მზის მტვერი


მზის მტვერი




“მზის მტვერი” (2012) ტონინო გუერას სიცოცხლეში გამოცემული უკანასკნელი წიგნია. ავტორმა ის თავის მეგობარს, ბერძენ კინორეჟისორ თეო ანგელოპულოსს მიუძღვნა. აქ 101 პატარა ამბავია მოთხრობილი, რომელიც, ავტორის სიტყვებით რომ ვთქვათ, “ადამიანების ასანთებად” დაიწერა. მოვლენების პოეტური ხედვა და შეფასება, ურთიერთშერწყმული რეალობა და მდიდარი წარმოსახვა; ნანახი და გაგონილი, მეხსიერების მიერ ხან ცხადად, ხანაც კი ბუნდოვნად შემონახული _ ასეთია ტონინო გუერას პოეტური სამყარო. მისი ხმა იტალიურ კინემატოგრაფში და ლიტერატურაში სრულიად განსაკუთრებული იყო. ალბათ ამიტომ უწოდა მას ელზა მორანტემ “გლეხური ცივილიზაციის ჰომეროსი”. ამ წიგნში მოთხრობილი ზოგიერთი ამბავი საქართველოს უკავშირდება.

 

“მზის მტვერი”

 

ეს წიგნი დიდი ტკივილის დღეს იშვა – არაჩვეულებრივი მეგობრის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეჟისორის თეო ანგელოპულოსის დაკარგის დღეს.

 

აბრეშუმის ტყე

 

დიდი მდინარის – მტკვრის შორიახლოს, რომელშიც თბილისის შემაღლებული ნაწილი აირეკლება (აქ ხშირად მიწევდა ღამის გათევა ერთ ლურჯ სასტუმროში, სანაპიროს ყველაზე მაღალ ადგილას რომ დგას), “აბრეშუმის ტყე” იყო. ეს ტყე 1990 წელს მთლიანად დაიწვა. აქ, მოყვითალო ნაცრით დაფარულ ამ მინდორზე, რომელსაც წვიმა და თოვლი ვერაფერს აკლებს, ხალხს დღემდე მოჰყავს ახალშობილები. წლების წინ, აქ აბრეშუმის ჭია თუთის ხის ფოთლებს ჭამდა და ტოტებზე აბრეშუმის პარკებს ტოვებდა, რომლებიც თანდათან გაქვავდნენ. 

როცა ბიჭი ან გოგონა იბადებოდა, აქ მთელი საქართველოდან მოდიოდნენ, რომ აბრეშუმის პარკი წაეღოთ ახალშობილისთვის, რათა ეს უკანასკნელი, მისი დახმარებით, ფანტაზიით აღვსილიყო.

 

მსოფლიოს ბავშვობა

 

ღატაკად ვიქეცი, რომელიც რამე ხეირიანის ძებნაში, ნაგვის გროვაში იქექება. რამდენი წელია გაუნათლებელ ადამიანებს ვუსმენ. მათ ხომ თავის გადასარჩენად ცხოველური ძალა ამოძრავებთ. მხოლოდ ამ ხალხს, ქარის ქროლვას რომ დაჰყვება, შეუძლია მსოფლიოს სიყმაწვილის ნიშანი მამცნოს.

 ჩემი უზუსტესი ცნობისწადილი ამბებს დაეძებს იმ სიცარიელეზე, რომელიც ყველა ქმნილებას გარს აკრავს. მას სურს სიჩუმეში გახვიოს ისინი ხმის მოლოდინში, რომელიც თუნდაც სამყაროს სხვა ტიპს შექმნის და მას მოქარგული ტილოებით დაფარული მინებით შემოსაზღვრავს. აქ, რუსეთის ამ სანატორიუმში კლიენტები ჩამოდიან, რათა სამკურნალო ბალახების ნაყენები დალიონ.

 თოვს და მე ფიჭვებისა და არყის ხეების პარკში მივაბიჯებ. ვცდილობ, მაღალ ტოტებზე ციყვებს მოვკრა თვალი. ჯანმრთელობისთვის ასეთ სასარგებლო ადგილებში ადამიანი მარტოობით ავადდება. დროდადრო ფიქრი მიპყრობს, რომ ისე უნდა ვიცხოვროთ, თითქოს მცენარიდან ნაყოფი გვქონდეს მოსაწყვეტი. 

 

ბაღჩა

 

ბაღჩა ჩემთვის ისეთივე სანახაობაა, როგორიც შეიძლება იყოს თოვა ან ფოთლებზე დადენილი წვიმა. ყოველთვის, როცა ამ პაწაწინა მართკუთხედს ვხედავ, რომლის ყოველ ნამცეც მიწას ხანდაზმული ადამიანები თავს დასტრიალებენ, სკამზე ვჯდები და სალათის რიგებს, პამიდვრის საყრდენ სარებს, ჩამუქებულ ბადრიჯანს, როზმარინისა და სალბის ბუჩქებს ვუყურებ. შევიგრძნობ, რომ გლეხი ვარ, როგორც ყველა ის ადამიანი, ჩემი სოფლის მოდამოებში რომ ცხოვრობდა.

მიწის სიყვარული უნდა გავიხსენოთ, ტკბობა განვიცადოთ, რომელსაც ყვავილობა, ნაყოფის გამოსხმა და, ზოგადად, საკვების აღმოცენება გვანიჭებს. უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვს ბაღჩაში ვაჩვენოთ მცენარეები, ვიდრე წიგნის ფურცლებზე, რათა ყმაწვილებს ფანტაზია იმ გაოცებით აღევსოთ, სალათის ფურცლის ამოსვლა და პამიდვრის სიმწვანის ნელი გაფერმკრთალება რომ იწვევს.

 

ჰეროდოტეს ჩანაწერი

 

ჰეროდოტე ამბობს, რომ ბაბილონში ექიმებს არ მიმართავენ. ავადმყოფი მოედანზე მიჰყავთ და იქ, ის, ვინც ამავე სენით იყო ავად ან ამ სენით დაავადებული უნახავს, ავადმყოფთან მიდის და ურჩევს საშუალებას, რომლებმაც სენისგან გაათავისუფლა ან სხვები განკურნა.

 

მთვარეები

 

მის სახლში ზაფხულის ერთ ნაშუადღევს მივედი. სახლის პატრონი – სამოცდაათიოდე წლის მამაკაცი მშვიდი გაოცებით და შორეული მზერით შემომხვდა. “აქ არასდროს არავინ მოდის”, მითხრა მან. “მეც მიკვირს, რომ მოვედი... ერთ იშვიათ პეპელას გამოვყევი”. ბუნდოვანი ახსნა-განმარტებების მოცემა დაიწყო ან იქნებ მოფარფატე პეპლებს ხედავდა.

სახლთან ახლოს ჭურჭლის წყლით ავსებას შეუდგა. “წვიმის წყალია” - მომიგო. მართლაც, მოზრდილ ციცხვებში ლითონის კასრებიდან ასხამდა წყალს. Mტხოვა, გავყოლოდი. დავინახეთ, რომ წყლით სავსე ჭურჭელში პაწაწინა მთვარეები ირეკლებოდა. გამიკვირდა, მივხვდი, რომ დაღამებულიყო. მაგრამ, როცა ისევ სახლს მივუახლოვდით, ცა ისეთივე გამოჩნდა, როგორიც ნაშუადღევს იყო. გზააბნეულმა და დაბნეულმა გამომშვიდობებისას ასე ვუთხარი: “იქნებ აქ, თქვენთან, ჯერ არც კი ვყოფილვარ-მეთქი”. გამიღიმა, დამამშვიდა და მითხრა, ასეთი რამ ბევრს ემართება, ფიქრობენ, რომ რომელიღაც ადგილას არიან, მაგრამ იქ ვერასოდეს მიდიანო.

 

მსხდომარე ჩონჩხები

 

წმინდა არდუინოს დანგრეულ მონასტერში, პიეტრარუბიას მხარეში, სივრცის დაზოგვის მიზნით, ზოგიერთი ბერი მჯდომარე დაუმარხავთ. მან, ვინც პირველად მონასტერში იატაკის აღდგენა სცადა, შვიდი მჯდომარე დამარხული ბერი დათვალა. იატაკმა კიდევ ერთხელ დაფარა მსხდომარე ჩონჩხები. აგვისტოს პირველ კვირადღეს ისმის, რომ ეს საბრალო მიცვალებულები ღვთისმშობლის ლოცვას წარმოთქვამენ. ჰოდა, მონასტერში ბევრი მორწმუნე მიდის, რათა იმ ნელ და გაბმულ მელოდიას მოუსმინოს. ყურს იატაკის ფილაქანს ადებენ, რომელზეც სპეციალურად ამ შემთხვევისთვის თხელ ხალიჩებს აგებენ. 

 

კაცობრიობის სუნთქვა

 

ომის შემდეგ იყო რეალობა, რომელზეც ჰყვებოდნენ, ან, უკეთ რომ ვთქვათ, რეალობა, რომელიც გაიძულებდა, მასზე მოგეთხრო. რეალობა, რომელიც მსოფლიოს რეალობა იყო. ახლანდელ რეალობას ვერ აღმოაჩენ, ის არ იხსნება, სხვადასხვა-ნაირადაა დაწახნაგებული. ესაა რეალობა შორეული სუნთქვით და მე მგონია, რომ ხელოვანის ამოცანა მთელი კაცობრიობის სუნთქვის ძიებაა. და მაინც, გადაუჭრელი მარადიული თემების ხარჯზე ვსუნთქავთ, რადგან ამქვეყნად იმისთვის ვართ, რომ გავიგოთ, ვინ ვართ.

 

გზამკვლევი კარების აღმოსაჩენად 

 

ამ გზამკვლევს ზუსტი მითითება და კრიტერიუმები არ აქვს. მინდა თქვენს თვალთახედვას შევთავაზო, ყურადღებით დააკვირდეს ძველ კარებს, მიტოვებულ სახლებს, ბოსლებს და პირუტყვის სადგომებს რომ იცავენ. არ არსებობს არავითარი მხატვრული მოტივი, რაც სიმშვიდეს მოგგვრით, არც ხელოსნის რაიმე განსაკუთრებული ნამუშევარი, არამედ – მხოლოდ სიძველესთან და დროსთან შეხვედრა. და უცებ მიხვდებით, ეს ის ნივთებია, გულით რომ გიმზერენ. ესე იგი, იმ სამყაროს ეხები, თვალისჩინი რომ დაკარგვია.

ასეთი კარების ბედისწერაა, რომ პეწი დაკარგონ, რაც, ჩვეულებრივ, დასველების შედეგად ხდება, მაგრამ კვლავაც გამძლე არიან და დაცვის ფუნქციას ასრულებენ. უამრავი, ქსელის მსგავსად დაჭედებული ლურსმნები ერთად კრავენ და ინარჩუნებენ ხის ნაჭრებს, რომლებიც უკვე ფრაგმენტებად ქცეულან. ზოგიერთი ფულს ზოგავს და მათ შეკეთებას არც ფიქრობს, დაჭედებული ლურსმნებით შექმნილ ნახატს სქელი მუყაოთი ფარავს, რომ ზაფხულობით ცხელი, ხოლო ზამთრობით ცივი ჰაერის მოძრაობას შეუშალონ ხელი.

 

ჯვარცმული კარები

 

როცა იმ მიდამოებში ბოლო სახლის სანახავად მივედი, ერთი ძველი კარი დავინახე, რომელიც მაშინვე შემიყვარდა. მივხვდი, რომ უცნობი დურგლის ნახელავი იყო ან სულაც – სახლის მაშინდელი პატრონის. ღერძები ერთმანეთზე სათითაოდ არის მიჭედებული, ხოლო ლურსმნების წვეტები ხის ზედაპირისკენ მიუქცევიათ. 

მეორე დღეს ის კარი მოიპარეს და მე მომიტანეს. ახლა ჩემს სახლში კედელზეა მიყრდნობილი. ზოგჯერ ვჯდები და ვუცქერ. სწორედ ასე ვიჯექი და ჩაჭედებული ლურსმნების ხალიჩით ვტკბებოდი, როცა კარი გაიღო და ქალი გამოჩნდა, რომელსაც ჩემი იქ ყოფნის გამო სულაც არ დაუმორცხვია, გვერდით ჩამიარა და გამშორდა.

 

მარეკია

 

მარეკია მთის მძლავრი მდინარეა, რომელიც სათავეს აპენინებში იღებს და რიმინიში ჩაედინება. ამ მდინარემ ჯოტო, დანტე და ეზრა პაუნდი მოხიბლა.

ჩემს მეგობარ ჯანისთან ერთად შევეცადე, ამ კამკამა და ისტორიით დამძიმებული წყლის სათავე მეპოვა. ნამდვილ სათავეს ვერ მივაგენით. ერთმა მთიელმა მოხუცმა ზუსტი ადგილი მიგვასწავლა. ეს არის ვრცელი ველი ძუკას მთის წვერის ჩრდილში. აქ მუქი ბალახი ნამითაა დაფარული. წყლის მარგალიტები მიწას ეწვეთება და მდინარეს წარმოშობს, თითქოსდა მარეკია მთის ცრემლებიდან იბადება.

 

ქართული დღიურის ნაფლეთები (1984)

 

ლიკანის დასასვენებელი სახლი საქართველოში მდებარეობს, ტყიან ადგილას, რომელსაც მდინარე მტკვარი ჩამოუდის. იქ მცირე ხნით ვიყავი გამოსაჯანმრთელებლად, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველო რუსეთის რესპუბლიკა იყო. 

მოასფალტებულ ხეივნებში ვიარე პარკის ბოლომდე და დასასვენებლად სკამზე ჩამოვჯექი ცხენის წაბლისა და ვეებერთელა ცაცხვების ქვეშ. ველოდებოდი, როდის ჩამოივლიდა პატარა მატარებელი, სამი მწვანე ვაგონით, კლდის ძირში, მტკვრის გაღმა ნაპირზე, რომელიც აზერბაიჯანისკენ მიედინება, რომ კასპიის ზღვა სწრაფად მცურავი ორაგულებით აავსოს, რომლებიც მზად არიან ქვირითი მდინარის წყალში დაყარონ.

ყოველ დილას შიშველი ვწვები აბაზანაში, რომელშიც ჟანგბადი გამოიყოფა. ჟანგბადი სხეულს მისუსხავს, თითქოს დასაწყნარებლად ელექტროშოკს მიტარებენ. ასე მეუბნება ახალგაზრდა ექთანი. ის ლაპარაკისას ტყეს გაჰყურებს ფანჯრის დიდი მინების იქით. დროს პატარა ქვიშის საათი ზომავს, რომელშიც ათიოდე წუთის სამყოფი ქვიშა ყრია.

დღეს ქვიშის საათი მეოთხე წუთზე შეჩერდა. ექთანი რამდენჯერმე შემოვიდა, რომ შეემოწმებინა. მელაპარაკებოდა და მიღიმოდა, მაგრამ მე არაფერი მესმოდა. ცხადია, ორივე ვცდილობდით გაგვეგო, რატომ გაჩერდა ქვიშა, რომელიც არა და არ ჩადიოდა ქვემოთ. არა მგონია, რაიმე განსაკუთრებული მიზეზი ყოფილიყო. ექთანმა  ეს პატარა მოწყობილობა მომცა, რომ მეც შემემოწმებინა. დროდადრო იხრებოდა, რომ ონკანები დაერეგულირებინა, რათა თბილ წყალში ვწოლილიყავი. ჟანგბადი მთელ სხეულს მისუსხავდა, თითქოს ვიღაც უცნაურად მიღიტინებდა, ქალი კი შეშფოთებული შემომყურებდა. მოულოდნელად წყალში ხელი ჩაყო, რომ ამ შეგრძნებისგან გავეთავისუფლებინე და სხეულზე მომეალერსა.

 

შავ ზღვაზე

 

ფართო პლაჟის გაყოლებაზე, რომელსაც უკანა მხრიდან ბორცვები შემოფარგლავს, ღორის ახალთახალი, ჯერ კიდევ ცხელი განავალი და გზააბნეული ძროხების გამხმარი ნეხვი ყრია. რამდენიმე ადამიანი ტრუსებით, ერთმანეთისგან მოშორებით მზეზე ირუჯება, თითქოს მეცხრამეტე საუკუნის ფოტოების გამოსახულებას ბაძავენ. შიშველი ზურგით ქვებზე გაწოლილან ან მოკუნტულები, ტოტებზე გადაკიდებული პერანგების ჩრდილს აფარებენ თავს. საზამთროს ქერქები, ბოთლის ნასხვრევები, შუაგულში კი – საზოგადოებრივი ტუალეტი, ბუზებით სავსე, საიდანაც ღრუბელივით მოდის აყროლებული ჰაერი.

გზის მხარეს გადაჭიმული მავთულის ბადე, რომელსაც უტვინო თხები რქებით ეჯახებიან, იქამდე კი – ბარაკები აზერბაიჯანელებით, ოქროგადაკრული კბილებით ნიორს რომ ღეჭავენ. იქით, თევზის საკონსერვო ქარხნისკენ – საზოგადოებრივი ბაღი, მავთულის ბადით გარშემორტყმული, ოთხიოდე დაჟანგული საქანელით, რომლებზეც მოხუცები და ბავშვები ირწევიან. ზღვის ხმები ქართან ერთად მოძრაობს პლაჟზე და ქვების გროვის შუაგულში ქრება, რომელსაც წყალი განუწყვეტლივ ეალერსება.

 

თბილისი

 

 ღარიბების უბნიდან, სადაც ერთმანეთზე მიწყობილი აივნიანი ხის სახლები ეზოებს გადაცქერის, რომლებშიც ონკანებიდან წვეთ-წვეთად ჩამოსული წყალი ვედროებში ჩადის – ბინძური ჰაერი მოედინება. მინებიდან წამოსული სინათლის ანარეკლი გახურებულ ასფალტზე იღვრება, რომელსაც ქერქგაცლილი ჭადრების ჩრდილი ფარავს. ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილ სახურავებსა და აივნებს, რომლებზეც მზე აცხუნებს, გამომშრალი და დაძარღვის გასწვრივ ღრმად გადახსნილი ხის სუნი ასდის. დასახლების ნაფოტებით დაფარული ბილიკების გაყოლებაზე –  მოზარდების მტვრით დაფარული სახეები, მზის მცხუნვარებისგან ხეებზე შემომძვრალი ქერქი, რომლებსაც ურჩი გოჭები აქეთ-იქით დაათრევენ და თან ხეებს ეხახუნებიან, რათა ფერდებში შემძვრალი რწყილები გაჭყლიტონ. 

 

ლანდის გზავნილები

 

ყვითელი და მოტიტვლებული ზეგნები, თურქების შემოსევების დროს გაჩეხილი ტყეებით. ციხე-სიმაგრეების ნანგრევები და ძველი, მიწისძვრის შედეგად დანგრეული ქალაქები, რამაც საქართველო შეარყია, განსაკუთრებით ამ საზღვრისპირა ზონაში. ვიდრე მიწისძვრები და შემოსევები ყველაფერს წაშლიდნენ, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე დედათა პატარა მონასტერი იყო, მარჯვენა ნაპირზე კი უზარმაზარი მონასტერი და სიმაგრე აღემართათ, რომელშიც მთელი ვარძიის ბერები ცხოვრობდნენ. ახლა როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს ჩამუქებული გამოქვაბულები მოჩანს, მაღალ კლდეში ამოკვეთილი.

მთაში გამოჭრილ პატარა სენაკში, მთავარ ეკლესიასთან საკმაოდ ახლოს, ახალგაზრდა მონაზონი ცხოვრობდა, რომელიც მარტოობით იტანჯებოდა. ამიტომ გადაწყვიტა ლანდის ნიშანი ვარძიის მონასტრისკენ გაეშვა, რათა ახალგაზრდა ბერთან კონტაქტით სიმშვიდე ეპოვა. ამისთვის კი სარკის ნამსხვრევი გამოიყენა, რომელიც მისი მზითვის ნაწილი იყო. სამწლიანი მოლოდინისა და ლანდის თვალისმომჭრელი გზავნილების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, მეორე სარკემ უპასუხა.

ამბობენ, რომ ბერი და მონაზონი ერთმანეთთან დაკავშირებას რუდიმენტული ანბანით ახერხებდნენ, რაც არეკლილი სინათლის კრთომით მიიღწევა, თუ სარკეს ხელს ხან დააფარებ, ხან კი – მოაცილებ.

მაგრამ ერთ დღეს, მხოლოდ ხანგრძლივი და უწყვეტი ანარეკლი გამოჩნდა, რამაც ახალგაზრდა ბერი საგონებელში ჩააგდო. გზას გაუდგა, რომ გაეგო, რა დაემართა ახალგაზრდა მონაზონს. თავის გამოქვაბულში, ქვებსა და ქვიშაში ჩამარხული იპოვა, კლდის ნაშალიდან ხელი მოჩანდა, რომელსაც სარკის ნამსხვრევი ეკავა, მამათა მონასტრისკენ მიმართული. 

 

* * *

 

ტყე სავსეა დიდი ჩიტებით, რომლებიც არ ჩანან. მათი ძახილი მოგუდულია, გიგანტური ჭრიჭინების ხმის დახშული მოდულაცია, თითქოს ქვები მიგორავენ მეტალის ფილებზე. და მაინც, როცა  ფრინველი გამოჩნდება, რომელიც ველის თავზე დაბლა დაფრინავს, ხედავ, რომ დელიკატური შესახედაობა და მეთვრამეტე საუკუნის ქალბატონის ელეგანტურობა აქვს. ერთი ქართველი, რომელიც სკამზე ჩამომჯდარა, რათა ოზონით მდიდარი ჰაერი ისუნთქოს, ამბობს, რომ ამ ჩიტს “სოიკა” ჰქვია.

 

* * *

 

აღწერო ქართველი ქალი, ერთი შეხედვით, ამქვეყნად ყველაზე მარტივი რამაა, რადგან მისი ნაკვთები სახასიათო და გამოკვეთილია, მაგრამ რისკავთ, რომ პორტრეტი ერთობ ზედაპირული გამოგივათ. ქართველ ქალში ყოველთვის არის ახლომხედველობის თამაში, ანუ ქუთუთოების მსუბუქი მოჭუტვა, რათა შენსა და საკუთარ თავს შორის დისტანცია შექმნას, მაგრამ არა რამდენიმე მეტრის დისტანცია, არამედ, მართებული იქნება თუ ვიტყვით, დღეებისა და წლების დისტანცია, თითქოს ქალი თავს ძალას ატანს, რომ გიცნოთ, მაშინაც კი, როდესაც უკვე ცოლ-ქმარი ხართ. ქართველ ქალთან პირველი შეხვედრისას გგონია, რომ ამ შეხვედრას წინ სხვა შეხვედრები უსწრებდა, თუნდაც წამიერი ან სიზმრისეული, რის გამოც ახლომხედველობის ასეთი თამაში ქალს საშუალებას აძლევს, რომ თავის მეხსიერებაში ძველი ნაცნობობის პირველი სურათები მოიძიოს.

 

* * *

 

სოფელი წაღვერი მწვანედ შეფოთლილ კაკლის ხეებშია ჩაფლული. წრიული ფორმის ბილიკები ფერდობზე წყდება. ეს ფერდობი ბორჯომულას კალაპოტის გასწვრივ მოულოდნელად სიცარიელიეში სრულდება. მდინარე მთებს შორის მიედინება. აქვე წმინდა გიორგის ძველი ელესია დგას, რუხი ქვით ნაშენი.

 

* * *

 

რიწის ტბის ნაპირას, დიდ ქვებზე, ხანშიშესული კაცის გვერდით, რომელიც სიმთვრალისათვის დამახასიათებელი უენერგიობით გაშხლართულიყო, იჯდა ოცდახუთი წლის ახალგაზრდა, სახელად მუშეგ ტიგრანიჩ მარქარიანი (სომხეთში, ერევანში მძღოლად მუშაობდა) და ძმას ამშვიდებდა, რომელიც იმაზე წუხდა, რომ “ლაგერში” გატარებული 4 წლის შემდეგ უსარგებლო თავისუფლებას ვეღარ იტანდა. ამიტომაც დამთვრალიყო, რომ ცოლ-შვილი და ნათესავები დაევიწყებინა. ციხეში დაბრუნება და იქაური მეგობრების ნახვა უნდოდა, თუნდაც ვინმეს მოკვლის ფასად.

როდესაც მუშეგმა დაგვინახა, რომ დაღლილები ძლივს მივლასლასებდით,  ცოტა ხნით უკან გამოგვყვა, თითქოსდა ანკესის კაუჭისკენ რაღაც უცნაური მიზიდულობა ეწეოდა. მერე გაგვიმხილა, რომ იტალიური მეტყველების მოსმენამ ააღელვა, რადგან ეს დაეხმარა, თავი შორს ეგრძნო იმ სიტუაციისგან, რაშიც ძმის სიყვარულით მოხვდა. როცა გაიგო, რომ ავტობუსს ველოდებოდით, რათა ბიჭვინთაში დავბრუნებულიყავით, ცოტა ხნით გაუჩინარდა, შემდეგ კი თავისი მანქანით გამოჩნდა. შემოგვთავაზა, რომ სასტუმროში მიგვიყვანდა. ასე გავიგეთ, რომ სომეხი იყო და მძღოლად მუშაობდა; იმედი ჰქონდა, რომ ერევნის წყლით სავსე ბოთლს ბებიას ჩაუტანდა, რომელიც უკრაინაში გარდაიცვალა, როცა თავის დასთან სტუმრად იმყოფებოდა. ეს ბებიამ გარდაცვალებამდე სთხოვა. ის კი მალე სომხეთის წყალს დაასხამდა მიწას, რომელიც ბებიას ფარავდა. საჭმელად მდინარე ბზიფზე, “ფაცხაში” წაგვიყვანა, რკინის ძველი ხიდის გვერდით. მდინარის კალაპოტთან, ასწლოვანი ჭადრების ძირში ღომი, შებოლილი ხორცი, ლობიო ვჭამეთ და პიტნის ლიმონათი დავლიეთ. როდესაც წამოდგა და ფულის გადასახდელად წავიდა, გაიგო, რომ მადლენმა დაასწრო. მაგიდიდან შორს შეჩერდა, იქ, სადაც ჭადრის ტოტებში შეღწეული მზის სხივები ეცემოდა. ტკივილით თქვა:

- დღეს მაინც არ უნდა გეგრძნობინებინათ, რომ მძღოლი ვარ.

მანქანაში ჩაჯდა და მიგვატოვა, სანამ ჩვენ სიმინდს ვღეჭავდით. 

 

თბილისი წლების წინ

 

უკვე რანდენიმე დღეა ასეა: ცხელი აბაზანები და გასეირნება ქალაქის ძველ კვარტლებში, რათა ვნახოთ, ეკუთვნოდათ თუ არა ბერებს ნგრევის პირას მისული ტაძრები. ეზოებში მიჯრით მიწყობილი ხის სახლები, თუნუქის სახურავებზე დახვავებული, გამომხმარი ნაგავი, რომელიც კიბეებს და სავალდებულო გასასვლელებს ფარავს. შემორჩენილ აივნებს ხის ძველი, დაჩვრეტილი მოაჯირები იცავს. ძველებური სინატიფე შემოდგომის ფოთლების გროვის ქვეშ დამარხულა. სულის ქალაქი – ასეთია თბილისი, სადღესასწაულო სიხარულით აღსავსე და მეგობარი.

პატარა ვარდისფერი კარის წინ ვჩერდები, რომელზეც რკინის ძველი, მომცრო სახურავის ქვეშ ნათურა ჰკიდია. ხელახლა აღმოვაჩენ ვარდისფერს. ეს თოჯინის სხეულის ვარდისფერია. კარი ამ ფერით არაერთხელ გადაუღებიათ, შემდეგ კი მზეზე გამოსაშრობად და ოდნავ შესარუჯად მიუტოვებიათ. ნამდვილად უჩვეულოა კარისთვის. აი, მისი ეს უხერხული ყოფა მიმახვედრებს, რომ ვარდისფერი, დიდი ალბათობით, არა მხოლოდ ქალის საცვლებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. მოკლედ, ეს მამაკაცური ვარდისფერია. Eესეც ისევე, როგორც ყველა კარი გაყოლებაზე, ქუჩის დონეზე უფრო მეტად დაწეულია. ფარაჯანოვი იხსენებს, რომ კარის წინ დაგებული ქვები, რომლებიც ასფალტმა გადაფარა, ისეთივე ვარდისფერი იყო, როგორც თვითონ კარი. იმ დღეებში, როცა ქვები შავი ფისით უნდა დაეფარათ, თითოეულ მათგანთან დასამშვიდობებლად მოდიოდა და ქუჩის განაპირას დგებოდა, საქმეში ჩართული მუშებისა და სატკეპნის გვერდით, რომელიც ასფალტს საბოლოოდ ასწორებდა.

ერთ ნაშუადღევს ფარაჯანოვი კარს აღებს, ხვეულ კიბეზე ადის და მოულოდნელად, თითქოს მეჩეჩზე დამჯდარი ტრანსატლანტიკური გემის წინაშე მაყენებს. ტერასები, პატარ-პატარა კიბეები სხვენამდე გრძელდება, სადაც მოხუცებული  ბარონესა ცხოვრობს _ ყოფილი მსახიობი და მომღერალი. ქალი კარს აღებს, შეშინებული, ღრმად დანაოჭებული სახით, რაც დაკარგულ ბრწყინვალებაზე   მტანჯველმა ნოსტალგიამ წარმოქმნა. კისერს გამჭვირვალე მოსახვევი უფარავს, ქვეშ მაისური აცვია, შესაკრავთან ჩრჩილის შეჭმული; ლურჯი, სპორტული შარვალი. თეთრ ტილოგადაფარებულ მაგიდასთან ვსხდებით. იქვე გვერდით, პიანინოს პიუპიტრზე ნოტების გადაშლილი წიგნია. ფურცლებს უძრავად აკავებს ორი მაღალი სანთელი, რომლებიც წლების მანძილზე უკან გადაიხარნენ, ისე, რომ ამიერიდან უკვე სამუდამოდ შეასრულებენ თავიანთ ფუნქციას. ფარაჯანოვმა ქალბატონს სთხოვა, ლექსი წაეკითხა; მოხუცმა ქალმა ჩვენი სურვილი დააკმაყოფილა და ნაწყვეტი წაგვიკითხა ბუნინის ნაწარმოებიდან. თვალდახუჭულმა კომპლიმენტები მიიღო და იქვე, პატარა სამზარეულოში გაუჩინარდა, რომ ემოციები დაეცხრო.

 

ძილის ხე

 

ერთი თბილისელი ისტორიკოსი წერს, რომ შესაძლოა, “ძილის ხე” პირველი მცენარეა დედამიწაზე, რომელიც წარღვნის შემდეგ გაიზარდა. ნოეს კიდობნიდან, რომელიც არარატის მთის მწვერვალზე შეჩერდა, ცხოველები გადმოვიდნენ, დაღლილ-დაქანცულები და წვალებით გაბრუებულები. და მათ ტალახიან და გუბეებით დაფარულ მიწაზე დაიწყეს სიარული. მალე მზემ მთა გააშრო და ცხოველებმა ერთ ხეს მიაღწიეს – ერთადერთ ხეს ჭალაში – და სამი დღე იძინეს ფოთლების ქვეშ, რომლებიც მუსიკის სურნელს გამოსცემდნენ.

ცნობა ამ “ძილის ხის” შესახებ ერთი თურქი ჯარისკაცის დღიურმაც შემოგვინახა, რომელიც დაახლოებით ათას წელს სომხების წინააღმდეგ იბრძოდა. ის წერს ხეზე, რომელმაც ერთი სარდალი მთელი ზაფხული ჩააძინა. სარდალი ლაშქრობას ედგა სათავეში და ჯარის წინსვლა მთელი ამ დროის მანძილზე შეჩერდა.

ეს ორი ცნობა, რომელიც ლეგენდად იქცა, ჩვენთვის ბევრად უფრო ახლობელი და, შესაბამისად, უფრო დამაჯერებელი მონათხრობის საფუძველს ქმნის. “ძილის ხის” მკვლევრები მეთვრამეტე საუკუნეშიც ყოფილან და მეცხრამეტეშიც. შემდეგ ამ საკითხზე დიდი ხნის მანძილზე კრინტი აღარავის დაუძრავს, ვიდრე 1910 წელს, ერთი ინგლისელი ბათუმში არ ჩავიდა და მთაში ფეხით არ წავიდა. შემდეგ მან დაღესტნის მიკარგულ სოფლებში იცხოვრა და როცაAისევ ბათუმში დაბრუნდა, რათა ბერძნულ გემზე ასულიყო, ხალხს ნახატი აჩვენა, რომელზეც ხე იყო გამოსახული, დაგრეხილ ტოტებზე აქა-იქ გამოსხმული და ძირს დაშვებული ფოთლებით, რომლებსაც წვეტი მიწაში ჰქონდათ ჩარჭობილი. ეს რაღაც მოზრდილი და დიდებული გალიისმაგვარი რამ გახლდათ. ინგლისელი მოჰყვა, რომ მცენარე, რომელიც მან აღმოაჩინა და დახატა, უეჭველად ძილის ხე იყო. მართლაც, იმ ტოტების ქვეშ, მასაც ღრმა და ხანგრძლივი ძილით ეძინა, ხოლო ჰაერი, რომელიც მუსიკალურ ვიბრაციას იწვევდა, თითქოს თვალებზე ელამუნებოდა.

 

მაკრატლები თბილისში

 

როდესაც დის ქმარი – თბილისში ცნობილი დალაქი გარდაეცვალა, დიდი დაკრძალვა გაიმართა. ქალაქის ყველა დალაქი, მათი კლიენტები და უამრავი ხალხი მოგროვდა პატარა ეზოში, კიბესთან. კუბო დიდი გაჭირვებით ჩამოიტანეს ძირს და ვიდრე მუსიკოსების პატარა ჯგუფის თანხლებით, სასაფლაოსკენ გზას გაუდგებოდნენ, მცირე ხნით ეზოში შეაჩერეს. ერთი კაცი არ ჩანდა – სერგო ფარაჯანოვი, დიდი რეჟისორი.

ის უკანასკნელ წუთს შემოვიდა, ორი ჩემოდნით. ჩემოდნები გახსნა, რათა მიცვალებულის მეგობრებისთვის, კორტეჟის სათავეში რომ იდგნენ, რაღაც გადაეცა. იმ არეულობაში ვერავინ მოხვდა, რას აპირებდა ხელოვანი. გამცილებლები ნელა გაუყვნენ ქუჩას, თბილისის ცენტრისკენ რომ მიდის. მუსიკოსების პატარა ჯგუფი პროცესიას ნელი ნაბიჯით მიჰყვა. როდესაც მუსიკის ხმა ცოტა ხნით მიწყნარდა, ლითონის ჩხაკუნი გაისმა. აი, თურმე რა მოამზადა ფარაჯანოვმა სიძესთან გამოსათხოვებლად. მთელი ქალაქი შემოირბინა, რომ, რაც შეიძლება მეტი მაკრატელი ეშოვა, რათა ლითონის რაკუნს დამსწრეთათვის და მთელი ქალაქისთვის შეეხსენებინა დალაქის დიდი ხელობა.

 

პრინცების სოფელი

 

პრინცების სოფელი კავკასიაშია, ფიჭვნარის შუაგულში, სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე იმ ადგილიდან, სადაც მელიების საშენია. იქ დიდი ქარტეხილების დროს შეიკრიბნენ, რასაც იმ სამეფო ოჯახის წევრთა გაბნევა მოჰყვა, ყოველ მათგანს რომ ენათესავებოდა. ზოგი უკვე ძალიან მოხუცდა და იმითღა სულდგმულობს, რომ იმ ფოტოებს ფურცლავს, გაქცევის ჟამს ლეიბებში რომ გადამალეს. ეს ფოტოები, მათზე გამოსახული კარეტებით, პრინცების შორეული მოგზაურობების დასტურია: ზოგი ვენაში ყოფილა, ზოგი – იტალიაშიც კი.

ყოველ საღამოს, მზის ჩასვლისას, პრინცები ტყის განაპირას, გრძელ სკამზე ჩამოსხდებიან და გრძელ, სწორ გზას გასცქერიან, რომელიც ზეგანს ორად ჰყოფს და ველისკენ ეშვება, სადაც ბაკურიანის ხის სახლები დგას. მათ შორის ყველაზე მოხუცი ჯერაც მოელის, რომ გზის სიღრმიდან ძველი სამეფო სახლის დროშები გამოჩნდება, ოქროსფერი ფრინველის გამოსახულებით, ლურჯ ფონზე; ზოგჯერ მღელვარება იპყრობს, ფეხზე წამოდგება ხოლმე იმის შესაგებებლად, რასაც, როგორც თვითონ ჰგონია, ხედავს.

 

ქვიშაზე ანაბეჭდი

 

მეუბნებიან, რომ თბილისიდან სოფლებისკენ მიმავალ გზაზე ჯერ კიდევ არის  ძველი ჯიხურები, სადაც ღვინით და ხილით ვაჭრობენ.

წლების წინ, ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი ერთ-ერთ ჯიხურთან მივიდა, რომელშიც გასაყიდი არაფერი ჩანდა. გაგებული ჰქონდა, რომ ამ ჯიხურში ვიღაც მოხუცი ასირიელი იჯდა, რომელსაც კალთაში მართკუთხა, ქვიშით სავსე ჭურჭელი ედგა. მოხუც ქალს შავი წინსაფარი ეკეთა, რომელზეც ყელზე შემოხვეული ვერცხლის ძველი ხელნაკეთი სამკაულები ეშვებოდა. როცა დაინახა, რომ მამაკაცი ფანჯარაში იყურებოდა, ქვიშიანი ჭურჭელი ასწია და მამაკაცმა მარცხენა ხელისგული ქვიშას დაადო, რომ ანაბეჭდი დაეტოვებინა. მოხუცი ქალი მაშინვე ანაბეჭდს დააკვირდა. ის-ის იყო დააპირა ანაბეჭდის მიხედვით ამოკითხული საიდუმლოებები მოეთხრო, რომ მამაკაცი ჯიხურს მოშორდა, მაგრამ მალევე ისევ გამოჩნდა ერთ ახალგაზრდასათან ერთად, რომელსაც მოხუცი ასირიელი ქალის სიტყვების თარგმნა შეეძლო. “ამბობს, რომ ნიშნები შენს ხელზე სამუშაოსთან დაკავშირებულ სირთულეებზე ლაპარაკობენ, რომელსაც რამდენიმე წელიწადში მოაგვარებ. სხეული ჯანსაღი გაქვს, მაგრამ მზეს უნდა ერიდო. ამბობს, რომ დედაშენი დიდხანს იცოცხლებს და რომ უკანასკნელი ქალი, რომელთანაც ინტიმური ურთიერთობა გექნება, ახლა ოთხი წლისაა”.

ბავშვს რა ჰქვიაო, იკითხა მამაკაცმა. მოხუცმა ქალმა მაშინვე უპასუხა: “ნანული”. ოთხიოდე წლის გოგონა, რომელსაც ნანული ერქვა და თბილისში ცხოვრობდა, არა, ასეთს არავის იცნობდა. მამაკაცს მაშინვე დაავიწყდა ქირომანტის ნათქვამი.

77 წელი შეუსრულდა. პეტერბურგის ბაზარში ხილს ყიდდა, რომელსაც საქართველოდან მატარებლით უგზავნიდნენ. ერთ საღამოს ნევის პროსპექტზე მიაბიჯებდა. მაისი იყო, მაგრამ ჰაერში ჯერ კიდევ სიცივე იგრძნობოდა, რადგან ნევას ლადოგის ტბის ყინული მოჰქონდა, რომელსაც იმ დღეებში დნობა დაეწყო. პროსპექტიდან გადაუხვია და ერთ-ერთ ჩიხში შევიდა. სასახლის წინ, რომელიც ერთ დროს ბარონ შტიგლიცს ეკუთვნოდა, ახალგაზრდა გოგოს მოკრა თვალი. გოგომ გაუღიმა. მამაკაცმა გზა განაგრძო. იცოდა, რომ აქ ახალგაზრდა ქალები კაცებს ფულის სანაცვლოდ ხვდებოდნენ. მას კი იმდენი ფული არ ჰქონდა, რომ თავისთვის ასეთი ძვირადღირებული გართობის უფლება მიეცა. ახალგაზრდა ქალი წამოეწია და გვერდით ამოუდგა. “მეც ქართველი ვარ, შენსავით,” – უთხრა ქალმა. – “ნანული მქვია”. ამ სახელის გაგონებაზე მამაკაცი მოულოდნელად შეჩერდა. “ფული არ მაქვს.” – ხმადაბლა წარმოთქვა. “არა უშავს.” – მიუგო ნანულიმ. “მე ხომ ბებერი ვარ.” – უთხრა კაცმა და წასვლა დააპირა. გოგონა ისევ გვერდით დაუდგა და მოუყვა, როგორ ენატრებოდა თბილისი, როგორ სჭირდებოდა, რომ მშობლიური მიწის სურნელი ეგრძნო.

ღიმილით გაეცალნენ იქაურობას.

 

მწვანე მონასტერი

 

მტკვრის ხეობაში მწვანე მონასტერს ხშირად ახსენებენ. ლაპარაკია პატარა მონასტერზე, რომელიც ფიჭვნარში, ველური კაკლის და წაბლის ტყეშია მიტოვებული, მთებს რომ ფარავს. ამ მონასტერზე ყველა სხვადასხვას ჰყვება. თითქოს საქმე  ეხებოდეს რამდენიმე მიტოვებულ და სანახევროდ დანგრეულ მონასტერს. შესაძლებელია, მწვანე მონასტერი არც კი არსებობდეს. ალბათ ის მხოლოდ მირაჟია. თუმცა არსებობს ერთი რამ, რაც ყველა მოთხრობაში მეორდება: ზარის სადღესასწაულო რეკვა შეკრებისკენ მოუწოდებს ყველა ადამიანს, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ტყეში იმყოფება. მაგრამ ვინ რეკავს ზარს, თუ ბერები აღარ არიან და მონასტერი აღარ არსებობს?

ერთმა მწყემსმა გვითხრა, რომ ზარის რეკვის ხმა განსაკუთრებული სახეობის შაშვების ჭიკჭიკია, რომლებმაც უწინდელი მოხმობა ზარების რეკვის ხმით შეცვალეს. როდესაც მონასტერმა არსებობა შეწყვიტა, რადგან ის ბუნებრივმა მოვლენებმა დაანგრია ან იმიტომ, რომ ბერებმა იქაურობა დატოვეს, ფრინველებმა მონატრების ნიშნად სცადეს ამ ხმისთვის მიებაძათ. ასე და ამგვარად, შაშვების ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა ზარების წკრიალი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. უკვე თითოეული ფრინველი მწვანე მონასტერს წარმოადგენს და ვინც გაბედავს და ამ ხმას მიყვება, თავის მონასტერს ჰპოვებს. 

მე და ფარაჯანოვი ტაქსით ვმგზავრობდით. სოფელ ჩითახევს რომ გავცდით, მოულოდნელად მძღოლმა გადაუხვია და ტყეში შევიდა ტალახიანი და გუბურებით სავსე მოუკირწყლავი გზით. უცებ შემობრუნდა და გვკითხა:

– ზარების ხმა გესმით? – ძრავა გამორთო, რომ ზარის ჩამოკვრის წკრიალა ხმა გაგვეგონა. ბილიკზე ვიარეთ, რომელსაც ხის დაგრეხილი ფესვები კვეთს და სიარულს ისე აადვილებს, იფიქრებ, ძველ კიბეზე ავდივარო. მოულოდნელად, მწვანე მონასტერი გამოჩნდა. ქვისა და დუღაბის ორი ნაგებობა და ხავსი.

ჩიტმა, რომელიც ეკლესიის ჯვრის წვერზე გაუნძრევლად იდგა, სიმღერა შეწყვიტა. მზის სხივი დიდი კაკლის ტოტებს შორის აღწევდა, ათბობდა ყვითელი ქვით ამოყვანილ კუთხეებს, უკვე მიწიდან რომ იწყებოდა. სინათლე პატარა ბარელიეფზე ეცემოდა, რომელზეც ცხენი იყო გამოსახული. კართან მივედით და ეკლესიის ნამდვილ სივრცეში შევედით. იატაკში ჩარჭობილ ქვაზე, რომელიც ერთ დროს საკურთხეველი იყო, სანთელი ენთო. ნეტავ, ვინ მოგვასწრო?

ქვის ჩარჩოზე, რომელიც ნახევრადწრიულ კედელს გარს ევლებოდა, ჩამწვარი სანთლები იყო შემორჩენილი, ხოლო იმათთვის, ვისაც სურვილის ჩათქმა მოუნდებოდა, შორიახლოს ასანთის რამდენიმე კოლოფი იდო. სანთელთან მანამდე ვიდექი, ვიდრე ძალიან მნიშვნელოვანი სურვილის ჩამოყალიბება მოვახერხე. ასანთის გაკვრა დავაპირე, მაგრამ ფოსფორი დანესტიანებულიყო და არ ინთებოდა. სამი კოლოფი ასანთი გავაფუჭე სულ ამაოდ. გადავწყვიტე ჩემი სანთელი უკვე ანთებული სანთლის ალზე ამენთო. “სხვისი სურვილი არ უნდა შეაწუხო”. – მითხრა ფარაჯანოვმა. ეკლესიიდან გამოვედით და მიწაში ჩამარხული გამომწვარი თიხის ქვევრები ვნახეთ. ერთ დროს აქ ბერების დაყენებულ ღვინოს ასხამდნენ. ახლა კი ქვევრის პირები ხის ტოტებითა და ქვებით დაეფარათ. როგორც კი პატარა ეკლესიას გავცდით, მოსწორებული მიწა დავინახე, გავიფიქრე, რომ ეს ბერების ბოსტანი იყო. მიწის ზედაპირი დაჟანგული ლურსმნით გადავქექე, ხმელი და სველი ფესვები დავინახე. ბილიკის კიდეზე ჩამომჯდარ მეტყევეს ვაჩვენე, რომელსაც ხელში კიტრი ეჭირა, რბილი პური კი მკლავქვეშ ამოედო; მითხრა, რომ ეს ლობიოს გამხმარი ფესვები იყო.

 

* * *

 

წუხელ რამდენიმე საათით კოკისპირულად წვიმდა. ზუგდიდის მთავარ ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში გავათიეთ ღამე. დილით ქუჩები და ტროტუარები ხეებიდან ჩამოცვენილი ვაშლებით და კაკლებით იყო სავსე. ბაღებიდან ხის ტოტები რუსთაველის გამზირის ნაპირზე გადმოდის, რომელიც მშვიდი და უკაცრიელია, როგორც Fარ ჭესტ-ის გზა, შუაში ჩაყოლებული პალმების რიგით. კანალიზაცია არც აქ არ არის, ამიტომ იძულებლი ხარ უნიტაზში წყალი ვედროთი ჩაასხა, რომელსაც სავსე აბაზანიდან იღებ.

 

* * *

 

სოხუმამდე მანქანით ვიმგზავრეთ. გზას, რომელიც ზღვას მიუყვება, დიდი ევკალიპტების ჩრდილი ეცემა, რომლებიც თავიანთი დაუცხრომელი წყურვილით შემორჩენილ ჭაობებს აშრობენ. სოხუმის ძველი ნაწილი სანაპიროზე ცემენტის სვეტებიანი კედლით მთავრდება, რომელზეც მომწვანო-მოყვითალო პალმებია.  ქვიანი პლაჟი სკამებით არის მოფენილი, რომელთაც ხის გაურანდავი ნაჭრებისგან გამოთლილი საზურგეები აქვს. ეს სკამები ზღვის მიმართ პერპენდიკულარულად დგას. ძველ, მზისა და წვიმისგან გაშავებულ პარალელეპიპედის ფორმის ქვის გროვებზე  გლეხების ოჯახის წევრები სხედან და კბილით მზესუმზირის შავ მარცვლებს ჯიუტად აკნატუნებენ. აქა-იქ, მოძველებულ ძელებზე თეთრეულია გამოფენილი, რომელიც უწესრიგო ჩრდილს წარმოქმნის. სკამების ამ რიგსა და კედლებს შორის სივრცეში რამდენიმე ხის ჯიხურია, რომელთა დაბალი სარკმლებიდან ლუდსა და სენდვიჩებს გთავაზობენ. ვარდისფერწინსაფრიანი მოხუცი ქალები  მზესუმზირას ყიდიან და რაოდენობას ჭიქით ზომავენ.  მსუქანი კაცი წონის შესამოწმებელი ლურჯი სასწორის გვერდით ზის. პატარა, ათიოდე მეტრის სიგრძის ზვირთსაქცევის გასწვრივ, მოზარდები წყალში ტანსაცმელს ყრიან, რომ ზღვიდან ამოზრდილ კლდეებზე აცოცებული მეგობრები გაართონ.

 

სომხური ბიბლია

 

სომხებსა და თურქებს შორის ზოგჯერ ომები იმართებოდა და არარატის მთა ხელიდან ხელში გადადიოდა. გამოდის, რომ ნოეს კოდობანი ხან თურქეთში ჯდებოდა მეჩეჩზე და ხან – სომხეთში. მეჩვიდმეტე საუკუნეში თურქებმა გაიმარჯვეს და დაპყრობილ მიწას ხმალმომარჯვებულნი შეესივნენ. სომხებმა კი, უძველესი ბიბლია ყურანის ალში დაწვას რომ გადაერჩინათ, გადაწყვიტეს წიგნი  დაეშალათ და ყოველი ფურცელი ჯარისკაცებს ფარაჯის ქვეშ დაემალათ.

როდესაც ბრძოლა დამთავრდა, გადარჩენილმა სომხებმა ფარაჯებიდან ფურცლები ამოიღეს, რომლებსაც საკუთარი სხეულით იცავდნენ და მათი ისევ წმინდა წიგნად აკინძვა სცადეს. დაღუპული მეომრების გასისხლიანებულ სამოსში იქექეს. ყველა ფურცელი დაულაქავებელი იყო, არც კი დაჭმუჭნილა. თუმცა მხოლოდ ერთი ფურცელი აკლდა – ის ფურცელი, რომელზეც მარიამ მაგდალინელის ამბავი იყო მოთხრობილი. ის ფურცელი 20 წლის შემდეგ, ერთი მეძავის სახლში იპოვეს, რომელსაც ის ვიღაც დეზერტირისთვის მოუპარავს.

 

პუდრმოფრქვეული ქალბატონი

 

მსუქანი და სუნამოდაპკურებული ქალბატონი, რომელიც ორ, თეთრ და ბეჭდებით აბრჭყვიალებულ თითს შუა მოქცეული დაქარგული ცხირსახოცით ლოყებზე ოფლს იშრობდა, თავისი ოთხი ქორწინების მანძილზე, კავკასიის ყველაზე მოშორებულ სადგურებშიც კი იყო ნამყოფი, ქმრების სამსახურეობრივი მოვალეობების გამო, რომელთაც მაღალი სახელმწიფოებრივი თანამდებობები ეკავათ. ახლა კი, როდესაც გენერლის გარდაცვალების შემდეგ დაქვრივდა, ისეთ ადგილს დაეძებდა, სადაც ხორცის სიჭარბისგან მოგუდული მისი ფილტვებისთვის სასარგებლო ჰავა იქნებოდა.

მოსკოვში ჟანგბადი რომ ესუნთქა, პარკებში და ბეღურების გორის ხეივანში სეირნობდა. კავკასიაში კი, ბორჯომიდან ცოტა მოშორებით, ყოველ დილით გამოდიოდა სახლიდან, რომელშიც ქირით ცხოვრობდა და სკამზე ჯდებოდა პარკში, ხეივნის გასწვრივ, რომელიც დაფხვნილი აგურის მოვარდისფრო ხრეშით იყო დაფარული. ერთ საღამოსაც, გამხდარი, ელეგანტური და პუდრმოფრქვეული ბებერი ქალი წარუდგა, რომელიც ისეთი ამაღელვებელი აღტაცებით შეჰყურებდა, თითქოს მისი და ან საფლავიდან ამდგარი ნათესავი ყოფილიყო. ეს ბებერი ქალი მის გვერდით ჯდება, მის ხელებს თავის ხელებში იღებს და თავის გამხმარ ლოყებს ახებს. მსუქანს გარდასულ დროს ახსენებს, მის იშვიათ სილამაზეს, რომელიც მთელი რუსეთისთვის და სამხრეთის ცხელი რესპუბლიკებისთვის ლეგენდად იყო ქცეული.

ბაკურიანში გატარებული საღამოები გაახსენა, როცა სოფლის ბილიკებზე მანდარინის ჭამით დადიოდა და ქუჩის იქით-აქეთ, ქათქათა თოვლის გროვაში ნარინჯისფერ ქერქს ყრიდა. თაყვანისმცემლები კი შორიახლოს მიყვებოდნენ და გადაგდებულ ქერქებს იღებდნენ, რომ მისგან რაიმე მაინც ჰქონოდათ სახსოვრად. გაახსენა, რომ ომის დასასრულს, მოსკოვის ქუჩებში დიდ მარშალთან ერთად მანქანით დადიოდა, რომელიც ერთ დროს ნაცისტ იერარქს – გებელსს ეკუთვნოდა.

სოჭის პლაჟზე ელაპარაკა, დორზნაკის გორაკზე ციხესიმაგრეც არ გამორჩენია, სადაც ორკესტრის დირიჟორთან ერთად გაზიან წყალს მიირთმევდა. ჩანთიდან ძველი ფეხსაცმელები ამოიღო, ცნობილი მეწაღის შეკერილი, რომლის მომსახურებითაც მსუქანი ქალბატონი სარგებლობდა. ერმიტაჟის ბაღის პატარა რესტორანზე ელაპარაკა, სადაც კალმახს მიირთმევდნენ. ზოლიანი კოსტიუმები გაახსენა. ხალხი, რომელიც გამარჯვების დღეს, წითელ მოედანზე მისთვის კოცნას არ იშურებდა, საყოველთაო ჭყლეტვაში პირადად მას რომ გადაეხვივნენ. მისი თალხი კაბაც მოაგონა, სტალინის დაკრძალვაზე რომ ეცვა, როცა, მიუხედავად იმისა, რომ გორკის ქუჩის კედლებთან ხალხის ნაკადი უწყვეტად მოდიოდა, მის გარშემო სივრცე მაინც დატოვეს, რომ არავინ შეხებოდა.

შემდეგ კი მრავალი წელი, როცა თეატრებში, რესტორნებში, მოდურ პლაჟებზე აღარ ჩანდა. გასულ წელს კი, გაგრის ქუჩებში სულ რაღაც წამით გაიელვა, რაც გამხდარმა ქალმა ოდნავ შერხეულ ჰაერში მისი სუნამოს სურნელით ამოიცნო, რომელსაც ახლაც ხმარობდა და რომელიც მისი ვარდისფერი და ჭარბხორციანი სხეულიდან ორთქლდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ახლა მისი ნახვა და გულში ჩახუტება შეეძლო.

მოულოდნელად, პუდრმოფრქვეულმა ქალმა მთელს თავის გრძნობებს ღია ცისფერ, მაგრამ აღელვებისგან ჩაწითლებულ თვალებში მოუყარა თავი: “ის დრო გახსოვთ, ახალგაზრდა რომ იყავით?” შეშინებული ქალბატონი გამხდარი ქალისკენ მიტრიალდა, რომელსაც სახე ახლოს მოეტანა და დაჟინებით უმზერდა. და ბოლოს და ბოლოს, პუდრის ფენის ქვეშ, რომელიც ოფლს ლამის ყელამდე ჩამოჰქონდა გულმოდგინედ გაკეთებული მაკიაჟის მუქ ფენასთან ერთად, ორკესტრის დირიჟორის ნაკვთები ამოიცნო, მხოლოდ ერთ მთვარიან ღამეს რომ უყვარდა, ის კი სიბერეში თავის ლატენტურ ქალურობას უკვე თავისუფლად ამჟღავნებდა.

 

თოვლი

 

ერთმა იაპონელმა ბიზნესმენმა თავისი საქმიანი პარტნიორისთვის გაგზავნილ წერილში, რომელთანაც ვაჭრობა აკავშირებდა, დაუდევრობით ახალმოსულ თოვლზე არაფერი თქვა. პარტნიორისგან ასეთი პასუხი მიიღო: “გგონიათ, რომ შემიძლია ყურადღებით განვიხილო ის, რასაც უსულგულო ინდივიდი მთავაზობს, რომელიც წერილს მწერს და არც კი მეკითხება, თოვლი ბედნიერებას თუ მანიჭებს? იმედი ძალიან გამიცრუეთ”.

 

ცეკვა

 

ტელევიზორში აფრიკელი ქალების ცეკვა ვნახე. მაღლები, თავზე შემოდგმული ლურჯი პლასტმასის ჭურჭლით, ჰოროზონტის მიკარგული წერტილისკენ მიდიოდნენ. სხეულის მსუბუქი რხევით მოვიხიბლე. ოდნავ შესამჩნევი ცეკვა, სიარული, რომელსაც სხეულის ჰარმონიული შეთამაშება წარმოქმნის, ლამის განუწყვეტელი მოდიფიკაცია მკაფიოდ მოხაზული ხორციელი ამონაზარდის. საცეკვაო ნაბიჯები, რომლებიც სხვა ჟესტებს გაგონებენ, წარმოსახვით ინტიმურობაში გაგხვევენ და შემდეგ, ქოხის წინ, ქვაში ამოჭრილ ღრუში, მომრგვალებულთავიანი ხის იარაღის რიტმული და ზუსტი დარტყმა, რათა ფქვილისა და დანაყილი სამკურნალო ფესვების ფაფა მოამზადონ.

 

ხმები

 

რახანია დარწმუნებული ვარ, რომ ხმაური, სიტყვები, ცხოველების ხმები გარემოში არ იკარგება. ისინი ქართან ერთად მოძრაობით სიცოცხლეს განაგრძობენ და ისეც ხდება, რომ სხვა პეიზაჟში ან სულ სხვა ქვეყანაში ისევ მოგვესმის ეს ხმები. ჩემი მოსაზრება საქართველოში დამტკიცდა, სადაც მუსიკის ტაფობია - ველი, რომელზეც აღწევს ხმები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში რომ უკვე გაისმა. მგონი, ერთმა ინგლისელმა სწავლულმა ისიც კი შეძლო, რომ სამყაროს დაბადების სიკაშკაშე და აფეთქების ხმები შეაგროვა. იმასაც ამბობენ, რომ აქ ერთმა გერმანელმა ებრაელების კვნესა გაიგონა, როცა ისინი გაზის კამერაში შეიყვანესო. 

ამ ტაფობის პირას მეც ვიჯექი და ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, სიჩუმეში, მოულოდნელად მამაჩემის ხმა მომესმა. გერმანიაში ტყვეობიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი და ჩემი სახლის კარის წინ რომ გზა ჩადიოდა, იქ ვიდექი. ის კი აღელვებული და გაოცებული მიყურებდა. მოულოდნელად, პირიდან სიგარეტი გამოიღო და მითხრა, “რამე ჭამე?”. აი სწორედ ეს სიტყვები გავიგონე.

 

წვიმს

 

წვიმს და წვიმა ხმელ პურს ალბობს, ტერასაზე ჩიტებისთვის რომ დავდე. ამ წვიმაში ახალგაზრდები სიცილით დადიან პლაჟზე. მათი მაისურები უბრალო სამოსია, თითქოს კვერცხის თხელი გარსისგან გაკეთებული, ამობურცულ კუნთებს ეხება და ზედ ეკვრის. ქალები ხელით იფარავენ მკერდს, რომელზეც შავი ძუძუსთავები ემჩნევათ.

 

ეკლესიები ფრენენ საქართველოში

 

მიხვეულ-მოხვეულ გზას მაღლა აყვები, მაღალ, წითელტანიან ნაძვებს შორის რომ გადის, და პლატოზე მოხვდები. ამ გზით, საქართველოში მუსიკოსების სანატორიუმს ვეწვიეთ. არაჩვეულებრივია. ის იმ ადგილას არის აღმართული, რომელსაც ჩაიკოვსკიმ, აქაურობის ნახვისას, “სამოთხე” უწოდა.

სოფელ წაღვერამდე მანქანით მივედით, რომელიც კაკლის ხეებშია ჩაფლული. მამაკაცები მოჩრდილულში სხედან, მოჭრილი ხეების დიდ კუნძებთან ახლოს. ბილიკები წრიულ დაბლობთან მთავრდება, რომელიც შუაგულში პატარა და ცივი მდინარის _ ბორჯომულას დინებით არის ჩაღრმავებული. განაპირას რუხი ქვით ნაგები, წმინდა გიორგის ძველი ეკლესიაა. ნაპრალის მსგავს სარკმლებს გარშემო მუქ ფილებში გამოკვეთილი ქვის თოკები აქვს შემოვლებული, ხოლო კუთხეებში – ყურძნის ორიოდე მტევანია გამოსახული. ძირითად კარზე, ზემოთ გველის მსგავსი დრაკონია, რომელზეც პატარა კაცი შემდგარა და წაბორძიკებულ ნადირს ხახაში შუბს არჭობს.

6 მაისს, მთელი დაბლობიდან მომლოცველები მოდიან წმინდა გიორგის დღესასწაულის აღსანიშნავად და ეკლესიის კედლებზე, გარედან, სანთლებს ამაგრებენ, რომლის ალიც ორი მეტრის სიმაღლეზე ქვებს ჭვარტლით ფარავს. ღამით, გეგონება ცეცხლმოდებული ეკლესია ცაში აფრინდებაო.

შებინდებისას, როცა დასაძინებლად დავწექი, ოთახში ორი ექთანი შემოვიდა. ფინჯნით რაღაც მოტკბო სითხე დამალევინეს. მერე კი მთხოვეს, რომ მარჯვენა გვერდზე დავწოლილიყავი და 40 წუთით ქვეშ ცხელი სათბურა დამედოდა. ეს თქვეს და გაქრნენ.

ღამის ორ საათზე გაწვიმდა, წამოვდექი, რომ აბანოს ხალათი ჩამომეხსნა, რომელიც ტერასის მოაჯირზე გასაშრობად გადავკიდე. სხვები გვერდითა აივნებზე ტანსაცმელს იღებდნენ, რომელსაც წვიმა ასვალებდა. ისევ საწოლში ვწვები. გადავბრუნდი და მოვიკუნტე, დავინახე, რომ დღის შუქი ნელ-ნელა ირეკლებოდა ხის კარადაზე.

 

იტალიურიდან თარგმნა თამარ ჟღენტმა

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE