Untergang: მოგზაურობა ევროპაში


Untergang: მოგზაურობა ევროპაში




(ფრაგმენტები რომანიდან)

ჰიპოპოტამი ბეგი შლამით და ტალახით დაფარულ გმირთა მოედანზე ბარბაცით დააბოტებდა. ყურის ძირას ტრანკვილიზატორიანი კაფსულა ჰქონდა შერჭობილი, საიდანაც ძილისმომგვრელი სითხე უჟონავდა სისხლში. კაფსულას ხასხასა წითელი ფოჩები ება და მოგაგონებდათ ყვავილს - ყურთან გარჭობილ კასტილიურ ვარდს; და პატარა ჰიპოპოტამი ბეგი კარმენივით დაიარებოდა, კარმენივით - ჰაბანერას რომ მღერის ვნებიანი კლაკვნით: L’amour est un oiseau rebelle...

უკან ზოოპარკის თანამშრომლები და მაშველები მიჰყვებოდნენ - ვოლიერში უნდა შეებრუნებინათ: კარმენი, გუნდის თანხლებით - Prends garde à toi! Prends garde à toi!

ნაწვიმარ-ნათქეშარი თბილისი ტალახიანი ძილბურანიდან გამოდიოდა. წყალდიდობამ ადამიანები და ცხოველები დახოცა, თუმცა ცხოველების ნაწილი თავად ადამიანებმა დახოცეს, რომ ადამიანები არ დახოცილიყვნენ.

ხუთ საათს შეუწყვეტლივ წვიმდა. ბეთანიასთან მომწყდარმა მეწყერმა პატარა მდინარე ვერე ააფეთქა და აბობოქრებულ ნაკადად გადმოღვარა ქალაქისკენ. მდინარემაც თავისი თქვა - წაიღო, წალეკა, შთანთქა, დაახრჩო: ლომები - თეთრი და შავი, მგლები, აფთრები, ლეოპარდები, დიასახლისები, მაჩვები, მაშველები, თახვები, მოხუცები, სირაქლემები, ახალგაზრდები, დათვები, ფარშევანგები, მელიები, ზოოპარკის თანამშრომლები, ანტილოპები, მძღოლები და მათი მანქანები, ლამები, მომავალი დედები, ჟირაფი, შეყვარებული გოგო-ბიჭები... The young in one-another’s arms! თითქოს ნოეს კიდობანი არარატიდან უკან გაბრუნდა - ზღვაში - და შიგადი იქ ამოანთხია... სასაფლაოც კი წალეკა, თავისი საფლავებიანად...

ადიდებულ მდინარეს ქალი მიჰქონდა; ქალი გაჰკიოდა, შველას ითხოვდა... ღამის წყვდიადი იდგა ყველგან, ფარავდა ყველაფერს. მხოლოდ ხმა, ხმაური, ხმები... მხოლოდ მკივანი ქალის სოპრანო და ადიდებული მდინარის - მდორეში გარდამავალი მღვრიე წყლის ვეება მასის დაბალი დვრინვა და შიშინი, წამლეკავი cantus firmus…

მდინარე ვერემ თავისი თქვა. მდინარე ვერემ მღვრიე, შლამიანი ჭეშმარიტება გადმოაფრქვია - In Vere Veritas!

ზოოპარკიდან გამოდევნილი ცხოველები ქალაქსა და მის მოქალაქეებს შეერივნენ. კარგა ხნის განმავლობაში აქა-იქ ამოყოფდნენ ხოლმე თავს - ხან პუმა, ხან ლეოპარდი, ხან პელიკანი, ხანაც პინგვინი, ხანაც ლემურები... ლამისაა ჩვეულებრივ იქაურ ბინადრებად იქცნენ - ქალაქის ცისმარე ყოფას ჩაყოლილები: „ჩემი ცოლის დაქალებისა“ და „ნიჭიერის“  მაყურებელ, მოქეიფე, მოჩხუბარ, მოკაიფე, მოსიყვარულე, მოხეტიალე, მოჟამულ, მოხარულ, მო... მოქალაქეებად.

ერთმა ბოგანო და ლოთმა სუფია კაცმა, რომელსაც ტარიკა ერქვა - ტარიკ სუფია - მძინარე ვეფხვთან წამოწოლა და ძილი განიზრახა, ისეთი გალეწილი მთვრალი იყო, რომ საფრთხე არც უგრძნია...   გამოღვიძებულმა ცხოველმა, ხუთი დღის უჭმელმა, დაახრჩო და დაგლიჯა მძინარე ლოთი. ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის მიტოვებულ საწყობში მოხდა ეს ამბავი, რომელსაც  იქვე მცხოვრები, ჰემინგუეივით ჭაღარაწვერიანი კაცი შეესწრო - მოკლე-მოკლე ფრაზებით მოუბარი და მოკლე შარვალში - შორტებში მოარული. იქვე ერთი კენიელი სტუდენტიც აღმოჩნდა, რომელიც ამ ქალაქის სამედიცინო ინსტიტუტში სასწავლებლად იყო ჩამოსული, სხვა კენიელ ახალგაზრდებთან ერთად. კენიელ ბაბუას იხსენებდა ეს სტუდენტი - დიდ კატისებრთა მომნუსხავ შამანს! მერე ბაბუასებრად ერთი ცეკვაც წაიცეკვა, მტაცებელთ-მომნუსხავი...

ოდითგანვე კულტურათა და რელიგიათა გზაჯვარედინზე მდებარე ქალაქი ზოოლოგიურ და ანთროპოლოგიურ სახეობათა დიალოგის ალაგად იქცა. ჰო, მდინარემ თავისი თქვა, ჰო - In Vere Veritas!

მოკლედ, იმ ღამით ქალაქის დაბერებულ ტვინს გაჟონვა მოუვიდა და მერე, უნებლიე ურინაციით, ძლიერადაც  ჩაიფსა…

 

*

ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად ზეროტუსტრა, შემოკლებით კი - ზერო. თბილისის ზოოპარკის წალეკვამდე რამდენიმე ხნით ადრე ეს ზერო პრუსიაში იმყოფებოდა, ერთი ცნობილი ფონდის მიწვევით - კონფერენციაზე, რომელიც ევროპის მომავლის დალანდვას ეძღვნებოდა. ხოლო მანამდე, იმავე, თუმცა ყოფილი, პრუსიის დედაქალაქ კიონიგსბერგში - ამჟამად რუსულ ქალაქ კალინინგრადში. ერთმა იქაურმა ბომჟმა იმანუელ კანტის სახლის კედელზე წააწერა დიდი ასოებით: „კანტი ყლეა!“ დიდი ფილოსოფოსის პატარა, მიტოვებულ სახლში ხშირად იკრიბებოდნენ კალინინგრადელი ბომჟები და ზოგად საკითხებზე ბჭობდნენ, ანუ - თავისებური სიმპოზიუმი ჰქონდათ ხოლმე, უდრტვინველი სმითა და მასლაათით. ჰო და, ერთ-ერთი დისკუსიის შედეგად, გაჩნდა ეს წარწერაც, როგორც ბომჟური სიმპოზიუმის მონაწილეთა ერთობლივი დეკლარაცია. ამის შემდეგ ნათელი გახდა, რომ განმანათლებლობის სამასწლიანი პროექტი დასრულდა - დასრულდა „კანტის ყლეობით“... ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დეკლარაციაში შინაგანი წინააღმდეგობა იყო ჩადებული. ახლავე მოგახსენებთ, რას ვგულისხმობ: „კანტ“ (cunt) ინგლისურად ვაგინას ნიშნავს, ოღონდ უფრო ვულგარული თქმით. შესაბამისად, გამოდიოდა რომ ქალის სასქესო ორგანო, ვულგარული თქმით, კაცის სასქესო ორგანო იყო, ასეთივე ვულგარული თქმით, როგორც ზემოთ ითქვა... თუმცა, რა იცი, ეგებ აქაც ის კენინგსბერგელი ბომჟი ანტინომიას გულისხმობდა, უმალ კანტიანურს - წინააღმდეგობრივთა ერთობას?

სხვათა შორის, იმ ხანად, რუსეთი უკრაინაში კვლავაც „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებდა და მთელ ევროპას დაადო და გაუდო ერთი დიდი სასქესო ორგანო, როგორც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა - თავზე, ხოლო შიგნით - მორალური კანონი...

ხოლო ახლო-აღმოსავლეთში მთელს დასავლეთს მართლაც რომ სირივით ჰქონდა გადებული მთელი ქვეყანა - სირიის რესპუბლიკა, სადაც გადარეული ჯიჰადისტები კლავდნენ, წვავდნენ და აფეთქებდნენ ყველაფერს, რაც იძვროდა ან საუკუნეების განმავლობაში არ იძვროდა და იდგა, როგორც დიადი კულტურის ძეგლი.

აი, ასეთ ფონზე ტარდებოდა კონფერენცია, რომელზეც ზერო იყო მიწვეული იმ ცნობილი ფონდის მიერ. აღსანიშნავია ისიც, რომ ფონდის ადმინისტრაციის სახელით მასთან მიმოწერას ორი ქალბატონი აწარმოებდა, რომელთაგან ერთს მიქაელა ერქვა, ხოლო მეორეს - გაბრიელა; მიქელ-გაბრიელი მიხმობსო, თავისთვის გაიხუმრა ზეროტუსტრამ.

კონფერენციის ჩატარების ალაგი ბერლინიდან საათნახევრის სავალზე მდებარე, გრაფ ჰარდენბერგების სასახლე გახლდათ - შლოს ნოი-ჰარდენბერგი: ერთი მხრივ პრუსიული სისადავითა და სიმკაცრით, ხოლო მეორე მხრივ - ულამაზესი პარკით დამშვენებული ალაგი.

ჰარდენბერგები დიდი პრუსიული გვარი იყო; ნაპოლეონზე გამარჯვების შემდეგ, კარლ-აუგუსტ ფონ ჰარდენბერგი პრუსიულ პოლიტიკას წარმართავდა ათწლეულების განმავლობაში - „ზრდილობა, სიქველე და კარგი ჰუმორი“ გახლდათ მისი ცხოვრებისეული მრწამსის საფუძველი. ჰარდენბერგების გვარისა იყო გერმანული რომანტიზმის ჭეშმარიტი ვარდი - ნოვალისი. განწირული სულისკვეთებისა იყო ბოლო გრაფ ჰარდენბერგის - კარლ-ჰანსის ბედი: 1944 წელს, აქ მის საუფლოში იკრიბებოდნენ ადოლფ ჰიტლერზე თავდასხმის ორგანიზატორები და გრაფიც აქტიურად იყო ჩართული შეთქმულებაში. მაგრამ, როგორც ცნობილია, შეთქმულება ჩაიშალა, მეთაურები დახოცეს, ხოლო კარლ-ჰანსმა საკონცენტრაციო ბანაკში ამოყო თავი. შემდეგ კომუნისტები მოვიდნენ, საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოიყვანეს, მაგრამ ქონება ჩამოართვეს და ბოლო გრაფმა ჰარდენბერგმა ცხოვრების დარჩენილი წლები გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის რიგით მოქალაქედ გაატარა. 

ეს ულამაზესი პარკიც ჰარდენბერგების სიძემ - თავადმა ფონ პიუკლერ-მუსკაუმ გააშენა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის უცნობილესი, როგორც დღეს იტყვიან,  „ლანდშაფტის დიზაინერი“ გახლდათ. ასე ეწერა ტურისტებისთვის განკუთვნილ საინფორმაციო დაფაზე...

პიუკლერ-მუსკაუ...  ნამგზავრი და ძილნაკლული ზერო  მაღალი ფოთლოვანი ხეების შრიალსა და კოხტად გაწყობილ ბილიკებს მიუყვებოდა და პარკის გამშენებლის უჩვეულო  გვარს იმეორებდა. მერე ხელოვნურ ტბორს მიუახლოვდა, რომლის ნაპირზეც კლასიცისტური სკულპტურული კომპოზიცია-მონუმენტი აღემართათ. მონუმენტის კვარცხლბეკზე ამოტვიფრული წარწერა კი იტყოდა:

“FRIEDRICH DEM GROSSEN

DER GEN. VON PRITTWITZ

IM IAHRE 1792”

ფრიდრიხ დიდი გენერალ პრიტვიცს! პრიტვიც... პრიტვიც... რა ნაცნობი გვარია, საიდან ახსოვს? „პრიტვიც, მაგდებურგის ციხეში!“ აჰა, გაახსენდა - კადრები ბავშვობაში მრავალჯერ ნანახი მხატვრული ფილმისა, დავით გურამიშვილზე რომ იყო, ძველი - სტალინისდროინდელი ფილმი...  ფრიდრიხ დიდი მიმართავს თავის ადიუტანტს - პრიტვიცს... რუსეთ-პრუსიის ომის დროს, სხვა კაზაკებთან ერთად, დავით გურამიშვილი ტყვედ ჩაუვარდა პრუსიელებს, თუმცა მანამდე ისეთი შეტევა მიუტანიათ უშუალოდ ფრიდრიხ დიდის შტაბზე, რომ კინაღამ აქეთ ჩაიგდეს ტყვედ დიდი  იმპერატორი. სწორედ ადიუტანტმა პრიტვიცმა გადაარჩინა პრუსთ-ხელმწიფე.  ზეროს გაეღიმა: ფილმის იმ ეპიზოდში ფრიდრიხ დიდი კიდევ ამასაც განაცხადებს: „მსმენია თქვენი მეფე ერეკლეს შესახებ, დიდი სტრატეგი და მეომარია. აღმოსავლეთში ის, დასავლეთში მე!“ სად ერეკლე, სად ფრიდრიხ დიდი, მაგრამ ასეთი იყო სტალინურ-ქართული ნაციონალიზმი...

ზერომ მოგვიანებით გაარკვია, რომ ჰარდენბერგების მამული თავდაპირველად სწორედ იმ პრიტვიცს ეკუთვნოდა - ფრიდრიხ დიდმა უწყალობა თავის მხსნელს, მადლიერების ნიშნად.

„ქართული კვალი შლოს ნოი-ჰარდენბერგში...“- გაიფიქრა ზერომ. დავით გურამიშვილი -  სამშობლოდან გადახვეწილი, გადაკარგული პოეტი, როგორც დანტე, ჯოისი და მისთანანი... ლექსში „ზუბოვკა“ იგი ლამაზ უკრაინელ ქალს იესო ქრისტედ - მაცხოვრად წარმოაჩენს, ისეთივე იჩხიბი მანერით, რომელიც რომ ინგლისელ მეტაფიზიკოს პოეტებს სჩვეოდათ; ესეც კიდევ ერთი დასტური ქართველთა ევროპულობისა... ჰო, ეს უნდა ახსენოს თავის გამოსვლაში...

მეორე დღეს კონფერენციამაც კარგად ჩაიარა და ზეროს გამოსვლამაც არა მხოლოდ ქართველთა ევროპულობა, არამედ ევროპელთა დაკარგული ევროპულობაც  წამოსწია და მიმოიხილა. მერე სადილი - საგანგებოდ მოწვეული ექს-პრეზიდენტის სეფე-სიტყვით, მერე ვახშამი და საუბრები, მერე ისევ საუბრები და ვისკი ზეროს ნომერში და ბოლოს - კარგა ზარხოშ მდგომარეობაში შებობღდა დასაძინებლად.

იწვა და ისევ იმ პიუკლერ-მუსკაუს გაშენებულ პარკზე ფიქრობდა: პარკი ხომ მოშინაურებული ტყეა; დიახ, ცხოველის მოშინაურების შემდეგ რამდენიმე ათასწლეული დასჭირდა ადამიანს, რომ მოეშინაურებინა ტყე და პარკები გაეშენებინა... და ა.შ. მერე წაიღიღინა: we all live in a yellow submarine, yellow submarine, yellow submarine, და ამ ყვითელი სუბმარინით ძილის სიღრმეში იწყო დაშვება...

სიზმრადაც ისევ ის პარკი ნახა, ფრიდრიხ დიდის ის ობელისკიც, ისევ დავით გურამიშვილი და ისევ ზუბოვკა. მზე ჩადიოდა, რიხარდ შტრაუსის ერთ-ერთი ბოლო სიმღერის (“Im Abendrot”) ფინალური აკორდებივით მეწამულ ტონებში შესუდრული. ზერო იდგა და ისეთი წინაგრძნობა ჰქონდა, რომ ახლა ვიღაც გამოჩნდება, წამოვა მისკენ - ქალი, მაცხოვარი, პოეტი, ან სულაც იმპერატორი...

უცებ, ვერხვის ხის უკანიდან თეთრი ბოცვერი გამოძვრა, რომელსაც გრძელი შავი წვერი ჰქონდა. ბოცვერს ჟილეტი ეცვა, ხოლო ჟილეტის ჯიბიდან საათის ძეწკვი გადმოჰკიდებოდა. შავწვეროსანმა თეთრმა ბოცვერმა საათი ამოიღო, დახედა და შესძახა: „ინშალლაჰ!“ და მერე ისკუპა და იქვე, სოროში გაუჩინარდა...

 

*

მოშივდა. ტერმინალის სწრაფი კვების ბლოკისაკენ გაემართა ნელი ნაბიჯით... იქ ერთი რამ სასადილო იყო, თურქული კერძებით მოვაჭრე. მაგიდების უმრავლესობა ცარიელი იყო. ზერომ რაღაცა აჩმას მაგვარი (ან ეგებ, ნაღდი აჩმაც ეგ იყო - ორიგინალი) აიღო, ბოთლი წყალიც, და მაგიდას მიუჯდა.

შუა ჭამაში იყო, როცა ვიღაცის მზერა იგრძნო და იქით გაიხედა. გვერდით მაგიდასთან მოხუცი იჯდა: დიდი ჭაღარა წვერი ჰქონდა, გრძელი ჭაღარა თმა - მხრებამდე, თავზე სპორტული კეპი ეხურა. მოხუცი ზეროს მისჩერებოდა. მერე წამოდგა, და მის მაგიდას მიუჯდა. ზერომ ახლა შეამჩნია - მოხუცი ხელებით ჩანთას იხუტებდა, რომელიც ხელნაწერი ქაღალდებით იყო სავსე...

ზერო მიესალმა - ჯერ ინგლისურად, უნებლიეთ, მერე - თურქულად. მოხუცმა გაუღიმა და დაიწყო:

- ფრანციცის თემის ბოლოდამ  წამოვედით, რომელსა ჰქვიან ტანტიბ ქალაქი. ათი მილი ვლეთ. დაილია ფრანცა. ნისი ერქვა, იტალიის ალაგია, საბიას ბატონის ქალაქია... მერე მოვედით მონაკო ქალაქსა. ზღვაში ერთი კლდე შესულიყო, თბილისის მეტეხივითა...

ზერომ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მოხუცმა არ აცალა და ლაპარაკი განაგრძო:

- კაფუჩინების მონასტერში წაგვიყვანეს. წმინდა ფილიქსი, ახალი წმინდა, იქ ასაფლავია. და იქიდამ იეზოვიტების მონასტერში მოვედით. წმიდა ეგნატი, მათი თავი, იქ ასაფლავია...

ვინაა ეს სულხან-საბა ორბელიანი, იგნაციუს ლოიოლაზე რომ მელაპარაკება? ამ ვისკიში რამე ელესდეს ნაირი ურევია? ფიქრობდა ზერო... თუმცა, მოხუცი ისეთ სიმპათიას იწვევდა, რომ არ შეაწყვეტინა ეს აბდაუბდა, ჩლიფინნარევი ლაპარაკი და მოხუციც განაგრძობდა:

- წამიყუანეს ბურგონია ფრენჩიპის წალკოტში. თვითონაც რომშია ქალაქს. დიდი ფრენჩიპეა... წმინდა პაპასთან წამიყვანეს. საზაფხულო სახლებში იდგა. რომის შუა გულობას არის. თავზე მომეხვია, არ დამაჩოქა. ფეხზე დამაყენა. მომიკითხა, მიალერსა. მე მოვახსენე: მე ვხედავ, ვახტანგის მოუსვლელობით ქრისტიანობას დააკლდება ჩემს ქვეყანაში და მოსვლით მართმადიდებლობას მოემატება-მეთქი. თუარა მე სხვა საქმე არა მაქვსრა. მოხუცებულს სიმეონსავით გეხვეწები: აწ განმიტევე-მეთქი...

- სულხან-საბა ბრძანდებით, ჩემო ბატონო? - ვეღარ მოითმინა ზერომ.

- გახლავარ, დიახაც, და მოხსენება მივწერე ლუდოვიკე მეთოთხმეტეს. ვუთხარ: აი, მხოლოდ ამ ერის ცხონების გამოა,  რომ მე ვიკისრე ეს დიდი მგზავრობა, მოველ და ვემხობი ეკლესიის პირმშო შვილის ფერხთა წინაშე.... დაავალეთ ყეინს, რათა თქვენის ბრძანების აღსასრულებლად ვახტანგი საქართველოში გამოგზავნოს. უკეთუ შეჰპირდებით საჩუქარს სპარსეთის დიდებულთ... საჭიროა სამასი ათასი ეკიუ და კიდეც კმარა... გარდა ამ წყალობისა, მინდა გადმოგცეთ სათხოვარი სამეგრელოს პატრიარქისა, რომ შეუერთდეს წმინდა საყდარსა და მისიონერებთან ერთად ეცადოს აფხაზების მოქცევა...

- თქვენი ცხოვრება, ღვაწლი და შემოქმედება თქვენი ხალხის გულსა და გონებაში რჩება... - უთხრა ზერომ და გაიფიქრა: ეს კაცი სახლიდან როგორ გამოეპარათ, ან კლინიკიდან როგორ?

მოხუცმა თავი დაუქნია:

- აი, ეს სიტყვის კონაც დავწერე, - ჩანთიდან ქაღალდების სქელი დასტა ამოიღო, - სიტყვის კონა, ლექსიკონა, ლექსიკონი, სიტყვის კონი, ჰე ჰე ჰე... დიდ არს ენაი ქართული, გვაქვს უთვალავის ფერითა. კაცმან მოსტყნას, ცხვარმან ნერბოს, თევზი ტულაობს, ფრინველი პეპლაობს, პირუტყვი ხურაობს... ბუღა ზევსმა დახურა დიდთვალა ევროპე... ჩვენ ევროპელები ვიყავით ჯერ კიდევ მაშინ, როცა ევროპა არც არსებობდა; ახლა კი ევროპელები გავხდებით, მაგრამ ევროპა იქ აღარ დაგვხვდება!

ზერო დუმდა, ოდნავ დაძაბული: ფსიქიკურად შეშლილი კაცის პირისპირ მთლად მოდუნებული ვერ იქნები, რა იცი, რა წამოუვლის უცებ... მელიქკაზარიანცის სახლში მკვლელობა რომ მოხდა, დიდი ხნის წინათ - ტიპმა ნაჯახით რომ დახოცა მეზობლები...

მერე მოხუცმა ყურთან ჩაულაპარაკა:

- ამდენი ხანია, ამ აეროპორტში ჩავრჩი, ვერც წინ მივდივარ, ვერც უკან; ისიც კი არ ვიცი, სადაა წინ და სადაა უკან...

მერე ხმამაღლა განუცხადა:

- ივერიის ელჩს, ორბელიანს, მზე-მეფე ლოდოვიკო მიიღებს მეთოთხმეტე კაცად! შენ ხარ ქართველი, მაშასადამე - ხარ ევროპიელი! მაშასადამე... ახლა კი წავედი მე, სიტყვის კონაზე მუშაობა უნდა გავაგრძელო! - და წამოდგა. გაიხედ-გამოიხედა - თითქოს სწორ მიმართულებას არჩევდა - და იქით, საითღაც, მხოლოდ მისთვის გასაგებ ალაგისკენ წავიდა.

„შიზო-საბა ორბელიანი!“ - გაიფიქრა ზერომ.  ბლოკნოტი ამოიღო და ჩაიწერა: „შავწვერა თეთრი ბოცვრები შეძვრებიან ჩვენს აუხდენელ წადილთა შავ ხვრელში, ევროპის შუაგულში რომ გახსნილა - McGuffin, Objet petit a - და ეს ხვრელი მალევე დაიხურება... ასე იტყოდა ზეროტუსტრა!“

და კიდევ:წარმოვიდგინოთ, მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, ვინმე ქართველი მწერალი წერს წიგნს გაღატაკებულ იმერელ აზნაურზე, რომელმაც იმდენი იკითხავეფხისტყაოსანი“, იმდენი იკითხა, რომ ბოლოს გაგიჟდა, ჯაგლაგ ცხენს მოახტა, თავზე გიდელი დაიხურა და გაემართა შორეული სოფლისკენ, რათა ვინმე იქაური ქალი, სახელად დესპინე, გამოეხსნა ქაჯებისაგან... ეს რომ მართლა დაეწერა მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგის ქართველ მწერალს და მერე, გინდაც ასი წლის შემდეგ, ვახტანგ მეექვსეს დაებეჭდა თავის სტამბაში და რომელიმე ბატონიშვილს რამე კომენტარებიც დაერთო, დღეს ალბათ სულ სხვა ქვეყანა ვიქნებოდით... მაგრამ ეს ასე არ მოხდა და შემოგვრჩა მხოლოდღა ისევ იმ დავითიანის ქაცვია მწყემსი - მილიტარიზირებული სექსის სცენა, თუმცა ფრიად ბაროკალური: სტყორცნა ზარბაზანი, გაუხდა ზათქანი, დაჩეხა კარი. ხელახლა გატენა, განიშნა კართკენა ზარბაზნის ტუჩი. დაადვა ცეცხლი და რა შეიფეთქა, გასტყვრა, გაუხდა ზემო თავს ხეთქა. ღმერთმა აუწვა, რასაც წამს დაუწვა, მუცელქმნულ შექმნა... ჰო, ერთობ ბაროკალური მეტაფორაა. ასე იტყოდა ზეროტუსტრა!“

 

„სიცოცხლის წყალი“ გადაყლურწა და, როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, მოწევა მოუნდა. პოსტ-ოტომანური ტერასა-გალიისკენ გაემართა - გასაფუილებლად, „თუთუნის დასალევად“...

წინა წელს, გვიან შემოდგომაზე, ათათურქის აეროპორტში ჩარჩა - 20 საათი ელოდა რეისს თბილისზე, რამდენჯერმე გადაიდო.  მაშინ პირველად ნახა ჰაჯზე მიმავალი ხალხი: თეთრ ზეწრებში გახვეული კაცები და ქალები, მოხუცები და ახალგაზრდები, ფეხზე სადა ხამლი ეცვათ - სანდლები, ფლოსტები. ზოგი წამოწოლილიყო, ზოგი ჩამომჯდარიყო და თვლემდა; ზოგი მიდი-მოდიოდა ზანტად. ერთ-ერთი, ქერა ახალგაზრდა კაცი, თავანკარა მოსკოვური რუსულით ლაპარაკობდა ძვირიან მობილურზე - ეტყობა ყირიმელი ან ვოლგისპირელი თათარი იყო, მოსკოვში გაზრდილი და გამოსკოვიტებული, მაგრამ ახლახანს ისვე წინაპართა რჯულზე მოქცეული...

რატომ გაახსენდა ის ჰაჯის ხალხი? ჰო, იმ უცნაური წყვილის გამო გაახსენდა: ერთი ბრმა იყო, ხოლო მეორე - ხეიბარი, „ნაჭერა“ კაცი, რომელიც ბრმას მხრებზე ეჯდა და გზას ეუბნებოდა. მაშინ გაიფიქრა ზერომ, რომ ის ბრმა იყო „რელიგია“, ხოლო ხეიბარი იყო „სეკულარიზმი“, რომ ერთხელაც იქნება და ეს რელიგია დაითრევს მის მხრებზე მჯდარ სეკულარიზმს, მოიქნევს და კედელს მიანარცხებს. თუმცა, ზერო ამ ზედაპირული ანალოგიის იქით აღარ წასულა...

მოსაწევი ტერასაც გამოჩნდა - დიდი ხნის ნანტრი ნიკოტინითა და ლუდით შებრუებული ქალებითა და კაცებით. ზერომ ის თავისი სკოტური „სიცოცხლის წყალი“ ერთიც გადაყლურწა და სიგარეტს მოუკიდა.

სარწმუნოების აუტანელი სიმსუბუქე, როცა ღმერთი ყველაფერში შეგიძლია დაინახო - ლამაზი ქალი გინდა, თუ იოსებ სტალინი! არა, ისევ ლამაზი ქალი ჯობია სტალინს... იტალიური ფილმი გაახსენდა: ორი ხანში შესული მამაკაცი შვეიცარიის ბალნეოლოგიურ კურორტზე ბასეინში სხედან - წყლის პროცედურებში. ამ დროს შემოდის ულამაზესი ახალგაზრდა ქალი, სრულიად შიშველი - გრძელკანჭა, მკერდსავსე არსება და ბასეინში ჩავა. ხანშისეშულ კაცთაგან ერთი, შემცბარი, ეკითხება მეორეს - „ეს რა არის?“ და მეორე მოკლედ და დინჯად პასუხობს - „ღმერთი!“

ზოგიერთს ისეთი თვალები და ისეთი გამოხედვა აქვს, რომ შეიძლება მართლა ირწმუნო ღმერთი - იქედან მართლა რაღაც მიღმიერი გიყურებს, ან - თვალი შეგავლო, ან - მზერა გტყორცნა და ჩაგიარა... არა, ტორსი უფროა ღმერთის სახე - მკერდი, მუცელი, საზარდული, თეძოები - დაუსაბამოს სახე, რომელიც მოგაჩერდა და რაღაცას გეუბნება – ლესბიურ-გეი-ბისექსუალურ-ტრანსგენდერულ თუ ჰეტერო ენაზე - ყველა ენაზე, როგორც მოციქულებში შთასული სული წმინდა. „გიყვარდეთ ტანი და გიყვარდეთ მიწა!“ - როგორც საგიჟეთში გამოკეტილი ქადაგი გაიძახდა. არა, აქ სექსუალობა არაფერ შუაშია, ეს მართლაც მისტიკაა! მისტიკა და ხურუშიანი ფანტაზიები მიუწვდომლის თაობაზე, დაასკვნა ზერომ და „სიცოცხლის წყლის“ მორიგი დოზა მიიღო ჯანში... მერე ბლოკნოტი ამოიღო და ჩაიწერა:

ქერის მარცვალი ჯონი უნდა მოკვდეს, ეწამოს და მოკვდეს, რომ მისი სისხლი სიცოცხლის წყლად იქცეს. ოდრი ჰეპბერნმაც ბევრი იტანჯა და მოკვდა - სწორი ნაწლავის კიბომ შეიწირა იგი. ჰო, ღმერთი ყველაფერშია - ვისკი გინდა, ლამაზი ქალი, თუ სტალინი! მაგრამ, ახლა აღარ არის - ჩვენი ხელით მოიკლა თავი! მერე მოვიდა ზეკაცი და მოგვკლა ჩვენ, მერე მოვიდა უკანასკნელი ადამიანი და ყველაფერს მიაღწია - უკანასკნელი ადამიანი, რომელიც დგას და თვალებს ახამხამებს... და მერე მოვა მეთორმეტე ხალიფა - წმინდა წიგნითა და მახვილით ხელში, რომ ეს მოხამხამე თვალები დასთხაროს. ასე იტყოდა ზეროტუსტრა!“

და ასე დაიწყო მისი დაღმასვლა...

ზერო ესკალატორზე დაეშვა და რეისების განრიგის დიდ ეკრანთან მივიდა: სტამბოლი-რომი, სტამბოლი-ჰელსინკი, სტამბოლი-მედინა... უცებ, ერთი-ერთი სავაჭრო დახლის გვერდიდან ისევ ის შავწვერა თეთრი ბოცვერი გამოძვრა - ჭრელი ჟილეტის პატარა ჯიბიდან საათი ამოიღო და იმის მომართვას შეუდგა: ხან ყურზე მიიდებდა, ხან ცალი თვალით ჩააშტერდებოდა. მერე იქვე, ნაგვის ყუთთან მისკუპდა და საათი შიგ ჩააგდო. თათები დაიფერთხა, საქმის აღსრულების ნიშნად და წართქვა: „ინშალლაჰ!“

მერე, ეგრევე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა! ზეროს რაღაცა ველური ძალის ტალღა ეძგერა, უკან გადაააგდო, კედელს მიახეთქა და გათიშა...

 

*

და უცებ ინათა: ზერომ აღმოაჩინა, რომ ფანჯრის წინაშე დგას. მთლად ფანჯარაც არ იყო - მოლბერტზე შედგმული ტილო იყო, რომელიც ფანჯარას მოგაგონებდა, რომელიც ტილოზეა გამოსახული, რომელიც შედგმულია მოლბერტზე. მოკლედ, დიდი მაზალო რამ იყო. ზერომ ტილო ეგრევე იცნო: რენე მაგრიტის ცნობილი „ევკლიდეს გასეირნება“ - მარცხნივ კოშკი, წაწვეტილი, კონუსისებრი თავით და მარჯვნივ კი გზა, რომელიც ასევე წაწვეტილი, კონუსისებრი იყო და სურათის პერსპექტივაში იწურებოდა. ფერწერული და რეალური ისე იყო განლაგებული, რომ ვერ გაარჩევდი, რომელი იყო რეალური და რომელი ფერწერული, როგორც თავად მაგრიტის ჩიბუხი, რომელიც „არ იყო ჩიბუხი“...

„საქართველოს ევროპული გზა“ - გაიფიქრა ზერომ, - „ილუზია და რეალობა ერთმანეთში გარდამავლობენ...“

ფანჯრის რაფას გადააბიჯა და ქალაქში ამოყო თავი. ეს იყო ბრიუსელი - ევროპის დედაქალაქი!

შესაძლოა, პირიქით იყო - ეს არ იყო ბრიუსელი. რას გაიგებ? მოკლედ, მაილს დეივისის მცდარი ნოტისა არ იყოს - ამას მერე, მომდევნო ნოტით გაიგებ, იყო თუ არ იყო ეს ნოტი მცდარი... მოკლედ, მერე გაირკვევა, იყო თუ არა ეს ქალაქი ბრიუსელი...

არა, მაინც ბრიუსელი იყო და ლუქსემბურგის მოედანზე, ევრო-პარლამენტის შტაბ-ბინის წინ, რომლის გაყოლებაზე შესანიშნავი სასმელ-დასალევი დაწესებულებებია, ყოველ ნაბიჯზე; ლუქსემბურგის მოედანზე, სადაც ტაქსები დგებიან ევრო-პარლამენტის წევრებისა და ევრო-პარლამენტის აპარატის თანამშრომლების მოლოდინში; მოედნის შუაში მდგარი მონუმენტის ირგვლივ, ანგლო-ბელგიელი ინდუსტრიალისტის - ჯონ კოკერილის მონუმენტისა, რომელზეც ჯონ კოკერილის ფიგურა გრდემლს ეყრდნობა, ხოლო მის ირგვლივ ხელოსანი ხალხი დგას, ხოლო კვარცხლბეკზე მისი დევიზია - „შრომა და გონიერება“; ბრიუსელში, ლუქსემბურგის მოედანზე გაწვიმდა.

ეს იყო კაცების წვიმა: შავ-პალტოიან-ჰალსტუხიან-ცილინდრიან-პორტფელიანი კაცების წვიმა. სიმდიდრე წვიმდა და წვიმდა ბიუროკრატია, მოყირჭება, რუტინა, მიმოწერა, მოხსენებები, პროცედურული საკითხები, განხილვები, ნუსხა-ჩეკლისტები და ჩამონათვალები,  სალაპარაკო პოინტები, დრაფტები, ნაკისრი  ვალდებულებები და მათი შესრულებები, მიწოდებები და კონტრაქტები, კრედიტები და ტრანშები წვიმდა... ყოველ „წვიმა-კაცს“ პირი შოკოლადით ჰქონდა მოთხაპნილი, ხოლო სახის წინ მწვანე ვაშლი ეკიდა - „ეპლ-მაკინტოშის“ სმარტფონი...

ერთი ასეთი „წვიმა-კაცი“ ზეროს მახლობლად დაეშვა. ზერო ამ დროს მიაბიჯებდა - წვიმას რომ გადაყუდრებოდა - და იმანაც, შავ-პალტოიან-ჰალსტუხიან-ცილინდრიან-პორტფელიანმა, ფეხი აუწყო.

ზერომ გახედა და უთხრა:

- საქართველო ევროპის უძღები ბიძაა, ან - მამიდა, გენდერული ბალანსი რომ შევინარჩუნოთ; ჰოდა, ეს ბიძა, თუ მამიდა დიდი ხნის წინათ წავიდა ოჯახიდან, გადაიკარგა - სადღაც აღმოსავლეთში ეხეტებოდა, თუ მოგზაურობდა. და აი, უცებ, საიდან-სადაო, ერთ მშვენიერ დღეს, ისევ გამოჩნდა, დაბრუნდა ვაჟბატონი (თუ ქალბატონი) - გაქუცული, გატყავებული, ნალოთავებ-ნაშფოთავები, თუ - ნაბოზავები... ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს ევროპასთან - იუდეო-ქრისტიანულ-ბერძნულ-რომაული; აქეთ კიდევ - ღვინო, ღვინო ხომ განსაკუთრებული - „სხვაგვარი“ - ევროპული წვენია, მეფისტოფელი როგორც იტყოდა...

„წვიმა-კაცმა“ ბოლომდე უსმინა - ყურადღებით, კეთილმოსურნე გამომეტყველებით და მიუგო ზეროს:

- გასაგებია, რასაც ბრძანებთ, გასაგებია. მაგრამ, იცით, სტაფილო შეიძლება ბოთლად იქცეს და, პირიქით - ბოთლი იქცეს სტაფილოდ. იმიტომ, რომ ყოველი სიტყვა და ყოველი საგანი პირობითია, ისევე, როგორც პირობითია მიმართება სიტყვებსა და მათს აღსანიშნ საგნებს შორის... მოკლედ, ჩიბუხი თან ჩიბუხია, თან არ არის ჩიბუხი, იმიტომ, რომ ყოფნა-არყოფნა, საკითხავი აი ეს არის!

- ო, მიშელ ფუკო, მიშელ fuck-off, - შესძახა ზერომ, - ეგ ჩვენც ვიცით, გაზეთებს ჩვენც ვკითხულობთ!

- რომ კითხულობთ, ეგ კარგია, - მიუგო „წვიმა-კაცმა“, - მაგრამ, თქვენ გაზეთები კი არა, რკინის ხელი გჭირდებათ, რკინის ხელი, დიახ, იმიტომ, რომ ველურები ხართ, ველურები...

- რას ბრძანებთ? განა ჩვენ ვერ გავხდებით „კარგი ევროპელები“, ნიცშე როგორც იტყოდა? ჩვენ ხომ კარგად ვიქცევით, ყველა ასპირანტ ქვეყანას ვუსწრებთ, - აღელვებით უთხრა ზერომ...

- თქვენი ასპირაცია თქვენს ჩრდილოელ მეზობელზე კონსპირაციის შთაბეჭდილებას ტოვებს, - უპასუხა „წვიმა-კაცმა“, - რაც სრულებით არაა ჩვენი ინსპირაციის წყარო, ისედაც თავზე გვემხობა ყველაფერი, შემოსევაა, შემოსევა! ბოცვრების შემოსევაა, ბოცვრების! არა და, ბოცვერსაც ხომ უნდა დავუკმაყოფილოთ უფლებები: კომბოსტო უნდა, კოპულაცია! - ახლა ეს „წვიმა-კაციც“ ანერვიულდა, - ვწუხვარ, რომ ჩვენმა ევროპულმა კოშმარებმა თქვენი ევროპული ოცნებები გადაფარა! ვწუხვარ, ვწუხვარ, ვწუხვარ...

- ბიძაჩემო, რას უსმენ, რას ელაპარაკები მაგ ცრუპენტელას? - ჩაესმა ზეროს გვერდიდან.

იქეთ გაიხედა და გრძელკანჭა, ქერა, დიდძუძუება ქალი დაინახა, თუმცა ხმა იმ ქალსა ერთობ ბოხი ჰქონდა:

- ეგ შოკოლადი, პირზე რომ აცხია, სინამდვილეში მძღნერია, მძღნერი!

ზერო დუმდა...

- მე მისმინე, რასაც გეტყვი, ბიძაჩემო, - განაგრძო ბოხ-ხმიანმა ქალმა, - კაცადაც ვიცხოვრე და ქალადაც, ბიძაჩემო, და ახლა ორივე ერთად ვარ. აბა, ჩემზე მეტი ვინ რა უნდა იცოდეს და ვინ რა უნდა გითხრას?!

- ვინ ხარ? ტირესია ხომ არ ხარ? - ღიმილნარევად ჰკითხა ზერომ.

- რაც გინდა, ის დამიძახე, თუნდაც - განტენბაინი... ამ ძღნერიჭამიებმა საგნებსა და სახელებს შორის ისეთი უთანხმოება ჩააგდეს, რომ ვერ გაიგებ! - განუცხადა კაცხმიანმა ქალმა, - ულენშპიგელი დამიძახე, ჰო, ულენშპიგელი! რამდენიმე წლის წინ, სარკეში  ჩავიხედე, მაშინ ჯერ კიდევ მამაკაცი ვიყავი, და დავინახე, რომ ქალი ვარ, ხოლო იქ, იმ სარკეში, ცეცხლი გიზგიზებდა! გარდასახვის, შემოქმედების, ხარხარის ცეცხლი იყო ის ცეცხლი... ადრე აქ გიგანტები ცხოვრობდნენ - პატარა გიგანტები - ოჩოფეხებზე შემდგარი ნიღბოსნები, ქვეყნის თავდაყირა დამყენებლები! იმათ მოფსმულში მთელი ფლოტილია იცურავებდა, ხოლო ნაბოდვარში - ქარის წისქვილები იქნებოდნენ გველეშაპის ფრთებივით, ხოლო იმათ ბავშვობაში, ხუთ წლამდე ასაკისაც კი, მთელი ჩვენი თაობის ცხოვრება დაეტეოდა! მაგრამ ის ცეცხლი ჩაქრა - აი, ამ ძღნერიჭამიებმა ჩააქრეს... მაგრამ, არა უშავს, სულ მალე, დიდი მთვარისრქიანი ბუღა რომ დახურავს და რომ შეუდებს და ბოლომდე რომ გაუდებს აქაურობას, მერე ყველაფერი თავიდან დაიწყება!

- ევროპეს გაუპატიურება... - თქვა ზერომ.

- მერედა, რა არის მაგაში ცუდი? - მიუგო ულენშპიგელმა, - განა თავის დროზე ისლამურმა კულტურამ არ მისცა ევროპას სულიერი საზრდო? ავეროესმა, სუფიზმმა... პლატონი და არისტოტელე გაიგო ევროპამ არაბი ფილოსოფოსებისგან...

- მაგრამ ახლა კულტურულ ძეგლებს ანგრევენ და ხალხს თავებს აჭრიან, აი, ასეთი პლატონი და არისტოტელეა... - თქვა ზერომ.

- ევროპა თავს რომ დაკარგავს, სწორედ მერე და მაშინ იპოვის თავის თავს! - განაცხადა კაცად-ნამყოფმა-ქალ-ულენშპიგელმა და თან შესთავაზა - რამე ხომ არ დაგველია, ბიძაჩემო? მოდით, აი ამ მაგიდას მივუსხდეთ, მე გპატიჟებთ. შენც მოდი, შე ძღნერიჭამია! – „წვიმა-კაცსაც“ გადასწვდა.

„წვიმა-კაცი“ ჯერ რაღაცაზე დაფიქრდა, მერე სმარტფონს თითი შეავლო, ჩააშტერდა და ასე, უსიტყვოდ, მიუჯდა მაგიდას, რომელთანაც ზერო და ულენშპიგელი უკვე დამსხდარიყვნენ.

- სამი ჯინი ტონიკით! - უთხრა ულენშპიგელმა ოფიციანტს და ზეროს მიუბრუნდა, ყურადღებიანი ღიმილით, - მიყვარს უცნობ ხალხთან სმა და საუბარი...

მხრები გაიშიშვლა, ისედაც მოკლე კაბა კიდევ უფრო აიწია და მზეს მიეფიცხა. შავი სათვალეც გაიკეთა - მრგვალი, უბრალო შავი სათვალე, ბრმებს რომ ეკეთათ ხოლმე...

ზერომ მოგრძო ჭიქაში ჩაყოფილი წკირით ჯინ-ტონიკი მოწრუპა - ეამა მისი გემო, თითქოს იმ ჭიქიდან მათრობელა სითხის წრუპვის მეშვეობით საკუთარი თავი ამოაძვრინა მზიან სივრცეში. ჰო, აშკარად უკეთ იგრძნო თავი.

„წვიმა-კაცი“ კვლავ სმარტფონში იწერებოდა რაღაცას.

ულენშპიგელი ისევ ალაპარაკდა:

- ერთხელ, უმბერტო ეკოს ჰკითხეს, ევროპის მთავარი ენა რომელიაო, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, თუ რომელიო... და იცი, ბიძაჩემო, რა უპასუხა ეკომ?

- მაინც? - მიჰყვა საუბარში ზერო.

- ეკომ უპასუხა, თარგმანია ევროპის მთავარი ენა! - ხაზი გაუსვა ნათქვამს ულენშპიგელმა.

- ეკო-ლოგიური პასუხია, - დაეთანხმა ზერო.

„წვიმა-კაცმა“ თავი ასწია და კმაყოფილი, ინტერესნარევი ღიმილით დააქნია...

- რას აკანტურებ მაგ თავს, შე ძღნერიჭამია, შენა? - უთხრა ულენშპიგელმა, - ერთი ვალუტის მეორეში გადაყვანა იცი შენ და ეგაა შენთვის თარგმანი! ერთი შეხედეთ, ამას, ისეთი წუწურაქია, რომ ძღნერსაც საკვებად იყენებს...

- თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ თქვენი აზრი და გამოხატოთ იგი, - უთხრა „წვიმა-კაცმა“ და ისევ სმარტფონში ჩაიხედა.

- სქესის შეცვლაც თავისებური თარგმანია, არა? - აქ ჩაერთო ვიწრო შუშის ჭიქიდან მზიან სივრცეში გამოწრუპული ზერო, - უფრო უმალ ექსისტენციალური!

- ეგებ, ისიც თქვა, ძღნერის ქცევა შოკოლადად და შოკოლადისა - ძღნერად, ეგეც თარგმანია? - მიუგო ტრანსგენდერ-ულენშპიგელმა და მისკენ მიიწია, - ყური დამიგდე, ბიძაჩემო!

“წვიმა-კაცმა“ სმარტფონ-მესიჯობანა შეაჩერა და ტრანსგენდერს მიაყურა. ზერომაც ჯინ-ტონიკი მაგიდაზე დადგა და მოსმენის მზადყოფნა განასახიერა.

ხოლო ტრანსგენდერ-ულენშპიგელი იტყოდა:

- მე გრაალის რაინდი ვარ, ბიძაჩემო,  გრაალის რაინდი! დიახ, მე გრაალს ვეძებ! კაციდან ქალად სწორედ მაგიტომაც გადავაკეთ-გადავაჭრევინე ჩემი თავი ძვირიან ქირურგებს - ყლე-ყვერი შიგ რომ შემიტანეს და ძუძუები რომ ამომიზარდეს, ჰორმონების ყლაპვითა და თხრით... ჰო, გრაალის რაინდი ვარ! ისევ გრაალი უნდა ევროპას... არა, ევროპა არ მომკვდარა, მხოლოდ დაბერდა და არ კვდება, ვერ კვდება; ბოთლშია გამომწყვდეული და სიკვდილი უნდა - კუმეს სიბილასავით, ტრიმალქიონმა რომ ნახა, მთვრალმა! ახალი გრაალი გამოიყვანს მაგ ბოთლიდან, ახალი გრაალი! ამას მე გეუბნები, კაცად და ქალად ნაცხოვრები...

- უკაცრავად და - რა არის ეს ახალი გრაალი? - იკითხა ზერომ, ისევ ამოიწრუპა თავის მცირედი ნაწილი მოგრძო ჯინ-ტონიკიანი ჭიქიდან და გაიფიქრა, „კარნავალური გრიალი და გრაალი გადაარჩენს ევროპას...“

ამ დროს, ისევ იმ ლუქსემბურგის მოედანზე, კრიკეტის სათამაშოდ გამოწყობილი ახალგაზრდები გამოჩნდნენ: კრიკეტის ჯოხები მოემარჯვათ და ხან იგერიებდნენ, ხანაც ჩაწოდებას ელოდებოდნენ. ხოლო ჰაერში - მათ თავებსა და მათ შორის - ვეება შავი კუ დაცურავდა და დასრიალებდა, როგორც წყალში...

„კიდევ ერთი წადილის ობიექტი, ფრიად ბუნდოვანი რამე,“ - გაიფიქრა ზეროტუსტრამ.

- ვირტუალური რეალობა, - ჩაერთო „წვიმა-კაცი“, - მაღალ ტექნოლოგიებში ჩადებული კანონის უზენაესობა. აი, რა არის ევროპის მომავალი, გინდაც გრაალი დაარქვით...

„წვიმა-კაცის“ ნათქვამზე ტრანსგენდერ-ულენშპიგელს სახე მოეღრიცა - რაღაცის თქმაც დააპირა, მაგრამ გარემოებამ შეუშალა ხელი: „წვიმა-კაცი“ წამოდგა, კრიკეტის მითამაშეებისკენ გაიშვირა ხელი და ზეროს ჰკითხა:

- რას იტყვით ამ სურათის თაობაზე?

კრიკეტის მოთამაშეები უხმოდ განაგრძობდნენ ჯოხების ქნევას, ხოლო დიდი შავი კუ ასევე უხმოდ დასრიალებდა. ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ ეს შავი კუ თავად აბურთავებდა იმ მობურთავეებს...

ზეროტუსტრამ უყურა, უყურა, დაფიქრდა და „ამ სურათის თაობაზე“ ვერაფერი თქვა.

პასუხი „წვიმა-კაცის“ კითხვაზე თავად იმ სურათიდან წამოვიდა: შავმა კუმ ჰაერში კამარა შეკრა, მერე მათი მაგიდისკენ გამოსრიალდა და თავისუფალ სავარძელში ჩაეშვა.

 შავი კუ დუმილით მიაჩერდა ზეროს, ზერომ კი შენიშნა, რომ კუს თვალებიდან სისხლის ცრემლები სდიოდა.

უცებ საშინელმა ტკივილმა დაუარა - მზის წნულის არეში; ზერო ერთბაშად მოიკრუნჩხა და ამოიგმინა: „აააააააა!“

- ააააააა! - გაიმეორა კუმ; რაღაცნაირი მოგუდული და როყიო ხმა ჰქონდა.

ზერო სავარძლიდან წამოიწია და მოკუნტული დაეცა მიწაზე: იკრუნჩხებოდა, გმინავდა და ღნაოდა, ხოლო შავი კუ ხმას აყოლებდა.

„წვიმა-კაცი“ ზეროს თავზე წამოადგა და სმარტფონით რამდენიმე სურათი გადაუღო. მერე ერთ-ერთი შეარჩია და თავისთვის თქვა - „ინსტაგრამზე დავდებ!“

- მაშ, მაღალ ტექნოლოგიებში ჩადებული კანონის უზენაესობაა გრაალი, შე ძღნერიჭამია! - ალაპარაკდა ულენშპიგელი, - დიდებული ახალი სამყარო? უპრობლემო, ნეტარი და უვიცი იმბეცილებისგან შემდგარი მასა, რომელსაც მართვაც კი აღარ სჭირდება: ამისკენ მიგყავთ საზოგადოება?

- ჩვენ არავინ არსად არ მიგვყავს, - მოუჭრა „წვიმა-კაცმა“, - ეს თავისით მოხდება, მაღალი ტექნოლოგიების ძალით; ისინი მიგვიყვანენ მანდ! გრაალსაც ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით გამოიყვანენ, თუ ასე გნებავთ.

- ჰა ჰა ჰა! - გახალისდა ულენშპიგელი.

 - აააააააააა! - გაიძახდა შავი კუ, ხოლო ზერო კვლავ მიწაზე გორაობდა წმინდა ვიტუსივით.

ულენშპიგელი წამოდგა, „წვიმა-კაცთან“ მიიჭრა, სახედან მწვანე ვაშლი გადაუწია და მიახალა:

- გრაალი ვერანაირ სიმბოლურ თუ ტექნოლოგიურ სისტემაში ვერ მოექცევა. გრაალი აფრიკიდან მოვა, აფრიკიდან! შავკანიანი ქალი მოიტანს მას,  ვეება ლეოპარდზე შემჯდარი. ჰო, აფრიკიდან, საიდანაც ყველანი გამოვედით, მოვა გრაალი! მაგრამ, შენ ამას ვერ გაიგებ და იცი, რატომ?

- რატომ? - ზრდილობიანად დაინტერესდა „წვიმა-კაცი“.

- იმიტომ, რომ რომელიმე მაღალტექნოლოგიურ სათამაშოში იქნები ჩამძვრალი! - ჩასძახა ულენშპიგელმა, - და საერთოდ, ძღნერს და შოკოლადს ვერ არჩევ და გრაალს როგორ გამოიცნობ?!

- აააააააააა! - ისევ შავი კუ და ისევ ზერო - მიწაზე მგმინავი...

- არ მაინტერესებს თქვენი ბოდვები! - მიაძახა „წვიმა-კაცმა“, ისევ თავის ადგილას დაჯდა და სასმელის წრუპვა განაგრძო, თვალების ცეცებით.

- ეს ბოდვები კი არა, წინასწარმეტყველებაა! - თქვა ტრანსგენდერ-ულენშპიგელამ, შავი სათვალე მოიხსნა და შავ კუს მიაჩერდა. მერე ჰკითხა - ვინ ხარ შენ? რა ხარ?

შავმა კუმაც აღმოთქვა იმ თავისი როყიო ხმით, უპასუხა:

- გრაარა...

ულენშპიგელამ თითქოს ვერ გაიგო, ისევ მისჩერებოდა კუს. ზეროს კრუნჩხვებმა გადაუარა, შვება იგრძნო და ნელ-ნელა სავარძელზე აბობღდა, ლუღლუღით - “ღმერთო, რა იყო ეს... სიკვდილს მოველანდე...“

უცებ, „წვიმა-კაცმა“ თვალის ცეცება შეწყვიტა, თითქოს გონება გაუნათდა, და შესძახა:

- მივხვდი! ევრიკა! ამ შავი კუსგან სუპი უნდა მოვხარშოთ - ნაღდი, გემრიელი სუპი!

ულენშპიგელი წამოიჭრა, ჯინ-ტონიკიანი ჭიქა მოუღერა და მიაძახა:

- ახლა მოკეტე, თორემ მაგ თავს მოგაჭრი და მაგისგან მოვხარშავ სუპს! - ისევ დაჯდა, სახეში მიაჩერდა, - აი ეს იქნება ნაღდი სუპი, სუპი მწუხრისა, სუპი მწუხრის ქვეყნისა - ჭეშმარიტი ევროპული სუპი! და სწორედ ამ სუპით დავაპურებთ მიუსაფარ ლტოლვილებს!

„წვიმა-კაცმა“ ამაზე სხაპასხუპით უპასუხა:

- ესე იგი, ეს თქვენი გრაალი ჩემი თავი ყოფილა, გრაალი ხომ ყველას დააპურებს! ხი ხი ხი...

- რაო, რა თქვი, რა ვარო? - ჩაეკითხა ულენშპიგელა შავ კუს და შავი სათვალე ისევ გაიკეთა.

- გრაარა... - ისევ აღმოთქვა შავმა კუმ.

ტრანსგენდერ-შპიგელი კი ისევ „წვიმა-კაცზე“ გაიქაჩა:

- ჰო, თავს მოგაჭრი და იქედან მოვხარშავ სუპს, რომ ლტოლვილები და ათასი უპოვარი და გაჭირვებული დავაპურო! ლაააამაზიიიი სუუუუპიიიი, სუუუპიიი მწუხრისაააა, მწუხრის ქვეყნისააა! - ამღერდა...

- გრაარა, გრაარარა... - გაიძახოდა შავი კუ, თან მაღლა-მაღლა იწევდა, - გრა-ა-ლი... -  მერე შექანდა, ირაოსებრი მოძრაობით აქეთ-იქით გასრიალდა და ფარფლების ქნევითა და ტლაშუნით გაფრინდა.

„მე ვიყო რაინდი პერსევალი, როგორც ასეთი, per se!“ - გაიფიქრა ზერომ, - „მაგრამ, არა - პერსევალი არა ვარ, სპარსი ვარ, სპარსი, ზეროასტრელი! აი, ის პარსი, თეთრი ვეშაპის დასაჭერად რომ წაიყვანეს ამერიკელებმა... “

ამასობაში, „წვიმა-კაცმა“ სმარტფონი მოიმარჯვა და გაფრენილი კუს რამდენიმე ფოტო გააკეთა, ხოლო მერე ტრანსგენდერ-ულენშპიგელს  დაუდგა გვერდით და „სელფიც“ გადაიღო, რომელშიც ქალ-კაც-შპიგელი გრძელ ენას უყოფდა იმ „სელფის“ ავტორს...

ზერო წამოდგა, ტკივილით განცდილი შოკისგან ჯერაც ბურანში იყო. დამსწრეებს თავი დაუკრა და ძველი ქალაქისკენ წალასლასდა.

ძველ ქალაქში, მთავარ მოედანზე - ბაროკალური შენობებით შემოსაზღვრულ მოედანზე - ჩინელი ტურისტები ირეოდნენ:  ბელგიურ ვაფლებს ჭამდნენ და ესენიც „სელფაობდნენ“ - სხვადასხვა ღირშესანიშნავი ობიექტების ფონზე.

- არა, - თავისთვის თქვა ზერომ, - ახალი გრაალი ევროპისა ნაღდად ჩინეთიდან მოვა! გინდაც სხვა მხრიდან მოვიდეს, მაინც იქნება made in China!

მერე გაახსენდა, რომ ის პატარა ბიჭიც უნდა ნახოს, თავისი შარდით თავისი ქალაქი რომ გადაარჩინა, ალყაშემორტყმული ბრიუსელის კედელთან დაყრილ ასაფეთქებელს რომ დააფსა: „მანეკენ ფისი“ - პატარკაც-ფისიფისი!

ერთ-ორ გამვლელს გამოჰკითხა და სულ მალე მიადგა იმ ალაგსაც: ორი ვიწრო ქუჩის გადაკვეთაზე, კუთხეში, პატარა შადრევანი იყო, ხოლო ზედ - ბიჭის მომცრო ფიგურა, ბიჭისა, რომელიც იდგა და ალალად, ხალისიანად  შარდავდა.

ეს იყო ბრიუსელ-ქალაქის სიმბოლო - დღევანდელი ევროპის დედაქალაქის სიმბოლო. ევროპის ძველი დიდებისა და სიძლიერის არსიც ამ პატარა ბიჭშია, პატარა ჭუჭუა რომ გადმოუგდია და აფისებს... - აზრთა თავისებური შარდდენა დაეწყო ზეროსაც, - იმიტომ, რომ თავისუფლება ძალაა, თვითგამოხატვის თავისუფლება ძალაა, რაგინდ პატარა და უმწეო ჩანდე! მიგიფსით ავტორიტეტებზე, რეგალიებზე, კატეგორიებზე და დოქტრინებზე! ყოფიერება ბავშვია, იგი თამაშობს, ჰერაკლიტე!  როცა ევროპა ამ ბავშვივით ლაღი იყო, ყოფიერებაც მასთან იყო, ახლა კი - ბოთლშია მომწყვდეული, ბებერი, და საკუთარ სიკვდილს წინასწარმეტყველებს, მაგრამ ვერ კვდება...  განა ჯეელმა გარგანტიუამაც იგივე არ მოიმოქმედა, პარიზში ფეხი რომ შემოადგა პირველად - აიღო და მოშარდა და თავის იმ შარდში ჩაახრჩო სორბონის ავტორიტეტები! ჰო, ამ შარდის ჭავლიდან წამოვიდა რაბლე, სერვანტესი, იტალიური კომედია დელ-არტე, ჯონათან სუიფტი, ლორენს სტერნი, გიუსტავ ფლობერი, ჯეიმს ჯოისი...

ამასობაში, ამ ფიქრებთან ერთად, ზეროს მართლაც მაგრად მოეფსა. გაიხედ-გამოიხედა - ყველგან პატარა მაღაზიები იყო, სუვენირებისა თუ დასალევ-საცუცნავისა, სადაც მოსაფსმელად მხოლოდ მომსახურე პერსონალს თუ შეესვლებოდა... შარდის ბუშტთან ერთად ზეროს ხასიათიც დაუმძიმდა, ქვენასკენ დააწვა. აქ ტაქსსაც ვერ დაიჭერს, სასტუმრომდე რომ „მიიტანოს!“

და აი, ისევ ის - შავწვერა თეთრი ბოცვერი გამოტყვრა საიდანსადაო! ცალი თათი ჟილეტის ჯიბეში ჩაეყო, ხოლო მეორეში ბრიუსელური კომბოსტო ჰქონდა და პირით იმას აცმაცუნებდა. მერე, ჟილეტის ჯიბიდან, ისევ ის საათი ამოიღო, ჯერ დასუნა, მერე ყურთან მიიტანა, მერე ზეროს ფეხებთან მიუგდო და დაიხრინწ-წრიპინა - „ინშალლაჰ!“

და მერე რაღაცამ იფეთქა!  იფეთქა და თანაც როგორ! ამჯერადაც ძლიერმა ტალღამ გააქანა ზერო, ოღონდ - კედლისკენ კი არა, არამედ ძირისკენ - ქვემოთ ჩაითრია. ეს იყო არა ჰაერის ტალღა, არამედ - სითხის, ჩანჩქერივით რომ დაედინებოდა თავზე. სითხის ამ ტალღამ ჩაყლაპა ზერო, მღვრიე მორევში დაატრიალა, ყირა-ყირა აბზრიალა რაღაცა მეტაფიზიკურ-საკანალიზაციო არხებში. და სწორედ მაშინ დაინახა ზერომ თავისი ადგილი კოსმოსში - ყოველ შემთხვევაში ის ადგილი, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში მიუჩინეს: ეს იყო მიუნხენის აეროპორტის კაცების ტუალეტის „პისუარის“ ფსკერზე დახატული ბუზი, რომელსაც შარდის ჭავლი უნდა მიუშვირო, რომ სუფთად მიაფსა! და ზეროც ეგ იყო, ხოლო ზემოდან ბრინჯაოს პატარკაც-ფისი ედგა...

მერე ჩაირეცხა - მღვრიე თქარუნითა და ისევ ყირა-ყირა ბზრიალით, ბრრრდრრლლლღღღღრრრბრრრდრრლლლ...

და ამოყვინთა რომში - მარადიულ ქალაქში, ტრევის შადრევნის ბასეინში, პირდაპირ ანიტა ეკბერგის ძუძუებთან, მარჩელო მასტროიანის გვერდით! ორთავე, ანიტაცა და მარჩელოც, მარმარილოსგან იყო კვეთილი და ტრევის შადრევნის სკულპტურული კომპლექსის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდნენ - ტრიტონებთან, ოკეანოსთან და სხვა პერსონაჟებთან ერთად.

არაფრის თქმას ვაპირებდი, გარდა თხრობისა, მაგრამ რაღაი რომში ვართ, თავად ეს ქალაქი - თავად რომი და კიდევ რაღაცა მაიძულებს, და მეც მინდა ვთქვა რამე; კვლავ მე და რამე, კვლავ...

რომი იწყება ფიჭვის ხეებით - პინიებით - ბორცვებიდან, კოლონებიდან, ნანგრევი კედლებიდან რომ გიცქერენ - აქა-იქ თავწამოწეულები: დაგინახეს, შენზე მოიმართნენ - უშორესიც კი ასე ჩანს.  რომი იწყება წინათგრძნობით, რომ აქ რაღაც გელოდება, რაც უნდა გამოგეცხადოს... ჰო, რომი იწყება შადრევნებით - ღმერთებისა და ნახევარღმერთების დაღებული პირებიდან, პირდაფჩენილი თევზებიდან, თუ ვეება ჩასაბერი ნიჟარებიდან გადმოსული ჩანჩქერით, რომლითაც მეტყველებს დროის არმცოდნე სივრცე და რომელიც იწერება მარმარილოს ფრონტონებსა და ობელისკებზე ამოტვიფრული ლათინური სიტყვებითა და ეგვიპტური იეროგლიფებით. რომი იწყება დღისით, ვილა მედიჩის აივანზე მდგარი ხნიერი კაცის გულში ამოსული მზით; რომი იწყება ტრევის მოედანზე, ღამით, კაცის თავში ჩასული მთვარით.

რომი იწყება... 

ზეროტუსტრა შადრევნის ბასეინიდან ამობობღდა. „ცრემლის ტბა“ - გაიფიქრა, - „ტკბილი ცხოვრება ცრემლების ტბაში! ვინ იცის, რამდენს ნატრობდნენ მამიჩემი და მისი ძმაკაცები, რომ ამ წყალში მდგარიყვნენ ანიტას გვერდით, და რამდენს ნატრობდა დედიჩემი და მისი დაქალები, რომ ამ წყალში მდგარიყვნენ მარჩელოს გვერდით... მე კი განკაცებაზე ვოცნებობდი, როგორც ხის მორიდან გამოთლილი ბიჭი პინოქიო...“

ცალი ფეხი უკვე ამოდგმული ჰქონდა, როცა ჩაესმა:

„ცალი ფეხი სამარეში გიდგას და შენ კი ჯერაც არ შეგიმოსავს უბრალოება და სულის სიმშვიდე!“

წინ ძუ მგლის დრუნჩი დაინახა, რომელიც უღრენდა. ძუ მგელზე კი პინოქიო იჯდა და ღაღადებდა...

„მიიქეც სხვა ხალხებისა და ეპოქების ეპიტაფიების ჭვრეტად: და გულისხმაჰყავ, ამაო ბრძოლით ღონემიხდილი რამდენი კაცი დაეცა და დაიშალა შემადგენელ სტრიქონებად!“

ეს რა მარკუს ავრელიუსის ციტატებით მელაპარაკება, ჩემი პინოქიო, გაიფიქრა ზეროტუსტრამ.

„ჰო - საკუთარი ეპიტაფიის შემადგენელ სტრიქონებად ვიშლები...“ - დაეთანხმა პინოქიო და მეორე ფეხიც ამოყო ავზიდან, - “და კიდევ, მეც ის ხისთავა თოჯინა ვარ, რომელმაც ჭრიჭინა მოკლა ჩაქუჩით...“

ძუ მგელი ისევ უღრენდა, თეთრ ეშვებს აელვებდა...

ზეროტუსტრა კი ამღერდა:

„ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინებიიიი და ჭრიჭინში ათენებენ ღაააამმეეეს... ჰოოო, კატეგორიული იმპერატივის ჭრიჭინა, ჩაქუჩით მოკლული...“

პინოქიომ შეხედა:

„ისე, შენც კაი გრძელი ცხვირი გქონია...“

ზეროტუსტრამ მიუგო:

„ჰო, კავკასიური ცხვირი, ალეგზანდრ დიუმას მიერ განდიდებული... ერთი, თუ ძმა ხარ, სასტუმროში მიმიყვანე სადმე, თავი რომ დავდო და დავიძინო, თორემ კარგა დიდი ევროპული კანალიზაცია გამოვიარე - ბრიუსელიდან აქამომდე...“

პინოქიო:
„წაგიყვან, ოღონდ, ჯერ ვატიკანში გავიაროთ, იქ ევროპის მამის - შარლემანის კურთხევაა რომის პაპაის მიერ...“

ზეროტუსტრა:

„არ მინდა, არა; ვიცი იქ რაც იქნება: ევროპის დაბადება, გაერთიანება, მერე ნაპოლეონმაც და ჰიტლერმაც რომ მოინდომეს, და ასე შემდეგ, მერე გამოვა ჯამბაზების კავალკადა და ბოლოს ზეზვა და მზია იცეკვებენ, როგორც დასაბამიერი დემოკრატები...“

„ზეზვა და მზია ვინღა არიან?“ - ჰკითხა პინოქიომ.

„სასტუმროში წამიყვანე, გეთაყვა,“ - უთხრა ზეროტუსტრამ, -„სადმე წამიყვანე, პრიაპოსის ქურუმი ქალი კვარტილა რომ შემომეჭრას და სექსუალურად რომ დამადუღოს...“

მერე გაიფიქრა: მისი უსახელო აღმატებულება, ქალბატონი შავი ხვრელი, აი, რა მინდა და აი, ვის უნდა შევხვდე ამაღამ...

პინოქიომ მიუგო:

„ტრიმალქიონის ნადიმზე არ გინდა? უზარმაზარი მოხარშული ღორის გაფატრული მუცლიდან გამოფრენილი შაშვებით?“

„საჭმელზე უარს არ ვიტყოდი, სადმე... და სასმელზეც...“ - დაეთანხმა ზეროტუსტრა.

ამ დროს, ქუჩაზე, რომელსაც ისინი მიუყვებოდნენ, მწითურმა, თმაშეთხელებულმა, საშუალოზე დაბალი ტანის კაცმა ამოუხვია. ძუ-მგელზე შემომჯდარი პინოქიო არ გაჩერდა და გზა განაგრძო. ზეროტუსტრა კი შედგა, ის მწითური კაცი იცნო.

მწითური მიაბიჯებდა, ხელში გრაპას პატარა ბოთლი ეკავა, იმას წრუპავდა და თავისთვის ლაპარაკობდა:

    „Лесбия, Юлия, Цинтия, Ливия, Микелина.

    Бюст, причинное место, бедра, колечки ворса.

     Обожженная небом, мягкая в пальцах глина -

     плоть, принявшая вечность…“

ზეროს გვერდით ჩაუარა, არც შეუმჩნევია.

„ბროდსკი, როგორც ასეთი...“ - გაიფიქრა ზერომ, - „უფრო ზუსტად, როგორც ვერგილიუსი!“ - და უკან დაედევნა...

თავში ელეგიაბის ნაგლეჯები უტრიალებდა, სადაც რომი გონების თვალის კრისტალის ზომამდე მცირდებოდა და მერე უსასრულობად იშლებოდა: ზაფხულის მზით გავარვარებულ გორაკთა კრამიტი, ქორები, როგორც კვადრატული ფესვი უსასრულო ციდან ამოღებული, თევზი, რომელსაც ხერხემალი და ქერცლი აერია, ტორსოს ანონიმურობა, ვიწრო ქუჩა - ბემოლით შესუდრული, , რამდენ სინათლეს იძლევა ღამით სიბნელესთან შერეული მელანი, უზარმაზარ აისბერგში ჩაყინული პიანინო, [...] და მერე ისევ: Я был в Риме. Был залит светом. Так, как только может мечтать обломок!

უცებ, ბროდსკიმ რომელიღაც ბნელ სადარბაზოში შეუხვია და გაუჩინარდა. ზეროტუსტრა იდგა და სადარბაზოს წყვდიადში იყურებოდა. იქ არავინ სჩანდა, მხოლოდ ამ სიტყვებმა გაიჟღერა: „Талантливый он человек, пожалуй. Но, тяжело читается, однако!”[1]

ისევ მარტო გაუყვა ქუჩას. აქა-იქ ჩნდებოდნენ: თორმეტი კეისარი - იულიუსნი და ფლავიუსნი - თავიანთი სვეტონიუსით, კატულუსი, პლინიუსები - უფროსი და უმცროსი, ძმები გრაქხუსები, ავგუსტე, კრასუსი, მარკუს ანტონიუსი, პომპეუსი და ლუკულუსი, სციპიონ აფრიკელი, კიკერონი, კატონი, ნერონი, აგრიპინა, დრუზილა, მერე სენეკა, პლავტუსი, ტაციტუსი, პეტრონიუსი, ვერგილიუსი, ოვიდიუსი და გრეგორი პეკი და ოდრი ჰეპბერნი…

მოშივდა. იქვე რესტორანს მოჰკრა თვალი და შევიდა. რესტორნის კედლებზე ხატებად  გამოესახათ ანა მანიანი, კლაუდია კარდინალე, ალბერტო სორდი, ჯულიეტა მაზინა, ფედერიკო ფელინი და ა.შ. ღვინო შეუკვეთა: ლაციოს მალვაზია, თეთრი მშრალი. ზღვის პროდუქტების ასორტი: პატარა რვაფეხებითა და კალმარ-ლანგუსტებით. ყველიც - კაცობრიობის ხელთუქმნელი კულტურული მემკვიდრეობის გვირგვინთაგანი...

კერძებს მიეძალა და ღვინოც მალე ჩაცალა. კიდევ ერთს დავუკვეთავო, გაიფიქრა, ვერ იტანდა ცარიელ ბოთლებს, სძაგდა.

უცებ ბოთლში რაღაც ამოძრავდა. ზეროტუსტრა ჯერ შეცბა, მერე ბოთლი აიღო, თვალებთან ახლოს მიიტანა და შეიჭყიტა. ბოთლში პატარა ქალი იჯდა - დაჩამიჩებული დედაბერი და ხელებს აფათურებდა ბოთლის კედელზე:

„ვინა ხარ?“ - ჰკითხა ზეროტუსტრამ.

„კუმეს სიბილა!“ - წრიპინით უპასუხა ბოთლიდან ბებრუხანამ და დასძინა - „ბედი გქონია, ღმერთებმა კარგი თვალით გადმოგხედეს: სათანადო დროს, სათანადო ალაგას აღმოჩნდი და ეს ბოთლიც სათანადოდ დაგიდგეს წინ...”

ჰო, ის იყო - კუმეს სიბილა, ბოთლში მჯდარს რომ დაატარებდნენ ძველ რომში: კუმეს სიბილა, რომელსაც სიკვდილი სწადდა და ვერა კვდებოდა! ჰო, ჰო, გახსოვს, სულ პატარა რომ იყავი და ბებიაშენმა ქალების აბანოში რომ წაგიყვანა და ერთმა, აბანოთი გახვითქულმა დეიდამ, რომ გკითხა, მკაცრად, შენ აქ რა გინდაო?! ... აი ახლაც ეგ შეკითხვა დგას - რომში ხარ, მარადიულ ქალაქში, სადაც ამდენი კულტურა დაიბადა და მას მერე ვერ კვდება, ამდენი კულტურა, და შენ აქ რა გინდა, შე ვირო, შენა?! შე, ოქროს ვირო! ეს გაიფიქრა ზეროტუსტრამ...

 „აქედანვე გაფრთხილებ,“ - განუცხადა სიბილამ, - „წინასწარმეტყველებებს მოვეშვი, ჰო, მოვეშვი! ახლა ფსიქოანალიზზე გადავერთე, რაც იგივეა რაც წინასწარმეტყველება - წარსულიდან დანახული მომავალი!“

„მერე, რას გეუბნება ჩემი წარსულიდან დანახული ჩემი მომავალი?“ -  ჰკითხა ზეროტუსტრამ.

„რას უნდა მეუბნებოდეს? ხორცის და სასმელის გარდა აღარაფერი გაინტერესებს,“ - მიუგო დაჩამიჩებულმა დედაკაცმა, - „ხორცში ქალებს ვგულისხმობ... ძუძუებს, თეძოებს... და იმასაც, რაც ქალებს ფეხებსშუა აქვთ, უ ჰუ ჰუუუ...“

„მაინც, რას მეტყვი?“ - ყასიდად იკითხა ზეროტუსტრამ.

„რას და - იყო ერთი ჩემოდანი, რომელშიც რა იდო, არავინ იცოდა. მერე, ერთ მშვენიერ დღეს, ეს ჩემოდანი ვიღაცამ მოიპარა. კარგა ხნის მერე ეს ჩემოდანი იპოვეს და რომ გახსნეს, ნახეს, რომ შიგ არაფერი იყო, და ისიც ნახეს, რომ ეს ჩემოდანი არავის მოუპარავს...“ - სხაპასხუპით უპასუხა სიბილამ.

„ჰიჩკოკის კინოსავითაა, აი...“ - თქვა ზეროტუსტრამ.

„შენზეა, შენზე!“ - უთხრა სიბილამ, - „არაფერს დაეძებ, არაფრისკენ მიილტვი, ცარიელი ჩემოდანისკენ...“

„მე და რამე! მე და რამე...“ - ჩაილაპარაკა ზეროტუსტრამ.

„კუპიდონისა და ფსიქეს ამბავია ეგეც, შე მართლა ვირო, შენა!“ - განუცხადა ჩამიჩა ქალმა და განაგრძო, - „ოღონდაც, შენ როგორც ფსიქე, როგორც სამშვინველი, ვიღაცის (როგორც ჩანს - კუპიდონის) ხელში მყოფი რაღაცა საკრავის ნახვრეტებში ჰქროლავ და სხვადასხვა ბგერებს გამოსცემ... გინდა, ერთი ამბავი გიამბო?“

„მინდა...“

„აბა, ყური უგდე: იყო და არა იყო რა, იყო ერთი უდაბნო, რომელიც მავან კაცში ცხოვრობდა,“ - დაიწყო სიბილამ, ზედროულმა, - „ის უდაბნო ისეთი იყო, პატარაობიდანვე, რომ თავისით ფართოვდებოდა. ხოლო ის კაცი არ იყო ცუდი კაცი და იმ უდაბნოშიც ზოგჯერ აქლემთა ქარავანი ჩაივლიდა ან, ოაზისები აღმოცენდებოდნენ. მაგრამ უდაბნო მაინც ფართოვდებოდა და ფართოვდებოდა. ერთხელაც, იმდენად გაფართოვდა, რომ კაცს პირიდან, ყურებიდან და ნესტოებიდან ქვიშა წამოუვიდა - მოდიოდა და მოდიოდა... ვაი იმას, ვინც გულით უდაბნოს დაატარებს!“

„რატომ?“ - უცნაურად იკითხა ზეროტუსტრამ.

„იმიტომ, რომ ეგ უდაბნო მერე ცხვირპირიდან გადმოუვა!“ - უპასუხა სიბილამ და განაგრძო, - „ის უდაბნო გადმოდიოდა და გადმოდიოდა, ბოლოს თითქმის მთლიანად დაფარა ის კაცი, მთელი ტანი დაუფარა, მარტო თავიღა უჩანდა ქვიშიდან. იდო ეს თავი და თაკარა მზეზე იხვითქებოდა - პირზე დუჟი მოადგა ბოლოს, რაღაცას ლუღლუღებდა... და ამ დროს, უდაბნოში ერთი ქალი გამოჩნდა...“ - და სიბილა გაჩუმდა - ნიშნის მოგებით...

ზეროტუსტრამ არაფერი თქვა. და სიბილამ განაგრძო:

„ეს ქალი იყო ღმერთი, რომელიც ამ კაცისთვის ეწამა, ჯვარს აცვეს, მოკვდა და მერე მკვდრეთით აღდგა! თვალმიუწვდენელი იყო ამ ქალის სილამაზე, რომელიც გამოჩნდა უდაბნოში და ქვიშაში ჩაფლულ კაცს ჩაუარა...“

„ჩაუარა,“ - გაიფიქრა ზეროტუსტრამ და თქვა, -„ღმერთები წავლენ და წამოვლენ, უდაბნო კი დარჩება! დარჩება, ჩემო დანო და ძმანო და ჩემო მეგობარო, თანამოაზრე, ერთგულო და იდენტობის არმქონე ხალხო! დარჩება! და რა კარგია, რომ დღეს, აქ, ამ ღვინით ვთვრები, თქვენთან ერთად! ხოლო სიხარულის ამ განცდას მოაქვს სევდა, უძირო, როგორც უმთვარო ღამე...“

თითქოს მართლა ზარატუსტრა დაემართაო... კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ამ დროს მის მაგიდას ვიღაცეები შემოუსხდნენ. ვიღაცეები კი არა, ისინი იყვნენ -  პეტრონიუსის სატირიკონიდან:  კვატრილა იყო, თავისი აშაღლარა გოგოებით და ის კინაიდოსი - სქლად რომ ედო ფერუმარილი, სახის ოფლში დადღაბნილი!

ისე, პირიქით უნდა მომხდარიყო: ჯერ ეს ალქაჯები უნდა შემოსხდომოდნენ სუფრას და მერე უნდა დამართნოდა ის ზარატუსტრა ზეროს... მაგრამ - სწორედ ასე მოხდა, და ზეროტუსტრას შეზარხოშებული თვალთახედვის არეში შავწვერა თეთრმა ბოცვერმა გაიელვა!

კვატრილა კალთაში ჩაუხტა ზეროტუსტრას და სახეს ულოშნიდა - „ამ შუა რომში, რა უდაბნო აგიტყდა, საყვარელო?“ ხოლო, ის ქალ-კაცი კინაიდოსი კი თეძოებზე ებღლარძუნებოდა, მისი ხვანჯრის ჩახსნასაც ცდილობდა...

ზეროტუსტრა კი გაიძახოდა ისევ:

„და რა კარგია, რომ დღეს, აქ, ამ ღვინით ვთვრები, თქვენთან ერთად! ხოლო სიხარულის ამ განცდას მოაქვს სევდა, უძირო, როგორც უმთვარო ღამე...“

ხო, რაღაცა მცირე აფეთქებამ ყველაფერი აურია, ერთბაშად - ადგილის, დროისა და მოქმედების კლასიკური ერთიანობა დაირღვა და... ზეროტუსტრამ აღმოაჩინა, რომ იმ ტავერნაში კი არ იჯდა, სადაც კუმეს სიბილა ებაასებოდა ბოთლიდან, არამედ -მიღებაზე იყო - ოფიციალურ რაუტზე - შარლემანის დმანისური წარმომავლობის აღსანიშნავად ორგანიზებულ რაუტზე!

და იქ ამბობდა სიტყვას:

რომ საქართველო დღეს უბრუნდება ევროპულ ოჯახს. უბრუნდება არა როგორც უძღები შვილი, არამედ როგორც უძღები ბიძა! დიახ, როცა ევროპა თავის ბერძნულ-რომაულ აკვანში იწვა, დედ-მამასთან ერთად იმ აკვანში მწოლიარე ევროპას თავს ევლებოდა მოსიყვარულე ბიძაც - Uncle Toby, Дядя Ваня! მაგრამ, ჟამთა ვითარებაში, გარემოებათა გამო, ამ კეთილმა ბიძამ, საქართველომ, ერთ მშვენიერ დღეს მიატოვა თავისიანები და სახლიდან წავიდა: წავიდა და გადაიკარგა... და დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა ოჯახში - ნალოთავებ-ნაბოზავებ-ნაოღრაშალი და ..  - ასე იტყოდა ზეროტუსტრა!

მიღება იმართებოდა განათებულ კრისტალში, შუშის მოდერნულ კონსტრუქციაში, ძველი სამხედრო შენობის თავზე: აქ ირეოდა ახალი რომაული არისტოკრატია, ჟურნალისტები, ბიზნესის ხალხი; მათ შორის იყო ის ქალიც - მისი აღმატებულება წადილის ეს მკაფიო საგანი, ზეროტუსტრას წადილისა, ქალი, რომელიც ხიბლავდა ზეროტუსტრას და იზიდავდა მას, რადგან ხანში შესულ მამაკაცს იზიდავს ახალგაზრდა ქალი, რადგან ამ ხნის მამაკაცი უკვე გრძნობს, რომ მისი ლიბიდო თანდათან იწრიტება, ხშირ შარდვასთან ერთად! ჰო,  ნება შარდვისადმი, ნიცშესეული ფრაგმენტიდან:  ჯერ უცებ აღმოცენდება წნეხი და წნევა, შემდეგ გვეძლევა არხი, რომ მისგან გავთავისუფლდეთ, მესამე - არსებობს ჩვევა, რომ ეს არხი გამოვიყენოთ ხოლმე, მას შემდეგ რაც გონება მას ხელს მიაწვდის. თავისთავად ამ წნეხსა და წნევას არაფერი აქვს საერთო შარდის ბუშტის დაცლის ნებელობასთან: ის არ ამბობს "მე მინდა" ("ich will"), არამედ მხოლოდ ამბობს - "მე მტანჯავს" ("ich leide")... ჰო, ზეროტუსტრას ტანჯავს წადილის ეს ბუნდოვანი საგანი, უფრო ზუსტად - ბუნდოვანება ტანჯავს და არა საგანი, გაურკვევლობა - რა უნდა მისგან, ან საერთოდ - უნდა თუ არა? ჰო, ლიბიდო ეწრიტებოდა თანდათან და ეს სწორედ აქ, რომში შეიგრძნო ყველაზე მძაფრად, იმიტომ რომ რომი ლიბიდომ ააშენა, დიახ, ლიბიდომ და არა ძალაუფლების ნებამ, ან მევახშეობამ, რადგანაც ძალაუფლების ნება ანგრევს, მევახშეობა ხეირობს, და მხოლოდ ლიბიდოა აღმშენებელი, მხოლოდ ლიბიდოა, რაც ქმნის...

კოქტეილი „ნეგრონი“ - შესანიშნავი აპერიტივია, მადის აღმძვრელი „ნეგრონი“ - ორი წილი კამპარი და ვერმუტი როსო და ჯინი, ველური ლიმნით! ბარმენს კამპარის და ვერმუტის ბოთლები ცალი ხელით ჩაეპირქვავვებინა ჭიქაში, სადაც ჯინი უკვე დაესხა ყინულის კუბებზე: მამაკაცის ძალაც ეგეთი უნდა იყოს - ყვერები, როგორც კამპარი და ვერმუტი როსსო, ხოლო პენისი, როგორ ჯინი, ღვიას ნაჟური!

საპირფარეშოს კართან ზარხოში ქალები დგანან და რიგს ელიან: მინი-კაბებიდან გადმოზრდილი მსხვილი ბარძაყებით, помнишь, Постум, у наместника систрица - худощавая но с полными ногами... ეგრეა, პოსტუმუს, ლიბიდო აშენებდა რომს, და არა ძალუფლების ნება, ან მევახშეობა!

ასე ფიქრობდა ზეროტუსტრა.

 

*

და იმ ორმოდან ზეროტუსტრამ თავი ამოჰყო პარიზში, ჰო, - ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბში, რომელსაც სხვა პარიზული გვირაბებივით, არსაით მიჰყავდა კაცი...

გვირაბის კედელზე კიბე იყო - რკინისა. იმ კიბეს აუყვა, თავით ლიუკს მიებჯინა და გარეთ გაძვრა.

სადღაც პარიზის ხვთისმშობლის ტაძრის მიდამოს ამოჰყო თავი - ნოტღ-დამ-დე-პაღი: იქ, სადაც ამჟამად იმყოფება სახელოვანი წიგნის მაღაზია Shakespeare and Company. უფრო ზუსტად, ხიდზე იდგა ორ სამყაროს შორის: მაღალ შუასაუკუნოვან გოთიკასა და მაღალ მოდერნიზმს შორის. მოაჯირთან ეშხიანი, ქერა სლავი გოგო სელფებს იღებდა ტაძრის ფონზე და კუდუსუნს ათამაშებდა.

ამ დროს, ხიდზე პანურგი გამოჩნდა. სწორედ ისეთი, როგორადაც იგი პარიზში ჩასულმა პანტაგრუელმა იხილა - პირველად: ახოვანი და წარმოსადეგი, ოღონდ ისერიგად თავპირდალებებული და შემოგლეჯილ-შემოფლეთილი, რომა უცილოდ ჰგონებდით, ან ძაღლით უთრევიათო, ან არადა პერშისა მხარეში ვაშლი უკრეფიაო.

“Ave Panurgus!” - მიესალმა ზეროტუსტრა.

პანურგი მიუახლოვდა, აათვალიერ-ჩაათვალიერა, მერე ახლოს მიიწია და შესძახა:

„ბაბაბადალინდქუხიაიაპმეხნფინქუხბერძმეხიტალგვრგვინიადიალექტქუხპრორტქუხილვარუნანშვედქუხდანმეხგელმეეხ!“

და მოწმენდილ ცაზე მართლა გავარდა მეხი, მერე ირგვლივ დიდრონი წვეთები წამოვიდა და ჰაერში ოზონის საამო სურნელი დატრიალდა.

აი მესმის მისალმება, გაიფიქრა ზეროტუსტრამ, ცამ ქუხილი დაიწყო!

მერე უცებ პანურგმა ხელკავი გაუყარა და პლეხანოველი ნარკომანივით წინ წახრილმა, საქმიანი სახითა და ჩქარი ნაბიჯით, წაიყვანა - ხიდის თავისკენ. იქ, ხიდის თავთან ერთი კრეოლი იდგა და სოპრანო საქსოფონს უკრავდა - სიმღერას, რომელიც ზეროტუსტრამ ეგრევე იცნო - სიდნი ბეშეს Si tu vois ma mere… გვერდით ტანდაბალი, გამხდარი, პირწავარდნილად ებრაული გარეგნობის სათვალიანი კაცი ედგა და კლარნეტს აკვნესებდა - იუმორ-სევდიანი აშკენაზური კლეცმერის ყაიდაზე.

ამათგან მოშორებით, მცირე ფოლორცზე, გარეთ გამოტანილ მაგიდებს შორის შეზლონგში იჯდა შუახნის კაცი, სქელ ლინზებიანი სათვალით, და ფეხები ცხელი წყლით სავსე ტაშტში ჩაეწყო. მის წინ ჩაცუცქულიყო ახალგაზრდა ქალი - „ვერტიხვოსტკას“ თმის ვარცხნილობითა და მოკლე კაბით, და ფეხებს უბანდა, როგორც ოდისევსს დაჰბანა ფერხნი ნავსიკაემ...

შუახნის კაცმა ბადურა-ჩამოშლილ თვალთა მფარავი სქელი ლინზები ზეროტუსტრას მიაპყრო და უთხრა... არა, უბრალოდ უთხრა კი არა - მან იმღერა, როგორც რაფსოდები მღეროდნენ ჰეკზამეტრ-პენტამეტრებად გაწყობილ ამბებს:

„დიახ, გელურ-ქართული პროტო-იბერიული ერთობა! დიახ, მეტი ევროპა საქართველოში! დიახ, მეტი საქართველო ევროპაში! დიახ, ჯოისები გურიიდან არიან - სიხარულიძეები არიან... ჰოდა, ყოველი გურული კი ავანგარდისტია, მოგეხსენებათ... ხოლო თქვენი სიხარულიძეები ირლანდიიდან არიან, დიახ - ჯოისები არიან. დიახ, ყოველი ირლანდიელი ცოტა გარეკილია, გურულივით... ეგ თქვენი მხარეც მოვლილი მაქვს წარმოსახვით, მტკვარ-არაქსის კულტურასაც და ა.შ., ვიცნობ! რაც უფრო შორია კულტურა, მით უფრო ახლოა ჩემთან, რამეთუ მიზიდავს. ასე იცის ავანგარდმა და გარეკვამ! მაგალითად, ის რაც თქვენთან მეჩვიდმეტე საუკუნეში დატრიალდა - დასავლეთ საქართველოში - გარეკილი ავანგარდია. სულ 30 წლის განმავლობაში იმერეთის ტახტზე 12-ჯერ აიყვანეს მეფე, ამათგან სამი მოკლეს, დანარჩენები განდევნეს. ეს ისტორია კი არაა - როგორც გონის თვითშემეცნება - არამედ რაღაცა შეშლილი ღმერთის ცნობიერების ნაკადია! განსაკუთრებით ის ეპიზოდები, სადაც ფიგურირებს ვახტანგ-მეხუთე-შაჰნავაზის ძმისშვილი, ვინმე დედოფალი თამარი - დასავლეთ-საქართველოს არისტოკრატიის წადილის მკაფიო ობიექტი, დიახ, ანა ლივია პლურაბელ, დიახ - ერთიდაიგივე მდინარე, რომელშიც ბევრს უნდოდა რამდენჯერმე შესულიყო... დადიანები, გურიელები, აბაშიძეები, ლიპარტიანები... იმ ხანად იმერეთს ჰყავდა ბაგრატ მეფე, რომელსაც დედინაცვალმა დარეჯანმა თვალები ამოუწვა, დედინაცვალმა  დარეჯანმა - ეგრევე ვინმე ვახტანგ ჭუჭუნიაშვილი რომ დაისვა გვერდით და მეფედ გამოაცხადა. მერე ჩნდება არჩილ მეფე - იმერეთის თავადებმა რომ გაამეფეს ახალციხის ფაშას დახმარებით. ის დარეჯანი ჩამოაგდეს და დასვეს არჩილი. მერე არჩილიც მალევე ჩამოაგდეს - ოსმალეთის მოთხოვნითა და ირანის შაჰის ბრძანებით - და იმერეთის ტახტზე ისევ უსინათლო, თვალებამომწვარი ბაგრატი დასვეს. მერე ლევან-შამადავლე მესამე დადიანი შეებრძოლა ბაგრატს, მაგრამ დამარცხდა და ეს ლევან დადიანი ცოლს გააშორეს - იმ ულამაზეს თამარს: სხვა ქალი (თამარისავე და) შეუგზავნეს საძინებელში და მერე თავზე დაადგნენ. მერე ეს თამარი აიღეს და უსინათლო, თვალებამომწვარ ბაგრატს შერთეს. მაგრამ, თამარის დაკარგვით გახელებული ლევან დადიანი და მისი სილამაზით მოხიბლული გიორგი გურიელი მაინც ებრძოდნენ უსინათლო ბაგრატს. გიორგი გურიელმა დაიახლოვა ახალციხის ფაშა და ბაგრატს შეუტია. მერე ბაგრატმა თავად შეუტია გურიელს, დაამარცხა და თავისი ქალიშვილი დარეჯანი, რომელიც თამარისგან ჰყავდა, შერთო ცოლად. მერე ისევ გამოჩნდა არჩილ მეფე და იმერეთის ტახტზე დაჯდომა მოიწადინა. ლევან დადიანი დაუდგა გვერდში. არჩილმა და დადიანმა ჩამოაგდეს უსინათლო ბაგრატი და არჩილი გამეფდა. არჩილმა თამარი ისევ ლევან დადიანს დაუბრუნა. მერე ბაგრატმა ისევ შეუტია სამეგრელოს, წაართვა ცოლი (თამარი) ლევან დადიანს და ხელახლა შეირთო. მალე დადიანიც გარდაიცვალა და ბაგრატიც და ასპარეზი გიორგი გურიელს დარჩა, რომელიც იმერეთის მეფედ ეკურთხა და ეგრევე შეირთო ცოლად თავისი ყოფილი სიდედრი თამარი. მერე ბაგრატის უკანონო შვილი ალექსანდრე დასვეს ტახტზე, გურიელი გურიაში გაიქცა, თამარი სამეგრელოში და იქ მშობიარობას გადაყვა. თქმულ არს ამა თამარისათვის: ოდეს იქმნა მიდგომილ ამა გიორგი გურიელისა - თავის სიძისაგან, შვა ცეცხლი და მოკვდა... დიახ, ანა ლივია პლურაბელ... მაგრამ, ისმის კითხვა: ბაგრატს როგორ შეუყვარდა თამარი? აკი არც ენახა - თვალები ჰქონდა ამომწვარი. მხოლოდ ერთი ვინმე გაენათელი ეპისკოპოსის მონაყოლით იცოდა მისი გარეგნობის, მისი სილამაზის ამბავი, ხოლო ეს ეპისკოპოსი თავადვე იყო იმ თამარის ერთ-ერთი მნერბავი, ბეეეეე... ამდენად, თამარისა და ბაგრატის შემთხვევაში მართლაც გვაქვს საქმე წადილის ბუნდოვან ობიექტთან, რომელსაც ესწრაფვის ადამიანი, როგორც ასეთი! ეს მონაკვეთი თქვენი ისტორიისა, ეს დრამა - თამარის ირგვლივ განვითარებული - მთელი თქვენი ისტორიის კვინტესენციაა და თქვენი დღევანდელობაც მანდ უნდა ამოიკითხით! თუმცა, ეს კაცობრიობის კულტურის პარადიგმაცაა, დიახ... გაუმარჯოს მალიგანის მამიდას!

და იმ გოგომ, იმ „ვერტიხვოსტკა“ გოგომ, ფეხებს რომ ბანდა, ტაშტი ამოაყირავა და ფეხნაბანი წყალი ასფალტზე - კოხტად დაგებულ ევროპულ ასფალტზე გადმოღვარა...

„ბაბაბადალინდქუხიაიაპმეხნფინქუხბერძმეხიტალგვრგვინიადიალექტქუხპრორტქუხილვარუნანშვედქუხდანმეხგელმეეხ!“ - ისევ დაიქუხილა პანურგმა.

„შაქსპირსა და კამპანიას გაუმარჯოს! გაუმარჯოს!“ – გაისმა უცებ შეძახილები.

კრეოლმა და აშკენაზიმ თავიანთ ინსტრუმენტებს ძალუმად ჩაჰბერეს - მხიარულ ჰანგზე - და ქუჩაში ფაეტონი გამოჩნდა.

ფაეტონში კარგა შეზარხოშებული პუბლიკა ისხდა, მაგრამ სულ ნაცნობი ხალხი: ეზრა პაუნდი, ერნესტ ჰემინგუეი, ტომას ელიოტი, გერტრუდ სტაინი, ცოლ-ქმარი ფიცჯერალდები, ალისტერ კროული, ფორდ მედოქს ფორდი, პაბლო პიკასო, სალვადორ დალი და ლუის ბუნიუელი. ხოლო კოზლაზე, მეეტლედ, თავად შექსპირი იჯდა - შუბს იქნევდა და აჩუ-აჩუს იძახდა...

ფაეტონი ჩამოდგა - იქ, სადაც ზეროტუსტრა და პანურგი იდგნენ, იმათ პირდაპირ. სქელლინზებიანმა კაცმაც იქითკენ გაიხედა. კრეოლ-აშკენაზიმ სოპრანო-კლარნეტ-დუდუკზე ბაიათი წამოიწყეს და ფაეტონიდან ახოვანი, მწყაზარი და გიჟი ეზრა პაუნდი აღმოიმართა, თავის სიმღერით:

ფუ ის უყვარდაააა

ცა ღრუბლიანი და გორაკებიიიიი

საუბედუროოოთ ალკოჰოლმა

იმსხვერპლა იგიიი...

ლი პოოოოც, ლი პოოოც

ნასვამი დაიღუპააააა

იგი მთვარეს გადაეხვიააა

ყვითელ მდინარეშიიიიიიიი!“

„ა ჯააააან!“ - მის უკან შესძახა ტომას ელიოტმა და განაგრძო:

ჩვენა ვართ ფუტურო კაცებიიიიიი

თავი გვაქვს სავსე ჩალითაააა...

ჩვენა ვართ ფუტურო კაცებიიიიიი

თავი გვაქვს სავსე ჩალითაააა...“

ამაზე კი ჰემინგუეიმ დაურთო:

ჰო და ნუ მკითხავ, ძმაო, ვის უხმობს ზარიიიი

ძმაოოო მშვიდობიიით, მშვიდობით ძმაოოოოო...“

ფრენსის სკოტ-ფიცჯერალდმა მთვრალი ზელდა გვერდზე გადადო და წართქვა:

„ვიცი, რომ ტფილისი პატარა პარიჟია!“

რაზეც ჰემინგუეიმ კვერი დაუკრა:

„ტფილისიც ერთი გაუთავებელი ქეიფია, როგორც რომ პარიჟი!“

აქ კიდევ სალვადორ დალი წამოიჭიმა თავისი სტეკით, მაღლა აღაპყრო და განაცხადა:

„დიახ! მე კავკასიიდან ველი დიდ გეოპოლიტიკურ ბავშვურ ამბებს, მე ვიყო მარტორქა!“

ლუის ბუნიუელი, სიმთვრალით მოჭუტული, წამობარბაცდა და ზეროტუსტრას უთხრა:
„თვალში რომ ჩამივარდე, ხელს არ ამოვისვამ, იცოდე...“ და დაასლოკინა.

რასაც ალისტერ კროულისგან წამოსული შეძახილი მოჰყვა:

„მოგიტყანთ გურჯიევი!“

„აჩუუუ, ცხენო! მთელ ჩემ სამეფოს გამოვდივარ!“ - დასჭექა შექსპირმა და ფაეტონი ჯერ ადგილს მოსწყდა და მერე თვალსაც მიეფარა, ტენორ-კლარნეტ-დუდუკის ფონზე...

ზეროტუსტრა იდგა დამუნჯებული, როგორც რომ უმწიფარი ბიჭი, ბოზმა ქალმა კაბა რომ აიწია და რაღაცა რომ დაანახა, „ის რამე“...

ამ დროს, ისევ გაისმა პანურგისეული ჭექა-ქუხილი:

„ბაბაბადალინდქუხიაიაპმეხნფინქუხბერძმეხიტალგვრგვინიადიალექტქუხპრორტქუხილვარუნანშვედქუხდანმეხგელმეეხ!“

ზეროტუსტრამ სული მოითქვა და თქვა:

„სადმე ხამანწკები რომ გავსინჯო, იქნება ეგ საქმე, ძმობილო პანურგ, ჰა?“

რატომ, მაინცადამაინც, ხამანწკა? იმიტომ რომ, „ის რამედაანახეს, ხოლო გადახსნილი ხამანწკა მართლა ჰაგავს მაგას და... კუნილინგუსი სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ... - ფიქრობდა ზეროტუსტრა, როცა იჯდა ერთ პატარა, კოხტა კაფე-რესტორან-ბრასერიაში, სახელწოდებით „ბუკინისტი“, მიშელინ-ვარსკვლავიანში, სუფთა და კარგად განათებულ ალაგას, და ხამანწკებს ელოდა, თეთრი ბორდოული ღვინით, ხოლო პანურგი სადღაც გამქრალიყო, როგორც სჩვეოდა ხოლმე...

ცხოვრებაში პირველი ხამანწკა დანით გადახსნა, ლიმონი დააწურა და შეხვრიპა - სიფთაზე! და უცებ გაახსენდა - პირველი კოცნა, ნაღდი, ღრმა, ფრანგული, „ზასოსი“, დიდი ხნის წინ, სკოლის გამოსაშვებ საღამოზე, თანაკლასელმა გოგომ რომ დაურტყა! ცეკვავდნენ, თითქმის ჩაბნელებულ ოთახში, გვერდით სხვა წყვილებიც ცეკვავდნენ, და უცებ ბიჭმა იგრძნი, რომ რაღაცა მხურვალე და ლორწოვანი შეუძვრა პირში, გააოგნა, გააბრუა, და მოვარდნილმა სიამემ ერთბაშად ჩასწყვიტა გულ-მუცელი... მერე ამ სიამესთან ნაზავმა სიხარულმა უკან მოაბრუნა, გონება გაუნათა და ახლა ბიჭმა შეუსრიალა ენა, შეუთამაშა, ღრმად, უპასუხა, პირველი სიტყვა თქვა, როგორც ტაძრის მრავლისმცოდნე როსკიპის მიერ განკაცებულმა ენქიდუმ...

აი, თურმე, რა შესძლებია ხნიერ ასაკში პირველად დაგემოვნებულ ხამანწკას, იმ სახელოვანი ჩაისა და მადალენას ნამცხვრისა არ იყოს! ჰო, ამ პარიზში ყველაფერი ხელოვნებაა, ფერწერა და ბელეტრისტიკა! - გაიფიქრა ზეროტუსტრამ და თეთრი ბორდოული ჩაიპირქვავა...

 

 

 



[1] ბროდსკის კომენტარი, მავანი ქართველი ავტორის ტექსტი რომ წაიკითხა. (ზ.ქ.)

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE