ხარკი სტატისტიკას


ხარკი სტატისტიკას




სარეკლამო პროსპექტი

 

მე დამამშვიდებელი აბი ვარ.

ვმუშაობ სახლში,

სამსახურში (შესანიშნავ შედეგებს ვაღწევ),

ვაბარებ გამოცდებს,

გულდასმით და ფრთხილად ვაწებებ გატეხილ ჭურჭელს  -

მხოლოდ მიმიღე, როგორც წამალი,

ენის ქვეშ დამადნე,

მხოლოდ მიმიღე,

მხოლოდ წყლის ყლუპი ჩამაყოლე.

 

ვიცი, როგორ გავუმკლავდე უბედურებას,

გადავიტანო ცუდი სიახლე,

შევამცირო უსამართლობა,

ავხსნა ღმერთის ნაკლოვანება,

შევარჩიო სამგლოვიარო თავსაბურავი დაკრძალვისათვის.

რას ელოდები -

ქიმიურ სიბრალულს დროა მიენდო.

შენ ჯერ ისევ ახალგაზრდა ხარ,

როგორღაც უნდა დაალაგო მომავალი.

და ვინა თქვა, რომ ეს ცხოვრება

მეტ სიმამაცეს მოითხოვს უფრო - გადარჩენაზე?

შენი უფსკრული მომეცი და

სამაგიეროდ მე ძილს მოგცემ.

შენ მადლიერი იქნები,

რომ ოთხ თათზე დაცემას შეძლებ.

მომყიდე შენი სული.

სხვა მყიდველი არ გამოჩნდება.

 

სხვა ეშმაკი ხომ აღარ არსებობს.

 

 

დაბრუნება


 

დაბრუნდა. არაფერი უთქვამს.

ნათლად ჩანდა - უსიამოვნება შეემთხვა.

ტანისამოსიანად დაწვა.

თავზე საბანი წაიფარა.

მუხლები მოხარა.

დაახლოებით ორმოცისაა, თუმცა არა ამ წუთებში,

ის ახლა მხოლოდ ჩანასახია დედის საშოში.

ცხრაპირ ტყავს მიღმა, თავდაცვით სიბნელეში.

ხვალ დილით ლექციას წაიკითხავს ჰომეოსტაზზე

გალაქტიკათაშორის კოსმონავტიკაში.

მაგრამ ახლა წელში მოხრილს და მუხლებმოკეცილს, უბრალოდ სძინავს.

 

 

თანაწყობა

 

არსებობს კატალოგთა კატალოგები.

არის ლექსები ლექსების შესახებ.

მსახიობთა ხელოვნება,  მსახიობებს რომ თამაშობენ.

წერილები წერილების გამოისობით დაწერილი.

სიტყვები სიტყვების ასახსნელად.

ტვინები, დაკავებულნი თავის ტვინის შესწავლით.

არსებობს მწუხარება, გადამდები, როგორც სიცილი.

ქაღალდის მეორადი გადამუშავებით მიღებული ქაღალდი.

შემჩნეული მზერები თუ გამოხედვები.

შემთხვევების მიერ შეცვლილი შემთხვევები.

დიდი მდინარეები მცირეთა მნიშვნელოვანი მონაწილეობით.

ტყეები ნაპირებამდე ტყით დაფარული და სავსე.

მანქანების მწარმოებელი მანქანები.

სიზმრები, რომლებიც მოულოდნელად გვაღვიძებენ.

კარგი ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის აღდგენას რომ სჭირდება.

საფეხურები კიბეებზე, როგორც ქვემოთ, ასევე ზევით.

სათვალეები სათვალეების მოსაძებნად .

ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. სულის. სუნთქვა.

და შესაძლოა, დროგამოშვებით მაინც

სიძულვილის სიძულვილი.

რადგან ასე  ბოლოს და ბოლოს

არცოდნის არცოდნას

მივყავართ ხელებთან, ხელებს რომ ბანენ.

 

 

მადლიერება

 

მადლიერი ვარ, ვალში ვარ მათთან -

ვინც არასოდეს  მყვარებია.

სიმსუბუქისთვის, რითაც იოლად ვეგუები,

რომ ჩემზე მეტად სხვა სჭირდებათ ან ენატრებათ.

 

სიხარულისთვის, რომ არა ვარ მგელი

მათი ცხვრებისთვის.

 

სიმშვიდისა და თავისუფლების შეგრძნებისთვის,

მათთან ყოფნისას რომ განვიცდი.

ესაა, რასაც  სიყვარული  ვერასდროს მოგცემს

ან გაპატიებს.

 

არ მიმოვდივარ ფანჯარას და სახლის კარს შორის

მათ მოლოდინში.

 

მოთმინება არ მესწავლება -

მზის საათს ვგავარ.

და შემიძლია მიტევება

სიყვარულისთვის უპატიებლის.

 

დრო შეხვედრიდან  წერილამდე

არ ემსგავსება მარადისობას,

სულ რამდენიმე კვირა გადის, დღე ან საათი.

 

მათთან - ყოველთვის წარმატებით იმოგზაურებ,

გულისყურით მოუსმენ კონცერტს,

მშვიდად მოინახულებ საკათედრო ტაძარს,

ნათლად აღიქვამ ხედის სილამაზეს.

 

და თუ შორსა ვართ ერთმანეთისგან -

ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადაღმა,

- მთებიც და ზღვებიც -

სულ ადვილად შეგვიძლია - ვნახოთ რუკაზე.

მათი დამსახურებაა -

რომ სამ განზომილებაში ვცხოვრობ,

ლირიკისა და რიტორიკისგან დაცლილ სივრცეში,

ნამდვილი, მოძრავი ჰორიზონტით.

 

და მათ თავადაც არ უწყიან,

რამდენს გვაძლევენ ცარიელი ხელებით.

’’მე მათგან არ ვარ დავალებული’’

- ასე იტყოდა სიყვარული -

ამ - განხილვისთვის ღია თემაზე.


 

ცოტა რამ  სულის შესახებ


 

სული არის. მხოლოდ დროდადრო.

არავინ ფლობს მას უწყვეტად

და სამუდამოდ.

შეიძლება დღე დღეს მიჰყვეს

და წელი წელიწადს

მის გარეშე.

ზოგჯერ მხოლოდ აღტაცებასა

და ბავშვურ შიშში

დაივანებს უფრო ხანგრძლივად.

ზოგჯერ მხოლოდ გაოცებაში

- როგორ მოვხუცდით!

იშვიათად გვეხმარება

მძიმე შრომაში,

ვთქვათ, ავეჯის გადაადგილებისას,

ბარგის გადაზიდვისას,

ან შორ გზებზე სიარულში ვიწრო ფეხსაცმელებით.

ანკეტების შევსებისას

და ხორცის კეპვისას

როგორც წესი - უქმეები აქვს.

 

ჩვენი ათასი საუბრიდან მონაწილეობს ალბათ ერთში,

ან იქაც არა, რადგან სიჩუმეს ამჯობინებს.

 

როცა ჩვენს სხეულს ტკივილი იპყრობს და ვიტანჯებით,

ჩუმად გვტოვებს, არ ასრულებს მოვალეობებს.
 

წუნიაა და მომთხოვნი: თვალს გვარიდებს ხალხმრავლობაში,

ამაზრზენად მიაჩნია ჩვენი ბრძოლა უპირატესობისთვის

და ეს ომები რაღაც საეჭვო ინტერესების.

 

სიხარული და მწუხარება

სულაც არ არის მისთვის ორი სხვადასხვა გრძნობა.

აკავებს ჩვენთან სწორედ მათი ერთიანობა.

 

შეგვიძლია მას მივენდოთ,

არაფერში რომ არა ვართ დარწმუნებული,

ყველაფერი კი გვაინტერესებს.

 

მატერიალურ საგნებს შორის

გამორჩეულად უყვარს ქანქარიანი საათები

და გულმოდგინე სარკეები, თავის საქმეს რომ აკეთებენ

მაშინაც კი, როცა არავინ არ უყურებთ.

 

ის არ ამბობს, საიდან მოდის,

სად ქრება ისევ,

მაგრამ აშკარად ელოდება ჩვენგან ამ კითხვებს.

 

თუმცა, როგორც ჩანს:

ჩვენ ის გვჭირდება,

რატომღაც თუ რაღაცის გამო,

ისევე როგორც, ჩვენ მას ვჭირდებით.

 

 

ყველაფერი

 

ყველაფერი -

სიტყვა თავხედი და სიამაყით გაბღენძილი.

ბრჭყალებში უნდა იწერებოდეს.

თავი  მოაქვს, რომ არაფერი გამორჩება.

თითქოს ყველაფერს მოიცავდეს, კრებდეს და ფლობდეს.

ამ დროს კი მხოლოდ

აღმნიშვნელია გაურკვეველი არეულობის.

 

 

პარკში

 

-  ოი, დედიკო, - გაკვირვებით კითხულობს ბიჭი,

-  ეს უცნაური ქალბატონი ნეტავ ვინ არის?

 

-  გულმოწყალების ქანდაკება,

   თუ რაღაც ასეთი  -

   დედა პასუხობს.

 

- და რატომ არის ეს ქალბატონი

  ასე...  შე... ე... ე... შელახული?

 

- არ ვიცი, მაგრამ რაც თავი მახსოვს,

სულ ასეთია.

ჰო, ქალაქი ვალდებულია, გადაწყვიტოს რამე მასთან დაკავშირებით

ბოლოს და ბოლოს, ან აიღოს, ან განაახლოს.

და ამაზე მოვრჩეთ ახლა, გზა გავაგრძელოთ დროა, წავიდეთ.

 

 

ხარკი სტატისტიკას

 

ყოველი ასი ადამიანიდან

 

ყველაფერი - ყოველთვის და სულაც ყველაზე უკეთ იცის

- ორმოცდათორმეტმა;

 

ყველა ნაბიჯი საეჭვოდ და საჭოჭმანოდ მიაჩნია

-  ყველა დანარჩენს;

 

მზადაა მოყვასს დაეხმაროს,

თუ ეს დიდ დროს არ მოითხოვს

- სულ ორმოცდაცხრა;

 

სავსებით კარგი, კეთილი და სათნო არის,

რადგან სხვაგვარად მას არ ძალუძს

- ოთხი, ან ხუთი - შესაძლოა;

 

მიდრეკილია აღფრთოვანდეს შურის გარეშე

- მათგან თვრამეტი;

 

ვინმეს ან რამის - გამუდმებულ შიშში ცხოვრება უწევს

- დაახლოებით სამოცდაჩვიდმეტს;

 

ბედნიერების განცდის უნარი გააჩნია

- მხოლოდ ოცდაერთს, არაუმეტეს;

 

პიროვნულად უვნებელია, ბრბოში მყოფი კი სახიფათო

- ნახევარი - მე ასე ვფიქრობ;

 

სასტიკია,

გარემოება როცა მოითხოვს...

-  რაოდენობა არ ვიცოდეთ უკეთესია,

უზუსტოდაც კი;

 

ზიანის შემდეგ დაბრძენებული

- ცოტა მეტია,

ვიდრე მანამდე;

 

ცხოვრებისგან რომ არაფერს იღებს ნივთების გარდა

- ორმოცია მიახლოებით;

 

წელში მოხრილი, სნეული, სიბნელეში სანთლის გარეშე

- ოთხმოცდასამი

- ადრე თუ გვიან;

 

ღირსი არის თანაგრძნობა გაუწიონ

- არანაკლებ ოთხმოცდაცხრამეტს;

 

მოკვდავია

- ასიდან ასი.

რაოდენობა, რომელიც ჯერ არ შეცვლილა, ოდითგან - დღემდე.

 

 

მცირე შენიშვნა

 

სიცოცხლე ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ შეიფოთლო,

ქვიშაზე სული მოიბრუნო, ფრთები გაშალო და გაფრინდე;

იყო ძაღლი, ან  მას თბილ ბეწვზე ეფერებოდე;

იცნო ტკივილი და განასხვაო ყველაფრისგან, რაც ის არ არის;

იმყოფებოდე მოვლენათა შუაგულში, ან სადღაც, ხედში ჩაიკარგო,

ეძებო ყველაზე უმცირესი - საკუთარი შეცდომებიდან.

 

განსაკუთრებული შესაძლებლობაა, წამიერად დაიმახსოვრო

რაზე იყო საუბარი ჩამქრალ ლამფებთან;

ერთხელ მაინც წაიფორხილო - ქვას რომ ფეხს წამოჰკრავ,

შემთხვევით წვიმაში დასველდე და ბალახებში მიაკარგო გასაღებები;

და გაჰყვე ქარში გამკრთალ ნაპერწკალს;

და განუწყვეტლივ - არ ხედავდე რაღაცას - ძალზე უმნიშვნელოვანესს.

 

 

ღრუბლები

 

ღრუბლების აღწერისას

სჯობს, რომ ავჩქარდეთ

დროის ხანმოკლე მონაკვეთში ხომ

ერთნი ქრებიან, მათ ადგილზე სხვები ჩნდებიან.

 

მათი მთავარი თვისება, არსი

ის არის, რომ არასოდეს მეორდებიან

ფორმით, ფერით, მდებარეობით, აგებულებით.

 

მოგონებათა ტვირთისაგან თავისუფალნი

მსუბუქად ფრენენ - წუთისოფლის ცის კაბადონზე.

 

არც მოწმეებად გამოდგებიან -

ისე უეცრად იფანტებიან ხოლმე - ოთხივე მიმართულებით.

 

ღრუბლების ფონზე

ყოფიერება მყარ რეალობად წარმოგვიდგება,

თითქმის მუდმივ, მარადიულ კატეგორიად.

 

და ღრუბლებთან შედარებით

შეიძლება რიყის ქვაც კი ძმად მოგვეჩვენოს,

ვისზეც დაყრდნობა შეიძლება,

 თვით ღრუბლები - არასანდო და შორეულ ბიძაშვილებად.

 

დაე იცხოვრონ, თუ ასე სურთ ადამიანებს,

საბოლოოდ ყველა მოკვდება,

თუმცა ღრუბლებს არაფერი ესაქმებათ

ამ ყველაფერთან - ამ

უცნაურ ხდომილებებთან.

 

მთელ შენს ცხოვრებას

და ჩემსას, ჯერაც დაუსრულებელს,

ჩვეულ ნაბიჯით ჩაუვლიან, როგორც აღლუმზე.

 

ცვალებად ღრუბლებს არ აკისრიათ მოვალეობა ჩვენთან ერთად გარდაცვალების

და არც მათზე დაკვირვება არის საჭირო, რომ მათ კვლავაც განაგრძონ ფრენა.

 

 

ერთი ნახვით შეყვარება

 

ორივე  დარწმუნებულია,

რომ ისინი უცაბედმა გრძნობამ შეაერთა.

მშვენიერია ასეთი რწმენა,

თუმც გაურკვევლობა - უფრო ლამაზია.

 

თვლიან: მათ შორის არაფერი ყოფილა ადრე,

რადგან ერთმანეთს არ იცნობდნენ -

ნეტავ ამაზე რას ფიქრობენ ის ქუჩები, კიბეები ან დერეფნები,

სადაც ისინი წლების მანძილზე ერთიმეორის გვერდის ავლით დააბიჯებდნენ?

 

მე მინდოდა მეკითხა მათთვის,

იქნება ახსოვთ,

როგორ აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ მდგარნი

რომელიღაც მბრუნავ კარში მოძრაობისას,

იქნებ იყო სიტყვა  „ბოდიში“ ხალხის ტალღაში

ან ტელეფონით მოსმენილი „თქვენ სხვაგან მოხვდით“?

მაგრამ პასუხი წინასწარ ვიცი -

არა, არ გვახსოვს, ვერ ვიხსენებთ ასეთს ვერაფერს.

 

ალბათ ძალიან გაოცდებოდნენ,

რომ გაეგოთ,

უკვე  რამდენი დრო გავიდა,

რაც შემთხვევა ეთამაშებათ.

 

სანამ არ იყო მზად იმისთვის,

მათ ბედისწერად რომ ქცეულიყო,

აახლოებდა ერთმანეთს და... კვლავ აშორებდა,

ხან წინ, გზაზე გადაურბენდა

და მერე სიცილს იკავებდა იქვე, კუთხეში, 

განზე გამდგარი.

 

და სიგნალებიც იყო, ნიშნები თუ მინიშნებები -

შეიძლება ბუნდოვანი - მაგრამ რა, მერე?

იქნებ სადღაც - სამი წლის უკან,

ანდა სულაც წინა სამშაბათს,

ერთს ფურცელი დაუვარდა და მიაწოდა სწრაფად მეორემ

ან რაღაც ნივთი დაიკარგა, შემდეგ იპოვეს

და შეიძლება ეს იყო ბურთი,

სათამაშო - მათი ბავშვობის სანახებიდან გადმოსროლილი?

 

იყო ზარები და კარების სახელურები,

სახელურებზე - მათი შეხება ერთმანეთის ანაბეჭდებზე,

გვერდიგვერდ მდგარი ჩანთები ან ჩემოდნები

სადღაც, შემნახველ კამერაში ან სასტუმროში.

ანდა ერთ ღამეს დაესიზმრათ ერთი სიზმარი,

რომელიც მყისვე დაავიწყდათ გაღვიძებულებს.

 

უბრალოდ, ყველა დასაწყისი

გაგრძელებაა ყოველთვის რამის

და ეს წიგნიც სიცოცხლის (თუ შემთხვევათა ჩანაწერების),

ღია არის და გადაშლილი სანახევროდ - ესეც ყოველთვის.
 

თარგმნა ეფემია ჭავჭანიძემ
 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE