სადაი ბუდაღლი (1955) აზერბაიჯანელი მწერალი და მთარგმნელია.
დაამთავრა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი.
სამი პროზაული წიგნის ავტორია. კრებულისთვის „მოგება“, რომელიც მოსკოვში
რუსულ ენაზე დაისტამბა, დაჯილდოებულია გორკის სახელობის
ლიტერატურული პრემიით. იგი ასევე ლაურეატია ყოველკვირეული
გამოცემისა „ნედელია“. 1982 წელს დაიმსახურა ჟურნალის „დრუჟბა
ნაროდოვ“ პრემია წლის საუკეთესო მოთხრობისათვის; 2009 წელს კი
მიენიჭა აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს პრემია „ოქროს სიტყვა“.
გუშინ, ტუალეტიდან გამოსვლისას, ქამარს იკრავდა და
დაბოღმილი ფიქრობდა, ეგებ თვითმკვლელობით დავამთავრო სიცოცხლეო.
ამინდი უცებ შეიცვალა და აცივდა. დაიძინეს, დილით რომ
გაიღვიძეს, დაინახეს, რომ გუშინდელი სიცხის ნატამალიც აღარაა.
წვიმს, ცივი ქარი უბერავს. ხალხს თბილად აცვია. ცოლმა ჭურჭლის
ხმაურში გარეული ხმით აუწყა, დღეს ოცდაორი სექტემბერია, ანუ
შემოდგომის პირველი დღეაო. ის კი ერთ დღეში სამოსგამოცვლილ
ადამიანებს, ჟინჟღლიან ქალაქს უმზერდა და ბუნების ეს ამბავი უკვირდა.
მაგრამ გაკვირვებამ მალე გაუარა, რადგანაც პატარ-პატარა
საზრუნავებმა წაართვა თავი: სეზონის შესაბამისი ფეხსაცმელები
უნდა ეყიდა და საწვიმარი ქიმწმენდაში მიეტანა; გარდა ამისა, ალბათ
ცოლ-შვილსაც უნდა უყიდოს რაღაც-რაღაცები.
არც ამ პატარ-პატარა საზრუნავებს შეუწუხებია დიდხანს.
წლობით დაგროვილი გამოცდილებით იცოდა, რომ შემოდგომაც
გაივლიდა, მერე მას ზამთარიც მიჰყვებოდა ფეხათრევით, ზამთარს
კი გაზაფხული შეცვლიდა თავისი თბილი დღეებით. თანდათან
დათბებოდა და მასაც გაუთბობდა გათოშილ სხეულს. დაავიწყებდა
ამ უჟმურ ამინდებს, როგორც, მადლობა ღმერთს,
მრავალი ასეთი ჟამი მისცემია დავიწყებას.
იმ წვიმიანი დღის შემდეგ, რომელმაც მისი პლაჟზე წასვლის ამაო
იმედები საბოლოოდ ჩააცხრო, ერთიანად აგრილდა.
მზიანი დარი იდგა. როგორც პოეტები იტყვიან, ნამდვილი ოქროს
შემოდგომა იყო. იმის გამო, რომ ერთბაშად აგრილდა
ზაფხულის პაპანაქების შემდეგ, შვებით ამოისუნთქა. შემოდგომის
ასეთი დარები რატომღაც გაზაფხულს ახსენებდა, თანაც, ერთი
რომელიმე წლის გაზაფხულს არა...
ასე, თავისთვის იყო და უცებ საიდანღაც ცხვირში ნამწვის სუნი,
ჭიაკოკონას სურნელი ეცემოდა ხოლმე.
მერე ამ სურნელს რაღაც გრძნობაც გაერეოდა და ნოვრუზ ბაირამსა და
უზრუნველ ბავშვობას ახსენებდა.
შეიძლება, ამ შემთხვევაში სიტყვა გახსენება უადგილოც კი იყოს,
რადგანაც ბავშვობა წამიერად გაიელვებდა ხოლმე მის სულში,
ბავშობისდროინდელი ამბები, სიხარულები და განცდები,
რაღაცნაირად, ერთ წამში იყრიდა თავს. ამიტომაც იგი, ამ ერთი წამით
დატყვევებული, ბოლომდე ვერ ხვდებოდა, რა დაემართა, რატომ
აუჩქროლდა გული, ტირილის სურვილი დარდისგანაა თუ ბედნიერების გამო.
ეს, ჩიტის გალიის მაგვარი, ორსართულიან სახლებში
განლაგებული ბინები ერთმანეთისგან ფიცრის კედლებით იყო
გამიჯნული და სიარულისას საქანელა ხიდებივით ირხეოდა.
პატარა ხმაურზე ყველა კრთებოდა. ხმები და სიტყვები ბინიდან
ბინაში, პირიდან პირში გადადიოდა, ითქმოდა-იღეჭებოდა, ქუჩაში
გადიოდა და შინაარსსა და ელფერს ისე იცვლიდა, რომ უკან
მობრუნებულს თავისი პატრონიც კი ვეღარ სცნობდა.
ამიტომაც ყველა ცდილობდა, ნერვები მოეთოკა, ნაკლებად
ემოციური ყოფილიყო და მშვიდი ცხოვრების წესით ეცხოვრა.
შორიდან ისე მოჩანდა, რომ ამ სახლში ყველა ბედნიერია. ასეც
იცოდა, ან, უფრო სწორად, უნდოდა, ასე სცოდნოდა, რადგანაც თუ
ჩაუღრმავდებოდა, ყოველთვის რაღაცას გამოჩხრეკდა ხოლმე. მერე
კი ეს რაღაცა მოსვენებას არ აძლევდა. ერთი ეგ იყო, რომ დედაბერი
ხეირი მას გასაქანს არ აძლევდა. ეტყობა, მოხუცი დღე-ღამის
მონაცვლეობას ვეღარ გრძნობდა და ნებისმიერ დროს ჩლიფინებდა,
ან თავისთვის რაღაცებს ბუზღუნებდა ხოლმე.
როცა არ ლაპარაკობდა, მისი სუნთქვა მოისმოდა, ისეთ ხმას
გამოსცემდა, გეგონება, გამოქვაბულიდან უბერავსო. ქალი
გაძვალტყავებული იყო, აღარც კარგი ახსოვდა და აღარც ავი, კაცმა
რომ თქვას, არც თავისი თავი ახსოვდა, არც გარდაცვლილი თუ ბედად
გადარჩენილი შვილები. წინ საჭმელი ედო და თავის ქალიშვილს
აგინებდა, ლანძღავდა, ამბობდა, შიმშილით ამომალპოო, საჭმელს არ
მაჭმევსო. ერთთავად სიკვდილს ნატრობდა. მაგრამ როცა
აბანავებდნენ, ფართხალებდა, ყვიროდა, ტიროდა, ეგონა,
უკანასკნელი განბანვაა - აბანავებენ, სუდარაში გაახვევენ და დამარხავენ.
ამ დედაბერს მასთან არაფერი ესაქმებოდა, იგი მისი არაფერი
იყო, ამას ხშირად იმეორებდა, მაგრამ თავს ვერ ერეოდა. ხმაური,
რომელიც კედლის იქითა მხრიდან მოისმოდა, განწყობას უშხამავდა.
როცა მეზობელთან არავინ იყო, დედაბრის ხმაზე თავად რეაგირებდა,
მიდიოდა მასთან, თავისიანები თუ შინ იყვნენ, დასახმარებლად ვინმეს
აგზავნიდა, წამალს შოულობდა, ახტავას უვსებდა, ეზოში გაყვანილს
მხარს უმარჯვებდა, ერთი სიტყვით, ყველანაირად ცდილობდა, რომ
დედაბერს გულის გამაწყალებელი ტონით ნაკლებად ებუზღუნა...
ეგ იყო, რომ ყველაფერ ამას მხოლოდ გონებაში აკეთებდა. ამ წესით იგი
მრავალს ეხმარებოდა, გასაჭირში ხელს უმართავდა. ამიტომაც, როცა
ამ ადამიანებისგან საპასუხო სიკეთის მაგიერ გულგრილობას ანდა
სიავეს ხედავდა, არ იცოდა, ბრაზისგან რა ექნა.
ბოლო დროს კვლავ მოუხშირა სარკეში ყურებას. მგონი,
სიცოცხლე ნელ-ნელა უღებდა ბოლოს: თმა სცვიოდა, აქა-იქ
უჭაღარავდებოდა. სახის კუნთები ეშვებოდა და კბილები ულპებოდა.
ალბათ ზოგიერთი სნეულებების შესახებ ჯერ არ უწყოდა, ალბათ ის
დაავადებები ჯერ გზად იყვნენ, მისი ორგანიზმის რომელიღაც
ნაწილში ღვივდებოდნენ. და ერთხელაც იქნება, დაინახავს, რომ უკვე
მზადაა რადიკულიტი, შაქარი, ასთმა, მიოკარდი...
ცუდი ეგ იყო, შეუმჩნევლად შეცვლილ სახის ნაკვთებს სარკეში
რომ ხედავდა, ნერვიულობდა, მერე ამ ნერვიულობაზე კიდევ
უხერხულობას გრძნობდა და რცხვენოდა. თავის თავსა და ამ
გრძნობას რომ მორეოდა, რა უჭირდა. თუმცა კი გრძნობები ისეთი
აღარ ჰქონდა, როგორც ადრე, ცოტა დაბლაგვებოდა, უწინდელივით
მჭრელი არ იყო. თავადაც უფრთხილდებოდა, აღვირს უწევდა,
შიშობდა, ნალები სადმე არ დაეყარა, ზედმეტ აყალმაყალს თავს
არიდებდა, ემოციების აღმძვრელ საქმეებში არ ერეოდა, იორღა
სვლით მისთვის ცნობილი ბილიკებით მიერეკებოდა ცხოვრებას.
მღელვარება, მოუთმენლობა და უძილო ღამეები გადატანილი
ჰქონდა. უწინ გადაეტანა. თავის თავს აჩქარებდა, მალე, მალე, მალე
გაიზარდოს, დამოუკიდებელი გახდეს, მეგობარი შეიძინოს,
გაიცნოს, დაოჯახდეს, ბავშვები ეყოლოს, ქალს უღალატოს,
იეჭვიანოს, აეჭვიანოს... მალე, მალე, მალე...
ბევრი რამ ნახა ამქვეყნად და უცებ მიხვდა, რომ შეუძლია, აღარ იჩქაროს,
გრძნობები უკვე ერთმანეთს იმეორებენ, ყველაფერი მეორდება, თითქოს ახლა
მოძრაობა ზოგჯერ საჭირო არცაა, შეგიძლია, ლოგინში წამოგორდე
და ბევრი რამ წარმოიდგინო.
შეიძლება, წარმოსახვის გრძნობის გამო იყო, რომ სალვისთან
შესახვედრად ასე ხშირად აღარ მიილტვოდა.
ზოგჯერ რაღაც მიზეზით შეხვედრას რომ გადადებდა ხოლმე, უხაროდა.
მერე კი თავის თავს საყვედურობდა, ხვეწნა-მუდარით ნაშოვნი გასაღებისა და
სხვის ოთახში გატარებული ერთი-ორი საათის გამო ნეტარებდა,
ღმერთს ლოცვა-კურთხევას სწირავდა, რომ იგი სალვის შეახვედრა.
სალვი ავტობუსში გაიცნო. დილით ბავშვი საბავშვო ბაღში რომ
დაჰყავდა, ყოველთვის გადაჭედილი ავტობუსით უწევდა მგზავრობა.
ერთ მშვენიერ დღეს ერთმა შავგვრემანმა, მიმზიდველმა გოგონამ
ბავშვი გამოართვა და კალთაში ჩაისვა. ეს რამდენჯერმე განმეორდა,
მერე, როგორც იტყვიან, ამ შემთხვევით შეხვედრებს შეეგუვნენ.
გოგონას სიამოვნებდა, რომ ბავშვი მასთან უყოყმანოდ მიდიოდა.
ისიც თმაზე და ლოყაზე ეფერებოდა. რაღაცებს ეუბნებოდა. უფრო
მეტიც, ბოლო დროს ჩანთაში ბავშვისთვის კანფეტიც ჰქონდა ხოლმე.
როცა ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, ზამთარი იყო: პალტო,
ქუდი, წითელი შარფი...
ზამთარი გავიდა და გაზაფხული დადგა. სალვიმ ფაფუკი თმები,
ნაზი ყელ-კისერი გამოაჩინა. სალმი ჩაცმა-დახურვას დიდ
ყურადღებას აქცევდა, ყოველდღე ისე გამოიყურებოდა, გეგონება,
სპეციალურად ემზადებოდა მასთან შესახვედრად. თითქოს ოთახში
ავეჯს საგანგებოდ უცვლიან ადგილს, რომ ყურადღება მიიპყრონო.
ზოგჯერ არ ხვდებოდნენ, მერე სალვი თვალებით საყვედურობდა,
ზოგჯერ კი ბავშვი არ ახლდა, სალვიმ აღარ იცოდა, რა ექნა... ხან კი
ბავშვს რომ ეთამაშებოდა, უეცრად გაინაბებოდა, ერთ წერტილს
მიაშტერდებოდა და ასე იდგა ერთხანს მეოცნებე თვალებით...
იგი ამის მიზეზს კარგად ხვდებოდა, იცოდა, იმ წუთში სალმის
გულში რა ედო, – ნეტავ, მას გაეჩინა ეს ბავშვი... ერთად წაეყვანათ
საბავშვო ბაღში, იქიდან ერთად წამოეყვანათ. რიდის ზღვარი
გადაელახა და მასთან თავისუფლად ესაუბრა, შიგადაშიგ იდაყვი
წაეკრა და რაღაც ეთქვა, არავის მორიდებოდა, მისთვის გაეღიმა და
მისი ღიმილით დამტკბარიყო... მან დიდხანს არ ალოდინა სალვი...
კიდევ კარგი, სალვი სულს არ უფორიაქებდა, ემოციებსა და
ნერვებს არ უწეწავადა. არც ის მოუწოდებდა სალვის წესიერებისკენ.
არ უჩიჩინებდა, რომ ცოლშვილიანი კაცი ახალგაზრდა გოგოს
შესაფერისი არაა, რომ დროა, იგი გონს მოეგოს. ადრე თუ გვიან,
ისედაც დაშორდებოდნენ ერთმანეთს, ეს ან უცებ მოხდებოდა, ან
ნელ-ნელა, უმტკივნეულოდ. ისედაც ეს ცხოვრებაც ხომ დროებითი
და წარმავალია: რადიკულიტი, მიოკარდი, ასთმა, ან... ავტოკატასტროფა.
ზოგჯერ მისი მეუღლე დაიწუწუნებდა, რა მოხდება, ერთხელ
ჩვენც რომ გაგვიმართლოს და რამე ვიპოვოთ, ან ლატარეაში მანქანა
მოვიგოთო. მართალია, არ უმართლებდათ, ლატარეაში მანქანასა თუ
სხვა რამეს ვერ იგებდნენ, მაგრამ რამდენი იყო ისეთი, ვინც
ავტოკატასტროფაში იღუპებოდა, წყალში იხრჩობოდა, ან კიბიდან
ვარდებოდა. ისინი, ამ მხრივ, მადლობა უფალს, საღ-სალამათნი იყვნენ.
როგორც ამბობენ, ამ მხრივაც არ „უმართლებდა“
მათ ოჯახს. ამისთვისაც მადლობა გამჩენს.
ზოგჯერ თუ რაღაც ეწყინებოდა და შეხვედრაზე არ მიდიოდა,
მოულოდნელად სალვი ისე მოენატრებოდა, რომ ჩიტივით
მიფრინავდა მისკენ. უნდოდა, შორიდანაც ედევნებინა თვალი, მისი
ღიმილი შორიდან ენახა, ენახა, როგორ უღიმოდა სხვებს, როგორ
დადიოდა, ხალხში როგორ იქცეოდა, უნდოდა, ემზირა და შორიდან
გატანჯულიყო მისი სილამაზითა და ეჭვიანობით.
სალვის ოთახი ერთობ პატარა იყო. ამ პატარა ოთახში
შესასვლელთან დიდი სარკე დაეკიდა. სალვი იმ სარკესთან
ირთვებოდა, თმას ივარცხნიდა, ეზოში რომ ჩადიოდა, ან უბრალოდ
მაღაზიაში რომ მიდიოდა, აუცილებლად შეყოვნდებოდა ხოლმე
სარკის წინ. ქალი თუ ირთვება, ესე იგი, სურს, მოსაწონი იყოს,
ყურადღება მიიქციოს და ვინმეს შეუყვარდეს. მაგრამ მამაკაცების
უმრავლესობა გულუბრყვილოა, ჰგონია, ქალმა თუ გრძნობები
შეამჩნია, არ დაუფასებს, მასზე ცუდი აზრი შეექმნება და ბოლო ჯამში
წაგებული დარჩება. მაგრამ არცერთ ქალს არ ეწყინება, თუ იგრძნობს,
რომ უყვართ. თავი განაწყენებულადაც რომ მოგაჩვენოთ, არ ეწყინება.
ესეც ხშირად მივიწყებულ ჭეშმარიტებათაგანია.
სალვი დედისერთა ქალი იყო. უფროსი დაიკო სამი წლის ასაკში
მოჰკვდომია... ერთხელ ნათესაობა შეკრებილა და მთაში საქეიფოდ
ასულა. მხიარულებაში ისე გართულან, რომ ბავშვი გადავიწყნიათ.
როცა გახსენებიათ, ბავშვი ირგვლივ არსად ყოფილა. დიდხანს
უძებნიათ, მაგრამ ვერ უპოვნიათ. დედამისი, თურმე, თავში იცემდა
და მოსთქვამდა: ეს ყველაფერი მესიზმრაო, სიზმარში ურმით
მივდიოდითო, უცებ ბატკანი გადმოვარდაო, რამდენი არ ვიყვირე და
ვიწივლეო, ვერავინ გაიგოო, დავტოვეთ და წავედითო...
ბავშვი დილით მობრუნებულებს უპოვიათ, გუშინდელი სუფრის
სიახლოვეს. თურმე ნუ იტყვი, როცა ისინი მხიარულობდნენ, პატარას
იქვე, ბუჩქის ძირას ჩასძინებია. ამიტომაც, როცა ეძებდნენ, ხმა არ
გაუგია. მერე კი ახლად გამოღვიძებულსა
და შეშინებულს ირგვლივ მიწა უფხოჭნია...
ამ ამბის მოსმენის შემდეგ ის გოგონა არ ავიწყდებოდა,
ერთთავად თვალწინ ედგა. საოცარია, როგორ ვერ იპოვეს?
თავში არავის მოუვიდა, რომ სამი წლის ბავშვი შორს ვერ წავიდოდა?
ან სახლში რა გულით დაბრუნებულან? ბოლოს ვერ მოითმინა და იმ
დღესა და იმ დროში დაბრუნდა. ერთ ღამეს იმ ტყისკენ გასწია.
ტირილისგან ქანცგაწყვეტილი ბავშვი იპოვა და იმედგადაწურულ მშობლებს დაუბრუნა.
ის გოგონა სალვი იყო. ეს მან არ იცოდა, მაგრამ მათთან სახლში
იმიტომ მივიდა, რომ ყველა დაწყნარებულიყო, ამიტომ იყო, რომ ამ
ამბავს ასე იოლად იხსენებდნენ. ამ ამბის მისეული ვერსია სალვის არ
უთხრა. არადა, თქმას რა აზრი ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ ბავშვი
გადარჩა. მან არ დაუშვა, რომ ტყის სიბნელეში უპატრონოდ
მიტოვებული ბავშვი დაღუპულიყო და ისედაც ცოდვილ ქვეყანას
ამით კიდევ ერთი ცოდვა მიმატებოდა.
ქვეყნად ყველა ცდილობს, დარდი როგორმე განიქარვოს და
რაღაცნაირად, სულიერი სიმშვიდე მოიპოვოს. ცხოვრება მართლაც
ძნელი საქმეა. რა არ მოეფიქრებინათ და რაღა არ გამოეგონებინათ:
სკოლაც ჰქონდათ და ქარხანაც, არმიაცა და საპყრობილეც,
კომუნისტიც ჰყავდათ და კაპიტალისტიც, გარდა ამისა, ტომობით კანონიც ჰქონდათ...
და ეს ყველაფერი ვითომ იმისთვის იყო მოგონილ-შექმნილი, რომ
არსებას, რომელსაც ადამიანი ეწოდება, ერთი ლუკმა პური და თავს
ზემოთ ჭერი ჰქონდეს, რათა ქარსა და წვიმაში მას თავი შეაფაროს? და
კიდევ, ქვეშაგები ჰქონდეს თავისი პირმშოსა და ჯალაბობისთვის.
ბეჭდით დამოწმებულებს თავი გავანებოთ და, დაუწერელ
კანონებზე რას იტყვი: ამას ნუ იზამ, იმას ნუ შეხედავ, სული დაიგუბე,
გიყვარდეს მშობლები, ნამუსი, სინდისი და მრავალი ამისთანა... მოდი
და ახლა ამ ყველაფერში ნუ დაიკარგები, ნუ აითქვიფები, ნუ
წაიბორძიკებ და ნუ დაეცემი...
ბოლო დროს დედამისი ერთ მკითხავს ხშირ-ხშირად იხსენებდა.
იხსენებდა და გაოცებული იმათ აგინებდა, ვისაც ღმერთში ეჭვი
ეპარებოდა. ეს ამბავი დიდი ხნის წინ მომხდარა, მაშინ ის არცა
ყოფილა დაბადებული. მაგრამ მკითხავს უთქვამს, ერთი ბიჭიც
გეყოლებაო. მამამისის დაპატიმრება, „შორეული მგზავრობის“ შემდეგ
სხვაზე გათხოვება, დედის წელის ტკივილი და ის, რომ ეს სენი დედას
სიკვდილამდე არ მოურჩებოდა, სულ მართალი აღმოჩნდა. მკითხავმა,
თურმე, უფროსი ვაჟის ბედ-იღბალიც ზედმიწევნით ზუსტად უთხრა.
თანაც ეს რამდენჯერმე გაუმეორა.
მას ბედისწერისა სჯეროდა. მაგრამ ენა არ უბრუნდებოდა,
ბედნიერიაო, ეთქვა თავის ძმაზე, რომელიც თავის ცოლთან
დამნაშავესავით სდუმდა, ვახშმობისას რაღაცას მოიმიზეზებდა,
ოთახში გადიოდა, იქ ჩუმად ას გრამს გადაჰკრავდა და ისე
მობრუნდებოდა, ვითომც არაფერი. ვინ იცის, ეგებ ღმერთის
თვალში ბედნიერება ის არის, რომ ადამიანი მდიდარი იყოს, კბილები
არ დასცვივდეს, კუჭის ტკივილებმა არ შეაწუხოს, ცოლ-შვილის
პატრონი გახდეს, შვილიშვილებს მოესწროს, დიდხანს იცოცხლოს,
ისე დიდხანს, რომ როგორც დედაბერ ხეირის, ყველაფერი, კარგიცა
და ავიც გადაავიწყდეს, არც გადატანილი ტკივილები ახსოვდეს და
არც სიხარული. ასეთ ედემიანს სიკვდილი რას დააკლებს? ვერაფერს.
ერთადერთი, შეიძლება, ის ტკივილი გაუყუჩოს, რომელსაც იმ წუთში გრძნობს.
რაც შეეხება სიყვარულს, სიავესა თუ სიკეთეს, – ეს ყველაფერი
როგორ უნდა გავიგოთ, როგორ უნდა გვიხაროდეს, – ჩანს, უფალმა
ადამიანის ნებასა და შეგნებას მიანდო, როგორც გინდა, ისე გაიგეო.
მოდი, ეგრე თუა, ქალბატონო სალვი, ჩვენ სხვანაირად ვიფიქროთ,
ვთქვათ, რომ ადამიანი ამქვეყნად სატანჯველად მოდის. ასე
ვიფიქროთ და ჩვენს ხვედრს შევეგუოთ. ვინ იცის, ეგებ მაშინა ვართ
ბედნიერები, როცა ჩვენს ხვედრს ვეგუებით?
მაგრამ სალვის თავისი საიდუმლოც ჰქონდა, რომელსაც მას არ
უმხელდა. ეგონა, არ იცოდა, რომ ღამღამობით ამ პატარა ოთახში
ბაყბაყ-დევები სტანჯავენ. დევებს გული შევარდნიათ სალვიზე,
უნდათ, რომ პირველ სიყვარულზე გული აუცრუონ, აითვალისწინოს
იგი და ეჭვით აღივსოს მის მიმართ. ჯერ ძალა არ შესწევთ, სალვის
სიყვარულს ვერ უმკლავდებიან. აი, ქალს ეს სიყვარული რომ
გამოელევა, მაშინ ისინი სალვის მოიტაცებენ და ცხრა მთას იქით გადახვეწავენ.
ამიტომაც სალვისგან ოდნავ გულგრილობას რომ იგრძნობდა,
მაშინვე იცვლებოდა, მოსიყვარულე მამაკაცად, ყურადღებიან
საყვარლად და ნამდვილ ვაჟკაცად იქცეოდა ხოლმე. შეიძლება,
სალვის შეჰგუებოდა კიდეც, მაგრამ დამარცხებას ვერ შეეგუებოდა.
შიშობდა, რომ მარცხის ტკივილს, თანაც ამ ასაკში, ვერ გაუძლებდა.
თანაც უნდოდა, თავი მოესინჯა, აინტერესებდა, დევებთან
საბრძოლველად ძალა შესწევდა თუ არა, ჯერ კიდევ შეეძლო თუ არა რაღაც.
გამორიცხულია, მისი წარმავალი მღელვარება ცოლს არ შეენიშნა,
სულ რომ არაფერი, ლოგინში მაინც ექნებოდა შენიშნული.
ეგ იყო, რომ სხვა რამეზე არ ეჭვიანობდა, ამას კარგ ამინდს, ან იმ საღამოს გემრიელ კერძს მიაწერდა.
როცა ცუდ ხასიათზე იყო, ცდილობდა, ლამაზად ჩაეცვა, სახეს
იპარსავდა. სუნამოს შეიფრქვევდა და ძალად იღიმებოდა. ღიმილი
გამოსდიოდა. ზოგჯერ არ ლაპარაკობდა, უბრალოდ იღიმებოდა. შინ,
თუ გარეთ, მისით ყველა კმაყოფილი იყო. რადგანაც მან ყველას
სუსტი წერტილი იცოდა და ცდილობდა, იმ წერტილს არ შეხებოდა.
ისიც იცოდა, მდიდარი რომ ყოფილიყო, იგი უფრო ძლიერ
ეყვარებოდათ, ნაცნობ-მეგობრებზე რომ არაფერი ვთქვათ, შინაურები
უფრო თბილად მოეპყრობოდნენ, თავს შემოევლებოდნენ, შინ
დაბრუნებულს კართან შეეგებებოდნენ, ფეხსაცმელების გახდაში
დაეხმარებოდნენ, ზედმეტად არ შეწუხდესო, პიჯაკს ჩამოართმევდნენ და მოეფერებოდნენ.
იგი ამნაირი სიყვარულის ციალს ხანდახან ბავშვების სახეზე
ხედავდა ხოლმე. და არ ნაღვლობდა იმის გამო, რომ ყოველთვის ასე
არ იყო, იცოდა, რომ ეს ბუნებრივი ამბავია. ყოველივე ეს რომ იცოდა
და არ ენაღვლებოდა, გულში ამის გამოც სცემდა პატივს თავის თავს.
მის ცოლს კატები უყვარდა, ამიტომაც ზოგჯერ კატად იქცეოდა ხოლმე.
აზერბაიჯანულიდან თარგმნა
იმირ მამედლიმ