Funny Games (ანუ ხელოვნური სამოთხის კატასტროფა)


Funny Games (ანუ ხელოვნური სამოთხის კატასტროფა)




მოდით, ვცადოთ ვილაპარაკოთ პირდაპირ - გავაკეთოთ ერთმნიშვნელოვანი და გაშიშვლებული განაცხადი მრავალშრიანი სტრუქტურის მქონე (ანუ სტრატეგიულად ბრძნულად აგებულ) „შოკისმომგვრელ“  ფილმზე (პრინციპში, ფილმი, რომელზეც ჩვენ გვინდა გესაუბროთ, „შოკურად“ მხოლოდ გამოუცდელი მაყურებლისთვის აღიქმება, ვინც ფსიქოლოგიურ ხრიკებზე აწყობილი ფილმის გავლენის ქვეშ ექცევა, ვინაიდან ფილმი სინამდვილეში პოლიტიკურად მიუტევებლად კორექტულია; მასში არც ძალადობის სცენებია წინ გამოტანილი, არც სექსის, და არც რაიმე სიშიშვლისაც კი. იგი სინამდვილეში არც ტრილერია და არც საშინელებათა ფილმების კატეგორიას მიეკუთვნება – ის მკაცრად იდეოლოგიური ფილმია, რომლის პრეზენტაციაც შემეცნებითი კონცეპტის გაცნობაა ჩვენთვის).

ფილმი იწყება იმით, რომ ჩვენს სამყაროს ევლინება კლასიკური ნიშნების მქონე ორი ანგელოზი  - თეთრებში გამოწყობილები, დიდი, არაამქვეყნიური გამომეტყველების მქონე წყლიანი თვალებით. ისინი ბედის გამტარნი არიან - განაგებენ დროს, აუჩქარებლად ქმედებენ, რადგან მსხვერპლი მათ ვერსად გაურბის და ვერსად ემალება. ისინი არიან სასჯელის აღმსრულებელი ანგელოზები (punishing angels), ღმერთის ელიტარული „ეს-ეს“-ის ბრიგადიდან - კლასიკურ ანგელოზთა იმიჯებისგან ისინი მხოლოდ იმით  განსხვავდებიან, რომ  დროის ტრენდთან მიმართებაში, დამსჯელი ცეცხლოვანი მახვილის ნაცვლად, ცნობილი ფირმის მიერ პროდუცირებული, დახვეწილი დიზაინის მქონე გოლფის ჯოხებით ოპერირებენ. 

და აი ასეთი მრისხანე, ღვთიური სტუმრები ეწვევიან აგარაკზე ახალგაზრდა სიმპათიურ ოჯახს - იდეალურს თავისი წესიერებით, გარეგნობით, განათლებით, კულტურით და კეთილმოსურნეობით – უაღრესად გამორჩეულს მეგობრობით და ერთგულებით ერთმანეთის და საერთოდ საზოგადოების მიმართ და ა.შ. მაგრამ ასეთი პოზიტიურობის მიუხედავად ფილმი არ ცდილობს ისე დაგვაახლოვოს ამ გმირებთან, რომ  შეგვაყვაროს ისინი. ეს მხოლოდ ახალგაზრდა, შეძლებული  ოჯახის კრებითი სახეა (ასე ვთქვათ, ბურჟუაზიული იდეოლოგიის ყოველმხრივ დადებითი იდეალი), სწრაფი და სქემატური დახასიათებებით მოტანილი ფილმის დასაწყისში. ამ ოჯახის სახით ჩვენ გვაცნობენ და გვიხასიათებენ გარკვეული  სოციალური კლასის ფუნდამენტურ და საყოველთაო ოცნებას  – იმ სოციალური კლასის, რომელიც დასავლეთის ცივილიზაციის იდეალებისა და ფასეულობების მთავარი გამტარია. ასეთი საყოველთაო ოცნების სახელია „პრივატული ბედნიერება.

„პრივატული ბედნიერების ცნება“ (რომელსაც შესწევს უნარი დაიმორჩილოს და თავის სამსახურში ჩააყენოს უდიდესი „კომუნალური“ პროექტებიც კი!) თავისი თანამედროვე გაგებით გაფორმდა „განმანათლებლობის“ წიაღში. „განმანათლებლობის“ გამოყენებით პროგრესულმა იდეებმა  ბუნების ძალებზე სრული კონტროლის პერსპექტივით (ანუ გამოსადეგი სტრუქტურების დაცვისა და შენარჩუნების შესაძლებლობის რწმენით) და ასევე ადამიანის ინსტინქტთა მოშინაურება/მოთოკვის უტოპიური იმედით, ადამიანის ცნობიერში დააფუძნა დაცული სუვერენულობის შესაძლებლობის  ილუზორული იმედი ყველა სახის პრივატულობაზე. და აი ასეთი უშფოთველი და სტაბილური სამოთხის მიღწევის ოცნება იქცა ყოვლისმომცველ და  ერთადერთ სასურველ პერსპექტივად ტიპიური „კულტურული“ დასავლელი ადამიანისათვის (მათ შორის ფილმში წარმოდგენილი ოჯახისთვისაც).

მაგრამ რა არის ამ პრივატულობის ოცნებაში, ამ სიმყუდროვის სურვილში ესოდენ ცოდვითი, რომ ამ რაღაცას ანგელოზები ფილმში ასეთი ცინიკური ზიზღით უსწორდებიან?

ის, რაც ღვთიური სტუმრებისთვის ასეთი სიძულვილის ობიექტი გახდა ამ ოჯახთან ურთიერთობაში, ერთი სიმბოლური სიტყვით შეიძლება დახასიათდეს - „ნელთბილი“ . „ოჰ, რომ იყო შენ ცხელი ან ცივი, მაგრამ საუბედუროდ როგორი ნელთბილი ხარ“ - ამბობს იესო.  „ყაჩაღს უფრო მეტი შანსი აქვს მიაღწიოს გასხივოსნებას, ვიდრე მშვიდობიან მეოჯახეს“ - ამბობს ბუდა.

სიტყვისთვის „ნელთბილი“, და საერთოდ ყოველგვარი „კომფორტული სამოსისთვის“ ადამიანებს აქ დედამიწაზე დრო არა აქვთ - ასეთია უმაღლესი ინსტანციის განაჩენი.

მოდით განვახორციელოთ „ბლოუ აპი“ და ფილმის ღრმა შინაარსობრივ შრეებს შევეხოთ. ქცევის წესების პოლირებული, კულტურული ზედაპირის ქვეშ ძნელია კაცმა შეამჩნიოს ის ნერვული რეაქციები და ის წვრილმანი გაღიზიანებები, რომლებიც ოჯახის ახალგაზრდა წევრებში ამჟღავნებს ღრმად დაფუძნებულ  მღელვარებას, ყველაფერ უჩვეულოსთან გადაკვეთის სიტუაციებში. უჩვეულოსთან, რომელიც შეიძლება შემოიპაროს და შეეხოს მათ მშვიდობიან და უდრტვინველ ცხოვრებას.  ღმერთმა არ ქნას, რომ ტკივილმა ან სიკვდილმა მოახერხოს და დაისადგუროს მათ რბილ და კომფორტულ სახლის ფეხსაცმელებში, კრიალა მანქანაში, თეთრ იახტაში, პროდუქტებით გამოტენილ მაცივარში, მეგობარი ძაღლის მხიარულ ყეფაში, თავის შესაქცევ თამაშებში, რომლებიც ელეგანტური და ჰარმონიული კლასიკური მუსიკის პიესების  სახელებისა და შემსრულებლების გამოცნობაში მდგომარეობს. ტკივილის და სიკვდილის ცნებებმა არც აგარაკის წინ გადაშლილი პეიზაჟის სილამაზეში ან  მეზობლებთან  დილის საუზმეში არ უნდა იჩინონ თავი.

„კულტურულ/კეთილშობილური“ თვისებების სიუხვის გამო ეს ახალგაზრდა ოჯახი იტანჯება ამ თვისებების თანმყოლი სენით – დასავლური ცივილიზაციის ტრადიციული და ქრონიკული ავადმყოფობით „კულტურსკელეროზით“. ამ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ხალხმა უკვე მოახერხა ყოველივე ირგვლივმყოფიდან - სილამაზიდან, ურთიერთობებიდან, მორალიდან, ბუნებიდან - დაცული და კომფორტული სავანის მოწყობა. ახლა მათი მთავარი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ მიწიერი ყოფის ყოველი წუთი საკუთარი პრივატული ტერიტორიის მყუდრო ნიშაში შემოზიდონ. აგარაკის ბაღის ჩარაზულ თეთრ ჭიშკარს და საკუთარი ვილის შავ დარაბებს ამოფარებულნი ისინი თავიანთი მიწიერი ყოფის გეგმაზომიერად და უშფოთველად ჩამთავრებას აპირებენ, რაც სამოთხისეული სტაბილურობისა და კეთილგანწყობის იმიტაციას მოითხოვს (მისაბაძი მაგალითი მათ უკვე აქვთ: მათი წლოვანი და  წესიერი მეზობლები გვერდზე ვილიდან; ფილმის ბოლოს ანგელოზთა მომდევნო მსხვერპლნი). ასე რომ მოალერსე  მზის სხივების ქვეშ თვალების საამურ ჭუტვაში ამ სრულიად ახალგაზრდა ხალხს სულ გამოეპარა მხედველობიდან, რომ მზე შემზარავი, გავარვარებული სფეროა, რომელიც მისი არსის შეცნობის სურვილით შეპყრობილობას ითხოვს ჩვენგან და ზუსტად ამგვარად საკუთარი არსის გააზრებასაც. მხოლოდ ამგვარ ძალისხმევებს შეუძლია აარიდოს კაცს  ცისქვეშეთში არსებულთათვის ყველაზე საშინელი იარლიყი - უვარგისი ადამიანი.

და აი ნება, რომელსაც „აბსოლუტურ სხვას“ უწოდებენ, ცდილობს ჩვენი ფილმის სივრცეში ანგელოზთა დახმარებით რეაბილიტაცია გაუწიოს „საშინელს“, როგორც სიკეთის მატარებელს, აღადგინოს ტკივილის და სიკვდილის თერაპიული ეფექტის ხსოვნა; კვლავ ნათელჰყოს მათი გამომაფხიზლებელი ფუნქცია, როგორც რეალობის ჭვრეტის წინაპირობა – დაგვარწმუნოს სასოწარკვეთის სარგებლობაში (სასოწარკვეთილი მდუმარების ხანგრძლივი მიზანსცენა ფილმში), რაზეც ქრისტეც მიგვანიშნებს და რაც ჩვენ იმდენად  გვაშინებს, რომ როგორც პასკალი ამბობდა, კაცობრიობა გაუთავებლად იგონებს  გასართობებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით – თვალი დახუჭოს და დაივიწყოს თავისი ბუნების წარმავალობის ხასიათი. ანუ დაიმალოს საკუთარ ხელოვნურ პრივატულ სამოთხეში აქ, დედამიწაზე, რომელიც არა მხოლოდ არანაირად არ  შეესატყვისება ადამიანურ ბუნებას, არამედ საერთოდაც მხოლოდ სიბეცე და ილუზიაა – რადგან ამ სამოთხის ყოველი ხის ყველა ფოთოლზე ჩვენი სავალალო ადამიანური სტატუსის და საერთოდ, სამყაროში საქმეთა პრინციპულად შემზარავი ვითარების ანაბეჭდებია გამოსახული.

ასე რომ, როგორც ყველა, ასევე ჩვენი ფილმის ანგელოზებიც უკიდურესად  ცინიკური და სარკასტული არიან, როცა საქმე ადამიანთა აბსოლუტურ სიბრმავეს შეეხება მათ საკუთარ აუთენტურ მისიასთან მიმართებაში. ეს მისია გარემოში და ადამიანში გადახსნილი უფსკრულია, ანუ ეგზისტენციალური ჭეშმარიტების ჩაწვდომის შანსი.

ჩვენც რომ ცინიკურად ვილაპარაკოთ (ასე ვთქვათ, ტექნიკურ ენაზე), ამ ფილმში ხორციელდება გადაპროგრამების აქცია დეტერმინირებულობის მოხსნისათვის, ანუ დასავლური წარმოების ბესტსელერი სოფტვეერის პროგრამით (სახელად „პრივატული/ბედნიერება/კომფორტი“) ბეჯითად მომუშავე  საიბორგების რისეტისათვის. თვითონ ეს პროგრამა შექმნილი იყო ძველთაგან, მაგრამ ის მუდმივ პროგრესში და განახლებაშია სახელმწიფო პროგრამისტების ჯგუფის მიერ, რომლის სახელწოდებაა „Simply a Man“.

უშფოთველი პროსტრაციის ნეტარ კონდიციაში (რომელიც ზემოთ მოხსენიებული სოფტვეერის მოხმარებით გენერირდება), რაშიც იმყოფება ჩვენი ახალგაზრდა ოჯახი, შეუძლებელია აღმოაჩინო შიშის გრძნობა: ანგელოზთა მოსვლით ეს ოჯახი იტანჯება, მაგრამ შიში არ იჩენს მათში თავს. შიში ხომ ის პირველია, რითიც იწყება ყოფიერების გათვითცნობიერება. ჩვენს ყოველდღიურობაში პოლიცია, მართლმსაჯულება, სახელმწიფო ისე მონდომებით იცავს პრივატულობას და ისე ზრუნავს ადამიანის ჩანერგვისთვის თბილ სუვერენულ ყოფიერებაში (აქ ხელის შეშლა შესწევთ მხოლოდ ანგელოზთ - ჯანკები, რომლებიც ახსენეს ფილმში, მხოლოდ სიმბოლური წესრიგის გმირები არიან), რომ შიში მას პრინციპულად ატროფირებული აქვს. კომფორტულ დაცულობაში შიში დავიწყებასაა მიცემული, მოხსნილია თამაშიდან. ამ სოფტვეერის პროგრამით ფუნქციონირებად ადამიანს არ ახსოვს რომ ოდესღაც სწორედ შიში იყო მისი ბრძენი დამრიგებელი, რომ შიშმა და ძრწოლამ გააფორმა ის, როგორც მნიშვნელოვანი ეგზისტენციალური ფენომენი და რომ შიში არა მხოლოდ მონას ბადებს, არამედ შესწევს უნარი თავისუფლებისკენ გიბიძგოს – თავისუფლებისკენ საკუთარი თავისაგან, იმ შეზღუდულობისაგან, რასაც ჰქვია კაცის ბედი და ადამიანის სტატუსი.

რა მოხდა, თუ დავუშვებთ რომ ფილმში სულაც მუსლიმი ტერორისტებია ნაჩვენები და საერთოდაც ეს ისლამისტური იდეოლოგიური ფილმია? თუ ეს ანგელოზები ისლამური წარმოშობის არიან და დასავლეთს ისლამური კონცეფციის თვალით უყურებენ: ანუ სამყაროს, რომელმაც საკუთარი ღმერთი (და სხვისიც) დაივიწყა და უფრო მეტიც, კომფორტული ბალიშებით და ბოდი ტრენაჟორებით მიახრჩო (ხომ აღნიშნავენ ანგელოზები ფილმში, რომ ქალის გმირს ცხიმის ნასახი არ აქვს სრულყოფილად ნავარჯიშებ ტანზე; ხომ უყენებს ანგელოზი ოჯახს პირობად, რომ თუ რომელიმე მათგანი ერთ  ლოცვას მაინც გაიხსენებს, ანგელოზები სცენარს შეცვლიან). რასაკვირველია ეს მუსულმანური რაკურსიც შესაძლებელია, მაგრამ მოდით ნუ შევტენით მოლაყბე იდეოლოგისტებს და შეპყრობილ რელიგიურ პოლიტიკოსებს საღეჭ რეზინს და განვაცხადოთ - ყველა რჯულის ანგელოზი მხოლოდ მოითხოვს იმას, რასაც მხოლოდ ანგელოზი ითხოვს – ჩვენი პრივატულობის სრულ გაწირვას.

კინოპროდუქციაში ცნობილია დამსჯელ ანგელოზთა მრავალი „თვითმარქვია“ სახე, რომლებიც გარემოსგან თვითგანწირვას და სულის შემართებას ითხოვენ; რომელთაც სძულთ ყოველდღიურობა და მისი გამტარნი (მიამიტი და უცოდველი წყვილები, ან უკვე გაწაფული და გამოცდილი მომხმარებლები) და საერთოდ, რუტინის კანონით გაწყობილი ცხოვრება.

ყველაზე მეტად მომხიბვლელი და არტისტული ამ შეურიგებელ  მებრძოლ ანგელოზთა ეკრანული სახეებიდან იყო ბოროტი ცეტი, შავი ცილინდრით და მარჯვენა თვალზე დადებული მძიმე „make-up“-ით - როგორც ანგელოზებს შეეფერებათ, თეთრებში ჩაცმული და დიდი ცისფერი თვალებით, ყოველთვის ეშმაკურ-სარკასტული კითხვითი გამომეტყველებით რომ გვიმზერდნენ ეკრანიდან. ეს ახალგაზრდა მხოლოდ რძეს სვამდა  რძის  ბარში, მოცარტის სანაცვლოდ ბეთჰოვენი უყვარდა, ვერ იტანდა კომფორტში და სიმყუდროვეში მოკალათებულ  ინტელექტუალებს (მათ საჩუქრად ძალადობას სთავაზობდა), მაგრამ ასევე  ზიზღით უყურებდა უძლურებს და უგნურებს, რომლებიც ცემით სიკვდილამდე მიჰყავდა. ეს პატარა ანგელოზი „ბატონმა საზოგადოებამ“ მოათვინიერა და ბოლოს მასხრადაც აიგდო („მექანიკური ფორთოხალი“).

იყო კიდევ სხვა - ახლადმოვლენილი ღმერთი (პოლკოვნიკის ჩინში), რომელიც ჯუნგლებში დასახლდა. მბრძანებლობდა და ყველგან სიკვდილს თესდა - სიკვდილში ჭეშმარიტ დამრიგებელს სცნობდა და სამყაროს სწორედ ამ მასწავლებელს სთავაზობდა პირდაპირი გაგებით. მაგრამ ასეთი მძიმე ტვირთისგან გადაიღალა და თვითონ მოითხოვა გადადგომა... მისი თხოვნა გაიგონეს და ლიკვიდაცია გაუკეთეს („ახალი აპოკალიფსი“).

კიდევ ერთი (მაგრამ უკვე არა ფილმიდან, არამედ ნამდვილი - ცნობილი არა მხოლოდ თავისი უგრძესი ულვაშით), ყველაზე მედგარი მებრძოლი ყველა სახის კონფორმიზმთან და კომფორტთან. ის, დიდი ხნის, ინტენსიური და დაუცხრომელი, ამ მთავარ ბოროტებასთან ბრძოლისგან  ჭკუაზე გადადგა და მრავალი წელი სამყაროს მეფედ წარმოედგინა თავი, სანამ გონებამ მთლიანად არ დატოვა.

და აი კიდევ ერთი, ისევ ფილმიდან, რომელმაც პირდაპირ ჯვარცმიდან მოახერხა გაპარვა – დაბრუნდა უკან ამ „წყეულ ადამიანურ კეთილდღეობაში“. მრავალი წლის შემდეგ, როცა მას მიაგნეს და მიუთითეს შეცდომაზე, ის დარცხვენილი ჯვარზე დაბრუნდა და გაიხსენა რა თავისი მისია, ის აღასრულა, ბოლომდე რაც ევალებოდა – გაიწირა ღვთისათვის („ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“).

ასე რომ, რაც არ უნდა თქვა, ანგელოზად ყოფნაც არ უნდა იყოს იოლი – ადამიანური ცნობიერებისთვის გაუგებარი დამსჯელი აქციების გატარების სუპერმისია ეტყობა მძიმე ტვირთია – დღეს ხომ  სასტიკი სასჯელის შემდეგ ადამიანები არასდროს იღიმებიან - განსხვავებით კაფკას „გამოსასწორებელი კოლონიის“ გმირისგან, რომელსაც წამების შემდეგ სახეზე ღვთიური ღიმილი გადაეკრა.

მაგრამ აქ, ჩვენს ფილმში, ნამდვილად გაგვიმართლა. მასში მოქმედი ანგელოზები შეუდრეკელნი არიან, ყოვლად ძლიერნი - იახტის ბორტიდან  ბოლო „უვარგისი ადამიანის“ სრული გულგრილობით წყალში გადაგდების შემდეგ ისინი ცის მარადიულ ფონზე წყნარად აგრძელებენ საუბარს კოსმოსსა და მეტაფიზიკაზე. ამ ოჯახთან მიმართებაში ანგელოზებმა თავიანთი მისია სრულყოფილად შეასრულეს, ფილმის დასაწყისშივე გამოსტყუეს ოჯახს ყველა კვერცხი და ტერმინირება ჩაუტარეს - რითიც ამ  მოდგმის აღორძინების და გაგრძელების ყველა შანსი გააუქმეს. და აი, ფილმის ბოლო კადრში ეს ციური სტუმრები, კვლავ ჩოგბურთის სანდომიან თეთრ სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილნი „უვარგისების“ ახალ ოჯახს ეწვევიან. ეს „ახალნი“ უკვე ასაკოვანნი არიან - ამიტომაც  დონდლო მარიონეტების როლი კიდევ უფრო სრულყოფილად აქვთ შესისლხორცებული; ისინი თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ ბედისწერა გააცურეს, გადაატარეს, მოახერხეს გაძრომა - რბილ, მოალერსე მზის სხივებში ამქვეყნად „პატარა ცხოვრება“ გაახერხეს და იცხოვრეს.

დასავლეთი, ისტორიული მისიით,  გახსნილი ჭრილობის ადგილია (ტოპოსია) - ჭრილობა არის დასავლეთის მისიის წინაპირობა და ჩვენც ყველანი ამ ჭრილობის  შვილები ვართ. ვისაც არ სურს და არ ძალუძს ხვედრის ტარება და გასრულება და მხოლოდ ჭრილობის დაამებაზე და შეხორცებაზე ზრუნავს, ის წინააღმდეგია იმ გზების, რომელსაც ღმერთი აგებს. ჩვენი მრისხანე ანგელოზნი ფილმიდან ცდილობენ ამ გზებს სავალობა შეუნარჩუნონ. იქნებ მართალი იყო მაო, როცა ამბობდა „რაც უარესია,  მით  უკეთესია“ და მხოლოდ ამ გზით და ასე შეიძლება „დიზაინის საზოგადოება“ გარდაიქმნას ცოცხალ  კომუნალურობად.

თარგმანი მიხეილ ხუნდაძის

03.08.2010

    

   

      

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE