საიდუმლო


საიდუმლო




 

 ყოველ   ადამიანს გააჩნია საიდუმლო, თანაც  არავის რომ არ გაანდობს, საკუთარ თავსაც რომ არ გამოუტყდება, ისეთი.  თუ მოუხერხდება, იმ საიდუმლოს საფლავში ჩაიტანს და იმქვეყნად  კი ვინმეს უმხელს თუ არა,  ჯერხნობით ვერავის დაუდგენია.

ალფაშასაც ჰქონდა ერთი ასეთი რამ სამდუმარო, რომელიც მისგან უწადინოდ, უცნაური რამ შემთხვევის გამოისობით წარმოშობილიყო.  თუმცა ალფაშასთან ისეთი ბმები გააჩნდა, რომ იგი სხვასთან ამაზე კრინტს  არაფრისდიდებით არ დასძრავდა... მაგრამ, ვაგლახ, რომ ზოგი საყუჩილო, გათქვამ თუ არა,  პარაშუტივით უდროოდ და უადგილოდ გაგეხსნება ხოლმე. ზუსტად ალფაშას ამ თავზარდამცემი საიდუმლოსავით.

ალფაშა თავისი თავის პატივმცემელი, საჭიროებისდა მიხედვით საკუთარი თავისთვის არაფრის დამზოგავი, ნაცნობ-მეგობრებში საკმაოდ დაფასებული და კარგი რეპუტაციის მქონე, ახალგაზრდობის ასაკიდან ეს-ესაა გამოსული კაცი გახლდათ. ბევრისთვის სამოშურნეო ლამაზი და სათნო ოჯახის პატრონი იყო, ხოლო ამ ყველაფრის დამაგვირგვინებლად  კი ისეთ მანქანას ატარებდა, ისეთის, რომ  მთელ ქალაქში თითო-ოროლა ყველაზე გაქაჩულ კაცს ან ჰყავდა ან არა.

არ აქვს მნიშვნელობა თუ  სად მუშობს ან რითია დაკავებული ალფაშა, რადგან  ეს მკითხველს სულაც არ ეხება.  ერთს კი ვიტყვი და ამით მოვსხეპ,  რომ ალფაშა ბიზნესმენია, ფული თავზე საყრელად აქვს, ასე რომ არც ის და არც მისი ოჯახი შეჭირვებას არ განიცდის. კარგ თუ ცუდ ხასიათზე ყოფნისას მეგობრებთან ერთად თავის ერთ-ერთ საყვარელ რესტორანში ჯდება და არაყს უხახუნებს. ყოველი ასეთი გადაკვრის შემდეგ თავის მეუღლეს კი ჰპირდება რომ აწი საჭესთან ნასვამი არ დაჯდება, მაგრამ ძღომისად შემტყვრალი მიცემულ ფიც-მტკიცს ყოველ ჯერზე არღვევს-ხოლმე.

ახლაც ასე მოხდა. გვარიანად შემთვრალი ალფაშა თავის თანამეინახეებს დაემშვიდობა, რესტორნიდან გამოსვლისას ჰალსტუხი კიდევ უფრო მოაბოშა და მსუბუქი ფეხარევით თავის მდიდრულ მანქანასთან წატანტალდა, კარი გამოაღო და საჭეს მიუჯდა. მანქანის სარკეში საკუთარ თავს  მოჰკრა თუ არა თვალი, ტრადიციულად: „ასეთ მდგომარეობაში საჭესთან ბოლოჯერ ჯდები იცოდე,  შე ჩათლახო“- ო, ჩაიბურტყუნა. ამ წესად ქცეული თავდამუნათების შემდეგ კი მანქანა დაქოქა და დაძრა.  ცოტათი რომ გაიმანძილა, რესტორნიდან ასე ასიოდ ნაბიჯზე, ერთი ლამაზმანი დალანდა. ლამაზმანი კი ისეთი იყო, რომ გეგონება ცას სხივი რამ  მოსწყდომოდა და  ფეხად ჩამოსულიყო. მით უმეტეს რომ  თავად მთვარეც არსად ჩანდა.

ალფაშას ყურადღება ლამაზმანის ქერა კულულებმა, მწველმა თვალებმა, კოკორ ვარდივით ოდნავ მოლაპლაპე წითელმა ტუჩებმა, წვრილმა წელმა და მაღალმა ტანმა მიიქცია. თავადაც ტანით  აღნაგ ალფაშას ასეთი წიწკვები განსაკუთრებით ესულტკბილებოდა. ასე, რომ მანქანა ადგილიდან უცაბედად მოსხლიტა და ზუსტად, მისკენ აღმაფრენით მომზირალი ლამაზმანის გასწვრივ ძალუმად ჩაარჭო, შუშას ჩაუწია და ჯიქურ შეხედა.

ლამაზმანმაც ვნებიანად გაუღიმა.

- მთვარეს შენი სილამაზის მორიდებია და არ ამოსულა, -  ღიმილის საპასუხოდ მიაგება ალფაშამ და  მანქანის ღია ფანჯარა რის საშუალებასაც იძლეოდა გამოეტია და ცას მიმოავლო თვალები.

ლამაზმანი, აშუღები რომ იტყვიან, სულისა და ჯანის ამომრთმევად გაიბადრა, კოკობვარდი ბოლომდე გახლიჩა და ქათქათა კბილები გამოაჩინა.

ალფაშამ მანქანის კარები გაუღო.

- მოდი, დაჯე! –  უთხრა და თან გაიფიქრა, რომ ეს ასე უბრალოდ გასატარებელი ლუკმა არ არის, ერთ-ერთ სასტუმროში წავიყვან და ერთ-ორ საათს ვიკაიფებ, სახლში ცოტა გვიან მისვლით ქვეყანა არ დაიქცევაო.

ლამაზმანი ყოველგვარი მანჭვა-გრეხვის გარეშე ჩაუჯდა.

 - რა ღირს საათი?

ლამაზმანმა მხრები აიჩეჩა.

 -  არ იცი?

ლამაზმანმა თავი გაიქნია.

 -  კარგი წავიდეთ. კმაყოფილი თუ დავრჩი, უკმაყოფილოს არც შენ გაგისტუმრებ.

ალფაშამ მანქანა რომ დაძრა, ტურფამ თანხმობის ნიშნად კვლავაც საყვარლად ჩაიღიმა. ალფაშამ, დრო რომ არ დაეკარგა, უახლოეს სასტუმროს მიმართა.

თავი  ხელში აიყვანა და მანქანიდან ჩამოვიდა. ოდნავ შესამჩნევი ფეხარევით ლამაზმანის მხარეს მივიდა, კარი გამოუღო და გადმობრძანდიო -უთხრა.

სასტუმროს წინა ეზოს სანათურთა შუქში ტურფა კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გამოჩნდა.

 - წავედით! – ალფაშამ იდაყვში მოხრილი მკლავი  გაუწოდა.  ლამაზმანმა ხელი მამაკაცს მომლოდინე მკლავში გაუყარა და კაი ასი წლის შეყვარებულებივით სასტუმროს შესასვლელისკენ დაიძრნენ.

მიზანსწრაფულად მიმბიჯებელი ეს მაღალი წყვილი ისე უხდებოდა ერთმანეთს, რომ გვერდიდან შემყურე ღმერთს ისინი მართლაც რომ ერთმანეთისთვის შეუქმნია, ბარაქალაო -გაიფიქრებდა. ალფაშამ ფული გადაიხადა და ლუქსი ნომერი აიღო. შემდეგ კი ლიფტით მეექვსე სართულზე ავიდნენ.  ალფაშა ნასვამი იყო და ამიტომ ნომრის კარის გაღება გაუჭირდა. ტურფამ ბარათი გამოართვა და საკეტურისმონაცვლე ღიობში ენასავით გაუსვა. კარი გაიღო და ისინი შიგნით შევიდნენ.

- შუქი არ აანთო, -  ნახევრადჩურჩულით სთხოვა ლამაზმანმა, - მინდა ორივე გავშიშვლდეთ და საწოლში ისე ჩავწვეთ... შენი შიშველი სხეული მინდა შევიგრძნო.

ალფაშამ პიჯაკი, პერანგი რომ მოიძრო, მანაც ნარ-ნარად იწყო გახდა.

ტურფა ალფაშას ნახევრადჩაბნელებულ ოთახშიც უკიდურესად სასურველი ეჩვენა, ამიტომ შარვლის ცალტოტგახდილი ბანცალ-ბანცალით მიეჭრა და წელზე მოჰხვია მკლავები.    ლამაზმანმა მსუბუქად უბიძგა და ალფაშა გულაღმა დაებრეხვა საწოლს. შარვლის მეორე ტოტი და საცვლები კი ლამაზმანმა გახადა.

- მოდი, რაღა! – თქვა ალფაშამ მას მერე, რაც საბნის ქვეშ  დედიშობილა შეცურდა. თქმით კი თქვა, მაგრამ ისიც იგრძნო, რომ ძლიერმა თვლემამ დარია ხელი და ქუთუთოები დაუმძიმა. სასმელის ბრალიაო, გაეფიქრა.

ლამაზმანმა აუჩქარებლად გაიხადა, საბანი ასწია და  ალალი ცოლივით შეუწვა ალფაშას, ხელები მოხვია და ყურში ჩასჩურჩულა:

- გადაბრუნდი, ბეჭებზე მოგეფერო.

ნახევრადმთვლემარე ალფაშა ანგარიშმიუცემლად გადაბრუნდა. ტურფა შიშველი სხეულით მიეკრო და ახლა ზურგიდან ჩაიხუტა ალფაშა. სასმელისგან მოდუნებული ალფაშა, ამ მდგომარეობაში, ღრმა ძილს მინებდა.

 

***

ალფაშამ თვალები რომ ჭყიტა მზე უკვე ამოსულიყო. ირგვლივ მიმოიხედა. ჯერ ვერ ისაზრა თუ სად იყო. შემდეგ თითქოს გონება ნელ-ნელა გაუნათდა. წამოაგონდა, რომ სასტუმროში მოსულიყო. ისიც გაიხსენა თუ რისთვის.  ხელი აქეთ-იქით აფათურა, მერე თავი მიიბრუნა და გვერდზე დაიხედა.  არა, ქალი აღარ ეწვა. ჯერ იფიქრა, აბაზანაშია ალბათო. მაგრამ ქალის კაბას მოჰკრა თუ არა თვალი, გულმა რეჩხი უყო. ქალს ტანსაცმელი სკამზე მოწესრიგებულად გადაეკეცა. მისი საკუთარი ტანისამოსი კი არსად ჩანდა.

 ალფაშა საწოლში წამოიმართა და გარშემო მიმოიხედა. დარწმუნდა, რომ წუხელ გახდილი და მიყრილ-მოყრილი ტანსაცმლის ნიშან-კვალიც გამქრალიყო. მუცელში გვრემა ჩაუდგა, მერე მაგიდაზე ყვითელ პარიკს მოჰკრა თვალი და: - კაცი ყოფილა ე.ი. - თითზე იკბინა, -ცისფერი ყოფილა...  ჩემი ტანსაცმელი ჩაიცვა და გაშპა... წუხელ საღამოს ბევრი რომ დავლიე, ვეღარ გავარჩიე... გამატიტვლა და  მომიწვა... მთელი ღამე ერთი საბნის ქვეშ გვეძინა...“

 ალფაშამ მეხსიერებას ძალა დაატანა და ვერაფრისდიდებით ვერ გაიხსენა თუ ლოგინში შეწოლისა და ზურგის შექცევის შემდეგ რა მოხდა.

 უცებ ალფაშას გონებაში საშინელმა აზრმა გაუელვა: “ნუთუ მან მე ...?!” – განაგონი ჰქონდა ცისფერები იმას რომ იღებენ რაც უნდათ, მერე თვითონაც ახურუშდებიან და აქტიურდებიანო, -  “ისიც ხომ არ ახურუშდა, უგონოდ მთვრალი ხომ არ გადამაბრუნა და...” –  ალფაშამ  მისდაუნებურად ხელი საბნის ქვეშ წაიღო და უკანალი მოისინჯა, - “ოჰ? შე ოღრაშო, ყველაფერზე წამსვლელნი არიან ეგენი... ნახა მისავათებული ვარ... და ის ამბავი”...  ალფაშამ თავს კვლავაც ძალა დაატანა, საწოლში შეწოლამდე ყველაფერი მისხალ-მისხალ გაიხსენა, თუმცა საწოლის ამბები ვერაფრით აღიდგინა. შემოჩენილი ეჭვები კი სულ უფრო უფუვდებოდნენ, სულუფრო დამაჯერებელნი ხდებოდნენ და შიგნიდან ხრავდნენ: “ასე თუ არაა, მაშინ ჩემი ტანსაცმელი რაღად ჩაიცვა, სასტუმროდან მამაკაცის ტანსაცმელში რატომღა გავიდა?!  აჰა, ეტყობა საქმე რომ მოითავა და ჩემი ტანსაცმლის ჩაცმით ნიშნი მომიგო, აბა ვინ არის ახლა ჩვენ შორის კაციო, შენ თუ მეო?!  ვინ ვის მოუძღვა სასტუმროშიო! ვინ ვის... ის ამბავიო... ” – ალფაშამ თავისდაუნებურად ისევ მოისვა ხელი უკანალზე. სათქმელია, რომ იქ ისეთი საეჭვო ვერაფერი იგრძნო. ქნა თუ არ ქნა მნიშვნელობა არა აქვს - ფაქტი მამაძაღლია...  მიდი და რამდენიც გინდა იუარე! ფაქტი ლოგიკას ეფუძნება, ლოგიკა კი ადამიანის შიგნიდან მფატრავ ეჭვებს ეყრდნობა. აი, ეგ ეჭვები რეალობად თუ იქცა, მერე მორჩა, ტკიპასავით აგეკრობა და სისხლის ბოლო წვეთამდე  არ მოგეშვება.

ახლა რაღა ქნას ალფაშამ? ეს გულისგამაწვრილებელი ეჭვები როგორღა მოიშოროს? ექსპერტიზა ჩაიტაროს? გამოკვლევა ჩაიტაროს? უთხრას, რომ  ნახეთ ერთი იმასხომარმიქნეს?  თუნდაც ერთხელ  მაინც ხომ არ ... ჰა?

მერე ექსპერტი არ ჰკითხავს,  ამხელა კაცი ხარ? თავად არ იცი გიხმარეს თუ არა?

ვერ  შემიტყვია! – შეუძლია ასე უპასუხოს, -  ჩემგან უხაბაროდაც შეიძლება მომხდარიყო...

ექიმიც საპასუხოდ მიუგებს: მე რა გითხრა ძმაო, უკანალი შენია და შენგან უხაბაროდ როგორღა იქნებოდაო?

მაშინ ალფაშას შეუძლია  ჯიბეში  ჩუმად ფული ჩაუკუჭოს და ჩასისინოს: კაცო, რა კითხვა-პასუხობანა გამიმართე, ვითომც აქ არაფერიო შემამოწმე და მითხარი ნაქნარია თუ არა.

და იმ ექიმმა ქვა რომ ააგდოს და თავი შეუშვიროს? ჯიბეში უკანონოდ ჩაკუჭული ფული ზიზღით რომ ამოიღოს და ალფაშას შიგ სახეში ესროლოს და თან აყვირდეს: „აიღე ეს ფულები! მე ქრთამს აღარ ვიღებ! ვერ ხედავ მექრთამეობის წინააღმდეგ რა ულმობელი ომია გაჩაღებულიო“, რომ დაჰკივლოს?!

აქ ალფაშას შეუძლია დამრიგებლურ ჩურჩულზე გადავიდეს: „კაცო აიღე და  მამის დანატოვარი ქონებასავით შეიტკბე! აგერ, ამხელა კაცი იმასმიქნეს და გარტყმაში არა ვარ - რა, როგორ და შენ  ქრთამის აღებას ვინ შეგიტყობს ვითომ?!

თუმცა ასე ღრმად არ ჩაჰყვება, რადგან ექსპერტიზაზე საერთოდ არ მივა, რატომ? იმიტომ რომ, მრავალჯერ აღებ-დაღების შემდეგ, ამ საკითხზე გამოკვლევა თავის ღირსებასა და სახელს ვერ შეუხამა. ფუი ეშმაკსა და, ვინმე ნაცნობს რომ გადაეყაროს? განა მთელ ქალაქს არ მოედება ალფაშა ამადაამ საქმეზე ექსპერტიზაზე იყო მოსულიო.  კაი კაცოო?! - აღმოხდება მავანს.  თავიმც ნუ მომიკვდება! -  ვინ უქნა კი მარა? რა გითხრა ძმაო, ეგ თავად მოეხსენება. ჰოდა, ამის მერე  ქალაქში გადი, მარაქაში გაერიე ვნახოთ ერთი როგორ გაერევი. ალფაშამ უკანალი ანგარიშმიუცემლად ლეიბზე გაახახუნა, ბალიში ზემოთკენ აზიდა, საწოლში დაიდაყვდა, მზერა სიცარიელეში გაჰკიდა და რამდენიმეხანს ასე დაჰყო. შემდეგ მოაგონდა, რომ სასტუმროში ყოფნის ვადა ეწურებოდა  და სანამ მხოლოდ ქალის ტანისამოსშერჩენილი და დედიშობილა არ შეუმჩნევიათ, სჯობია, აქედან როგორმე გავიდეს. გავიდეს, მაგრამ რანაირად? თავისი ტანისამოსი გამქრალია! მერე საფულეში ფული ხომ უდევს? აგერ, საფულე დოკუმენტებთან ერთად მაგიდაზე ძევს, წავა და უახლოეს მაღაზიათაგან ერთ-ერთში ერთ ხელ შარვალსა და პერანგს შეიძენს. მშვენიერი აზრია, მაგრამ იქამდე შიშველ-ტიტველი როგორ მივიდეს? თუმცა რატომ შიშველი, აგერ, ა, ქალის კაბა გეგონება ალფაშაზე იყოს გამოჭრილი, მოირგოს, ყვითელი პარიკიც დაიკოსოს და გუშინ ქალის სამოსში მოყვანილი იმ ტიპის  მაგიერ თვითონ გავიდეს ოთახიდან, როგორც რომ ის დილაუთენია მის ნაცვლად გავიდა. ჰო, წავიდეს და წესიერი რამე იყიდოს თავისთვის... სხვა რა ჩარაა.

ალფაშამ საბანი მოიშორა და წამოდგა. ჯერ საფულეს დასწვდა - იმ ნაძირალამ შარვლის საყიდელი ფული თუ დაუტოვა? გახსნა, ჩახედა და ფული ხელუხლებელი იყო, უცნაურია, კაპიკიც არ აკლდა. „რად უნდა აეღო?! ბარი-ბარში გავხდით და წავიდა“ - სკამზე გადაფენილი ტანსაცმლისკენ მიმავალმა ალფაშამ მწარე ღიმილით გაიფიქრა.

ქალის ტანსაცმელი ზიზღით შეარხია, შემდეგ კი ის კაბა რომელმაც გუშინ ღამით ასე მიიზიდა უილაჯოდ ჩაიცვა. კაბამ ცოტა მოუჭირა. ამღამინდელი ამბების შემდეგ შიშველ ტანზე კაბის მოცმამ ალფაშა უცნაურ გრძნობებში გაჰხვია. იმ გრძნობებში სიძულვილიც ერია, ბრაზიც და ერთურთისმონაცვლე ტანჯვებიც, თუმცა სადღაც სულ ქვედა ფენებში თითქოს ქალური სინაზეც ამოწვერვას ლამობდა, ქორწინების პირველი ღამის შემდგომი მორჩილებანარევი სინაზე...

ალფაშამ თავზე ის პარიკი მოირგო, გუშინ ღამით აგრე რიგად რომ დაატყვევა და თან გაიფიქრა კიდევ კარგი ულვაში არ მაქვსო, ძალიან სასაცილო შესახედავი ვიქნებოდიო. ალფაშას მხოლოდ ფეხსაცმელები არ მოერგო, ბევრს ეცადა მაგრამ უშედეგოდ.

„რა უჭირს, ზაფხულია, ფეხშიშველი გავალ, ვინაა ახლა ჩემი ფეხების შემყურე?!“ - გაიფიქრა და საბუთები, მანქანის გასაღები და საფულე წამოკრიფა. კარისკენ გაემართა. უცებ მოტრიალდა და სარკის წინ დადგა. საკუთარი თავი მოეწონა ალფაშას. „გოგო რომ ვყოფილიყავი საქმრო-საქმროზე მომადგებოდაო“ - თავმომწონედ გაიფიქრა და კარის სახელურს დააწვა. კარი ადვილად გაიღო.

დერეფანში არავინ ილანდებოდა. სწრაფი ნაბიჯებით ლიფტის კართან მივიდა და შედგა. ღილაკს დააჭირა, თავი დახარა და ლოდინს მოჰყვა. ცოტა ხანში ლიფტის კარიც გაიღო. ლიფტში ორი მამაკაცი იდგა. ალფაშაც მორიდებით შევიდა. თვალის კიდით გაიხედა და აღმოაჩინა, რომ გაოცებულები უყურებდნენ. მათი მზერა რომ დაიჭირა  გულის განმგმირავი ეჭვები ისევ აუფუთფუთდნენ: „ნეტა საღ-სალამათი თუ ვარ? ნეტა იმ ამბის შემდეგ კაცის გარეგნობაში, მზერაში რამე იცვლება? გარშემომყოფნი გრძნობენ? არა მგონია, პირველივე ჯერზე ამოსაცნობი იყოს...“

ამასობაში ალფაშამ თვითონაც ვერ გაიგო როგორ გამოვიდა ლიფტიდანაც და სასტუმროდანაც. ქუჩა სწრაფად გადაკვეთა და ახლოს შეგულებულ ტანსაცმლის მაღაზიისკენ გაჩქარდა. კი გაჩქარდა, მაგრამ თავისმა სიარულმა დააეჭვა...

მაღაზიის კარში რომ შევიდა შიგნით ცოტა ხალხი ირეოდა. რამდენიმე ქალითგვერდდამშვენებული მამაკაცი ტრიალებდა და თავიანთთვის, უფრო სწორად, ქალბატონები თავიანთი გემოვნების მიხედვით ურჩვედნენ მათ პიჯაკსა და შარვალს.

ალფაშა სათნოსახიან გამყიდველ გოგონას მიეახლა:

- გოგონა, ჩემთვის ერთი ხელი შარვალი და პერანგი მინდა, - ამის თქმისას ჩაცმულობის შესაბამისად ხმის დაწვრილება დაავიწყდა. გამყიდველმა გოგონამ გაკვირვებით ახედა:

- რა ზომა გნებავთ?

- რაა?

- ტანსაცმელს ვისთვის ყიდულობთ? თქვენი ვაჟისთვის თუ მეუღლესთვის?

- ჩემთვის!

- აქ მამაკაცების სექციაა...

- მეც სწორედ მამაკაცის ტანსაცმელი მჭირდება.

- აბა, ჩემთვის მინდაო? -   გაეღიმა გოგონას.

- უკაცრავად, ქმრისთვის ვყიდულობ...

- მისი ზომა?

- ჩემი აღნაგობისაა...

ალფაშას სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული რომ საუბედუროდ მაღაზიაში იარაღიანი ახალგაზრდა კაცი შემოვარდა. შემოვარდნა და ალფაშას ზურგსუკან ამოფარება ერთი იყო. ერთი ხელით კისერში ჩააფრინდა და მეორეთი დანა მიუბჯინა ყელზე, რითიც ალფაშა მძევლად აიყვანა. ალფაშა დაიბნა, უცაბედი მღელვარებისა და მოწოლილი შიშისგან ადგილზევე გაშეშდა. შემოვარდნილს ფეხდაფეხ გაშიშვლებული პისტოლეტებით ორი პოლიციელიც შემოჰყვა. მათ იარაღი  ალფაშასთან შერწყმულ დამნაშავეს დაუმიზნეს.

- გაუშვი! - ერთ-ერთმა პოლიციელმა იყვირა - იარაღი დააგდე და ჩაგვბარდი!

- ერთი ნაბიჯიც რომ გადმოდგათ, ყანყრატოს გადავუჭრი და თქვენი ბრალი იქნება!

- რა კაცი ხარ ქალის უკან რომ იმალები! - ყვირილით დაამუნათა მეორე პოლიციელმა.

- კაცი ქალს არ ამოეფარება! -  დაადასტურა პირველმა პოლიციელმაც.

ალფაშამ ერთი კი ისურვა  ეყვირა და ქალი კი არა, კაცი ვარო - გაეპროტესტებინა, მაგრამ ელვისუსწრაფესად ისიც გაიაზრა, რომ ახლა სქესის დადგენის დრო არ იყო, ამიტომაც რამის თქმის მაგიერ გაიქაჩა და დამნაშავესა და პოლიციელებს შორის გასხლტომა  განიზრახა. დამნაშავემ ეს რომ იგუმანა თმაზე მოქაჩა და პარიკი შერჩა ხელში.

- ვახ, კაცი ყოფილა - დააღეს პირი პოლიციელებმა.

- კაცი კი არა, ტრანსი! - შეუსწორა დამნაშავემ და თვალის დახამხამებაში შეურაცხმყოფელი მოძრაობით ალფაშას გვერდზე  უბიძგა, პარიკი პოლიციელებს სახეში ესროლა, მათ შუა ქარბორბალასავით გაძვრა და კარში გავარდა. წუთის წინ როგორც შემოვარდნილიყო, ისევე გაქრა. პოლიციელებმა განძრევაც კი ვერ მოასწრეს და როცა გონს მოვიდნენ, დამნაშავე აღარ ჩანდა, შემდეგ შეძლებისდაგვარად სწრაფად შეტრიალდნენ და გაეკიდნენ.

გამყიდველი გოგონა და მაღაზიაში მყოფები შიშისგან ჯერ ცნობაზე ვერ მოსულიყვნენ და ამიტომაც ხან კარისკენ, ხანაც სიკვდილსგადარჩენილ ალფაშასკენ იყურებოდნენ.

ალფაშას კი მძევლად აყვანაზე მეტად,  დამამცირებლად უკნიდან მიჯიკვა უთანაღრავდა გულს. ეს თითქოს წუხანდელ ამბავზე ერთგვარი მინიშნება იყო.  ამიტომაც, შუმჩნევლად ხელი უკან მოისვა, მერე  ძირს დაგდებული პარიკი თეძოზე ერთი-ორჯერ დაიფერთხა და თავზე მოიცვა. იქ მყოფების  ზიზღნარევი გამოხედვა აინუნშიც არ ჩააგდო და გამყიდველ გოგონას მიუბრუნდა.

- ის ნაძირალა თქვენს უკან დაიმალა - თქვა გოგონამ.

სიტყვა „უკან“ ყველაზე მგრძნობიარე ადგილას შეეხო ალფაშას, ამიტომაც მიუგო:

- ვიღაცის უკან ხომ უნდა დამალულიყო და ხელში მე მოვხვდი!

- კი და იმ წუთასვე თქვენს უკან დაიმალა, - ილაზღანდარა ერთმა ახალგაზრდა კლიენტმა ბიჭმა, - თქვენს უკან საიმედო თავშესაფარი იგულა.

ალფაშა ირონიას მიუხვდა, მაგრამ არ შეიმჩნია, ტრანსს ასე უნდა ეღადაონ, აბა რაო... - გაიფიქრა.

- მაინც კარგად გადავრჩით... - თქვა ვიღაცამ

- ყველანი ამ ქალბატონის... უკაცრავად, ამისმა პარიკმა გადაგვარჩინა, - თქვა წეღანდელმა ლაზღანდარამ, - რომ არა პარიკი, სისხლი შეიძლებოდა დაღვრილიყო...

- აბა, გოგონა, - ალფაშა მაღაზიაში შექმნილი ატმოსფეროსგან თავის დახსნის სურვილმა შეიპყრო - ჩემი შარვალი და პერანგი რა იქნა? მეჩქარება და გამატანოთ ეგება.

- ახლავე, - გოგონამ მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმილა და შარვალ-პერანგი გადმოიღო -  შეგიხვიოთ?

- არა, - მიუგო ალფაშამ და გასახდელ ოთახში შევიდა, გოგონამ კი თვალი გააყოლა და ტუჩები მოპრუწა.

გასახდელში შესვლისთანავე ალფაშამ პარიკი მოიშორა, კაბა გაიხადა და შარვალი ამოიცვა, პერანგი ჩაიცვა, რითიც უწინდელი სახე დაიბრუნა. პარიკი კაბაში შეახვია და კუთხეში დადო. გასახდელიდან გამოვიდა და გოგონას მიუახლოვდა.

- რამდენი მმართებს?

გოგონამ უცნაურად შეხედა და ფასი უთხრა. ალფაშამ მეტობით გადაიხადა. გამყიდველმა ხურდის დაბრუნება რომ ინდომა:

- იყოს! – უთხრა, - თქვენ ის მითხარით, ახლომახლო ფეხსაცმლის მაღაზია თუ გეგულებათ?

- ერთი შესახვევის იქით მშვენიერი მაღაზიაა, - გამყიდველმა ეშმაკურად გაიღიმა და შემდეგ ხმამაღლა დაამატა, - ქალებისთვის და მამაკაცებისთვის იმდენი ფეხსაცმელი აქვთ, რამდენიც თქვენს გულს გაეხარდება.

ალფაშამ გამყიდველ გოგონას არაფერი უთხრა და მაღაზიიდან გავიდა. გოგონამ კი მიაყვირა რომ კაბა და პარიკი გრჩებათო, მაგრამ ალფაშამ შემოუბრუნებლად ხელი ჰაერში აიქნია.

კი მაგრამ, რატომ მაინცდამაინც ჩემს უკან მოინდომა დამალვა? ეს რაზე მიანიშნებს? ნეტა, პირველი ხმარების შემდეგ ადამიანის უკანატანი სხვებსაც იზიდავს? - გულში ამგვარ კითხვებს შეჭიდებულმა ალფაშამ ფეხსაცმელების მაღაზიას იოლად მიაგნო. თავისთვის ერთი წყვილი „შლოპანცები“ იყიდა. მაღაზიიდან კი პირდაპირ მანქანისკენ გასწია. ნახევარი ქუჩაც არ გაევლო, რომ ზურგსუკან მამაკაცის ხმამ მიუკაკუნა ბეჭებზე:

- ალფაშა!

შემოტრიალდა,  ტროტუართან ახლოს გაჩერებული ბმვ-ს მარკის მანქანიდან ერთ-ერთი ძველი ნაცნობი ჩამოვიდა და მისკენ გამოემართა. ალფაშამ დაუცადა.

- უკნიდან ძლივს გიცანი კაცო.   

ისევ ეს „უკნიდან“... ამ სიტყვამ  კი გააღიზიანა, მაგრამ არ შეიტყო, მხოლოდ ეჭვნარევი კილოთი იკითხა:

- ძლივსო?  რატომ ძლივს? სიარულსა და მანერებში რამე სერიოზული ცვლილება მაქვს?

- კი.

- კი?! - ეჭვმა ალფაშა მთლიანად მოიგდო კლანჭებში

- ადამიანები, რომლებიც მუდამ მანქანით დადიან სიარულის მანერა ეცვლებათ.

- ააა? - შვებით ამოისუნთქა ალფაშამ

- რა მაგის სათქმელია და უმანქანოდ რატომ ხარ?   

- მანქანა იქით, სასტუმროსთან დავაყენე. აქეთ საქმე მქონდა, ვთქვი, პაწას მუხლებს გავშლი მეთქი.

- კაი გიქნია, საქმეები როგორ მიგდის?

- მიდის რა... კარგი, მეჩქარება...

- გამიხარდა, რომ გნახე... შეხვედრამდე!

- ბედნიერად!           

ალფაშა ძველ ნაცნობს დასცილდა და პირდაპირ მანქანას მიადგა, ჩაჯდა და დაქოქა. ძრავის გახურებას უცადა. ცდასა და ლოდინში იმაზეც დაფიქრდა თუ საით წასულიყო.   ძრავი გახურდა, მაგრამ ალფაშამ ჯერაც ვერ გადაწყვიტა რომელ გზას დასდგომობა. ვერაფერი მოიფიქრა და მანქანა ნელ-ნელა დაძრა. სიჩქარეს თანდათან უმატა, ესეც სასტუმროს, სხვაგვარად, შემთხვევის ადგილს რაც შეიძლება სწრაფად რომ გასცლოდა იმიტომ ქნა.            

გუშინ საღამოს ის ადამიანი რომ ჩაისვა იმ ადგილს მიუახლოვდა და უნებლიედ სიჩქარეს უკლო. შავი სათვალეები გაიკეთა და ქურდულად მიმოიხედა ირგვლივ - ის ოღრაში იქ ხომ  არ არის?  მსგავსიც კი ვერაფერი დალანდა.

იმ წყეულ ადგილს გამოსცილდა თუ არა შორიდან მაღალ ბიჭს მოჰკრა თვალი. უცხო რამ განცდებით იფიქრა: „ეს რომ იყოს?“. თვალებით რომ არ შეფეთებოდნენ ერთმანეთს, სახე გვერდზე იბრუნა. ალფაშამ ეს ალბათ გამოთქმა  „სირცხვილით სახეში როგორ უნდა შეხედო“-ს ანალოგიით გააკეთა. ამ ფაქიზ მომენტში ყველაფერი ნათელი რომ იყოს იმასაც ვიტყვი, რომ იმ მომენტში ალფაშას განცდილი უცხო და უცნაური გრძნობები მისთვის მართლაც რომ უცხო და უცნაური იყო. ამ გრძნობებმა გულში ელვისებურად კი გაიელვეს, მაგრამ ალფაშამ მათ სახელი ვერ დაარქვა. იმ გრძნობებში სირცხვილ-ნამუსის ელემენტებიც ერია, ერთ ღამეში შეუმჩნევლად გამდედრებული მამრის დამარცხებისშემდგომი მორჩილების განცდებიც.

ტანმაღალი ბიჭი მანქანას რომ გაუსწორდა ალფაშამ შეუკავებელ ცნობისმოყვარეობას ვერ სძლია, თავი ოდნავ მოიბრუნა და თვალის კიდით ბიჭისკენ გაიხედა. არა, ეს ის არ არის. ამას უხეში სახე აქვს. მისი სახის ნაკვთებში კი მიმზიდველი სინაზე გამოკრთოდა.

 ალფაშამ მეორე შემთხვევის ადგილიც მიატოვა და სიჩქარეს მოუმატა. მანქანა თავაწყვეტილი მიქროდა, თუმცა  არ იცოდა სად მიდიოდა და სად ეჩქარებოდა ასე.

გზისკენ იყურებოდა ალფაშა, იყურებოდა მაგრამ ფიქრებით სასტუმროს ნომერ ლუქსში იყო. მერამდენე მცდელობა იყო, რომ წუხანდელის აღდგენას ცდილობდა. თავის მეხსიერებას ფირივით ძალუმად ახვევდა წინ და უკან, მაგრამ ტანსაცმლის გახდისა და ლოგინში შეწოლის, ზურგის შებრუნების შემდეგ კიდევ რა მოხდა ვერაფრის დიდებით ვერ გაიხსენა. თითქოს, ვიღაცამ მეხსიერება გაუწმინდა, რათა ალფაშამ  ვერაფერი გაიხსენოს და არ გაწვალდესო. ისე ამის მერე  მიდექი და თუგინდ ასჯერ გაიხსენე.  ცქნაფამ რაც არ იხტომილა, მოსახდენმა იხდომილაო, ნათქვამია. არა, ალფაშამ მაინც უნდა იცოდეს. ეგება და, სულაც არაფერი მომხდარა. 

 ამ უსიამო ტანჯვა-კირთებაში ერთიც ვნახოთ და, ალფაშამ თავი ქალაქგარეთ ამოჰყო. მანქანა ასფალტიდან გადაიყვანა, თავი საჭეს მიადო და ისევ მოჰყვა აღებ-დაღებას: მოხდა? არ მოხდა? - შესატყობარი აი ეს არის. ეგებ სჯობია სულ არ იცოდეს სიმართლე, იქნებ სჯობია ასე გამოუცნობლადვე დარჩეს? თუ მოხდა ვის ეცოდინება? ორი კაცის გარდა ანუ საქმის უშუალო მონაწილეების გარდა, ერთი სიტყვით, მქმნელსა და მაქმნევებელს გარდა ხომ არავინ უწყის.      

მაგრამ არა! მქმნელმა თუ იცის, მაქმნევებელმაც უნდა იცოდეს. კარგი, დავუშვათ რომ იცოდინა, ამით რა იცვლება?! დავუშვათ მიაგნო ბოლო-ბოლო. სად მიაგნოს? იმ არე-მიდამოში იქნება. ღამდება თუ არა მშიერი მგელივით სანადიროდ გამოდის ალბათ, მშვიდად იცდის, ჯადოსნური ღიმილით პირზე მორიგ საკბილოს ელოდება. კარგი, დავუშვათ ალფაშა წავიდა და ის ყურუმსაღი წუხანდელ ალაგას იპოვა. რა უთხრას? გამარჯობა, მოვედი რომ მეკითხა, წუხელ რამე მოხდა თუ არ მოხდა? არ იტყვის,  ორი კაცი დედიშობილა საბნის ქვეშ რომ შეწვება, რა გასაკვირია რამე თუ მოხდეს?

- არა, მე მაგის კითხვა კი არ მინდოდა.  ანუ ვინ ვის... ხო გასაგებია რასაც გეკითხები?

არ გაიცინებს და არ იტყვის რასაა რომ მეკითხებიო?! ლოგინში შეწოლილებისგან ერთი ასეა, ერთი ისე...

- ვერ გამიგე. მინდა ვიცოდე შენ მე... იმასმიქენი?

ხომ იტყვის, ეს რა სულელური კითხვაა რომ მისვამ, თავად არ მოგეხსენება?

- კაცო, მინდა გავიგო, მიხმარე თუ არა და ამად გეკითხები, ვაა.

- რომ არ იცოდე ეგ უკეთესია, - შეიძლება თქვას და ზურგი მაქციოს.

„რომ არ ვიცოდე ეგ უკეთესია!“  რა იყო რო, რა უნდა ვიცოდე? - ალფაშა თავისი ერთღამიანი პარტნიორის რჩევას  წარმოსახვაში დაეთანხმა და წარმოსახვაშივე გადაწყვიტა, რომ ყველაფერი დავიწყებისთვის მიეცა და მანქანას პირი ქალაქისკენ უქნა.  

ქალაქში შემოსულმა მაინც ვერ მოისაზრა სად წასულიყო. სახლში მისვლა არ უნდოდა, თითქოს ცოლ-შვილის თვალებში ჩახედვის გამბედაობა არ ჰყოფნიდა. ოფისშიც ასევე. გრძნობდა, რომ მის ცხოვრებასა და შინაგან სამყაროში რაღაც შეიცვალა, თანაც ისეთი რომელსაც შეუძლია საქმეზე გული აუცრუოს, უწინდელ სიხარულით აღსავსე გარემოს (სახლის ჩათვლით) მოაშოროს, მოკლედ, ალფაშასავით საკუთარი თავის მოიმედე კაცი სულიერად გატეხოს.  

ალფაშამ ერთხანს ქალაქის აუარებამანქანიან ქუჩებში იხეტიალა. საცობებში  გონება ეფანტებოდა, ამიტომ მანქანის გვიან დაძვრის გამო უკნიდან მოპიპინე და გასწრებისას ალმაცერად შემომყურე მძღოლებს უწინდებურად  აღარ ეჭიმებოდა, თავს მორჩილად ხრიდა და გზას მიუყვებოდა.                

                

***        

მოსაღამოვდა თუ არა ალფაშა  ანგარიშმიუცემლად  სახლის გზას დაადგა.  სახლს რომ მოჰკრა თვალი თავის ხელში აყვანა გადაწყვიტა. ისე უნდა მოიქცეს რომ თავსგადახდენილებზე ვერავინ ვერაფერი იგუმანოს. თავი უწინდელივით უნდა ეჭიროს. უცებ ცოლმა რომ ჰკითხოს, გუნება რატომ გაქვს მოშხამული, ძვირფასოო? უნდა უთხრას რომ ოფისში შემოწმება იყო შემოსული და ცოტათი მეტი ფულის გადახდა მომიწიაო. ცოლი თუ იტყვის ფულს ისევ იშოვი და გუნებას ნუ წაიხდენო, ჩემი ფულების ასე ადვილად აცინცვლა ჩემზე ცუდად მოქმედებსო, მიუგოს. ცოლმა რომ ანუგეშოს, ნუ გეშინია, ხომ იცი მამაჩემი ყოველთვის ზურგსუკან მაგრა გედგებაო (და ეს ცოლის საყვარელ გამოთქმათაგანია), თავი ისე უნდა მოაჩვენოს, თითქოს „ზურგსუკანმა“ არ გააღიზიანა. მთავარია, ცოლი ამ სიტყვებს რომ იტყვის, თვალები მოაცილოს და სახეზე ღიმილაფარულმა შეუსწოროს: ზურგსუკან კი არა, მხარში.

ალფაშა ამ ოჯახური და საერთოდ, შინაგანი დიალოგით მიადგა სახლს. მანქანა ფარეხში შეიყვანა, ერთხანს ეზო-კარში იწრიალა და გული მოიცა. შემდეგ  როგორც სერიოზულ კაცებს სჩვევიათ-ხოლმე წელში გაიმართა, სახე მოიღუშა, კარი ჯიქურ გააღო და სახლში ფეხი შედგა თუ არა მყისვე იყნოსა, რომ რაღაც შეცვლილიყო. თითქოს სახლს  უწინდებურად მისი მოსვლა აღარ უხაროდა. ბავშვები წარბქვეშად, გაბეზღებით უყურებდნენ. ის კი არადა, სახლში შევიდა თუ არა მისი თორმეტი წლის ვაჟი წამოდგა და სხვა ოთახში გავიდა. ცოლი ტირილისგან დაოსებულ თვალებს არიდებდა.

- რა გჭირთ? რა მოგივიდათ? - მიკარგული ხმით იკითხა ალფაშამ.

- არაფერი! - უკმეხად უპასუხა ცოლმა.

- აბა რა ცხვირ-პირი ჩამოგტირით?

ცოლმა არ უპასუხა.

- რა მოხდა?

- ალფაშა! - დაძაბული სიჩუმის შემდეგ როგორც იქნა ხმა ამოიღო ცოლმა, - აქეთ გამოდი, - საძინებლისკენ უხმო, - რაღაც მაქვს სათქმელი.

ალფაშა ცოლს გაჰყვა და ოთახში შესვლის შემდეგ ცოლმა კარი მიკეტა.

- ალფაშა! - ნახევრადჩურჩულით დაიწყო ცოლმა- ცისფერი ხარ შენ?

ალფაშა გაოცებისგან კინაღამ წაიქცა.

- რა ვარ? - და აქ ალფაშამ უნებურად ხელი უკან მოისვა.

- ცისფერი ხარ? გეკითხები.

- ცისფერი ვარ? საიდან შეიტყვე?

- ეს უკვე მთელმა ქალაქმა იცის.

- ქალაქმა იცის?

- ყველამ. მხოლოდ მე ვმჯდარვარ ჭურში. წლების მანძილზე ერთ თავსასთუმალზე გვეძინა და ეჭვიც ვერ ამიღია.

-  ყველამ საიდან გაიგო? გუშინ ღამით მოხდა... ან არაფერიც არ მომხდარა... თანაც მხოლოდ ერთხელ...

- წუხელაც მოხდა?! - ქალმა შეძრწუნებით იყვირა, - მე უბედური კი ვზივარ და შუაღამემდე  ჩემს კაცს ვუცდი... ეს კი გულაობს თურმე!.. კაცებთან საგულაოდ გაუწევია!.. ნაცარი კი დაგაყარე! აი, მეხი კი დაგაყარე, აჰა! ვარდივით შვილები დაგიყრია აქა და ბინძური კაცების წინაშე დაძუკნაობ...

- სუ! - ალფაშამ თავადაც ვერ გაიგო როგორ წამოიყვირა.

- მე გავისუსო?! მთელი ქალაქი, ნაცნობ-უცნობი, ნათესავი, მეზობელი ამაზე ლაპარაკობს და მე სუ ხო?

- მეზობლებმა საიდან იციან? - ალფაშაზე ყველაზე მეტად მეზობლებისა და ნაცნობების ამბავმა იმოქმედა - ნაცნობებმა საიდანღა იციან?

- რას ჰქვია სადიან იციან?! დილიდან ტელევიზორში შენ გაჩვენებენ...

- ე.ი. წუხელ ღამით მომხდარი ფარულად გადაუღიათ! - ალფაშამ ინსტინქტურად ისევ უკანალზე მოისვა ხელი.

- ღამით რატომ? მაღაზიაში შენთვის ჩულქისა და ბანდაჟის საყიდლად რომ შესულხარ მაშინ გადაუღიათ.  დილიდან ახალ ამბებში სულ ცოტა ხუთჯერ მაინც გამოგაჭენეს, - ქალმა მწარედ ჩაიღიმილა - პორნოვარსკვლავად ქცეულხარ და აზრზე არ ხარ... ყველა არხმა  გადახვევებით გადმოგცა - მაღაზიაში ქერა კულულები როგორ მოგაძრეს, პარიკი პოლიციელს სახეში როგორ ესროლეს. შენც სამზეოზე გამოტანილი   საზიარო საქონელივით იყავი ჩამომდგარი. დანიანმა კაცმა პარიკი მოგაძრო, უკნიდან  გიბიძგა და გვერდზე მიგაგდო!.. მთელი დუნია დილიდან ამას მისჩერებია. აღარ ვიცი რა პირით გავალთ ხალხში. რამდენმა დარეკა, რამდენმა ნათესავმა, მეზობელმა, ახლობელმა, - გულთან არ მიიტანოო, ხდებაო, აგერ ევროპა და ამერიკა ცისფერობამ წალეკაო, - მანუგეშებენ.  რაღა მიჭირს აწი, ნანუგეშები ვარ! ეგეთები ხომ ქალს არ ირთავენ, ერთმანეთში ქორწინდებიან! შენც გაყოლოდი შენნაირს! ჩემს ცოდვას რაღას იდებდი კისერზე, რაღას მაუბედურებდი?! ან ეს ანგელოზი ბავშვები რაღად გინდოდა და სამუდამო სირცხვილისთვის რაღად იმეტებდი?! მაგათ რა დააშავეს? ხვალ რომ წამოიზრდებიან და ოჯახის შექმნა რომ მოუწევთ შენს ვაჟს გოგოს ვინ გამოატანს,  ან შენს გოგოს ვიღა ითხოვს?! არ იტყვიან ხან აქეთ გადმოკურტუმდება მამა მაგათი, ხან იქითო?! არა, მე ამ ლაქით, ამ ჩირქით ვერ ვიცხოვრებ! - ქალმა ბოლო სიტყვები ქვითინარევად წამოიყვირა და კარი ზურგსუკან გაიჯახუნა.  

ოთახში მარტოდ დარჩენილი ალფაშა ერთხანს გონზე ვერ მოვიდა. იდგა გაშეშებული და დაზეზებული. ცოლის მართალი სიტყვების საპასუხოდ რა უნდა ეთქვა?  სათქმელი ხომ უნდა გქონდეს, რომ თქვა? სათქმელი რომც ჰქონოდა მაინც ვერ იტყოდა, თითქოს მეტყველების უნარი დადამბლავებოდესო. ოთახის კარი აზრდაუტანებლად გააღო და დერეფანში გავიდა. ცოტა ხანს გაჩერდა. შემდეგ სასტუმრო ოთახში გავიდა. იქ თვალცრემლიანი ცოლი და  ცამეტი წლის ქალიშვილი დახვდა, ბიჭი სადღაც გასულიყო. კარებთან ცოტა ხანს იდგომილა, რაღაცის თქმა მოუნდა, გადაიფიქრა. უკანა გზაზე დერეფანში ვაჟს გადაეყარა. გვერდით ჩავლისას ბიჭმა თავი ჩაქინდრა და რაღაც წაიღრინა.

- რააა? - უხიაგად იკითხა ალფაშამ

- უბანში ბავშვები მამა ცისფერი გყოლიაო მეუბნებიან!... -  უპასუხა ბიჭმა და ოთახში ისე შევიდა ალფაშასთვის სახეშიც არ შეუხედავს.

ალფაშა ახლა დერეფანს შერჩა ერთხანს და შემდეგ გავიდა. ეზოში წარბების ქვემოდან მიმოიხედა ირგვლივ, იგრძნო რომ გვერდითა სახლების ფანჯრებიდან, ფარდის უკან  მისგან აქამდე კაცების სათვალავში ჩაგდებული მეზობლები  დგანან და ფარულად და ზიზღნარევი ირონიით უთვალთვალებენ.

თავი ჩაქინდრა და ავტოფარეხისკენ გაემართა.  პულტით ჯერ ფარეხის, შემდეგ კი მანქანის კარი გააღო, საჭეს მიუჯდა და მანქანა გამოიყვანა. მერე ჩამოვიდა, ჭიშკარი გააღო, მანქანა გაიყვანა. ამ დროს შეამჩნია, რომ ქუჩის შესახვევში უსაქმურად ჩამომსხდარი ბიჭები მისკენ იყურებიან და ეშმაკური ღიმილით რაღაცას სისინებენ.  მანქანიდან ჩამოვიდა და როცა ბიჭებისგან ზურგშექცევით ჭიშკარს კეტავდა  ცხადად და აშკარად „ო, ცისფერო ღამეებო, ო, ცისფერი ღამეებო“- ო ვიღაცის საკმაოდ ხმამაღლა ნაღიღინარი შემოესმა. რამის სათქმელად არა, ისე შემობრუნება და  უკმეხად შეხედვა დააპირა, მაგრამ ვერ გაბედა, უფრო უარესის გაგების შიშით გადაიფიქრა.  ჭიშკარი მიკეტა, თავი დახარა და მანქანაში ჩაჯდა. უბნის ბიჭებს თვალი აარიდა და მანქანა დაძრა. ამასობაში მეზობელი ქალი შემოხვდა, ქალმა  პირდაპირ თვალებში ჩახედა, მაგრამ ალფაშას სალამზე  არ უპასუხა. ცოტა რომ გაიმანძილა უბანში თავისი ნაზოია მანერებით ცნობილი მეზობელი შენიშნა -  გზის ნაპირას იდგა და ირგვლივ იყურებოდა. ალფაშას მანქანა რომ მოჰკრა თვალი სიხარულით წამოიწია და ხელი დაუქნია. ალფაშამ გაუჩერა.

- სალამი.

- სალამი!

- იქით მიდიხარ?

- კი.

- მეც იქით მივდივარ.

- დაჯექი! - ალფაშამ ეს სიტყვები შესამჩნევი ზიზღით წარმოთქვა.

კაცი მანქანაში მოკალათდა. ალფაშამ ფეხი კვლავ გაზს მიაჭირა.

- ალფაშა!

- ჰო.

- აქეთ მომხედე... მე ეგეთ ამბებს ცუდი თვალით არ ვუყურებ...

- რას არ უყურებ ცუდი თვალით? - ალფაშას ხმაში ძალად შეკავებული ბრაზი გაისმა

- იმ ამბავს - კაცი ეშმაკურად გაიკრიჭა.

- რომელ ამბავს?

- დღეს ტელევიზორში გაჩვენეს, მაღაზიაში...

- მერე რა?!

- საქმე ასე თუ იყო, რატომ არ მეუბნებოდი? მე ყველაფერს გაგებით ვეკიდები...

- გაგებით ეკიდები?

- აბა რა. მსოფლიო იცვლება... ესენი კი ჩამორჩენილები არიან...  ჩვენ მეგობრები შეიძლება გავხდეთ...

- რა გაგებით?

- მე შენ კარგ „კრუგში“ შეგიყვან,  მაგარი ბიჭები შემიძლია გაგაცნო... შენ კი  შენს „კრუგს“ გამაცნობ.

ალფაშამ მანქანა გამეტებით დაამუხრუჭა.

- ჩადი!

- რა?

- ჩადი მეთქი, გეუბნები!

- გაჩე, რა გჭირს

- ჩაეთრიე!

- მერე დიდხანს მოგიწევს ჩემი ძებნა, მაგრამ მაინც ვერ მიპოვი იცოდე!

- დაახვიე-მეთქი აქედან!

- მომისმინე!

ალფაშას მოთმინება დაეკარგა. ჩავიდა, კარი გააღო, თანამემუსაიფეს მკლავში ჩაავლო ხელი და გაქაჩა:

- სანამ მართლა ძაღლის ლეშივით არ მითრევიხარ, ჩამოდი!

- შენ იცი! - კაცი მიხვდა, რომ ალფაშასთან ვეღარ გარიგდებოდა, ამიტომ ბრძანებას დაჰყვა და ჩამოვიდა, - მყუდრო ადგილიც გვაქვს ჩვენ...

- მოუსვი აქედან! - მეზობლის ფეხი მიწას შეეხო თუ არა ალფაშამ ზურგზე ხელი ჰკრა. კაცი წაბორძიკდა, მაგრამ არ წაქცეულა,  ალფაშას სწრაფი ნაბიჯებით შორდებოდა და თან გაკვირვებული მალი-მალ ზურგსუკან იყურებოდა.

- ისედაც შენი გეობა ქვეყანამ გაიგო! - მიაყვირა ალფაშას და შესახვევში სასწრაფოდ გაუჩინარდა.

ალფაშა მანქანაში ჩაჯდა, დაძრა და გულში სინანულიც იგრძნო: ტყუილად გავაგდე, სირცხვილია, რაც არ უნდა იყოს უბნელია, ყოველდღე ვხვდებით... არ უნდა გამეგდო... ილაპარაკებდა და გაჩერდებოდა... თანაც მართალია კაცი. ჯერ ერთი ტელევიზორში „ბლანდინკა ალფაშა“ თავისი თვალით ნახა. მეორეც, საცა სამართალია მეც მაგათი ჯილა ვარ, რა მნიშვნელობა აქვს - გინდ ერთხელ მომხდარა, გინდ ათასჯერ! არ გეტყვიან მოხდა? კი!  აბა რაღას იმანჭები და ინაზები? მოსახდენი ერთხელაც მოხდება და ორიათასჯერაც... არა, თუ არ მომხდარა ეგ სხვა თემაა...  და ვინ ადასტურებს რომ არ მომხდარა? მქმნელი! მის გარდა კიდევ ვინ? არავინ!  მაშ, რატომ არავინ?   მაქმნევებელმა ხომ უნდა იცოდეს, მაგრამ არ იცის...

ალფაშამ ამგვარი არეული ფიქრებითა და ჩახლართული ქუჩებით იარა და ბოლოს მანქანა თავისი ოფისის წინ გააჩერა. მცირეხანს არ გადმოვიდა. თანამშრომლებისთვის სახეში შეხედვის თავი არ ჰქონდა.

თანამშრომელთა უმეტესობა ალბათ სახლში იყო წასული. ამ დროისთვის ოფისის დარაჯის გარდა ერთი-ორი კაცი შეიძლება შემორჩენილიყო, შეიძლება არა.

ალფაშამ ოფისის ეზოს კარი რომ გააღო მღელვარებისაგან მუხლები აუკანკალდა. დარაჯი მისი დანახვისთანავე წესისამებრ წამოდგა.  დირექტორმა თავი ხელში აიყვანა და დარაჯს ყურადღებით ჩააცქერდა თვალებში. დარაჯმა ოდნავ გაუღიმა და მყისვე დასერიოზულდა, მაგრამ ამ სერიოზული სიფათის მიღმა  შებორკილი მურტალი ღიმილის კვალი მაინც მოჩანდა. ანდა შესაძლოა ასეთი ღიმილი სულაც არ  ყოფილიყო, თუმცა თავის ჩრდილზეც კი დაეჭვებულ ალფაშას ეჩვენებოდა, რომ იყო.

- ოფისში ვინაა? - ალფაშამ ასეთ მდგომარეობაში რამდენადაც კი შეეძლო  გოროზი ხმით იკითხა.

- არავინ!

- არავინ?

- მხოლოდ თქვენ და მე გახლავართ.

- ჩვენ ორნი ვართ?

- დიახ, მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ - დარაჯმა ისევ გაუღიმა.

- აბა რას გვირჩევ ახლა, რა ვქნათ? - ალფაშამ დარაჯის გულისნადების ამოსაცნობად იკითხა.

- რა გაგებით?

- ყველა გაგებით! - თქვა ალფაშამ და დარაჯს ისევ ჯიქურ ჩახედა თვალებში.

- რასაც თქვენ საჭიროდ ჩათვლით, ის ვქნათ - თქვა დარაჯმა და ისევ უაზროდ გაიღიმა.

ალფაშამ მის ნათქვამს თავი-ბოლო ვერ გაუგო. ნებისმიერი აზრით შეიძლება ახსნილიყო. ამიტომაც მარმარილოს კიბეს აუყვა.  ჯერ მხოლოდ სამი საფეხური აევლო რომ, მკვეთრად შემობრუნდა, აინტერესებდა დარაჯი უყურებდა თუ არა? არ უყურებდა, წეღან დირექტორის შემოსვლისას ჭამა რომ შეეწყვიტა, იმ  ძეხვიან ბუტერბროტს შეექცეოდა.

           

                  ***

ალფაშას დილით ოფისში თავისი კაბინეტის უკან მდებარე ვიწრო, მაგრამ თბილი და კონფორტული ოთახის   დივანზე გაეღვიძა. დღის განმავლობაში გადატანილი მძიმე სტრესისაგან გასათავისუფლებლად საღამოსვე ძილის აბი მიეღო და გაუხდელს ჩასძინებოდა.   

თვალის ახელიდან რამდენიმე წამის შემდეგ მეხსიერებაში პირველი რაც გაუცოცხლდა, გუშინდელი შემთხვევა იყო. თავისთვის გაიფიქრა: უკვე ორი დღეა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა,  მე ის ალფაშა აღარა ვარ. აქ ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ ეს მარტო მე კი არა, მთელ ქვეყანას მოეხსენება. უკვე ალბათ ოჯახიც აღარ მყავს და დაუოჯახებელი, ამჩატებული ქალებივით იმიჯშელახული ადამიანი ვარ.

წამოდგა, ელექტროსაპარსი დენს შეაერთა და პირი გაიპარსა. შემდეგ ხელ-პირი დაიბანა. წყალმა გუნება გამოუკეთა. თავის ადგილს  დაუბრუნდა. ცოტა ხანში კარსიქითა გამოცოცხლებით იგრძნო, რომ თანამშრომლები მოვიდნენ და მუშაობას შეუდგნენ.

ალფაშამ ერთი კი ინდომა, მოდი თანამშრომლებს შევუვლი, მივიკითხ-მოვიკითხავ, საქმის ავან-ჩავანზე დაველაპარაკები, ჩვეულებისამებრ გავეხუმრები და მსუბუქად გავეღადავებიო, მაგრამ წელი ვერ აითრია, რადგან შიგნით საამისო მუხტი ვერ მოიძია. თანამშრომლების სავარაუდო გამკიცხავ მზერას შეუშინდა.

ამგვარ გამაწამებელ ყოყმან-ჭოჭმანში  ერთმა საათმა განვლო. გუშინწინდელი საღამოსაქეთ, ლოგინში დედიშობილად შეწოლამდე, გამორთული მობილური ჩართო. ტელეფონმა ჩართვისთანავე დარეკა. დახედა, მოადგილე იყო.

- ალო!

- სალამი, ბატონო ალფაშა![1]

- სალამი! - ალფაშამ ყურადღება მოიკრიფა, უნდოდა გაერკვია მოადგილეს ხმაში მისდამი რამე ცვლილება თუ გამოუკრთოდა.

- დღეს მოხვალთ სამსახურში?

- მოსული ვარ.

- აქ ხართ? როდის მოხვედით, მე რატომ ვერ შეგამჩნიეთ?

- დილაადრიან.

- გუშინ იმდენი დაგირეკეთ, მაგრამ გამორთული გქონდათ.

- ჰო, გამოვრთე.

- ე.ი. ახლა კაბინეტში ხართ, ხომ?

- კი!

- დრო თუ გაქვთ შემოვალ. ბევრი საკითხი გვაქვს გასავლელი.

- შემოდი!

ალფაშა წამოდგა და გუშინ ყოველი შემთხვევისთვის ჩაკეტილი კარის გასაღები გადმოატრიალა. მერე ისევ თავის ადგილას დაბრუნდა, სახე საკმარისად მოიღუშა და სერიოზული იერის მიღებას შეეცადა. შემდეგ კალამს სწვდა და წინ მდებარე ქაღალდს ჩააცქერდა, ვითომ რაღაცას კითხულობს ან ასწორებსო.

ცოტა ხანში კარი გაიღო  და საშუალო ასაკის  ტანმსხვილმა, მსხვილულვაშა მოადგილემ შემოაბიჯა. მოადგილეს ცოტათი მღელვარება ეტყობოდა, იგრძნობოდა რომ არ იცოდა თავი როგორ დაეჭირა.

- შეიძლება?

- შემოდი, დაჯექი!  - ალფაშა მოადგილის სახეში გამომცდელად უყურებდა, მის მოძრაობებს  ყურადღებით აკვირდებოდა, სურდა გამოეცნო რამე თუ იცოდა და თუ იცოდა რა აზრის იყო.

მოადგილე მივიდა და ალფაშას მოპირდაპირედ დაჯდა.

- როგორაა საქმეები?

- არ არის კარგად, ბატონო ალფაშა.

- რა იყო? ერთ დღეში სამყარო დაგვექცა თავზე? - ალფაშამ ეს კითხვა მოადგილის ასალაპარაკებლად განგებ დასვა.

- სწორედ დაქცევასავით რაღაც დაგვემართა.

- რა მოხდა?

- გუშინ შუადღის შემდეგ ჩვენი პარტნიორი ფირმების უმრავლესობამ დარეკა და ჩვენთან კონტრაქტების შეწყვეტა გვაცნობა.

- რატომ? - ალფაშამ ეს ისე იკითხა, ვითომ  საბაბი არ მოეხსენებოდა.

- არ ვიცი, არც საქონელს მოგვაწვდიან და არც საქონელს იყიდიან ჩვენგან.

- რამდენმა ფირმამ დარეკა?

- ხუთმა!

- დაშდამირმაც ასე გადაწყვიტა?

- დაშდამირმა თავად დარეკა.

- რაო, რა მინდაო?

-  კონტრაქტს ცალმხრივად გიწყვეტთო.

- მიზეზი არ გიკითხავს?

- ვიკითხე.

- მერე?

- ბოდიში მომითხოვია, - მოადგილემ ჯერ პირი მირიდა, შემდეგ თავი ჩაქინდრა, - რა ვიცი, მიედ-მოედება.

- რას ამბობს კი მარა...

- ამბობს..

- ჰა! რაო?

- ამბობს, მე ალფაშასთან ვთანამშრომლობდი, „ბლანდინკა ალფაშასთან“ კი არაო...

- „ბლანდინკა ალფაშა“ ვინღაა?

- თქვენ გგულისხმობთ.

- მე?   

- დიახ, პარიკზე მიანიშნებს.

- ე.ი. მასაც უნახავს...

- უნახავს...

- შენც უყურე?

- ოთახში ტელევიზორი ჩართული იყო. ბედად ჩემთან იყვნენ, ყველა უყურებდა... მეც...

- დაიჯერე მერე? - ალფაშამ ისეთი ტონით იკითხა, ცხადი იყო  მოადგილისგან „არას“ მოსმენა სწყუროდა.

- თავდაპირველად არ მეჯერა. შუადღის ამბებმა რომ გაჩვენათ ჩემთან მყოფმა თანამშრომლებმა გაოცებულებმა იყვირეს შეხედეთ  დამნაშავეს ალფაშა მძევლად აუყვანიაო... მე შემოვწყერი, სისულეებს ნუ ჩმახავთ-მეთქი, ბრმები ხომ არა ხართ, ქალია, უბრალოდ ალფაშას ჰგავს! ადამიანი ადამიანს რომ ჰგავდეს რა არის ამაში გასაკვირი-მეთქი. გაჯიუტდნენ - გინდა თუ არა ალფაშააო. თუ არ გჯერა რაზეც გინდა დავნიძლავდეთო! აქ დავუცაცხანე, ვუთხარი, ხმა ჩაიწყვიტეთ და მორჩით როშვასა და ყბედობას, ვერ ხედავთ ქალბატონია, თანაც ქერა-მეთქი.  ლამის მართლა დავაჯერე და გავაჩუმე, რომ იმ მამაძაღლმა პარიკი მოგაძროთ და პოლიციელს ესროლა.  ეს რომ ვნახე, ლაპარაკის უნარი წამერთვა, სათქმელი აღარაფერი დამრჩა. ოთახში კი პირდაპირ გუგუნი  ატყდა, - ნახეთ? ახლა დარწმუნდით?! - ყვიროდნენ ყველა მხრიდან.

- ყველაზე მეტს ვინ აქტიურობდა?

- ნიშაფური.

- არამი იყოს ჩემი ამაგი! უმადური!

- ეგეთები ადამიანის გასატრივაზებლად მომენტს უცდიან...

- ფირუზმა რაო?

- ტყუილს ვერ ვიტყვი. მას არ გადაუმლაშებია. ტელევიზორს ინტერესით მისჩერებოდა მხოლოდ.

- ჰოოო, პარიკი რომ მომხადეს შენც დაიჯერე.

- გავოგნდი, ვერ გადავწყვიტე თვალებისთვის დამეჯერებინა თუ არა... მაგრამ ეკრანს ყურადღებით რომ შევაცქერდი, ვნახე... ვნახე...  

- რა ნახე?

- დავინახე რომ თქვენ იყავით...

- და დაიჯერე...  

- რა გითხრათ ღმერთმანი, ჯერაც გონს ვერ მოვსულვარ.

- თვალი ნანახს იჯერებს...

- ეს თქვენ თქვით...

- ყველა თანამშრომელი ადგილზეა?

- ყველა ადგილზეა.

- რას იტყვი, გავიდე და ვეჩვენო? თუ გამოჩენა ჯერ არ ივარგებს?

- გასვლა და ერთი „ობხოდი“ არ გაწყენდათ. რომ არ გახვიდეთ ეჭვები გაუღრმავდებათ.

- კარგი, გადი ამბობ და გავიდეთ, ოთახები მოვიაროთ! - თქვა ალფაშამ და წამოდგა. მოადგილეც გაჰყვა.

ალფაშას მოჰკრეს თუ არა თვალი, თანამშრომლები დაიბნენ, ვერ მიხვდნენ ძველებურად მოპყრობოდნენ თუ გუშინ ტელევიზორში, სხვადასხვა არხებზე რამდენჯერმე ნანახი იმიჯის შესაბამისად. ზოგიერთი შიგნეულობის  ქარბორბალასავით ამღვრევ უნაირო სიცილს დიდი ძალისხმევის ფასად იკავებდა და ყოველივე ამას ალფაშა მათ სახეებზე კითხულობდა. თუმცა თქმით ვერაფერს ეუბნებოდა. ანდა რას ეტყოდა განა?  ამათაც ხომ ვერ ჰკითხავდა ტელევიზორში ნანახისა ანუ თქვენი პატივცემული დირექტორის ცისფერობისა გჯერათ თუ არაო? არ მოუბრუნდებოდნენ და არ ეტყოდნენ, რომ აბა როგორ არ უნდა დავიჯეროთ, როცა მაღაზიაში ქერაკულულებიანი პარიკი ჩვენ თვალწინ მოგაძრეს და პოლიციელს მიუგდესო. ის კი არადა, კინაღამ ის ყვავილებიანი კაბაც შემოგახიეს და ჯამაათის თვალწინ გაგაუპატიურესო... ახლა თავად ბრძანეთ ბატონო დირექტორო როგორ არ დავიჯეროთ. თუ ამ დასაბრმავებელი თვალებისა არ ვიწამებთ, დასაყრუებელი ყურებით ხომ გვესმოდა? მთელი დღე სხვადასხვა არხების ახალი ამბების წამყვანები ერთხმად იმეორებდნენ, რომ ცნობილი რეციდივისტი დევნისას, ამადაამ მაღაზიაში შევარდა და იქ შემთხვევით გადაყრილ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი აიყვანა მძევლად. საბედნიეროდ, მძევალი მალევე გაათავისუფლა და მიიმალა. ყველაფერი ეს კი მაღაზიის სათვალთვალო კამერამ ჩაიწერა, ახლა კი იმ იშვიათ კადრებს წარმოგიდგენთო... -აჰა ესეც შენ თვალით ნანახის ყურებით გაგონილი სამხილი!

ალფაშა ასეთ პასუხს წინასწარ გუმანობდა და ამიტომაც გუშინდელ ამბებზე კრინტიც არ დაძრა. სამუშაო ოთახების შემოვლისას კი თავი ისე დაიჭირა თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ ასეთ შემთხვევასთან პირველი შეხების მქონე საბრალო თანამშრომელთაგან ყველაზე მგრძნობიარეებს თავის შეკავება უჭირდათ, თითქოს სახისა და თვალების გამომეტყველებას ვეღარ აკონტროლებდნენ.

ალფაშა ნიშაფურს დერეფანში გადაეყარა და მისკენ მწარედ გაიხედა. როცა ნიშაფურმა პირზე ორაზროვანი ღიმილით „გამარჯობა, ბატონო ალფაშა!“- ო მიესალმა და ჩაუარა, ალფაშამ უკან მიიხედა. ამ დროს ნიშაფურიც უკან, მისკენ იყურებოდა თურმე და მათი მზერა ერთურთს შეეჯახა.

- უკნიდან რაღას მიყურებ, ბიჭო! - უყვირა ალფაშამ და უნებურად ხელი უკან მოისვა.

- მე თქვენ არ გიყურებდით! - მოიღრუბლა ნიშაფური.

- მიყურებ და!

- ბატონო ალფაშა - ნიშაფურმა ეშმაკურად ჩაიღიმა - არხეინად იყავით, მე ეგეთი რამეები არ მაინტერესებს...

- რანაირი ეგეთი რამეები არ გაინტერესებს?  - აილანძა ალფაშა.  

- თქვენ რაც გაინტერესებთ, ის...

- მე რაც მაინტერესებს?

- დიახ, მე ეგეთი რამეებისგან შორს ვარ და ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის ერთგული გახლავართ!

- დღეისამასიქით ამ ფირმაში აღარ მუშაობ, გაიგე?! - ამოთქვა ალფაშამ ჩახლეჩილი  ხმით.

- უამისოდაც ვიცოდი რომ ჩემნაირების ადგილი თქვენთან არ არის. თქვენ თქვენნაირები გჭირდებათ.

- გაეთრიე! ამ წუთიდან ამ ოფისში არ გნახო!

- რომც ინდომოთ მაინც ვერ მნახავთ!

მიახალა ნიშაფურმა და გატრიალდა. ამის შემდეგ ალფაშას ოფისში არავის მოუხედავს უკან, მიხვდნენ რომ ძალიანაც საშარო საქმე იყო ეს.  სინამდვილეში უკან მოსახედებელიც არაფერი იყო, რადგან ალფაშა სამი დღე და სამი ღამე გარეთ მყოფებისთვის ოფისიდან, ხოლო ოფისში მყოფებისთვის კაბინეტიდან არ გამოსულა.  

არავინ მიუღია, არავის გასაუბრებია და ამიტომ ვერავინ შეიტყო თუ ალფაშა რითი იყო დაკავებული, რას ფიქრობდა, რა გადაწყვეტილებებს იღებდა.

ენაჭარტალები (ოფისის თანამშრომლებზეა საუბარი) ფსუკუნით ჩურჩულებდნენ, რომ მგონი კაბინეტში საერთოდ არ ბრძანდება, ღამით სიმშვიდემ რომ დაისადგურა, დარაჯმა რომ დაიძინა, დირექტორმა დრო იხელთა და თავისი საყვარელი,  ყვავილებიანი კაბა ჩაიცვა, პარიკი თავზე დაიკოსა და უძველესი პროფესიის სამსახურში ჩასადგომად, სიამოვნებისაგან ასაკრუტუნებლად გაიქცა და მას მერე არ დაბრუნებულაო.

თუმცა ამ მონაჩმახის გასაბათილებელი ერთი ფაქტი ოფისის ეზოში, თუ შეიძლება ითქვას, ფეხმოუცვლელად იდგა. ეს ფაქტი ალფაშას მდიდრული მანქანა გახლდათ. სამი დღის წინ პატრონმა სადაც დააყენა, იქვე იდგა.

ამ ფაქტის გაბათილების მოსურნეები ისევ არ ნებდებოდნენ და ამბობდნენ, რომ მანქანა თვალის ასახვევად უყენია, თავად კი თანამოაზრეების მანქანით წასულაო.

თანამშრომლებმა თუ არ იციან, ჩვენ ვუწყით, რომ ეს ყველაფერი ჭორებისა და მითქმა-მოთქმის მეტი არაფერია. სინამდვილეში იმ კაცს სამი დღე-ღამის განმავლობაში კაბინეტიდან ფეხი არ მოუცვლია, ღრმა ფიქრებში წასული, მელა რომ მახიდან თავის დახსნას ლამობს, ისიც გამოსავალს ეძიებდა. 

ამ დროის განმავლობაში ტელეფონზე ზარებიც შემოუვიდა. ზოგიერთი ყურმილში დუმდა და ვნებიანად ქსუტუნებდა. ალფაშა ერთი-ორჯერ „ალო, ალო!“ ჩასძახებდა და თიშავდა. მერე ისევ რეკავდნენ და აღგზნებული ხმების რიტმს უფროდაუფრო უმატებდნენ.

„იკვნესე, იკვნესე, ვნახოთ სანამდე იკვნესებ მე შენი ცოცხალ-მკვდარი...!“ ალფაშა ამ სიტყვებს კბილებსშორის გამოცრიდა-ხოლმე და ტელეფონის ყურმილს გამეტებით ახეთქებდა. ზოგიერთნი უფრო ღიად მოქმედებდნენ. მაგალითად, რეკავდნენ და ჯერ არკვევდნენ  ალფაშას ესაუბრებოდნენ თუ არა და შემდეგ, როგორც თავად გუშინწინ იმ ადამიანს რომ ჰკითხა,  ამათაც მომსახურების საათობრივი ღირებულება აინტერესებდათ.  ალფაშა ასეთებს პასუხს არ სცემდა, ყელში მომდგარი ნაღველისგან გაგუდული ყურმილს კიდებდა.

ამგვარად, ამ სამმა დღემ აბურდულ ფიქრებსა და  ზარებში ჩაიარა. ალფაშამ რაც არ გაწელა, რაც არ გამოწელა, მაინც ვერაფერი გამოიტანა.

 მეოთხე დღეს სამუშაო დროის გასვლის შემდეგ ალფაშა კაბინეტიდან გამოვიდა და გაოცებულ დარაჯს „საღამო მშვიდობისათი“ მიესალმა და გასცდა. თუმცა მთლად მაშინვე გასცდაო ვერ ვიტყვით, რადგან კარში გასვლისთანავე შემობრუნდა და მოიხედა. ძეხვიანი ბუტერბროდის გამეტებით მღეჭავი დარაჯი საბედნიეროდ მისკენ არ იხედებოდა. ამ დარიბაისელი და თვალმაძღარი დარაჯისადმი პატივისცემა ერთი-ორად მოემატა და როცა მანქანაში ჩაჯდა, რა იფიქრა, რა არ იფიქრა, ჩამოვიდა და დარაჯს 50 მანათი აჩუქა. დარაჯმა გაკვირვებით შეხედა. „რისთვის?“ - იკითხა. „კაი კაცი რომ ხარ იმისთვის...“ - უთხრა ალფაშამ და ისევ მანქანისკენ გასწია. თუმცა ეს არ უნდა ექნა. რადგან იმ ფულმა ახალ ჭორებს დაუდო სათავე: დილით ოფისში მოსულმა თანამშრომლებმა იმ ფულის ამბავი რომ გაიგეს ისევ მოჰყვნენ ჩურჩულს: „ უიმე გოგო  სულ გამოტუტუცებულა და გუშინ ღამე დარაჯს „ეპადხოდებოდა“ თურმე. ჯიბეში 50 მანათი ჩაუკუჭავს (ზოგიერთები ასზე დებდნენ თავს) და უთქვამს, მაგარი ბიჭი ხარ, ძალიან მომწონხარ და ვკვდები უშენოდ, რომ გხედავ სულერთიანად ვდნებიო...“

მოკლედ... ბეჭებზე დარაჯის გაოცებულმზერამიმსჭვალული ალფაშა მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ გასწია. ძველი დრო რომ ყოფილიყო ჯერ აქა-იქ შეივლიდა, დოსტებს მოიკითხავდა და სახლამდე დღიურ ნიშატს მიიღებდა. მაგრამ ახლა ალფაშას მაგისთვის არ ეცხელა, შესაძლებლობის ფარგლებში არავის ნახვა არ სურდა და რაც შეიძლება მალე უნდოდა სახლში მისვლა.

თავისი სახლი შორიდან გამოჩნდა თუ  არა  ზემოთა სართულის ფანჯრებს დააკვირდა. არცერთში შუქი არ ჩანდა, შესასვლელი კარის ზემოთა ნათურაც არ ენთო. ე.ი. სახლში არავინ არ იყო.  შეიძლება სახლში არიან და მწუხარებისგან ადრე დაუძინიათ.  მაშინ, ეზოს შუქი რატომღა ჩააქრეს?  არა, ეს კარგი ამბავი არ არის, სახლი უკაცრიელია.

ალფაშამ მანქანა ჭიშკართან გააჩერა. როგორღაც გააჩერაო უფრო ეთანადება, რადგან მისთვის თვალის ჩინივით ძვირფასი სახლის ფანჯრების სიბნელემ მუხლებში ძალა წაართვა თითქოს და მუხრუჭისთვის მისაჭერი ღონე ააცალა. ოჯახის სამუდამოდ დანგრევის მაუწყებელი იყო ეს.

ჭიშკრის გაღებისას ინსტინქტურად ირგვლივ მოავლო თვალი. უსაქმურების ბირჟაზე ორი სამი ჩრდილი ილანდებოდა. მეზობლების ფანჯრებში შუქი იდგა და ეს თითქოს მისი სახლის სიბნელეში ჩაძირვის ხაზგასასმელად, ამ სიბნელის კიდევ მეტად ჩასამუქავად ხდებოდა.

ამ წუთებში ალფაშას მოეჩვენა, რომ ქუჩის კუთხეში მდგომი და სიბნელეში სიგარეტის მგლის თვალებივით ამბრდღვიალებელი ბიჭები და სახლში მყოფებიც ღვარძლიანი ღიმილით  შესცქერიან თავიანთ ახალიმიჯიან მეზობელს, მის მდედრულ ვნებაზე, დაუოკებელ ლტოლვებზე ჩურჩულებენ.  

ალფაშამ მანქანა ავტოფარეხში შეიყვანა. პულტის ღილაკს დააჭირა და კარი დაკეტა. შემდეგ სახლის კართან მივიდა, სახელური დასწია - კარი დაკეტილი იყო. გასაღები ამოიღო და გააღო. სახლის უკუნმა თავისი პატრონი უკუაგდოო თითქოს. ხელების ფათურით დერეფნის ჩასართველს მიაგნო და შუქი აანთო. ფეხსაცმელები გაიძრო, ოთახში შევიდა, იქაც აანთო შუქი. სახლი უკაცრიელი იყო. სახლის ამ სიცარიელეში, ამ უკაცრიელობაში ადამიანი ზედმეტი იყო თითქოს. ყოველ კუთხე-კუნჭულში სიცარიელეს დაესადგურებინა, რომელმაც ალფაშა ყველანაირ ხალხმრავლობაზე მეტად შებოჭა.

ალფაშას გული ყელზე მოებჯინა, ტირილი მოუნდა, მაგრამ ვერ იტირა. უცებ მაგიდაზე ქაღალდის ნაგლეჯს მოჰკრა თვალი. განცდილი ურვისაგან ხელაკანკალებულმა აიღო და წაიკითხა: „ალფაშა, ამ სახლში დარჩენა აღარ შემიძლია, ცისფერ კაცთან ერთ ჭერქვეშ ვერ ვიცხოვრებ. ბავშვები მიმყავს და მამაჩემთან გადავდივარ. ჩემი შვილების მომავლის ყოველგვარი ლაქისაგან და ჩირქისაგან დაცვა ჩემი დედობრივი ვალია. რა გაეწყობა, ჩვენი ბედიც ასეთი ყოფილა. ამიერიდან იმ ალფაშას მოგონებებით ვიცხოვრებ, ახალგაზრდობისას რომ გავიცანი და  თბილი ბუდე რომ შევკარი. მხოლოდ ერთზე ვწუხვარ - როგორ მოახერხე, რომ ამგვარი თახსირი და უზნეო ცხოვრება ჩემგან დამალე?! ყველაფერი ზედ ჩემ ცხვირწინ ხდებოდა და მე ბაიბურშიც არ ვყოფილვარ. მშვიდობით“.  

ალფაშამ წერილი მაგიდაზე დააგდო, მძიმედ ჩაისუნთქა და რაც არ უნდა უადგილო ყოფილიყო,  კვლავაც ანგარიშმიუცემლად ხელი უკან მოისვა.

მცირე ხანს ასე უზრახოდ იდგომილა. შემდეგ შებრუნდა და კარი დაკეტა, დერეფნის შუქი ჩააქრო და ისევ ოთახში დაბრუნდა. დივანზე ჩამოჯდა და ფიქრებში ჩაიძირა. მასუკან ისევ წამოდგა და ოთახები მოიარა. საძინებელი ოთახის კარებთან ჩამოდგა და მეუღლესთან გაზიარებულ საწოლს შეაცქერდა. კედლის საათი შეუსვენებლივ წიკწიკებდა, თითქოს რაღაცამ უნდა იხდომილოსო. „დრო სიცარიელეშიც გადის თურმე“ - გაიფიქრა ალფაშამ, - პირველადაა უადამიანო დროს რომ შევესწარიო. მაგრამ რადაც არ უნდა დამიჯდეს ამ სახლში ხალხი უნდა დაბრუნდეს. ეს დაუღალავად მოწიკწიკე საათიც ამაზე მიანიშნებს. დრო თუ არ გაჩერებულა ე.ი. იმედიც ცოცხლობს. დროს ყველაფრის შეცვლა შეუძლია, ვითარებას ერთხელაც შეცვლის და ხუთჯერაც

საათის უწყვეტი წიკწიკის მოყურადე ალფაშას გულს უცნაური ოპტიმიზმი მოეფინა.

უეცრად შემობრუნდა და წეღანდელ ოთახში დაბრუნდა. მაგიდიდან ქაღალდის ნაგლეჯი აიღო, ორად გაკეცა და ჯიბეში ჩაიდო. ირგვლივ მიმოიხედა. იგრძნო, რომ სახლში ვერ დარჩება, ღამის სიცარიელე დაახრჩობს. გარეთ გავარდა. პულტის ღილაკს დააჭირა და ავტოფარეხის კარი გააღო. „უნდა გავიგო სასტუმროდან უვნებელი გამოვედი თუ არა. ამას თუ დავადგენ ოჯახის დასაბრუნებლად რამეს მოვიფიქრებ” –   ეს ყველაფერი მანქანაში ჩაჯდომისას გაიფიქრა.

იმ საღამოს ალფაშამ ქალაქის ქუჩებში იხეტიალა. მიდიოდა, თუმცა უმისამართოდ. შემდეგ საჭე მოატრიალა და უკან გამობრუნდა. უკანა გზებიც უმისამართო იყო. ეგება ქალაქის ჩახლართულ ქუჩებში საკუთარი თავისთვის გზა-კვალის არევა და მიტოვება ეწადა, ვინ იცის... რომ გეკითხა თვითონაც ვერ გიპასუხებდა.

ერთი-ორჯერ საჭე უნებურად ხშირად ნასტუმრებ რესტორნისკენ დაიხვია, რამდენიმე ჭიქას გადავკრავ, სტრესს დავძლევო, მაგრამ იქვე გადაიფიქრა. სიტყვა აქვს მიცემული - სიკვდილამდე არ დალევს, თუ დალია  - საჭეს არ მიუჯდება.

რესტორნებთან ჩავლისას გააჟრჟოლა,  იმ ნაძირალას ბუასავით გამოჩენის ფიქრმა შეაჩქვიფა.

ახლომახლო რომ შემოეფეთოს ალფაშა რას იზამს ნეტა? ლომივით მივარდება და დაახრჩობს? ოჯახის დანგრევის, ხალხში თავლაფდასხმის, გაურკვევლობაში ჩატოვების გამო საძილე არტერიას გადაუხსნის და მის სისხლს დაეწაფება? თუ ჯერ ყელში წაუჭერს და იმ ღამით გადახდენილებს გამოჰკითხავს და მხოლოდ შემდეგ ათრევს ძაღლის ლეშივით? თუ  მაინც მოერიდება, აქაოდა ვითომ ვერ შევამჩნიეო, თავს მიიბრუნებს, ნამუსიანი ქალებივით გვერდს აუქცევს?

არა, თუ შეეფეთება ალფაშამ არ იცის როგორ მოიქცევა. ისიც ადამიანია. იმ მომენტში რომელი გრძნობა გაუბატონდება, რა იმპულსი  წამოუვლის საიდან უნდა იცოდეს.  ალფაშა ისევ დაიტანჯა და მომდევნო რესტორანთან „ არა, აქ არ გავივლიო!“ თქვა და მანქანა სახლისკენ რომ მოაბრუნა, გაოცებისაგან მანქანაშივე შეხტა. დაინახა, ცხადად დაინახა, ის იყო, მაგრამ თვალებს არ დაუჯერა.

ის, შეიძლება ითქვას, ისევ იმავ ადგილას, იმავ ტანსაცმელში, ქერა პარიკით, რესტორნიდან გამომავალი გზის კუთხეში მანქანებს მომლოდინე ღიმილით ათვალიერებდა. 

ალფაშა ვერც კი მიხვდა, თუ როგორ მივარდა მანქანით, როგორ გადმოვიდა და როგორ დააცხრა. თითქოს ეს ყველაფერი ალფაშამ კი არა, რაღაც შიგნითა გამოუცნობმა ძალამ ქნა და ალფაშა მასზე მიაგდო.

 ის დაიბნა, გაქცევა ინდომა, მაგრამ გვიანი იყო. ალფაშამ ყვითელ პარიკზე წაატანა ხელი, მოქაჩა და ცოტათი დამფრთხალი, შავ თვალ-წარბა, შავთმიანი, მაღალი გოგო შერჩა ხელში.

- შენ... შენ... ქალი ხარ?! – ალფაშამ დაბნეულობისა და სიხარულისაგან სხვა ვერაფერი მოიფიქრა.

-  დიახაც! –  ერთგვარი სიამაყით გაიღიმა გოგომ და დასტურის ნიშნად თავიც დაიქნია.

- იმ დღეს სასტუმროში... ასე რატომ მოიქეცი?..

- გეძინა და არ გაგაღვიძე... უჩუმრად წავედი.

ალფაშაზე გოგონას ირონიამ იმოქმედა, ამიტომაც ჰკითხა:

- ჩემი ტანსაცმელი რატომღა ჩაიცვი?

- გრძელი ამბავია...

- ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

- მაშინ მომისმინე და გეტყვი... მანამდე კი ჩაიზე თუ დამპატიჟებ კარგი იქნება.

- ტანსაცმელს ისევ ხომ არ მომპარავ?

- ნუ გაიხდი და არ მოგპარავ.

- კარგი, წავიდეთ! - ალფაშამ მანქანის კარი გაუღო, შემდეგ თვითონაც ჩაჯდა და რესტორნისკენ უქნა პირი.

                       

***

რესტორანის  წყნარ კუთხეში დასხდნენ. ალფაშამ ორისთვის ჩაი და ნამცხვარი შეუკვეთა.

- ჰე აბა! – ის ამბავი გააგრძელეო მიანიშნა ალფაშამ.

- ამ მეთოდით შენნაირებზე, ყველაფრით მაძღარ და ქალებისთვის სახეში მობოყინე კაცებზე ვიძიებ შურს – გოგონას სახეზე მწარე ღიმილმა გადაუარა.

- ჩემნაირებზე?

- ხო, აი ფული არაფრად რომ მიაჩნიათ, საკუთარის გარდა არავის ბედით რომ არ ინტერესდებიან, პირიქით, სადაც კი სათუთ არსებას ნახავენ, ფეხქვეშ რომ თელავენ, ისეთებზე...

- ვერ გავიგე.

- თითქმის ბავშვი ვიყავი, როცა შენნაირ ბიზნესმენს გადავეყარე, შევუყვარდი ვითომ. არადა, მიზანი ერთი ღამით განცხრომა ჰქონია, თურმე. როცა გამაუბედურა და მიმაგდო, ჩემ თვალში შენნაირები, ხალხის ხარჯზე გაქსუებულები ერთ სახედ გაერთიანდით.  რა შემეძლო. ეს ჩემმა დაქალმა მასწავლა. ისიც ჩემსავით მოტყუებული და გადაგდებულია. თვითონ მოუფიქრებია... უკვე წლებია რესტორნებიდან ცოტათი მოშორებით სმა-ჭამით გაბერილ კაცებს ვუსაფრდები. სასტუმროში მივყვები და ხელსახოცში გახვეულ ძილის წამალს ვასუნთქებ. წამლისა და სასმელის გავლენით იძინებენ. მე კი მათ ტანსაცმელს ვიცვამ და გავდივარ. გაღვიძებისას თავი შებღალული და ნამუსახდილი ჰგონიათ. ქალაქში უკვე საკმაოდ მრავალ მამაკაცს ჰგონია, რომ გადედლდა. იმ დღის მერე ინსტინქტურად უკანალზე ისვამენ ხელს. თუ ყურადღებით დააკვირდები, ასეთთა რიცხვი თანდათან იმატებს... სიკვდილამდე ამ გრძნობით ცხოვრობენ და ამაზე მეტი სასჯელი რა გინდა?!

- ოჯახი დამენგრა! ტანსაცმლის საყიდლად რომ წავედი, იქ ინციდენტი მოხდა და სათვალთვალო კამერებში მოვხვდი, ტელევიზორში გამომაჭენეს. ყველამ ნახა, ოჯახმაც...

- ვიცი, მეც ვუყურე და გულიანად ვიცინე...

- მე კი დამტირებელს დავეძებ, - ალფაშამ ეს თქვა და ჯიბიდან ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო.

გოგონამ წერილი წაიკითხა და გაიღიმა.

- როგორ მოვიქცეთ ახლა?

- შენ იმ კაცთაგან ერთადერთი ხარ, რომელმაც ეს საიდუმლო გაიგო, თანაც ყველაზე მეტი სასჯელიც შენ  გეწია, - გოგონას სახეზე თბილი ღიმილი გამოესახა,- ჯილდოს იმსახურებ. მოდი ეს ჩაი ასე დავტოვოთ, მთავარია კაცს სახლში დასხმული ჩაი არ გაუცივდეს, ხომ ასეა?

- ასეა!

- თუ ასეა ჩაისა გადაიხადე და სიმამრთან, შენ ცოლთან მიმიყვანე. ყველაფერს წვრილად ავუხსნი და როგორც ქალს გამიგებს.

- რომ ვერ გაგიგოს და ღალატის მცდელობაც არ მაპატიოს?

- არ გაპატიებს და თავის თავს დააბრალოს, - თქვა ქალმა და მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა.

ჩაის ფული გადაიხადეს და ალფაშას მდიდრული, ღარიბების გათვლებით ძალიან ძვირიანი მანქანისკენ გაემართნენ. ერთმანეთს ძალიან, ძალიან უხდებოდნენ და მათი წასასვლელი ადგილი და მიზანი რომ არ მცოდნოდა, ფერი-ფერსა, მადლი ღმერთსაო - აღმომხდებოდა მეც.  

 

პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „პირველი სხივის“ 2022 წლის მე-5 ნომერში

 

აზერბაიჯანულიდან თარგმნა

ოქტაი ქაზუმოვმა

         

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE