მგლის ნაკვალევო


მგლის ნაკვალევო




ვაგიფ სამედოღლი  (1939 – 2015) - აზერბაიჯანის სახალხო პოეტი; თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისი უნიკალური შემოქმედებით თანამედროვე აზერბაიჯანულ პოეზიაში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა;  მიჩნეულია, რომ იგი ახალი აზერბაიჯანული ლექსის ნოვატორთაგანია (სიტყვამ მოიტანა და თავის დროზე მამამისიც – დიდი სამედ ვურღუნიც ახლებური ინტონაციითა და ახალი პოეტური ენით გამოირჩეოდა).  

 

 

წერილს თუ მომწერ

 

წერილს თუ მომწერ,

გთხოვ ჩემი სახლის მისამართზე არ მოიწერო,

მაგრად დასეტყვილ ბალახების სუნით გაჟღენთილ

სიზმრებში ვწევარ.

შენც იმ სიზმრების მისამართზე გამომიგზავნე –

წერილს თუ მომწერ.

 

 

 

***

მე რომ მოვკვდები

ქარი იქროლებს იმ დღეს ქუჩებში

და აფრიალებს

თოკზე გაფენილ ჩვილის საფენებს,

როგორც სიკვდილის

თეთრ ბაირაღებს...

 

 

ვერ გამოვჩნდი

 

ერთხელ ლამაზი ვიყავი

ჰუმაი

 

მე ერთხელ ვიქეც შორ ჰორიზონტად?

ნისლი ჩამოწვა იმავ დღეს ზღვაზე

და ვერ გამოვჩნდი.

 

მე ერთ დღეს ვიქეც მეჩეთისკენ მავალ ბილიკად?

ამვლელ-ჩამვლელი არავინ იყო?

მწვანემ დამფარა

და ვერ გამოვჩნდი.

 

მე ერთ დღეს ვიქეც ლამაზ ღიმილად?

კარგად არ მახსოვს, რა მოხდა... მაგრამ

კვლავ ვერ გამოვჩნდი.

 

 

***

ერთი სიცოცხლე მესიზმრა, ძმაო,

აუმღვრეველი.

ერთი ბილიკი მესიზმრა, ძმაო,

მგზავრთა მშველელი.

და ერთი ლექსი მესიზმრა, ძმაო,

დაუწერელი.

 

 

***

ხელი წამიცდა

სიხარულისკენ,

მაგრამ ჩვენ შორის

წუხილი იდგა.

მამას მოვუხმე

დასახმარებლად,

ჩვენ შორის ქვა ვით

ქუხილი იდგა.

ღვთისკენ წავედი,

მაგრამ ჩვენ შორის

სიცოცხლის დიდი

დუღილი იდგა.

 

 

***

კარგო, საფლავზე

ძეგლს ნუ დამიდგამთ,

წყვილი ბაშმაკი დაალაგეთ, რომ

ფეხშიშველამ ჩაიცვას

და გზას გაუდგეს.

 

 

***

ერთი ქუჩაა ჩემ დიდ ქალაქში,

პატარა ქუჩა, რომელსაც ვაქებთ...

ასი ნაბიჯი იქით,

ასი ნაბიჯი აქეთ.

ერთი სიგარეტი იქით,

ერთი სიგარეტი აქეთ...

 

 

მგლის ნაკვალევო

 

მგლის ნაკვალევო,

ლექსის წერა მასწავლე პოეტს.

მასწავლე, რომ  ვერვინ გაიგოს,

საით მიდიან ჩემი ლექსები.

 

მასწავლე, რომ შენებრ მიწაში

ანუ ბუნაგში ცხოვრების ნება

მოიპოვონ ამ სტრიქონებმა,

მგლის ნაკვალევო.

 

 

***

სიტყვას ეძებს, როგორც მიზეზს,

ხელის ჩრდილიც ხელივით...

მარტოობა სულში მიზის,

ყმუის, ყმუის მგელივით.

 

დრო სიცოცხლეს მეცილება,

ხან ვერ მიაქვს, ხან მიაქვს.

რომ გინდოდეს, თავს მოიკლავ,

ო, ისეთი ღამეა.

 

ღმერთო, მომკალ სანახევროდ,

ამასა გთხოვ მარტო მე,

რათა თავი დავიტირო

სანახევროდ დამტოვე.

 

აზერბაიჯანულიდან თარგმნა იმირ მამედლიმ

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE