საპონი ბაიროითში


საპონი ბაიროითში




ავტოპორტრეტი ღამის ორი საათი
1959 წლის 20 აგვისტო
 
 
საბეჭდ მანქანას უზიხარ. ფურცლავ
სათავგადასავლო რომანს. და იცი
თავიდან უკვე რა ხდება ბოლოს:   
რომ სენატორის მკვლელი აშკარად
წვერმოშვებული ცრუსახიანი რეფერენტია.
ახალგაზრდა სერჟანტს კი უყვარს
ადმირალის ქალიშვილი და 
სიყვარულით პასუხობს ქალიც. 
შენ მაინც გვერდსაც არ ტოვებ ისევ.
ხანაც თვალს მოჰკრავ მომლოდინე
ცარიელ ფურცელს, საბეჭდ მანქანას.
მაშასადამე ჩვენ ეს აგვცდება. საქმეა ესეც.
გაზეთი წერდა: რომ რომელიღაც  
სოფელი სადღაც დაბომბეს ისე,
რომ გაასწორეს მიწასთან ლამის.
სამწუხაროა, თუმცა შენ ეს რაში გეხება.
სერჟანტი ცდილობს, რომ აიცილოს
მზაკვრული კიდევ ერთი მკვლელობა 
და ადმირალის ასულის (პირველ!) 
კოცნას ირიდებს, სამსახური სამსახურია.
დაღუპულთა რაოდენობა არ იცი რადგან
გაზეთს ვერ აგნებ, უკვალოდ გაქრა.
Iქვე, შენს გვერდით შენი ცოლი
ოცნებობს პირველ სიყვარულზე.
გუშინ კი თავის ჩამოხრჩობა სცადა უიღბლოდ.
ხვალ გადაიჭრის ვენებს ალბათ, 
ან ვერ გაიგებ, კვლავ რას ჩაიდენს. 
თვალწინ მიზანი ხომ ელის მაინც.
რასაც უთუოდ მიაღწევს კიდეც,
ასე თუ ისე, გული ტევადი სასაფლაოა.
განახლებულ გერმანიაში ისე საშინლად
დაუწერიათ ფატიმას ძველი ისტორია
რომ შენ სიცილად აღარც კი გეყო.
წამების სწავლას იოლად შესძლებ, 
ვიდრე წამების ზუსტად აღწერას.
მკვლელი მახეში გაება ბოლოს.
სერჟანტი ხელში იგდებს პრემიას.
ახლა ინებე და დაიძინე.
ხვალ ახალი დღე თენდება ისევ. 
 
 
გუშინ  მზიან  ნაშუადღევს
 
მკვდარი ბერლინის გავლით როცა შინ ვბრუნდებოდი
ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოეთიდან 
საოცარი მოთხოვნილება გამიჩნდა უცებ
რომ ჩემი ცოლი საფლავიდან ამომეთხარა
ნიჩბებით მიწა მე თვითონვე რომ დავაყარე
და დამეხედა რაღა შერჩა მისგან სამარეს
ძვლები თვალით რომ არ მინახავს მე არასოდეს 
ამეღო მისი თავის ქალა წარმომედგინა 
სახე რომელსაც არ ამხელდა იმ ნიღბის მიღმა
და სიკვდილამდე განუყრელად რომ ატარებდა 
მკვდარ ბერლინსა თუ სხვა ქალაქთა ქუჩაბანდებში
როცა ემოსა ჩემი ცოლის ცოცხალი ხორცი.
მე არ დავნებდი ამ საოცარ მოთხოვნილებას
პოლიციის და მეგობართა ჭორების შიშით.
 
                           1969 წ.
 
 
საპონი ბაიროითში
 
                  დანიელ ბარენბოიმს* 
 
უფროსებისგან ბავშვობისას მსმენოდა ხშირად:
კონცენტრაციულ ბანაკებში ტყვე ებრაელთა
ნეშტისგან თურმე ფაშისტები ხარშავდნენ საპონს 
მას შემდეგ საპონს და საპნის სუნს ვერ ვეგუები
ახლა ვდგამ ტრისტანს და ვბინადრობ ბაიროითში.
ახალი სახლის ისეთ სუფთა ცინცხალ ბინაში 
რომ არნახული სისუფთავე სუფევს გარშემო.
მიჩენილი აქვს ყველა საგანს მისი ადგილი:
დანებს და კოვზებს ჩანგლებს ქვაბებს ტაფებს და თეფშებს
ფინჯან-ლამბაქებს და საწოლებს ორი კაცისთვის.
შხაპი, MADE IN GERMANY, მკვდარს გააცოცხლებს.
კედლებს ამშვენებს ყვავილები, ალპური კიჩი.
წესრიგი სახლის ეზოშიაც უმალ იგრძნობა
მწვანე მინდორიც მოვლილია, ქუჩაც წყნარია
ქუჩის გადაღმა საიმედო HYPOBANK-ია.
პირველად როგორც გამოვაღე ფანჯრები მეცა
საპნის სურნელი.
ბაიროითში სახლიც ბაღიც საპნის სუნით
გაჟღენთილიყო.
ახლა კი ვიცი, შევღაღადე მძიმე სიჩუმეს
რას ნიშნავს მოხვდე ჯოჯოხეთში და თან არ იყო
მიცვალებული ანდა მკვლელი. და აი ახლა
აქ დაიბადა ოსვენციმი ამ საპნის სუნში.
 
                             1992 წ. 
 
 
409-ე ჩანაწერი
 
         შენი სიმღერა სიცოცხლეში თუ ვერ გვშველის 
         სიკვდილს ხომ მაინც გაგვიადვილებს 
                      (ბრენტანო)*
 
ზეცა მადლიან, კარგ დღეს გვპირდება
და გაზეთების კითხვით  იწყება 
სასტუმროს ბარის სიმყუდროვეში
ერთ-ერთი სიკვდილს გადარჩენილი 
აღწერს სისხლისღვრას
რამდენი გვამის ქვეშ ვეგდე ვიცი? 
ვძრწოდი ვაითუ გადარჩენილი
გაირხეს ვინმე ან დაიკვნესოს 
ჩემზე ხელდახელ ზედ დამხობილმა
ისინი უმალ ცხრილავდნენ ყველას
ვინც კი იძვროდა ანდა გმინავდა 
საბედნიეროდ მკვდარი იყო
ყველა სულდგმული
ბედნიერებამ თავისი საბნის 
სიგრძეზე უნდა გაჭიმოს ფეხი  
ვცოცხლობდეთ, რადგან გვამია ყველა 
- აი, ოცნება კაცობრიობის
უქმი დროჟამი დღე დღევანდელი
მე მომდევნო დღის ხახაში მაგდებს 
აქსელ მანთეი* მკვდარია უკვე
კომედიების წერა ჩვენ გვმართებს
ადამიანთა მღვრიე წუმპეში
ტელეეკრანის წინ გატრუნული
სვებედნიერი იდიოტების
გარემოცვაში გვიწევს სიცოცხლე.
წუხელ მესიზმრა რომ აქტეონი*
ვიყავი თითქოს და შვიდი ქალი
მსახიობი ქალის კვალდაკვალ
გაშმაგებული მომდევდა ტყე-ტყე 
და ველ-მინდვრებით
გაქცეულები ვთელავდით ირგვლივ 
ყვავილებს ბალახს და ნადირობდნენ  
ისინი ჩემზე მავთულის ყულფით
თავს ვაბეზრებდი უკვე მეგობრებს 
კითხვა-კითხვებით ჩემი ახალი პიესის ირგვლივ 
ვერ ჩავწვდი  მითხრა ყველაზე ზრდილმა
დანარჩენები არჩევდნენ დუმილს
ცოლმა კი მკითხა გჭირდება შენ ეს  
კოლექციონერ და მონადირე
გერინგთან* ერთად ვახშმობს გრუნდგენსი* 
და ჰანს ოტტოს* კი ურყევ კომუნისტს 
სიმღერის მუღამს უხსნის სარდაფში
მესვეური გესტაპოელი  
მე ვარ არტისტი და არა ხალხი
ამბობს ჰამლეტი
როცა ლაერტი პოლიტიკოსობს
თავადვე უწყის როგორ წარმართოს
ნამდვილ მკვლელებთან საუბარი
გამომდინარე ხელოვნების
სიყვარულიდან
ვაპირებ ხანგრძლივ ძილს მივცე
თავი  
ესაა მისგან უკანასკნელად რაც მოისმინეს
ჰამლეტვალენშტაინს* მისმა მკვლელებმა 
გადაუმტვრიეს წვივები რადგან
კუბო ცხედრისთვის მოკლე აღმოჩნდა
ჩვენი ჰამლეტნი კი შეეხიზნენ 
Pლატონიც* მღვიმეს მაგალითისთვის 
დავასახელოთ თუნდ ალტჰუსერი*
ცოლს კომუნისტი კარგახანია 
უკეთებს მასაჟს
რადგან ჯიუტად არ იწონებდა 
ქმრის ფუძემდებლურ სკეფსისს რომ მუდამ 
ეწადა, როგორც იუწყებოდა 
ეკოლ ნორმალის კედელის გრაფიტი,
ყოფილიყო ის ხელოსანი
ო დედავ დედავ 
რა ჩაიდინე 
თუნდ პაზოლინი*
მომეცი შენი უკანალი
პელოზი* აკი
მე მოვისურვე შენი ბინძური
უკანალი ძევ იტალიის
შენ მეძავი ხარ მალბოროსი  
კოკა კოლასი
მომეცი გესმის შენი ბინძური
სისხლიანი ქორწილი
ისეთი კლასით მერმისს რომ იტევს
მხრებზე აქვს დაღი ტატუირება
კაპიტალისგან
რიჟრაჟი ღამის ღამე რიჟრაჟის
მერე პელოზი რთავს გადაცემას
და ავტო თავის მეპატრონეს შეეჯახება
შენ იტალიას შეუერთდი 
ახლა პაოლო* 
ანდა ავიღოთ  წმინდა მარტინი,
ოჩოპინტრე და ბაღის ჯუჯა
რომლებიც ფიურერს ელოდებიან 
ტყავის შორტებში
....მისი ნატიფი ხელის მტევნები _
იასპერსი*
იქ მის შვარცვალდში სადაც კაფკამ* 
მარადიულმა ურიამ ნახა
მონადირე გრაკხუსი* მკვდარი
დიდოსტატი გერმანიიდან
გარდაცვალება რომ ვერ ისწავლა
ხელებს რომ ითბობს თავისივე 
ცხოველთა სისხლში
წმინდა მარტინმა იცოდა მაინც
რომ მას შემდეგ რაც იორდანეს
კვეთს შუახაზი 
არის უფსკრული არის ხმელეთიც
ცხოვრება კი _ ერთი ნახტომი
რადგან ღვთაება გარდაიცვალა 
მისი ობოლი ანგელოზები 
ფრთებს აღარავის მიაბარებენ
მისი ჩონჩხი კი კოსმოსს ევლება
სასტუმროს ბარში შეზარხოშებულ 
სტუმარს ოდნავ მოუწყენია 
ოფიციანტ ქალს დასვენების დღე 
რადგან ეკუთვნის
მას შეუძლია იჯდეს დახლთან და
თან მოუსმინოს სტუმრის მონაყოლს
როგორ მოუკვდა ცოლი სიმსივნით 
შემდეგ ძაღლებზე გაისაუბრეს
მე ჩაუ ჩაუს ჯიშის მომწონს
ეუბნება ოფიციანტი
რადგან საოცრად პატარებია
ჯანდაბას ყველა
სად დაიკარგა ჩემი სასმისი
გაჰყვირის მთვრალი 

I HATE DOGS

THEY  TOOK  MY TIME WHEN I LIVED

WITH MY WIFE

AND SHE`S DEAD  NOW AND THE  DOGS

TOOK MY TIME* გუშინ ვიხილე თეორემა
მე შევეწირე ამ საზოგადოებას
ამბობს დაღლილი კაპიტალისტი ვაგზლის ბაქანზე
რა დასასრული ელოდება კაცობრიობას
ფული სავსებით თუ დაიღალა
მეძავი ბიჭი უკვე ბაქანზე იხდის შიშვლდება
არარაობის წიაღ მოსურნე მოგზაურთ შორის
სამყარო უკვე აღწერილია 
და აღარ რჩება ლიტერატურას 
ადგილი მეტად
ვინ მოიხელთებს ბოლორითმას 
ბარის სკამზე ამაღლებული 
სულ უკანასკნელ თავგადასავალს  
ჰქვია სიკვდილი
მე ისევ მოვალ და ჩემ გარდა
ერთი დღე მოვა ოქტომბერში 
კოკისპირული წვიმის თანხლებით.
 
ბადენ-ბადენი 1995 წლის ოქტომბერი
 
 
კომენტარები
 
 
დანიელ ბარენბოიმი - (1942წ.) ისრაილელი დირიჟორი და პიანისტი.
ბრენტანო, კლემენს - (1778-1842წწ.) გერმანელი მწერალი და პოეტი.
აქსელ მანთეი - (1945-1995წწ.) გერმანელი თეატრის მხატვარი.
აქტეონი - ძვ. ბერძნ. მითოლოგიის პერსონაჟი; მითის მიხედვით აქტეონი ნადირობისას 
          წააწყდა მობანავე ქალღმერთ არტემიდას; იმის მაგივრად, რომ კრძალვით
          გარიდებოდა, თვალთვალი დაუწყო ქალღმერთს, რისთვისაც სასტიკად დაისაჯა,
          არტემიდამ იგი ირმად გადააქცია და ორმოცდაათმა მონადირე ძაღლმა დაგლიჯა.                
გერინგი, ჰერმან - (1889-1946წწ.) ფაშისტური გერმანიის ავიაციის მინისტრი.
გრუნდგენსი, გუსტავ - (1889-1969წწ.) გერმანელი მსახიობი და რეჟისორი.
ოტტო, ჰანს - (1901-1977 წწ.) ოტტო ბორგმანი, გერმანელი კინოკომპოზიტორი,
             მას ეკუთვნის ჰიტლერიუგენდისთვის დაწერილი ჰიმნის მუსიკა.
ჰამლეტვალენშტაინი - ორი პიროვნების სახელით შედგენილი კომპოზიტი:
                   ჰამლეტი, უ.შექსპირის დრამის გმირი და ვალენშტაინი, ფრ. 
                   შილერის დრამატული ტრილოგიის გმირი, ოცდაათწლიანი
                   ომის განთქმული მხედართმთავარი, ალბრეხტ ფონ ვალენშტაინი
                   (1583-1634წწ.).
პლატონი - (428[7]-348[7] წწ. ძვ.წ.) ბერძენი ფილოსოფოსი, არისტოტელეს მასწავლებელი. 
ალტჰუსერი, ლუი - (1918-1980 წწ.) ფრანგი ფილოსოფოსი.
პაზოლინი, პიერ, პაოლო - (1922-1975 წწ.) იტალიელი მწერალი, სცენარისტი,                
                   კინორეჟისორი.
პელოზი, ჯუზეპე - 17 წლის იტალიელი ახალგაზრდა, პაზოლინის მკვლელობაში
                 ეჭვმიტანილი.
პაოლო – იგულისხმება პაზოლინი.
იასპერსი, კარლ, თეოდორ - (1883-1969 წწ.) გერმანელი ფილოსოფოსი, ფსიქიატრი,
                         ფსიქოლოგი, ეგზისტენციალიზმის მთავარი წარმომადგენელი.
კაფკა, ფრანც - (1883-1924 წწ.) გამოჩენილი გერმანულენოვანი მწერალი.
მონადირე გრაკხუსი _-ფრანც კაფკას მოთხრობის პერსონაჟი. 
ინგლისური ტექსტის თარგმანი
                              ვერ ვიტან ძაღლებს დროს მართმევდნენ
                             ცოლი რომ მყავდა
                             ახლა მკვდარია იგი და მაინც
                             ისევ მართმევენ დროს მე ძაღლები.
 
გერმანულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლულუ დადიანმა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE