ლექსები და ჩანაწერები


ლექსები და ჩანაწერები




ქესატი

 

ეს ევრო და ეს დოლარი - ისევ მევალებიან.

ღამით მესიზმრებიან და დღისით მემალებიან.

ეს ლარებიც - ქიმერები - ისე მელარებიან

და თან ისე გამირბიან, თითქოს მერანებია.

ხოლო სუპერ-ქესატები კი არ მემალებიან:

მენათესავებიან და კიდეც მემამებიან.

 

 

სამოცდაცხრა და ოთხმოცდათექვსმეტი

 

69 და 96! -

ერთმანეთს ეფერებიანო, - ამტკიცებს ექსპერტი.

 

69 და 96! -

ამასვე იტყოდნენ ფეტი და ექსფეტი.

 

და თუკი ციფრები, და თუკი ციფრები:

აქვე ექვსი და აქვე ცხრა... -

ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრა

ანდა - რატომ დაგვენძრა?

 

 

მოციმციმე არითმია

 

ჰიპერტონია კაცობრიობას ამაქსიმუმებს - ამინიმუმებს,

დამალობანას ეთამაშება, აპინგვინებს და ამაიმუნებს.

სახელოვანებს, სახელიანებს, უსახელოებს, ანონიმურებს -

აბარბაცებს და აქანავებს და ანანავებს და ანანინავებს.

რაინდებსა და სავსე დარბაზებს, ლამაზმანებს და ლამაზ კარავებს.

აპამპულებს და აპამპულავებს, ამასხარებს და ამასხარავებს.

არწევს და არწევს: ერთი ბალი და ორი ბალი და სამი ბალი და

ამეტებინებს თავისიანებს მეხსიერების კიდობანიდან.

მოძღვრავს: ლუკა და მათე მათია,

აშამათებს და მათი მატია:

არითმიული არითმეტიკა და უმდაბლესი მათემატიკა,

და, თუმცა კარგად მოეხსენება, ბუდა-ახალი - ქრისტე მათია,

დაუყადაღა სამოციქულო კარაბადინის ქრესტომათია,

დაიკიდა და აარარავებს და უბათილებს საგარანიოს -

კარდიოლოგებს, კარდიოგრამებს, კარდიოგრაფს და ყველა კარდიოს.

და, თუმცა ისევ აფორიაქებს და მოციმციმე არითმიებით

ატორტმანებს და აცახცახებს და არეტიანებს ამ რითმებივით, -

მაინც ბებერი ჰიპერტონიკი ისე იცინის, ისე კისკისებს, -

გამოძვრება და ამ რითმებივით გადაურჩება კრიზის კრიზისებს.

 

 

* * *

 

- ივანე ჯავახიშვილი იყო ინიციატორი მცხეთის არქეოლოგიური გათხრებისა და როცა მისი მეთაურობით ძველი იბერიის სატახტო ქალაქის მიწამ მას “გული გადაუშალა” - ჭევახოსის მედალიონმა შემოანათა თვალებში. “ჭევახოს” - ჯავახიშვილის გვართა შორეული წინაპარი უნდა იყოს (ღრმად მწამს!). ასე მგონია, საქართველოს მიწის გულიდან მისი ხალხის უდიდესი შვილისათვის უკვდავების სალუტის მისაცემად გაუღიმა ჯავახისის პროფილმა ჩვენს უკვდავ და უსაყვარლეს დიდ ივანეს მრავალი საუკუნის შემდეგ - აღნიშნავს აკაკი გაწერელია თავის ჩანაწერებში.

ეტყობა, ეს სახელი განსხვავებულად ამოიკითხეს: ჭევახოს, ჯავახოს, ძევას, ჯავახ. ალბათ სამართლიანია ბატონი აკაკის ახსნა-განმარტება და ეს პიროვნება ჩვენი დიდი წინაპარიც გახლდათ: ჯავახოს, ჯავახიშვილი, ჯავახიძე, ჯავახია, ჯავახაძე.

 

 

საკუთარი ლექსების ჯალათი

 

2008 წელს “ინტელექტმა” შემომთავაზა “ასი ლექსის” რჩეულის გამოცემა. მადლობა “ინტელექტს” საინტერესო სერიისათვის, რომლის იდეაც 1925 წელს “მნათობში” გამოქვეყნებულმა გალაკტიონის ასმა ლექსმა შთააგონა და რომელიც, შესაბამისად, გალაკტიონის “ასი ლექსით” დაიწყო.

სხვას ვერ ვანდე და თვითონ შევარჩიე ასივე. დიდხანს ვიყოყმანე. თითქმის ყოველდღე ვცვლიდი კანდიდატებს. ორი თვის შემდეგ მივხვდი, რომ ეს პროცესი არ დასრულდებოდა, ხელი ჩავიქნიე და დედანი გამომცემლობას ჩავაბარე.

1965 წელს ლენინგრადის გამომცემლობამ ანა ახმატოვას საკუთარი ლექსების კრებულის შედგენა შესთავაზა - მოცულობაც განუსაზღვრა და ჩაბარების ვადაც დაუდგინა, და დაიწყო პოეტესას ყოყმანი, გაორება, აღშფოთება:

- აუტანელია იყო საკუთარი ლექსების კრიტიკოსი, ცენზორი, ჯალათი!

 

 

გამოწვდილი ხელები

 

მეოცე საუკუნის რუსული პოეზიის ისტორიაში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მარინა ცვეტაევასა და ბორის პასტერნაკის “ეპისტოლურმა რომანმა”.

ცვეტაევას პროზაული ტექსტი უფრო ეძნელებოდა. ამბობდა, მირჩევნია ჯერ ლექსად დავწერო და მერე გადავიტანოო. ალბათ ამიტომ 1993 წლის მარტში პასტერნაკისადმი მორიგი საპასუხო ეპისტოლე რომ წამოიწყო, საკმაოდ ვრცელი ჩანაწერები მოამზადა დღიურებისათვის გამიზნულ რვეულში, საიდანაც მე ჩემთვის სასიამოვნო აბზაცი ამოვიწერე:

- А ногам – для того чтобы идти к Вам – нужна рука, протянутая навстречу. Хочу Ваших писем: протянутой Вашей руки.

1959 წელს ერთი უსათაურო ამ სტრიქონებით დავასრულე:

 

მძიმე წუთებში - დარბაისელი

პესიმისტები დღიურებს ხევენ,

მე კი გავივლი და გავიხსენებ

წერილებს - როგორც გამოწვდილ ხელებს.

 

ასე “გამომეხმაურა” ჩემთვის ყველაზე საყვარელი რუსი პოეტესა 1997 წელს გამოცემული წიგნიდან “Сводные тетради”.

 

 

პრემია - ,,შემდეგ”

 

უცნაური იდეა გამიჩნდა: დავაარსოთ ლიტერატურული პრემია “შემდეგ”, რომელიც მიენიჭებათ მხოლოდ გარდაცვლილ ავტორებს - სიკვდილის შემდეგ. ამ პრემიას ერთი დიდი უპირატესობა ექნება: ჟიურის გადაწყვეტილებაზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ავტორი.

 

 

ასე უყვარდათ საქართველოში

 

- ქალები მამაკაცებზე პატიოსნები და ერთგულები გახლავან. კოლიმაზე არ ყოფილა შემთხვევა, ქმარი რომ ჩამოსულიყო ცოლთან. ცოლები კი ხშირად ჩამოდიოდნენ - ამას წერს რუსი მწერალი ვარლამ შალამოვი, რომელმაც გადასახლებაში ჩვიდმეტი წელიწადი გაატარა.

მამაკაცებისთვის არცთუ სასიამოვნო დაპირისპირებამ ჩემი მეზობელი გამახსენა, რომელმაც თითქმის ამდენხანს დაჰყო შორეულ ციმბირში. გოლიათური აღნაგობის, ბავშვივით ალალი, ჩვენს ლიტერატურულ სამყაროში ცნობილი ოთარ კანდელაკი 1941 წელს დააპატიმრეს პატრიოტ ქართველ ახალგაზრდებთან ერთად. “არასოდეს გავლახულვარ და ხელი არ მახლოთო”, - გააფრთხილა ჩეკისტები. ისე სცემეს და ცემენტის იატაკიან კამერაში ისე მიატოვეს, რომ მინინგიტი დაემართა და განგებამ გადაარჩინა. გადარჩა და საკუთარი ხმა ვეღარ გაიგონა, სამუდამოდ დაყრუვდა.

მსგავსი შემთხვევები არცთუ ცოტა მოგვისმენია. ოთარ კანდელაკის შემთხვევა განსაკუთრებულია. ოთარს საცოლე ჰყავდა - მარგო, რომელიც გადასახლებულ საქმროსთან ჩავიდა და დარჩა.

სტალინის გარდაცვალებისა და რეაბილიტაციის შემდეგ კანდელაკების ოჯახი ქალიშვილთან ერთად დაუბრუნდა საქართველოს.

დააბიჯებდა თბილისის ქუჩებში ახოვანი და ალალი ვაჟკაცი და სახლში ელოდებოდა სამაგალითო და სასახელო ქართველი ქალბატონი - მარგო კანდელაკი.

ოთარ კანდელაკი განათლებით ფარმაცევტი იყო. ერთ პატარა აფთიაქს განაგებდა ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე და ქართველი მწერლები ხშირად ესტუმრებოდნენ ხოლმე. ლექსებს ახალგაზრდობიდანვე წერდა. მე მისი პატარა კრებულის რედაქტორობაც მარგუნა ბედმა.

როდესაც ოთარ კანდელაკზე ვფიქრობდი, როდესაც ემზარ კვიტაიშვილის მამას - დავით კვიტაიშვილს შევყურებდი, როცა ჩემს მძახალ ლევან ჩაჩუას ვესაუბრებოდი, - მიკვირდა, როგორ შეინარჩუნეს იმ ჯოჯოხეთგამოვლილებმა ამდენი კეთილშობილება? ეტყობა, ბუნებით კეთილ ადამიანებს ვერაფერი შეცვლის, განსაცდელი კი უფრო გააკეთილშობილებს.

გამახსენდა: როდესაც ოთარი გარდაიცვალა, მისი ბედის თანამოზიარე ჭაბუა ამირეჯიბი მოვიდა. სიტყვა არ უთქვამს. რამდენიმე წუთი უყურა მიცვალებულს. მერე მივიდა, აკოცა და წავიდა.

 

 

მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალია

 

ნასვამი ოთარ მამფორია მესტუმრა. ერთად გავაგრძელეთ და შუაღამისას სტუმარი ყაზბეგის გამზირზე ჩავაცილე. ვდგავართ ქუჩაში მე და ახოვანი ოთარი, რომელიც ირწევა. ხელს ვუწევ გამვლელ ავტომობილებს. არცერთმა არ გააჩერა.

- შე ფრანგო, ვერ ხედავ, ჩემ გამო რომ არ გიჩერებენ, - მეუბნება ოთარი, - დადექი ცოტა მოშორებით.

ვშორდები ათიოდე მეტრით და პირველივე მანქანა მიჩერებს. ვეძახი სტუმარს და ვაცილებ პეკინის ქუჩისაკენ.

 

 

“და არის მხოლოდ გადამკითხველი”

 

1981 წლიდან ჩვენმა გამომცემლობამ დაიწყო “ქართული პროზის” მრავალტომეულის გამოცემა. დაიგეგმა ტირაჟი - 30 ათასი ეგზემპლარი - და გამოცხადდა ხელმოწერა. ზემელზე ხელმოწერით მაღაზიასთან მკითხველებმა ღამე გაათიეს. იმდენი მსურველი შეიკრიბა, რომ წესრიგის დამყარება შეუძლებელი გახდა, მაღაზიის შუშები ჩაამტვრიეს და ხელმოწერა ჩაიშალა. პარტიის ცეკას ბიურომ განიხილა აღნიშნული საკითხი, დამატებითი ქაღალდი გამოგვიყვეს და ტირაჟი ასი ათასამდე გავზარდეთ.

ცხადია, წიგნის ტირაჟი რეალური წამკითხველის რაოდენობას არ შეესაბამებოდა: უცხოური თაროების შესავსებად და ინტერიერის გასამშვენიერებლად შეიძინა დიდმა ნაწილმა. საილუსტრაციოდ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: როდესაც ხელმოწერა განახლდა, “საქწიგნის” მმართველს ერთი მინისტრის მეუღლემ დაურეკა და დახმარება სთხოვა. მაშინ მრავალ დეფიციტურ რუსულ გამოცემაზეც ტარდებოდა ხელმოწერა. ამიტომ “საქწიგნის” მმართველმა ჰკითხა დაინტერესებულ ქალბატონს, რომელი წიგნი აინტერესებდა. მინისტრის მეუღლე დაიბნა და მცირე პაუზის შემდეგ უპასუხა: აი, ზემელზე მაღაზიის შუშები რომ ჩაამტვრიეს, ის გამოცემა მაინტერესებსო!!!

 

 

დილემა

 

ერთ სტრიქონში სამმარცვალა ტერფზე ორი სიტყვა აცხადებდა პრეტენზიას. დიდხანს ვიყოყმანე და ვერცერთი ვერ ვამჯობინე. ასეთ შემთვევაში დაველოდები ხოლმე ერთი კვირა, ერთი თვე და შემდეგ იოლად ვიმეტებ ხოლმე უკვე აშკარად გასამეტებელს, მიკვირს კიდეც - ნუთუ აქ რაიმე იყო საყოყმანო-მეთქი. მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა: ერთი წლის შემდეგაც დილემის წინაშე აღმოვჩნდი და ერთადერთი გამოსავალი გამოვნახე: ოცთეთრიანი ავაგდე ანუ “არიოლი და რეშკა” გავითამაშე და ლექსი გამოვაქვეყნე.

 

 

ორმოცდახუთი წლის შემდეგ

 

1963 წელს გამომცემლობა “საბჭოთა საქართველომ” გამოსცა, უფრო სწორად - პავლე ინგოროყვამ გამოსცა - პავლე ინგოროყვას თხზულებათა შვიდტომეულის პირველი ტომი. მომავალი 1964 წელს უნდა დაბეჭდილიყო. მეორე, რომელშიც მკითხველი გაეცნობოდა 1954 წელს გამოცემული მონუმენტური ნაშრომის, “გიორგი მერჩულეს” პირველ ნაწილს - “ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან”. სამწუხაროდ, აფხაზეთის პრობლემის გამო, ავტორმა მეორე ტომი გამოტოვა და 1965 წელს მესამე ტომში შეიტანა “გიორგი მერჩულეს” მეორე ნაწილი - “ძველ-ქართული პოეზია V-X საუკუნეთა”. მეოთხე ტომი კი მხოლოდ 1978 წელს დაიბეჭდა. პავლე ინგოროყვას გარდაცვალების შემდეგ გამოცემა შეწყდა.

სასტამბოდ გამზადებული მეორე ტომის აკრძალული დედანი მე შევინახე “უკეთეს დროთათვის”, ხოლო როდესაც წიგნის სასახლეს და გამომცემლობას საფრთხე დაემუქრა, ლიტერატურის მუზეუმს ჩავაბარე.

2008 წელს როსტომ ჩხეიძემ - ავტორმა უაღრესად საინტერესო ბიოგრაფიული რომანისა - “ბედი პავლე ინგოროყვასი” - მოიპოვა სპონსორი და მთხოვა მეორე ტომის დედანი. მე ლიტერატურის მუზეუმიდან უკან გამოვითხოვე და წარვუდგინე. 2009 წელს - ორმოცდახუთი წლის დაგვიანებით - ნაცვლად მეოცე საუკუნისა - ოცდამეერთე საუკუნეში - ქართველ მკითხველამდე მიაღწია პავლე ინგოროყვას შვიდტომეულის მეორე ტომმა.

 

 

სკლეროზი

 

“სკლეროზი” - სხვადასხვა ორგანოს ავადმყოფური გამკვრივება”. - ასეა განმარტებული “უცხო სიტყვათა ლექსიკონში”. მე კი უფრო მარტივად წარმომედგინა: მეხსიერების დაქვეითება, ანუ მეხსიერების ღალატი (“მეხსიერება, ვატყობ, მღალატობსო” - ბრძანებს უნივერსალური მეხსიერების პატრონი გალაკტიონი).

ახლა სამოცდაცხრამეტი წლისა ვარ და ხანდახან სრულიად ნაცნობი სიტყვა მავიწყდება: ენის წვერზე მადგას, თითქმის ვხედავ, რამდენი მარცვალია - ისიც ვიცი, თანხმოვნების სურნელსაც ვგრძნობ, ლამის გავრითმო კიდეც და მაინც მემალება.

ერთხელ იოსებ გრიშაშვილი მეწვია გამომცემლობაში და მაცნობა: იქ ვიყავი, იქ. სად-მეთქი, ბატონო სოსო? იქ, იქ, იქ, - იმეორებდა და ვერ იხსენებდა.  მერე მკითხა, არ გეცოდებიო? შემდეგ დააკონკრეტა: იქ ვიყავი, იქ, წვეტები რომ აქვსო. თურმე მარქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ყოფილა.

ისე, სკლეროზი არც ისე საზიანოა: ისეთ რამეებსაც დაგავიწყებს, რისი დამახსოვრებაც ნამდვილად მავნებელია.

 

 

კონცერტი - “ოცნება”

 

უკრავს ელისო ზაურის ასული ბოლქვაძე,

დირიჟორობს გოგი რევაზის ძე ჭიჭინაძე,

მღერის მამუკა ჯანსუღის ძე ჩარკვიანი.

ბანს აძლევენ:

ირაკლი ტარიელის ძე ჭანტურია,

ირაკლი გივის ძე სამსონაძე,

ირაკლი გივის ძე გეგეჭორი,

ირაკლი ვახტანგის ძე ჯავახაძე.

 

- კი, მაგრამ, შენი ირაკლი მღერისო? - მკითხა ურწმუნო თომამ.

- როგორ გეკადრებათ, ჩემი ირაკლი ჩემზე კარგად მღერის-მეთქი!

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE