შიშის მოშინაურება


შიშის მოშინაურება




წვიმის განჯადოება

                                                            “Меня ждёт на улице дождь,

                                                            Их ждёт дома обед.”

Закрой за мной дверь

Группа “Кино

როცა წვიმს, მგონია რომ

ეს ნიშანია,

რომ მთავარია კალამი მოვიმარჯვო

და მოგონებები თავის ნებით გამოლაგდებიან

და მწყობრად განლაგდებიან

და შექმნიან სიტყვათა ხორკლიან ქსოვილს,

რასაც ხშირად ლექსს ვუწოდებ.

 

მიხარია, წვიმას იწყებს.

ჯერჯერობით  მხოლოდ ჟინჟღლავს.

რამდენიმე ჰაიკუს დაწერა მოვასწარი.

დასაწყისისთვის მშვენიერია.

ფანჯარას გავყურებ თქეშის იმედით.

 

კარგია, რომ არსებობს ვიღაც,

ვისაც ესმის პოეტის,

ვინც იცის, რომ წვიმა

წყლის კანონზომიერ წრებრუნვაზე მეტია.

მას ევალება წვიმის მოვლინება

მხოლოდ ისეთი პოეტებისთვის,

ვისაც ესმის წვიმის წვეთების არალეგალური სიმღერები

თუნუქის ძველ სახურავებზე.

 

წვიმის ღმერთო, დალოცე იტალიური ეზოები,

დაიფარე ისინი მცხუნვარე მზისგან

და ხარბად მოუვლინე მათ პატარა და ონავარი,

ან დიდი და ხმაურიანი წვეთები.

მე ყველაფრისთვის მზად ვარ.

მე მზად ვარ წვიმის ხანგრძლივი წელიწადებისთვის,

რადგან ახალ კრებულზე ვმუშაობ.

 

აი, უკვე კოკისპირულად წვიმს.

სწორედ ამას ველოდი მთელი დღის განმავლობაში.

წვიმის ღმერთო,

მოიღე ათასობით წვეთი ჩემს ფანჯრებზე,

რადგან ასეთ დროს არ შემიძლია ვიჯდე უბრალოდ.

მე ვიაზრებ, რომ დროის კარგვა დანაშაულია,

რადგან ეს საშინლად ამძაფრებს ჩემს მოგონებებს

დაკარგულ სიყვარულებზე,

დავიწყებულ მეგობრებზე,

ვერმიღწეულ მიზნებზე

და ბავშვობისდროინდელ შიშებზე,

ანუ თემებზე, რომლებსაც ლექსებში წარმატებით გამოვიყენებ.

 

წვიმის ღმერთო,

ნუ დაგვიწესებ გრაფიკს,

არამედ ხარბად გაიღე შენი წყალობა

ჩვენზე, ვისთვისაც

თხევად ატმოსფერულ ნალექზე მეტი ხარ,

მათზე, ვინც არასდროს ვუშვერთ მხრებგანიერ ქოლგებს

შენი მილიონობით შვილის უფორმო სხეულს.

და მაშინ გელით, როცა სხვები არ გელიან.

და ყოველთვის მზად ვართ,

რომ შენი გარჯა

არასოდეს გავაყოლოთ ქუჩის არხებსა და გუბეებს.

 

 

დეფინიცია

 

გააზრებულად თუ გაუაზრებლად

ლექსი ყოველთვის საპასუხო რეაქციაა,

ყოველდღიურობის ყრუ კედლისკენ მიმართული,

რომელსაც არ ესმის ჩვენი,

რომელიც არაფრად აგდებს ჩვენს სურვილებს,

და არაფრად აგდებს მშიერი ბავშვების გამყინავ ტირილს,

და რაც უფრო ყრუა კედელი

და რაც უფრო დიდია მისი გალავანი,

მით უფრო დიდია ლექსის წერის სურვილიც.

და უფრო მეტია თვითგამოხატვისადმი ლტოლვა,

რადგან ყოველდღიურობის ღრმა ჭაობმა

ჩვენს ინდივიდუალიზმს საფრთხე არ შეუქმნას.

 

ლექსი კი თავისთავად ავტონომიური ერთეულია,

სადაც იქმნება პარალელური სამყაროს მოდელი

და სადაც შეგიძლია ცოფიანი სიტყვები მიმართო

მათკენ, ვინც ბეჯითად აშენებს კედელს

და მათ, ჩვენგან განსხვავებით, ძალა არასოდეს გამოელევათ.

მათი მხრები განიერია, როგორც ამაზონი,

მათი მოძრაობა მკვირცხლია, როგორც დამარცხებული პარტიიდან

გამარჯვებულ პარტიაში გადასკუპებული დეპუტატი,

მათი ენერგია ულევია, როგორც ქართული პოლიტიკური კლასის სიბრიყვე.

 

ვინ შემართავს საკუთარ სხეულს,

როგორც მოიერიშე ბეტეერს

და თვითონვე ჩახერგავს უკანდასაბრუნებელ გზას,

რადგან უკან დასახევი გზის არსებობა

წინსვლას ყოველთვის შეუშლის ხელს.

 

ვინ ილაპარაკებს ღიად საკუთარ შიშებზე

და ვინ გაიშიშვლებს ბოლომდე საკუთარ სულს,

ვინ იცეკვებს ინტელექტუალურ სტრიპტიზს მკითხველის წინაშე?

ვისაც არ შერცხვება საკუთარი სიშიშვლის,

ის დაიდებს დიდ რანჩოს მათ გულებში,

ხოლო სხვებს საბჭოთა ხრუშოვკებში მოუწევთ ვიწროდ ცხოვრება.

 

ვინც გამოვა კომფორტის ზონიდან

და თავს შეიწუხებს,

რათა მეტაფიზიკურ ჩიხში ახალი გზები ეძიოს,

ვინც არასოდეს გახდება ის, ვისაც ებრძოდა,

რადგან საგანთა ეს მარადიული წრებრუნვა მისთვის ძალიან ტრივიალურია.

ამით ის დიდ პრობლემებს შეუქმნის საკუთარ მომავალს

და ბევრი არაკეთილისმოსურნე გამოუჩნდება.

 

ვინც ფიქრის ცხოვრების წესად გაიხდის

და გაურკვევლობებით ოკუპირებულ სხეულს

არასოდეს მიატოვებს ბრძოლის ველზე,

რადგან მიტოვება,

რიგ შემთხვევებში, ნიშნავს დამარცხებას,

ხოლო ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება,

რომ თავს მორიგი დამარცხებების უფლება მივცეთ.

 

შიშის მოშინაურება

 

ყველა ლექსი შიშის გამომზეურებაა,

გამოფენა და სააშკარაოზე გამოტანა.

თითქოს სულის სარეცხს ენის გაცრეცილ თოკზე კიდებ.

მე კი შიშებს დაუნდობლად ვააშკარავებ,

სათითაოდ ვაცალკევებ,

თითოეულ მათგანს ვუკირკიტებ

და ასოების ფორმას ვაძლევ,

მაგრამ ამაოა ჩემი შრომა,

ამით არაფერი იცვლება.

შიშები ჯიუტად არ გამოდიან ჩემი სხეულიდან

და გეომეტრიული პროგრესიით მრავლდებიან

და, რაც მთავარია, ძლიერდებიან,

და არ თმობენ სხეულის არც ერთ გოჯს.

მეც რა გზა მაქვს,

ვსწავლობ თანაარსებობას მათთან.

 

რომელი იყო შიში, რომელმაც პირველად წამოყო თავი ჩემს სხეულში

და სხვა შიშებს მოუწოდა გაერთიანებისკენ?!

რა იწვევს შიშს

და რას იწვევს შიში?

ყოველდღე ვეკითხები საკუთარ თავს

და პასუხის მოლოდინში ახალი კითხვები ჩნდებიან

და რიგში დგებიან,

რათა მათთვის განკუთვნილი პასუხი,

როგორც დამსახურებული ჯილდო, ისე მიიღონ.

 

შიში - ეს არის თამაში,

შიში არის პოლიტიკა,

რომელშიც მთელი სხეულია ჩართული.

შიში - ეს არის მეტაფორათა ჯაჭვი,

რომელიც ჩვენს ნერვულ სისტემაზე,

როგორც ასაღებად გამზადებულ ციხესმიგრეზე,

მოიერიშე რაზმივითაა შემორტყმული.

შიში - ეს არის პასუხი

ყველა ტკივილზე,

ყველა სიკვდილზე,

ყველა ვერგანხორციელებულ ქმედებაზე,

გონებაში დაარქივებულ ყველა მოგონებაზე

და ყველა ცალმხრივ სიყვარულზე,

და, რა თქმა უნდა, ყველა ორმხრივ სიყვარულზე.

 

ამიტომაც მე ვამბობ, რომ პირველად იყო შიში

და შიში იყო ჩემთან,

როგორც მიზეზი და უფრო მეტად შედეგი,

ყველა დაწერილი და ჯერაც

დაუწერელი ლექსისთვის.

 

 

დასაწყისი გარდუვალობა

 

მთელი დღე ვფიქრობდი ლექსის დასაწყისზე.

მომწონს, როცა ლექსს მოხდენილი ფრაზით ვიწყებ,

როცა მარტივად ვიყოლიებ სიტყვებს

და ისინიც იმ თანმიმდევრობით განლაგდებიან,

როგორც ჩაფიქრებული მქონდა.

თუმცა ახლა ასე  არ გამოვიდა,

თუმცა არა უშავს, მთავარია ლექსი დაიწყო,

როგორც ცხოვრება,

რომელიც ლარის კურსივით მოუხელთებელია

და არასოდეს ტოვებს დროს დასაფიქრებლად,

რომელიც თავის ღონიერ მუშტებს ყოველთვის ოსტატურად იქნევს,

როგორც მუჰამედ ალი, ტაისონი ან კაკო ბობოხიძე.

შენ კი იგერიებ,

ხან კი  ცხვირ-პირში გხვდება,

ეცემი და ისევ დგები,

რადგან დიდი ხნის წინ საკუთარ თავს პირობა მიეცი,

რომ ყველა დაცემა ადგომის აუცილებელი წინაპირობა იქნებოდა.

 

შენ ეს დიდი ხანია გესმის,

ეს კარგია, როგორც ორგაზმი,

როგორც თოვლი სახურებებზე ან ბავშვობის ბედნიერი მოგონება.

და ისიც გესმის, რომ 

სხვანაირად ვერაფერს დაწერ,

სხვანაირად არაფერი იქნება

და თუ იქნება,

იქნება აუტანლად მოსაწყენი, უაზრო და  არაფრის მომცემი,

როგორც კომფორტის ზონა,

როგორც ანტინიკოტიკური წარწერა სიგარეტის კოლოფზე

ან ქართული ტელეეთერის ბადე.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE