15 წლის წინ გამქრალი (ალეკო შუღლაძე)


15 წლის წინ გამქრალი (ალეკო შუღლაძე)




გაქცევის შემდგარი მცდელობა

 

თქვენი არ ვიცი და ჩემს ცხოვრებაში მე მყავს რამდენიმე ადამიანი, რომლისნაირსაც  მარტო ერთს ვიცნობ. ყველა სხვადასხვა ნიშნით გამოირჩევა. მაგალითად, ერთი ძალიან მაღალია, უფრო მაღალი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, თორემ მაღლები, გასაგებია, რომ არსებობენ.  მეორეს უცნაური აჩემება აქვს - ტანსაცმელი მხოლოდ ერთი ფერისა უნდა ეცვას, წერტილისხელა რამეც რომ ეხატოს, გვერდზე გადადებს... ზოგი არცთუ ისე მეგობარია, უბრალოდ კარგი ნაცნობია ან არც ისე, მაგრამ სულ რომ გახსოვს და რაღაც უხილავი ძაფი გაკავშირებს მასთან. ალეკო შუღლაძეც ასეთი კაცია - ორი რამით გამორჩეული. ის ერთადერთი ვაიშნავია, ვისაც ვიცნობ და ერთადერთი ადამიანი, რომელიც 15 წლის წინ გაქრა და ამ ორი კვირის წინანდელ პარასკევამდე აღარ მინახავს. სწორედ მასზე მინდა მოგიყვეთ.

ვისაც 15 წლის წინანდელი ქართული ლიტერატურული პერიოდიკა ახსოვს, იმ დროის ლიტერატურული პროცესები, შეხვედრები, სარდაფში ჩატარებული საღამოები და პერფორმანსები, მოკლედ, 90-იანების მიწურული - არ არსებობს, ალეკო შუღლაძეც არ გახსოვდეთ. რამდენიმე მოთხრობა („პასუხები ერთ-ერთი მცირერტირაჟიანი ჟურნალისთვის“, „გაქცევის მცდელობა“) და ერთიც რომანი („სამსარა“) გამოაქვეყნა, უცებ მიიქცია მკითხველების და მწერლების ყურადღება და მერე აორთქლდა.

„ინკოგნიტოდ ცხოვრება ყოველთვის ჯობს. ყველაფერს თუ ამოთქვამ, რაღაცნაირად იშიფრები თითქოს“, - ამბობს ამ 15 წლის შემდეგ, როცა თემქაზე, მის სახლში ვსხედვართ. ყვავილოვანი კომბოსტოს რაღაც ვეგეტარიანულ კერძს მთავაზობს და მართალია, დიდად ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, მგონია, რომ არც არსად წასულა.

მე კი მაინც ერთი მთავარი კითხვა მაქვს დასაწყისისათვის - მაინც სად გაქრა იმ 15 წლის წინდადელ რომელიღაც დღეს და რატომ?

„ჩემი ბოლო რომანის, „სამსარას“  შემდეგ, რომელიც ალბათ, რაღაც ისე არ მიიღო მკითხველმა, როგორც მინდოდა და რომელშიც აღმოსავლურ ფილოსოფიას შევეხე, მალევე წავედი. ამ 15 წელში აღმოვაჩინე, რომ ადამიანი ჯერ უნდა დაიმუხტო, შეივსო და მერე გადმოსცე შენი აზრი, მერე თქვა შენი სათქმელი. თუმცა, მაშინ წერა აღარც მინდოდა - როდესაც აღმოსავლურ რელიგიას და ფილოსოფიას ეცნობი, მერე ფიქრობ, რომ რა უნდა დაწერო ისეთი, რაც არ დაწერილა  - ასე ბევრს დამართნია. ეს 15 წელი სულიერი ცხოვრების გზით წავიდა. თითქოს ასე ცხოვრება და მწერლობა ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდეს, არა? მაგრამ თურმე უშლიდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ წერისას ჩემი  სპეკულაციები უნდა მეტრიალებინა. მე ასე მგონია. და თუ მკითხველს პასუხებს აწვდი, სვამ კითხვას და იქვე პასუხობ, ეს მას არ მოსწონს. „სამსარაც“, ვფიქრობ, ეს იყო - პასუხები კითხვებზე, რომელიც მკითხველთა მხოლოდ ნაწილმა მიიღო“.

წასვლის სხვა, უფრო დიდი მიზეზიც იყო. რაღაც მომენტში წყალგამყოფი გაჩნდა - რელიგია. ზოგს ეგონა, რომ ის ძალიან „გადავარდა“ თავის ახალ რელიგიაში. ზოგს, შესაძლოა, ის აღარ ესმოდა, რატომ აღარ სვამდა მეგობრებთან ერთად ან ხორცზე რატომ თქვა უარი. იქნებ მეგობრები შეშინდნენ? უფრო კი - ამბობს ალეკო. და ამაზე თავის ახალ რომანში, „გადამალვაშიც“ დაწერს წლების მერე.

„ეს ხალხი, ვინც ჩემს გვერდით იდგა, თანამედროვე მსოფლიო ხელოვნება მოსწონდა, უცებ, აღმოჩნდა, რომ რელიგიის კუთხით ძალიან სტერეოტიპულად ხედავდა რაღაცებს. ისინი რომ შეშინდნენ, მე კიდევ უფრო შევშინდი და იძულებული გავხდი,  წავსულიყავი. იმასაც  მივხვდი, რომ თუ მე დავიწყებდი ტექსტებში იმ პასუხების წერას, რაც ინდოეთში ვიპოვე, აქაურ მკითხველს ეს არ დააინტერესებდა. იმ დასკვნამდეც მივედი, რომ ადამიანებს ხშირად არ სურთ ეს პასუხები. თითქოს, აღარ იციან მერე  რა ქნან. და როდესაც მე კარმისა და რეინკარნაციის პრინციპით დავიწყე რაღაცის ახსნა, თქვეს, რომ ეს არ არის ჩვენიო, და საერთოდაც,  არ ვიცით არის თუ არა და არც გვაინტერესებსო. ასე იყო“.

წლები გავიდა. ძებნის და კითხვებზე პასუხების მოძებნის დროც შეიძლება მაგ დროს დავაქვათ. და მერე მოვიდა ახალი დრო, როცა, როგორც თვითონ ამბობს, პატარა მწერლური სპეკულაციებისათვის ისევ მზად აღმოჩნდა. ამ დრომ მოიტანა ახალი იუმორისტურლი მოთხრობები, რომლებიც უცებ მოედო სოციალურ ქსელს. ხალხს ძალიან მოეწონა. ვაა, ვინ არის ეს ალეკო შუღლაძე? ბევრმა ეს სახელი პირველად გაიგო, ბევრმა თავიდან აღმოაჩინა, ნაწილს კი უბრალოდ გულში გაეღიმა - ალეკო დაბრუნდა, გაიფიქრეს მათ. მეც მათ შორის ვიყავი.

„ამ მოთხრობებში ყველაფერი ცხადია, შენ შენს თავს დასცინი, ყველას დასცინი, ყველაფერი გასაგებია, ეს მიღებული სტილია - ეს მოთხრობები წიგნადაც იქცევა”.

 

პირველი შეხვედრა სხვა ღმერთთან

ვაიშნავების (სხვანაირად, კრიშნაიდების) ჯგუფი პირველად წლების წინ, მოსკოვში, არბატზე ნახა. ნახა და ნახა. არც არაფერი, მაშინ ვერაფერი გაუგო. ყურადღება კი მიაქცია. ამ დროს ალეკო შუღლაძეს გავლილი აქვს ათეიზმის, მერე ეგზისტენციალიზმის შემოტევები, კამიუ და სარტრი - დიდი ბუნტია მოკლედ მასში. გადის ცოტა დრო და არც ეგ ყოფნის. როცა აღმოაჩინა, რომ ქრისტიანული სამყარო უპირისპირდებოდა მუსლიმანურ სამაყაროს, ის კი პირიქით და არც ერთს ერთმანეთის თვალში აღარ ჰქონდა გადარჩენის შანსი, ის კრიტიკული კითხვაც მაშინ გაჩნდა - კი, მაგრამ როგორ? როგორ ჩააყენა ამ რელიგიამ მთელი ახლო აღმოსავლეთი და ნაწილობრივ აფრიკა ასეთ მდგომარეობაში და გაწირა ამდენი ხალხი? რატომ არ გაუჩნდათ კითხვა, რომ, მაგალითად, ირანელები, რომლებიც ირანელებად დაიბადნენ,  უცებ აღმოჩნდა, რომ განწირულები ყოფილან. ასევე პირიქით.

„და ეს კითხვა ხმამაღლა დავსვი.  მერე წავედი ქრისტიანული და მუსლიმანური სამყაროს წარმომადგენლებს ვკითხე იგივე. პასუხი არც ერთ მხარეს არ ჰქონდა. მითხრეს, წადი ილოცე და გაიგებო. სად მომეძებნა ამაზე პასუხი? წავედი, ვიპოვე კარმა და რეინკანაცია, მოვედი და ვთქვი, უი, ვიპოვე! ეს იყო საწყისი. მერე გავეცანი ვაიშნავიზმს, ავიყვანე მასწავლებელი, წავედი ინდოეთში...“

ეს უკვე 2004 წელი იყო. მაინც რა იპოვე მეთქი, ვკითხე.

„რომ ღმერთი არის პიროვნება და ძალიან ვგავართ მას, რომ აღარ მეშინია მისი და მეგობრულად ვარ მასთან. რომ ბევრმა შიშმა გაიარა და ბევრი რაღაც ჩამოვიფერთხე. მე ვერანაირად ვერ ვკმაყოფილდებოდი მატერიალური ცხოვრებით, სულ იმედგაცრუებები მქონდა. ერთხელ თუ ვიყავი კარგად, დანარჩენი ათი - იმედგაცრუება იყო. მილიონი მიზეზია ამის - ის, რომ ვბერდები, ადრინდელივით სიამოვნებებს ვეღარ ვიღებ, ჯანმრთელობამ შემაწუხა -  ავად ვარ,  ფული შეიძლება გქონდეს, მაგრამ ბედნიერი არ იყო და ა.შ. ღმერთთან, ჩემს შემთხვევაში კი კრიშნასთან მიმართებამ მაგრძნობინა, რომ სიამოვნებას ვგრძნობდი მასთან ურთიერთობაში. აღმოვაჩინე, რომ მასთან ურთიერთობაა ჩემი მთავარი არსი“.

შეიძლება ამ თემებზე მაშინ ძალიან ბევრს ვლაპარაკობდი და ყველას თავი მოვაბეზრეო, ამბობს. თუმცა რა ვიცი, რაც გიყვარს და გაინტერესებს, იმაზე ყველა ყველაზე ბევრს ვლაპარაკობთ. რა, ასე არ არის? მერე ალეკოს სულიერი მოძღვარი გარდაიცვალა (ეს ჩვენს ენაზე, ხოლო ვაიშნავების ენაზე - დატოვა სხეული) და „აქაურობისთვის“ მეტი დრო დარჩა. დრო კი დარჩა, მაგრამ გაჩნდა სიცარიელე.

„ეს სიცარიელე კი უნდა ამოვავსო და სხვა რითი, თუ არა ხელოვნებით, მწერლობით?“

 

ინდოეთი ნისლში

 

სულ  პირველი, რაც ინდოეთიდან ახსოვს,  ნისლი და უცნაური, სპეციფიკური სუნია, რომელიც დელიში ჩასვლისას შემოეგება. ღამე იყო. ღამითვე განაგრძეს გზა პატარა ქალაქ ვრინდავანამდე. იქ რომ ჩავიდა, სურათი კიდევ უფრო გამძაფრდა - დაინახა უამრავი მორწმუნე ადამიანი, რომლებიც მიდიოდნენ და მიდიოდნენ ერთი მიმართულებით.  თურმე, ქალაქს უვლიდნენ წრეს  ფეხშიშველები. ამ ქალაქში ხუთიათასამდე ტაძარია თავისი ღვთაებებით. ენით აუწერელი  სანახაობა იყოო - დღეს იხსენებს ალეკო შუღლაძე.

„მე, ჩემი მეუღლე და ჩემი ბიჭი, სანდრო ვიყავით, რომელიც მაშინ რვა წლისა იყო. ჩვენს რელიგიაში ერთობლივ სიმღერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:  როცა მიდიხარ და ჰარე კრიშნა მაჰამანტრას მღერი. ასე სიმღერით ჩამოიარა ჩვენმა ჯგუფმაც, სადაც ამერიკელებიც იყვნენ, ევროპელებიც, აფრიკელებიც. ეს ჩვენი გურუს დამსახურება იყო, რომ მსოფლიო ნაკრები შექმნა. ეს ჯგუფი ძალიან მკვეთრად მახსოვს იმ დღიდან“.

ინდოეთში ჩასვლას თავისი დანიშნულება ჰქონდა. გურუს ლექციებიდან ბევრი რამ ისწავლა. ბევრი და მათ შორის - მარტივად ცხოვრება. მას მერე ინდოეთში კიდევ ბევრჯერ წავიდა. კიდევ ბევრჯერ უნდა დაბრუნდეს.

„ეს არის ქვეყანა, სადაც ცდილობენ, ვაჭრობის დროს მომატყუონ, მაგრამ ვეჩვევი და არ ვნერვიულობ, რადგან ეს აზიური ქვეყნებისათვის ჩვეულებრივი ამბავია. ჭუჭყი, რომელიც ქრება - ეს მისტიკური მომენტია, ჩადიხარ და მხოლოდ ერთი დღე ხედავ ჭუჭყს... ცხადია, გააჩნია რისთვის ხარ  ჩასული. ვისთვისაც არ გაქრა, უკან გამოიქცა. მოდის შვეიცარი და გგონია, რომ თეთრი ქუდი ახურავს, მაგრამ ისიც ნაცრისფერია და გგონია, სადღაც დაჭრილი მეზღვაურივით სისხლიც ჩამოსდის.  მკლავზე გადაფენილი პირსახოცი  - ზოლებად ჭუჭყიანია, მაგრამ ეს ყველაფერი ქრება, როდესაც შენ სულიერების მომენტს ეხები“.

ალეკო დიდი მოგზაური არ არის, ამ ბოლო დროს ფიქრობს უფრო ირლანდია-შოტლანდიაში წასვლაზე. ესეც იმიტომ, რომ ბოლო დროს კელტურ მუსიკას უსმენდა. აფრიკაში თავის თავს მაინცდამაინც ვერ ხედავს, დიდად ვერც ნიუ იორკზე ეფიქრება: „ამბობენ, მშობლიური განცდა გიჩნდებაო, მაგრამ რა ვიცი, ჩვეულებრივად როცა აღარ ცხოვრობ, რესტორანში არ დადიხარ... ჰოთ დოგი, რამე. მგონი, არ მინდა“.

მის ვეგეტარიანელობასაც 21 წელი შეუსრულდა.

 

ფეხბურთი ჭადრაკის ფიგურებით

 

კი, ეს ახირება ჰქონდა - უცნაური თამაშების გამოგონების. მაგალითად, ჭადრაკის ფიგურებით ფეხბურთის თამაში - თან მთელი გზნებით. მოგება-წაგების სტატისტიკის ჩაწერით. ამან მოუგო ამას, იმან ამას. დიდხანს, დიდხანს თამაშობდა ასე. იმ ძველ ტახტზე, სადაც ადრე ბებოს ეძინა, ფეხებს მიაწევინებდა და გამოთავისუფლებულ ადგილზე მიდიოდა დარტყმები. მერე პლასტელინის თოჯინების ძერწვა დაიწყო. ბალეტი არ უყვარდა. არც ოპერა. ერთხელ მივიდა, ნახა, მოუსმინა, ვერ გაიგო, წამოვიდა. და ამით დასრულდა.

„გეპეიში“ სწავლაც რაღაც გაუგებრად დაიწყო -  ერთხელ დასხდნენ ოჯახის წევრები, რაღაცები გამოთვალ-გამორიცხეს და დარჩა „გეპეი“.

„მივედი თუ არა, ეგრევე მივხვდი, რომ არასწორად მივედი, ეს ჩემი ადგილი არ იყო. -  ელექტრომექანიკის ფაკულტეტი. მოკლედ, დავიცავი იქ დიპლომი, რაღაც სისულელეები ვაკეთე და მორჩა“.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაიზარდა. საბჭოთა კავშირში. რაღაცნაირი დაშინებული ტიპი ვიყავიო, იხსენებს.

„სკოლაც კი არ გამიცდენია. სულ კარგად ვსწავლობდი. სულ რაღაცის მეშინოდა. მეშინოდა, რომ მშობლებს არ სწყენოდათ. თითქოს  სხვების გამო ვცხოვრობდი. მერე  ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო.  ერთი და მყავს, ბავშვობიდან ავად იყო - ოლიგოფრენია- შიზოფრენია. მე მგონი, ჩემს დაზე დაკვირვებებმაც იმოქმედა, პატარა რომ ვიყავი, სულ ვფიქრობდი, რატომ გაჩნდა ასეთი. სირცხვილის მომენტი იყო -  სახლში ასეთი ადამიანი? საშინელი სტერეოტიპებით ვცხოვრობდით. ამიტომ წარსულის გახსენება ყოველთვის ტკივილს მაყენებს. არც იმდროინდელი ჩემი თავი მიყვარს, მრცხვენია რაღაც-რაღაცები და ვცდილობ ისეთი რამეები დავწერო, რომ ნელ-ნელა გავიცინო ჩემ თავზე.  დრო რომ გავიდა, ცხადია, ეს შიშები გადავლახე და ვთქვი, რომ ასე ყოფნას სიკვდილი და ჩხუბი და თავგატეხილობა ჯობია მეთქი“.

წავიდა და იჩხუბა. თავიც გაუტეხეს.

 

ბოთლზე ეტიკეტების მიმკვრელი და სხვა უცნაურობებიც

 

სულ თავიდან სცენარებს წერდა. ეს უკვე მეორად ფაკულტეტზე ხდება, კინომატოგრაფიულზე. სადაც ის და შოთა იათაშვილი შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ის დრო იყო, ორივეს ერთი გოგო რომ შეუყვარდა და ერთმანეთს რომ არ უმხელდნენ. ბოლოს მაინც გაენდნენ ერთმანეთს. ის გოგო კი ბოლოს სხვასთან წავიდა. მერე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ფილმები იყო,  „კავკასიურ სახლში“ მუშაობდა. ოპერის წინ იდგნენ და ძველ წიგნებს ყიდდნენ. „ზეემკაზე“ ბოთლებს აკრავდნენ ეტიკეტებს, თავიდან მეეტიკეტედ ვმუშაობდი, მერე კი მეეტიკეტე ქალების მზედამხედველადო, იხსენებს. ჰოდა, დაწერა იმ დროს ერთი სცენარი:

„დავწერე და შოთამ რომ წაიკითხა, მკითხა, დიურენმატი თუ იცი, შვეიცარიელი პროზაიკოსიო. ზუსტად იგივენაირი მოთხრობა დაუწერია. ოღონდ იქ მატარებელში ხდება მოქმედება და ჩემთან მეტროში. იდეა ის არის, რომ მატარებელი არ ჩერდება. შედის გვირაბში და გვირაბიდან ვეღარ გამოდიან. დიურენმატი უფრო კლასიკურად ამთავრებდა  -  მისი მატარებელი დედამიწის შუაგულისკენ წავიდა, დაცხა და დაცხა გვირაბში, ჩემთან კი, ვითომ კინოს იღებდნენ, ბოლოს რეჟისორი შემოდის. მოკლედ, ჩემი ფინალი უფრო  ბანალური იყო და მეორე დღესვე გადავაგდე ეგ ნაწერი. მაგის მერე დაიწერა „გაქცევის მცდელობა“. იმ კრებულში სულ ოთხი მოთხრობა შევიდა. ახლა ვფიქრობ, იქნებ რეპრინტი გაკეთდეს, რადგან ძალიან დაიკარგა ის მოთხრობები“.

ეს ის პერიოდია, როცა ქართულ ლიტერატურაში აკა მორჩილაძე გამოჩნდა. გამოჩნდა და, კარგი გაგებით, ყველაფერი წალეკაო, იხსენებს ალეკო შუღლაძე. „სამსარაც“ აკას რომანთან ერთად მოხვდა „საბაზე“, მაგრამ...

„არ მინდოდა ეს შეჯიბრი.  გახვიდე მოედანზე ბარსელონასთან სათამაშოდ, ნიშნავს, დამარცხებული ხარ. აბსოლუტურად სხვადასხვა თემატიკა იყო და მაშინ მე და ზაზა ბურჭულაძემ ჩვენი წიგნები კონკურსიდან მოვხსენით. ეგეც იყო და თან რაღაც ანდერგრაუნდის ტიპი უფრო მეგონა თავი. დღეს ცოტა სხვანაირად ვფიქრობ, საჭიროა, ლიტერატურულ კონკურსებში  მონაწილეობა, რადგან მე, მაგალითად, არ მივეკუთვნები მწერლების იმ ტიპს, ვინც თავისთვის წერს“.

თუ მკითხველმა არ წაიკითხა, დიალოგი ვერ შედგება. ახლა სწორედ ის მომენტია, როცა ალეკო შუღლაძეს ეს დიალოგი სჭირდება. ამიტომაც ისევ წერს.

კიდევ, იმ დროს „მარგო კორაბლიოვას პერფორმანსის თეატრი“ იყო. ასე მგონია, ყოველთვის არსებობდაო.

„იმ პერიოდში ხელოვნებაში ავანგარდული მიმართულების ფუძემდებლად (მეტწილად თეატრში) დავით ჩიხლაძე გვევლინებოდა. სწორედ მისი ინიციატივით მოხდა ჩვენი გაერთიანება ამ თეატრში 1994 წელს. სხვადასხვა მიმართულების ადამიანები შეიკრიბნენ მაშინ ლესელიძის 4-ში. აქ იყვნენ: პოეტები, პროზაიოკოსები, მუსიკოსები, მხატვრები და უბრალოდ, პოეტური სულის მქონე ადამიანები. ეს იყო ექსპერიმენტული ლაბორატორია და სრულიად ახლებური ხედვა სწორედ იქ იბადებოდა. არავის ვბაძავდით და მეტწილად ორიგინალური ნამუშევრებით გამოვირჩეოდით. ალბათ ქართულ თეატრალურ სივრცეში მანამდე ამ კუთხით არავის უმუშავია და ეს იყო ძალიან საპასუხისმგებლოც და ძალიან საინტერესოც. არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ პერფორმანსის თეატრმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში. ბევრი მათგანი აღარ გაჰყოლია ავანგარდის რთულ და ღრმა მიმართულებას, მაგრამ თითოეულის შემოქმედებას ნამდვილად საოცარი დაღი დაასვა ამ პერიოდმა. ჩვენი შემოქმედება უფრო ნატიფი გახდა, დასერიოზულდა და რამდენიმე ნაბიჯით მაღლა აიწია. ჩვენ აღარ ვკმაყოფილდებოდით „უბრალო“ პერფორმანსებით და სტატიკური ინსტალაციებით, ჩვენ დავიწყეთ ცხოვრება თეატრში. სპონტანურობა და თავისუფლება იყო ჩვენი მთავარი იარაღი, თუმცა იმავდროულად სპექტაკლებში ვიყენებდით მაქსიმალურად დაზეპირებულ ქმედებებს და ფრაზებს... ჩარჩოები არ გვქონდა... მთავარია უგემოვნობაში ან დაშტამპულ ქმედებაში არ გადავსულიყავით და სათქმელი ახლებური კუთხით მიგვეწოდებინა მაყურებლისთვის. პრინციპში, ამას ვახერხებდით. მთავარ იდეას და მიმართულებას დათო ჩიხლაძე გვაწვდიდა და მერე თითოეული ჩვენთაგანი მას ხვეწავდა. ხანდახან რომელიღაც თემა მიმართულებას იცვლიდა და სხვა რაღაცაში ვლინდებოდა, სხვა ფორმად, თუ შინაარსად ყალიბდებოდა. ჩვენ გვჯეროდა დათოსი და ამ წლების განმავლობაში არასდროს უღალატია მისთვის გემოვნებას“.

 

დაბრუნება „გადამალვით“

 

„გადამალვა“ ახალ რომანს ჰქვია - თუმცა ის ჯერ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა წაიკითხა. განსხვავებული თემატიკის და ჟანრისაა ის მოთხრობები, რომლითაც მკითხველთა უფრო დიდ ნაწილს შეახსენა თავი. იუმორი, ცოტა თვითკრიტიკა და ირონია - ძალიან იცინეს. თვითონაც დაუძაბავად წერს. ადვილად. თითქოს რაღაც დაგროვილმა დაიწყო დინება. იუმორი კი ნაწილობრივ მისმა დღევანდელმა სამსახურმაც მოიტანა - ალეკო წიგნებს ყიდის. მისგან რომ ხალხმა  წიგნები იყიდოს, მათი გაცინება, გამხიარულება, მათთან საუბარი უწევს.

„გადამალვას“ წინ სხვა ამბავი უძღოდა, არც თუ ისე იუმორისტული. პირიქით. ალეკოს დედა გაუხდა ავად. თვითონ უვლიდა. სწორედ იმ პერიოდში, როცა იჯდა და ელოდა, როდის გახდებოდა უარესად ან უკეთესად, გადაწყვიტა ეს ამბავი დაეწერა:

„სხვადასხვა თემებს შევეხე ამ რომანში. იმ ეგზისტენციალიზმს, რომელსაც ახლა მინდა რომ დავცინო. ცოტათი ჩემს ავადმყოფ დედას შევეხე, ცოტათი ბრეივიკებს, ცოტათი უაზრო რიტუალების და  სინამდვილის დაპირისპირებას ვეცადე. მაგრამ მანამდე პატარა ნოველებს დავბეჭდავ და იქნებ პოპულარულიც გავხდე? ჰაჰააა. არა, პოპულარობა არ მინდა, მხოლოდ ის მინდა, რომ ცოტათი ჩემი მოთხრობები გავქაჩო“.

 

წერის ვნება

 

ალეკო შუღლაძის პროზაში 90% ნამდვილი ამბებია. ასეთი ამბები ხანდახან იმაზე მეტად ფანტაზიით სავსე გამოდის, ვიდრე ის, რასაც შენ გამოიგონებო. თუ გაფანტულია, ვერაფერს დაწერს. ზის, წერს, ბევრს ასწორებს. წერა დილიდან იწყება, როგორც რიტუალი და ხანდახან რამდენიმე საათი გრძელდება. თუმცა მანამდე შეიძლება ფიქრი თვეების განმავლობაში გაგრძელდეს - რომ დადიხარ და თავი გაძეძგილი გაქვს იდეებით, ფრაზებით, გმირებით, სახეებით, დიალოგებით.

ხანდახან მეტროში იწყებს წერას. თუ სასაცილო გამოუვიდა, თავადაც იცინის. რაზეც თავად ეცინება თუ იმას დაწერს, სხვებსაც აიყოლიებს ხოლმე. რაც თავადაც არ ჰგონია სასაცილო, ის არც მოთხრობში ამართლებს. თუ საწერად დაჯდა, სანამ არ მორჩება, არ ადგება - ეს მოთხრობების შემთხვევაში. „სამსარას“ სამი წელი ვწერდი და სუფთა ჯოჯოხეთი იყოო, მეუბნება.

როგორი გმირები გყავს მეთქი, ვკითხე, როგორი ადამიანები - გმირებად:

„მე ჩემს თავს გავაიგივებდი იმ ხალხთან, რომლებიც ჩემს მოთხრობებში ჩნდებიან. რაღაცნაირი ცოდოები არიან. სულ იბრძვიან.  ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც, საერთო ჯამში, უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე ულხინთ“.

ისეთი ლიტერატურა უფრო მომწონს, რომელიც გადამარჩენსო - ამბობს.

„ძალიან მომწონს ფენტეზი. „ჰარი პოტერმა“ და ტოლკინმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. აი, მაგათმაც გადამარჩინეს. „ოსტატმა და მარგარიტამაც“ გადამარჩინა თავის დროზე. ამერიკელებიც მიყვარს, რაღაცნაირები არიან, ლოთები და შფოთები და ისე წერენ, არაფერზე უკან არ წავლენ.  ჩემთვის ასეა - თუ წიგნი ან ფილმი მეც მიბიძგებს შესაქმნელად, საწერად, ესე იგი კარგია.  გინდება, დგები და აუ, აუ, აუ, ხელები გექავება და უნდა დაწერო. ეგაა - ხელოვნება გიბიძგებს ხელოვნებისკენ და კიდევ, მგონია, რომ წერისას გარდა სიტყვებისა, ნაწერში შენი ძალაც უნდა ჩადო, ცნობიერება. ის გადამდებია“.

 

საკონტროლო კითხვა

 

ალეკო შუღლაძე ამასწინათ 50 წლის გახდა.

ორმოცდაათი. თქვა ხმამაღლა. ორმოცდაათი - გაიმეორა. რაღაც უცნაური ზღვარიაო. არა, ნახევარი არა, მეუბნება. უფრო ფინიშის დასაწყისი.

„სიამოვნებით დავტოვებდი სხეულს მანამდე, სანამ ავად გავხდებოდი. მაგრამ ვიცი, ისევ დავიბადები ოდესმე. სანამ აქედან არ გავაღწევ, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად გავაღწევ“.

ბოლო, საკონტროლო შეკითხვის უფლებას მასვე ვუტოვებ. რამდენიმე ვერსია აქვს და ბოლოს მაინც ისე ხუმრობს, როგორც ის ალეკო შუღლაძე, 15 წლის წინ, „კავკასიურ სახლში“ რომელიღაც ლიტერატურულ საღამოზე რომ ვნახე:

როდის შეეშვები მაიმუნობას?

როდის გახდები მაქსიმალურად მიზანმიმართული?

ან: როდის არ მოიხიბლები?

როდის მორჩება ეს? როდის გინდა გააღწიო აქედან? რაღაც ასეთი კითხვა უნდა იყოს წესით...

ააა. არა. ასეთი კითხვა იქნებოდა:

როდის გახდები წმინდანი?

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE