არაევკლიდური ცხოვრება


არაევკლიდური ცხოვრება




მიმართეთ ექიმს!

 

მივდივარ სტუმრად, მასპინძელი მეუბნება:

- ცხელა, გაიხადეთ! და რადგან

აღარაფერი მაქვს გასახდელი,

თავაზიანი ღიმილით მხდის კანს.

ვრჩები: ჩვილი ბავშვების ზვინი,

თუ სამშობიარო სახლი:

ზოგს - იშვილებენ, ზოგს -

ორგანოებად დაანაწევრებენ,

წიგნებში ჩასატანებლებიც დარჩებიან,

პატარა, თხელტანიან წიგნებში,

ტომეულები სხვა აგურით შენდება,

ლურსმანზე ჩამოკიდებულ ტყავსაც,

სასწრაფოდ ვინმე თუ არ მოარგეს,

იმდენხანს კიდია, ჟანრის კანონით

უნდა გაისროლოს, თუნდაც,

ინკუბატორების ჭარბი პროდუქციისკენ,

ცალობით ნიჭიერება და სიგიჟე იყიდება,

კანს რომ გააცლიან, ასევე ივლის,

სისხლით გარედან, დნმ-ის ამხელა მასალა -

აყვავებული სამოქალაქო სამართალი,

თუ თხელტანიანი წიგნები?

რამდენ ხანს იფრიალებენ,

სისხლით ყდა რომ არ გავუმაგრო?

ეს ჩემი სისხლია და მე  ვიცი,

როდის გამოვიყენო, როდის გვერდზე გავწიო

და როდის: „ტკივილმა თუ არ გამიარა,

მივმართო ექიმს!“

დიაგნოზი „საერთო ინტოქსიკაცია“,

როცა ბავშვების ჰარმონიული აგურებისგან

სტატუსს იშენებენ, ჩემი გადაუდებელი მეტაფორა

ლურსმნების ხაზით მუშაობს,

სინდისი სულ თვალებში წაუვიდა,

რომ შევეხო, დამასახიჩრებს....

 

 

გიხარია მარტოს...

 

თუ ხერხემალზე კარგად დგახარ,

ასე თუ ისე, აწესრიგებ

ძვლებზე ხორცის კომპოზიციას,

ფორმებში ვაშლის წარსული გიზის,

ტვინის შესაბამისი მონაკვეთი

არ უშვებს, დალპეს და ჩამოვარდეს,

როცა ლექსი გამოგდის, როცა კაცები

ხეებივით დგანან ქუჩაში,

რომელიმე მათგანს მწვანე თვალები აქვს

და საერთოდ ვერ გამჩნევს,

მინდორი რომ წამოვიდეს

და შენს სადარბაზოსთან შეწყდეს,

ან სახლში უნდა შებრუნდე,

ან მთელი შინაგანი ელვარება,

თუ ცარიელი სიტყვები არაა,

შუქნიშანივით აანთო და მოძრაობა გააჩერო.

გინდა კი ეს საყოველთაობა?

აღტაცება ყოჩაღი ხერხემლით,

ზომიერი ხორცით, ნატკენი ემოციით,

თუ სახლიდან გამოდიხარ მარტო,

ქუჩაში მიდიხარ მარტო,

გიხარია მარტოს,

რომ ასეთი თბილი ზამთარია...

 

 

*  *  *

 

უცებ შემეშინდა, საკუთარი სისხლის

ფორმულაზე დავფიქრდი, შემიმოწმეს,

მიკროსკოპზე დამიბეს

ჰემოგლობინის ცხელი ძაღლები,

არ უხდებიან სტრესულ გარემოს,

ამინდიც წვიმიანია, წვიმა ეროვნულ

და ლათინურ ჟღერადობაზე არ რეაგირებს,

ისედაც კითხვა რა-ზე პასუხობს

გრამატიკის სახელძღვანელოში,

რა უსულობაზე დგას გრამატიკა!

ამხელა „რა“ და პატარ-პატარა „ვინ“-ები...

ერთი-ორი კი გამოელაპარაკება მთებს,

როგორ მიყვარს ისინი, მთების უპასუხობაც,

უსულო გრამატიკა,

კანონიერი თაღების ქვეშ მდგომი.

მაინც ვერ მიშლის

ხეებთან ერთად სიარულს

და თუ ქალაქის ხედი შევცვალეთ?

თაღებში ჩახარშული მკვლელები,

ქურდები, კანონმდებლები გამახსენებენ,

რომ აცრილები არიან

ტყვიაზე და ლურსმანზე,

რომელთა დამიზნების ადგილი

წინასწარ მტკივა...

 

 

არაევკლიდური ცხოვრება

 

ეს ქუჩა ჩემთვის ზაფხულისაა,

ზამთარში ვერ ვცნობ,

მარტო ბებერი ხეები კი არ მაღონებენ

და მშიერი ძაღლები,

დრო ძაფივით წვრილდება და გარბის,

ნემსის ყუნწი თუ არ დავახვედრე

და სამჯერ არ გავნასკვე,

პირობითობა დამენგრევა,

ანუ ცხოვრების წესი (ვიყავი, ვარ, ვიქნები),

კითხვის ნიშანი სადღაა?

გრამატიკული მითითება არ გულისხმობს?

იმპერატივს საჩვენებელი თითი

ხომ არ მოვატეხო, როცა მძივის რითმა

დედაჩემის ყელისგან თბილია

და სტროფს კეტავს, წყალს არ უშვებს,

სადაც პაპსა თუ გაღვივდა,

სცენას გაიკეთებს, ფილარმონიას, სტადიონებს,

ფანჯარასთან მდგარ კაცს უბიძგებს,

რომელმაც ლექსის ანატომია კი ასწავლა,

მაგრამ რაც არ ისწავლება, თავისთვის დაიტოვა,

ღმერთისა არ იყოს, ხომ მისცა

ქვიშის საათივით ტანები, განსაკუთრებით ქალებს,

ეს გრაფიკა აჩვენა, მაგრამ

ქვიშა სად გამოზომილად წვეთავს,

სად ანარქიულად ჩხრიალებს,

მარტო თვითონ იცის და იმან,

ვისაც თბილ ქუჩაში კაცი ელოდება,

პარალელურ ზამთარში უკვდება,

ეს ხაზები არაევკლიდურად გადაკვეთენ

ერთმანეთს, მე - შუაში, სანამ შემიძლია...

 

 

ავთვისებიანი ბუჩქების გამო

 

ღმერთო, შეიბრალე ეს ქალი!

თავიდან ბუჩქი ამოაჭრეს,

ხელები დაიბანეს, პილატე გახსოვს?

და რეანიმაციაში მოათავსეს, ანუ განსაწმენდელში.

სამოთხე ერთი ზამთრით დაკეტილია,

ჯოჯოხეთის კარებთან დანტე დგას

და ლექსს თუ არა,

დანაწევრებულ მეტყველებას მაინც მოითხოვს

ვისგან? ხელების, ფეხების, ხერხემლის ზმნებისგან,

მათი უსათაურობისგან, როცა

არსებითი სახელი კომაშია?

ამასაც ალღო ქრესტომათიისკენ წაუვიდა?

პრიალა ფრჩხილებით

გულუბრყვილოებს და გლუვებს ეჭიდება

და არა სიყვარულზე წაბორძიკებულებს...

მაინც, როდემდე ის სლიპინა ვაშლი

და დეკადენტური თამაშები მის გარშემო?

სცენიდან გახვეტილი

როიალების თეთრი კილომეტრები?

კი, მუსიკას მართმევენ, კი, კრიმინალია,

კედელთან რომ მივაყენო და კედელი მოვკლა?

თუ აგურისაა, ფერიც ჩემზე იმუშავებს,

დანაშაულის კომპლექსს მომიგლუვებს,

სამოთხეც ხომ სიგლუვისაა,

ჯოჯოხეთი - ქრესტომათიამდელი დანტესი,

სანამ ფრჩხილებს გაუკრიალებდნენ...

ღმერთო, შეიცოდე ეს ქალი!

რეანიმაციიდან პირდაპირ მიწაში გაუშვი!

ცოტას დაისვენებს და ისევ ბუჩქი ამოუვა,

ოღონდ კეთილთვისებიანი...

 

ყვავები

 

მას უყვარს კაცი -

სულ წითელი ტიტები

ამოსდის მუცლიდან,

კაცს უყვარს ყვავები,

ყვავი როგორ უნდა გამოხატოს?

ხმაში ქვა ჩაიდოს,

არა სრიალა კენჭი,

ხავსიანი მრავალკუთხედი,

პირის სიმრგვალე გახიოს

ხრინწიანი, ძუნწი ბგერებით,

მეტი დაზუსტება აღარ უნდა, როცა პოეტია

და როცა ორი პოეტი ერთად,

ჰაერში ნევროზი, ტიტები ცას ჭამენ,

ყვავებს შავი კურკებივით ისვრიან,

უარყოფილი წითელი მტაცებელი ფერია

შავი მიწისკენ ექაჩება,

შავი და წითელი, ტრაგედიის კლასიკა,

ოღონდ, არა ისტერიული კომპლექსები,

სტენდალი გაიხსენე, მშვიდი მთხრობელი,

შენი დამხვრჩალი ქალაქი,

სადაც ყოველ მესამეს ონკოლოგია აქვს.

აღმოსავლეთ ევროპის კიდევ რომელიღაც სამხრეთში

შენს წერტილობას ვინ შეამჩნევს?

ბრიტანულად გულგრილი მზერა?

ვთქვათ, გამოტყდი, რომ ტედ ჰიუზი გიყვარს,

კი, ერთი საუკუნით დაუგვიანე

რძეში ჩამხობილი მარწყვის ჟრუანტელი,

თარგმანშიც თითო ჟრუანტელი იკარგება,

კაშკაშის ნაშთი ყვავებს მიუგდე! ერთი გაელვება!

ლექსების ციკლი ამ თემაზე შენი არ არის

და სიარული ასე, კულმინაციის მარყუჟით კისერზე?

 

 

90-იანი წლებიდან

 

ვიღვიძებ, ტანზე კაბა მეზრდება,

პირზე - წითელი ობობა,

კაბა უფეროა, მთელი ოხრა

ამინდზე დახარჯული, პირი გამკვეთრებული

90-იანი წლებიდან, პურის რიგებიდან

რუსთაველზე მოჭრილ ხეებამდე,

მათ მაგივრადაც ვიდექით, მკვდრები და ცოცხლები:

ყველას თავის ადგილი ჰქონდა:

რესტორან „თბილისთან“ - ისევ პოეტები,

სალონთან - მხატვრები, ოპერასთან -

მთელი სენტიმენტალური მიმდინარეობა

შანელის ფლაკონებში...

ხავერდის კუდზე რომ მოგექაჩა,

დაიმტვრეოდნენ. კი, გენეტიკა,

მაგრამ ეს შუშა არ გადმომეცა,

თორემ მზის და პურის რიგში

ვერ ვიდგებოდი ასეთი მოთმინებით,

რამდენი ფერი და ტალახი დაიხარჯა მათზე,

ვერ ვიფიქრებდი ასე განყენებულად,

მაგრამ პასპორტიც რომ

ქრონიკული მატყუარაა ჩემსავით?

ოღონდ, სხვადასხვა მიმართულებით ვტყუით:

მე - თავსზევით, ის რეალიზმისკენ,

ანუ იმ  გენეტიკური შუშისკენ...

ხეებს, მაინც, სხვანაირად უხდებათ მზე,

უფრო ნათესაურად...

 

 

*  *  *  *

დილა - მთელი სახე ტკივილი!

რამხელა ოსტატობა უნდოდა

კბილის ჭანჭიკში

კიდევ ნერვის ჩაყოლებას!

რისთვის?

ვინც საგნების არსზე ფიქრობს,

საკუთარი თავის გასაჩხრეკად

და უმწიფარი ტვინების დასამშვიდებლად,

იმან იკითხოს,

შენ ისიც გეყოფა,

კაცი რომ გამოივლიდა ქუჩაში

და მის დანახვაზე

ძვლები თეთრად გიდნებოდა,

რასაც ჯერ ჟრუანტელს არქმევდი,

მერე სიგიჟეს და არავითარ შემთხვევაში

ამბავს, მერე როცა სიტყვა

ხატისკენ წაგივიდა (მაინც შენი ხელობაა)

ვთქვათ, ცივი რძის ფსკერზე

შაქარივით დალექილ სევდას,

რომელიც მოვა, სკამზე ჩამოგიჯდება,

ამხელა თეთრი მშვენიერება

და ახლა ბავშვებს წაგართმევს,

აბა რა ქნას ამდენი მერე-თი?

მოკეცილი ხერხემალი უკვე გაგისწორდა

და ცას ებჯინება,

საუბარი მაღალ მატერიებზე,

ანუ არაფერზე, ვის რაში სჭირდება,

თუ სადმე ნერვი არ გამოგიძვრა,

რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩაგიმონტაჟა,

მთავარია, ვარვარებს, როცა გტკივა

ე.ი. გახსოვს.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE