მეტად უცნაური სიყვარულის ისტორია


მეტად უცნაური სიყვარულის ისტორია




შეიძლება, სარტრი მართალია და სამყარო გადასარევად იარსებებდა ლიტერატურის გარეშე, მაგრამ ლიტერატურა ალბათ ვერ იარსებებდა სიყვარულის თემის გარეშე, რომელსაც ის მუდამ თავის ყბაში იგდებს და ხანდახან იმის გამოცნობაც ძნელდება, ჰუმანიზმი ამოძრავებს თუ მიზანთროპიას და სიძულვილს გვიქადაგებს.

რთულია,  აღწერო პიროვნების ტრაგედია, რომლის ადამიანური ღირსება შებღალულია უსამართლო საზოგადოების მკაცრი კანონებით,  და იმავდროულად მკითხველს თვალწინ გადაუშალო  გრძნობების ნამდვილი უსასრულობა, ერთდროულად მშვენიერი და უშნო თანავარსკვლავედებით მოჭედილი.

პირველი, რასაც   ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ სულ ახლახანს გამოცემული წიგნი, ,,ქარის გამორჩევა’’ განგაცდევინებთ,  ძრწოლაა, სადაც ორი ადამიანის წამების ცეცხლი თითქოს  მთელ ჩვენს სოციუმში,  მთელ  სამყაროში გიზგიზებს.

ეს გახლავთ  ნოდარ ლადარიას პირველი რომანი და, თუ არ ვცდები,  პირველი განაცხადი მხატვრულ ლიტერატურაში. თუმცა ასეთ რამეებს უფრო კონკურსებისთვის და მსგავსი ღონისძიებებისთვის აქვს მნიშვნელობა. პირადად ჩემთვის -  სად იწყება ფეისბუკ სტატუსი და სად მოთხრობა, სად გრადაცირდება ლექსად, სად ცხოვრებად და სად ნახატად,  უკვე სულერთია. მთავარია, სადმე, რამე მომენტში, ხელოვნების აქტი შედგეს. თუნდაც, ვთქვათ, კითხულობ ამ რომანს, ფეისბუკი თავისთვისაა ჩართული, პერიოდულად ხედავ, რომ ამ წიგნის ავტორმა  ახალი სტატუსი ან ახალი ფოტო გამოაქვეყნა. და ადრეული გაზაფხულის ამ ნისლიან, მოჟამულ პეიზაჟებსაც ტექსტის  ნაწილად აქცევ...

ეპიგრაფად წამძღვარებული შექსპირის სიტყვები (,,...Nothing extenuate,
Nor set down aught in malice.’’) ავტორისგან წინასწარ თავის მართლებას ჰგავს – თითქოს ფრთხილობს, რომ სუბიექტურობა არავინ დასწამოს. არადა,  ჯერ ტექსტი წინაა, მკითხველმა არაფერი იცის...

რომანს, შეიძლება ითქვას, ორი პერსონაჟი ჰყავს, ე. წ. შუა ასაკის წყვილი – ევდემონი და თეოფორა. თუმცა ევდემონი სამი გახლავთ. არის კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოჩვენებასავით გაიელვებს, მაგრამ მთავარი ამ ორ პერსონაჟს მიღმა არსებული უშველებელი სამყაროა. უფრო სწორად, სისტემა, კლანი, ტუსოვკა, ინსტიტუცია – ყველაფერი ის, რასაც ასე აშარჟებს ავტორი ევდემონის ენით.  ეს ქალი და კაცი, სავარაუდოდ, ჩვენს ქალაქში ხვდება ერთმანეთს და მოქმედებაც აქ ვითარდება.  ასაკი ნუ მოგატყუებთ. ეს არაა დაღვინებული წყვილის სიყვარულის ისტორია. ესაა სიყვარული იმ  თავბრუდამხვევი სიგიჟით, რომელსაც 18 წლის ადამიანებთან  უფრო წააწყდებით. მაგრამ თუ ახალგაზრდების თავგადასავალი სავსეა ზედაპირული დრამატურგიით, ევდემონის და თეოფორას ამბავი ქვედენიბრივია.  ერთი შეხედვით, თითქოს საერთოდ არ ვითარდება მოქმედება. თითქოს სულერთია, წიგნის პირველ გვერდებზე ხარ თუ შუა ან ბოლო ფურცლებს კითხულობ. ყველაფერი სტატიკურია. თითქოს არაფერი არ ხდება ობივატელი მკითხველისთვის, რადგან წიგნის ფურცლებზე ნაკვალევს არ ტოვებს მათი ნაბიჯები, ჩრდილებიც კი არ ჩანს, მაგრამ მოქმედება სიღრმეში,  ვერტიკალური ტრაექტორიით ვითარდება, რაც ქვესკნელში ხელის ფათურს და მხილებას ერთდროულად წააგავს.

ასრაღაცამდენი წლის ქართული რომანი, შუასაუკუნეებისდროინდელ მსოფლიო რომანთან შედარებით, სუფრაზე მისული დაგვიანებული სტუმარივითაა, სწრაფი ტემპით რომ ცდილობს, გამოტოვებული სადღეგრძელოები ერთბაშად დალიოს და გაციებული კერძები  სასწრაფოდ დააგემოვნოს, რათა როგორმე დანარჩენებს წამოეწიოს.

თუმცა, ნოდარ ლადარია არ ცდილობს, ,,გამოკვებოს’’ რომელიმე გამოტოვებული მიმდინარეობა - არც ახალ რომანი, არც ე.წ. უარყოფის სკოლა ან დღეს  მოდაში (თუ საჭიროებაში) შემოსული პოსტმოდერნიზმი.  მისი ტექსტი კლასიკური რომანის სტრუქტურის ფარგლებშია ნაძერწი,  ენობრივად და კონცეპტუალურად  კი დახვეწილი, ფილიგრანული ნამუშევარია. თუმცა, რაკი ვთქვი, რომ სასიყვარულოა, იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე, სამოელ რიჩარდსონის  სენტიმენტალური ტექსტების ან  ჯეინ ოსტინის მგრძნობიარე პასაჟების მსგავსი  რამ წარმოიდგინოთ.

მხილება! ესაა მისი ლიტერატურული მიზანი. ამ წუთას არც მახსენდება მწერალი, რომელიც ასეთი პედანტური რუდუნებით, ასო-ასო ააქნევინებს ერთ შეყვარებულს მეორე შეყვარებულს და ამას სიყვარულის სახელით გააკეთებს.  არსად, თვით  სიყვარულის დრამატიზირების ოსტატ ლევ ტოლსტოისთანაც კი ვერ წააწყდებით ასეთ მხილებას და  ერთდროულად ასეთ სიყვარულით შენიღბულ სიძულვილს თუ  - პირიქით, სიძულვილით მოცულ სიყვარულს. ან იქნებ სწრაფვას, აკვიატებას. ან იქნებ აკვიატებაა ზოგადად სიყვარულიც. 

,,ქარის გამორჩევაში’’ ქარი არ ქრის, მაგრამ აქ ორი ადამიანი ერთმანეთს დაუნდობლად ასახიჩრებს და  ამას სასიყვარულო  ურთიერთობა ჰქვია. ალბათ იშვიათად  წააწყდებით მამაკაცს, რომელიც საყვარელ ქალს ამხელს სექსუალური აქტის მომენტში გამოჩენილი ყოფითი დაუდევრობის გამო. მაგრამ ევდემონს უკვე ყველა მხრიდან ასხამს ბრაზი. ის უკვე ვეღარ თოკავს თავის აგრესიას. ის  თითქოს ჩასაფრებული დაეძებს სამხილებს თეოფორას სხეულზე, ტანსაცმელზე, ღიმილში, სიტყვებში, სექსუალურ  აქტში, თეთრეულში, იმაშიც კი, რომ ვიღაცებს 18 წლისა ჰგონიათ და ამით თავს იწონებს. 

,,ქარის გამორჩევა’’  აბსურდული რომანია. უმოქმედო წრეზე ტრიალი, რომელსაც არსად არ მიჰყავს პერსონაჟები. იქ რაც ხდება, დუმილით ხდება. წარმოთქმული და ბაგესგადმოცდენილი დიალოგები მხოლოდ სასეირო ხარკია. ავტორი თითქოს ცდილობს, ამბის ბუნებრივი დიმანიკა ჯერ თვალებში მოგვაფრქვიოს, შემდეგ გადაგვფხიკოს და ჩაგვახედოს ურთიერთობის თუ ადამიანების უხილავ ბარელიეფებში, რომელიც ცალკე ზღაპრული სამყაროა. ცალკე არქეტიპებით დასახლებული.

ამქვეყნად ალბათ ყველა რუტინას გაურბის და ევდემონი სწორედ ამას მიელტვის საყვარელ ქალში და ამბობს კიდეც. ,,უეცრად მიხვდა, რომ ამ ქალისაგან ყველაზე მეტად სხეული კი არ სურდა, არც ეს ქიმერა, რომელსაც უქმ საუბრებში ხან „ინტელექტად“, ხანაც „კულტურად“ მოიხსენიებენ, უარეს შემთხვევებში კი „ნიჭად“. ყველაზე მეტად ევდემონს ყოველდღიური რუტინის ერთობლივი განცდა იზიდავდა, არაფრის მთქმელი, დაკარგული, უნაყოფო, უმნიშვნელო, შეუმჩნეველი დროის გაზიარება.’’

როდესაც საზოგადოება გიცნობს, როგორც სარკაზმის ოსტატს, თუ გროტესკის ალქიმიკოს შემოქმედს, როცა ნებისმიერი შენი სიტყვა დიონისიოსის მახვილივით მჭრელია, ბუნებრივია, რომ შენს ვრცელ ტექსტშიც არ და ვერ უღალატებ ამ ჩვევას, ნიჭს თუ ტრადიციას. მართლაც, რომანის პირველივე გვერდებიდან  იგრძნობა შეუპოვარი სარკაზმი. ავტორი დეტალების ,,დაჭერის’’ ოსტატია, დაზვერვის სამსახურის საგანგებო წარმომადგენელია.   ის თითქოს უკვე დამთავრებული ამბის პოზიციიდან წერს. თავიდანვე აღჭურვავს მკითხველს იმ ცოდნით, რომ თეოფორა ნეგატიურია, რომ თავად მხვერპლია. როცა ის იწყებს ამბის თხრობას, თითქოს უკვე გაბრაზებულია. უფრო მეტიც, ჩანს, როგორ სძულს. აი, მაგალითად: ,,— დღეს არაფერი იქნება! — უცებ თქვა თეოფორამ ისეთი ტონით, როგორითაც ალბათ გოჭები ელაპარაკებიან მგელს საბავშვო დადგმაში: „არ გაგიღებთ, არა!“.აქ არათუ ევდემონი, ავტორიც კი ცინიზმის მწვერვალზე იმყოფება. მას უკვე სძულს თავის მიერ შექმნილი პერსონაჟი ქალი. ის შანსს არ უშვებს, არ წამოაყვედროს ისეთი ხარვეზებიც კი, როგორიც ადამიანის ცხოვრებაში მისდაუნებური რეალობაა: ,,...გულწრფელად არ შემომთავაზებ იმ ორთოდონტთან მისვლას, ვინც შენ ჩაგიდგა ეგ მეტალ-კერამიკის პროთეზი’’. ამბობს ევდემონი  თითქოს მხოლოდ იმიტომ, რომ თეოფორას ,,ნაკლი’’ ამხილოს. თუმცა, ვფიქრობ, ასეთი მომენტები უმალ ავტორს ამხელს მეწვრილმანეობაში და წეღან უკვე ნახსენებ ჩასაფრებულობაში. რაღაც მომენტში  ისიც კი გავიფიქრე, ლატენტური ქალთმოძულე მიზანთროპი ხომ არაა ეს ჩვენი ევდემონი, თუმცა, რაღა ლატენტური...

 დათმობა და სიდინჯე, რომლითაც თითქოს კოკეტობს ევდემონი, რეალურად მისგანვე შეფასებულია ,,ჩმორობად’’. ანუ გასაგებია მერე და მერე ის რისხვა, ის ბრაზი და აგრესია, რომელიც უგროვდება და ეზრდება თეოფორას მიმართ.

ალბათ ხვდებით, სავარაუდოდ წიგნი ფემინისტების რისხვას გამოიწვევს და მხოლოდ ობიექტურობის ჯიუტად მაძიებელნი ჩაუღრმავდებიან იმას, რომ ,,ეს წიგნი ომზეა, თეოფორა. მე მას სიბნელეში ვისვრი, იქ კი, სიბნელეში, ომი ფასობს...“ მაგრამ ამ ომში ორივე მარცხდება. თეოფორაც და ევდემონიც. და ეს კარგად იცის ორივემ და კარგად იცის ავტორმაც, რომელიც მაინც  ცდილობს, ჩვენი თანაგრძნობის ვექტორი ევდემონისკენ გადახაროს, რადგან მამაკაცი გამოჰყავს მსხვერპლად,  ცალსახა მსხვერპლად. სწორედ ეს აჩენს უნდობლობის განცდას. ევდემონი მორჩილებს ქალს არა იმიტომ, რომ ასე მოსწონს, ან მშვიდი ნერვები აქვს... არამედ თითქოს იმიტომ, რომ მერე ძმრად ამოადინოს მასაც და საკუთარ თავსაც.

 ,,ბინა არსებითად კლავდა მოულოდნელობას, რუტინად — უარესი! — რიტუალად აქცევდა სიყვარულს.’’ აქ უკე რუტინამ მოაბეზრა თავი ევდემონს. არადა, ზემოთ ვახსენეთ, რომ თავდაპირველად სწორედ  ამას მიელტვოდა. „ესეც ცვლილებები!“ — გაიფიქრა ევდემონმა და უკვე ჩვეული სულიერი მოძრაობით ჩაიკლა ბოღმა’’. ვერა. ვერ ჩაიკლა. მთელი ტექსტის მანძილზე ჩანს,  როგორც ცდილობს ის, გვაჩვენოს თეოფორას კლასის სიმდაბლე, ე.წ. სვეტის მდაბიო ბუნება. სნობიზმის მორევი, ,,მართლა მთის აულია და არა ქალაქი. რაღაც მონიშნული ტერიტორიაა ადგილის დედებითა და ხატებით, ტაბუირებული ტყეებითა და გაუგებარი ადათებით“.  ცდილობს, გვაჩვენოს თავისი გაწონასწორებულობა, არსადმყოფობა, არსწრაფვა ამ სვეტისკენ, როგორც რაღაც მახინჯისკენ, მაგრამ ამ ყველაფრის თხრობისას თავისდა უნებურად  ნათელი ეფინება იმას, რომ სწორედ მას ესწრაფვის, ,, ბაზრის დახლების სუნიო’’, ამბობს და  სწორედ ისაა დასაპყრობი, რის დაკნინებასაც ცდილობს პარალელურად და ძალიან მონდომებით. მაშ, რაღად ეტრფის, მაშ რაღად აღიქვამს აღმატებულ ხარისხში, რატომ არ მიაფურთხებს.  თეოფორა უყვარს? იქნებ სულ პირიქით – სძულს. მაშ, რა ხდება. ალბათ აკვიატება ჯერ თვითონ სიყვარულის, მერე ამ კონკრეტული  ქალის, შემდეგ კი ამ ე.წ. სვეტში შეღწევის ასეთივე აკვიატებული სურვილი, გამარჯვების განცდის სურვილი, რადგან ეს ქალი იმ სამყაროს ნაწილია, ,,თბილისი იყო ურთიერთობა’’ რომ ჰქვია და რომელშიც ევდემონი ოჯახის წევრად ვერა და ვერ ჩაეწერა.

ჩვენ შორის ხიდია ჩატეხილიო, ამბობს ,,ოთარაანთ ქვრივში’’ ილია ჭავჭავაძე. კი, ბატონო,  ევდემონიც, შეიძლება ითქვას, თანამედროვე ოთარაანთ გიორგია,  ხოლო თეოფორა – კესო. ილიას კესოსგან განსხვავებით თეოფორა ბევრად დაუნდობელი და თავნებაა. როგორც ჩანს, კესოს სიდარბაისლე ეპოქალურმა ფეხმა გასრისა და თეოფორად წარმოგვიდგინა. რაც მთავარია, ხიდჩატეხილობა არ მომსპარა და არც არასოდეს მოისპობა. უბრალოდ, დღეს მან  ასეთი სახე მიიღო. ფემინისტური აგრესიულობისგან ნამდვილად შორს ვარ, მაგრამ ავტორი სხვა გზას არ მიტოვებს, გარდა იმისა, რომ გავაკრიტიკო ევდემონი, რადგან თავად ბოლომდე ინარჩუნებს მის მიმართ თანაგრძნობას. უფრო მეტიც, მსხვერპლად წარმოაჩენს,  ზედაპირული, არაფრისგამღები, ე.წ. არისტოკრატიული სამყაროს მსხვერპლად, რომელიც გასრისა ამ ქალაქმა, სადაც ის 16 წლისა ჩამოვიდა და დასახლდა, გასრისა სულელურმა რელიგიურმა კლიშეებმა, საზოგადოებამ, რომელიც ბავშვობიდან ძერწავდა ამ ქალს სწორედ ასეთს.

რა უნდა ევდემონს, ამ  რელიგიური სურნელისა და ხავერდის მატარებელი სახელის ადამიანს თავისი საყვარელი ქალისგან,  ეს, ასე თუ ისე, გასაგებია. მაგრამ  რის თქმა სურს მწერალს ამ ორმხრივი სისასტიკის ჩვენებით, ეს, პირადად ჩემთვის, საიდუმლოდ დარჩა. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს  რომანის მხატვრულობის ხარისხს არანაირად არ ეხება. ასეთ მომენტებში ჩანს, რამდენად  ლაკონიურად  შეუძლია ავტორს, გადმოსცეს ეპოქის სქემა: ,,იგრძნო, რომ მის წინაშე უკვე მხოლოდ თეოფორა არ იდგა, არამედ რაღაც წრე, ან რამდენიმე წრე, რაღაც სოციალური სტრუქტურა... ქალაქი და არა ქალი.’’

უცნაურ განწყობებს აგნებს. მხოლოდ მისგან რომაა განცდილი და ემოციის ნაგლეჯიღა რომ აღწევს ჩვენამდე: ,,ბევრი შუქი, ბევრი ხმაური, უგემური საჭმელი და თეოფორას მდოგვისფერი ჯემპრი მოულოდნელად ზრდიდა თავისუფლების ხარისხს.’’

არის ლიტერატურულად და ადამიანურად, ცოტა არ იყოს, მდარე დეტალებიც: ,,ამ დროს ევდემონი თავის ჩანგალს დადებდა და თეოფორას ჩანგლით განაგრძობდა ჭამას. ოღონდ ჯერ აუცილებლად ცარიელს ჩაიდებდა პირში.’’ ან ეს: ,,თუ არა და ერთადერთი რამ დაგრჩება გასაცემი და ისიც ვადიანი საქონელია. ჩემთანაც ეს ერთადერთი მოიტანა, ჩემთვისაც არაფერი მოუცია მუტლის გარდა.“

მაგრამ იმავდროულად უკიდურესად რთული და მძიმედ საამბობ განცდათა მკითხველთან მოტანის ოსტატია,  ტრაგიზმის ირონიზირებას კი ალბათ ასე საინტერესოდ ვერავინ შეძლებს: ,,ევდემონი შუბლით მიეკრა თეოფორას ჯერ კიდევ თბილ ლოყას და მის გაცივებამდე არც უცოცხლია“.

საბადოა აფორიზმების, მართალია, ზოგჯერ მისი კალამი თუ კლავიატურა ანტიკურ ფილოსოფიას თუ ლიტერატურულ კონცეფციებს აცოცხლებს, მაგრამ ამ ავტორს მუდამ აქვს ხედვის საკუთარი რაკურსი, ეს კი ფუფუნება მკითხველისთვის. გამორჩეულია მისი პედანტური მიდგომა სტილის მიმართ,  ენა, სურვილი, დახვეწილი ხერხებით ამხილოს ყველა და ყველაფერი (ევდემონის გარდა :) ) შეინარჩუნოს ნატურალური ფაქტურა და მრავალი სხვა ნიუანსობრივი ღირსება, რაც ერთი წიგნისთვის საკმარისზე მეტი ამოცანაა და ნოდარ ლადარია ამ ამოცანას, ჩემი აზრით, თავს ართმევს და ქმნის ამბივალენტურ ტექსტს, სავსეს იმ დოზის ფსიქოლოგიზმით, ისეთი ახალი არომატებითა და შეგრძნებებით, როგორიც, ალბათ, ჩვენს მკითხველს აქამდე ნაკლებად უგემია.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE