როცა რეზო ლექსებს კითხულობს და თუ ჩემსავით, რამდენჯერმე თქვენც დასწრებიხართ, სადმე, დარბაზში, 28 ა-ში კიარადა, უფრო ახალ მისამართზე, შეიძლება, თქვენც გაგჩენიათ შეგრძნება, რომ ახლა რაღაც აფეთქდება, მისი ძარღვებიც დასკდება და სისხლი წამოვა.
ასე კითხულობს - თავიდან მშვიდად და ბოლოს ისე გაწითლებამდე, რომ მეფიქრება, შეიძლება ახლა დაეცეს. ახლაც, წერისას, წარმოვიდგინე, რომ მისი ლექსი, რომელიმე, ჩემი ფონია და სიტყვებიც, ასე, ამ წყობით თავად დალაგდნენ. მეუბნებიან, სწორედ ასე მოვყვე ამბავი, დაახლოებით, მისი მუსიკით.
მახსენდება დასაწყისები მისი ლექსების. უცნაურია, სხვა პოეტების მახსოვს მხოლოდ შინაარსები, მაგრამ არა ასე ზუსტად. რისი ბრალია? წიგნში ჩახედვის გარეშე რომ ამოტივტივდა „ბობ, ახლა უნდა რამე მირჩიო“... „სადაც ყვავილები მთავრდებიან“... „რას წამორმოვიდგენდი, ძვირფასო პორტრეტო“... „და წვიმს, ვიღაც აირავქნავს ხელებს“... „ადოლფ ეიხმან, ყველაფერი იოლია“... „შეღამებაა, მაშინდელი, წიფლნარია“... „ჩვენი ქალაქი. ჩვენი ქუჩა. ჩვენი საკანი“... „სხივებმა ფოთლების ბოლო ნაპულსარი“...
ალბათ, იმის, რომ თავისთვის დგას, ვერავის ამსგავსებ მწერლებიდან და ამიტომაც გამახსოვრდება. ახლა კი, რეზო, ოცი წლის შემდეგ - „რას წარმოვიდგენდი, ძვირფასო პორტრეტო, თუ ასე ჩემი ხარ და ასე ოც წლამდე“ - რაც მოხდა, რაც ხდება და რაც ხვალ მოხდება, იმ ამბის შესახებ.
...
რეზო გეთიაშვილის ამბავი კახეთში იწყება. თავის სოფელში, ახლაც რომ კვირა ისე არ გავა, არ ჩავიდეს. თავიდანვე იყო წიგნები. უფრო სწორედ, წიგნები რეზოს დის ხელში. ბეევრი წიგნი. უთვალავი წიგნი. და თითქოს სახლშიც ასე დამკვიდრდა, სტანდარტივით და რეზოსთვისაც - უნდა ეკითხა. მაშინ რეზო პატარა ბიჭი იყო, ბევრი კითხვაც ეზარებოდა და გამოსავალი პოეტურ კრებულებში მონახა - მოკლე სტრიქონები იყო, ბევრი გამოტოვებული ადგილი - უცებ შეიძლებოდა წაკითხვა. ასე, სიმარტივის გამო არჩეულმა გზამ მიმიყვანა პოეზიამდეო.
ეს იყო ნამდვილი, ნამდვილი სოფელი - ემოციებით სავსე სამყარო, სადაც ბავშვისთვის ერთბაშად უამრავი რამ ხდებოდა. იყო რეზოს პაპა, რომელიც შვილიშვილებს ზურგჩანთებს მოჰკიდებდა ხოლმე და ვითომ ლაშქრობაში მიჰყავდა, ბარიერების გადალახვას ასწავლიდა - ეს მაშინ იყო გზა გრძელი და ყველა დაბრკოლება ჩანდა უზარმაზარი პატარებისთვის, თორემ მერე, როცა რეზო გაიზარდა, ყველაფერი დაპატარავდა და როგორც ხდება ხოლმე, სინამდვილე გამოჩნდა. მაგრამ მაშინ, ეს დაუვიწყარი თავგადასავლები იყო. ბენინის ფილმის, „ცხოვრება მშვენიერია“-ს სიუჟეტს ჰგავდა. რეზოს მეორე პაპა ნოვოროსიისკის ომის მონაწილე იყო და სადაც წავიდოდა, რეზოც თან დაჰყავდა. მაშინ მოიარა „ომის ქალაქები“.
მამის „ნოუ ჰაუ“ ბუნებასთან კონტაქტი იყო - გარემოსთან ზიარება. მას დაჰყავდა რეზო ტყეში, მინდორში, ტბებსა თუ ჭალებში. ამანაც განსაზღვრა ჩემი მომავალიო, ამბობს რეზო, რომელიც დღესაც, თავისი საქმით, გარემოს დაცვის სამსახურში დგას.
დედა ფანტაზიების საბადო იყო - გამოგონილი ზღაპრების ავტორი, რომლის მთავარი პერსონაჟი თავად რეზო იყო, ოღონდ ეს არ ყოფილა ძილის წინ მოყოლილი ზღაპრები. არამედ, ჭამისას. „უჭმელი“ რეზოს ყურადღების მისაპყრობად რას არ იგონებდა დედა. და ასე კვებავდა მას, ამ ზღაპრებით.
ოჯახში მასწავლებლის კულტი იყო - დედაც და ბებიაც და რეზოს დაც - ყველას მასწავლებლის პროფესია ჰქონდა. მერე ისე მოხდა, რომ რეზოს მეუღლე და მათი მართას დედა, პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილიც მასწავლებელი გახდა.
კიდევ იყო ვენახი და მეურნეობა. რეზოს მამა მეღვინეა და ამ საქმეს დღეს რეზოც განაგრძობს, მისგან გადმოცემული ცოდნით. ვენახი - საკუთარ თავთან განმარტოებასთან იყო კავშირში. განმარტოება კი ყველა მწერალს წყალივით სჭირდება იმისთვის, რომ, რეზოს სიტყვებით რომ ვთქვა, „გადაიტვირთოს“.
კიდევ ბავშვობაში იყო სასაფლაო. და მის გარშემო არსებული იდუმალი სამყარო. სამი წლის იყო რეზო, როცა მამას ახალგაზრდა და დაეღუპა - გლოვა, მათ ოჯახში, წლების განმავლობაში გაგრძელდა და მიცვალებულთან დაკავშირებულმა რიტუალებმა მის ცხოვრებაში დიდი ადგილი დაიკავა - მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი იყო და ყველა დეტალს განსაკუთრებული სიმძაფრით იმახსოვრებდა. კითხვები ჩნდებოდა და გროვდებოდა.
კიდევ, იქ, სოფელში ყოფნისას, სეზონები იყო ძალიან მძაფრი.
როდესაც თოვდა, არ ეძინა, ყოველ ხუთ წუთში წამოხტებდა ხოლმე და გარეთ გადიოდა, რომ ენახა, თოვლმა ხომ არ გადაიღოო, ან ხომ არ შენელდაო, უნდოდა ბევრი მოეთოვა.
გაზაფხულზე, ყვავილებზე, სატაცურზე და ტყის მარწყვზე სიარული უყვარდა. კიდევ წიწილების გამოჩეკვა - რასაც მისი ბავშვური აღტაცება და სიხარული უკავშირდებოდა. ხანდახან ემოცია იმდენად ძლიერი იყო, რომ დაძინება უჭირდა.
ეს მდიდარი სამყარო თავისთავად კიდევ შედგებოდა ბევრი პატარ-პატარა სამყაროსგან. ისიც იყო, რომ მშობლებს მეტი დრო ჰქონდათ შვილებისთვის. კიდევ, უბანი იყო. სახლი, გაკვეთილები და მერე მაშინვე სადღაც გარბოდა, სათამაშოდ. და ფეხბურთი - რეზოს აბსოლუტური ბედნიერება. ფეხბურთის სიყვარული დიდხანს გაჰყვა.
და ამ თოვლში და სატაცურებს და ფეხბურთს და ლაშქრობებს შორის უკვე გაჩნდა პირველი ლექსებიც. სულ სულ პირველი ლექსი, დათუნიაზე, ხუთი წლისამ დაწერა და დღემდე ახსოვს. ალბათ, დედამ თუ ჩაიწერაო, ამბობს.
ასეთი იყო:
„დათუნიას რომ მოშივდა,
სული ითქვა ასე,
ისეთი სკა გამოძებნა,
თაფლით იყო სავსე,
ახადა სკას სახურავი,
ამოუსვა თათი,
აი, მართლა ეს ყოფილა
ღორმუცელა დათვი“.
მერე წერდა სეზონულ ლექსებს ახალ წელზე, რვა მარტზე, მკვდრებზე. მსმენელებიც ჰყავდა, გულშემატკივრობდნენ.
ერთი საბედისწერო ამბავიც მოხდა, როცა რეზო 9 წლისა იყო. ავტოავარია, რომელშიც სასწაულით გადარჩა. თუმცა მას მერე ბევრი რამ აეკრძალა - ველოსიპედიც კი აღარ უყიდეს - ვაითუ, რამე დაუშავდესო. არ გადმოვარდესო. ნელ-ნელა, ასაკის მატებასთან ერთად, პროტესტებმაც იმატა. რაც უფრო მეტად უფრთხილდებოდნენ, მით უფრო მეტად ცდილობდა მეამბოხის როლში შესვლას. 13 წლის მერე ოჯახში არსებული გლოვის ტრადიციის მიმართაც გაუჩნდა პროტესტი და რაღაცების შეცვლა მოუნდა.
ეს იყო 80-იანი წლების დასასრული. ხალხი, სოციალურად, ჯერ კიდევ კარგად გრძნობდა თავს, ბავშვობა ტკბილი იყო, ჯერ საყოველთაო ვნებათაღელვაც არ დაწყებულიყო, არც ომი იყო. თუმცა ნელ-ნელა რაღაც იცვლებოდა. და ეს იგრძნობოდა.
„კარგად მახსოვს, არადა, ჯერ კიდევ პატარები ვიყავით, ჩემმა ქართულის მასწავლებელმა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოები აგვიხსნა და მერე გვკითხა, როგორ ფიქრობთო, ასრულდა თუ არა ილიას იდეებიო. ჩვენ ერთხმად ვუპასუხეთ, რომ ასრულდა, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ილია წერდა და ისიც არასდროს დამავიწყდება, ჩვენი მასწავლებელი, როგორ აქნევდა თავს უარის ნიშნად - არაო, ასე არ მომხდარაო. ჩვენ კი გვიკვირდა. და ასე, ნელ-ნელა მოვიდა ეს ფიქრიც, რომ იმ კომფორტში რაღაც იყო მოშლილი და მერე კი ვიცით, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი“.
მერე იყო სტუდენტობა და თბილისი. დედაქალაქში 1992 წელს ჩამოვიდა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა და პრინციპში, მაშინვე მოხვდა ისეთ საზოგადოებაში, ვისთანაც მეგობრობა დღემდე გრძელდება. ამდენი წლის მერეც ეს წრე დიდად აღარ შეცვლილა.
...
ამ დროს უკვე გარკვეული იყო, რომ ბავშვობაში საყვარელი საგნებისათვის, ქიმიისთვის და მათემატიკისთვის, თავი უნდა მიენებებინა და ხელი წერისთვის მოეკიდა. ამიტომაც, ყველაზე მეტად მაინც ჟურნალისტიკასთან დააკავშირა თავისი მომავალი რეზომ. და ასე მოხვდა პოეზიაში, ომსა და ჟურნალისტიკაში. თბილისის ომი უკვე დასრულებული იყო, მაგრამ აფხაზეთში კონფლიქტი სწორედ რეზოს და მისი მეგობრების სტუდენტობას დაემთხვა. მეორეკურსელები ფრონტის ხაზზე რეპორტაჟების გასაკეთებლად დადიოდნენ.
„მივლინებაში მივდიოდით „ახალგაზრდა ივერიელიდან“, ალბათ, 17-18 წლისები ვიყავით, მეტის არა. იყო უფასო თვითმფრინავები და დავფრინავდით სოხუმში. ნანა აკობიძე, ალეკო ცქიტიშვილი, მე, სხვებიც. მაგრამ არ გვეშინოდა. თითქოს არავის ეშინოდა მაშინ. და ის სტატიებიც იმით იყო გაჟღენთილი, რომ ვიცოდით, ამ ომს წავაგებდით. მახსოვს პატარა ბავშვები, ავტომატებით რომ დარბოდნენ. მერე ჩვენც აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან დიდი სიყალბე იყო იმაში, რაც ინერციით მოდიოდა 80-იანი წლებიდან. და ამით გაჟღენთილი იყო უნივერსიტეტიც. ლიტერატურული გამოცემებიც... ამიტომ ვცდილობდით პროტესტი გამოგვეხატა“.
მაშინ გაჩნდა „ბებერი პოეტების ორდენიც“. უნივერსიტეტში ეუბნებოდნენ, რომ სამშობლოს სიყვარულზე უნდა ეწერათ. იყო კიდევ წარსულისკენ მიმავალი ლიტერატურული წრეები, მგზნებარე ლექსები სადაც იწერებოდა. „ბებერი პოეტები“ და მათი თანამოაზრეები კი საპირისპირო გზით სიარულს ცდილობდნენ. პათეტიზმის საწინააღმდეგოდ, რაც რეზოს აზრით, ქართველმა ავტორებმა ნაწილობრივ დაამარცხეს, თუმცა მკითხველმა ვერა.
„ჩვენი „ბებერი პოეტების ორდენი“ იმდროინდელ მოზაიკაში ერთი კარგი ადგილი იყო, ასე მგონია. მე, ალეკო ცქიტიშვილი, ნანა აკობიძე და კახა ჭაბაშვილი. იმ ასაკში ვიყავით, როცა ძალიან ბევრი ემოცია გვიტევდა. ყველაფერს ვწერდით. თან, ფსევდონიმებით. მე ვიყავი ჩარლზ ჩენდლერი, მისტერ სატერზვეიტი იყო ალეკო, ნანას არ ჰქონდა ფსევდონიმი და კახა იყო ადოლფ ეიხმანი. ესეც ტრიუკი იყო, რაღაც იაფი ბესტსელერებიდან აღებული პერსონაჟების სახელები, რომლებიც უცებ პოეზიაში შემოვიყვანეთ. თან მაშინ რაც ხდებოდა ჩვენში, ძალიან კარგი მასალა იყო საწერად, სავსეები ვიყავით“.
და რეზოს რომ ჰკითხო, ყველაზე მნიშვნელოვანი ლექსებიც მაშინ დაწერა. დღეს, რაც დროს გადის, ის ემოციაც დაიკარგა და წერის ინტენსიურობაც. ერთი გზაა, რომ არ ჩამორჩე - მეტი არაფერი აკეთო და ალბათ, თუ ხელოვნებაში ვინმემ ძალიან დიდი კვალი დატოვა, მათ, ვინც ბოლომდე ემსახურა ამ საქმეს - ამბობს რეზო.
ის, რასაც ამ ბოლო დროს წერს, უფრო დიდი ხნის დაგროვილი თუ დაგუბებული ემოციების რეზიუმეა, ერთგვარი შეჯამება, და არა ის, რაც უცებ იგრძენი, როგორც ეს ადრე იყო, ვერსად რომ ვერ ჩატევდი და მოითმენდი:
„დღეს კი ფიქრობ და ფიქრობ და სამი თვის მერე შეიძლება რაღაც დაწერო. მე მგონია, და ყველაზე ცუდიც ეს არის, რომ ეს პროცესი არ მიდის პროგრესისკენ. თითქოს ჩემი პოეზიის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს ვშორდები. არ ვიცი, იმ დროს შეიძლება თუ არა კიდევ დავუბრუნდე. დღესაც რომ მკითხო, მე ის ძველი, ჩენდლერის არქივის ლექსები უფრო მომწონს... ახლა ვცდილობ, რაღაც მთავარ კითხვებზე მეტაფორული პასუხები ვიპოვო. და მაშინ, სტერეოტიპების რღვევას ვცდილობდით, გვინდოდა რაღაცისთვის ქვები გვესროლა და ჩვენი ლექსები იყო ეს ქვები“.
ჟურნალისტიკაც მისი სამყარო იყო. ზოგიერთი ავტორისგან განსხვავებით, ვინც წარსულში, რეზოს მსგავსად, ისევ და ისევ წერის სიყვარულის გამო ეს პროფესია აირჩია და მერე მიხვდა, რომ არაფერი კავშირი მასთან არ ჰქონდა, რეზოს ეს საქმე მოსწონდა. მაშინ, როდესაც არავის უყვარს, როცა კითხვებს უსვამენ, აღმოაჩინა, რომ არსებობდა პროფესია, სადაც ამ კითხვებს შენ სვამდი. ხოლო ვისთანაც მიხვიდოდი, ის ვალდებულიც კი იყო შენთვის ეპასუხა. მერე კი ამ პასუხებში სიმართლე უნდა გეპოვა. შენ კი, ჟურნალისტს, ისეთი კითხვები უნდა დაგესვა, რომელზე პასუხიც არ იქნებოდა მარტივი.
„ეს საინტერესო იყო ჩემთვის. იმიტომ, რომ არიან ადამიანები, ვისაც სიმართლის ნასახი არა აქვთ და ქვეყანას მართავენ და პირიქითაც, არის ხალხი, ვინც სულ მართალია, მაგრამ ხმა არსად მიუწვდება. მე შემეძლო მათზე მეწერა“.
და ამ ყველაფრის პარალელურად იწერებოდა მისი ლექსებიც. ოღონდ რეზო გეთიაშვილის პოეზია ნაკლებდა ეხებოდა სოციალურ საკითხებს, უფრო კითხვებს სვამდა. თუმცა ეს კითხვები ვერ იქცეოდა დევიზებად - „ვერც ერთი რევოლუცია ვერ გამოაცხადებდა, რომ „სიყვარული და და მხოლოდ სიყვარული“. ის იტყოდა: „ ძმობა ერთობა თანასწორობას“ ან რაღაც მსგავსს...“
ის წიგნებიც მაშინ გაჩნდნენ, რომლებმაც რეზოს ცხოვრება და ლექსებიც მეტაფორული გახადა. ჩაპლინის „ჩემი თავგადასავალი“, ჰაინრიჰ ბიოლის „კლოუნის თვალთახედვა“ თუ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“...მაშინ ეს მისთვის სიახლე იყო. დღესაც ლიტერატურაში ყველაზე მეტად სიახლე უყვარს და სიახლეს ეძებს. აკვირდება, რა იწერება თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში და დასკვნაც აქედან მოდის, რომ რეზოს აზრით, თითქოს ჩაიარა დიდი ძვრებისა და გადაფასებების პერიოდმა, და უკვე სკოლებიც ჩამოყალიბდა თანამედროვე ლიტერატურაში.
„მე მგონია, რომ დღეს უკვე იწერება ის, რის უკანაც რაღაც სკოლა დგას. ვითარდება, არ მეორდება. მე ასე ვხედავ. მერე შეიძლება ისევ მოვიდეს თაობა, ვინც კვლავ დაანგრევს და რაღაც ახალს დაიწყებს. ახლა, თითქოს შეთანხმებაა ავტორებს შორის, რომ ეს ყველაფერი სწორია. მე მომწონს ეს მრავალფეროვნება - ახალი ავტორები მოდიან, მაგრამ არც ძველები ჩერდებიან“.
თვითონ რეზო დღეს უფრო ცოტას წერს. ახალი კრებულისთვის ლექსები დაგროვდა, თუმცა, ვნახოთო, ამბობს. ბოლოს მისი პროზაული კრებული გამოვიდა, სულ ახლახან, „terra incignita” ჰქვია. და მისი უახლოესი გეგმებიც ისევ პროზას უკავშირდება.
სხვათაშორის, თავისი ყველაზე ავანტიურისტული თავგადასავლები სწორედ ამ წიგნში აღწერა. ისიც, როგორ ვერ წავიდა მწვანე ბარათის მფლობელი რეზო ამერიკაში და ისიც, როგორ მოხვდა კანადაში მიმავალი - ინდოეთში - მთელი რვა თვით. დეტალები - ახლა უკვე ღიმილს რომ იწვევს, ამ წიგნში აქვს მოთხრობილი, ამიტომ აქ აღარ ჩამოვყვები. წიგნი სულ ახალი გამოსულია და ჯობს, იქ გაიგოთ ეს ამბები.
ის „გადატვირთვა“, ზემოთ რომ ვახსენეთ, აუცილებელი პირობაა, რომ ისევ აივსოს და მეტი წეროს. იქნებ, ორი-სამი დღეც იყოს ამისთვის საკმარისი, თავის თავთან, თავის ვენახში, თავის ბუნებაში მარტო დარჩენა. ყველა ასე არ ვართ? სხვანაირად - დილის ცხრიდან საღამოს ექვსამდე აკეთო ერთი საქმე, მერე დაბრუნდე და უცებ გადაეწყო ლექსების საწერად - ასეთი რამ რეზოსთვის წარმოუდგენელია. კითხვა ანაცვლებს ამ პროცესს ნაწილობრივ, მაგრამ კითხვა მაინც კითხვაა. შენსას ვერ ქმნი, სხვისი დაწერილით ივსები.
„ჩემი გონება უკვე გადაეწყო იმაზე, რასაც ითხოვს ჩემი სოციალური, საზოგადოებრივი და პირადი პასუხისმგებლობები. რაც დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს აღარ არის სევდიანი. ამ ეტაპზე, მგონია კიდეც, რომ ასე ჯობს და სწორედ ამას უნდა ვუთმობდე მეტ დროს. ამ ჩემს პასუხისმგებლობებშიც არის რაღაც სიმართლე, რასაც დღეს ვაკეთებ სამსახურში - თუნდაც, ტყეები, ეკომიგრაცია. ერთ-ერთი ბოლო საქმე, რაც ყველაზე მნიშველოვანი გახდა ჩემთვის, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიაა, რომლის გამოც მუდმივი კომუნიკაცია მაქვს 500-მდე სკოლასთან. ეს ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს. იმიტომ, რომ ვხედავ, ამ ბავშვებს რისი გაკეთება შეუძლიათ“.
როგორია ორი პოეტის ერთად ცხოვრება? ალბათ, თქვენც ჰკითხავდით. მაგრამ პასუხი უფრო ჩვეულებრივია, ვიდრე შეიძლება მკითხველს წარმოუდგენია - ნამდვილ ცხოვრებაში, იქ სადაც ლელა და რეზო და მართა ერთად ცხოვრობენ, პოეზია არ არის დიდი დოზით. და მართა ამ მხრივ, კარგი ინდიკატორი აღმოჩნდაო, რეზომ მითხრა, რადგან თავს არავინ ახვევს პოეზიას და მასაც დღეს ფიზიკა და ხატვა მეტად აინტერესებს. თუმცა მე მაინც მგონია, რომ დიდი აღმოჩენები მართასთვის წინაა - სხვანაირად არ გამოვა, როცა ასეთი პოეტების შვილად დაიბადე.
და მერე რა, რომ პოეზია არ არის ძველი დოზით. სამაგიეროდ, არის შეგრძნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს რეზო ისევ დაუბრუნდება ამ საქმეს, წერას. და როცა 20 წლის მერეც იყურება, იქ, იმ მომავალში, ისევ სოფელი ჩანს, და სახლი, სადაც ბრუნდება.