მნემოზინა და ქალაქები (ფრაგმენტი)


მნემოზინა და ქალაქები (ფრაგმენტი)




დაახლოებით ცამეტი წლის წინ, სამხრეთ საფრანგეთის ერთ ულამაზეს დეპარტამენტში, სადაც მეორედ ვმონაწილეობდი ვერკორის მთების ფონზე გამართულ ლიტერატურულ ფესტივალში, შესაძლებლობა მომეცა, ფესტივალის დასრულების მერე არა მხოლოდ გავლით მენახა პარიზი (ანუ მატარებლის სადგური და აეროპორტი, როგორც წინა წელს), არამედ ხუთი თუ ექვსი დღით მეცხოვრა კიდეც დედაქალაქის ერთ-ერთ მყუდრო ბურჟუაზიულ უბანში.

როცა ლიონი-პარიზის მატარებლიდან ჩამოვედი, პირველი, რაც უყოყმანოდ მოვიმოქმედე, ეს იყო: სანაგვე ურნაში ჩავუძახე პარიზის რუკა, რომელიც მასპინძლებმა მაჩუქეს და მასზე ყველა ის ღირსშესანიშნაობა მომინიშნეს, რომლის ნახვასაც ამ რამდენიმე დღის განმავლობაში შევძლებდი. რა თქმა უნდა, მაშინ, როცა მე და ჩემი მასპინძლები საუზმის მერე კაფეში პატარა მაგიდაზე გაშლილ პარიზის დიდ რუკას გულდასმით ვათვალიერებდით და ტურისტულ გზებზე არსებულ სტრატეგიულ ობიექტებს ისე აღვნიშნავდით, როგორც ამას ისტორიულ თემაზე გადაღებულ ფილმებში აკეთებენ სახელგანთქმული მთავარსარდლები, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღის ბოლოს ეს განძი სანაგვეში აღმოჩნდებოდა.

გადაწყვეტილება მატარებელში მივიღე, შემოდგომის იმ ლანდშაფტით გარემოცულმა, რომელსაც სწრაფად და მსუბუქად კვეთდა პარიზისკენ მიმავალი მატარებელი. ეს ძალიან უბრალოდ მოხდა: ჩემი თვალთახედვის არეში სწრაფად მოძრავმა ლანდშაფტმა მოულოდნელად მიმახვედრა, რომ პარიზის რუკა ჩემს ხელჩანთაში შენახული ცივი იარაღი იყო. აი, სწორედ ამაზე ვთქვი უარი: პარიზში ცივი იარაღით შესვლაზე. რაღაც მომენტში გარემომცველი ლანდშაფტიდან ამოვყვინთე და მივხვდი, რომ პარიზი, რომელიც მე მაინტერესებდა, არცერთ რუკაზე არ იყო აღნიშნული. ვერცერთი რუკით შეიარაღებული ვერ მივაგნებდი იმ ადგილებს, რომლებსაც უკვე ვიცნობდი ჩემი საყვარელი პოეტების და მწერლების წიგნებიდან. მე არ ვიყავი ტურისტი, რომელმაც უნდა მოასწროს და რამდენიმე დღეში ნახოს ის ყველაფერი, რაც წლების და საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. ჩემი მყარი და ჩამოყალიბებული შეხედულებებიდან გამომდინარე კი, ნამდვილად ვერ გავხდებოდი იმ ილუზიის მსხვერპლი, თითქოს შეგიძლია, მოასწრო და ერთი ნახვით დაეუფლო იმას, რაც უცხო თვალისგან ყოველთვის ბეჯითად მალავს თავის ბედს, თავისი შინაგანი მოძრაობების ისტორიას და ცოცხალ სულს.

ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ სულ მცირე, რაც ადამიანს ამა თუ იმ კულტურული ადგილის გასაგებად, მასთან დიალოგის საწარმოებლად ესაჭიროება, არის დრო. კულტურული ღირსშესანიშნაობების ტურისტული რუკა კი მომხმარებელს მიეწოდება, როგორც ერთგვარი კომპენსაცია მის განკარგულებაში ასეთი დროის არარსებობის შემთხვევაში. ადამიანს, რომელსაც აქვს საკმარისი დრო ამა თუ იმ ადგილთან არა მხოლოდ შესახვედრად, არამედ – მის საძიებლად, აღმოსაჩენად, მისი ძიების და მიგნების ინდივიდუალური, განუმეორებელი ისტორიის შესაქმნელად, ტურისტული რუკა არ სჭირდება. ის თავად ქმნის თავისი მოგზაურობის ერთადერთ და განუმეორებელ რუკას, რომელიც, როგორც წესი, სხვისთვის გამოუსადეგარია. ერთადერთი, რაც შეიძლება სხვათა ძიებების და მიგნებების, მერე კი მიგნებულ ადგილებთან ამ სხვათა დიალოგების გამოცდილებამ შეგძინოს, არის იმის ცოდნა, რომ ნებისმიერი ტურისტული ძალისხმევა და ტურისტული დროის ფარგლებში ამა თუ იმ კულტურული ადგილის „დაუფლების“ ვნება უაზრობაა. თუ შენ გინდა, გაიგო ადგილი, რომელიც დიდ კულტურულ დროში შეიქმნა, უნდა გაექცე ტურისტულ დროს და ტურისტის მდგომარეობას. ტურისტი, რომელიც „აღმოაჩენს“ ამა თუ იმ ადგილს, მაშინვე კარგავს მას, სამაგიეროდ, როგორც იაფ საქონელს, იძენს იმ ფაქტით კმაყოფილებას, რომ მან ნახა ესა თუ ის ცნობილი ღირსშესანიშნაობა. აი, სწორედ ეს „ღირსშესანიშნაობა“ არის ის, რაც მას საბოლოოდ გზას უკეტავს კულტურული აქტის განხორციელების შედეგად შექმნილი ამა თუ იმ ადგილის გაგებისკენ. ის ამ დროს რილკეს მიერ აღწერილ მდგომარეობაში ექცევა: როცა საგნები კარგავენ ადამიანის მიმართ ნდობას და თავის თავში იკეტებიან.

მე არ გამაჩნდა სწორედ ის დრო, რომელიც საკმარისი იქნებოდა ჩემი მასპინძლების მიერ მონიშნული ადგილების ნდობის მოსაპოვებლად. ჩემს თავს გამოვუტყდი იმაშიც, რომ, ჩემი ცხოვრების მოცემულ მონაკვეთში საფრანგეთში მყოფს ერთადერთი, რაც მართლა მაინტერესებდა და რისი ნახვაც გულით მსურდა, იყო როდენის მუზეუმი. როცა რუკას სანაგვე ურნაში ვაგდებდი, პრაქტიკულად, სწორედ რუკის დახმარებით როდენის მუზეუმის მიგნებაზე ვამბობდი უარს. მეორე მხრივ კი, პარიზში ჩავდიოდი თითქმის ერთადერთი განსაკუთრებული სურვილით: მენახა როდენის „კალეს მოქალაქეები“, და – იმედით, რომ შევძლებდი როდენის ამ ნაწარმოებთან მარტო დარჩენას, მასთან დიალოგს და ჩემს მეხსიერებაში მის განთავსებას, რაშიც როდენის შემოქმედების მიმართ ჩემი დიდი ხნის სიყვარული უნდა დამხმარებოდა.

პარიზში ჩასულს და დაბინავებულს არავისთვის მიკითხავს როდენის მუზეუმის მისამართი, არ მიძებნია ის არც ტურისტულ ბიუროებში. თუ მეხსიერება არ მღალატობს, საფრანგეთში მხოლოდ პირად საუბრებში ჩემთვის დასმული კონკრეტული შეკითხვების პასუხი იყო, როცა ჩემი ეს სურვილი ერთხელ თუ ორჯერ გავამჟღავნე.

აი, ასე, დავდიოდი პარიზის ტურისტული თუ არატურისტული გზებით და საათობით თავს ვერ ვაღწევდი უმდიდრეს მუსიკალურ მაღაზიებს;

ჩემი მწირი ჯიბის გათვალისწინებით, სუპერმარკეტებში ვყიდულობდი იაფფასიან ძეხვს, ყველს, პურს და, რომელიმე მყუდრო პარკის მერხზე ჩამომჯდარი, ვიმზადებდი ბუტერბროტებს;

ყოველდღე, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მართლაც რომ ჩემს დაუკითხავად, აღმოვჩნდებოდი ხოლმე ლათინურ კვარტალში, სადაც ერთ დღეს სტუდენტური მანიფესტაციის მომსწრეც კი გავხდი, თავდავიწყებით შევუერთდი მსვლელობას, გავიარე – ჩემთვის უცნობი პროტესტით გაერთიანებული, პლაკატებით და ტრაფარეტებით აღჭურვილი ხალხის ტალღასთან ერთად და პერიოდული შეძახილებით დამუხტულმა – სენ მიშელის ბულვარის ვრცელი მონაკვეთი და, როცა ქუჩის მარჯვენა მხარეს შენიშნულმა ულამაზესმა ასახვევმა მომხიბლა და მიმიზიდა, ისე მოულოდნელად ვუღალატე მსვლელობას, რომ მანიფესტაციის მიზეზიც და მიზანიც სამუდამო გამოცანად დამრჩა;

ორანჟერიის ბაღში გადასასვლელ ფიცარნაგიან ხიდზე ვჩერდებოდი და დიდხანს ვერ ვწყვეტდი თვალს მტრედებს, რომლებიც ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარ ნახატებით მოვაჭრე ხანდაზმულ მამაკაცსა და მარიონეტებით მოვაჭრე ახალგაზრდა მამაკაცს შორის საქმიანად მიმოდიოდნენ;

ღამღამობით ვუსმენდი თეფშების მშვიდობიანი მტვრევის ხმებს, რომლებიც ბერძნული რესტორნებიდან გამოდიოდა, დილას კი იმით ვიწყებდი, რომ სენის სანაპიროსკენ, ერთი ამოჩემებული ადგილისკენ, გავრბოდი და თვალს ვადევნებდი, როგორ იფარებოდა შიშველი დახლები ბუკინისტური წიგნებით და როგორ ნელდებოდა ამ დროს მდინარის დინება, რომელიც რაღაც მომენტში თვალთახედვიდან საერთოდ ქრებოდა მძიმე დახლების, დილიდანვე დაღლილი ბუკინისტების და დახლებთან მოფუსფუსე საზოგადოების მიღმა;

პარიზის რომელიმე პერიფერიის ქუჩებში, როცა ცენტრისკენ გზას ვერ ვიგნებდი, დასასვენებლად პირველსავე პარკში შევდიოდი და სკამზე ვწვებოდი, ფეხსაცმელს ვიხდიდი, ხელებს თავქვეშ ამოვიწყობდი და ოქტომბრის ხეების ბრძნულ ფოთოლცვენას ვუღიმოდი.

და ერთხელ, მაინცდამაინც პარიზში ჩემი ყოფნის ბოლო დღეს და მაინცდამაინც მაშინ აღმოვჩნდი როდენის მუზეუმის კარიბჭესთან, როცა მის დაკეტვამდე რაღაც ათიოდე წუთი რჩებოდა. რომ ვთქვა, ამ ფაქტმა მოულოდნელად ამაფორიაქა, შემძრა, გამახევა, ტუჩები გამიშრო ან გულში რაღაც ლახვარივით ჩამესო-მეთქი, სიცრუეც იქნება და აუტანელი უგემოვნობაც. იმ განცდას, რომელიც მაშინ დამეუფლა, გაკვირვება ჰქვია, მეტიც არაფერი. უბრალოდ, გამიკვირდა, რომ ასე გამოვიდა. ამ ადგილებში, ანუ როდენის მუზეუმის მიდამოებში, მანამდე ორჯერ მაინც ვიყავი ნამყოფი და არც აბრების მიმართ ვიჩენდი უყურადღებობას.

როცა გამოვბრუნდი და ვარენის ქუჩას ინვალიდების ბულვარის მიმართულებით გავუყევი, გულდაწყვეტაში არეულ ჩემს გაკვირვებას თანდათან ჩაენაცვლა თავის დასამშვიდებლად აუცილებელი აუტოტრენინგი და საბოლოოდ დავემორჩილე იმ აზრს, რომ თუ ღმერთს ჩემს თავზე თმის ყველა ღერი დათვლილი ჰქონდა, ისიც მისივე ნებით იყო, რომ პარიზი „კალეს მოქალაქეების“ უნახავად უნდა დამეტოვებინა.

ამ ამბიდან ათი წლის მერე, ციურიხის კანტონის ერთ სტანდარტულად ულამაზეს შვაიცურ სოფელში ვატარებდი ზაფხულს. მზის ელემენტებით შეაბჯრულ სახლში სენაკივით მყუდრო ოთახი მქონდა, რომელსაც მხოლოდ საჭმლის მოსამარაგებლად ან სოფლის მიდამოებში სასეირნოდ თუ დავტოვებდი ხოლმე. ვწერდი ახალ რომანს, ვთარგმნიდი გოტფრიდ კელერის „ციურიხულ ნოველებს“, ვკითხულობდი კელერის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურას, გამოსაცემად ვამზადებდი „ავსტრიული პოეზიის“ მორიგ ტომს და ვტკბებოდი თავისუფლებით, რასაც ჩემთვის – ამ შემთხვევაში – ეკოლოგიურად, პოლიტიკურად, მორალურად დაბინძურებული და ყოველმხრივი აგრესიით დამუხტული თბილისისგან კიდევ ერთხელ თავისდაღწევა ერქვა.

მოხდა ისე, რომ იმ ჩემს სენაკში ზუსტად ორმოცი დღე ვიმუშავე ერთადერთ ლექსზე, რომელსაც, როცა წერა დავასრულე, „ციურიხი“ დავარქვი და იმასაც მივხვდი, რომ ეს სამგვერდიანი ტექსტი საუკეთესო იყო ჩემს პოეტურ შემოქმედებაში, იმ პოეტიკური ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით, რომლებსაც თითქმის ოცი წელი ვუტრიალებდი.

ერთი სიტყვით, განსაკუთრებული შემოქმედებითი მდგომარეობის ველში ვიყავი მოხვედრილი და რაკი ხშირად მომხდარა, რომ ჩემთვის პერიოდულად ბოძებულ ასეთ შემოქმედებით ძღვენთან ერთად ღმერთს დამატებითი – მუზებისა და საწერი მაგიდის ორბიტისგან მოწყვეტილი – საჩუქრითაც გავუნებივრებივარ, გულის ბნელ კუნჭულში ამჯერადაც ღვიოდა იმედი, რომ ინტენსიური შემოქმედებითი შრომის დასრულების მერე ღმერთი კიდევ ერთ საჩუქარს მიმზადებდა. ჩემი სიხარბის მორალი დაახლოებით ასე ჟღერდა: „ლექსი, რომელმაც შენგან ამდენი დრო და ენერგია, ამდენი უძილო ღამე და შრომის ასეთი ინტენსივობა მოითხოვა, დიდი ანგარიშით, ღმერთის სადიდებელია. ღმერთმა გიბოძა ეს ძღვენი, ანუ მისი განდიდების შესაძლებლობა. შენ ამ შესაძლებლობას თვალი არ დაუხუჭე, იშრომე და გააკეთე ის, რაც შეგეძლო. შენ არაფერი დაგიმალავს. ორმოცი დღე და ღამე გასცემდი იმას, რის გასაცემადაც – ნუ გამორიცხავ – ოცი წელი ემზადებოდი და ამ ერთმა ლექსმა მოითხოვა ყველაფერი, რასაც ითხოვდნენ და ვერ ღებულობდნენ შენი სხვა ლექსები. ღმერთმა იხილა მის სადიდებლად გაღებული შენი მონდომება და იმის ნიშნად, რომ შენი შრომის ნაყოფი კეთილად შეიწირა, შეიძლება დაგასაჩუქროს”.

ვერ ვიტყვი, ასეთი მორალი ღმერთისა და მორწმუნის ურთიერთმიმართების პიერ აბელარისეული მოდელის გამარტივებულ და გაუკუღმართებულ ინტერპრეტაციას არ წარმოადგენდა-მეთქი, მაგრამ რაკი ჩემი კეთილშობილება წლების განმავლობაში ადგილიდან არ დაძრულა და უფრო მეტად არ გაკეთილშობილებულა, ჩანდა, ჩემი სულიერების მომბლანიც და იალბუზიც ეს იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი – არცთუ ძლიერ შემაწუხებელი – იმედით გულდამშვენებული გავემგზავრე ბაზელის კანტონის სოფელ დორნახისკენ, სადაც თითქმის მთელი კვირა უნდა მეცხოვრა ერთი ცნობილი ჯაზმუსიკოსის სახლში, რომელშიც ყველა ნივთი და კედელი სამოციანი და ოთხმოციანი წლების სულისკვეთებათა სინთეზით სუნთქავდა, ამ ორ ათწლეულს შორის დამაკავშირებელ ხიდს კი ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში სახლის ორივე სართულის ყველა ოთახში და შიდა კიბეზე დაგებული ხელოვნური ხალიჩების ნოსტალგიური სიმყუდროვე წარმოადგენდა, ოღონდ – ისეთი სიმყუდროვე, კაცს სულ სხვა, უკვე სამუდამოდ გამქრალ, თვალით ხილული სიმყუდროვით გადაფარულ რომელიღაც სხვა სიმყუდროვეზე რომ მიგითითებს და წარმოსახვას დამაბნევლად გიაქტიურებს.

ასეთი სიმყუდროვის საუფლოდან გამოვდიოდი ყოველდღიურად, სახლის კარს ვკეტავდი, გასაღებს ჯიბეში გულდასმით ვინახავდი, ქვის რამდენიმესაფეხურიან კიბეზე გახანგრძლივებული ნაბიჯებით ჩამოვდიოდი და ვაცნობიერებდი კი არა, სხეულის ყველა წერტილით ვგრძნობდი, რომ ეს პროცესი – კარის დაკეტვიდან კიბის ბოლო ქვედა საფეხურზე ფეხის ჩამოდგმამდე – იყო ჩემი ის ერთადერთი გამოცდილება, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში მიღებული ვერცერთი სხვა გამოცდილება უკვე ვეღარ გადაფარავდა.

მეორე დღიდან მოყოლებული, ვფიქრობ, სახლიდან მხოლოდ ამ რიტუალის შესასრულებლად გამოვდიოდი. და ეს ჩემი ყოველდღიური რიტუალი რაღაცით სულის იმ მდგომარეობას ჰგავდა, რომელსაც იაპონელები “მეძურაშიიის” ანუ რაიმე ნივთის, საგნის თუ ხდომილების – თუნდაც აქამდე ასჯერ ნანახის – პირველად დანახვის და განცდის უნარს უწოდებენ. რაღაც ასეთი მემართებოდა ყოველდღიურად და რაც ამის მერე ხდებოდა, იყო, უბრალოდ, დრო მიწაზე ფეხის დადგმიდან შინ დაბრუნებამდე.

თუ ახლა ვიტყვი, რომ მხოლოდ ერთხელ, ციურიხში ჩემ დაბრუნებამდე ორი დღით ადრე – როცა სახლიდან იმიტომ გამოვედი, რომ ბაზელის ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკაში მარკ სტრენდის წიგნი “ედვარდ ჰოპერის სურათების შესახებ” წამეკითხა – მოხდა ის, რამაც ჩემი ყოველდღიური რიტუალით მიღებული ტკბობა გადაფარა, ბაზელის ხელოვნების მუზეუმში ნამყოფი მკითხველი უმალ მიხვდება, თუ რა შეიძლებოდა ამ დღეს მომხდარიყო (თუმცა, ვფიქრობ, ის ამას უკვე მაშინ მიხვდა, როცა შვაიცი ვახსენე).

დიახ, მუზეუმის ეზოში “კალეს მოქალაქეების” პირისპირ აღმოვჩნდი. სხვათაშორის – შემთხვევით: მუზეუმის ეზოში, ნაშუადღევს სტრენდის უკვე წაკითხულ წიგნზე და ჰოპერის ნამუშევრებზე ფიქრებში გართულმა, მხოლოდ მომხიბლავ არქიტექტურულ ლანდშაფტზე მზერის გადანაცვლებისა და ერთგვარი “ამოსუნთქვის” მიზნით შევისეირნე, რადგან მუზეუმში თავმოყრილი ექსპონატების ნახვა მხოლოდ მომდევნო დღისთვის მქონდა დაგეგმილი. ასეც რომ არ ყოფილიყო, “კალეს მოქალაქეებთან” ნაოცნებარი შეხვედრის მერე სხვა სამყაროთა ლაბირინთებში სამოგზაუროდ არც ძალა მეყოფოდა და არც – სიყვარული.

აი, ასე მოხდა.

დიდი ხნის მერე სადღაც ამოვიკითხე, რომ ბაზელის ხელოვნების მუზეუმის ეზოში განთავსებული კომპლექსი სწორედ პარიზის როდენის მუზეუმში გამოფენილი „კალეს მოქალაქეების“ მომდევნო, რიგით მეშვიდე, ჩამოსხმა იყო და ამ ორ ჩამოსხმას ერთმანეთისგან ჩვიდმეტი წელი აშორებდა. იმ საღამოს კი, როცა შინდაბრუნებულმა ძველი კიბის საფეხურები ავიარე, ჯიბიდან გასაღები ამოვიღე და საკეტს მოვარგე, მაშინღა მივხვდი, რომ ერთადერთი, რაც ამ შემთხვევის ამოხსნაში შეიძლებოდა დამხმარებოდა, ბრეტონის “ობიექტური შემთხვევითობის” თეორემა იყო.

ეს თეორემა კი, თავის არსებით სათქმელთან ერთად, იმასაც გვეუბნება, რომ მსგავს გამოცდილებათა “ობიექტური” შინაარსების პოეტიკა არ არსებობს.

 

თბილისი, 16.12.2009

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE