გიჟი მებაღის სიმღერა


გიჟი მებაღის სიმღერა




ლუის კეროლი ედვარდ ლირთან ერთად ინგლისური ნონსენსის პოეტური ტრადიციის ერთ-ერთი ფუძემდებელი და საუკეთესო წარმომადგენელია.  ოღონდ ლირისგან განსხვავებით, რომელიც ამ ჟანრში პოეტურ კრებულებს ქმნიდა, კეროლის ნონსენსის ნიმუშები გაბნეულია მის პროზაულ ნაწარმოებებში. ამ მხრივ განსაკუთრებით მდიდარია კეროლის შედევრი, დილოგია ელისის შესახებ („ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაშ“ და „ელისი სარკისმიღმეთში“).

„გიჟი მებაღის სიმღერა“ (ეს პერსონაჟი ბევრს მოაგონებს გიჟ მექუდეს „საოცრებათა ქვეყნიდან“) ჩართულია კეროლის  სოციალურ რომანში „სილვი და ბრუნო“, რომელიც 1889 წელს გამოქვეყნდა და რომელსაც ბევრი უკლია „ელისის“ ბრწყინვალებამდე. ეს ლექსი საუკეთესოა, რასაც ამ საკმაოდ მოსაწყენ, სქელტანიან ნაწარმოებში ვხვდებით, რომელიც ეხება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა საკითხს, უმთავრესად კი  -რელიგიური, ეთიკური და მორალური სფეროებიდან.  

ნონსენსს კი ვუძახით, თუმცა კეროლის ნონსენსი თითქმის ყოველთვის გარკვეულ შინაგან ლოგიკას მისდევს. ეს ლექსიც კონკრეტული სქემის მიხედვითაა აგებული. ექვსტაეპიანი ლექსის პირველი ორი ტაეპი ექსპოზიციაა: რა ეგონა გიჟ მებაღეს; შემდეგი ორი გვეუბნება, რა აღმოჩნდა და სრულიად განსხვავებულ, კომიკურად კონტრასტულ სურათს ხატავს. ბოლო ორი კი შეიცავს მებაღის კომენტარს იმაზე, რასაც ის „გამოფხიზლების“ შემდეგ აღმოაჩენს.

მართალია, ნონსენსის დანიშნულება იუმორი და გართობაა, თუმცა ლიტერატურის კომენტატორები ამ ლექსში სოციალური სატირის ელემენტებსაც ხედავენ.

ლექსის დედანი ცხრა სტროფისგან შედგება. ერთიც მე დავამატე და ყველა მსურველს შეუძლია სცადოს ამ სქემის მიხედვით თავისი ვარიანტი შექმნას: თუ გართობაა, გართობა იყოს!

 

გიჟი მებაღის სიმღერა

 

ეგონა, ხედავს: ბუხართან ზის  და

კლარნეტზე უკრავს სპილო.

კიდევ შეხედა, თურმე ყოფილა

ფეხის საწმენდი ტილო;

„მწარე ყოფილა“, - თქვა, - „ახლა მივხვდი -

წუთისოფელი, შვილო!“

 

ეგონა, ხედავს: თეთრი მარტორქა

მოდის ლონდონის ხიდზე;

კიდევ შეხედა, თურმე ყოფილა

მაზლის ნათლიის სიძე.

თქვა, „რა კარგია, რომ ამ დილიდან

კარგ ფერზე გავიღვიძე!“

 

ეგონა, ხედავს: ჩხრიალა გველი

ბერძნულს ასწავლის ჟირაფს;

კიდევ შეხედა, თურმე ყოფილა

გაისის შაბათ-კვირა.

თქვა, „დრო მოსულა, გადავიხადო

თებერვლის ბინის ქირა!“

 

ეგონა, ხედავს: ბანკის მოხელეს

შუბლზე აცხია მდოგვი;

კიდევ შეხედა, თურმე ყოფილა

ბეჰემოტების ჯოგი.

თქვა: „არა, ვახშმად მათ ვერ მოვიწვევ,

ღორმუცელაა ზოგი“.

 

 ეგონა, ხედავს: კუ, თუ ნიანგი

ზებრას თმა-ფაფარს ვარცხნის;

კიდევ შეხედა, თურმე ყოფილა

შაქარმოყრილი მარწყვი.

თქვა, „მე ეს თასი რომ გამოვცალო,

აუცილებლად მაწყენს!“

 

ეგონა, ხედავს: გზის პირზე ხე დგას,

გზა კი იყოფა სამად;

კიდევ შეხედა, თურმე ყოფილა

უთავო თეთრი ლამა.

რა საბრალოა, “ - თქვა, - „მე თუ მკითხავთ,

ძალიან შია ამას!”

 

ეგონა, ხედავს: მაღლა, ღრუბლებში

მნათი ოქროსფრად ღვივის;

კიდევ შეხედა, თურმე ყოფილა

ჟილეტს ამწყდარი ღილი.

თქვა: „თუ გარდერობს არ მივალაგებ,

შალეულს შეჭამს მღილი“.

 

ეგონა, ხედავს: დედა კენგურუ

მარკას აწებებს წერილს.

კიდევ შეხედა, თურმე ყოფილა

დედაქალაქის მერი.

თქვა: „ამაოა ეს ყოველივე,

ყველას დაგვფარავს მტვერი!“

 

ეგონა, ხედავს, თავზე თოლია

ევლება ნება-ნება.

კიდევ შეხედა, თურმე ყოფილა

კუბური  განტოლება.
თქვა: „ეჰ, ყრმობაში უნდა მესწავლა

შეკრება-გამოკლება!“

 

ეგონა, ხედავს უტყუარ საბუთს,

რომ არის რომის პაპი.

კიდევ შეხედა, თურმე ყოფილა

ბუს უბუმბულო ღლაპი.

„კმარა!“ - თქვა, - დროა ჩემს ფანტაზიებს

ამოვდო ალიკაპი!“

 

ინგლისურიდან თარგმნა გიორგი გოკიელმა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE