ალექს ჩიღვინაძე - უცხო ტერიტორიაზე


ალექს ჩიღვინაძე - უცხო ტერიტორიაზე




ერთხელ ალექს ჩიღვინაძემ თქვა, რომ არ არის მთავარი, რომ იცხოვრო, მთავარია, იმოგზაუროო. და მე მაშინ ჩემთვის გამეცინა, იმიტომ, რომ როცა ამ ავტორს ვკითხულობდი, სულ მქონდა განცდა, რომ მან შემოგვიარა, დაგვაკვირდა, დაწერა, წაგვაკითხა და მერე ახალი სიტყვების საძებნელად წავიდა - სამოგზაუროდ. რაღაცის დასაგროვებლად. ახლა სხვებზე დასაკვირვებლად. სულ თავიდან ის „ვარდისფერი ავტობუსით“ მოვიდა. მე მაშინ გავიცანი ის და მისი მეგობრები, სხვა „ავტობუსელები“, რომლებიც არ ჰგავდნენ მათ თანამედროვე დამწყებ პოეტებს პათეტიკური შინაარსის ლექსებით. პირიქით, ისინი ღიად წერდნენ უხერხულ თემებზე.  ალექსა მათ შორის ყველაზე ჩუმი იყო და, ჩემი აზრით, ყველაზე დიდ სიჩუმეზე წერდა კიდეც. დროდადრო ვაკვირდებოდი ხოლმე, ხან მისსავე ბლოგზე, ხან ონლაინ სივრცეში ჩნდებოდა თავისი ლექსებით. მერე უცებ პიესების კრებულიც გაჩნდა. მას მერე სულ ვფიქრობ, რომ ეს ავტორი რაღაც დიდის და კარგის დასაწერად ემზადება.

 

სალამი, ალექს, დიდი ხანია, აღარ შევხვედრივართ ერთმანეთს. იქ ხარ დღეს, სადაც გინდოდა ყოფილიყავი?

 

შემიძლია  გიპასუხო ასე: იქ ვარ, სადაც მინდა ყოფნა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ჩემი სხვაგან ყოფნის სურვილსაც. თუმცა ვხვდები, რომ რაღაც უფრო მეტყველი ექსპოზიციური ნაწილი გჭირდება, ვიდრე ჩემი ყოფნა-არყოფნის მონოლოგი შეიძლება იყოს. ასე რომ, შემდეგი კითხვა დამისვი.


იმ დღის მერე, მე რომ გაგიცანი, უკვე ბევრი წელი გავიდა - შენი, როგორც მწერლის ცხოვრებაში რა შეიცვალა კარგისკენ, რა პირიქით და რა დარჩა ისევ ისე, ძველებურად?
 

ახლა უფრო მყარი სკამი მაქვს. მართალია, არც ისე კომფორტულია, მაგრამ, სამაგიეროდ, მყარია. ადრე ხშირად ვამტვრევდი სკამებს, იმიტომ, რომ ხანდახან ზედ გადაწოლა მიყვარს, რწევა. სკამის გარდა იდეები მაქვს და დრო -  ამ იდეების შესამოწმებლად. ადგილი, სადაც შემიძლია წყნარად ვიმუშაო ან არ ვიმუშაო. ეს მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არაფრის კეთებისას ყველაზე კარგად ხვდები, ვინ ხარ და რა პრობლემები გაქვს.


შენი ყოვეღიური ცხოვრება ვისას ჰგავს - მწერლის და რამატურგის, ტელეწამყვანის, ჟურნალისტის, მოხეტიალისას თუ ვისას?
 

მოდი, გამორიცხვის მეთოდით მივყვეთ. ტელეწამყვანები როგორ ცხოვრობენ, არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვით ყოველდღიური გადაცემის თანამწამყვანი ვიყავი, არც მაშინ მიცხოვრია ამით. ჟურნალისტი? იშვიათად ახლაც ვწერ ჟურნალებისთვის ან ინტერნეტ-პორტალებისთვის და ჩემი ხეტიალიც უმეტესწილად ამ მასალების კეთებას უკავშირდება, ასე რომ, მოხეტიალის ცხოვრებაც არ მერგება. უფრო, ალბათ, მწერლის ცხოვრებას წააგავს ჩემი ყოველდღიურობა, ყველაზე ხშირად მაინც ფურცელთან ვზივარ, მაგრამ ხანდახან ფურცელი არის არა კარი, არა ფანჯარა, არა რუპორი, არამედ, უბრალოდ, კედელია, თეთრი კედელი, რომლის მიღმაც არაფერია.  


რუტინა გჯობნის ხოლმე? თუ მაინც წერ და წერ?

 

ბოლოს ყველაფერი მაინც რუტინად იქცევა. აი, სულ  რომ ქილერი იყო ან პატრიოტთა ალიანსის მდივანი, თუ ყოველდღიურად ერთი და იგივეს კეთება გიწევს, გადის დრო და შენი ქმედებები ავტომატური ხდება, რასაც არ უნდა აკეთებდე. ჰოდა, როგორც კი ამას ვგრძნობ და, არ დავმალავ, ხშირად ვგრძნობ ხოლმე ამას, ვცდილობ, ამოვვარდე, სადღაც გადავუხვიო. ხან ვახერხებ, ხან ვერა. აი, თუ დაკვირვებიხარ, როცა სეირნობ, როცა ნაცნობ ადგილას ხარ, უფრო ხშირად ჩერდები და ფიქრობ, აი, ახლა საით, ქიქოძეზე შევუხვიო თუ ასათიანს გავუყვე, დადიანზე ჩავუხვიო და თავისუფლების მოედანისკენ წავიდე თუ... როცა უცნობ ქალაქში სეირნობ, არც კი ფიქრობ, არა აქვს მნიშვნელობა, სად გაუხვევ, მაინც არ იცი, რა დაგხვდება წინ და მიდიხარ დაუფიქრებლად, მსუბუქად. ეგრეა ყოველდღიურობაც. ამიტომ ვცდილობ, ხშირად მოვხვდე უცხო ტერიტორიაზე - მეტი დისკომფორტი ტვინს.


ახლა რაზე მუშაობ? უფრო სწორდ, ასე გკითხავ - რაზე უფრო ხშირად მუშაობ და რას მოაქვს მეტი სიამოვნება?

 

ახლა ვმუშაობ სცენარზე, რომელიც საკუთარი პიესის, “უხერხემლოს” მიხედვით დავწერე. ახლა მეორე დრაფტს ვწერ რეჟისორთან ერთად. ეს პიესა ტრილოგიის მეორე ნაწილია. უფრო სწორად, გახდა მეორე ნაწილი, რადგან თავიდან არ მქონდა ასე დაგეგმილი, უბრალოდ, როცა “უხერხემლო” დავწერე, მივხვდი, რომ წინა პიესას აგრძელებდა - მშობლების ისტორია, რომლებიც წლების წინ გაგდებული შვილის გვამს ჩამოასვენებენ და ამ დროს პანაშვიდზე არავინ მიდის, რადგან მათი შვილი ტრანსსექსუალია და სოფელი არც სასაფლაოზე დაკრძალვის უფლებას იძლევა. ირიბი პარალელია ანტიგონესთან, ნუ რაღა ირიბი,  ინტერპრეტაციაა - ეს არის პიესა, სადაც მშობლები იბრუნებენ შვილს. პირველი პიესა - “მარინა რევია” - არის დედაზე, რომელიც გამოდის ციხიდან, ბრუნდება სახლში უცნობ შვილებთან და ამ ტრილოგიის მესამე პიესაც, რომელიც ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, ამავე თემას უტრიალებს: მშობლებს შვილებში, დანაშაულს, რომელიც ყოფს და აერთიანებს დროის შეგრძნებას და ნოსტალგიას.

 

ბოლო დროს ყველაზე მეტად პიესებზე მუშაობა მსიამოვნებს. როცა რაღაც ჩანაწერს ვეძებ ძველ რვეულში, მგონია, ერთდროულად რამდენიმე ადამიანის დღიურს ვკითხულობ. ხანდახან საერთოდ არ მახსოვს, რა ხდება. ვინ არის ქეთი, რომელსაც ორი წელია არ უნახავს მამა. არადა, მამა ვერ ხვდება, რაზეა მისი შვილი ნაწყენი. ან ოცი წლის ბიჭმა უსინათლო დედა სცემა და დედა ფანჯრიდან გადახტა და თვითკვლელობა სცადა. ეს მგონი მართალი ამბავია. მერე იწყება იმის აღწერა, როგორ რჩება ნაცემი დედა მარტო ოთახში. შპალერი ჩამოხეულია? დედა კედელს ეფერება. რატომ ეფერება? ეს ლაქაა? რაზე შეიძლება ფიქრობდეს? ახსენდება, როგორ არწევდა შვილს? რომ გაახსენდეს მისი ბავშვობა, ალბათ თავსაც არ მოიკლავდა. რა გზას გადის ფანჯარამდე? რას ეყრდნობა. ფანჯრიდან რას ვხედავთ?  ნაგვის ურნებზე მტრედები სხედან? როდის იღებს ნაცემი დედა გადაწყეტილებას, რომ გადახტეს? ხტება. რამდენიმე წამი ჰაერში და ხმაური ესმის შვილს. რაღაც დაეცა ასფალტზე. ჰგონია, რომ ნაგვის მოზრდილი შეკვრა გადააგდეს. არადა, დედაა. წამებით აცდა. უნდოდა შესულიყო და ბოდიში მოეხადა და დააგვიანა. რა აყვირებთ მეზობლებს? ხედი ზემოდან. აი, რაღაც ასეთი ჩანაწერებით არის სავსე. ეს ფრაგმენტები შეიძლება გამოვიყენო სადმე. შეიძლება - არც და დარჩეს რვეულში. რომლებსაც მერე გადავყრი და ნაგავსაყრელზე, ალბათ, ცეცხლს წაუკიდებენ. შეიძლება მერე ამ რვეულების დაწვის პროცესი აღვწერო, და სადაც აღვწერ, მერე ის რვეულიც დაწვან.


ხშირად ვეკითხები ხოლმე ავტორებს, როგორ ირჩევენ თემებს წერისას - საიდან მოდის, ის, რაც შენთან მოდის და თუ იყოფა შენთვის საწერი და სათქმელი მარადიულ და დღეს სათქმელ, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, აქტუალურ თემებად?

 

მაგალითად, ამ ზაფხულს შატილში შევხვდი ექიმს, რომელიც მომიყვა, რომ მისი ცოლი დაიხრჩო მდინარეში. ძროხებთან წასულს ფეხი აუსრიალდა თუ ყინული ჩაუტყდა. მგონი ორი დღე ეძებდა. ბოლოს გაყინულ მდინარეში მიაგნო. თითქოს ვიღაცამ მითხრა - გაჩერდიო. გავჩერდი და მართლაც მისი თმები დავინახეო. ჰოდა, იმ მდინარეს მივუყვებოდით, შატილიდან მუცოსკენ. მთელი გზა ლაპარაკობდა. მანქანაში მუსიკა იყო ჩართული. მერე რაღაც მომენტში გაჩუმდა და მივხვდი, რომ ის ადგილი გავიარეთ, სადაც თავისი ცოლი იპოვნა წლების წინ. აი, ეს არის, რაზეც მინდა დავწერო. ამ სიჩუმეზე. ასეთ სიჩუმეზე. ეს არის ჩემთვის მარადიული.

 

აქტუალურს რაც შეეხება, ხშირად ვფიქრობ, საერთოდ რატომ ვწერ. აი, ვიყურები აივნიდან და საშინელი ქარია, ძალიან აქტუალური სიცივეა და მუშები მშენებლობაზე, არავითარი უსაფრთხოების ნორმები, მთელი დღე მუშაობენ, ბურღავენ. ვიღაც “ძელეცის” ჩალიჩით მოპოვებული ნებართვა, უაზრო შენობა. 80 წლის ბაბუაჩემი, ისევ დილის ექვს საათზე წავიდოდა სამსახურში. ქუჩის გადაღმა ლომბარდის ერთ კვადრატულ  მეტრ ფართში ახალგაზრდა გოგო ზის ჩაწითლებული თვალებით. სუპერმარკეტია ქვევით, ერთი დეპუტატის არისო და იქ თვრამეტი წლის გოგოს ჩამოეძინა სალაროსთან, იმიტომ, რომ უკვე მეორე ღამეა, მორიგეა. იმ დღეს ხელი მაჩვენა, ნახე, ვიღრძეო. რა დაგემართა-მეთქი და კარტოფილის ძაან მსუბუქი ტომრები რომ მოაქვთ, იმის ბრალიაო. სუსტი გოგოა. მე კიდევ თბილად ვზივარ მაგიდასთან და ვწერ? ვინ მომცა ამის უფლება? ამხელა ფუფუნება საიდან და ის მაინც ხომ უნდა ვიცოდე, რას ვაკეთებ? რატომ ვწერ? რისთვის? რა გამართლება მაქვს?  ვიღაცებს აქვთ განცდა, რომ ეს ასე უნდა იყოს. მათ ეკუთვნით. მე არ მაქვს ამის განცდა.


შენთვის თუ არსებობს რეცეპტები ლიტერატურაში?

 

რეცეპტები, რა თქმა უნდა, არსებობს. მგონია, რომ ნებისმიერს შეუძლია სიუჟეტის აგება, მოხდენილი აღწერა, პერსონაჟების ხასიათების გამოკვეთა, ტექნიკა, მაგრამ, შეიძლება, ეს ყველაფერი ჰქონდეს, მაგრამ კარგი რომანი ვერ დაწეროს. კიდევ არის, მოდი, დავარქვათ, ინტუიცია, როცა მწერალმაც კი არ იცის, საიდან მოიტანა ესა თუ ის გადაწყვეტა, ესა თუ ის შტრიხი, დეტალი, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს. აი, მაგალითად, თუ გახსოვს პაზოლინის „დედა რომაში“, ბოლოს სიმღერა ციხეში. აი, რაღაც მსგავსს ვგულისხმობ, ლიტერატურიდან უცბად ვერ გავიხსენე მაგალითი და სამაგიეროდ, საუკეთესო მწერალი რეჟისორი გამახსენდა.


რისი ცოდნა გჭირდება ხოლმე ახალი წიგნის, ტექსტის დაწყებამდე მის  შესახებ?

 

ყველაფრის... და თუ ვინმე ისეთმა არ მირჩია, ვისაც ვენდობი და ბევრს არავის არ ვენდობი, ჯერ ვკითხულობ რეცენზიებს, სანამ გადავწყვეტ წაკითხვას, ცუდი წიგნების კითხვის ან ცუდი ფილმების ყურების დრო სადღა მაქვს.


წერის პროცესში როგორი ხარ? აი, გარედან რომ ვინმემ შეგხედოს, რას დაინახავს?

ახალგაზრდა კაცს ლეპტოპით. ხშირად ამ ლეპტოპთან გადაშლილი რვეულით, სადაც შენიშვნები და მონახაზებია. თუ მოსასმენი აპარატურაც ექნება, შეიძლება მუსიკის ხმაც გაიგოს. მუსიკა მეხმარება კონცენტრაციაში. ბოლო ორი კვირაა, მობის რაღაც ოთხსაათიანი ალბომი მაქვს აჩემებული. წყნარ-წყნარი მუსიკა, იოგასთვის და ძილის წინ მოსასმენად გავაკეთე და მე კონცენტრაციაშიც მშვენივრად მეხმარება. კიდევ - თეთრ კატას, რომელიც კლავიატურაზე გაწოლილი მხვდება, როცა მე ოთახიდან გავდივარ.


წერა შენთვის დაღლაა თუ პირიქით, ენერგიით დამუხტვა?

 

რა თქმა უნდა, დიდი ენერგია გჭირდება საწერად. ამიტომ, თუ ვწერ, დილით ვწერ. შუადღისთვის უკვე გამოშტერებული ვარ და უნდა გავიარ-გამოვიარო, რომ შემდეგ კიდევ შევძლო რამის გაკეთება.


ბოლოს რომელი მწერალი აღმოაჩინე შენი თავისთვის? აი, რომ თქვი: ჯანდაბა, ნეტა მე დამეწერა ეს ტექსტი. ან რაღაც ეგეთი. ანდა - არსებობს ისეთი წიგნი, რომლის ავტორიც დაუფიქრებლად იქნებოდი?
 

ბოლოს დიდი ხანია, ნელა, აუჩქარებლად ვკითხულობ “ულისეს”. ბოლოს წავიკითხე ქართველიშვილის “მოცემულობა”. ფასდაკლება იყო მაღაზიაში და შემთხვევით წავაწყდი. რომანი არც არის, დიდი ნოველაა. მაგრამ გამახსენდა, რა კარგი მწერალია დათო. მომენატრა მასთან ლაპარაკი. წავიკითხე ქეთი ქანთარიას თარგმნილი ბრუნო შულცი. ერთი მოთხრობაა „ნებროთი“, ჩემი აზრით, საუკეთესოა.


რა იყო ყველაზე მწარე კრიტიკა, რაც შენ, როგორც ავტორს, მიგიღია? და პირიქით, შექება?


ვინც მაქებს, ეგრევე ჩემს ნდობას კარგავს. მწარე კრიტიკა არ ვიცი, მაგრამ ერთხელ, როცა ბუშის ქუჩას უიტმენის სახელი დავარქვით, - ისეთი იდეა იყო, მხოლოდ დადებით შეფასებას რომ ელი, - თან დაგვიჭირეს და ამ დროს ვკითხულობ დათო ბარბაქაძის ღია წერილს, სადაც ამბობს, რომ კულტურულად უმწიფარი და პოეტურად უსუსურია ეს ყველაფერი. იმ მომენტში შეიძლება გავღიზიანდი, იმიტომ რომ ამ წერილშია ფრაზები: „თუ იცი, რამდენი ენა იცოდა ფუკომ შენს ასაკში...“ და ვფიქრობ, ფუკო მდიდარ ოჯახში დაიბადა და მე გლდანში დავიბადე, ჩემი ტოლები იმით ამაყობდნენ, ვის მეტი კაცი ჰყავდა დაჭრილი. მაგრამ საბოლოოდ, აი, ამ წერილმა, ძალიან კარგი სამსახური გამიწია. იმიტომ, რომ იქ არის ლაპარაკი რთული გზით სიარულზე და პატიოსან შრომაზე. შეიძლება, ყოველთვის ვერ ვახერხებ ამას, მაგრამ გული ყოველთვის იქით მიმიწევს. შეიძლება, დათომ არც იცის, როგორი მადლიერი ვარ მისი.
 

შენი გმირები რამდენად ემყარებიან რეალურ ადამიანებს?

 

რა თქმა უნდა, ემყარებიან და მთავარი შეკითხვა მგონია, თუ როგორ უნდა გადაიტანო ის, რაც ცხოვრებაში ხდება, ლიტერატურაში, რა უნდა დაამატო, რომ დაგიჯერონ. რვეულში წავაწყდი ერთი თვის წინ ბათუმში გაკეთებულ ჩანაწერს: ჩაუვლია მოპედს და ამ მოპედზე ტიპს ხელში ეჭირა გიგანტური, რბილი პანდა. ზუსტად ერთ წუთში ჩაუვლია ველოსიპედისტს, რომელსაც საჭეზე თეთრი მამალი დაესვა. მერე ღამე ჩამივლია გონიოში, სადაც თითქმის დამთავრებული სახლის აივანზე იჯდა ზანგი მუშა, ედგა ლუდის ქილა და სვამდა. ეს ყველაფერი ერთ საათში. ავღწერე და რა, არაფერი, მაგრამ იმ მომენტში აშკარად დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია ჩემზე.

როგორ ფიქრობ, რომელი ლიტერატურული ჟანრისაა მომავალი ლიტერატურაში?
 

მგონი, საერთოდ აღარ იარსებებს ჟანრები. უკვე აღარ არსებობს. ჩემი რომანის ფრაგმენტში, რაც ამ ჟურნალში იბეჭდება, არის ფრაზა: „ჟანრები ახლა ისეა არეული, როგორც თეთრეული სარეცხის კალათში“.

ვინ არის ყველაზე ცნობილი მწერალი, ვისაც ცხოვრებაში ცოცხლად შეხვედრიხარ და ვისაც შეხვდებოდი?

ვერ ვიხსენებ. მართლა. არადა, შევხვედრივარ თითქოს ვიღაცებს. ბუნდოვნად მახსოვს. თუმცა ამ ცნობილ მწერლებთან შეხვედრები დიდად არ მიზიდავს. ადრე მომწონდა. ხელიდან არ გავუშვებდი არცერთ შანსს. ახლა მკიდია. არც ამ ლიტერატურულ შეხვედრებზე დავდივარ. თუ მწერალი მაინტერესებს, მის წიგნს წავიკითხავ. ლუდის დალევა და ლაპარაკი ბარში შემთხვევით გაცნობილ ტიპთანაც საინტერესო შეიძლება იყოს, ბევრად საინტერესოც კი.

პოეზიაზე მინდა გკითხო - შენი აზრით,  პოეზია არ იყიდება - ეს ფრაზა რამდენად არის სიმართლე?

ის, რომ პოეტური კრებულები შედარებით მცირე ტირაჟით იბეჭდება და ხშირად ეს მცირე ტირაჟებიც არ იყიდება, შენც კარგად იცი. მგონია, რომ კარგი პოეტები არც არასოდეს იყიდებოდნენ. სადმე რომ ვნახო, პოეტური კრებული ბესტსელერია, არ ვიყიდი. არ ვენდობი ეგეთ პოეტს. ცნობილი და პოპულარული პოეტები ძირითადად იდიოტები არიან.

არის შენს ლექსებში ისეთი ლექსი, რომელიც არასოდეს დაძველდება? თუ კი - რომელი?

 

შეიძლება არის რამდენიმე ჰაიკუ, იმიტომ, რომ ჰაიკუ არ არსებობს ცუდი ან კარგი. ჰაიკუ ან არი, ან არ არის. შეიძლება, რამდენიმე მომენტის შენახვა მეც მოვახერხე. ისე კი, ზოგადად, ზედმეტად გონებაგაფანტული ვარ პოეტისთვის.
 

როგორ ფიქრობ, 21-ე საუკუნის პოეზიამ რა ტრანსფორმაცია განიცადა? ახასიათებს რამე ნიშანი, რასაც გამოყოფდი?

 

წინის წინა შეკითხვაში დავიწყე ნაწილობრივ ამ კითხვაზე პასუხი. ოცდამეერთე საუკენეში შეუძლებელია,  იყოს, ვთქვათ, ნიკოლოზ ბარათაშვილის ან რემბოს მსგავსი პოეტი. დღეს მგონია, რომ, პირველ რიგში, პოეტი აუცილებლად კარგი მთარგმნელია, ვის ლექსებშიც სხვადასხვა ეპოქის პოეტების ხმების ექო ისმის, გარკვეულწილად გიდი და დროში მოგზაურია, ინტელექტუალია, მჭვრეტელია და, ამასთან, მარტივია.

 

ქართველ ავტორებს თუ კითხულობ? თუ კი, რა ნიშნით არჩევ ხოლმე? და თუ კი, როგორ დაახასიათებდი იმ პროცესს, რაც დღეს ქართულ ლიტერატურაში ხდება?
 

რა თქმა უნდა, ვკითხულობ. ძალიან მიხარია, რომ ვთქვათ, ჩემი მეგობრები, წერენ ისე, როგორც ჩემი საყვარელი მწერლები წერდნენ. ვთქვათ, ზურა ჯიშკარიანი. ახლახან დაამთავრა რომანი და წავიკითხე, ხარისხით არ ჩამოუვარდება ბეროუზს. თუნდაც მისი ესეები თუ მოთხრობები, - არ ვიცი რა არის, - ხომ ვთქვი, აღარ არის ეს ჟანრები. საერთოდ, ბევრ ქართველ ავტორს ვკითხულობ, თუნდაც იმათ, ვინც demo.ge-სთვის მიგზავნის ტექსტებს. ეს არის პორტალი, რომელიც პაატა შამუგიამ გააკეთა და ერთად ვმართავთ უკვე მეცხრე წელია და უკვე დიდი არქივი დაგროვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერც ჰონორარს ვუხდით ვინმეს, ხანდახან იმდენ დროსაც ვერ ვუთმობთ, რამდენიც სჭირდება, ვერ ვიცლით სათარგმნელად, მაინც გვიგზავნიან ტექსტებს, რიგ შემთხვევაში ახალ და მოულოდნელ ტექსტებსაც და demo.ge-ზე გამოქვეყნება დღემდე ხარისხის ნიშანია. სიტყვაზე, ბოლო პერიოდში ხშირად იდება აქ ირაკლი ყოლბაიას თარგმანები. 22 წლის არის, არ ვიცი, როგორ ახერხებს ამდენის თარგმნას, წერს კიდევ უფრო მეტს, და მგონია, რომ შეუძლებელია ის ენერგია და შრომა, რასაც ის ამ ყველაფერში დებს, სადმე გაქრეს. ასე რომ,  ქართული ლიტერატურა იქ არ არის, სადაც ფურშეტები და გაჩახჩახებული დარბაზებია, იქ არ არის, სადაც კარიერა და კაბინეტებია, იქ არის, სადაც მას არ ელიან. ასეთი მოულოდნელი იყო შუღლაძის “გადამალვაც”. იმიტომ გახდა პოპულარული - ისეთი გმირის შემოყვანით, რომლის მსგავსიც მანამდე არ ყოფილა ქართულ ლიტერატურაში.


პიესების წერის სურვილი რამ მოიტანა? თეატრი გიყვარს? და თუ - კი, რა არის, რაც მასში გიზიდავს?

 

უფრო ვეძებ იმ თეატრს, რომელსაც შევიყვარებ. დღეს საქართველოში თეატრს ფუნქცია აქვს დაკარგული. დღეს ქართული სპექტაკლების უმრავლესობა არამხოლოდ გაუმართავია, არამედ გაუმართლებელია. იდგმება იმიტომ, რომ დაიდგას. დამდგმელ რეჟისორსაც კი არაფერს აძლევს, არათუ მაყურებელს. კითხვებსაც არავინ სვამს: საერთოდ, რა არის თეატრი? რას ემსახურება? და ამიტომაც არავინ ელოდება ახალ სპექტაკლს, როგორც ელოდებოდნენ და ელოდებიან, ვთქვათ, გერმანიაში, ირლანდიაში, ინგლისში, პოლონეთში. აქ ეს მოლოდინი არ არის. იმიტომ, რომ არ გვჯერა, რომ ვინმე გაგვაკვირვებს. გაგვაკვირვებს სათქმელით, ოსტატობით, სითამამით, ფანტაზიით. ასე რომ, სანამ თეატრს შევიყვარებთ, ჯერ უნდა მოვძებნოთ თეატრი. დამეხმარა სამეფო უბნის თეატრში თემურ ჩხეიძის სახელოსნო, ბოლო პიესები სწორედ ამ სახელოსნოს ფარგლებში დავწერე და იქ დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, როგორი თეატრისთვის გვინდა, რომ ვწეროთ, უნდა ვიცოდეთ, რის თქმას ვცდილობთ და  უნდა აღვადგინოთ ნდობა, რასაც აუცილებლად მოჰყვება სიძულვილი, შიში და, რაც მთავარია - მოლოდინი, ინტერესი და პატივისცემა.

 

მომავალში რა გეგმები გაქვს?
 

მომავალ თვეში გამოდის ჩემი და ჩემი გოგოს (არ მიყვარს სიტყვა ცოლი)  პირველი საბავშვო, სურათებიანი წიგნი. “ზოლიანი კატა” გამოსცემს (ახალი, გადასარევი გამომცემლობაა. “ჰიპა ირჩევს პროფესიას” - ასე ჰქვია წიგნს. ჰიპა ჩვენი კატაა. ტექსტი ერთად განვავითარეთ. საერთოდ, ჩემი გოგო ჩემზე ბევრად კარგად წერს და კიდევ უფრო კარგად ხატავს და მგონია, რომ მშვენიერი წიგნი გამოგვივიდა. საერთოდ აღმოვაჩინე, რომ ბავშვებისთვის წერა ყველაფერს მირჩევნია. უკვე მეორე წიგნზეც დავიწყეთ მუშაობა, თან, მომავალ თვეში შვილს ველოდებით და, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი წიგნი მასაც მოეწონება.

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE