სიტყვები ჰგვანან იმ მიმტანებს...


სიტყვები ჰგვანან იმ მიმტანებს...




*

მუხლზე დამეცა ფოთოლი

არადა მეგონა

წინ მთელი ზაფხულია

 

 

*

ბამბის ნაყინი გაივსო მტვრით

და მწერებით

ენა უახლოვდება ბზიკს

ცხოვრებაში არავითარი სევდა მე არ ჩამიდენია

სიტყვა ეშლება ბავშვს ქუჩაში

ცოდვის ნაცვლად სევდა თქვა და

მერე მთელი გზა ვიმეორებ

ცხოვრებაში სევდა მე არ ჩამიდენია

არც სიხარული მაინცდამაინც

ვით მდინარე ჩაედინება თავსხმისას ზღვაში

რასაც ჩავდივარ არც კი ვიცი რატომ ჩავდივარ

სიცოცხლე ხომ სულ ზეპირად იცის სიკვდილმა

არ ეშლება და იმეორებს

ყლაპავს ამ ამბებს

სანამ სხეული გახდება ვიღაც

თუნდაც მერცხალი ქვის ჭერთან ახლოს

ცა ხომ შორს არის

როგორც ტუალეტი სოფლის სახლის

როგორც ღმერთები ამა სოფლის

აბონენტებო გასულებო

რა დატოვეთ ზონაზე

ოფლი?

რამდენი დრო გვაქვს

დასაშვებად შეცდომების

და ცრემლებად ჩამოდენის

და სიზმრების

ვით ბნელ ფანჯრებში

შუქია ფანრის

 

 

*

ნუთუ იღიმის -

ბოლო ფრინველმაც

მიატოვა ჩამომხრჩვალის

ტუჩების ბუდე.

 

 

*

უკანასკნელი ამოსუნთქვის ბორცვი

სანამ სიკვდილი გაივაკებს

და შორიდან არ მოვკრავთ თვალს

საკუთარ სხეულს

სახლს დანახულს მატარებლიდან

ეჰ, უანგარო ტკივილებო

რამდენ ხანს იჯდა სიბნელეში მოხუცი მამა?

 

 

*

იეჰოვას მოწმეებთან ვაკანსიაა

ეძებენ იმას ვინც ხატავს ქრისტეს

და ბაიკერ მოციქულებს

და ხატავს თოვლს

მონაზვნის ყვავილებით მორთულ საფლავზე

და იმავე მონაზონს ბავშვს

უდარდელად რომ წამომჯდარა ჩრდილის კულისებში

და ლოკავს ნაყინს

ეწვეთება დაჩხაპნილ მუხლზე

იმ ნახატზე ყველა ბავშვს ერთხელ მაინც რომ ჩუქნის ასფალტი

 

 

*

იყო ისეთი შემთხვევაც რომ თენდებოდა

სადაც ასფალტის გზები კრავდნენ კამარას

და გადადიოდნენ მინდორზე ყირამალას

სადაც ნაგავი და მეტაფიზიკა ხვდებოდა ერთმანეთს

და აბორიგენი მანაგუათი სავსე ფიალით ლოცავდა გორაკებს

იქ ერთმანეთზე დავდეთ ფსონები

და რა თქმა უნდა წავაგებდით

იყო იქ მთვარეც ღრუბლების ჩადრით

და ფეთქდებოდნენ ვარსკვლავები

და კარის ჭრიალზე ცეკვავდა მარტოობა

ვადასტურებ, რომ ნამდვილად იყო შემთხვევა

როცა გათენდა

ვიღაცამ ხელისკვრით დილის მხარეს

გახსნა ფანჯარა

თუმცა ანარეკლი მიუწვდომელი აბონენტივით

გასხლტა

დარჩნენ მუშები და ამწეები როგორც

დედამიწის ტორტზე სანთლებივით ჩარჭობილი

ჯარისკაცები

ქუჩა უფსკრული იყო

პირდაფჩენილი და მშიერი

შენობების ჩრდილებს კი მაწანწალას თხელი ჩრდილი

სამართებელივით სერავდა

 

 

*

ღამე სიბნელის არქიტექტორი

დილის დემონტაჟს ხვდება მდუმარედ

დუღს მზე და გარეთ გამოდის მდგმური

შავი სათვალით სიზმარს მოათრევს

ამჩნევს ახლოდან ჩრდილების მორევს

კატას გაზმორილს

და თითქოს ამ გზას ქარის გაზომილს

სახლები იჭერს

მას კი არავინ

და ისიც მიდის

არ დაბრუნდება

 

 

*

სიტყვები ჰგვანან იმ მიმტანებს

ვინც შეკვეთა მიიტანა სხვა მაგიდაზე

სიტყვები ჰგვანან იმ გემებს რომ ჩაიძირნენ

სიტყვები ჰგვანან ჰუმანიტარულ დახმარებას,

რომელიც მუდამ იგვიანებს

სიტყვები ჰგვანან მკვდარი ბავშვის უხმარ პამპერსებს

სიტყვები ჰგვანან გაფუჭებულ მეხამრიდებს

სიტყვები ჰგვანან იმ გუბეებს რომ გაჩნდნენ ზღვასთან

სიტყვები ჰგვანან მუმიებსაც

და ჰგვანან მიწას შიგ დამარხული განძით,

ნაგვით, მკვდრებით, თესლებით.

 

 

*

ვიბარებ ჯართს ვჭრი რადიატორებს

ქალაქის ხეებს და ქალაქის ფანტომებს

გარეუბნების უძველეს ტომებს

ქალაქის კვართს და უჩინარ სატორებს

ვტოვებ მე ზურგსუკან

ვიბარებ ჯართს ვჭრი რადიატორებს

ღმერთები როცა მზეს ჩვენ ჩრდილებს ანდობენ

და რადიაციულ ტორებს ზედ გვაწყობენ

დავობენ ამხობენ გვირგვინებს ადნობენ

ვიბარებ ჯართს ვჭრი რადიატორებს

რა დილა თენდება რატომ მიმატოვე

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE