როდესაც ხე ხარ, რომლისგანაც წავიდა ქარი


როდესაც ხე ხარ, რომლისგანაც წავიდა ქარი




ვოლია ჰაპეევა  – 1982 (მინსკი) – პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, ლინგვისტი.  

შვიდი წიგნის ავტორი.

მწერლებისა და მთარგმნელებისათვის განკუთვნილი ლიტერატურული პროგრამების (გერმანია, ავსტრია, ლატვია) სტიპენდიატი, საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალების მონაწილე (ლიტვა, სლოვენია, გერმანია, ჩეხეთი, ლატვია და სხვ.).

ვოლია ჰაპეევას ნაწარმოებები ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, მაკედონიურ, ჩეხურ, ლიტვურ და ლატვიურ ენებზეა ნათარგმნი. 

მისი საქმიანობა მოიცავს ლიტერატურულ თარგმანებს (ინგლისურიდან, გერმანულიდან, იაპონურიდან, ჩინურიდან, ლატვიურიდან), კულტურასა და ლიტერატურაში გენდერული პრობლემატიკის შესწავლას, კვლევას კომპარატიული ლინგვისტიკის, ენის ფილოსოფიისა და სხეულის სოციოლოგიის დარგებში. აქვს მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

თანამშრომლობს ელექტრონულ მუსიკოსებთან, აწყობს აუდიო-პოეტურ პერფორმანსებს.

არის ბელარუსის პენ-ცენტრისა და ბელარუს მწერალთა კავშირის წევრი.

 

 

***

ტუჩებით ვსწავლობდი მე მათ სხეულებს

ვკავდებოდი მხოლოდ ერთით და ვივიწყებდი ყველა დანარჩენს

ვივიწყებდი რომ საჭიროა ვსუნთქავდე და ვიკვებებოდე

რომ მე ის არ ვარ რაც ისინი

და სხვა განცდებს მივეკუთვნები

და მხოლოდ მაშინ როცა მათი სახელები ერთმანეთში ამერეოდა

ვუშვებდი ონკანს

ვაღებდი ფანჯრებს

ლექსიკონებს და

ფაილებს ვხსნიდი

 

საელჩოებშიც კი ვრეკავდი

რომ გამეგონა ყველაფერი რიგზეა და ძველებურადო

 

ურთიერთგაგება ჩვენ შორის მზერით არ მოდიოდა

მხოლოდ ხმა ფორმა

შეხება და მოძრაობა წონა და რიტმი

მახვილების მტკივნეული კოცნები  და

ტონალობების წელზე ხელის შემოხვევები

ინტონაციების წაცეკვებები იმ ვაგზლების ეულ ბაქნებზე

საიდანაც მიდიოდნენ ისინი და

ჩემს ლოყაზე

პომადის მარყუჟებს ტოვებდნენ ხოლმე

 

შემრჩება დიდხანს პირზე ღიმილი

ალბათ ასე გრძნობს თავს კლოუნი მაყურებლისგან დაცლილ დარბაზში

 

ზოგჯერ არცთუ იოლია დაიჯერო რომ ქარი წნევათა სხვაობაა მხოლოდ და მხოლოდ

ზოგჯერ სიტყვათშეთანხმება უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ორი სიტყვა ერთად დასმული

 

 

***

როგორ მინდოდა პირველი თოვლი ამ ზამთრისა

წამოსულიყო არა უცებ რაღაც მომენტში

არა ჩუმად გამთენიისას

არამედ როცა ჩამობნელდება

როცა ვისხდებით კაფეში და

ერთიმეორეს ხელს ჩავჭიდებთ

ხოლმე ხანდახან

 

ხანდახან  რადგან ეს ჟესტი ფრიად ბანალურია

                   რადგან მასში ძალზე ბევრი სენტიმენტია

                   და ცოტაა სემანტიკა

                   რადგან ჩემი მეორე ხელი მე მჭირდება ბოლოს და ბოლოს

ისევე როგორც - შენ შენი ხელი

 

სწორედ ამიტომ არ ვცხოვრობთ ერთად

 

სუყველაფრის ორი ხელით კეთების ჩვევამ

დაგვიტოვა მხოლოდ ის შანსი

რომ მახინჯი ორხელიანი სატრფოები

ვიყოთ ბუნების სამყაროში

 

რად გავართულოთ

ან რად ვიკითხოთ ყოველ ჯერზე - ბოდიში, ხომ არ შეგიძლია

დღეს მათხოვო ჩემი ხელი? ანდა

იცი, საქმიანი შეხვედრა მაქვს, შეიძლება, ჩემს ხელს წავიღებ?

ასე კი მუდამ შენთანაა ორივე ხელი

რაც გინდა ჰქენი

ორი ხელით წიგნის კითხვა უკეთ ხერხდება

უკეთ ხერხდება ღილების შეკვრა და ბუტერბროდის მომზადება

ღია ბარათის ან წერილის სადმე გაგზავნა

განაწყენება და ტირილიც კი

ორი ხელით ხერხდება უკეთ

 

და პირველი თოვლის დაჭერა შეტყუპული ხელისგულებით

ანდა ჩვენ მსგავსად

მისი ლოდინი კაფეში სადღაც გარეუბანში

როცა უკვე დაგვიწყებია

რომ უცხოთა სურვილებს თოვლი არ ითვალისწინებს

 

 

***

როცა მარტო ვარ სხვა სხეულებთან

საქმე მაქვს ხოლმე

სერიოზული მნიშვნელოვანი

მინდა მათ ვკითხო მუნჯი ქალაქის

სივრცეში როგორ მოვათავსო მე ჩემი ტანი

სად წავიღო ხელები სად დავდგა ფეხები

ან თავს რა ვუყო

ზურგჩანთა და ჯიბეები გშველიან მხოლოდ ნაწილობრივ

ალბათ ის ვინც ეს ზურგჩანთა და ჯიბეები მოიგონა

ასევე იყო მარტოსული და თვინიერი

 

მე ძალიან მეშინია

ქარის ქუჩაში უცებ ჩადგომის

როცა ტანსაცმლის შეხების გარდა ვერანაირ შეხებას ვერ გრძნობ

და გეჩვენება რომ ვეღარც იგრძნობ

მარტოსულისთვის ქარი არის ის მეგობარი

რომ გეფერება, თმას რომ გიჩეჩავს

სატაცურის შესახებ  რომ

ყურში რაღაცას გეჩურჩულება

და შენც იწყებ

ერთი ერთზე მასთან საუბარს, გამვლელებს კი ჰგონიათ რომ

მობილურის ყურსაცვამი გაქვს გაკეთებული

ადრე ალბათ იფიქრებდნენ - გაგიჟდაო

ტექნიკურ პროგრესში მაინც ძევს ალბათ რაღაცა აზრი

 

ეს ტრამვაის გაჩერება ყველას მიერ თვით მტრედების მიერაც კი მიტოვებული

პარტერია საიდანაც ემიგრანტთა ბავშვებს ვუყურებ

და ვგრძნობ როგორ მინდება „ბომბა“ ვითამაშო ბურთი ვისროლო

რამდენი იყო სხვის სხეულებთან შეხება და მოძრაობა

სევდისა და ქალაქური მარტოობის კვინტესენციას მე შევარქმევ

მაღაზიის იმ ჯიხურს სადაც იზომებენ ტანისამოსს

ადგილს რომელიც ერთი წუთით შენია და ღია არის მარადისისთვის

სადაც წყენა და ტკივილი იმალება

და იბადება რაღაცის რწმენა

აი ახლა აქედან გავალ - და ყველაფერი გახდება უფრო კარგი ლამაზი და მეგობრული

თავშეკავებით შემპირდება საღამო რომ ჩემთან დარჩება სანამდე არ დავიძინებ

და გასვლისას შუქს გათიშავს

ისე თითქოსდა არც არავინ

აქ არ ყოფილა

 

 

***

უცხოებს წერილებს არა სწერენ

და არაა აუცილებელი - რომ გიყვარდეს

ისინი ხომ შორეულები არიან როგორც

ტრანსპორტის შუქი თვალებში რომ გცემს

და გიკაჟებს მგრძნობიარე ყველა ორგანოს

გარდა გულისა

პაკეტებში ჩალაგებული ნივთები დევს დერეფანში

და მათი ასეთი დასწრებადობა ხაზს უსვამს რაღაცის დაუსწრებლობას

ბოტანიკური ბაღი კი არის თვალსაჩინო მეტაფორა

აქარცხოვრების

და ეს სურვილი განწირულია მარადისისთვის

ჯერ ხომ მოდის ზამთარი და ნაადრევია

მერე კი დგება ზამთარი და უკვე გვიანი

ბოტანიკური ბაღის კარი ხომ ჩარაზულია

კომპარატიული ასპექტი ამ ცხოვრებისა

რაღაცას მაინც ხომ გახვედრებს

თუმცა კი ეს ცხადია რომ ილუზიაა

და როგორც კი მოგეჩვენება რომ შეიძლება იარსებო ასე

მაშინვე კეგლის სინდრომი იღვიძებს ხოლმე

ბურთულების თავდასხმისაგან წაქცეულის კვლავ

ფეხზე ადგომის

თუმცა კი კეგლის ცხოვრების არსი წაქცევაშია

კეგლი კი ფიქრობს რომ - ფეხზე დგომაში

და ვერ ხვდება რატომაა მის მიმართ ბედი ასე სასტიკი

არადა საქმე ბედისწერაში კი არაა

ჭვრეტის რაკურსში

 

 

***

ბროწეულის ხესთან როცა გადავიღებ ფოტოს მაშინ

მისი კენწერო მუხლებამდე მომწვდება და

მე ვიქნები ოცდათხუთმეტის

ის - ან სამის ანდა ხუთის

ვერტიკალის გაჩერების მომენტია

დაჯერების რომ ჩვენ ორივე წამიერი გაელვება ვართ

(თუმცა მე მაინც უფრო მეტი ვარ)

ეს ჩემი ძვლები ისტორიას ვერ გააგრძელებს

ძალიან კარგიც

მაცივრის პრიალა კარზე მე და ბროწეულის ხე

დავილანდებით და მაგნიტი დაიჭერს ამ ლანდს

და ჩვენგან ერთ-ერთს მიზიდულობის რწმენა ექნება

მეორეს ლოცვის

 

 

***

როდესაც ხე ხარ

                 ხოლო ქარი წავიდა შენგან

 

ასწლეულობით შეგიძლია უძრავად იდგე

 

რაში გარგია ჩიტუნები მორაკრაკე საზაფხულო სიმღერებით

 

როდესაც ხე ხარ

                  რომლისგანაც წავიდა ქარი

 

 

***

სადაც დღეს მოთოვს

იქ არ ვიქნები

სადაც დუმილი მცდელობაა რაღაცის თქმისა

ვერ შეაღწევ სხვათა ზრახვებში

შეგიძლია დიდი ხანი ფანჯრის მინაზე შენს ანარეკლს უმზერდე და

მოკლედ შეჭრილ თმას წარმოიდგენდე

გრძელი თმის ნაცვლად

მაგრამ ხელი ვერ მოკიდო მაინც მაკრატელს

 

ამიტომაც მივდივარ იქ სადაც თოვლი იბადება

ყოველდღიურად

რათა ყოფის ხარვეზები დამალოს ხოლმე

ეს თოვლი ხომ ჰუმანისტია

ის არავის არაფერს არ შეჰპირებია

უბრალოდ იყო

იბადებოდა და კვდებოდა

 

მას შეეძლო სადაც უნდოდა წამოსულიყო

გინდ სომხეთში გინდ კოქტებელში

ნაძალადეობის მთელი ტვირთივით ზედ დაგწოლოდა

და მერე უცებ გამდნარიყო თვალს და ხელს შუა

მცივანობის ესტაფეტა გადმოეცა

რათა მერე გაგკვირვებოდა რატომა მაქვს გაყინული ხელები და ტერფები ასე

და თბილი სუნთქვით თითების გათბობა გეცადა ხოლმე

ამ მცდელობების უაზრობაში

მე და ჩემი ერთგული თოვლი არაერთ საათს გავატარებთ ლოგინში ისე

რომ ვერ შევძლებთ

გავუმხილოთ ერთიმეორეს

საკუთარი მარტოსულობა

 

 

***

პატარა პონი ასეირნებს ბავშვებს მერე ფულს

მშობლები უხდიან მის პატრონს მაგრამ

საკმარისი მაინც არაა ეს ფული რათა

პატარა პონიმ ყოველდღიურად ახრამუნოს ტკბილი სტაფილო

და ამიტომ დღეს სამხარზე მას მოუწევს რომ

მიირთვას თივა

 

მე არ ვგავარ არც ამ პონის

და არც ამ ბავშვებს

შესაძლოა მე სტაფილო ვარ

ანდა თივა

რომელსაც უკვე მერამდენე წელია რაც იცოხნება პატარა პონი

 

იყო დრო როცა

არ ვიცოდი კითხვა და დედა

მიკითხავდა

მაშინ წიგნში ეწერა რომ

პატარა პონი ბავშვებს ისე ასეირნებს თავის ნებაზე

 

 

***

გზადყოფნა ძნელია

განსაკუთრებით იქ

სადაც ზებრაა დახატული

იქ

ჰორიზონტალი

და

ვერტიკალი

ერთად შეყრიან ხოლმე მანქანებს და ადამიანებს

ხანდახან ცხოველებსაც

ძაღლებს და მტრედებს

და ველოსიპედებს - ახლებს ძალიან ძვირიანებს

და იმათაც 30-იან წლებში დაბადებულების მემკვიდრეობიდან რომ შემორჩა სამყაროს

როცა პატარა ვიყავი

ხშირად ვურევდი ჰორიზონტალს და ვერტიკალს

და როცა ამ სიტყვებს წარმოვთქვამდი

მუდამ ჰორიზონტს წარმოვიდგენდი

 

ჰორიზონტი ეს ისეთი ხაზია შორეთში

რის მიღმაც წამიდან წამში უნდა გაჩნდეს ზღვა

და გავქრე მე

გზა

 

* * *

ერთ-ერთ ქუჩაზე

იძულებით ბედნიერებას არიგებდნენ

მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს

რაღაც არ მოგვწონს ჩვენ თქვენი მზერა

აიღეთ ბედნიერების ერთი ნაჭერი

გამოვართვი მივიტანე სახლში და კარადაში შევინახე

ინსტრუქცია არ წამიკითხავს

არადა აღმოჩნდა რომ

მასთან ერთად უნდა მეცხოვრა.

 

 

* * *

ალიონის სიჩუმე მოვა ჩემი გული

იმ ანგელოზთა კულულების

წითური ლენტით რომ გადაახვიოს

რომლებიც ხანდახან თვლემენ ტრამვაებში

და როცა განხეთქილების ვაშლი დაესიზმრებათ ხოლმე

თავპირისმტვრევით გამორბიან გარეთ

და თვითონაც არ იციან ვის შესახვედრად მიექანებიან

 

მინდორში ქარის დევნაა

ჩემი საქმე

აწყვეტილი სირბილი და ძირს დაცემები

 

თარგმნა შოთა იათაშვილმა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE