ნინი ელიაშვილის დიდი ამოსუნთქვა


ნინი ელიაშვილის დიდი ამოსუნთქვა




„კაპპას“ ზურგჩანთა, ყურსასმენი და გადახოტრილი თავი. ნეტა რას უსმენს, ან რა აწყვია ამ გოგოს ზურგჩანთაში... აი, ისეთი გოგოა, „ნეტფლიქსის“, „ეიჩბიოუს“ ან „ემტივის“ ახალგაზრდული შოუების პერსონაჟები რომ არიან - ზოგჯერ მეამბოხეები თუ საშიშები, ზოგჯერ მარტოსულები ან შეგუებულები და ზოგჯერ „ძაან კაი“ ტიპები, უფრო „კაი ტიპები“ და მებრძოლები. დღეს ყურსასმენში როკი ისმის, სხვა დროსაც; „კაპპას“ ზურგჩანთაში კი ამჯერად გივი გეგეჭკორის და ნიკო სამადაშვილის ლექსების წიგნებია. „ეს გივი გეგეჭკორის ერთ-ერთი საუკეთესო კრებულია, ერთ ლარად ვიყიდე თავისუფლებაზე“, – მეუბნება პოეტი ნინი ელიაშვილი. – „ჩანთაში სულ მიდევს რაღაც წიგნი, რომელსაც ვკითხულობ, გზაში ან სადმე, სახლშიც“.

ნინი ელიაშვილმა ახლახან დაამთავრა ილიას უნივერსიტეტი ლიტერატურათმცოდნეობის სპეციალობით. რამდენიმე კვირაა, რაც მუშაობს ერთ-ერთი კომპანიის მერჩენდაიზერად. დილით დგება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალაქის სხვადასხვა უბანში მიდის და ამოწმებს ამ კომპანიის პროდუქცია როგორ ალაგია მაღაზიების დახლებზე - ასწორებს, ცვლის, ამატებს. ამ გრძელ გზებზე უსმენს მუსიკას, კითხულობს ლექსებს და ხანდახან წერს. არა, უფრო სწორად, ადრე წერდა და კითხულობდა, ახლა მხოლოდ იღლება. თუმცა იცის, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება, რაღაც შეიცვლება, რადგან „არ მგონია, რომ ოდესმე თავი დავანებო ლექსის წერას. ყველაფერი შემიძლია ვაქციო ლექსის მასალად, ყველაფერი! მგონია, რომ გამიმართლებს ცხოვრებაში და როგორც მე მინდა, ყველაფერი ისე იქნება!“

ორნაირი ლაპარაკი გამოგვივიდა - პირისპირ და მესენჯერით. ნინის ფეისბუკქრონიკაზე ბევრი ლექსია, მისი და სხვებისაც, უფრო სხვების. Nini Eliashvili (ხოტორთუხუცესი) - ასეთია ფეისბუკში და პირველად „ხოტორთუხუცესობაზე“ ვკითხე.

მესენჯერიდან: "სამი წელია, ასე ვატარებ თმას, მანამდე, უბრალოდ მოკლედ შევიჭერი. მერე ზღვაზე ვიყავი და რატომღაც გადავწყვიტე გადახოტვრა. მგონი, "ვენდეტა" მქონდა ახალი ნანახი და ძალიან მომწონდა პორტმანი :))) იმის მერე აღარ ვიზრდი. თან ახლა უკვე ჩვეულებრივი ამბავია. კარგა ხანი ისე იყო ხოლმე, ვიხოტრავდი და უკეთ ვხდებოდი. ეს ამბავი თვეში ერთხელაა და უკვე აღარაფერია. ვერც ვხვდები, სხვანაირად როგორ უნდა ვიყო, დიდად არ ვაქცევ ყურადღებას ამ გარეგნულ მხარეებს, მაგრამ ჩემი სიხოტორავე მგონია, ძალიან მნიშვნელოვნად გამომხატავს:)))".

ნაწყვეტი ნინის ლექსიდან: „ვერც ვარსკვლავები ამოკრიფეს შენი ლოცვიდან.

კიდეც გიკბინა შემპარავად მან, ვინც გკოცნიდა.

კვდები. არ ნანობ და უფრო დიდ სიკვდილს დაეძებ.

წერ, როგორც წერილს, საკუთარ თავს, სხვისი სახელით.

წერ, როგორც წყალზე, როგორც ცეცხლზე, როგორც ჰაერზე.

წერ მშვიდად, რადგან ვერასოდეს ვერ გაგამხელენ“.

 

„დაბერებული ლექსები ღმერთებზე და სიყვარულებზე“

 

15 წლის იყო, წერა რომ დაიწყო. ქართულის მასწავლებელმა მთელ კლასს დაავალა ლექსის დაწერა. ეს რამდენჯერმე განმეორდა. მოეწონა. დაიწყო და სულ წერს. განსაკუთრებული უნარები არ მქონია, აი, რომ ამბობენ, ხუთი წლიდან ვწერდი და ორი წლისა უკვე ვრითმავდი, ასეთი არაფერი ყოფილაო, ამბობს. პირველი წიგნიც აქვს, ოღონდ საგულდაგულოდ მალავს. სკოლაში სწავლობდა, ისევ დავალება ჰქონდათ, ბიზნესიდეები უნდა მოეფიქრებინათ და კლასელებმა მისი წიგნის გამოცემა მოიფიქრეს. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა კი იყიდეს, მაგრამ დიდი ბიზნესი მაინც არ გამოვიდა, წიგნების ნაწილი მას დარჩა.

„ძველი ლექსები საერთოდ გადავყარე, უხერხულობა მაქვს ხოლმე ჩემს ნაწერებთან, შეიძლება ჩემს თავსაც ვერ ვუყურო ზოგჯერ. გულუბრყვილო რაღაცები იყო. არის მომენტი, როცა ზუსტად ვხვდები, სად ვიჭედები, მაგრამ ვერაფერს ვშველი, ვერ ვუკეთებ ვერაფერს. ბევრი ლექსი მაქვს დაწერილი, მაგრამ რაც ვარგა, ბევრი არ გამოვა. ყოფილა ლექსები, რომლებსაც უშველია, შეიძლება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე მომენტში დამიწერია და უშველია. ეს ძვირფასია ჩემთვის, ასევე ძვირფასია ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანზე დაწერილი ლექსები, შეიძლება, თვითონ ლექსი ლექსად არაფერი იყოს, მაგრამ მაინც მიყვარდეს. შეიძლება ითქვას, რომ მკაცრად ვაფასებ ჩემს თავს. ყოველ შემთხვევაში, ბევრს ვუკირკიტებ ამ ლექსებს, ანუ მთლიანად აქ ვარ, პოეზიაში. სხვა რაღაცები უბრალო მოვალეობები მგონია. შემიძლია, ბევრი ვუარო გარშემო ამ ლექსებს, ხანდახან ზედმეტადაც და ვფიქრობ, უნდა ვისუნთქო... ვისუნთქო ჩვეულებრივად“.

ერთ დღეს შაკო ბაკურაძემ შოთა იათაშვილს გააცნო, უთხრა, მოგეწონება ნინის ლექსებიო. გაუგზავნა ლექსები და შოთამ დაბეჭდა. რაღაც შეასწორა კიდეც, ოღონდ ისეთი არაფერი. პირველივე გაგზავნაზე დაუბეჭდა ათამდე ლექსი, 2016 წელს. მერე „არილშიც“ დაიბეჭდა და „ლიტერატურულ გაზეთშიც“. უფრო „ახალ საუნჯეში“ იბეჭდება ხოლმე. პოეზიის საღამოც ჰქონდა. ძირითადად ჩემი მეგობრები იყვნენ და მაგრად გაუმართლათ, 20 ლექსი რომ შევარჩიე წასაკითხად და მეტი არა, სულმოუთქმელად და თავაუწევლად ვკითხულობდი 35 წუთიო. წერს ყველგან - ქუჩაში, ტრანსპორტში, ლექციაზე, უფრო სახლში. წერს ბლოკნოტში, ტელეფონში, უფრო ლეპტოპში. კითხულობს მისთვის საინტერესო ავტორებს, უფრო პოეზიას. ჩანთაში სულ აქვს წიგნები, ახლა - გივი გეგეჭკორი და ნიკო სამადაშვილი.

„როცა ჩემი ლექსები გამოვიტანე, კომპლექსი არ მქონია, არც პოეტებთან ურთიერთობას მოვრიდებივარ. ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანი ავტორია, თითქმის ყველასთან მაქვს ურთიერთობა. ჩემზე უფროს პოეტებთან ვმეგობრობ. ეს ძალიან მეხმარება. არის რამდენიმე ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, გაუსწორებიათ კიდეც რაღაცები, ერთად გვიმუშავია ლექსზე, რომელიც ძვირფასი იყო და მაინტერესებდა. არ მიფიქრია იმაზე, თუ რომელი თაობის ადამიანი ვარ. ერთნაირად შეიძლება მომწონდეს ჩემი თაობის პოეტების ლექსებიც, ძველიც და კიდევ უფრო ძველიც. ადვილად ვიმახსოვრებ ლექსს, რაღაც განწყობაზე რომ ვარ, სულ ვიღაცის ფრაზები მახსენდება ხოლმე. არასოდეს არავისგან არაფერი არ გადმომიწერია, მაგრამ ზოგჯერ ვექცეოდი გავლენის ქვეშ. წავიკითხავდი ლექსს და თუ მომეწონებოდა, მერე რაღაც მომყვებოდა მისი - ან მუსიკა, ან ხმა, სტილი. გამოვედი ამ გავლენებისგან“.

მისი აზრით, მკითხველი ყოველთვის ხვდება, რა არის ნამდვილი და გულიდან წამოსული. სწორედ ასეთ ლექსებს მოჰყოლია დიდი გამოხმაურება. ძირითადად ფეისბუკზე აქვეყნებს ხოლმე. ამბობს, რომ არ კითხულობენ სხვაგან, ლიტერატურულ ჟურნალებსაც არ კითხულობს ბევრი და საერთოდაც, აქ უმეტესობა ისევ ტელევიზორს უყურებს. შარშანაც უნდოდა წიგნის გამოცემა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, არ უნდა, ისეთი გამოვიდეს, რომ მერე აღარ მოეწონოს. თუ იარსებებს, კარგი უნდა იყოს. ასე ამბობს, „იარსებებს“. მისთვის ყველაზე სრულყოფილი კონვენციური ლექსია. ფიქრობს, რომ მისი სტილი მოძველებულია, რადგან წერს „დაბერებულ ლექსებს ღმერთებზე და სიყვარულებზე“. თუ კარგად არ მოუსმენ, შეიძლება, გამოგეპაროს, სად ხუმრობს, სად არის ძალიან გულწრფელი ან, სულაც, მკაცრად თვითირონიული.

„ჩემთვის რთული დასაწერია ვერლიბრი. კონვენციურში თავისით მოდის რიტმი, რითმა, მუსიკა, თავისთავად მოჰყვება ხოლმე ხელს, ვერლიბრი რთულია. თითქმის აღარ წერენ კონვენციურ ლექსებს, მით უმეტეს, სიყვარულებზე და ღმერთებზე, შიგნით ამბებზე - ადამიანურ, შიგნით ამბებზე. არ ვიცი, რომელი სჯობს ან რომელი უნდა იყოს. ორივე იყოს, რა პრობლემაა. მე არავისთან არ მაქვს პრეტენზია, „ყველა იყოს თავისთვის“, „სახლში რაც უნდა, ის წერონ, კაცო“. ჩემი თაობის ავტორებთან უფრო არ მაქვს ურთიერთობა. არ მომწონს ხოლმე ეს ეპატაჟური რაღაცები, ჩემში არ არის ასეთი რამ, ამით ვერ წავაკითხებ ხალხს თავს. ბევრს ის უფრო მოსწონს და არა ჩემი დაბერებული ლექსები. ის ცუდი კი არ არის, არა. როცა ლექსს წერს, უკვე კარგია, ჰო? დიდი სინაზეა ჩემთვის, ადამიანი რომ თავის გრძნობებზე წერს, მიდის მაგიდასთან, ჯდება და წერს. წიგნის გამოცემა კი გადავიფიქრე, მაგრამ შეიძლება, ისევ მოვიფიქრო და წლის ბოლოსკენ გავაკეთო. ისე, საჭიროა საერთოდ? რა საჭიროა, მით უმეტეს, როცა ორჭოფობ და არ იცი, ღირს თუ არა. ჯერ ვფიქრობ“.

მესენჯერიდან: "ბევრს ვფიქრობ, კი. თითქმის სულ და ხან მგონია, უფრო მეტს ფიქრით ვცხოვრობ. სადაც არ უნდა ვიყო, იქიდან წამოსვლაზე ვფიქრობ ხოლმე და სულ იმას ვფიქრობ, რა გზით წავალ :). ისე გამოდის, რასაც ვაკეთებ, მერე იმაზე ვფიქრობ, როგორ შეიძლებოდა გამეკეთებინა. ფეხით სიარული მიყვარს და ყველაზე კარგად მაშინ გამომდის, ყველაზე სასიამოვნო მაშინაა, კადრებიც რომ იცვლება და უფრო მსუბუქდება ყველაფერი".

 ნაწყვეტი ნინის ლექსიდან: „ჩემ გარეთაა ყველაფერი, რაც ჩემზე იცი.

არც მიფიქრია, ამის მეტი რამე გცოდნოდა.

მე გავიქეცი სახლიდან და სამეგობროდან.

პირნათლად ვიხდი ამ გაქცევის ტკივილს და სირცხვილს.

ჩემ გარეთაა ყველაფერი, რაც ჩემზე იცი“.

 

„სტიმულატორ და ყოველდღიურ“ ადამიანებზე

 

მეხუთე წელია, თბილისში ცხოვრობს. ილიაუნის შემდეგ მუშაობის დაწყება უნდოდა. ბევრ გასაუბრებაზე იყო, ყველგან გამოცდილება იყო საჭირო. ბოლოს მეგობარმა უთხრა, რომ მასთან მერჩენდაიზერის ადგილი იყო. მივიდა, აიყვანეს. კიდევ გერმანულს სწავლობს. უნდა, რამდენიმე ხნით გერმანიაში წავიდეს. გული კი ეთანაღრება, მაგრამ იცის, რომ ბოლომდე უნდა მიიყვანოს განათლების საქმე. გადაბმულად არასოდეს უმუშავია, სტუდენტობის დროს ზოგჯერ სარეკლამო კომპანიებში საქმდებოდა - ნივთებს ამზადებდა და აქციებში მონაწილეობდა. ახლა მუშაობს, მთელ ქალაქში დადის და იღლება. და კიდევ, ისევ გადაეყარა იმ ხალხს, ვისაც ლექსი საერთოდ არ აინტერესებს.

„რაც ვმუშაობ, ლექსისთვის არ შემიხედავს, ვიღლები. დიდი ხანი არ არის, რაც დავიწყე და ჯერ ვწუწუნებ. უნდა შევეგუო, იქნება კარგი რაღაც გამოვიდეს. იქ არიან ადამიანები, ვისთვისაც საერთოდ არაფერია პოეზია. აღარ მყავდა ასეთი გარშემო. მქონდა ჩემი პატარა სივრცე, რომელიც იყო საინტერესო და ვცოცხლდებოდი. საერთოდ კაცთმოყვარე ადამიანი ვარ, მაგრამ ახლა სადაც ვარ, იქ პოეტური არაფერია, ძალიან პროზაულად მიდის ცხოვრება. ცოტა ხანში, ალბათ, აზრზე მოვალ, რაღაც შეიცვლება, დავისვენებ. აქამდე მეგონა, რომ უძილობა მჭირდა, სულ ტრაგედიებში ვიყავი, შეიძლება რაღაც უფსკრულთან მივსულიყავი. ღამით თუ გაგეღვიძება, კარგზე არაფერზე გეფიქრება, ღამით ხომ ყველაფერი გამოუვალი ჩანს. ახლა ოდნავ რომ შებინდდება, უკვე მეძინება. დავდივარ სამსახურში და მძინავს. განვიკურნე“.

ადრე უნდოდა, რომ უნივერსიტეტში ლიტერატურის განხრით ემუშავა. ახლა არც კი ვიცი, რას ვიზამ, მარტივად ვიფანტებიო. ყველაზე მეტად მაინც უნდა, რომ ლექსებს წერდეს, სულ წერდეს ლექსებს! ჰო, კიდევ უნდა, თავისი პატარა რესტორანი ჰქონდეს და შეფ-მზარეული იყოს. თვითონ იგონებდეს რეცეპტებს, ამზადებდეს და მერე ყიდდეს. „ეს რომ შევძლო, მეტს არც დავაძალებდი ჩემს თავს. შეფ-მზარეული ვიქნებოდი და პოეტებს მოვუძახებდი ხოლმე ჩემს რესტორანში“. კარგადაა, როცა არავინ არაფერს ეკითხება, არ უთითებენ, არც რამეში ჩართვა მოსწონს და არც აქტიურობა.

„თავიდან კარგი სტუდენტი არ ვიყავი. სკოლის მერე უცებ თავისუფალი გავხდი, როცა მინდოდა, მივიდოდი, როცა მინდოდა, წამოვიდოდი. დავიწყე ლექციების გაცდენა. მერე მივხვდი, რომ უნდა დამემთავრებინა უნივერსიტეტი. რახან დავიწყე, უნდა დამემთავრებინა. დავიწყე მართლა სწავლა და შემიყვარდა... ანტიკური ლიტერატურა. ძალიან კარგი ლექტორები მყავდა - ლევან გიგინეიშვილი, გიორგი მაისურაძე, ლევან ბერძენიშვილი ლაშა ბუღაძე. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ლიტერატურა არის ანტიკური ლიტერატურა. ძალიან საინტერესო იყო ეს ლექციები. სიამოვნებით ვესწრებოდი ხოლმე, ვალდებულებაც კი არ იყო. საერთოდ, ჩავაბარე იმაზე, რაც მიყვარდა - ლიტერატურა. მაძლევდნენ წიგნებს წასაკითხად და ვკითხულობდი“.

ფიქრობს, რომ 90-იანელები ბევრად კარგები არიან, ვიდრე წინა თაობა, 2000-იანელები კიდევ უკეთესი. არ მოსწონს სხვის ცხოვრებაზე კონცეტრირებული და გაავებული ხალხი. მისი აზრით, უფრო და უფრო ლაღი თაობა მოდის. თვითონ კი არჩევანი რომ ჰქონდეს, არც სხვა ქვეყანაში დაიბადებოდა და არც სხვა დროში, მიუხედავად იმისა,რომ დიდი შესაძლებლობები ამ ქვეყანაში ჯერ არ ჩანს. თუმცა მოსწონს ის, რაც დროს მოაქვს. მაგალითად, კომუნიკაციის ახალი საშუალებები, თუნდაც მესენჯერი და ფეისბუკი, ლექსებით ან მწვანედ ანთებული მეგობრებით. თავს არ აძალებს უსიამოვნო ხალხთან ურთიერთობას. ჰყავს თავისი „ყოველდღიური“ ადამიანები და მხოლოდ მათთან არის ბედნიერი. მის ცხოვრებაში სულ იყვნენ კონკრეტული ტიპები, ადამიანი-სტიმულატორები. სხვადასხვა ეტაპზე - სხვადასხვა, ვინც ანჯღრევდა, ვინც მიმართულებას უცვლიდა. სწორედ მათ გამო ხდებოდა უკეთესი ან უარესი.

„შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ჩემთვის სულერთია ბევრი რამ, თითქოს ეგრე ჩანს. ასე არ არის. ჩემგან რასაც მოელიან, ზუსტად იმას ვაკეთებ: კარგს მოელიან? - კარგს; ცუდს მოელიან? - ცუდს. არავის არ ვაოცებ არასდროს. თუ მეტყვიან, ცუდი ხარო, შემიძლია, ვიყო უარესიც, ვინც ჩემით აღფრთოვანდება ხოლმე, იმას იმედს არ ვუცრუებ. შეიძლება, ეს ორივე თამაშია, არ ვიცი, კარგი თუ ცუდი, უბრალოდ, ასე ხდება ხოლმე, ამას გააზრებულად არ ვაკეთებ. ეს ადამიანები საჭირო დროს მოდიოდნენ და მერე მიდიოდნენ. ხანდახან ვფიქრობ, რომ ძალიან მიფრთხილდება ღმერთი, ზრუნავს ჩემზე, არ მიმეტებს. რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ცუდიც და კარგიც, რაღაცისთვის მოხდა, თუნდაც იმისთვის, რომ საითკენმე წავსულიყავი, რაღაც მეკეთებინა. რაც მდომებია გულით, ყველაფერი გამომსვლია, როცა ვერაფერს ვმატებ ჩემს თავს, ეს მჭამს ხოლმე შიგნიდან. არა, მაინც პასიური ადამიანი ვარ.“

მესენჯერიდან: "მგონი ვარ რომანტიკული, კი. თუმცა არ მეტყობა, ასეთ სიფაქიზეებს ნაკლებად გამოვხატავ ხოლმე, თუ გამოვხატავ, იუმორში ვატარებ. ვფიქრობ, მეტი წილი ადამიანების როგორიცაა, ისეთი ვარ. აი, არ მგონია, რომ შიგნითა ამბები გარეგნულად აისახებოდეს. ბევრ ხალხში რომ გავრეულიყავი, ვერც გამომარჩევდნენ. სულ შეყვარებული ვარ - ხან იდეაზე, ხან ადამიანზე, ხან ადამიანში იდეაზე. ასე მგონია, ნამდვილი სიყვარული ერთხელ არის ცხოვრებაში. ყველაფერზე და ყველაზე ძვირფასი“.

ნაწყვეტი ნინის ლექსიდან: „და თუ არ ვცდები,

არსებობს ქვეყნად ის ადგილიც, მე რომ დამიტევს.

არსებობს ხელიც, სწორი გზისკენ რომ მიმანიშნებს.

არსებობს ის, ვინც კარგად იცის, უნდა წავიდე.

არსებობს ისიც, ვინც იცის და არსად გამიშვებს“.

 

აგარის ხმები, გზები და ნანგრევები

 

კარგად ახსოვს პირველი მასწავლებელი, რომლის „თავისუფლებით სავსე“ მოსწავლეები ყოველი ოთხი წლის მერე მთელი სკოლის თავსატეხად იქცეოდნენ ხოლმე. მერე იყო ქართულის მასწავლებელი, ლექსების წერას რომ ავალებდათ. თუმცა სკოლა არ ენატრება, როგორც სხვებს ზოგჯერ, რადგან იქ არასდროს არაფერი ხდებოდა „მძაფრი“. ბავშვობიდან უყვარს შობა და აღდგომა. ახლა აღარ დადის ეკლესიაში, მაგრამ ადრე ხშირად დადიოდა დედასთან ერთად. ამბობს,რომ მისი ღმერთი კეთილია, ლმობიერი და ყველაფერი ესმის.

„შეიძლება მე ვარ ასეთი, ბევრი რამის, ვინმეს მიმართ გულგრილი. სულ მიკვირს იმ ადამიანების, სიღრმისეულად რომ აინტერესებთ რაღაცები და სიღრმისეულად უხარიათ, სიღრმისეულად არიან ჩართულები. მე კიდევ ეს არასოდეს მქონია. ბევრი ამბობს, რომ ჯიუტი ვარ და ერთ პოზიციაზე ვდგავარ სულ. მაგრამ იცვლება ჩემი აზრები წლების განმავლობაში. ამას არ ვამბობ რაღაც ფუნდამენტურ შეხედულებაზე, სულ რომ არის ჩემში. დიდად პრინციპული ადამიანი არ ვარ, ამას არ გავაკეთებ ან რაღაც ასეთს, არასოდეს ვამბობ. საერთოდ, ყველა იდეა, იქნება ეს ფემინისტური, ძალადობის შესახებ თუ სხვა, შიგნიდან უნდა მოდიოდეს. უნდა გააპროტესტო არასწორი რამ და არ არის აუცილებელი, ეს პირადად გეხებოდეს. იქ, სადაც მე გავიზარდე, ყველაფერი კაცია. ბავშვობაში შეიძლება ამას თვალს უხუჭავ. ჩვეულებრივი რამ გგონია, ისე, როგორც დაღამება ან გათენება, მაგრამ მერე ხვდები, რომ ეს ნორმალური არ არის. მგონია, რომ იქ დიდხანს არაფერი შეიცვლება, ჩემი ტოლებიც კი ისევ ისე ფიქრობენ. ყველა ადამიანს ოჯახური ამბები ბოლომდე გასდევს და ბოლომდე მოქმედებს მასზე. შეიძლება პროტესტის გამო სულ საწინააღმდეგო რაღაცები აკეთო ან მათნაირი დარჩე და სულ დაბოღმილად იცხოვრო, კეთილად თუ ბოროტად“.

ბავშვობიდან ახსოვს ორი ხმა - მატარებლის და ქარხნის საყვირების. კიდევ გზები, მაშინ ძალიან შორი რომ ეჩვენებოდა, "ახლა ვხვდები, როგორი პატარაა იქაურობა. ტკბილი სუნი მახსოვს, დამწვარი შაქრის. ძალიან შემაწუხებელი იყო ხოლმე. ახლა აღარაფერია. ქარხანაც აღარ მუშაობს". ეს აგარაა, დღეს ნაქალაქარს რომ ჰგავს. იქ დაიბადა და გაიზარდა, სკოლაც იქ დაამთავრა. ბებია მათემატიკის მასწავლებელია, დედა - რუსულის. მამას და ბაბუას სოფელში მეურნეობა აქვთ. ჰყავს პატარა ძმა და ორი და, კიდევ „მზე თოვლში“ - დისშვილი ლილე. ბავშვობაში ყველაზე მეტად უყვარდა პარასკევი, სკოლის მერე მოხეში მიდიოდნენ, სოფელში ბებოსთან და პაპასთან. შუქი ჩაქრებოდა და იწყებოდა მხიარულება - ლაპარაკობდნენ დაუსრულებლად, დახტოდნენ, ხატავდნენ და მთელი ოჯახი იყო ერთად. პაპას მიჰყვებოდა ვაშლის ბაღებში სამუშაოდ. ცხენშებმული საზიდრით მიდიოდნენ და მთელი გზა უსმენდა ამბებს, რომლებსაც პაპა უყვებოდა. მერე მდინარეზე ჩადიოდნენ. საჭმელიც მიჰქონდათ, რადგან დიდხანს უხდებოდათ იქ ყოფნა. კიდევ იყო წყარო და ხის ძელსკამები.

„ბავშვები ვისხედით ხოლმე წყაროსთან, დიდ ქვაზე. ერთი მოხუცი კაცი ამოივლიდა ცხენით, წყალს ავუვსებდით და მერე სახლამდე მივყვებოდით. მეორე მოხუცი მახსოვს კიდევ, ცისფერი წინსაფარი ეკეთა სულ, მაღალი კაცი იყო, ამოივლიდა დაღლილი და ჩამოჯდებოდა. გასაშლელ ჭიქას ამოიღებდა ჯიბიდან, მომაწვდიდა და მეც წყლით ვუვსებდი... იმ დროს აგარაში ყველაფერი უფრო დიდი და სერიოზული მეჩვენებოდა, რაღაცნაირად გაუკაცრიელდა იქაურობა. გაჭირვებაა. აგარა არც სოფელია, არც ქალაქი, არც მეურნეობა აქვთ, არაფერი. შაქრის ქარხანა იყო და ახლა ისიც გაჩერებულია, ამ საწარმოზე იყვნენ დამოკიდებული. მარტო მაღაზიები მუშაობს. ჩემს ბავშვობაში რაც განახლდა, ყველაფერი ისევ გადახუნდა. აღარც იმდენი ხალხია ჩვენს ეზოში. აღარც ის ადამიანები, ვინც მახსოვდა... ყველაფერი დაინგრა და ყველანი ამ ნანგრევებში მოვყევით. ახლა ალბათ ამაზე არ ვილაპარაკებ".

მესენჯერიდან: "ჩემს სახლამდე პარკია ბევრი ნაძვით. გირჩების მოსაგროვებლად მივდიოდით ხოლმე. ყველა ასე აკეთებდა. ღუმელს გირჩებით ანთებდნენ. ყველას ჰქონდა სახლის უკან ბაღი და ,,სარაია“. ჩვენი ძველი იყო ძალიან, მიყვარდა მასში რაღაცების ძებნა, მარტო რომ ვრჩებოდი, სულ იქ ვიყავი. საერთოდ, სულ მარტო დავდიოდი. ახლაც ვხედავ, კუბოკრული პიჯაკი მაცვია და კეპი მახურავს, ხელით ვეხები ჯიბეში ჩაყრილ ჭადრის ბურთულებს. ზოგჯერ მეორე წელსაც კი მინახავს ქურთუკის ჯიბეში ჩარჩენილი ეს ბურთულები".

ნაწყვეტი ნინის ლექსიდან: „დამნაშავე თითქმის არა ხარ.

და უფლება გაქვს სიხარულით გული გეწვოდეს.

და უფლება გაქვს სიხარულზე იყო თანახმა“.

ნინი ელიაშვილი 23 წლის არის, მაგრამ ეს ინფორმაცია სრულიად არაფერს გეტყვით, თუ მის ლექსებს არ წაიკითხავთ, არც ეს ტექსტი შეგიქმნით მის შესაძლებლობებზე ზუსტ წარმოდგენას. მისი ბრძოლაც და შიშიც, სიხარულიც და უიღბლობაც, ამოსუნთქვაც და ფიქრიც, უფსკრულიც და სიყვარულიც, ნიჭიც და ხელისცეცებაც ჯერ მხოლოდ მის ნაწერშია. ნამდვილი და პოეტი ნინი ელიაშვილი ჯერ მხოლოდ და მხოლოდ თავის ლექსებშია.

 

„რაც წლები გადის, უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ლექსის წერას და უფრო ბევრს ვმუშაობ. იმაზე არ ვამბობ, ემოციით მოხეთქილ ლექსებზე, წყალივით რომ მოდის - ასეთს ვეღარ ვასწორებ მერე, ვეღარაფერს ვცვლი. ყველა ლექსი სხვადასხვანაირად მოდის, მაგრამ არის ასეთიც, „მოხეთქილი“. თავიდან ასე არ იყო, პირდაპირ ვწერდი, მერე და მერე ვისწავლე მუშაობა. ვწერ, ბევრს ვწერ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ლექსი უნდა მოდიოდეს დადებითი ემოციით, სიყვარულით, სიკეთით. ბოლოს დავამუღამე და უარყოფითი ემოციითაც დამიწერია. ყველაფერი გამომიტანია გარეთ და მეც გამოვსულვარ. ლექსის წერა ყველა შემთხვევაში დიდ სიხარულს მანიჭებს. ეს არის დიდი ამოსუნთქვა და სიხარული!“  

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE