპარაკზე აღარ იჭერდნენ. გეოგრაფიულზე ვსწავლობდი უნივერსიტეტში, პარალელურად ორწლიანი ხელოვნებათმცოდნეობის კურსი გავიარე, მეორად ფაკულტეტს რომ ეძახდნენ. სამ-ოთხ წელიწადს აქტიურად დავდიოდი ამ შეხვედრებზე. პარასკეობით ვიკრიბებოდით და იყო ერთი ამბავი, ზოგჯერ უნივერსიტეტის ბაღში მუშტი-კრივითაც მთავრდებოდა ყველაფერი. ორჯერ მქონდა გატანილი ლექსები, პირველად ძალიან სუსტი იყო. ახლაც მახსოვს, რა საშინელი ქარ-ცეცხლი გავიარე, დაუნდობელი კრიტიკა იყო. სიტყვას არ შეგარჩენდნენ. თუ მთლად ნარცისი არ იყავი და ამპარტავანი, ამ კრიტიკას ძალიან კარგად ითავისებდი და ითვალისწინებდი. იოლად ელეოდი იმას, რაც უვარგისი იყო. ყოველ სიტყვას განიხილავდნენ, თავიდან ბოლომდე, სტრიქონ-სტრიქონ, ყოველ ფრაზას. ვფიქრობ, ეს იმ დროს საუკეთესო სკოლა იყო.“

 

არ ფიქრობს, რომ სადმე სპეციალურად უნდა ისხდნენ და მწერლობას ასწავლიდნენ, თუმცა ძალიან ფართო და ზოგადი განათლება უმნიშვნელოვანესად მიაჩნია, კიდევ - ლიტერატურულ პროცესში მონაწილეობა და კითხვა, ბევრის წაკითხვა. მაშინ ვკითხულობდით ყველაფერსო - უდ, კარგს, ქართულს, რუსულს, ვინც რა ენა იცოდა და რაზეც ხელი მიუწვდებოდა, ხელნაწერები ვრცელდებოდა და ისე ვკითხულობდითო. მგონი, ახლა ერთმანეთის ლექსებსაც აღარ კითხულობენ; იძახიან, პოეზია არ იყიდებაო, მარტო პოეტებმა რომ იყიდონ ერთმანეთის წიგნები, მთელი ტირაჟებიც გაიყიდებოდაო. ამბობს, რომ პოეზია ძალიან უსტია, ლექსში მათემატიკური სიუსტეა საჭიროო.

ლექსი: „ახლა უმრავლესობა წერას იწყებს თავისუფალი ლექსით. არადა, კარგია რითმიანით დაწყება. აი, კონვენციურ ლექსს რასაც ეძახიან. უფრო რთულია. ნაკლი აქვს, რომ ეს რითმი, რიტმი, მეტრი, ეს კლასიკური რაღაცები გზღუდავს. თუმცა ეს სკოლაა, განცდა სხვანაირად მოდის და ხვეწს პროფესიონალიზმს. ეს გასწავლის სიზუსტეს. ზოგჯერ გინდა გაძვრე, ვერ ეტევი ამ კლასიკურ ჩარჩოში, მაგრამ დასაწყისისთვის კარგია ეს „კანონიკური“ რაღაცები. მერე შეიძლება „კანონების“ დარღვევაც. პოეზიაში მეტი არაფერია კანონიკური და ხელშეუხებელი. სტიქიურად, იმპულსურად მოდის ფორმაც, მაგრამ არა ყოველთვის. ზოგჯერ თავიდან მოდის ოცდახუთი სტრიქონი და ბოლოს რჩება ხუთი. ამასწინათ ფეისბუკზე შალვა ბაკურაძემ თქვა, ერთ ლექსს სამი წელი ვწერდი, ახლა დავამთავრე, დავსვი წერტილი და ორი სტროფი გამოვიდაო. ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. ერთი ლექსი ხუთ წელიწადს ვერ დავამთავრე. თითქმის თავიდან გადავწერე გამოქვეყნებამდე. რა ძალა მადგა, ავდგებოდი და სულაც გადავაგდებდი, პარალელურად სხვა ლექსებიც ხომ იქმნებოდა. შიგნიდან მოდის ამის მოთხოვნილება. არავინ გაძალებს, რაღაც ერთი სიტყვა ეძებო დაუსრულებლად. ეს შინაგანი მოთხოვნილებაა, იდუმალი პროცესის ნაწილი, ნამდვილი პოეტური პროცესის“.

 

ერთი იდუმალებაა პოეტის სწრაფვა სრულყოფილებისკენ, და მეორე კი ის, რაც ემოციას და სიტყვას ნამდვილ პოეზიად აქცევს, რაც ლექსს წარმოშობს. „ნამდვილი პოეზია / „სალფეთქის“ ფურცლებზე / და „პაპიროსის“ კოლოფებზე / იწერება“. ძლიერი შთაბეჭდილება, იმპულსი, ის ჩვენი ძველისძველი ნაცნობი მუზა ნებისმიერ ადგილსა და სიტუაციაში შეიძლება გაჩნდეს. ლექსი შეიძლება წარმოშვას საცობში გაჭედვამ, უძილობამ, ღრჭიალა ლიფტმა, KENT-ის რეკლამამ, დაკარგულმა გასაღებმა, ბოსფორის თოლიამ და ათასმა რამ, ოღონდ არა „შეკვეთამ“, ოღონდ არა „დაკვეთამ“! ეს კლავს ყველა იდუმალებას, პოეზიას, სიტყვას, მაშინაც კი, თუ პოეტის პროფესიონალიზმი საკმარისია იმისათვის, რომ „დაკვეთა“ ლექსის ფორმაში „გამოაწყოს“.

დაკვეთა: „არ მჯერა ასეთი პოეზიის. ასე კარგი ლექსი არ იწერება, პროპაგანდაა, პლაკატი, დროზე მორგებული. შუა საუკუნეებშიც ხომ უძღვნიდნენ მეფეებს „ქებათა ქებას“. საბჭოთა კავშირშიც იყო: კარგ ფულს უხდიდნენ მწერლებს, აგარაკს აძლევდნენ, მერე მანქანას, ბინას და ეს იყო და არის, ალბათ, ყველა ავტორიტარულ ქვეყანაში. ამას წინათ ფეისბუქში სოციალურ პოეზიაზე გაიმართა კამათი. აი, აქ ისევ „შეკვეთილ“ ამბავთან მივდივართ. წინათ თუ კომუნისტები უკვეთდნენ, ახლა შეიძლება თვითონ შეუკვეთოს თავის თავს. იცის, რომ პოპულარული თემაა, თან სწორი თემაა, მაგალითად, გენდერული თანასწორობა, უფლებრივი მომენტები. არ მგონია ეს მაღალი პოეზია, მით უმეტეს, დღეს, როცა დრომ მოიტანა გამოხატვის ბევრი ახალი საშუალება. მაგალითად, ბლოგით ათასჯერ უფრო პირდაპირ და სწორად იტყვი ამ სათქმელს, ვიდრე ლექსით. თუ ეს სიყვარულმა, განცდამ მოიტანა, სტიქიურად გაჩნდა, იმპულსებს გრძნობ, მაშინ გამართლებულია. თუმცა სულ ამას რომ აკეთებ, სულ ასეთ „მომგებიან“ თემაზე რომ წერ, ეტყობა ეს ლექსს, იგრძნობა. კი, შეიძლება ლექსის ფორმა მისცე, მაგრამ ამით არ იქცევა ეს პოეზიად, მაღალ პოეზიად. უმბერტო ეკოს აქვს ძალიან საინტერესოდ დაწერილი, ნებისმიერი ხელოვნების ნაწარმოები არის ის, სადაც ყველაფერი ბოლომდე არ არის ნათქვამიო. თუ იტყვი, რომ ცუდია უთანასწორობა, ძაღლების ხოცვა, რა მერე? დამთავრებულია მანდ ყველაფერი, ჩაკეტილია სივრცე და ამას აღარ აქვს ასეთი ფასეულობა. მკითხველს უნდა მისცე საშუალება თავისი შემოქმედებითი წარმოსახვა ჩართოს და „დაასრულოს“ ლექსი ისე, როგორც მას სურს. ეს პოეზიის კიდევ ერთი იდუმალი მხარეა. სხვათა შორის, ეს თავისით მოდის ხოლმე და უფრო ნიჭთანაც არის დაკავშირებული. ერთი შინაარსი არ უნდა გამოდიოდეს ლექსიდან; რაც უფრო მეტი, მით უკეთესი. მკითხველი თანაავტორია, თანაშემოქმედია. შენი ინტერპრეტაციები სხვაა, შენი ჩაფიქრებული მიზანი სხვა შეიძლება იყოს, მკითხველმა კი სხვა მიიღოს და ამისთვის მას უნდა დაუტოვო სივრცე. საბოლოო პუნქტუაციურ წერტილს არ უნდა მოჰყვებოდეს წერტილი პოეზიაში“.

 

ბევრს არ წერს. შეიძლება ისე გავიდეს დღეები, არ გაჩნდეს იმპულსი, რომ ლექსად გარდაიქმნას, ზოგჯერ კი შეიძლება ერთმანეთს მიეწყოს და ყოველდღე წერდეს, ზოგჯერ „ცარიელი სიტყვებით სავსეა / ყოველი დღე“, არის ულექსო თვეებიცო. ამიტომაც მიაჩნია, რომ არ შეიძლება პოეტობის პროფესიად ქცევა. პროზა ამ მხრივ სრულიად განსხვავებულია. ბევრი კითხულობს, უფრო გასაგები ენაცაა. იქნებ ერთ დღესაც გაქრეს ყველა იმპულსი და მოთხოვნილება, მერე? რამდენი პოეტია, ვინც გაჩერდა და აღარაფერი დაუწერია, აღარაფერი გამოუქვეყნებია.

პროფესია: „პოეტობა კლასიკური გაგებით პროფესია არ არის, თუმცა დიდი პროფესიონალიზმი სჭირდება და ეს არის პოეზიის პარადოქსიც. პოეზია რა არის? „არანორმალური“ ენა, ამბის გადმოცემის გართულებული ფორმაა. ეს ენა, ეს მოთხოვნილება ჩნდება ადამიანში და აღარ ანებებს თავს. ლევან ბრეგაძეს ჰქონდა თავის ჟურნალში რუბრიკა „რატომ წერ“, მერე დაიხურა ეს ჟურნალი, თორემ მინდოდა მიმეწერა, „რატომ წერ“ კი არა, „რატომ აქვეყნებ“ - ეს არის მთავარი. რატომ წერ, გასაგებია, ჩაჯდა შენში ეს რაღაც და აღარ შეგიძლია, რომ არ წერო. რატომ აქვეყნებ? ზუსტადაც რომ აქვეყნებ და ეს უმნიშვნელოვანესი შეკითხვაა. პრემიისთვის? თავის გამოჩენისთვის? ნარცისული კომპლექსების დასაკმაყოფილებლად? რისთვის? რისთვის გინდა? ამით რა გავლენა გინდა მოახდინო? ფინანსური შემოსავალი თავიდანვე უნდა გამოირიცხოს. მე არ მგონია, რომ რომელიმე პოეტი ამით ცხოვრობდეს. აუცილებელია ჯანსაღი ლიტერატურული პროცესი, აუცილებელია კრიტიკა. მრავალფეროვანი უნდა იყოს მწერალი. სხვადასხვანაირი ეტაპი უნდა გაიაროს, თუნდაც იყოს ეპატაჟური, მერე სხვა ეტაპი უნდა მოვიდეს, მერე კიდევ სხვა. მუდმივად საკუთარი თავის გამეორება მოსაწყენია მკითხველისთვის. მოსაწყენია ზედმეტი კონცენტრირება საკუთარ შინაგან სამყაროზე, სულ შიგნით ჩაბრუნებული მზერა. ყველას თავისი შინაგანი სამყარო აქვს, არცერთი ადამიანი მეორე ადამიანზე უკეთესი არ არის, ყველა განსხვავებულია, ინდივიდუალურია და მას მუდმივად სხვისი შინაგანი სამყარო არ აინტერესებს“.

 

მისთვის მიუღებელია მწერლის საქმეში სახელმწიფოს ჩარევა, მითითება, ისე, როგორც ადრე იყო, თუმცა ხელშეწყობა ნამდვილად შეუძლია. მაგალითად, ლიტერატურული გამოცემების და გადაცემების დაფინანსებით. ამბობს, რომ ყველაზე მეტად ბოლო ათწლეულებში განათლების სფერო დაზარალდა და არა ეკონომიკა. ეს მრავალსართულიანი სახლები, ეს ავტომობილებით გადაჭედილი ქუჩები ეკონომიკის განვითარების ნიშანია და ვერც ვერაფერი შეაფერხებს, თუ მშვიდობა იქნება, თუ კიდევ რომელიმე საომარ კონფლიქტში არ აღმოვჩნდებით შეთრეული. და კიდევ, უნდა გავიაზროთ, რა სასწაულიც მოხდა - ოცდაშვიდწლიანი დამოუკიდებლობის სასწაული. და კიდევ, სახელმწიფო უნდა გაუფრთხილდეს იმ „სიცოცხლის ფასეულობებს“, რომელთაც დღეს ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება.

ფასეულობები: „ 27 წელიწადი ბოლოს როდის იყავით დამოუკიდებლები? ეს არ გვაქვს გააზრებული, ამ სასწაულის აღქმა და შეგრძნება გვჭირდება. 30 წლის წინ რა იყო? მთელი თაობების ცხოვრება გავიდა საშინელებებში. ციმბირი, დახვრეტა. პაპაჩემი დახვრიტეს 1937 წელს, დედაჩემის მამა. კომუნისტები, რუსეთის იმპერია, იმის იქით აღარც მივდივარ. მართალია, დავკარგეთ ეს ტერიტორიები, ვფიქრობ, ესეც დროებითია. დრო უნდა გავიდეს, ჩვენც ვისწავლოთ, ჩვენი შეცდომებიც გადავაფასოთ. სადაც ეს ამხელა საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა, იქნებ რა ხდება... მანამდე კი უნდა მივხედოთ ბუნებას, კულტურას და განათლებას, მეტი რესურსი ჩვენ არ გვაქვს. ბუნებრივი ფასეულობები, კულტურული ფასეულობები, ადამიანური ფასეულობები არ უნდა გავანადგუროთ. გლეხი ზედმეტ ხეს არ მოჭრიდა, შვილი ჰყავდა, შვილიშვილი, მისთვის უნდა დაეტოვებინა, ეს იყო ჩვენი ტრადიცია და ეს უნდა შევინარჩუნოთ. რა არის „მდგრადი განვითარება“? ერთ ადგილას რომ ააშენებ ჰიდროელექტროსადგურს, ამის პარალელურად უნდა გააკეთო დაცული ტერიტორია, ნაკრძალი. ზურაბ კაკაბაძეს აქვს ერთგან, ამ ბუნებაში ჩამოყალიბდა ჩვენი ეთნოფსიქოლოგიაო. ეს ჯერ ჩვენ გვჭირდება და მერე ტურისტებს, რომ მოვიდნენ და ნახონ, იყოს შემოსავალიც და განვითარებაც. ამ სწრაფ მდინარესთან, ჩანჩქერთან, მორბენალ წყაროსთან - ამ გარემოში ჩამოყალიბდა ქართველი ერის ფსიქიკა, ეთიკა. რომ დატბორავ, დაანგრევ, მოჭრი, ესეც გაქრება. ეს არის სიცოცხლის ფასეულობა. შეიძლება ვერ გააჩერო ჰესების მშენებლობა, ამ ეტაპზე მაინც, მაგრამ პარალელურად უნდა მოიმატოს დაცული ტერიტორიების რაოდენობამაც. არ მიმაჩნია, რომ ჰიდროელექტროსადგური ყოველთვის ბოროტებაა ან მცირე ჰესი სჯობს დიდს. ზოგჯერ დიდი ჰესი ნაკლები საფრთხის მომტანია, ვიდრე მცირე ხეობებში შესვლა, მდინარეების მილებში ჩაკეტვა და მთელი ბიომრავალფეროვნების განადგურება. და თან ეს მცირე ჰესები ძირითადად თითო-ოროლა ოჯახის გამდიდრებას ემსახურება და არა ქვეყნის ეკონომიკას და ინტერესებს“.

 

არასოდეს ყოფილა საჯარო მოხელე, თუმცა სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და დღემდე კითხულობს ლექციებს. რამდენჯერმე „გადაურჩა“ მწერალთა კავშირში და კომუნისტურ პარტიაში შესვლას. მიშა ქვლივიძეს უნდოდა მწერალთა კავშირში რომ შევსულიყავი, მაგრამ რიგი იყო და გადავრჩიო. ასცდა კომუნისტურ პარტიასაც. იმ დროს ბოტანიკის ინსტიტუტში მუშაობდა და ინსტიტუტის თანამშრომლებს ზოგჯერ უცხოეთშიც გზავნიდნენ, მაგრამ უპარტიოს არ უშვებდნენ. ერთხელაც წავიდა რაიკომში გასაუბრებაზე. წვერი ჰქონია მაშინაც. „ვიღაც საშინელი კაცი დამხვდა, მიყურებს. წვერი და პარტია არ შეიძლებაო, ამბობს. თავზე მარქსის სურათი უკიდია. ვეუბნები, იმას არა აქვს წვერი? წადი, წაეთრიე აქედან!!! გამომაგდო“. ორი წლის შემდეგ ისევ გაუშვეს, ისევ წვერმა შეუშალა ხელი. მესამედ „გაუმართლა“ და კანდიდატის ბილეთი მისცეს, ერთი წელი იყო გამოსაცდელი დრო, ერთ წელიწადში „9 აპრილი“ მოხდა და ბილეთიც გადააგდო.

მასწავლებლები: უნივერსიტეტში მიკითხავდა გია ნახუცრიშვილი, ცნობილი მცენარეთა ეკოლოგი, აკადემიკოსი, ახლა 85 წლის არის. ჩემი მასწავლებელია, კულტურის მასწავლებელიც. ბოტანიკის ინსტიტუტში მან მიმიყვანა პირველად ნიკო კეცხოველთან. ნიკო სხვანაირი კაცი იყო, დიდი ადამიანი რასაც ჰქვია, წვრილმანებისაგან დაცლილი და თავისუფალი. შესანიშნავი მოქართულე. სახელმძღვანელო აქვს დაწერილი 1959 წელს - „საქართველოს მცენარეული საფარი“. მის შემდეგ ხელი ვერავინ მოჰკიდა, ისეთი ენით და ისეა დაწერილი. შემიყვანა გია ნახუცრიშვილმა და თან ეუბნება, ლექსებსაც წერსო. მიყურებს, მიყურებს და მეუბნება, მეც ჩემს დროს თავი პოეტი მეგონა. ვაჟა-ფშაველასთან რომ მიმიყვანეს, ვაჟა-ფშაველამ მითხრა, შვილო, პურის ფულს რად გვართმევო, და იმის შემდეგ გადმოვედი პროზაზე... ასე მიმიღო სამსახურში ნიკო კეცხოველმა. ერთი ხელი ჰქონდა დაკარგული კოჯრის ბრძოლებში. მაგას ბოლომდე არასოდეს ენდობოდნენ, სახელმწიფო მას არ ენდობოდა, მიუხედავად იმისა, რომ აკადემიკოსი იყო, ორდენები და რაღაცები ჰქონდა. ინსტიტუტში მიამბეს, რომ დასახვრეტთა სიაშიც ყოფილა; რევოლუციონერი ლადო კეცხოველი ბიძამისი იყო. სტალინმა თქვა, რომ ლადოს ძმისშვილი მე თოფს არ მესვრის და ეგრე გადარჩაო. ასეთ ხალხში ვიყავი, ასეთ ხალხში ვტრიალებდი, ასეთ ხალხში ვსწავლობდი. ცხოვრებაში წვრილმანების დონეს უნდა ასცდე და და იუმორით უყურო ყველაფერს, გახსნილად და წინ“.

 

ფიქრობს, რომ მწერალმა „გიჟური“ რამეები უნდა აკეთო, „საკაიფო“, მრავალფეროვანი უნდა იყო, ცვალო სტილიც და ფორმაც. უნდა მოიზიდო მკითხველი. და კიდევ გუშინდელ ხალხზე არ უნდა იყო ორიენტირებული, რადგან ქვეყანას წინ ახალი თაობა წასწევს. ამბობს, ამ ქვეყნის პოტენციალი ახალგაზრდებშია, იმ ხალხში, ვინც 1995 წელს აქეთ და იმის შემდეგ დაიბადა, მანამდე ვინც არის, ყველა „მოწამლულია“, ჩემი ჩათვლითო. და კიდევ, ახალგაზრდებმა ბევრი დრო არ უნდა დაკარგონ არასწორ რაღაცებზე. კარგია ეპატაჟიც, ყვირილიც, უცენზურობაც, ყველაფერს თავისი სახელი აქვს. ცუდი სიტყვები მართლა არ არსებობენ, მაგრამ თავის დროზე, ადგილას და ზომიერადო.

ახალგაზრდები: „გაუმარჯოს საქართველოს“ - ასეთ ლექსებს აღარ აქვს ის ფუნქცია, რაც ადრე ჰქონდა. მაშინ იყო შინაგანად ამის მოთხოვნილება, გულს ხვდებოდა. დღეს არ არის საჭირო ამაზე კონცენტრირება. სიტყვაშია ყველაფერი, სიტყვაში აუცილებლად შემოვა ისტორიაც, კულტურაც, ემოციაც. "...მცირე მცირე ჩამოდიოდა და ძირთავე მისთა ზედა დაემყარა და შეეძერწა ყოვლითურთ შეუხებლად ხელთაგან კაცთასა..." საუკუნეების წინათ ეს რომ გაქვს დაწერილი, უკვალოდ არ ქრება, ოღონდ ახალგაზრდებმა ქართული ენა უნდა ისწავლონ, ბევრი უნდა იკითხონ, ბევრი, ჰაგიოგრაფიით დაიწყონ და დღემდე მოვიდნენ. კამიუმ ნობელის პრემიის აღების დროს თქვა, ყველაზე ნაკლებად წერის დროს იფიქრეთ რეალობაზე, რეალობის ასახვაზე, ის თავისით შემოვა ნაწერშიო. თუ ქართველი პოეტი ხარ და ქართულ სინამდვილეს განიცდი, ის მაინც შემოიპარება ტექსტში, ერთი ფრაზით, ირონიით, ემოციით. დღეს, შეიძლება ითქვას, რომ მთავარია, გულწრფელი ღირებულებები. არ უნდა ეს ცალკე პატრიოტულ-განმათავისუფლებელი დისკურსი პოეზიაში. ინტელექტუალური ახალი თაობა მოდის და მჯიღის ცემით მათ ვეღარ ააღელვებ. ბევრს კითხულობენ და ამ ქვეყნის მამოძრავებლები არიან, შეიძლება უმცირესობა, მაგრამ მაინც მთავარი მამოძრავებელი - გახსნილი მთელი დედამიწისთვის და ქვეყნიერებისთვის!

შეიძლება იყოს შეცდომებიც, მაგრამ უშეცდომო ვინ არის დედამიწის ზურგზე? 61 წლის ვხდები მარტში. სამოცს გადავაბიჯე უკვე, შეცდომების მეტი რა დამიშვია. ერთ ლექსშიც მაქვს, მარტივი ადამიანი ვარ-მეთქი, ძალიან სერიოზულად შენი თავი არ უნდა აღიქვა. მე მგონია, რომ სიბრიყვის ნიშანია, როცა ძალიან სერიოზულად უყურებ საკუთარ პერსონას. რა ხარ? ჯერ დედამიწას გახედე, მერე ვარსკვლავებს, მერე შენს თავზე დაიხედე და თქვი, აბა, რა ხარ. იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ მე რაც დავწერე, ის ოდესმე ამ დედამიწაზე ზუსტად ისე არავის უთქვამს და არ დაუწერია. ეს დრო მომწონს, ახლა მეტი შემოქმედებითი უნარების გამოხატვის საშუალებაა. ცოტა უფრო მეტი სიმშვიდე რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ასე უფრო მსხვილ, საკაცობრიო სურვილებთან და ამბებთან მივალთ“.

 

„მსხვილ“ ამბებს მაინც ვერ ავცდით. ნუგზარ ზაზანაშვილი, მეცნიერი, ეკოლოგი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი ბუნების დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ამბობს, რომ დღეს სამყაროსა და დედამიწის ყველაზე დიდი გამოწვევებია მოსახლეობის მოსალოდნელი სიჭარბე, ღარიბი ქვეყნებისთვის მდგრადი განვითარების პროგრამების არარასებობა, ასევე მოსალოდენელი უმართავი მიგრაცია და განათლების უფლების შეზღუდვა. აქაურ ამბებზეც ვილაპარაკეთ: ონში ახალი დაცული ტერიტორია კეთდება, ვაშლოვნის ნაკრძალში ჯეირნები მომრავლდნენ. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რომ ტურისტები მოდიოდნენ, რომ ჩვენც წინ წავიდეთ. ცოტა ტრადიციებზეც ვთქვით, მაგალითად, არ არის საჭირო ოჯახში აზიურ-პატრიარქალური წესების შენარჩუნება; აი, ნათესაურ-ოჯახური ურთიერთობები კი აუცილებელია, რადგან მარტოობა და გაუცხოება ისედაც მოდის და ეს ურთიერთობები ცხოვრებას აადვილებს; კიდევ, თუ შესაძლებელია, არ უნდა მიიყვანო მშობლები მოხუცთა თავშესაფარში, სადაც მათ დარდი დახოცავს. ბოლოს, „ქალი პოეტები“ ვახსენეთ და გამოსაცემი წიგნები.

წიგნები: სულ ვყიდულობ ახალ პოეტურ კრებულებს და ვკითხულობ. სქესი არაფერ შუაშია პოეტობასთან, რამდენი დიდი ქალი პოეტი შემიძლია გავიხსენო, რომელი კაცი შეედრება მათ, აბა, შეცვალონ, აბა, ჩაანაცვლონ, თუ შეუძლიათ. ამდენი კარგი ქალი პოეტი არასოდეს ჰყოლია საქართველოს, შეიძლება ეს ამ თავისუფლების დამსახურებაცაა, შეიძლება, აი, ამ გენდერული ამბებისაც, არ ვიცი, მიზეზს არ ვეძებ, ფაქტია, ამდენი კარგი ქალი პოეტი საქართველოში ჯერ არ ყოფილა. ერთი შვიდ სახელს ახლავე დავასახელებდი, მაგრამ მერვე აუცილებლად დამავიწყდება და ეწყინება...

რაც შეეხება წიგნებს, მინდა დავბეჭდო ლიტერატურული წერილები, მაგრამ ჯერ გამომცემელი ვერ ვნახე. ვაგროვებ ტექსტებს, არ მიყვარს განზოგადებულ თემებზე წერა, ყოველთვის ვცდილობ კონკრეტული ვიყო. დაწერილი მაქვს ლია სტურუაზე, მიშა ქვლივიძეზე, თამაზ ბაძაღუაზე, ვახტანგ ჯავახაძეზე, ალიო მირცხულავაზე. სხვათა შორის, ალიო მირცხულავას აგინებენ, ლანძღავენ, ჰგონიათ, უნიჭო იყო. ასე არ არის, არასწორი გზით წავიდა, კომუნისტებთან ურთიერთობით შეიზღუდა თავი და მერე აღარაფერი გამოუვიდა. კიდევ ერთი წიგნი უნდა გამოვცე. ლექსების კრებული. დავაკვირდი და მეკარგება ლექსები. გაფანტულია და თუნდაც იმიტომ უნდა გამოვცე, რომ ერთად მოვუყარო თავი. იქ დაიბეჭდა, აქ დაიბეჭდა - რა გავგზავნე, რა გავიდა, რა დარჩა, აღარ მახსოვს“.

 

„მე მარტივი ვარ / ცოტა დათბა / აყვავდა ატმის ხე / და მიხარია...

მე მარტივი ვარ / ჩემმა შვილმა რომელიღაც / კონკურსში გაიმარჯვა / და მიხარია...

მე მარტივი ვარ / წავიკითხე ვიღაცის მშვენიერი ლექსი / და მიხარია...

მე ვარ მარტივი / და კიდევ უფრო მარტივი / გავხდები მალე...“

 

„ვიცი, როგორი წიგნიც მინდა დავწერო, მაგრამ ეს წიგნი ჰორიზონტივით არის, უახლოვდები და ის იქით მიდის. ეს არის ცხოვრება, ცხოვრების არსი და ეს არ არის ტრაგიკული. შეიძლება ცოტა ცინიკურია, ცოტა გეხუმრება ცხოვრება ამით, მაგრამ შენც იუმორით უნდა უპასუხო. კი არ უნდა გეწყინოს და თავში ქვა იხალო, პირიქით...“

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE