უარი


უარი




 

თავისუფლება ყველას

უკვდავი გრიგალით, გრიგალით ერთიანით,
სადაც თავისუფლებაა, იქითკენ ყველანი.
გედისფრთებიან ადამიანებს
მოაქვთ ამაყად შრომის ალამი.

მწველია თავისუფლების თვალები.
ცეცხლი — ყინულია, რომ შევადაროთ მათ.
დაე, მიწაზე ეყარონ ხატები!
შიმშილი დაწერს უამრავ ხატს…

ცეცხლოვანი სიმღერებისკენ დავიძრათ ერთად,
წინ თავისუფლებისთვის, მარშით!
თუ გარდავიცვლებით — აღვდგებით მკვდრეთით!
ყველა გაცოცხლდება მაშინ.

მოჯადოებული წავიდეთ გზებით,
ვისმინოთ გუგუნი ნაბიჯების ხმათა.
და თუკი ღმერთებს ადევთ ბორკილები
გავათავისუფლებთ მათაც…

 

1918

 

უარი 

ჩემთვის გაცილებით სასიამოვნოა
ვარსკვლავების ცქერა,
ვიდრე სასიკვდილო განაჩენზე
ხელის მოწერა.
ჩემთვის გაცილებით სასიამოვნოა
მოვუსმინო ყვავილების ხმებს,
რომ ჩურჩულებენ: “ეს ისაა!“ —
თავდახრილნი,
როცა მე გავდივარ ბაღში,
ვიდრე ვხედავდე გუშაგთა მუქ თოფებს,
რომელებიც კლავენ მათ,
ვისაც ჩემი მოკვლა სურს.
აი, რატომ არასდროს,
არა, არასდროს  ვიქნები მმართველი!

 

იანვარი, აპრილი, 1922
 

***
მე ცოტა რამ მჭირდება!
ნაჭერი პურის
და წვეთი რძის.
და ეს ცა,
და  ღრუბლები ამ ცის.

 

1912, 1922

 

***
ტომრიდან იატაკზე
დაიყარა ნივთები.
და მე ვფიქრობ,
რომ სამყარო
მხოლოდ დამცინავი ღიმილია,
რომ ჩათბილულა
ჩამომხრჩვალის ბაგეებზე.

 

1908

 

***
ცხენები როცა კვდებიან — სუნთქავენ,
მცენარეები როცა კვდებიან — ხმებიან,
მზეები როცა კვდებიან — ისინი ქრებიან,
ადამიანები როცა კვდებიან — მღერიან სიმღერებს.

 

1912
 

***
გოგონები, რომ დააბიჯებენ
შავი თვალების ჩექმებით
ჩემი გულის ყვავილებზე.
გოგონები, შუბებჩამოწეულნი
თავის  წამწამთა ტბაზე.
გოგონები, ფეხებს რომ იბანენ
ჩემი სიტყვების ტბაში.

 

1921

 

***
მე არ ვიცი, ბრუნავს თუ არა დედამიწა,
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩაისმება სიტრიქონში სიტყვა.
მე არ ვიცი, იყვნენ თუ არა ბებიაჩემი  და ბაბუაჩემი მაიმუნები,
რადგან მე არ ვიცი, მინდა თუ არა ტკბილი ან მჟავე.
მაგრამ მე ვიცი, რომ მინდა ვდუღდე და მინდა, რომ მზეს
და ჩემი ხელის ძარღვს აერთიანებდეს საერთო ჟრჟოლა.
მაგრამ მე მინდა, რომ ვარსკვლავის სხივი კოცნიდეს ჩემი თვალის სხივს,
როგორც ირემი ირემს (ო, მათი მშვენიერი თვალები!).
მაგრამ მე მინდა, რომ, როდესაც  ვთრთი, საერთო თრთოლამ აიტანოს სამყარო

და მე მინდა მჯეროდეს, რომ არის რაღაც, რაც რჩება,
როდესაც საყვარელი გოგოს ნაწნავს შეცვლი, მაგალითად, დროით.
მე მინდა გავიტანო საერთო მამრავლი ფრჩხილებს გარეთ,
რომელიც მაერთიანებს მე,
მზე, ცა და მარგალიტების მტვერი.

 

1909

 

***
სპილოები ისე იბრძოდნენ ეშვებით,
რომ გეგონებოდათ თეთრი ქვა
მოქანდაკის ხელში!
ირმები ისე იბლანდებოდნენ რქებით,
რომ გეგონებოდათ, მათ აერთიანებდა ძველისძველი კავშირი
ურთიერთგატაცებებით და ურთიერთარაერთგულებით.
მდინარეები ისე ჩაედინებოდნენ ზღვაში,
რომ გეგონებოდა:
ერთის ხელი ახრჩობს მეორის კისერს.

 

1910-1911

 

* * *
კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ,
მე  ვარ ვარსკვლავი
თქვენთვის,
ვაი, მეზღვაურს, რომელმაც აიღო
არასწორი კუთხე თავისი ნავის
და ვარსკვლავის:
ის დაიმსხვრევა ქვებზე,
წყალქვეშა მეჩეჩებზე.
და ვაი, თქვენც, რომლებმაც აიღეთ
გულის არასწორი კუთხე ჩემი მიმართულებით:
თქვენ დაიმსხვრევით ქვებზე
და ქვები დაგცინებენ,
როგორც თქვენ
დამცინოდით მე.

 

1922

 

რუსულიდან თარგმნა ნორიკ ბადოიანმა

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE