ირაკლი ლომოურის „ფრთხილად“ საკითხავები


ირაკლი ლომოურის „ფრთხილად“ საკითხავები




ირაკლი ლომოური ფრთხილად უნდა იკითხო, ნელა და დაკვირვებით. არც ენას უნდა დაუჯერო, თითქოს იოლად, „შენი“ სიტყვებით რომ გიყვება ამბავს და არც ამბავს, ასე ჩვეულებრივად რომ იწყება თითქმის ყოველთვის. ფრთხილად რა, უბრალოდ, ისე უნდა იკითხო, რომ არაფერი გამოგეპაროს, მერე უკან დაბრუნება რომ არ დაგჭირდეს იმის გასარკვევად, ეს ამბავი ხვლიკს გადახდა თავს, თუ კაცს, რომელიც დაკრძალვაზე იყო და ხვლიკად გადაიქცა; არა, თუ ეს კაცის ამბავია, რომელიც დაკრძალვაზე იყო და ხვლიკი დაინახა; არა, არა, ალბათ, ეს იმ კაცის სიზმარია, რომელიც მხოლოდ ახლა აპირებს დაკრძალვაზე წასვლას... მოკლედ, „შარია“, ამიტომ „სიფრთხილეა“ საჭირო.

 

ჟანრის კანონით, ირაკლი ლომოურს ბევრი რამის უფლება აქვს, ამ კანონის უარყოფისაც კი. უკვე ისეთები გვინახავს და წაგვიკითხავს ჟანრი და ჩარჩო რა მოსატანია, როცა საქმე ფანტასტიკას ეხება. არადა, არ არღვევს, თან კარგად არ არღვევს. ბოლო სიტყვას კითხულობ და ყველაფერი თავის ადგილზე დგება, იმის მიუხედავად, შეშლილი „ბედლამელების“ ამბავია ეს, თუ „’პარალელური საქართველოს’ ქრონიკები“, თუ აქლემები მეტროში.

 

ირაკლი ლომოური „კულინარია“ – მოკრებს ერთად ათას ნამდვილ ისტორიას და სახელს, ინსპირაციასა და ფანტაზიას და... „ხარშავს!“ ზოგჯერ „ერთ ქვაბშია“ ნამდვილი მოგონებაც და გამონაგონიც, ირონიაც და შაყირიც, დოკუმენტალისტიკაც და აბსურდიც, სარკაზმიც და მისტიფიკაციაც. მერე ზიხარ და გემოს უსინჯავ (ფრთხილად!) ამ ყველაფერს. წესით, სტალინს სულაც არ უნდა „უხდებოდეს“ მაია წყნეთელი, მაგრამ აღარაფერი გიკვირს, როცა ბოლოს კითხულობ, რომ „ერთი სტალინი ყველა სარდაფში ზის“, შეიძლება, მართლა „ზის“. ჰოდა, იყოს სტალინი და მაია წყნეთელი ერთად, ქვიშის საათი და ბურატინო, კოფი ანა-ნიაშვილი და საწოლზე ჩამომჯდარი ქარის წისქვილიც. პარალელური ისტორიები და პარალელური რეალობები ირაკლი ლომოურის „სათამაშო მინდორია“, სადაც თავისუფალია და შენც გათავისუფლებს. ლეგენდებიდან გამოიხმობს მედეას და ერთ ქმარს გაშორებულ, თბილისელ მარიშად აქცევს, მერე კი პარიზში გადაისვრის, სიზმარს და ცხადს ერთმანეთში აურევს და... წაგაკითხებს, თან ისე უცებ, ერთი ამოსუნთქვით, რომ მოგინდება რომანი იყოს - დიდი და სქელტანიანი, რომ ასე მალე არ დამთავრდეს, რომ მთელი ღამე გაათენო.

 

 

ორი ცხოვრება და განსაცდელი

 

ირაკლი ლომოური არ წერს დიდი ზომის ნაწარმოებებს. ორი დეტექტიური რომანი აქვს, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ გამომცემლობამ ხელსაყრელი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა, მაშინვე იცოდა, რომ ეს არ გაგრძელდებოდა. მისთვის უფრო ბუნებრივი მცირე ზომის ტექსტია, მაგალითად, მოთხრობა - იწყებ და უცებ ამთავრებ. წერს დიდი ინტერვალებით, იყო რამდენიმეწლიანი პაუზაც. წერა კი, როგორც თავად ამბობს, რომ არ გაგიჟებულიყო, იმიტომ დაიწყო:

 

„წერა 12-13 წლის ასაკში დავიწყე. ეს იყო, ალბათ, თვითგადარჩენის ინსტინქტი, რაღაცნაირად გარეთ უნდა გამომეტანა ის ყველაფერი, რასაც ვგრძნობდი, რაც მაწუხებდა. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. საბჭოთა სკოლა იყო კოშმარული, შემზარავი, საშინელი. ერთს გვასწავლიდნენ და მეორეს აკეთებდნენ. გველაპარაკებოდნენ იდეალებზე - სიკეთეზე, სამართლიანობაზე, პატიოსნებაზე და იქვე იყიდებოდა ყველაფერი - ნიშანი, ატესტატი, კეთილგანწყობა. ისეთი განცდა მქონდა, რომ აზრი არაფერს აქვს, ყველაფერი ტყუილი და აბსურდია. ხარ რაღაც ლაბირინთში და არ იცი, რატომ მოხვდი აქ, უფრო უარესი - არ იცი, თავს დააღწევ თუ არა ოდესმე ამ უბედურებას“.

 

მერე ყველაფერი შეიცვალა, უცებ არა, მაგრამ ნელ-ნელა. იყო რამდენიმე გადამწყვეტი მომენტიც. კითხულობდა ბევრს, ძირითადად  ისტორიას და ფანტასტიკას. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება და თავისუფლების განცდა სწორედ „თანამედროვე ფანტასტიკის ბიბლიოთეკის“ მრავალტომეულმა მოუტანა. რეი ბრედბერი, აიზეკ აზიმოვი, კლიფორდ საიმაკი, რობერტ შეკლი, ჯონ უინდემი და სხვები - რუსულად თარგმნილი ყველა ის ავტორი, ვინც იმ დროს მსოფლიო ფანტასტიკას ქმნიდა. სწორედ ამან განსაზღვრა ბევრი რამ მისი ინტერესებისა და ცხოვრების თვალსაზრისით. იყო კიდევ ერთი ადამიანი, დის ქმარი - ბიძინა მინდაძე, მწერალი და ექიმი, რომელმაც ასევე ბევრი რამ შეცვალა მის ცხოვრებაში. იყო მამის „სპიდოლაში“ დაჭერილი „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ და იმის შეგრძნებაც, რომ ორ სამყაროში ცხოვრობს. და კიდევ - „კურიერ იუნესკო“:

 

„მამაჩემი თბილისში ცნობილი კარდიოლოგი იყო. ერთხელ პაციენტმა „კურიერ იუნესკოს“ რამდენიმე ნომერი აჩუქა (მაშინ ეს ჟურნალი, ისევე როგორც  „ამერიკა“ და „ანგლია“, თავისუფლად არ იყიდებოდა, უნდა „გეშოვნა“). ერთ-ერთი ნომერი დარვინს ეძღვნებოდა. სწორედ იქ წავიკითხე ორი ინგლისელი მეცნიერ-გენეტიკოსის სტატია, სადაც, ფაქტობრივად, გადახაზული იყო წარმოდგენა, რომ სიცოცხლე თავისით, შემთხვევით გაჩნდა - ანუ სამყაროს „მეცნიერული სურათი“. მაშინ დავფიქრდი პირველად, იქნებ არ არის ეს ყველაფერი ისე, როგორც აქამდე მასწავლიდნენ, იქნებ არის რაღაც „სხვა“. ამ სტატიამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. რაღაც ბუნდოვანი განცდა გამიჩნდა, თუმცა, ყველაფერი ჯერ  ჩამოუყალიბებელ შეგრძნებად რჩებოდა. არც მამაჩემი და არც დედაჩემი მონათლული არ იყვნენ, ამ დროს, ორივეს, წინაპრები სასულიერო პირები ჰყავდათ. ბებიაჩემმა, მაშო კაპანაძემ მამაჩემი არ მონათლა, იდეური რევოლუციონერი იყო, მენშევიკი და ათეისტი. ბებიაჩემი პირველად 1905 წელს დაუპატიმრებიათ. სახლში ჩხრეკისას უპოვიათ დიდი რაოდენობით ყალბი პასპორტები, ბლანკები, არალეგალური ლიტერატურა და იარაღი. 10 წელი ციხეებსა და გადასახლებაში გაატარა. ორჯერ გამოიქცა ციმბირიდან და დაიჭირეს. მესამედაც გამოიქცა და გზაში მოუსწრო რევოლუციამ. მენშევიკების დროს იყო გორის მაზრის პოლიტკომისარი და სახალხო გვარდიის შტაბის წევრი. 30-იან წლებში, რეპრესიების დროს, პრაქტიკულად შინაპატიმრობაში აღმოჩნდა. „შპიკმა“ საიდუმლოდ გააფრთხილა (ისიც გორელი კაცი ყოფილა და თურმე იცნობდა), გარეთ თუ  გახვალ და  ხალხთან ურთიერთობა გექნება, მაშინვე დაგაპატიმრებო. ერთხელ, 30-იანი წლების ბოლოს, მამიდაჩემს უკითხავს, დედა, შენ ამისთვის იბრძოდი, ამ ცხოვრებისთვისო? არა, შვილო, ეს სულაც არ მინდოდა, ეს საერთოდ არ მინდოდაო, უთქვამს. არადა, მაშო კაპანაძის ბიძა კირიონ კათოლიკოსი იყო... ძალიან ბევრი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ბოლოსდაბოლოს მივსულიყავი ეკლესიაში, წლები დამჭირდა და მრავალი განსაცდელიც გადავიტანე“.

 

იქამდე იყო სტუდენტობა, ექსპედიციები და კიდევ ერთი სტუდენტობა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, ირანის ისტორიის სპეციალობით. როგორც ირაკლი ამბობს, ეს იყო საუკეთესო დრო: მეგობრები, ლაშქრობები, სტუდენტური ექსპედიციები, სადაც ძეგლების რესტავრაციაზე მუშაობდნენ. ეს იყო სრულიად სხვა სამყარო, სადაც ცოტა ხნით ქრებოდა საბჭოთა კავშირიც, კომკავშირიც, პარტიაც და იდეოლოგიაც. შემდეგ მუშაობდა ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილებაში. იყო მრავალი ეთნოგრაფიული ექსპედიციის მონაწილე. უნივერსიტეტის დამთავრებიდან ათი წლის შემდეგ ჩააბარა სასულიერი აკადემიაში, რომელიც 1996 წელს დაამთავრა და იქვე დარჩა ლექტორად.

 

„26 წლის ვიყავი, როცა სერიოზული ტრავმა მივიღე. მეორე სართულის აივნიდან გადმოვვარდი ნასვამი. ქალას ფუძის მოტეხილობა მივიღე და მრავლობითი მოტეხილობები. 17 დღე ვიყავი უგონოდ, აპარატზე შეერთებული. დამოუკიდებლად ვერ ვსუნთქავდი, რეფლექსები არ მესინჯებოდა. მერე რაღაც მოხდა და ცნობიერება დამიბრუნდა, დავილაპარაკე. არ ელოდნენ. რეაბილიტაციას დასჭირდა დიდი დრო. ნელ-ნელა დავუბრუნდი ნორმალურ ცხოვრებას, თუმცა, კვალი დარჩა. მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი შანსი მომცა ღმერთმა, იმისათვის, რომ სხვანაირად დამეწყო ცხოვრება. ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რომ ეს არის შენი ამპარტავნება, რომ გგონია ღმერთი რაღაც შანსს გაძლევს; ეს ილუზიაა, შემთხვევით ჩამოვარდი და შემთხვევით გადარჩიო... მე რომ მეფიქრა, ის, რაც დამემართა მხოლოდ ბრმა შემთხვევითობა იყო და მეტი არაფერი, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი, ალბათ, არ იარსებებდა ჩემი ოჯახი, შვილები... მეუღლე სასულიერო აკადემიაში  გავიცანი - ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა, მე - ქრისტიანული ანთროპოლოგიის“.

 

 

„ურბანული ლეგენდა“ ქართულად

 

წესით, ჯერ ლეგენდა ჩნდება და მერე მხატვრული ნაწარმოები - ფილმი, სიმღერა და სხვა; ჯერ ხალხი იგონებს რაღაცას და მერე ამ მონაგონს ვიღაც მხატვრულ ნაწარმოებად აქცევს. თითქმის ასეა ყოველთვის და ყველგან. ასე იქმნება „ურბანული ლეგენდები“, მერე კი – ცოტა საშიში და ზოგჯერ სასაცილო ფილმები ამ ლეგენდების მიხედვით.

 

ჰოდა, 80-იანი წლებია, საბჭოთა საქართველო. თითქმის არაფერი ხდება და უცებ, ვიღაცამ მეტროში ნახა აქლემების მთელი ქარავანი, რომელიც ერთი გვირაბიდან გამოვიდა და მეორეში გაუჩინარდა. იყვნენ თვითმხილველებიც. ეს იყო ნამდვილი „ურბანული ლეგენდა“ და ეს იყო „შემთხვევა“, რომლის ავტორიც ირაკლი ლომოურია. „შემთხვევა“ პატარა მოთხრობაა, რომელიც 1982 წელს „ცისკრის“ დამატება „ნობათში“ დაიბეჭდა:

 

„ჩემი ხუთიოდე პატარა მოთხრობა დაიბეჭდა „ნობათის“ 1982 წლის ნომერში. მათ შორის იყო „შემთხვევაც“, რომელიც მერე გავრცელდა როგორც ნამდვილი ამბავი, როგორც „ურბანული ლეგენდა“. „ცისკრის“ რედაქციაში რომ მივედი, მითხრეს, მეტროპოლიტენის სამმართველოდან მოგვივიდა წერილი, უარყავით ეს ინფორმაცია და დაბეჭდეთ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა მეტროშიო; გვაწუხებენ, რეკავენ, აღარ შეგვიძლია მეტიო. იმ ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას ის ჟურნალი თვალით არ ენახა. ვიღაცა მოჰყვა ამას, როგორც ნამდვილ ამბავს, ვიღაცამ დაიჯერა და ასე გავრცელდა ჭორი, წავიდა, წავიდა და წავიდა... რატომ გაჩნდა ეს ილუზია? თხრობა იყო აბსოლუტურად დოკუმენტური სტილის, კონკრეტული სახელებით და გვარებით, მისამართებით, თანამდებობებითაც კი. როგორც მითხრეს, დიდი ხნის შემდეგ, ერთ-ერთმა ასტროლოგმა, ტელევიზიით გამოსვლისას, ეს ამბავი გაიხსენა, როგორც პარანორმალური მოვლენა, როგორც ნამდვილად მომხდარი აუხსნელი მოვლენა. სასაცილოა... გვიანი ღამე იყო, პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაჩერებაზე რომ გამოვედი. მატარებელი წავიდა და რატომღაც გავჩერდი. ცხადია, ცოტა ნასვამი ვიყავი, მაგრამ მთვრალი არ ვყოფილვარ. წარმოვიდგინე, რა მოხდება, ახლა ამ გვირაბიდან აქლემების ქარავანი რომ გამოვიდეს, რა კარგი სანახავი იქნება-მეთქი... სახლში რომ მოვედი, დავიწყე წერა. რას ვწერდი და რატომ, მე არ ვიცოდი, ვერ ვაცნობიერებდი, ოცი წლის ვიყავი. არც ფორმაზე ვფიქრობდი და არც ქვეტექსტებზე, სრულიად სპონტანური და ინტუიციური იმპულსები იყო. ეს უფრო შაყირი იყო, ირონია“.

 

ირაკლი ლომოური ამბობს, რომ ის უფრო ირონიულ აბსურდს წერს და სიურრეალიზმს. ფანტასტიკაში კი ყველაფერს მოიაზრებს – ფენტეზისაც, ჰორორსაც, სამეცნიერო ფანტასტიკასაც, სიურრეალიზმსაც, მისტიკასაც, აბსურდსაც, მაგიურ პროზასაც და ლიტერატურულ ზღაპარსაც. ამბობს, რომ ინტუიციით წერს, არასდროს იცის, რატომ და რა მიზნით იწყებს წერას, უბრალოდ, წერს: 

 

„მთავარი განცდა იყო ის, რომ აბსურდში ვარ და აქედან ვერ გავდივარ, ძირითადად ამაზე ვწერდი. „შემთხვევაშიც“ მთავარი ის კი არ იყო, რომ აქლემებმა ჩამოიარეს და წავიდნენ, მთავარი იყო  მე-19 თვითმხილველი, რომელსაც უნდა, რომ გაჰყვეს ქარავანს და ვერ მიჰყვება (თუმცა, ეტყობა, მაინც გაჰყვა, რადგან გაქრა). ეს მოთხრობა უფრო გაქცევის შეუძლებლობაზეა და არა რაღაც პარანორმალურზე. ეს განცდა, რომ რაღაც უზარმაზარ ციხეში ვარ გამოკეტილი, არ მტოვებდა. ძალიან ბევრი მიფიქრია აქედან გაქცევაზე, მაგრამ ახლა ვხვდები და მაშინაც ვგრძნობდი, რომ გაქცევა არ შეიძლება. თუ გარბიხარ, ტოვებ იმას, რაც შენია და ამით კარგავ მთავარს – ქვეყანას, მეგობრებს, ხალხს. ძალიან მინდოდა საბჭოთა კავშირიდან გაქცევა, მაგრამ სერიოზულად არასდროს წარმომედგინა სხვაგან ცხოვრება, უცნაურია, ერთდროულად იყო ეს ორი რამ”.

 

 

მრავალი თაობის კონფორმისტები

 

„ბრძოლა რა არის? ბრძოლა არის მაგალითის ჩვენება“, – ამბობს ირაკლი ლომოური. – „მე ვეცადე... ვეცადე მებრძოლა, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ გადავდე თავი. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ იმას, რასაც მე ვაკეთებ, სინამდვილეში, არავითარი რეალური შედეგი არ მოაქვს. თითქმის ყველა აქციის მონაწილე ვარ 1978 წლის 14 აპრილით დაწყებული, 9 აპრილი... 7 ნოემბერს მხუთავი გაზის ყუმბარა ფეხებთან ამიფეთქდა, კინაღამ მოვკვდი, 2012-ში საპროტესტო შიმშილობას შევუერთდი იმ საზარელი კადრების მერე... მაგრამ ბუნების დაცვა სხვა რამე აღმოჩნდა. არც მქონდა დიდი ილუზია, მაგრამ მეგონა, რომ საზოგადოება უფრო მეტად გამოეხმაურებოდა ამ ამბავს. ისედაც ხომ ვკარგავთ ამ ჩვენს მიწას და თუ ჩვენ თვითონაც დავტბორეთ, მაშინ აღარ ვიარსებებთ. ჩვენი შვილები და შვილიშვილები სად იქნებიან და რა იქნებიან? უბედურება ის არის, რომ უმეტესობა ცხოვრობს ისე, თითქოს მას ეს არ ეხება და არც შეეხება. ჩვენ დავრწმუნდით, რომ შეიძლება, 100 ათასი კაცი გამოვიდეს აქციაზე და მაინც არაფერი შეიცვალოს, მაგრამ როცა 150 კაცი გამოდის და ყველა სხვა ინდიფერენტულია, რაღა შეიცვლება?!“

 

რა მოიტანა გიგანტური ჰესების წინააღმდეგ მიმართულმა სამოქალაქო პროტესტმა, რომელშიც ირაკლი ლომოური მონაწილეობდა? პეტიციები, ღია წერილები, აქტიურობა სოციალურ ქსელებში, პრესკონფერენციები, აქციები. ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. ჯერ არავის უთქვამს, რომ აღარ აშენდება დიდი ჰესები, არ გაიჩეხება ხეები, არ დაიტბორება სოფლები. რატომ? რატომ არ მოხდა ამ თემის ირგვლივ გაერთიანება? რატომ აღმოჩნდა ეკოლოგია მხოლოდ რამდენიმე ათეული აქტივისტის საქმე?

 

„ბევრი ფაქტორია, მაგრამ ერთს ვიტყვი. 200 წელი ვიცხოვრეთ „სხვის სახელმწიფოში“, როცა ჩვენ არ გვეკითხებოდა არავინ არაფერს. რასაც უნდოდათ, იმას გვიზამდნენ ჯერ რუსეთის იმპერიის დროს და მერე ბოლშევიკები. რასაც უნდოდათ – სულაც ციმბირში გაგვასახლებდნენ და ბევრი გაასახლეს კიდეც. ასეთ ცხოვრებას ვეგუებოდით, ჩვენ კონფორმისტები ვართ უკვე მრავალ თაობაში. ბოლშევიკების დროს ძალიან ბევრი პროგრესული, განათლებული ადამიანი ან ბრძოლაში დაიღუპა, ან მოკლეს, ან ემიგრაციაში წავიდა. ვინც დარჩა, ის ამ ბოროტმოქმედების თანამონაწილე გახდა – ზოგი სურვილით, ზოგი იძულებით; ზოგი სიჩუმით! ყველა თანამონაწილეა! ეს შიში, ეს კონფორმიზმი ადამიანის დემორალიზებას იწვევს. ჩვენ ვართ ამ ხალხის შთამომავლები – იმისაც, ვინც იჭერდა და იმისაც, ვისაც იჭერდნენ და იმისაც, ვინც ჩუმად იყო. ჩვენ, ამ ხალხის შთამომავლებს, არ გვაქვს იმის განცდა, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, რომ ჩვენზეა რამე დამოკიდებული, ამიტომ სულერთია, სად ხეს მოჭრიან და სად მიწას დატბორავენ; სულერთია ის, რომ სვანეთში ან რაჭაში ხელისუფლება რაღაცას აშენებს. უმეტესად, ამის გამო მხოლოდ მაშინ წუხს ვინმე, თუ თვითონ არის იქაური და მას პირადად ეხება... თუმცა, გულზე ხელების დაკრეფა მაინც არ შეძლება, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ადამიანს უნდა სწამდეს, რომ რაღაც არის ამ მატერიალური განზომილების მიღმა და მაღლა!“

 

 

„ფანტასტი”, ბრედბერი, ლავკრაფტი

 

დაახლოებით ერთ წელია, რაც ირაკლი ლომოური დროდადრო თავისი ფეისბუკის გვერდზე ასეთ პოსტებს აქვეყნებს:

 

„მეგობრებო! :) კლუბ „ფანტასტის“ წევრებო, ვეტერანებო და ახალბედებო, ასევე, კლუბის მომავალო წევრებო და ფანტასტიკით ახალდაინტერესებულო ადამიანებო! მინდა შეგახსენოთ, რომ ხვალ, ჩემთან, სახლში, გაიმართება შეკრება. ძალიან მინდა, რომ მობრძანდეთ ყველა, ვისაც ჩვენი ერთობა და ჩვენი ჟურნალი ფანტასტიკურად გეძვირფასებათ! მეგობრებო, გააქტიურდით, გამხნევდით, გაფანტასტდით! :) კლუბი გიხმობთ! კლუბი ხართ თქვენ! :) მოსვლა ნურავის მოგერიდებათ - კარი ფანტასტიკურად ღიაა! :) გაუმარჯოს ფანტასტიკას და ფანტასტებს! :)“

 

„ფანტასტის“ შესახებ პირველი პოსტიც „ფეისბუკზე“ დაწერა, სადაც ამბობდა, რომ კლუბის გაკეთებას აპირებდა. თავიდან რამდენიმე ადამიანი გამოეხმაურა და პირველი შეკრებაც მოაწყვეს. ჯერ ორი კაცი მივიდა, მერე - ოთხი, მერე ოცამდეც ავიდნენ. ახალ წევრებს ისევ ელოდებიან. ამბობს, რომ ჟურნალი „ფანტასტი“ და კლუბი „ფანტასტი“ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე აღმოჩნდა. 18 მარტს „ფანტასტმა“ ოფიციალური სტატუსი მიიღო და გახდა არასამთავრობო, არაკომერციული, იურიდიული პირი. შეუძლიათ, გამოსცენ წიგნები, ჟურნალები; ჰქონდეთ რადიო, ტელევიზია; შეუძლიათ, გადაიღონ კინო.

 

„შეგვიძლია... მაგრამ ფული არ გვაქვს. არ გვყავს სპონსორი. ჟურნალის პირველი ნომერი გამოვეცით ჩვენი ძალებით, ენთუზიაზმის ხარჯზე. ფულიც ჩვენ შევკრიბეთ, ვის რამდენი შეგვეძლო, იმდენი დავდეთ. ნაცნობ-მეგობრებიც შევაწუხეთ. იმდენი თანხა შეგროვდა, რომ პირველი ნომერი გამოვეცით (300 ცალი) და ცოტა მეორესთვისაც დაგვრჩა. ახლა მეორეც გამოვა, ალბათ, ნოემბერში. მალე ჩვენი საიტიც ამუშავდება. „ფანტასტის“ ფეისბუკ-ჯგუფში ახლა 574 წევრია, თუმცა, ყველა აქტიურად არ მონაწილეობს ჩვენს საქმიანობაში და შესაბამისად, შეკრებებზეც არ მოდის. 25 კაცზე მეტი შეკრებაზე ჯერ არ ყოფილა. თან იცვლება, შემადგენლობაც, რაოდენობაც, მაგრამ ჩამოყალიბდა რაღაც ბირთვი, რომელიც აქტიურია - ჟურნალზეც მუშაობს და კლუბის საქმიანობაშიცაა ჩართული. რაღაც დროის განმავლობაში „მწერალთა სახლშიც“ ვიკრიბებოდით, ახლა ისევ ჩემს სახლში გვაქვს შეხვედრები. ეს კლუბი სინამდვილეში არის ლიტერატურული სტუდია-სახელოსნო. როცა ვიკრიბებით, დამწყები ავტორები თავიანთ ტექსტებს კითხულობენ და მერე ამაზე ვმსჯელობთ, ტექნიკას ვხსნით, ლიტერატურულ ხერხებზე ვმუშაობთ, ჩვენს აზრს გამოვთქვამთ. რა თქმა უნდა, ეს აზრი კრიტიკულია, მაგრამ ეს არის თან მეგობრული და თან საქმიანი გარემო და კრიტიკა არავის სწყინს. ჟურნალის პირველი ნომერი რეი ბრედბერის მიეძღვნა. მეორე ნომრის მთავარი თემა იქნება ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის პიროვნება და შემოქმედება. მესამე ნომერი მიეძღვნება ქართულ ფანტასტიკა-ფენტეზის, ნომრის ავტორი იქნება ნატო დავითაშვილი“.

 

ჟურნალში იბეჭდება როგორც ორიგინალური ქართული ნაწარმოებები, ასევე თარგმანები. ირაკლი თავადაც თარგმნის და ამჟამად მისი დროის დიდი ნაწილი სწორედ ამ საქმეს ეთმობა. „პალირტა L”-თან აქვს საქმიანი ურთიერთობა და წელს ორი რომანი უკვე თარგმნა - გილიან ფლინის „გაუჩინარებული ქალი“ და დინ კუნცის „უცნაური თომასი“. ამჟამად მუშაობს ფლინის მეორე რომანის თარგმანზე და ამბობს, რომ თითქმის აღარ რჩება დრო რაღაც ახლის დასაწერად. დღემდე  გამოცემული აქვს ათზე მეტი წიგნი – მოთხრობები, დეტექტიური რომანები, დოკუმენტური ტექსტები, პუბლიცისტიკა და ფანტასტიკა. არის პიესებისა და სცენარების ავტორი, დაწერილი აქვს ლიტერატურული ზღაპრები და სახალისო რითმოცანები. თუმცა, პირველი მოთხრობების გამოქვეყნებიდან პირველი წიგნის გამოცემამდე საკმაოდ დიდი დრო გავიდა:

 

„ვწერდი ძალიან დიდი ინტერვალებით. კრებულის გამოცემაზე მე არ მიფიქრია. ჩემმა სიძემ, ბიძინამ მითხრა, მოდი, შეაგროვე და „მერანში“ მივიტან და გამოვცეთო. შევაგროვე და ბიძინამ მიიტანა. 90-იანი წლები იყო. ამ დრო ქვეყანა აირია და ეს წიგნი ვერ გამოვიდა. ძალიან კარგია, რომ არ გამოვიდა, პირველი მცდელობები იყო და ცოტა უმწიფარი ტექსტები. სადღაც 1990 წლიდან 1997-მდე პრაქტიკულად აღარ ვწერდი. მერე ისევ მომინდა წერა, რატომ, აღარც მახსოვს. პირველი წიგნი გამოვიდა 2000 წელს. როსტომ ჩხეიძესთან ვმუშაობდი მაშინ, ჟურნალ „ომეგაში“. როსტომი ჩემი კურსელია. როდესაც გავიგე, რომ ჟურნალი კეთდებოდა, ვთხოვე სამსახური. მიმიღო რედაქციაში - თარგმანის და ესეისტიკის განყოფილების გამგე ვიყავი. თვითონ როსტომმა მითხრა, მოდი, გამოვცეთ შენი წიგნიო. შევკრიბე, რაც მქონდა და პირველი წიგნიც დაისტამბა”.

 

 

„ახალი სამყაროს“ ავტორები

 

ირაკლი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირში ფანტასტიკას მწვანე შუქი ენთო, რამდენადაც ის განიხილებოდა, როგორც საყმაწვილო ჟანრი, ზღაპარი და სერიოზულად არ აღიქვამდნენ. მისი აზრით, სინამდვილეში, ფანტასტიკა ცვლიდა არათუ მოზარდის წარმოდგენებს, არამედ ზრდასრულისაც და საბჭოთა კავშირის დანგრევასა და საბჭოთა ადამიანის ცნობიერების ცვლილებაში ფანტასტიკასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი. იმ დროს თავისუფლად ითარგმნებოდა და გამოიცემოდა ფანტასტიკის ჟანრის საუკეთესო ნაწარმოებები, უპრობლემოდ იბეჭდებოდა საბჭოთა ავტორების წიგნებიც. წლების განმავლობაში მილიონობით ტირაჟი გამოდიოდა და იყიდებოდა. თუმცა, XX საუკუნის საბჭოთა საქართველოში ფანტასტიკა ვერ გახდა პოპულარული. ერთეული ავტორების ერთეული ნაწარმოებების გარდა, თითქმის არაფერი დაწერილა. თითქმის არაფერი თარგმნილა და თუ ითარგმნა, ძირითადად რუსულიდან, უხარისხოდ.

 

არადა, შეიძლებოდა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო: მედეა თავისი მამითა და მამიდებით მსოფლიო „ფენტეზური“ ისტორიის ერთ-ერთი პირველი ბინადარი იყო; თუ სხვა მხრიდან შევხედავთ, „ვეფხისტყაოსანიც“ კარგი ფენტეზია – გულანშაროთი, ბევრი ქაჯითა და ქაჯეთის ციხით. ქართული ხალხური ზღაპრები, ლეგენდები და ფოკლორის დიდი  სამყარო თავისი სხვადასხვანაირი დევითა და კუდიანებით ფენტეზის წყარო, ალბათ, დიდი ხნის წინათ უნდა გამხდარიყო.

 

„ბევრი მიზეზი აქვს იმას, რომ საქართველოში ბოლო დრომდე არ იყო ფანტასტიკა განვითარებული და არ გვყავს ბევრი ავტორი. შეიძლება სისულელეს ვამბობ, მაგრამ მგონია, ეს ჩვენს ეთნოფსიქოლოგიას უკავშირდება, ქართველი კაცის თავისებურებებს და ქართველების ცხოვრებას საბჭოთა კავშირში. იმ პერიოდზე ვამბობ, როცა ფანტასტიკა პოპულარული ხდება საბჭოთა კავშირში, თორემ მსოფლიოში ნამდვილი ფანტასტიკა ჯერ კიდევ ჰერბერტ უელსიდან იწყება. ჟიულ ვერნი პირველია, მაგრამ უელსი ნამდვილი სამეცნიერო ფანტასტიკაა. ჩვენ კი იმდენად ვიყავით ორიენტირებული ყოველდღიურობაზე და იმდენად გვაწუხებდა ჩვენი ამქვეყნიური პრობლემები, როგორც ჩანს, ემოციები აღარ გვრჩებოდა ასეთი ფანტაზიებისთვის. ბოლო ორმა საუკუნემ დამანგრევლად იმოქმედა. ჩვენთვის თვითგადარჩენა იყო ყოველდღიური ამოცანა და ეს მოითხოვდა დიდ ძალისხმევას. ჩვენ გვაკლდა ყველაზე მთავარი – თავისუფლება. ფანტასტიკა ხომ ოცნებაა, თავისუფლება, წარმოსახვითი სამყარო, სადაც გადადიხარ, სადაც ცხოვრობ. დღეს ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი თვალსაწიერი გაფართოვდა. ინტერნეტმა ყველაფერი შეცვალა ყველასთვის, მით უმეტეს - ჩვენთვის. ინტერნეტი სულაც ჩემი ბავშვობის სამეცნიერო ფანტასტიკაა. მნიშვნელოვანია კინემატოგრაფიც. დღეს ამ ჟანრში ძალიან მაღალი დონის ლიტერატურა იქმნება და ძალიან შთამბეჭდავია ის ფილმებიც, რასაც ამ ნაწარმოებების მიხედვით იღებენ. ახლა ფანტასტიკა საქართველოშიც ბევრს აინტერესებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც მკითხველებიც არიან და მწერლებიც. ისინი სწორედ ახლა იწყებენ ამ ჟანრში მუშაობას“. 

 

P.S. ირაკლი ლომოურის რამდენიმე დღის „ფეისბუკ-ქრონიკა“:

სვეტლანა ალექსიევიჩი...

ფიზიკოს ეფრემოვის გამოცხადება...

„ცოცხალი წიგნების“ ფანტასტიკური მოგზაურობა...

„არა ნენსკრაჰესს!“

ხვალ „ფანტასტის“ შეხვედრაა!..  

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE