რობაიები და ყაზალები


რობაიები და ყაზალები




რობაიები

 

აბუ საიდ აბოლ ხეირი (967—1049)

 

* * * 
აფსუს, არავის ძალუძს ჩემი დარდის მიგნება, 
არავინ იცის, სახე ყვითლად რატომ მიქრება, 
სატრფოვ, ტრფობისგან მადგას მთელი გაწამაწია, 
სანამ მომხედავ - ჩემი მტვერიც აღარ იქნება.

 

* * * 
ჩემი მიჯნური გულს სულ გესლის მახვილით მიპობს. 
ვვედრი - ნუ მქოლავ შხამიანი სიტყვების ქვითო! -
რადგანაც გულში თვითონ იგი მიზის დღედაღამ,
ვშიშობ, მახვილი თავის თავს არ აძგეროს თვითონ.

 

* * * 
ბაღში რომ შევალ, შენი ქუჩა გამახსენდება,
ვარდს რომ შევხედავ, შენი სახე გამახსენდება,
ალვის ჩრდილში რომ ჩავიმუხლო ერთ წამითაც, 
შენი ნატიფი ალვის ტანი გამახსენდება.

 

* * * 
რამდენჯერ დავდე და გავტეხე აღთქმა, ვინ იცის...
აღთქმაც შეღონდა, ვეღარ უძლებს ჩემს ამდენ ღლიცინს,
გუშინ ავდექი და ფიალა ფიცით გავტეხე,
დღეს კი ავდექი და ფიალით გავტეხე ფიცი...

 

* * * 
შენს თვალებთან არც გავიხსენებ სხვა ნარგისს, მდაგველს, 
უმაგშენლალოდ ქაუსარიც1 არ მჭირდება ნაგვემს,
ხიზრმა2 უშენოდ უკვდავების წყალიც რომ მომცეს, 
ურწმუნო ვიყო, თუ უშენოდ შევახო ბაგე. 

1 ქოუსარი - სამოთხის წყაროს სახელია ყურანში
2 ხიზრი - ყურანისა და ისლამის მიხედვით, უკვდავების წყაროს მცველი, მარადიული სიცოცხლის სიმბოლო. 


* * * 
შენ მაგონდები ბედნიერს თუ უბედურს მეტად, 
ვზივარ თუ ვდგავარ, სულ შენს სახელს ვახსენებ, ნეტარს, 
შენი ხსენება ისეთ ზნედ და წესად დავიდე, 
რასაც ვუყურებ, ყველაფერში შენს სახეს ვხედავ. 

* * * 
ვის დავუმალო ტრფობა, როცა ასე ცხადია, 
რით ვუმკურნალო მწვავე სნებას, თუ სახადია, 
მწადია, გულმა შენ კი არა, სხვა მოინდომოს,
მე კი მსურს, მაგრამ, რა ვქნა, გულს რომ არა სწადია. 

* * * 
ნუ მკიცხავ, მოლავ, ღვინოს თუ ვსვამ, ნუ მებუტები, 
თუ კი სმასა და სიყვარულში გამდის წუთები.
როს ფხიზელი ვარ, მუდამ უცხო, სხვა ხალხთან ვზივარ. 
როცა დავთვრები, სატრფოს მკლავებს ჩავეხუტები.

* * * 
რაყიფთა შიშით ვერ მოვდივარ, სადაც ბინადრობ, 
ჩვენი ჟამია ჟამის გარე, დროის წინა დრო, 
ენა ჩავიგდე და შინიდან აღარ გავდივარ, 
მაგრამ ის კი არ შემიძლია - აღარ გინატრო. 

* * * 
იმ საიდუმლოს, რასაც ღამით გამიმხელ მართალს,
ენა ვერ იტყვის, შევაყოვნებ ბაგეთა კართან, 
ეგ თავი სიტყვის საყელოში ვერ გაეტევა, 
სათქმელის პერანგს მეტისმეტად ვიწრო აქვს კალთა. 

* * * 
ბედი არ არის, რომ მიჯნურთან შერწყმით ვიხარო, 
თმენა არ არის, რომ გავუძლო ტრფობას მიღვარულს, 
ხელი არ არის, რომ მე - ხელმა - თავში ვიხალო, 
ფეხი არ არის, გაგექცე და გადაგიყვარო. 

 

* * * 
განკურნებას არც გავიფიქრებ შენი სნებისგან,
არც რწმენას ვეძებ ზილფში შენი შავი თმებისა, 
სულო, სულიც რომ გამომთხოვო, ალალი იყოს,
სულს რას დავუჭერ მას, ვისგანაც სული მეღირსა.

 

* * * 
გავიქეც შენგან, ვერცხლისტანავ, გადარეული, 
ეგებ როგორმე დამიამდეს გული სნეული, 
ტრფობა მეცა და შუა გზიდან შემომაბრუნა,
ვით კაცის მკვლელი, ყელზე საბელშემოხვეული.

 

* * * 
სანამ არ დაწვავ ყოველს, რითაც უნდა გეხარა, 
ვერ გაგიბრწყინებს არსებობას მანამ ვეღარა, 
ერთ გულში ორი სიყვარული ვერ დაეტევა, 
თუ მე გწადივარ, დაივიწყე მთელი ქვეყანა.

 

* * * 
შენი ნაღველით მხიარულობს ქვეყნად რამდენი, 
არვის დასწყვიტო გული, შენი დარდის დამტევი, 
დედამიწაზე შენი დარდით თავრეტდასხმული, 
დავდივარ როგორ მტვრის ბუღი და კორიანტელი.

 

* * * 
იემენში ხარ, მაგრამ ჩემთან, ჩემი ლხენა ხარ,
ვინც იემენში არის, ჩემთან როგორ მენახა?
აი, მე შენთან, მშვენიერო იემენელო,
ვარ და ვერ ვხვდები - მე შენ ვარ თუ ეს მე შენა ხარ.

 

* * *
მე თუ ურჩი ვარ, სულგრძელობა შენი სად არის?
გული ბნელი მაქვს? - წმინდა შუქი შენი სად არის?
მორჩილებისთვის თუკი ჯილდოდ სამოთხეს მომცემ,
ეს ვაჭრობაა! - წყალობა კი შენი სად არის?

 

* * * 
ყველა უღირსზე დარდი რად არ მომეწყინება, 
ან ყველას ფეხქვეშ მტვრად რადა მფენს ჟამთა დინება, 
რადგანაც საქმე არც ღვთისადმი ლოცვით გამომდის, 
ცის კაბადონსაც სამჯერ ვუთხარ: ,,განქორწინება!"

 

* * *
ცოდვის სიმძიმით მოვიხარე წელში იმდენად, 
ღმერთო, ჩაჭიდე ხელი, ქცეულს ცოდვის ზვირთებად,
თუ ჩემს ქცევაში არის, რაც შენ არ გეკადრება, 
შენს სიქველეში ხომ ის არის, რაც მე მჭირდება?

 

* * *
ცოცხალი ვიყო, შენს კართან სხვა იხდიდეს წაღებს?
ან თუნდაც ჩიტი გიგალობდეს სხვის ტრფობის ნაღველს?
თვალშიმც ჩაატყდეს იმას ჩემი სამარის ძეძვი, 
ვინაც ჩემ შემდეგ შენი მშვენი იხილოს სახე!

 

* * *
თუ ქააბაში ღვთისაკენ არ გიპყრია გული,
მაშინ ქააბა მონასტერია, საქმე კი კრული, 
ღმერთს მიეც გული და თუნდ მუდამ მარანში ეგდე, 
ღვინო სვი: ბოლო კეთილია, სჯული კი სრული.



* * *
შორს გადახვეწილს, შენთან შეყრის ვინ მომცემს ლხენას,
სად მარგალიტი და სად კიდევ ჯინჭველის თმენა?
თუმც დაბუგვის და ნაცრად ქცევის არა მაქვს შიში, 
სად სინას ცეცხლი, სად საბრალო ფარვანას ფრენა?

 

* * * 
მეტრფე ყოველ წამს თავის სატრფოს დარდით დადნება, 
სატრო კი მუდამ ჟინს შეაფრქვევს მიჯნურს შადრევნად, 
ჩვენ თუ ცოდვას ვიქმთ, ის - სიკეთეს და მოწყალებას,
ქვეყნად ყოველი იმას იზამს, რაც ეკადრება.



* * * 
ჩვენს დანახვაზე მტერს სიავის ეცემა ბნედა,
თითო ნაკლს ჩვენსას ხედავს ასჯერ დიდად დ მეტად, 
ჩვენა ვართ სარკე და ყველა, ვინც შიგ იყურება, 
ავს და კარგს, რასაც არკვევს, თავის თავშივე ხედავს. 



* * * 
გინდა, რომ ღმერთმა კარგი მოგცეს, ცხოვრების ხიზანს.
ანგლოზთ სულნი გელტვოდნენ ვით სასურველ მიზანს? -
ან ისა ჰქენი, რაც ჯერ არს და მას უჩანს სათნოდ,
ანდა დასჯერდი იმას, რასაც თვითონვე გიზამს. 
 

* * * 
ჩემს თავზე ჭმუნვა ნავარდობს, ვით ფრთამალი რაში, 
თავს ქვა-ღორღივით მომემსხვრევა ნაღველი, აშიკს,
სამშობლოსაგან მოწყვეტილი ვარ უცხოეთში,
ვით ლომი ზღვაში ანდა როგორც ვეშაპი მთაში.

 

* * * 
როს გულმრუდე ხარ, სახეს მიწას რას ახლი, ხამო,
გულს თუ უწია შხამმა, საშველს რითიღა ლამობ,
გარეგნულად კი მოკაზმულხარ ახალ სამოსში,
ბინძურ გულს მალავს, რა ფასი აქვს ქათქათა სამოსს?
 

* * * 
ძაფი, რომელიც შენი ნერწყვით დაინამება, 
შენი კოცნა რომ ცრემლს მოადენს ღვინის ჯამებად...
გადაფლეთილი გული იმით გადამიკერე, 
ეგების ასე დაუამდეს ტანჯვა-წამება...

 

* * * 
ტკბობას სინჯავდე ახალ-ახალს მთელი სიცოცხლე,
სატრფოს ეკვროდე მთვარის სახას მთელი სიცოცხლე, 
რადგანაც ბოლოს, გამგზავრების ჟამს აღმოჩნდება, 
სიზმრად ხედავდი, რაც გინახავს, მთელი სიცოცხლე.



* * * 
გულის ტრფობის გარდა სხვა გზა არ სურს გზადა და ხოფად,
სულს ტრფობის გარდა სხვა ზმით არ სურს საუბრის მკობა,
შენმა ტრფიალმა მლაშობ მიწად მიქცია გული, 
რომ აღარასდროს ეყვავილა იქ სხვათა ტრფობას. 

 

მირ ნოსრათ ქერმანი (XII ს.)
 

* * *
ვაგლახ, ყოველი, რაც მოვიგე ცრუმ და მკვეხარამ,
წაგებულია; ვერც შეცნობილს ვიცნობ ვეღარას,
შორს გადავყარე ის, რაც უნდა ხელში ამეღო,
ხელში ავიღე ის, რაც უნდა გადამეყარა.

 

ქამი ესფაჰანი (XII ს.)

 

* * *

მარტის ღრუბელი ვერ იტირებს სულ ხელაღებით,
ბულბულის ხმით ვერ ივალალებს ვარდის ბაღები,
ჩემი თვალივით, ცრემლი რომ სდის მიჯნურის დარდით,
ჩემი გულივით, სულ რომ ოხრავს სატრფოს ნაღველით

 

ფერიდ ად-დინ ათარ ნიშაბურელი (1119—1230)



* * *

როდის დადგება შეყრის ღამე, ჩემო ბაგენო,
ასი ათასი მწველი კოცნის სიტკბო გაგემოთ,
ჩემს ყოველ წამწამს ნემსად ვაქცევ, რათა ის ღამე
მეორედ მოსვლის გარიჟრაჟზე გადავაკერო.

 

* * *

დიახ, ერთ სატრფოს, გულცოცხალ კაცს ეძებს ათარი,
ტრფობით დამწვარი დამანახეთ _ ქვეყნის ბადალი,
რადგან სუყველა საკუთარი ზრახვის მონაა,
ორსავ სოფელში უფლის ნაღდი მონა სად არის?
 

 

სარმად ქაშანი (მოკლეს 1080 წელს)



* * *
ბედს ვერასოდეს დამორჩილდა გული მკვეხარა,
ვერ დაიცალა სჯა–ბაასის ლტოლვით, ვეღარა,
ახალგაზრდობა გაგვიფრინდა, სურვილი დარჩა,
დავბერდით, მაგრამ ვნება როდი ჩამოგვეღალა. 

 

* * *
სატრფო მარიდებს ლამაზ თვალებს, - რაღა ვიღონო?
კვნესას ვერ ვასმენ არემარეს, - რაღა ვიღონო?
თუმცა მუდმივად გულში მიზის, მაინც არ იცის,
გულში რა ცეცხლი მიტრიალებს, - რაღა ვიღონო?

 

ონსორი (მე-10 .)



* * *
რადგან ყველა საქმე მიდის _ გინდ ცრუ, გინდა ნაღდი,
წამით გინდა უბედური, გინდ სვიანი გახდი,
წამის შემდეგ რაკი სხვაგან გაგიშლიან ლოგინს,
ბრძენკაცისთვის სულერთია, კუბოა თუ ტახტი
 

ოუჰად ედ-დინ ქერმანი (მე-11 .)



* * *
ტრფობა ზეციდან ჩამოწვდილი მადლის პეშვია,
უსიყვარულოდ ყოფნა დიდი სიუხეშეა,
ტრფობა აცოცხლებს ქვეყანას და სოფლის ბინადართ,
ვინც სიყვარულით არა კვდება, ისეც ლეშია.
 

თალებ ამოლი (მე-10 .)



* * *
შენი თვალები მთელ სამყაროს კლავენ ცდუნებით,
მშვენიერებით ირემს ჰგვანან, ლომს კი ბუნებით,
ვერვინ გაივლის შენი მზერის სამფლობელოში:
წამწამებს წელზე ხმლები აკრავთ, გაბასრულები.
 

 

ყაზალები

 

ჰაფეზი (გარდ. 1389 წ.)

 

* * *

ზილფს ქარს ნუ მისცემ, რათა მეც ქარს არ გამაყოლო,

ტანს ნუ მიარხევ, რომ მიწად არ მაქციო ბოლოს;

 

ღვინოს ყველასთან ნუ სვამ, რომ მე გულის სისხლი არა ვსვა,

ნუ მეურჩები, ცას რომ მოთქმა არ გავაგონო.

 

რკალად ნუ შეკრავ ზილფს, ბორკილში რომ მომაქციო,

ნუ იხუჭუჭებ კულულს, ქარს რომ არ გამაყოლო.

 

ნუ შეიყვარებ სხვას, რომ თავი დამაკარგვინო,

სხვებზე ნუ დარდობ, მე რომ სევდას არ დამამონო.

 

აინთე ღაწვი, რათა ვარდი აღარ დამჭირდეს,

ტანი აშოლტე, ჩემთვის ყველა ალვის ხის სწორო!

 

სანთლად ყველას ნუ აენთები, რომ მე არ დამწვა,

და რომ მახსოვდე მუდამ, ხალხი არ მოიგონო!

 

ქალაქად სახელს ნუ გაითქვამ, რომ მთას გამხიზნო,

შირინივით ნუ ღელავ, ფარჰადს არ შემასწორო.

 

შემიბრალე და გაიგონე ჩემი ძახილი,

ჩემს ხმას მიწაში ნუ გაატან ქარების ქოროს.

 

ჰაფეზმა შენი დარდისაგან იქცია პირი,

თავისუფალი მაშინ ვარ, როს შენ გმონებ მხოლოდ.

 

 

ჯალალ ედ-დინ რუმი (1207—1273)

 

* * * 
მონა-ყმა ვარ მთვარისა და ნურას მეტყვი მთვარის გარდა,
სანთლისა და შაქრის გარდა, ნუ გამიშლი სიტყვის ფარდაგს,
ტანჯვის სიტყვას ნუ მომასმენ, მხოლოდ განძის სიტყვა მითხარ,
და თუ ამის არა იცი, ნუ მოჰყვები უქმად ჭარტალს.
მე წუხელის შევიშალე, ტრფობამ მნახა, ასე მითხრა:
აჰა, მოველ, ნუღარ კვნესი, სამოსს ნუ ფლეთ კალთა-კალთა.
ვუთხარ: ჰოი, სიყვარულო, მე სხვა რამის მეშინია.
მრქვა: არ არის ის სხვა რამე... არ თქვა რამე, რაიც გშთანთქავს. 
მე შენ ყურში საიდუმლოდ გიჩურჩულებ მრავალ სიტყვას,
-დიახ,- თავი დამიკარი, თავად გავიგონებ ნათქვამს.
მთვარე, სულის ბუნებისა, გულის გზაზე ამობრწყინდა,
გულის გზაზე სიარული რა შვებაა! მოჰგავს ფართქალს...
ვკითხე: გულო, რა მთვარეა ეს? - და გულმა მიმანიშნა:
შეეშვი, შენ ვერ დაიტევ ამას! გიჯობს, სიტყვა არ თქვა...
ვთქვი: ეს სახე ანგელოზის სახე არის თუ კაცისა?
- ანგელოზს და კაცის გარე, სჯაბნის იგი ორივ მათგანს!
ვკითხე: მაშ, რა არის, მითხარ! სადაცაა, გავილევი...
მითხრა: ასე გაილიე და არა თქვა იმის კართან...
ხატებით და ოცნებებით სავსე ამ სახლს რას უზიხარ,
ადექ, წადი ამ სახლიდან, ბარგი შეჰკარ ალთა-ბალთა.
ვუთხარ: გულო, მამად მექეც! ეს ღვთის ხატი ხომ არაა?
მითხრა: არის, მამის გულო! თუმც არ თქვა, რაც დაგემართა...

 

* * * 

სულის სიღრმით შენც ქურდულად მეპარები, როგორც სული,
ჩემი ზვრების სარო შენ ხარ, ჩემი ბაღის სიხარული.
ნუ დამტოვებ, არ წახვიდე, სულო, მარტო, უსხეულოდ, 
თვალიდან ნუ მომცილდები, ცეცხლის ალი, გაბადრული.
მე შვიდ ზეცას გადავკეცავ, შვიდ ზღვას ფეხით გადავივლი, 
რომ მამაცად მოიხილო ჩემი დაუდგრომი გული. 
მეგზურიც ხარ, გზის ყაჩაღიც, ეს კიდეც ხარ და ის კიდეც,
ჩემო უსასრულო შუქო, შენი მზით ვარ გათანგული. 
რაც შენ გპოვე, რწმენაცა და ურწმუნობაც ჩემი ყმაა, 
შენი ხილვა რწმენაა და შენი სახე ჩემი რჯული. 
შენ წამართვი ხელიც, ფეხიც, ძილიცა და მოსვენებაც,
მოდი მთვრალი იოსები, ქანაანით წამოსული.
შენი მადლით სულად ვიქეც, ჩემივე თავს დავემალე, 
შენი არსი არის ამ ჩემს არსებაში ჩამალული. 
თვალნარგიზო, შენი ეშხით მოიძარცვა ვარდმა კაბა, 
შენ ხარ ჩემი უსასრულო ბაღი, რტოებამოსხმული.
თუკი წამით მწველად მდაღავ, მეორე წამს მაქცევ ბაღად, 
წინ ჩირაღდანს მინთებ თაღად, რომ მომწმინდო თვალზე რული. 
სული ქარით ატაცებულ ნაწილაკად მექცა, როგორ
შევიკავო თავი? - შენ ხარ ჩემი დასაყრდენი სრული...

 

* * * 
თუკი ვინმე მზეზე გკითხავს, 
დაანახე სახე - "ასე!"
თუ მთვარეზე გკითხეს, 
ბანზე ამობრწყინდი მოკისკასე.
თუ ფერია გთხოვა ვინმემ, 
მიაგებე სახის ბრწყინვა,
ვინმემ მუშკზე თუ თქვა სიტყვა,
დაადევნე ზილფის ხაზებს,
თუკი გკითხეს:
"მთვარე, ნეტავ, 
როგორ დაუსხლტება ღრუბელს?"
უპასუხე: აი, ასე! -
ჩაიხსენი კაბის უბე. 
თუკი ვინმემ გკითხა: ქრისტე
ცხედართ როგორ აღადგენდა? 
მის წინ ტუჩზე დამეკონე, 
უპასუხე აი, ასე!
ვინც კი გკითხავს, 
სიყვარულით მკვდარი 
ნეტავ როგორია: 
უპასუხე, როგორც ესო! - 
ჩემი სული შესთავაზე!
ყოველი მხრით, სადაც ტრფობის 
გოდების ხმა მოგესმება, 
ჩვენი ხმაა და ჩვენს ამბავს 
ღმერთს შევსტირით, უძვირფასესს...
ბრმაა, ვინაც ამბობს: კაცი
უფალს როგორ დაინახავს!
ყველას წმინდა კელაპტარი 
მიეც ხელში:
"აი, ასე!" 

 

სპარსულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE