მკვდრების დღე


მკვდრების დღე




 
ეძღვნება უილიამ ბეროუზის ბნელ ხსოვნას
 
 
* * *
ერთხელ ქრისტემ უთხრა ალაჰს: დიდია ირანი და შენ გაქვს მასზე ძალა, მაგრამ ტიფლისში ჩვენ ორივეს გვადიდებენ. და არ ხამს, როცა ორი ღმერთის ქალაქში ამდენ ცოდვას გაუდგია ფესვები.
და უპასუხა ალაჰმა: შევზღუდოთ შაითანი და მივუჩინოთ მას ერთი ადგილი.
ასე შეთანხმდნენ ისინი და შეიქმნა წითელი უბანი.
შემოდგომის იისფერ საღამოს, ყურბან ბაირამის წმინდა დღესასწაულზე, როცა ტიფლისის ქუჩების ბინძურ მდინარეებად გადამქცევი წვიმები ჯერ კიდევ შორს არიან, ხოლო ზაფხული ჯერ კიდევ ცაშია, ყველაზე ცუდი ადამიანები წითელ უბანში იკრიბებიან. თავად შაითანი ჩამოდის ციდან და უერთდება ხალხს – ჩრდილოვან ბიზნესმენად გადაცმული.
[ნაწყვეტი რომელიღაც სასკოლო საკონტროლოდან, თემით: ”ჩემი ქალაქი”]
 
 
I
 
* * *
 
_ თუ ტიფლისში გართობა გინდათ, წითელი უბანის კარიბჭე მუდამ ღიაა აჩრდილებისა და ტუსოვშიკებისთვის, მაგრამ თუ სახელმწიფოზე საუბარი გინდათ – აგერ სუხარები ჭამეთ, პირი მაინც გექნებათ დაკავებული – დაუყვირა არაბ სტუმრებს ფეხზე წამომხტარმა და პოლიტიკაზე საუბრებისგან დაღლილმა ჟორჟმა, რომელსაც, როგორც მივხვდი, სხეულში “სიხარულის ბუშტმა” დაუარა.
_ გაქვს კიდე ბუშტები? – ვკითხე ჟორჟს და მანგოს წვენის ნარჩენები მოვხვრიპე ჭიქიდან.
_ რამდენიც გინდაააა! დღეს ჩვენ ჩინური ბუშტებივით ვიფრენთ ტიფლისის ცაში, ყურბან ბაირაამ, გულაობს მთელი ქალაქიი! – დაიყვირა ჟორჟმა და ადგილზე ცეკვა დაიწყო.
ყველას გაგვეცინა.
_ “სიხარულის ბუშტები” ახალი სინთეტიკური, მოდური ნარკოტიკია ტიფლისში, ორი პატარა ბუშტი საკმარისია, რომ წარმოუდგენელი ბედნიერებით აივსო. ამ სამოქალაქო ომების და უბედურებების მერე, ბაზარზე ერთი ძალიან ჭკვიანი ჯგუფი გამოჩნდა, რომელმაც ამის დასინთეზირება დაიწყო და საკმაოდ კარგადაც შეფუთა. მუდმივი სტრესის ფონზე “სიხარულის ბუშტები” ფაქტიურად დატაცებაზეა... სხვათა შორის, თვის ყველაზე რეიტინგული დრაგია. შეგიძლიათ ეგეც გასინჯოთ თუ რამეა, შოვნა არაა პრობლემა... თუმცა უკვე საღამოა და ჟორჟმა წამოაყენა წინადადება, რომ წითელ უბანში შევიდეთ – მინდა გითხრათ, რომ ამ სიტყვებმა დროულად მოგვისწრო. როგორც პოეტი იტყოდა: ნამდვილი ტიფლისი ჯადოსნური ყვავილივითაა, რომელიც საღამოს საათებში... პრაქტიკულად ეხლა, უკვე წუთი-წუთზე... იფურჩქნება და მხოლოდ დილამდე იარსებებს წითელ უბანში... მერწმუნეთ, ასეთი რამეები არცერთ ტურისტულ რუკაზე არაა აღნიშნული და ძალიან ცოტა ტურისტია, ვინც დაიკვეხნის იმით, რომ ყურბან ბაირამობაზე ღამე წითელ უბანში გაატარა – ჩავჩურჩულე არაბ სტუმრებს იდუმალი ღიმილით და მიმტანს თითით ვანიშნე, ანგარიში მოეტანა. როგორც ჩანდა, კლიენტები კმაყოფილები და ცოტათი დაშინებულები იყვნენ. სხვანაირად ვერც იქნებოდა – იმიტომ, რომ მე ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ.
_ ჟორჟ, თინას დაურეკე და უთხარი, რო ორი ჩრდილოვანი მოგვყავს.
_ ოკ.
_ ზუსტად უთხარი ყველაფერი, რო იცოდეს... და ვიზების ამბავი მოაგვაროს.
_ ხოო, ვიცი, კაროჩე: ორი ჩრდილოვანი, არაბები. სქესი: მამრობითი, ასაკი: საშუალო, პროგრამა – 7 მომაკვდინებელი ცოდვა და დრაგი. ხო? - მკითხა ბედნიერებისგან თვალებგაბრწყნებულმა ჟორჟმა.
_ ზუსტად, ჟორჟიკ! და ნახევარ საათში ვიქნებით კარიბჭესთან...
_ კაი.
_ მზად ხართ ცოდვების ჩასადენად? – გადავხედე ჩემს კლიენტებს და კმაყოფილმა გავიღიმე, როცა გამახსენდა, რამდენს იხდიდნენ ეს ჩრდილოვანი ტურისტები ამ ბრმა გასეირნებაში.
 
 
* * *
ჩრდილოვან ტურისტებს ჩვენში იმ ბიზნესმენებსა თუ სახელმწიფო მოხელეებს ეძახიან, რომლებიც ჩუმად ტიფლისის შავ ბაზარსა თუ წითელ უბანში ჩამოდიოდნენ უიქენდებზე და გარყვნილებისა თუ ნარკოტიკების ისეთ დოზას იღებდნენ, რომ მთელი მომდევნო ნახევარი წელი შეეძლოთ დიდი ირანის სამაგალითო მოქალაქეებად ეცხოვრათ. მე ტურისტული გიდი ვარ ჩრდილოვან სამყაროში – მთელი ქალაქი საკუთარი 9 თითივით ვიცი (ერთი სამხედრო სამსახურმა წამართვა თავის დროზე), ვიცნობ ყველა ბარიგას და სიამოვნებების გადამყიდველს, ასე რომ, მე ვარ პროფესიონალური, სერტიფიცირებული ტრანსპორტი ამა ქვეყნის ძლიერთათვის, რომელიც მათ პურიტანულ ოფიციალურობას ხილვებისა და სექსის ფსკერთან აკავშირებს ღამის ჩრდილებში. ამიტომაც მე მხოლოდ დიდი ძიები მქირაობენ – კონტრაქტი მარტივია, მოკლე ფსიქოლოგიური სეანსის შემდეგ მე ვადგენ მათი ფარული ვნებების ლოკაციებს, ვწერ მარშრუტს და თავგადასავალის სცენარს, ვაფასებ რამდენიმე ათას რიალად და ვაკეთებ ჩემი გეგმის დემო-პრეზენტაციას. თუ კლიენტი დაინტერესდება – ჩვენ ვნიშნავთ თარიღს და იმ დღეს მე მისი ვნებების გიდი ვარ. ტიფლისი კი ვნებებისთვის იდეალური ქალაქია. შეიძლება ითქვას, საუკეთესო.
 
 
* * *
_ დემონსტრანტები ირანის სულთნისგან ითხოვენ, საკონსტიტუციო უფლებები ჩამოერთვათ ჯაბა იოსელიანის, თენგიზ კიტოვანის და მთელი მხედრიონის არასანქცირებულ კლონებს, რომლებმაც ფაქტიურად პოლიტიკური დიქტატურა დაამყარეს მთელ ქვეყანაში. ისინი ასევე მოითხოვენ ავტონომიური გურჯისტანის ტახტი წმინდა სინოდს და მეფე დავით მეოთხე ბაგრატიონს გადაეცეს, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად მიმალვაში იმყოფება და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. როგორც მთავრობა იუწყება, დავითის არსებობა ან მითია, ან ის უკვე დიდი ხნის მკვდარია – იუწყებოდა საღამოს კურიერი ტელევიზორში.
 
_ ჩემი ცნობებით დემონსტრაციას დღეს სისხლში ჩაახშობენ “მხედრიონელები” – დავაკომენტარე ნიუსი ტელევიზორიდან – თქვენი ფსიქოლოგიური პორტრეტის მიხედვით, თქვენ საშინლად არ მოგწონთ ასეთი ტიპის კრიზისული სიტუაციები, თორემ შეგვეძლო მონაწილეობაც მიგვეღო მასკარადში... – დავამატე ღიმილით.
_ რომელ მხარეს? – იკითხა შედარებით პუტკუნა, ჩალმიანმა ბურჟუამ.
_ თუ გნებავთ დარბეულთა, თუ გნებავთ დამრბეველთა. ამის მოხერხება არაა რთული.
_ ეს ხომ ტიფლისია, ტიფლისი!! ველური ოცნებების ქალაქი! – დაიყვირა წინა სავარძლიდან გახარებულმა ჟორჟმა და კიდევ ერთი კაფსულა სიხარული ჩაიგდო პირში.
 
 
* * *
წითელი უბანი ფაქტიურად ავტონომიური ქალაქია ქალაქში, როგორც ვატიკანი რომში. აქ შემოსვლისთვის ვიზებია საჭირო, მხედრიონი (კლონების დიქტატურა) დიდი ხანია ცდილობს თავისი კონტროლი დაამყაროს უბანზე, მაგრამ ვერაფრით ახერხებს ამას, იმიტომ რომ, ერთი მხრივ, თავად დიდი ირანის სულთანმა დართო არსებობის ნება ამ ქალაქს, როცა მრავალჯერ წაუყრუა უბანში აღზევებული გარყვნილობების ფაქტებს, მეორე მხრივ, მხედრიონის ბოევიკები მაინც აქ ერთობიან დღესასწაულებზე. უბანი თითქოს მთელი პურიტანული იმპერიის ორთქლის გამოსაშვები ხვრელია, აღმოცენებული სამოქალქო ომების ნანგრევებზე, უკონტროლობის პერიოდში. სანამ ამერიკასთან რამდენიმე თვის ზავდადებული ირანი რუსეთთან ომში ჩაერთო – ტიფლისის ეს ნაწილი თავისი გეოგრაფიული მდგომარეობის შედეგად ევრაზიის შავი ბაზრების გადამკვეთ წერტილად გადაიქცა. ჩემთვის, როგორც გიდისთვის, წითელი უბანი საკუთარი მაგიური შესაძლებლობების სადემონსტრაციო დღესასწაულია. ვინ გინდათ, რომ არ შეგხვდეთ აქ: არასანქცირებული, დეფექტური, კანონგარეშე კლონები, სხეულით მოვაჭრე ავღანელი ტრანსვესტიტები ნახევარმთვარის ტატუებით თვალის უპეებთან, ამერიკიდან გადმოხვეწილი, გაღატაკებული კიბორგები, ჰაშიშით მოვაჭრე აგორების სექტა ინდოეთიდან – ღმერთ შივას ბნელი მიმდევრები, აფრიკულ სიზმრის მცენარეთა ძიებაში ჩაფლული დრიმჰაკერები ათეისტური გარეუბნებიდან, უცნობი მესიები და მონები აფრიკიდან, ირანელი სუფიები და მეგრელი იარაღით მოვაჭრეები. მხოლოდ აქ შეიძლება შეგხვდეთ: საუკეთესო არაბული ტაიჭები და დაჰაკული ბრიტანული ჯიპიეს სისტემები, ახალი დიზაინერული ნარკოტიკები, რომლებიც ჯერ არავის გაუსინჯავს მთელ პლანეტაზე, ნებისმიერი სახის სექსუალური მომსახურება, ჯინსებისა და მაკდონალდსის კონტრაბანდა ამერიკიდან და ა.შ.
 
მორწმუნე ტიფლისელები წითელ უბანს რამდენიმე კილომეტრზეც კი არ ეკარებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ რელიგიურ-ეკონომიურად სეგრეგირებულ უბნებში ყოველდღე გაცილებით მეტ ძალადობას აქვს ადგილი, ვიდრე მთელი თვე წითელ უბანში.
 
* * *
_ აქ ნეიტრალური მიწები იწყება, მანქანით შესვლა არაა ნებადართული, ამიტომ ჟორჟმა ჩვენთვის საუკეთესო აქლემები შეუკვეთა, ხო ჟორჟ?
_ ჟორჟი ჯადოქარია! – განაცხადა სავარძელში მოცეკვავე ჟორჟმა ნეტარი ღიმილით.
მეაქლემეები ნეიტრალურ უბანში შემავალ გზასთან იდგნენ.
_ 10 000 დინარი – მიმანიშნა მოჩუქურთმებულ აქლემებზე სიბერისგან მოკუნტულმა ზედამხედველმა და რობო-აპარატი გამომიწოდა.
_ დღითიდღე აძვირებთ – გავუტრაკე ზედამხედველს და საბანკო კოდი შევიყვანე.
_ ინფლაცია, შენი ჭირიმე, მალე ყველაფრის ფასი დაკარგავს აზრს... ეხ! ახალგაზრდა ბიჭი ხარ შენ, არ გემახსოვრება ადრინდელი ტიფლისი... აი, კლონების ომებამდე... იქ, სადაც ეს ტბაა, ადრე პარლამენტი იდგა და ასე თუ ისე წესრიგი მეფობდა ქალაქში... ნეიტრალურ უბანში კი ყოველდღე ვსეირნობდით უპრობლემოდ... ეხლა შეხედე, სასაფლაოს გავს მთელი უბანი, მარტო აჩრდილები და ჩრდილოვანები დაძრწიან ღამით, მხოლოდ სახელი შერჩა ძველებურად: რუსთაველი... და ისიც ის მამაძაღლი კლონია, ამხელა საშემოსავლოს რო გვიბეგრავს... ეხ, შვილო, შაითანმა ჩაყლაპა ყველა სინათლე ტიფლისში...
_ კოდი შეყვანილია: დაადასტურეთ პროდუქტი და თანხა – დაიძახა აპარატის რობოტმა
_ 4 აქლემი, პირველი კლასი + 2 კალაშნიკოვი – ვუთხარი რობოტს.
_ თანხა მიღებულია – დაადასტურა რობოტმა და წითელი განათება მწვანეთი შეცვალა.
_ დიდი ალაჰისა და ტიფლისის იესუ ქრისტეს მფარველობა თქვენ – დაგვიქნია ხელი მოხუცმა.
_ აქ მთავრდება მაგათი იურისდიქცია, ძია – მოაძახა ჟორჟმა მოხუცს, როცა ნეიტრალური უბნის ტერიტორიაზე შევედით. ამ დროს მსუქანმა ბურჟუა კლიენტმა, მოულოდნელად მოატრიალა თავისი აქლემი, მიბრუნდა მოხუცთან, მისკენ დაიხარა და თითქოს თავზე ხელი გადაუსვა და რაღაც წასჩურჩულა. გაბრაზებული მივვარდი უკან.
_ რას აკეთებ?
_ არაფერს, მინდოდა მენუგეშებინა ძია, ბიძაჩემიც აქლემების გამქირავებლად მუშაობდა, ვეხმარებოდი ხოლმე ბავშვობაში...
_ თქვენს ფსიქოპორტრეტში არსად არ არის აღნიშნული თქვენი ასეთი სენტიმენტალური მგრძნობელობის შესახებ. და საერთოდ, ეს ტიფლისია, მე ვიცნობ ამ ქალაქს საკუთარი ცხრა თითივით და ჩემს თავზე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ თქვენი თრიფი მომეწყო! ერთი-ორი ნაბიჯი განზე და შეიძლება ან სხეულის რომელიმე ნაწილი, ან სიცოცხლე დაკარგოთ! _ ძალიან გავცოფდი ამ მოულოდნელ ჟესტზე.
_ ხო, მაგრამ თქვენ ხომ პროფესიონალი ხართ, თან იარაღებით ხართ და იმედი მაქვს, რომ დამიცავთ – მითხრა ბურჟუამ აუღელვებლად, თითქოს ლოცულობდა.
_ მე ვერ დაგიცავთ, თუ ინსტრუქციებს და გზებს გადაუხვევთ. არავითარი თვითნებობა, თუ შეიძლება! – მკაცრად ვუთხარი ბურჟუას. მეორე არაბი დუმდა. დუმდა ეხლაც და ჩამოსვლის წუთიდანვე, ამიტომ მისთვის ისეთი დრაგი მქონდა ჩაფიქრებული, რომელიც მკვდარსაც აამეტყველებს, თუ დაალევინე.
_ კარგი, ბატონო – მიპასუხა არაბმა შეიხმა და მკაცრად მოატრიალა აქლემი. მეც იგივე ვქენი, თუმცა მოტრიალებისას თვალის კუთხით დავიჭირე მოხუცი მეაქლემის ოდნავ გაოგნებული და ნეტარი სახე.
_ მე წინ ვიქნები, ჟორჟი რიგის უკანა მხარეს წამოვა, ყველანი მე მომყვებით – ვუთხარი სტუმრებს, გადავტენე იარაღი და ჩავუხვიე ნეიტრალურ უბანში. ჩვენ საახალწლო კოლონასავით ვმოძრაობდით აისის სახელობის ქუჩებში, ნეონის აქლემებზე ამხედრებულები, ჩუმად, როგორც ყველაზე ჩუმი ნიავი _ მძინარე, ნახევრადდანგრეულ სახლებს შორის. პატარა, ურჩი ბავშვები, რომლებიც ალაჰის ნების საპირისპიროდ, არ იძინებდნენ საღამოს 10 საათზე, ჩუმად გვაკვირდებოდნენ სკოტჩებით გადაკრული ფანჯრებიდან და ოცნებობდნენ, როდის გახდებოდნენ ჩვენსავით დიდი განგსტერები, რომლებიც დადიან ნეონის ხალიჩებზე და მიირთმევენ საუკეთესო მანგოს წვენებს საუკეთესო სასტუმროებში. რამდენიმე, ძილიდან დროებით გამოფხიზლებული მათხოვარი უხმოდ გვიწვდიდა ხელს. ცა ნეიტრალური უბნის თავზე ყველაზე კარგი საყურებელი იყო ყოველთვის. თუ დანარჩენ ტიფლისში ის ქუჩის განათებებითა და საპატრულო ლაზერებით იფარებოდა, აქ, ამ უშუქო უბანში, რომელიც რამდენიმე კილომეტრზე იყო გაწოლილი – ცაზე მთელი ირმის ნახტომის გალაქტიკა მოჩანდა. ნეიტრალური უბანი ფაქტიურად სადამკვირვებლო პუნქტი იყო, აქედან შეგეძლოთ თავისუფლად გენახათ და აგენუსხათ ყველაფერი, რაც ხდება ტიფლისის ცაში – სატრანსპორტო თვითმფრინავები არაბეთიდან, რაკეტების სტარტი ტიფლისის კოსმოდრომიდან, მეტეორების წვიმა აგვისტოში... ეს იყო ერთადერთი უფასო და მარადიული პრივილეგია, ღამის გასართობი ცენტრი ღარიბი უბნებისთვის – შორეული ლაზერების ციალითა და მილიარდი ვარსკვლავით მოჭედილი ბნელი და ცივი ცა.
 
 
 
 
II
 
* * *
 
წითელ უბანში ყურბან ბაირამი სულ სხვანაირად აღინიშნებოდა, ვიდრე მთელ ტიფლისში. თუ მთელი ვაკე ცხოველების ღრიალითა და სისხლით ივსებოდა, ხოლო ავლაბრის რეზიდენციასთან მორჩილი ქრისტიანები ისასა და ალაჰის შერიგებას აღნიშნავდნენ მდუმარე მსვლელობით – წითელ უბანში დამოუკიდებელი ქალბატონი ხალიფის (ავტონომიური მერის) მხარდაჭერით წარმოუდგენელი მასშტაბების მულტიმედიური შოუ ეწყობოდა. მზის ჩასვლისთანავე ქალაქი ყველა რელიგიისა და მრწამსის, პოლიტიკური შეხედულებისა თუ მითების ჰოლოგრამებით ივსებოდა. ციდან ჩამოდიოდა იესო ქრისტე, ქალაქის ქუჩებში მოხეტიალე დერვიშებთან ერთად ცეკვავდნენ კრიშნა და შივა, ატომური აფეთქებები ანათებდნენ შიგადაშიგ ქალაქის ჰორიზონტებს. ყველაფერი ეს _ უამრავ სინთეტიკურ ჰალუცინოგენთან შერწყმაში – წარმოუდგენელ თრიფებში აგდებდა დღესასწაულში მონაწილე ხალხს. ქალაქში პირველად მყოფი სტუმრების პანიკური შეტევებისაგან თუ სპონტანური აგრესიისაგან დანარჩენ მობინადრეებს ავღანური ჰაშიშით დაბოლილი, სპეციალურად გამოწვრთნილი ჩეჩნური პოლიცია იცავდა. წელსზევით შიშველი და მთლიანად დატატუირებული სპეცდანაყოფი, რომელსაც 14 წლიდან აწევინებდნენ ჰაშიშს და ასე წვრთნიდნენ სპეციალურად ასეთი დღესასწაულებისთვის. ამ პოლიციისგან შედგებოდა ხალიფის პირადი დაცვაც. ჩვენ გვერდი ავუარეთ სიძვის სახლებს და ფანტასტიურ კაზინოებს, ავუარეთ დრიმჰაკერულ კლუბებსა და “ბნელი ოდისევსის” გვირაბებს, სადაც სექსუალური ფანტაზია ყველაზე წარმოუდგენელ სიღრმეებს თუ მწვერვალებს აღწევდა. კლიენტები არაფრით დაინტერესდნენ. უკვე ვგრძნობდი, რომ სიბრაზეს ვერ ვთოკავდი, იმიტომ რომ ვერსად შევაძვრინე ჩემი კლიენტები, რათა დრო დამრჩენოდა ჩემი საყვარელი საქმიანობისთვის: საუბარი ღმერთების ბოტებთან პსილოციბინის სოკოებით ჰოლოგრამების ველზე.
ასეთი პრეტენზიული კლიენტები არასოდეს მყოლია, და არასოდეს ყოფილა რომ კლიენტი ამდენი ხანი არ შემეცდინა. ვიცოდი, რომ თუ ეს მისთვის პირველი გასეირნებაა, გაცილებით რთულია იმ პურიტანული ბლოკების გარღვევა, რომელიც მას ბავშვობიდან ამოუშენეს ჩინეთის დიდი კედლებივით ყველა მხრიდან, მაგრამ ამდენი ხანი ბრძოლა არავისთვის დამჭირვებია.
_ GnosX  – მითხრა მეორე არაბმა, რომელსაც აქამდე ხმა არ ამოეღო, როცა ნერვიულად დავიწყე ჩამოთვლა იმ უსასრულო სიის, რითიც სიამოვნების მიღება შეეძლოთ ჩემს კლიენტებს.
_ რაა? ატომურ ბომბს უფრო ადვილად ვიშოვი, ვიდრე გნოზიქსს. საიდან მოიტანეთ? – დააღო ჟორჟმა პირი.
_ ნუ ყვირით, ხალხს ძინავს აქ, მეორე გაფრთხილებაზე ტერიტორიის დატოვება მოგიწევთ – მოგვაძახა ჩამოვლაზე მყოფმა პატრულმა და ჰაშიშის უზარმაზარი, შავი ღრუბელი მოაყოლა საკუთარ სიტყვებს. ღრუბელი ჰაერს გაყვა და რამდენიმე წამით მთვარე გადაფარა მთელ უბანზე. ჩვენ უკვე დიდი ხანია გაცდენილები ვიყავით დღესასწაულის მთავარ ეპიცენტრებს და შედარებით ჩუმ, სიზმრების ჰაკერთა ქუჩაზე ვიდექით უკვე. აქ წითელი უბნის დრიმერები სხვადასხვა სახის საერთო თუ ინდივიდუალურ ლუსიდურ სიზმრებში ეფლობოდნენ იაფფასიან დრიმ-კოტეჯებში, ამიტომ ამ უბანში განსაკუთრებული სიჩუმე სუფევდა, არ იყო გარე განათებები, სახლებში სანთლები და ნელსურნელებები იწვოდა, მხოლოდ და მხოლოდ სავსე მთვარე ანათებდა ქვიან ტროტუარებს. მესიზმრეთა უბანში სასტიკად იკრძალებოდა ხმამაღლა საუბარი. მხოლოდ შორი დღესასწაულის გუგუნი და რამდენიმე დრიმერის სიზმრის ამოძახილები თუ გაისმებოდა ექოდ ამა თუ იმ კოტეჯიდან დილამდე...
_ პროფესიონალები კითხვებს არ სვამენ, პროფესიონალები კითხვებს პასუხებად აქცევენ, ასე არაა? – მომიბრუნდა ჩურჩულით მსუქანი ბურჟუა.
_ ჩვენ მხოლოდ ეს გვაინტერესებს – და ამისთვის იმდენ თანხას გადავიხდი, რამდენიც საჭირო იქნება, თუ თანხაზეა საუბარი. – თქვა მტკიცედ მდუმარე არაბმა, რომელმაც ჯერ იმით დამშოკა, რომ მწყობრი წინადადებები ჩამოაყალიბა და მერე იმით, რომ ასეთი მოთხოვნები წამოაყენა. ბოლო შოკი იყო, როცა მან თავისი საბანკო აპარატი ამოიღო ჩანთიდან და ჩემს სახელზე გადმოსარიცხად გამზადებული ტრანსაქცია მაჩვენა.
 
GnosX-ის შოვნა მართლა იმდენად რთული იყო, რამდენადაც ატომური ბომბის ყიდვა. ან მთელი ღამე უნდა გერბინა ენაამოგდებულს, ან ძალიან უნდა გაგმართლებოდა, რომ გეშოვნა, მაგრამ ჩემმა კლიენტებმა ისეთი თანხები შემომთავაზეს, რომ გადავწყვიტე, თუ საჭირო გახდებოდა, რამდენიმე ატომურ ბომბსაც მოვაყოლებდი პროდუქტს. ამ თანხით მე სამუდამოდ შემეძლო თავი დამენებებინა გიდობისთვის და გადავსულიყავი დასავლეთ საქართველოში, საიდანაც გურული პარტიზანები გადამაპარებდნენ კონსტანტინოპოლში. და ეს თანხა კიდევ მეყოფოდა, რომ “ოქროს ევროპის” მესაზღვრეები მომესყიდა და თითის ანაბეჭდებიც კი გამეყალბებინა... ჩემს წინ იდგა ჩემი ცხოვრების რადიკალურად შეცვლის შანსი და პირველად ამდენი წლის ურწმუნოების მერე – ორივე ღმერთის ლოცვები ამეკვიატა ტვინში...
 
_ რაღაც საინტერესო სიტყვებს მოვკარი ყური – გაისმა უცნაური ხმა ჩვენს ზურგსუკან. დაძაბული მოვტრიალდი. იქვე მდგარი კოტეჯის ჩრდილიდან კრიშნას ჰოლოგრამა გამოვიდა, მთვარის შუქზე მისი სხეული ლურჯად ვიბრირებდა და ცოტა გამჭვირვალე იყო.
_ შენ აქ რა გინდა?
_ ჩემი ბატონი საკმაოდ გავლენიანი წითელუბნელია. და როგორც ნამდვილ წითელუბნელს, მას ყოველთვის აქვს ყველაზე სანუკვარი ოცნებები და პროდუქტები. მათ შორის ის, რაც თქვენმა კლიენტებმა რამდენიმე წამის წინ ახსენეს საუბარში...
_ ეს ჩათლახი პროგრამა ნახე პროსტა!! ჩუმად დაგვყვება და ჩვენს საუბრებს იწერს. იცი, რომ დრიმჰაკერების უბანში ჰოლოგრამების პარპაში არასანქცირებულია? ეხლა პოლიციას რო დავუძახო, შენც წაგშლიან და შენს ბატონსაც გააგდებენ ქალაქიდან და მერე მხედრიონისთვის ამზადეთ კრიშნები, შენაბოზარო!!
_ ჟორჟ დაწყნარდი! და ჩაყლაპე ერთი-ორი ბუშტი!
_ რა დავწყნარდე, გვითვალთვალებს მთელი საღამოა ეს ჰოლოგრამა, რამდენჯერმე შევნიშნე უკვე...
_ შენს ბატონს აქვს GnosX? – იკითხა მდუმარე არაბმა.
_ ჩემს ბატონს ყველაფერი აქვს და მეც სწორედ ამისთვის ვარ შექმნილი – რათა მისი სიდიადე ვამცნო წითელ უბანში დაკარგულ მგზავრებს, რომელთაც უკვე გამოსცადეს ყველა სიამოვნება, იხილეს ყველა ხილვა, მაგრამ არ იციან, რომ ხილვებს არ აქვს საზღვარი...
_ ვინ არის შენი ბატონი? – ვკითხე კრიშნას.
_ თუ გამომყვებით, მე მიგიყვანთ მასთან – თქვა კრიშნამ და თვალები გაუბრწყინდა კიბერნეტიკული სიხარულით.
_ არასოდეს ენდო ჰოლოგრამას სიზმრების უბანში! არასოდეს ენდო ჰოლოგრამას სიზმრების უბანში! არ გახსოვს? უბედურების მომტანია ეს ყველაფერი... _ გამიპროტესტა დაძაბული ჩურჩულით ჟორჟმა და სახე ჩემს სახესთან ისე ახლოს მოიტანა, რომ მისი აღელვებული სუნთქვა ზღვის ტალღებივით შემოდიოდა ჩემი ყურის ნიჟარაში. “ალბათ ასე ღელავს ზღვა კონსტანტინოპოლში” _ გავიფიქრე ჩემთვის და კრიშნას თვალებში შევხედე, ის მე მიყურებდა ღიმილით. რაღაც საოცრად ახლობელი იყო მის ციფრულ მზერასა და ხარვეზებიან ციმციმში.
_ რას ვშვებით? - მკითხა ფრთხილად მსუქანმა ბურჟუამ.
_ წაგვიყვანე შენს ბატონთან – ვუთხარი ჰოლოგრამას.
 
 
* * *
GnosX-ი ნარკოტიკული დიზაინის გენიალური მიღწევაა. მისი ყოველი მიღებისას სხეული დროებით კონვულსიაში ვარდება, კანკალი ნელ-ნელა იმატებს და ცოტა ხანში სრულიად აუტანელი ხდება. თქვენ გგონიათ, რომ ძველ, საბჭოთა რკინის რაკეტაში ზიხართ, რომელიც ეს-ესაა გასკდება წნევისგან. თვალები წითლდება და შტერდება, როგორც მარსზე უჰაერობისგან დაღუპული კლონების მზერა, ტვინის ნეირონები თითქოს ინდივიდუალობას იძენენ. GnosX-ის მომხმარებლის ტვინი რამდენიმე ნანო-წამის განმავლობაში მანათობელი არსებებით – ხოჭო-ნეირონებით ივსება, რომლებიც თითქოს თავიანთი არსებობის ფაქტით გაოცებულები სინათლის სიჩქარით დაცოცავენ თქვენს ტვინში და ადგილს ვერ პოულობენ. ტყუილად არ ამბობენ, რომ GnosX-ის პირველი დეველოპერები საბჭოთა კავშირის დასვრილი, ინდუსტრიალური კოსმონავტიკის ფანები იყვნენ, რომლებმაც მაშინ ჯერ კიდევ უბრალოდ გართობის მიზნით სცადეს ადამიანის კოსმოსში პირველი გაფრენის მთელი ფიზიკურ-მენტალური თავგადასავლის ქიმიური ანალოგი შეექმნათ. გენიოსმა დრაგ დიზაინერებმა ისეთი დრაგი გააკეთეს, რომლის მიღების შედეგად თქვენი სხეული ზუსტად იმას განიცდის, რასაც პირველი კოსმონავტი პირველი ფრენისას.
გარკვეული პერიოდის შემდეგ სხეული წყნარდება და თქვენ ვაკუუმში გადიხართ, გრძნობთ აუწერელ ნეტარებას და ქრება გრავიტაციის შეგრძნება. სწორედ აქ იწყება GnosX-ის მოქმედების მეორე ეტაპი, რომელიც არ ჰქონდათ გათვალისწინებული მის შემქმნელებს. ზოგის თქმით, ეს ეფექტები მოგვიანებით დაამატეს ინდოელმა პროგრამისტ-ალქიმიკოსებმა, როცა ქიმიურ ფორმულაში კვანტური რეზონანსის შეტანა მოახერხეს. ამ ეტაპზე თქვენ გრძნობთ ხალხებს და არსებებს, რომლებიც თქვენგან შორს არიან, ხანდახან მომხმარებლებს შეუძლიათ კონკრეტული პიროვნებებიც აირჩიონ და მათ სიზმარში აღმოჩნდნენ, ან მათი გეგმების შესახებ გაიგონ. ამბობენ, GnosX-ის მოქმედების ამ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე ადამიანს დაუკავშირდეთ ტელეპატიურად, ფაქტიურად შეგიძლიათ ტელეპატიური პრესკონფერენციაც მოაწყოთ. არის შემთხვევები, როცა GnosX-ის მომხმარებლები ხედავენ მომავლის იმ ვერსიას, რომელსაც განხორციელება უწერია მომავლის სხვა მილიარდ ვერსიებს შორის. მხოლოდ რამდენიმე გრძელი საათის შემდეგ უბრუნდება მომხმარებელი თავის თავს – და ყოველთვის რაღაც ახალი ინფორმაციით.
 
_ ეხლა შენ ყველაფერი იცი და ეს ძალიან ცუდია – მითხრა ჩემს წინ მდგარმა მდუმარე არაბმა, როცა თრიფიდან დავბრუნდი. ჩვენ პატარა, მაგრამ მდიდრულად მოწყობილ ბუდუარში ვიწექით ყველანი ხალიჩებზე. კრიშნა და მისი ბატონი გაოგნებულები იდგნენ მუხლებზე მდუმარე არაბის წინ.
_ მეფე დავით მეოთხე ბაგრატიონი!! – აღმოხდა ჩემ შემდეგ რამდენიმე წამში თრიფიდან დაბრუნებულ ჟორჟს. მეც უკვე ვიცოდი. ვიცოდი ყველაფერი. ჩემ წინ არ იდგა ვინმე არაბი კლიენტი, ეს იყო თავად დავით მეოთხე, კლონი, რომელიც წმინდა სინოდმა საიდუმლოდ შექმნა 23 წლის წინ, როცა ტიფლისში ატეხილი კომპრომატების ომი ნელ-ნელა კლონების ომში გადაიზარდა. მაშინ პირველად მოხდა წარმოუდგენელი რამ: მოქიშპე კონსერვატორული პარტიები ყველასთვის მოულოდნელად ახალი, ექსპერიმენტალური ტექნოლოგიებით აღიჭურვნენ და დაიწყეს წარსულის ისტორიულ პირთა კლონირება და თავიანთ რიგებში ჩამატება, რათა მომხრეთა და ქარიზმის რაოდენობა გაეზარდათ. მაშინ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა, იმიტომ რომ პარალელურად დაიწყო ამერიკა-ირანის მრავალწლიანი ომი და დადგა უკონტროლობის ეპოქა, სწორედ ის პერიოდი, როცა კლონების პირველმა დაჯგუფებამ ჯაბა იოსელიანის მეთაურობით ძალაუფლება ჩაიგდო ხელში და ამერიკულ-ირანული ზავის შემდეგ ირანის დაქვემდებარებაში გადავიდა. ძალაუფლებაში მოსულმა “მხედრიონმა” არასანქცირებულად გამოაცხადა სხვა კლონები, როცა გასკდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წმინდა სინოდი გურჯისტანის ავტონომიური რესპუბლიკისთვის სიურპრიზს და ქაოსის აღლაგმვას აპირებდა – ერისთვის ნამდვილი ლეგიტიმური მეფის შეთავაზებით.
_ მხოლოდ ჩრდილოვანი ტურისტების სახით შეგვეძლო შემოგვეღწია წითელ უბანში, რათა GnosX-ი გვეშოვა და მონარქიის ერთგული ხალხისთვის მიმემართა. სხვა ყველაფერს ისეთი სიმკაცრით აკონტროლებს მთავრობა, რომ შანსი არ იყო... დიდი ხანია ამ მოგზაურობისთვის ვემზადებოდით... საბუთები იდეალურად გავაყალბეთ... დღეს მე დიდი კონფერენცია მოვაწყვე თრიფში – ყველა მეამბოხე მზადაა, რომ ხვალ, ყურბან ბაირამის დასრულებისთანავე საბოლოო დარტყმა მივაყენოთ ურჯულო არალეგიტიმურ მთავრობას. კონფერენცია დახურულ ფსიქო-სიხშირეზე მიმდინარეობდა, მაგრამ ვერაფრით მოვიშორე თქვენი იქ ყოფნა... ეტყობა რაღაც კვანტური კავშირები შეიკრა ჩვენს შორის ამ მოგზაურობისას და სამწუხაროდ თქვენც იქ აღმოჩნდით... ეს კი ძალიან ცუდია, ძალიან ცუდი... – ამბობდა მეფე დავითი და აჩქარებული იცმევდა ნანო-აბჯარს.
 
_ როგორც კრიშნა მეუბნება, თავად ხალიფა დედოფალი აპირებს რომ გეახლოთ მეფეო! ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ თქვენ ცოცხალი ხართ და დაბრუნდებით! წითელი უბანი არასოდეს დამორჩილებია მხედრიონს... – დაიძახა მუხლებზე დაჩოქილმა კრიშნას ბატონმა.
_ ძალიან კარგი, მე ამას ვაფასებ! – თქვა მეფემ.
_ პოლიცია მობილიზდება და თქვენს დასაცავად მოემართებიან, ეხლა შემატყობინა ქალაქის დაცვის უფროსმა – დაიძახა ყოფილმა მსუქანმა ბურჟუამ, რომელიც დავითის გადია აღმოჩნა.
_ თქვენი ცნობიერება ადვილად დასაჰაკია, იმიტომ რომ ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ცხოვრობთ და მათ წყალს სვამთ და მათ ჰაერს სუნთქავთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, მთავრობა სპეციალურ ნივთიერებებს ამატებს ჰესებზე, რათა მოსახლეობის ფსიქო-სიხშირეები ადვილად შეღწევადი იყოს. ამის გამო, ჩემი დღევანდელი განცხადება, რომელიც მხოლოდ მეამბოხეთათვის იყო განკუთვნილი – თქვენი გავლით, მხედრიონის თრიფ-კონტროლის დეპარტამენტმაც შეიტყო და ეხლა მთელი გვარდია მობილიზებულია. ხეებსა და ველურ ყვავილებში ჩამონტაჟებულმა კამერებმა აჩვენეს, რომ გვარდია ამ წუთას ნეიტრალური უბნის გავლით წითელი უბნისაკენ მოემართება და გზად მასობრივ დახვრეტებს ახორციელებს. მთელი გეგმა ჩაიშალა, ბრძოლა გარდაუვალია!! – მითხრა ბრძოლისათვის მომართულმა და ოდნავ აღელვებულმა დავითმა, როცა აბჯარი მთლიანად ჩამოიცვა და ოთახიდან გავიდა. მე გაოგნებული ვიწექი ჩემს ხალიჩაზე, მუდამ მდუმარე მესიზმრეთა უბანში ნელ-ნელა ხმები მატულობდა, ჰაერში დენთისა და დაძაბულობის სუნი იგრძნობოდა.
 
_ თქვენ დაღუპეთ მონარქია!! – დაგვიყვირა კრიშნას ბატონმა. – თუ დავითმა ეს ბრძოლა წააგო, მთავრობა ამას მიზეზად გამოიყენებს, რომ წითელი უბანი, თავისუფლების ერთადერთი მექაც, მიწასთან გაასწოროს!
ჟორჟს სიხარულის ბუშტები ხელიდან გაუვარდა აღელვებისგან.
_ რას აპირებთ?! – ვკითხე ბუდუარში დარჩენილ გადიას, რომელიც მოუთმენლად ელოდა რაღაც მნიშვნელოვან ზარს უცნაურ ტელეფონზე, რომელიც მეც კი არ მენახა აქამდე.
_ სოკოს სპორებს გავავრცელებთ ქალაქში და კარიბჭეებს გავაღებთ. პოლიცია არ გააკონტროლებს თრიფების სიმძლავრეს
_ რას ნიშნავს კარიბჭეებს გააღებთ? – წამოხტა ჟორჟი. – ეს ყველა ჰოლოგრამა და ეს ამდენი გადასული ხალხი რო წითელი უბნიდან ქალაქში გავიდეს, წარმოდგენილი გაქვთ, რა მოხდება??
_ უკვე წარმოვიდგინე... ეს იქნება ყველაზე საშინელი დღე ტიფლისის ისტორიაში. ამ დღის შესახებ დაწერენ ტერაბაიტობით რომანებს და გადაიღებენ 7D ფილმებს, თუ, რა თქმა უნდა, ქალაქი გადარჩება. მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს... ყოველთვის შეიძლება დადგეს ასეთი კრიზისული მომენტი... თუმცა ჩვენ ის არ გაგვითვალისწინებია... საბედნიეროდ, წითელი ქალაქი მონარქიის მხარესაა... დაე, ჰოლოგრამები და თრიფები გამოვიდნენ კარიბჭედან და შეებრძოლონ კლონების გვარდიას... თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ მეფეს ან იჯდეთ აქ, არავინ დაგაძალებთ არაფერს... ორი ღმერთის მადლი გვფარავდეს ჩვენ და მეფეს...
 
კრიშნას შევხედე – ვიცოდი, რომ ის განუწყვეტლივ იწერდა ყველაფერს და ათავსებდა თავის სამგანზომილებიან ვიზუალურ არქივში. რაღაცით, მზერით თუ მოძრაობებით ეს მდედრი კრიშნა ჩემს გოგოს მაგონებდა, ის რამდენიმე წლის წინ ჩაყლაპა წითელმა უბანმა, თუმცა მე არასოდეს ვადანაშაულებდი ამაში უბანს. ჩემი აზრით ამაში დამნაშავე ის ისტორია იყო, რომელიც სუფევდა მთელ ტიფლისში, სიგიჟისა და აგრესიის ის უწყვეტი მონოტონურობა, რომელიც ყოველდღიურად ეწვეთებოდა ჩვენს გულებს და ეს წვეთები ქვებსაც კი ხვრეტდნენ თავიანთი დაჟინებით, არათუ რბილ ბიოლოგიურ ქსოვილს. “ოქროს ევროპა” მომენტალურად გაქრა ჩემი გეგმებიდან. არ ვიცი GნოსX-ის პოსტ-თრიფული ეფექტები იყო თუ დასასრულის მოახლოებამ ამოიყვანა ცნობიერების ოკეანის ზედაპირზე სრულიად მოულოდნელად ის სენტიმენტები, რომლებსაც გავურბოდი ამდენი წელი: ჩემი ბავშვობის მოგონებები ნეიტრალურ უბანში... ჩემი გოგო, რომელმაც სადღაც აქ, წითელ ქალაქში თავისი ნებით დატოვა თავისი სხეული, და მას შემდეგ გაუცნობიერებლად სულ მის თრიფებს ვეძებდი ყოველ დღესასწაულზე. სულ ვიყავი დარწმუნებული, რომ მისი ცნობიერების ნაწყვეტები შეიწოვეს ამ ჰოლოგრამებმა და სინთეტიკურმა დრაგებმა, ხის შენობებმა და მერიის სამმართველომ. და მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ეს იყო მთავარი ბიძგი, რის გამოც გავხდი აჩრდილების გიდი _ იმისთვის, რომ უფრო ხშირად ვყოფილიყავი აქ. როგორც სვავის ჰოლოგრამა მკვდარი მოგონებების თავზე, როგორც შივას მიმდევარი აგორი, რომლის მისია განგის სანაპიროების სასაფლაოებზე ცხოვრებაა. და ეხლა მივხვდი, რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი არ იყო “ოქროს ევროპა”, ფული, რომელსაც ვაკეთებდი... არ მაინტერესებდა არსებული რეჟიმი დარჩებოდა თუ მონარქია დაბრუნდებოდა, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ სიამოვნებებსაც, რისი მიღებაც შეგეძლო წითელ უბანში, რომელიც ეს-ესაა დაეცემოდა და შეწყვეტდა არსებობას...
 
“და თუ გაქრება ქალაქიც, იმედი მაქვს გადარჩება კრიშნა, რომელიც მომავლის აჩრდილოვან ტურისტებს ამ მკვდარ მიწაზე მოუყვება ამ გრძნობების შესახებ, რომლებითაც ავივსე ამ წამს, იმიტომ რომ ამაზე მნიშვნელოვანი დღეს არაფერი გადაწყდება” – გავიფიქრე ჩემთვის და დავრჩი ჰოლოგრამასთან, როცა ყველამ, ჟორჟის ჩათვლით, დატოვა ბუდუარი და სადღაც შორიდან ისმოდა, როგორ გაიღო კარიბჭე.
 
 
 
ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE