იძულებითი მონანიებიდან ნებაყოფლობით სინანულამდე


იძულებითი მონანიებიდან ნებაყოფლობით სინანულამდე




(ლაშა ბუღაძის მხატვრულ-დოკუმენტური რომანი "პატარა ქვეყანა")

 

 

შეატყობთ თუ არა საყვარელ გმირს კერპადქცევის

საშიშროებას, ეგრევე აიღეთ ძალაყინი!

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო რისკის ჯგუფის ქვეყანაა და, არა მხოლოდ, ე.წ. პოლიტიკური კონტექსტით, არამედ - მენტალურითაც. საკმარისია, აქ რომელიმე კერპადქცეული ფიგურა არასათანადო ანტურაჟში ჩასვა (არათუ - გაეხუმრო და გაუთამამდე), ეგრევე აბორგდება "ფიგურის" ფან-კლუბი და, არ არის გამორიცხული - ან ტყვია მოგხვდეს, ან, უკეთეს შემთხვევაში - კვერცხი, თანაც, ლაყე.

ამ ხაზს თუ გავყვებით, ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველებს არ გვიყვარს შედარება, უფრო სწორად, შედარება კი გვიყვარს, მაგრამ - მკაცრად რეგლამენტირებულად. მხოლოდ "მსგავსის მსგავსთან" დაჯგუფების უფლება გვაქვს მონიჭებული - თუ რომელიმე პატივცემულ გვამს (პოზიტიური კონოტაციით) ვისმე, არცთუ ისე საყოველთაოდ აღიარებულ პირს შევადარებთ, ეგრევე მოზვავდება რიტორიკულ კითხვათა კასკადი - "მაგას ადარებ?!" რაც, ფაქტობრივად, ჩაქოლვის "მიკროსქემაა". არ უნდა გაგვიკვირდეს: ამ "ცუდი შედარებით" შეურაცხყოფას ვაყენებთ "პარნასზე შემოსმულ" ძვირფას ფიგურას. ამ ფაქტის ფსიქო-სოციალურ ანალიზს არ შევუდგები, გავიხსენე, როგორც კარგად ნაცნობი რეალობა და შედარებას მოვერიდები, როგორც სახიფათო და საჩოთირო საქმეს. ზოგადად კი ვიტყვი - ნებისმიერი ხელოვანი, ვინც ხელისუფლების ანდა რომელიმე მძლავრი ორგანიზაციის კრიტიკის ობიექტად იქცევა, თავისდაუნებურად დგება მათ რიგში, ვისაც ავნეს ანდა ვნების მცდელობა მაინც ჰქონდათ. არა აქვს მნიშვნელობა, რა დონის თუ ღირებულების ნაწარმოები შეიქმნა კლიშეებისა და სტერეოტიპების მსხვრევისას - ასეთი არტეფაქტები არანაკლებ "დაღს" ასვამენ მკაცრად "ნორმირებულ" საზოგადოებრივ ცნობიერებას, ისინი მის შერყევას ახერხებენ, შერყევა და შენჯღრევა კი აუცილებელია წინსვლისთვის.

მკითხველთა უმეტესობას ემახსოვრება, რომ წიგნის ავტორი (ლაშა ბუღაძე) წლების წინ, ლამის საყოველთაო აღშფოთებისა და დევნის ობიექტად იქცა მოთხრობის გამო, რომლის მთავარ გმირად გამოყვანილი იყო თამარ მეფის პირველი ქმარი, უბედურ რუსად წოდებული რუსი უფლისწული. მოთხრობის მთავარი სამიზნეც, ბუნებრივია, ის იყო, მაგრამ რაკი მასში გადმოცემული ამბავი უშუალოდ ეხებოდა  თამარ მეფეს, აწ უკვე კერპადქცეულ, თუმცა ყველასთვის საყვარელ ისტორიულ გმირს, ანუ მას, ვინც წმინდანთა დასის, სახოტბო ოდებისა და ლეგენდების გმირად ქცეულიყო, ე.წ. საჩოთირო ისტორიის მის გვერდით მოყოლაც კი დიდი აღშფოთების საგნად იქცა. სწორედ ეს მოთხრობა და მასთან დაკავშირებული ამბები იქცა ინსპირაციის წყაროდ რომანისა, სახელად "პატარა ქვეყანა". ეს არის მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ნიმუში, რომელშიც ახალგაზრდა მწერლისა და ახალგაზრდა სახელმწიფოს ზრდა-განვითარება უშუალო კორელაციაშია - ასე ვთქვათ, "პარალელური ბიოგრაფიებივით" მიმდინარეობს ახალგაზრდა მწერლისა და ახალგაზრდა სახელმწიფოს ზრდა-განვითარება.

ისიც უნდა ითქვას, რომ ქართულმა მწერლობამ 90-იანი წლებიდან დაიწყო კლიშეების ნგრევა, რაც სხვადასხვა ფორმით გამოიხატა, იქნებოდა ეს "საბჭოთა სოციალისტური რეალიზმიდან" მკვეთრად განსხვავებული, აწ უკვე დეიდოლოგიზებული მიმართულებები, რომელშიც თავისუფლების სუნთქვა ისმოდა, თუ იქნებოდა ეს თემატიკა და ლექსიკა. განსაკუთრებით ამ უკანასკნელით "იბრძოდა" ახალი თაობა, რათა მკაცრად მოჩარჩოებულ სამწერლო ენაში ლექსიკის ახალი ნაკადი ჩაეღვარა. რომანი ერთ-ერთ ასეთ ფაქტსაც აღწერს, კერძოდ, დათო ბარბაქაძის მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციას, სადაც იმ დროისთვის ახალგაზრდა და გაბედულმა პოეტმა ნეომოდერნის თუ პოსტმოდერნის ჟანრში დაწერილი მხატვრული ტექსტი სახეში მიახალა "აკადემიურ აუდიტორიას". რისხვას მწერლის მოკვლა არ მოჰყოლია, მაგრამ შფოთვამ და დრტვინვამ კი შეძრა ჩვენი "თეთრი ტაძრის" კედლები. სამაგიეროდ, ამ ფაქტმა იმ ადამიანთა "გულები გადახსნა", ვისთვისაც ჭაობად და გუბედ ქცეულიყო თითქმის ყველაფერი, რაც სუფრებსა და სადღეგრძელოებში გამოხატულ პატრიოტულ პათოსამდე იყო დაყვანილი. ეს დამყაყებული ჭაობი უნდა ამომშრალიყო და ვის უნდა ამოეშრო, მწერალთა და ხელოვანთა გარდა. როგორც თავის დროზე ბოლშევიკურმა სახელმწიფომ ამოიყენა მხარში კინო და ლიტერატურა, ისევე უნდა აეღო დიდი მისია იმპერიისგან გამოხსნილი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს დეიდოლოგიზაციისთვის მწერლობას და ხელოვნების სხვა დარგებს. სიტყვას უნდა დაენგრია ყველა კერპადქცეული, აწ უკვე ფსევდოფასეულობა, რაკი ისინი თავიანთ მთავარ ფუნქციას - ღირებულებით სტატუსს ვეღარ აკმაყოფილებდნენ და თაროებზე შემოდებულ, მტვერწაყრილ ნივთებს დამსგავსებოდნენ. ანდა გასაკვირი რა იყო - პირველი დიდი დარტყმა ილიამაც ენას მიაყენა, მაღალი შტილით გაქვავებულ ენას, რომელსაც სიცოცხლე და განახლება სჭირდებოდა. მისი ენაც სიბილწედ მოინათლა თავის დროზე, - ენის გაუბრალოებად და შეურაცხყოფად. ერთი-ორი სიტყვა აქვე მსურს დავუთმო აქ ნახსენებ სიტყვას - "შეურაცხყოფა" - თუ ადრე, მთელი უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში, ამ ლექსიკური ერთეულის შინაარსი თამაშობდა განსაკუთრებულ როლს, რაკი მთელი კოლონიზატორული ეპოქა ამ ნიშნით (შეურაცხყოფის მიყენებებით) ხასიათდებოდა - იქნებოდა ეს სახელმწიფოს გაუქმება, ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ჩამორთმევა, არისტოკრატიის მიწასთან გასწორება თუ ე.წ. დაბალი სოციალური ფენის გახრწნა-გადაგვარება,  იმპერიის დანგრევის შემდეგ ამ სიტყვამ შეიძინა სრულიად საპირისპირო, ამოყირავებული კონოტაცია, რომელსაც დაევალა თუ ჩამოეკიდა მთელი ის კვაზი-ფასეულობები, რეალურის ნაცვლად რომ შემოგვაჩეჩეს ხელთ. ამიტომაც ამ სიტყვის აქტიური გამოყენებით ცდილობდა და დღემდე ცდილობს თავის გატანას ყველა, ვისაც რიოში მარგალიტების ობოლ მარგალიტებად შემოსაღება განუზრახავს. ორი საუკუნის მანძილზე გადაგვარებულმა ფასეულობათა სისტემამ, უფრო ზუსტად, ამ ფსევდოფასეულობათა დამცველმა ელიტამ ეს სიტყვა ააფრიალა ბაირაღად და ცხვირში გვჩრის დღემდე, როგორც "ახალ აღთქმას" ანდა - სინას მთის იმპერატივებს.

რაღა დარჩენოდა ასეთი საშიში კერპების წინაშე მდგომ მწერალს, თუ არა - ეპატაჟი, ანუ ხელოვნების ყველაზე ხულიგნური ფორმა, რასაც მენტალური რევოლუციის ფუნქცია აკისრია. ეპატაჟის გარეშე ჩვენი მეტ-ნაკლებად სახეცვლილი საზოგადოება ის ვერ იქნებოდა, რაც დღეს არის და მის ცვლილებაში თითქმის ყველა თანამედროვე (ასე თუ ისე ცნობილ) მწერალს აქვს დადებული თითო აგური თუ არა, თითო კენჭი მაინც. მათ სახელებს და იმ არტეფაქტებთან დაკავშირებულ ისტორიებს აღარ გავიხსენებ, მხოლოდ შეგახსენებთ, რომ თითოეულ მათგანს სათითაოდ უწვნევია სილაქი (პირდაპირი გაგებით), თავში მუშტი ანდა "ზურგში დანა" თუ არა, კაი გვარიანი ლანძღვა-გინება ჩვენი "პატრიოტული" მედია-საშუალებებიდან თუ სქელტანიანი წიგნებიდან - რომელნიც "ამაოდ არ დამშვრალან" და თავიანთი მკითხველის გულებში, ვინ იცის, სამუდამოდ განუსაზღვრეს მათ ადგილი ასეთ "ერის მოღალატეებსა" და "ქრისტეს ფეხის მკვნეტელებს". ასე რომ, არც თანამედროვე მწერლის ცხოვრებაა დალხენილი ამ პატარა ქვეყანაში, - 30-იანი წლების ბოლოს კ. გამსახურდიას მიერ რომანის ლაიტმოტივად გამოტანილი ფორმულა - "ხელოვანის ბედი ტირანულ სახელმწიფოში" - ჩაანაცვლა "ხელოვანის ბედმა კვაზიდემოკრატიულ სახელმწიფოში". მაგრამ საიმედო ის არის, რომ კვაზიდემოკრატიას ეშაფოტებისა და ტყვიების აღმაფრენის ტალღა შენელებული აქვს, თუმცა ეს ცხოვრებისეული ლაიტმოტივი დღემდე, მეტ-ნაკლები დრამატიზმით გასდევს ჩვენს მწერლებსა და მწერლობას.

მოკლედ, 23 წლის ყმაწვილკაცი წერს მოთხრობას თემაზე, რომელსაც არა კაცი არ შეეხებოდა, რომ არა - პიროვნული და მწერლური გამბედაობა, ლამის, სითავხედეც. და მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობის მთავარი გმირი, სათაურიდან გამომდინარეც, "სუე უბედური" გიორგი-რუსი იყო ("პირველი რუსი"), ისეთი უჩვეულო ფორმით, ანუ  ტრადიციის სრული იგნორირებით მოგვაწოდა ამ საბედისწერო ისტორიის რამდენიმე ფურცელი, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მკითხველთა ერთ ნაწილში საშინელი მრისხანება გამოიწვია - იქნებოდა ეს "პატრიოტულად გულანთებული“: პარლამენტარი, საბრძოლო ხელოვნების ჯგუფი "ხმიადი" თუ, საბოლოოდ, სულაც, მართლმადიდებლური ეკლესია და მისი საპატრიარქო. ამ ხმაურმა, უნებურად, კარგი პიარიც გაუკეთა მოთხრობას, თუმცა ეკლესიამ ამ "საშიში და სამარცხვინო" ამბის "მოგვარება" განიზრახა - მწერალს შესთავაზა, საქვეყნოდ მოენანიებინა საკუთარი დანაშაული,  წინააღმდეგ შემთხვევაში, ანათემას გადასცემდა და მოიხსნიდა პასუხისმგებლობას მისი სულისა და ხორცის წინაშე. წიგნის მთელი სიუჟეტი მონანიება-არმონანიების წინაშე მდგარი ახალგაზრდა მწერლის სულიერ განსაცდელსა და იმ სოციალურ-კულტურულ პერიპეტიებზეა აგებული, რაც ამ ფაქტს მოჰყვა.

ალბათ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ სიტყვა "მონანიებას" განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა ყველასთვის ცნობილმა ერთმა ისტორიულმა ფაქტმა და, შეიძლება ითქვას, ერის ცნობიერებაც თითქოს ზედმეტად მგრძნობიარე და დამოკიდებული გახდა ამ მოვლენაზე. თითქოს ამ სიტყვის შინაარსში ჩაიდო სრულიად უნიკალური მენტალური მდგომარეობა, რის მიმართაც თითოეულ ადამიანს თავისი ინდივიდუალური განცდა გამოუმუშავდა. მონანიება, რომელიც, ფაქტობრივად, იყო ერთი კერძო ადამიანის ფიზიკური გადარჩენის წინაპირობა, უეცრად იქცა თითქმის მთელი ერის კოლექტიური ეთიკის მსაზღვრელად. მასა, როგორც წესი, ასეთ დროს ითხოვს თავისი კერპის მდგრადობას, კერპის სიკერპეს, მაგრამ ავიწყდება, რომ მისი სიყვარულის საგანი ხორციელი ადამიანია და, შესაძლოა, სიკვდილ-სიცოცხლის წინაშე დგომისას სიცოცხლე არჩიოს, მით უფრო, რომ მის არჩევანზე თითქმის არავის ბედი არ ჰკიდია, როდესაც ის არ არის სამხედრო წინამძღოლი თუ სტრატეგი, მაგრამ იგი მისი (ხალხის) ზნეობრივი გმირია - იქნება მწერალი თუ საზოგადო მოღვაწე - და ვალდებულია, მის (ხალხის) ემოციას აჰყვეს, დააკმაყოფილოს - არ შეირყეს, არ შედრკეს, თუ საჭიროა, შეეწიროს კიდეც. ეს საუკუნების მანძილზე ჩამოყალიბებული სქემაა, ე.წ. პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპიც არის, მაგრამ თანამედროვე სამყაროში, მით უფრო, იმ დროს, როდესაც ტოტალიტარიზმი დანგრეულია, ავტორიტარიზმს ვებრძვით და, ნაწილობრივ, ვამარცხებთ კიდეც, თითქოს აღარ უნდა ვთხოვდეთ ადამიანს, საფრთხეში ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ, რომ მასას თავისი კერპისადმი თაყვანისცემა არ გაუნელდეს, ანუ - მასას იმაზე მეტი მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე უნდა ვანიჭებდეთ. ახალი ადამიანი, ტოტალიტარიზმისგან თავდახსნილი, არ არის ვალდებული, მასის ცნობიერებაზე აეწყოს, პირიქით, აუცილებელიც კი არის მასისგან დიფერენცირება, ეს გაცილებით ზნეობრივი და, ინტელექტუალური თვალსაზრისით, აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯია, - ის, ვინც კერპებს ამსხვრევს, თავის თავში უნდა შეძლოს მასის დიქტატის დამარცხებაც. ვერ ვიტყვით, რომანში ასე პირდაპირ იყოს ეს ხაზი მოწოდებული, მაგრამ ქვეტექსტებში, ანუ მწერლის განცდებში, მისი ამოკითხვა შესაძლებელია.

ერთი შეხედვით, არც ისე დრამატულ ფაქტს, მონანიებას, ადამიანის გადარჩენა შეუძლია, მაგრამ იგი მხოლოდ გარეშე პირთათვის არის უვნებელი და მსუბუქი ნაბიჯი, თავად ადამიანისთვის კი, ვისაც არაფერი აქვს მოსანანიებელი (ყოველ შემთხვევაში, მას ასე მიაჩნია), ამ ნაბიჯს შეუძლია, საკუთარი თავისადმი რწმენა შეურყიოს, მენტალური რევოლუცია გამოიწვიოს, ოღონდ ეს რევოლუცია წინსვლისთვის კი არა, უკუსვლისთვის იქნება განწირული. ამ შემთხვევაში მწერალს საკუთარ ღირსებასა და შინაგან რწმენაზე მოუწევს უარის თქმა, ამიტომაც არის ეს, ფაქტობრივად, სინდისზე უარის თქმა. მაგრამ რამდენად საშიში და აუტანელია ის მუქარები, დაბარებები, დამუნათებები, სატელეფონო ზარები თუ სახლში გამოკეტვის იძულებითი ნაბიჯები, შესანიშნავად არის გადმოცემული რომანში.

 

ეკლესია და ქართველი მწერალი

 

30-35 წლის წინათ ვინმეს რომ ეთქვა, ეკლესია ისე გაძლიერდება, თავად დაუწესებს საზოგადოებას ქცევის წესებს, მწერლებსა და მხატვრებს - გამოხატვის ფორმებზე დაუწყებს დავას, და ის იქნება ყველგან, არა მხოლოდ ტაძრებსა და მონასტრებში, არამედ - ყველგან, სახელმწიფო სამსახურებში, მედიაში, შოუებზე, მშენებლობებზე... ყველგან, ყველგან... მმართველი პარტია გაუქმებულად გამოცხადდება და ნელ-ნელა მთელ მის საზოგადოებრივ ფუნქციას ეს ოდინდელი ინსტიტუცია აიღებს თავის თავზე და "შესანიშნავად" გაართმევს თავსო, ნამდვილად არავინ დაიჯერებდა, თუმცა, ცოტა უფრო შორსმჭვრეტელსა და დაკვირვებულ ადამიანს არ გაუჭირდებოდა ამ სამომავლო კონტურების შემჩნევა. ჯერ კიდევ საბჭოთა დიქტატურისას, სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ცნობილი ჰაგიოგრაფიული ტექსტის გავლისას, ქართულის მასწავლებელი თუ პატრიოტულად გულანთებული მოწაფე შენატროდა დროს, როდესაც თავისი პიროვნული სიმტკიცითა და ეკლესიის ავტორიტეტის ძლიერების წყალობით ქართველ საეკლესიო მოღვაწეს შეეძლო, საკუთარი თავისთვის უფლება მიეცა, საყვარელი ქალი წაერთმია მეფისთვის, საეკლესიო წესდება დაერღვია და თავისი ნებისაებრ დაესვა ტახტზე კათალიკოსი - კვლავაც, საერო იერარქიაზე ზემოქმედების დემონსტრირებით. იმ დროს ქართულის მასწავლებელსა და პიროვნებად ჩამოყალიბების გზაზე მდგარ მოწაფეს ეამაყებოდათ სასულიერო ფენის, ანდა ერის სულიერი მოძღვრის პრივილეგია თავნება მმართველებზე, იმ დროისათვის სხვა განცდებს აღძრავდა შეზღუდულ-პატივაყრილი ეკლესიის სახელოვან წარსულთან შეხება. სხვა იყო ისტორია და სხვა - მათი თანამედროვე, სულიერებისგან დაცლილი, დიქტატორული რეჟიმის სახელმწიფო. ჰაგიოგრაფიის გმირი, შემდგომში წმინდანი ერისკაცთა ზნეობასა და ეკლესიის ძლიერებაზე ზრუნავდა, სანაცვლოდ, დალაგებული და მოწესრიგებული, დიპლომატიურად გამართული ურთიერთობა ჰქონდა საერო ხელისუფლებასთან. 30-35 წლის წინათ ეკლესიის დაკარგულ პრივილეგიას შენატროდა თითქმის ყველა საღად მოაზროვნე ქართველი. გავიდა წლები და ეკლესიის ზღუდეების გაფართოებამ ადამიანის უფლებებს, თანამედროვე სახელმწიფოს პრინციპებს, დემოკრატიასა და ლიბერალურ ღირებულებებს შეუქმნა საფრთხე. ერთი უკიდურესობიდან მეორეში - ერთპარტიული დიქტატურიდან უნიფიცირებული რელიგიური დიქტატის წინაშე აღმოვჩნდით. ისტორიული გამოცდილება სახიფათოდ და საბედისწეროდ შეეჯახა თანამედროვე სახელმწიფოს პრინციპებს. ეკლესიის ფრთის ქვეშ შეფარებულმა ყოფილმა პარტიულმა ნომენკლატურამ და სახელოვნებო ელიტამ თავად შექმნა ახალი, მოდერნიზებული ინსტიტუტი, რომელმაც მათი დახმარებით რეიტინგის ზღვარს და საზოგადოებაზე უკიდეგანო გავლენას მიაღწია. ამ ეკლესიას შეფარებულმა სამეცნიერო და სახელოვნებო ელიტამ აიღო ე.წ. ეროვნულ-პატრიოტული და სულიერი პრიორიტეტების მართვის ფუნქცია, რამაც ერთგვარ კულტურულ ავტორიტარიზმს  მისცა დასაბამი. ამ წრიდან დაიწყო ფსევდოკულტურული შეტევები ნებისმიერ მოვლენაზე, რაშიც ე.წ. არატრადიციულსა თუ "ანტიეროვნულს" შენიშნავდნენ. მწერალს ეკრძალებოდა უცენზურო (ანუ აქამდე მიმოქცევაში არმყოფი) ლექსიკის გამოყენება, წმინდანების ჩასმა არატრადიციულ გარემოში, მხატვარს -  ამგვარი ნახატის შექმნა და ა.შ. ამიტომაც ლაშა ბუღაძის სატირული მოთხრობა გიორგი რუსისა და თამარის შესახებ, სადაც შეურაცხყოფას კი არ აყენებდა წმინდან მეფეს, არამედ, არ ჩანდა კლიშედქცეული პიეტეტი კარგა ხნის წინათ კერპადქცეული მეფე-ქალისადმი, უპირველესად, "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე" მდგომი პერსონების "აღშფოთების" საგნად იქცა, ნელ-ნელა კი ქრისტიანი მრევლიც შეიმატა.

რომანი იწყება მწერლის დაბარებით საპატრიარქოში, სადაც დილემის წინაშე აყენებენ მას - ან საჯაროდ მოინანიებს თავის მოთხრობას, ანდა ეკლესია განკვეთს, ანათემას გადასცემს. ეკლესიასთან ურთიერთობისას ერთმანეთში ირევა შედარებით მოაზროვნე და ლიბერალი მეუფეების, რიგითი, ჩვეულებრივი მღვდლებისა თუ მოძველბიჭო, კრიმინალური წარსულის, ახლა კი ეკლესიას მიტმასნილი სუბიექტების სახეები. ყველა მათგანი ეკლესიას წარმოადგენს, მაგრამ, ისევე მრავალფეროვნად, როგორც საერო ფენა - ისიც სიჭრელით გამოირჩევა, თუმცა ეკლესია გაცილებით მონოლითური და ერთიანია. ახალგაზრდა მწერალს, რომელიც თავისი ხასიათის თუ ასაკობრივი მდგომარეობის გამო ჯერ კიდევ ორგანულად არის დაკავშირებული მშობლებთან, ცოცხალ წინაპრებთან, მცირეწლოვან დასთანაც კი, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მამის თანხლებით უწევს სიარული საპატრიარქოში. მამა ცდილობს, ეგებ, საკუთარი ბიოგრაფიის (სტუდენტობის დროს სტიქაროსნობის) შეხსენებით იხსნას შვილი ეკლესიის რისხვისგან, მაგრამ ისიც "დისკრიმინაციის მსხვერპლი" ხდება - საქვეყნოდ განთქმულ მხატვარს პატარა ბავშვივით "უწევს ყურს" ერის სულიერი მამა - "ვერ გაგიზრდია შვილი კარგად".

მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ბუღაძე მისთვის ჩვეული იუმორით, უკიდურესი სარკაზმითა და თვითირონიით აღწერს თავის ერთ-ერთ, ალბათ, ყველაზე უფრო დრამატულ და მძიმე ავტობიოგრაფიულ ისტორიას, მკითხველი გრძნობს, რამდენად რთული გზის გავლა მოუხდა არა მხოლოდ მწერალს, მთელ მის ოჯახს და  მეგობრებს, არამედ, მთელ ერს, მის პროგრესულად მოაზროვნე ნაწილს, რათა რეტროგრადიზმისა და ყალბი ფასეულობების წინააღმდეგ ებრძოლა. თუმცა, რომანის ღირსება მხოლოდ ერთი კონკრეტული მწერლის პირადი გამოცდილების დემონსტრირება კი არა, მთელი ჩვენი უახლესი ისტორიის სრული სიცხადით წარმოდგენაა - მწერალი ლამის მემატიანეა, რომელიც მოვლენათა ეპიცენტრიდან გველაპარაკება, რომელიც საკუთარი აქტივობის წყალობით იქცა ყველა მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტის მოწმედ და მონაწილედ. საინტერესოა, რომ ერთი თანამედროვე, მაგრამ სრულიად არაორდინალური მოთხრობის ავტორობამ მის ბიოგრაფიაში აამოქმედა ისეთი საბედისწერო კოდები, რომელთაც ამ რომანამდე მიიყვანეს იგი - მონანიების დაძალებიდან ნებაყოფლობით და, ჭეშმარიტად ამაღლებულ "მონანიებამდე".

ალბათ, არ იქნება სადავო, თუ ვიტყვით, ვერცერთი მაშინდელი სასულიერო აქტივისტი თუ პოლიტიკური ლიდერი ვერ წარმოიდგენდა, როგორი ტრანსფორმაცია შეიძლება განიცადოს რეალურმა მოვლენებმა მწერლის შინაგან სამყაროში, როგორ სახეებად თუ მეტაფორებად გარდაიქმნებიან ფაქტები და მოვლენები. ვერცერთი მაშინდელი სასულიერო იერარქი ვერ იფიქრებდა თუ იოცნებებდა, რომ გავიდოდა საკმაო დრო, დაახლოებით, 15 წელი და ეს "მკრეხელი" და ანათემისთვის განწირული ახალგაზრდა მწერალი დაწერდა ვრცელ რომანს, სადაც მონანიების ყველაზე მშვენიერ ფორმას, მათთვის ვერდასიზმრებულ ვერსიას შექმნიდა. რომანი ისეთი ამაღლებული აკორდით მთავრდება, იმდენად წრფელი და ამაღელვებელია ამ "ცუდად აღზრდილი შვილის" გაცნობიერებული "უძღებობა", რომ დრო, რომელიც ვრცელი რომანის გასაცნობად უნდა გაწიროს მკითხველმა, სიხარულით ივსება და ღაღადს იწყებს. დრო აღნიშნულია, მწერალი - ცოცხალი!

 

* * *

წიგნზე უფრო სრულყოფილი აზრის შესაქმნელად მხოლოდ ზოგად ჩამონათვალს შემოგთავაზებთ - იგი გვახსენებს თითქმის ყველა მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს, რომელმაც თავი იჩინა 80-90-იანი წლებიდან დღემდე. რომანში შეხვდებით ჩვენი თანამედროვე რეალური პირების საინტერესო მხატვრულ გარდასახვებს, მწერლური ოსტატობითა და ასევე მწერლური პატიოსნებით, ანუ მიუკერძოებლად (რამდენადაც ეს შესაძლებელია) დახატულ სახეებს, შესაბამისად, დრამატული ამბები სევდას კი მოგგვრით, მაგრამ თითქმის არასოდეს დაგტოვებთ სევდასთან მარტო, რადგან იუმორის, სარკაზმის, თვითირონიის ოსტატობა გიხსნით ამ აუტანელი მდგომარეობიდან. რომ არა ამ მხატვრული ხერხებით გაფერადება საკუთარი ბიოგრაფიისა თუ ქვეყნის უახლესი ისტორიისა, ვინ იცის, მიგვეღო ჩამჟავებული და დამთრგუნველი დრამა, რომელიც ვერაფრით მიესადაგებოდა, ასე თუ ისე, დემოკრატიის გზაზე შემდგარი ქვეყნის სამოქალაქო სულისკვეთებას. ამდენად, ლაშა ბუღაძის მიერ მისთვის ჩვეულ სტილში დაწერილი, საკმაოდ დიდი მოცულობის ტექსტის წაკითხვა სასიამოვნო და იოლია, სიიოლე კი ჩვენი დროის ყველაზე მოთხოვნადი "საქონელია", მისი წყალობით წიგნი უფრო მეტ მკითხველსაც შეიძენს.

დაბოლოს, ტექსტის ერთ ღირსებაზეც მინდა ყურადღების გამახვილება - მიუხედავად იმისა, რომ იოლად იკითხება, საინტერესო ამბებით არის სავსე და, წესით, არ უნდა მოგბეზრდეთ, რომანს კიდევ აქვს მთავარი "კოზირი" - ფინალის კულმინაცია, მოულოდნელობის ეფექტი. მკითხველს ვურჩევ, ამ სიამოვნების მისაღებად წაიკითხოს სწრაფად, ამოსუნთქვის გარეშე.

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE