ალექსანდრე გალპერი 1971 წელს დაიბადა უკრაინაში, ებრაელების ოჯახში. მაინცდამაინც წიგნების გარემოცვაში არ უცხოვრია და არც გამოფენებსა თუ კონცერტებზე სიარული უწევდა. მისმა ბავშვობამ ძირითადად ხულიგანი ბიჭების წრეში, ჩხუბში, საქმეების გარჩევებსა და შემთხვევით თავგადასავლებში გაიარა.
18 წლისა კი გადასახლდა ამერიკაში, სადაც დღემდე ცხოვრობს. ლექსებს წერს ინგლისურ და რუსულ ენებზე, სცემს წიგნებს და, რაც მთავარია, საგასტროლოდ დადის სხვადასხვა ქვეყნებში, რათა მკითხველს თავად წაუკითხოს თავისი შემოქმედება. ხშირად აწყდება უკმაყოფილებას კონსერვატორი მსმენელის მხრიდან, რადგან ბევრს არ მოსწონს მისი არანორმატიული ლექსიკა თუ ეკლექტური აბსურდი.
გალპერი ჩვენი საუკუნის გამოფიტულ, მომხმარებლურ სამყაროში შემოგდებული ადამიანის ბედზე წერს, თან ისე, რომ არავის გულს არ უჩუყებს და სენტიმენტალურ განცდებს არ აღუძრავს. პირიქით, მკითხველთა ნაწილი შეიძლება გააღიზიანოს კიდეც მისმა გამომწვევმა ტონმა, საკითხებისადმი სარკასტულმა მიდგომამ.
შეიძლება ითქვას, რომ ირონია, რომელიც ხშირად აბსურდში ზავდება, გალპერის მთავარი ინსტრუმენტია წერითი განწყობილებების გადმოცემისას. სწორედ ეს აყენებს მცდარ გზაზე მკითხველს და აფიქრებინებს, რომ ავტორი გულგრილი ცინიკოსია. ეს, ცხადია, მცდარი აზრია, რადგან რეალური გალპერი, უბრალოდ, ამ ფორმით გადმოგვცემს თავის გულისტკივილს. მას სურს, საზოგადოებრივი ნიჰილიზმი მამხილებლობით გაარღვიოს და ასე იმოქმედოს მის გარქოვანებულ რეცეპტორებზე.
გალპერი ერთგვარი პოეტი-პროვოკატორიცაა. ის მოულოდნელი ფრაზებით აბნევს მკითხველს, ერთბაშად გადადის სიმარტივიდან სიმბოლურ თხრობაში, ან უბრალოდ, ყველაფერი ,,დაჰყავს“ ტრივიალურ დასკვნამდე, რადგან სწორედ ეს შეესატყვისება რეალობას.
ის თამაშობს თემებით – სექსი, გასტრონომია, პოლიტიკა... შეგნებულად აღიზიანებს ტაბუების მოყვარულ საზოგადოებას და ასე ცდილობს, უთხრას მას სიმართლე.
ერთნი პოლიტიკურ ავტორად თვლიან, მეორენი იუმორისტად, ზოგს ანარქისტი ჰგონია, ზოგს კი გარყვნილი.
რეალურად კი ალექსანდრე გალპერი ამ ყველაფრის ერთგვარ ანარეკლს ქმნის თავის ლექსებში. ის მომხმარებლური საზოგადოების კრებით პორტრეტს გვიხატავს ისე, რომ პირველ რიგში, საკუთარ სახეს უსვამს ბასრ იარაღს - პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ინდობს.
ალექსანდრე გალპერი ამ ცოტა ხნის წინ თბილისში იყო და მწერალთა სახლში შეხვდა მკითხველს. მართალია, მისი ვიზიტი წყალდიდობის დღეებს დაემთხვა, მაგრამ ვისაც ძალიან აინტერესებდა, მაინც მივიდა მის მოსასმენად. ასეა ყოველთვის – პოეზია მშვიდობიანი საქმიანობა ჩანს ერთი შეხედვით. რეალურად კი მას დრამატული მოვლენების ფონზე უწევს ცხოვრება...
გამოგონება
ტყვიაგაუმტარი სილიკონის ძუძუები
საეჭვო უბნებში სასეირნოდ,
ტიტანური ფილტვები
დღეში სამი კოლოფი სიგარეტის მოსაწევად,
სულ მუდამ ამდგარი რეზინის ასო
მახინჯი ხელმძღვანელი ქალების გასაჟიმად
და სამსახურებრივი წინსვლისთვის,
ხელოვნური ღვიძლი, რომელიც გაძლევს საშუალებას,
არაყი კასრებით სვა,
რეაქტიული ვიდეორგოლები აზიელთათვის,
ამერიკულ ბომბებს რომ გაექცნენ,
მარტოხელა კაცებისთვის – გასაბერი ქალები,
სახეების მაგივრად რომ ტელევიზორის ეკრანები აქვთ,
სადაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს გადმოსცემენ,
მარტოხელა ქალებისთვის - თმის საშრობები,
იმავდროულად ვიბრატორის ფუნქციასაც რომ ითავსებს,
მთვარის შუქზე რომანტიკული საღამოებისთვის კი -
პარალონის ბულბულები და ფოსფორის ვარსკვლავები.
ნამდვილი გალპერი
ხანდახან მგონია
რომ ნამდვილი
საშა გალპერი კი არა
მისი კლონი ვარ
მე რომ რეალური გალპერი ვიყო
სულ სხვა ქალები მეყვარებოდა
(ანდა სულაც ქალები კი არა...)
ვივლიდი სულ სხვა დემონსტრაციებზე
მივცემდი ხმას
ჭუჭყიანი და გაოფლილი შოფერი კი არ ვიქნებოდი
რომელსაც დაფეხვილი ბებრები გადაჰყავს
არამედ კოლეჯში მომუშავე ლიტერატურის
გამოწკეპილი პროფესორი
შემცირებაში მოყოლის შიშით
კლონირებული გალპერის ცხოვრების შესახებ
წიგნებს რომ აცხობს
და სტუდენტ გოგოებს
ტყუილებით აბამს
ამ მუტანტს პირადად ვიცნობო.
* * *
მე უკანასკნელი ნამდვილი ანარქისტი ვარ.
დამანახეთ პრეზიდენტი და მერწმუნეთ,
ის გასროლის გარეშე მოკვდება,
როცა მისი ცოლი ჩემით მოიხიბლება.
გეუბნებით, ზეწოლის ამ სიმბოლოს საბოლოოდ გავანადგურებ,
როცა ასოს პირში მივცემ მის ქალიშვილს.
ჯანდაბაში წასულა ყველა ხელისუფლება მსოფლიოში,
ჯანდაბაში წასულა სულელური ფოსტა,
ბებრული, მოსაწყენი გასართობი – პენსია და
იარაღი, რომელსაც უაზროდ აჟღარუნებს ჯარი.
თანახმა ვარ, ვუხადო გადასახადები სახელმწიფოს
მხოლოდ საროსკიპოების შესანახად.
მხატვარ შ-ს თვითმკვლელობაზე
იწექი ახლა მიწაში და ნუ ხმაურობ -
შენს საცოლეს მე ვეფერები
ტუჩებს ვუკოცნი
ვგრძნობ რა სასტიკად მეტმასნება
როცა ასოს ვუყოფ
მესმის ტაბურეტის გაფრენის ხმა
ყოჩაღ რომ ჯვარი თოკზე დაიწერე
და მიეცი საშუალება სხვას
ეთამაშა ზამბარებიანი ძუძუებით
დედამ სასოწარკვეთილმა დაიკივლა
და ზღურბლთან გაშეშდა
ო როგორ გადავიხლართეთ მე და საცოლე
საწოლიდან ზღვა ოფლი იღვრება
რატომ ერთი-ორი წლით ადრე არ მიხვდი
რომ ცხოვრება ყლეობაა?
სიყვარული
სიყვარული გამომშრალი ძეხვი არ გეგონოთ,
არც აყროლებული ქაშაყი,
ან მძიმე, ლაქებით შეფერილი საზამთრო.
სიყვარული – ეს ფრანგული ხახვის სუპია,
კიევური კატლეტები, პირში რომ დნება,
დაუვიწყარი ციმბირული პელმენები.
სიყვარული ბლაგვი ჩაქუჩი არ გეგონოთ,
ან იაფფასიანი სახრახნისი, თუ სულელური სოლი,
სიყვარული – ეს მოზანზარე ელექტრობურღია,
დურგლის მხიარული დანადგარი.
ანდა ჩუმი და ერთგული სარჩილავი.
პოეტის სიკვდილი
პუშკინი მოკვდა, როცა ცოლის ღირსებას იცავდა.
მანდელშტამი საკონცენტრაციო ბანაკში ამოალპო ტირანმა
თავისუფალი აზროვნების გამო.
ვისოცკი გადათვრა, ვერ გაუძლო საყოველთაო სიყალბეს.
გალპერი კი ღორმუცელობისგან მოკვდება
როცა „ბურგერ-კინგ“-ში ნახევარ ფასად გაძღება სენდვიჩებით.
ხელმოცარულთა ცეკვა
ჰოპა, ჰოოპა, ჰოოოპა,
ცეკვავენ ხელმოცარულები.
ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი, სამი,
ფული თითებს შორის გვიქრება.
ჰოპა, ჰოოპა, ჰოოოპა,
რასაც არ უნდა შევეხოთ, ყველაფერი ჰაერში იფანტება.
ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი, სამი,
ქალები გაგვირბიან, როგორც კეთროვანებს.
ჰოპა, ჰოოპა, ჰოოოოოპა,
თავის ჩამოხრჩობაც კი არ შეგვიძლია ადამიანურად.
ოდა პენისს
დაბადებიდან დამდევ.
სადაც მე, იქაც – შენ.
ახლა კი პირიქით. სადაც შენ – იქაც მე.
გჩრიდი რუსულ, ებრაულ, სომხურ საშოებში.
გტენიდი თეთრ და შავ ტუჩებში.
შენ ყველაფერს მდუმარედ იტანდი.
თუმცა კი ავადმყოფობების
კბილებზე ნაკლებად არ გეშინოდა.
და პანიკურად გაურბოდი შეხვედრას
მამაკაცის უკანალთან.
რამდენი მანერვიულე.
რამდენჯერ მინდოდა მომეჭერი და
ძაღლების ლუკმად მექციე.
მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა,
უფრო იმაზე ვოცნებობდი რომ
სამჯერ უფრო დიდი ყოფილიყავი და
არ მცოდნოდა სიტყვა ,,დავარდნა“.
წვერებიანი გოგონა
ნუ გაწუხებს, ლამაზო, მამაკაცის ჰორმონების ზეიმი.
არც მე ვარ მსოფლიოში ულამაზესი.
მე სულ მკიდია, შენ რომ სახეზე თმა ამოგდის.
მე ამისთვის არ მიყვარხარ.
ჩვენ წავალთ ჩემთან, სახლში,
გაგაცნობ დედაჩემს და ვეტყვი:
ესაა ჩემი ერთადერთი და
ცოლად უნდა მოვიყვანო.
ცხადია, ყოჩაღი კავალერისტივით წვერის ვარცხნას და
ულვაშების წიწკვნას თუ გადაეჩვევა.
* * *
მე მოვკვდები დღეს, 2.30-ზე გრინვიჩის დროით.
შეუკვეთეთ მარხილი სასაფლაოზე,
დაუძახეთ ნეკროფილ გოგოს.
დაე, დატკბეს ჩემი სხეულით.
მე ხომ გოგონებისთვის ყველაფერი მემეტება.
გიჟ გოგოს
ნუ გაჰყვირიხარ, თითქოს ჩემ გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია.
ისევ დაგიგვიანდა წამლის მიღება.
აჯობებს, მომიყვე, როგორ დაკარგე ქალიშვილობა საგიჟეთში,
როგორ დაგდევდნენ შპრიცებით შეიარაღებული ექიმები.
და გიმტკიცებდნენ, რომ აქ სიყვარული აკრძალულია.
* * *
რუსეთი კლავს თავის პოეტებს.
ამერიკა კი ზრუნავს მათზე.
როგორც გოჭებს, ისე კვებავს
პროფესორთა სავარძლებში ჩათბუნებულებს.
სანამ დიდი ღორები არ გახდებიან.
რომ მერე
სოლიდური გამომცემლობების ხორცკომბინატში გადენოს.
ვამპირები
მიშველეთ, მიშველეთ - ვამპირებმა
თეთრ სახლში ხელთ იგდეს ძალაუფლება.
აზიაში რეჟიმებს ხელთათმანებივით იცვლიან.
კოვბოებს ესვრიან,
ცაში სუპერმენებთან იბრძვიან.
ხალხს შხამიანი მაკდონალდსისკენ ექაჩებიან,
მათი კბენის მერე კაცებს მხოლოდ კაცები უყვარდებათ და
ქალებს მხოლოდ ქალები.
საფრანგეთში ვამპირები ბაყაყებს ჩანგლით მიირთმევენ,
ისრაელში მაცას ახრამუნებენ,
რუსეთში ხის კოვზებით ხვრეპენ ბორშს,
ააშენეს და მერე ისევ დაანგრიეს ბერლინის კედელი.
წამართვეს ცოლი. დაწერეს ეს ლექსი
და ახლა ჩუმად უსმენენ.
მადლიერება
ჩვენი შვილები მადლობას გვეტყვიან, რომ
ცისფერები არ ვიყავით
და მივეცით საშუალება, დაბადებულიყვნენ
და ნავთობის მოსაპოვებლად, მამაცურ ბრძოლაში დაღუპულიყვნენ.
ჩვენი შვილიშვილები სიხარულისგან იქვითინებენ,
რომ ჩვენ ტრანსსექსუალებად არ ვიქეცით
და მივეცით საშუალება, დახოცილიყვენ
ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების გამო.
ჩვენი შვილთაშვილები ადგილზე იცმუკებენ
კმაყოფილებისგან, რომ ჩვენ არ შევუერთდით
რელიგიურ ფანატებს და
არ ჩავიტარეთ ყვერების ამპუტაცია.
მივეცით შანსი, მოვლენოდნენ ამ სამყაროს
და სული ამოხდომოდათ უკურნებელი სენისგან,
რომელიც 88 წლის მერე გაჩნდება.
დიდება ნეტარ ავგუსტინეს
ნეტარი ავგუსტინე გაჰყვიროდა, რომ სექსი ცოდვაა,
რომ ეს სულიერებაზე უარის თქმას ნიშნავს.
მაგრამ თუ ვერ ითმენთ, მაშინ მიდით,
იჟიმავეთ, მხოლოდ ზიზღით უნდა აივსოთ და
ყოველი ორგაზმის მერე კი
წარმოიდგინოთ, რომ უკანასკნელი ნაძირალა ხართო.
მუჰამედი და მოსე ამტკიცებდნენ, რომ
ყველა ცამეტ წელს გადაცილებული
მამაკაცი უნდა დაქორწინდეს.
რომ მაგალითი უნდა აიღონ
რუხი და შტერი კურდღლებისგან
და დღე და ღამე ბავშვები აკეთონ.
მე კი მეგონა, რომ ყველა
მამრობითი სქესის არსება, ჩემ გარდა,
უნდა იყოს დიდი ავგუსტინეს სწავლების მიმდევარი.
მაშინ მე დანამდვილებით ვიღაც ჩამივარდება ხელში და
ვიცხოვრებ გამანაყოფიერებელი მამრის
სახელმოხვეჭილი ცხოვრებით,
როგორც მუჰამედი და მოსე ოცნებობდნენ.
თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო
ლელა კოდალაშვილმა