ავტორის წინათქმა
ეს რომანი უკვე დაწერილია. ავტორს მხოლოდ გადმოწერა ესაჭიროება და ისიც ჟამიდან ჟამად იწერს ამ ამბავს. ერთ სათაურქვეშ უყრის თავს იმ ფრაგმენტებს, რომლებსაც სხვა შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივად ვერაფრით დააკავშირებდა, ვერ გადააბამდა... ისეთი განცდა ჩნდება, თითქოს ავტორი ხელს ჰკრავდეს ცხოვრებისგან ლანგრით მორთმეულ სიუჟეტებს და მშიერი იუდეველივით უდაბნოში, მიწის პირზე აგროვებდეს კრიალა ბურთულებს, იმ ფერისას, ზეთში მოზელილ ცომს რომ გადაჰკრავს მარგალიტისებურად; ციურ მანანად, ციურ ბურღულად რომ სახელსდებდნენ იუდეველნი.
თითქოს უმნიშვნელო დეტალებია: ქარისას და გამიხარდის უყვართ ერთმანეთი. პერსონაჟთა სახელები პირობითია, არა იმდენად გულუბრყვილოდ რომანტიულ სახელდებისთვის, რამდენადაც არსის უკეთ გამოსახატავად. ქარისა ცის სტიქიაა, გამიხარდი მიწის, შეყვარებულები ილტვიან ერთმანეთისკენ და განილტვიან. ამ ფონზე აქეთ თრითინა გამოთინთილდება, იქით გველი ჩაეხვევა ყორეს, ხის ქვეშ გველის წიწილიც მიწიაოქობს, ყვავილები იშლებიან ვარსკვლავებივით, ღელე-ნაკადულებიც, მდინარეებიც მოედინებიან პირველყოფილი ნაკადებით. მაგრამ ამ დეტალებს თითქოს არანაირი სიმბოლური კავშირი არა აქვთ არც იმ თავდაპირველ გველთან, არც ცნობადის ხესთან, არც მბრუნავ -ცეცხლოვან- მახვილიან ქერუბიმთან... არ ჩანს დედაკაცის ქუსლიც, გველის თავი რომ გაჭეჭყოს. პირიქით, თითქოს პირველყოფილი ჰარმონიის აღდგენა სურდეს ავტორს, არსად არავის არანაირი საფრთხე არ ემუქრება, არც სიუჟეტი ვითარდება, არც კვანძი ინასკვება, რომ მერე გამოხსნა დასჭირდეს, არ არის კულმინაცია და მოქმედების დასასრული, ყველა დეტალი ახალი წრებრუნვის დასაწყისია, სამოთხის ნათლიერ ღამეში გადასვლაა.
იქმნება განცდა, რომ ავტორმა ნაყოფმოწეულ ხესავით დაარხია საკუთარი არსება, რათა ერთ ჯერზე ჩამოებერტყა ის შთაბეჭდილებები, რომლითაც ამ წამს ცოცხლობს, დღეის დღით ხარობს.
იტანს თუ არა რომანი ამ ერთი შეხედვით დაუკავშირებელ დეტალებს, ეს ნელნელა გამოჩნდება. ამ ემოციური დეტალების გროვაში, ამ ქაოსიდან, თავისთავადობის მქონე შთაბეჭდილებათა ნაკუწებიდან ნელნელა გამოიძერწება მთავარი სათქმელი. მკლავებაკაპიწებული ავტორი, თბილ, დაკვეთილრძიან დერგში ხელებჩაყოფილი დედაკაცივით, თოვლივით თეთრად შედედებულ, ფანტელებად დაფლეთილ, აჭრილ-აკუწულ ღრუბლის ფთილებს ხელით მოათბობს, მოაგონგროვებს, ააგუნდავებს, მინიატურულ ფერსოს, ბორბლის ფორმას მიანიჭებს, მოძრაობის, წრებრუნვის სიმბოლოდ აქცევს... დემიურგიც ხომ ასე ქმნიდა ამ დიდ სამყაროს კოსმიურ დერგში სიტყვაჩაყოფით... მანამდელი სამყაროც ხომ ასეთი იყო- ქაოსური, გაფანტული, არ მყოფობისგან ღუთისა მიერ მყოფობად მხოლოდ სიტყვით მოყვანებული.
როგორ შეიძლება დაიბრუნო თავი ნათლის საწყისში, დაიბრუნო თავდაპირველი სიცოცხლე, ამაზეა ეს რომანი. არაფერი ისე არ ამსგავსებთ და განასხვავებთ ადამიანებს ერთმანეთისგან: არც ჭკუა-გონება, არც სქესი, არც კანის ფერი, არც პოლიტიკურ, თუ რელიგიურ მიმდინარეობათა მიყოლა, როგორც ნათლის საწყისში დაბრუნების წყურვილი, მოთხოვნილება, მისი სიმძაფრე, ან ამ საწყისისგან განდგომის ხარისხი.
რაკი ავტორს თვითმიზნად არ გაუხდია, დაშორდეს მკითხველს, ამიტომ მკითხველი თავად უნდა მიუახლოვდეს, დროისა და მოცალეობის კვალად მიჰყვეს ტექსტს, თუკი ავტორი ეიმედება. და თუ ავტორი აღთქმის მიუხედავად სიუჟეტურ სწორხაზოვნებას მაინც ვერ აირიდებს, ყველაფერი თავის თავს დააბრალოს, რადგან მთელი ის დრამატიზმი, რაც სიუჟეტურ განვითარებას შეიძლება აეკიდოს, სწორედ მაშინ იჩენს თავს, როცა პირველყოფილი ჰარმონიის ნიჭი და მოთხოვნილება მოიკლებს.
ამ ჯერზე ეს წინასიტყვაობა და ტექსტი იყოს, სხვა ჯერისა სხვა დროს ვთქვათ...
***
საღამო ხანს, როცა ქარისა იატაკზე იჯდა, ფანჯრის ამოუქოლავი ჩარჩოს ღრიჭოდან მასთან ნაცრისფერმა თრითინამ შეიხედა. ციყვზე პატარა და ციყვისებურ, ვირთხის ტოლა, ოღონდ განუზომლად კეთილსახიერ არსებას თვალების ირგვლივ შავი ბეწვის რკალები შემოვლებოდა, რომ არა ფუმფულა ნაცრისფერი კუდი, ქარისა მას ასე მოულოდნელ-საუცბათოდ ვირთხისგან ვერც გაარჩევდა, რადგან ვირთხის მთელი ამაზრზენობა სწორედ მის კუდშია, თითქოს მკვდარი, მტვერსა და ტალახში ამოგანგლილი ძლოკვი დამყნოდ-დასთრევდეს კუდუსუნქვეშ.
თრითინა უჩვეულო დახვედრით უკმაყოფილო ჩანდა და უკვე მეორედ დაიბეჯითა ქარისამ, რომ თრითინებს, როგორც ბუნების სხვა არსებებს, რომლებიც მთელი დროით დაშორდნენ ადამიანებს, თავიანთ სივრცეებში მათი შემოხეტება აღარ მოსწონთ. უნდა ითქვას, რომ ასე გვიან აქ, ამ გამოუწყობელ დარბაზში ქარისა სხვა დროს არც შემორჩენია საქმეს. თრითინას უცებ შეასწრო თვალი და ისიც გაჰქრა. ან ფარღალალა სხვენში შეიმალა, ან ფანჯრის ახლოს მდგარ თუთაზე გადასკუპდა სიბნელეში. ესეც “ქურცინა”, როგორც იტყოდნენ ფშავლები ამ პატარა, კეთილსახიერ ქრცვინზე.
ქარისას ბოლოდროინდელ მგრძნობელობას და მომძლავრებულ ინტერესს ღამისადმი ეს პატარა წვეთიც ჩაემატა - “ღამე სრულიად სხვა სამყაროა, ჩვენ არაფერი ვუწყით მის შესახებ”.
საღამო ხანს, ფერდობზე ქარისას წინ შავმა გველმა გაურბინა, გზა გადაუჭრა, მერე ქვა- ყორეს მიაშურა, ლოდებს ჩაეხვია, სიღრმეში მიიმალა.
არ მოკლათ, არც ეს, არც სხვა, - უთხრა ახლობლებს ქარისამ, ამ გვალვაში ნერგებს და მიწას სუნთქვას უადვილებენ...
ერთ საღამოს, კი ქარისას პაწია, ფოლადის ნაგლინივით, ბურბუშელასავით წვრილი, დაკლაკნილი, გადაქლიბულ ბრინჯაოსავით ამობზინებული წიწილი გაუხტა ფეხქვეშ და თავქვეზე პანიკით დაეშვა. იქით-აქეთ, იქით-აქეთ, მარცხნივ-მარჯვნივ, მარცხნივ-მარჯვნივ, ასეთი ტრაექტორიით მიწიაქობდა გველის პაწია ნასხლეტი. ეტყობოდა, ბალახებს არიდებდა ძაფისებურ ტანს და, მთელი მისი მინიატურული არსება განუზომლად დიდ პანიკას ასხივებდა: “მიშველეთ, მკლავენ!”
არ გკლავ, თქვა მზრუნველმა ქარისამ და თავისი საქმე - ანაგერაი განაგრძო ხის ქვეშ -
“სამოთხის ღამე დიადია, ჩვენ მის შესახებ არაფერი ვუწყით”.
ქარისა ქათმის კვერცხების საყიდლად წავიდა მეზობელთან. გაიარა აღმართი, ჭრიჭინათა ჭრიჭინში გადაიარა მეზობლის ეზოს მოლი. ნახა, კიბის საფეხურზე დიდ ქოთანში რამდენიმე წლიანი კაქტუსი უხვად აყვავებულა. დიდრონი, ნაზად მოვარდისფრო, ჩვილის პირისკანისფერი ყვავილები დაუსხამს, ისეთი, თითქოს ერთი დიდი მთლიანობიდან პატარა ხელს დაეჭრას, გამოეძენძოს მომთავრო ყვავილებად. ყვავილები ვარსკვლავებივით ნაზად კრთიან და მათი მოგრძო თეთრი ყელი, თეთრ, პატარა გვირაბებად ქცეულა, შიგნიდან კრემისფერი ხავსებით ამოფენილა, ფუტკრები მხიარული, შრომისმოყვარე ბზუილით მიძვრებიან ამ პაწია გვირაბებში... ერთ ღამეში გაშლილა ყველა და ერთ დღეშივე დაასრულებენ ყვავილობას. საღამოს გაეცლებათ მთავარი სული სიცოცხლისა, თავებს ჩაქინდრავენ, დაიხურებიან, დაიჩუტებიან, ყვავილთა პარაშუტებივით მოსწყდებიან ღეროებს და მკვდარი ვარსკვლავებივით, პეპლებივით გაიტაცებს აგვისტოს ცხელი ქარი.
“სამოთხის წვეთია ეს წუთები, სამოთხის ყვავილის - კინამოს სურნელს ჰგავს, მე კი ყოველთვის სამომავლოდ გადავდე ჩემი სიხარული, მხოლოდ დღეის დღით, - თქვა ქარისამ - სიხარულია დღეის დღის ყვავილობა...”
***
რა უცხო ხდება გამიხარდი ქარისასათვის, როს გადმოაფენს სიტყვებს: - “ჩემო გოგო”. არა იმიტომ, რომ ქარისა გოგო არ არის, სხივი გაექცა, საკენარე ტანი ჩაეშვა, ვერ გაიცინებს, იკუჭკუჭებს, ვერ გაფრინდება... გამიხარდის ამხელს, ნებიერს, უბოდიშოდ მიმკუთვნებელს, დამუფლებელს, დამსაკუთრებელს.
ქარისა ადებს ფასს სიყვარულს, ცაში აზიდა, გიორგიწმიდის ფიჭვებს ადარა, სურნელოვნებს, ტანაშოლტილებს...
თან რომ სდევდა ქარისას ლოცვა, მიუტევე, იხსენ ჩემგან, იხსენ სხვათაგან... რით გადაუხდის გამიხარდი, რით მიაგებს, რით გადუწონის.
თუ ქარისას დახმარება არ შეუძლია და გამიხარდიც საფრთხეს ადედებს, საბაოთს შესთხოვს, თავისუფალჰყოს გრძნობისგან და გამიხარდიც ქარისასაგან.
ქარისას ბრალი არ არის, თუ გამიხარდიმ ვერ დაიხსნა თავი ქარისგან. თავდახრილი აღარ მოუსმენს. თუ სურს ცხრა მთის იქით წავიდეს გამიხარდი, სხვა სიტყვები მოაგროვოს, მოიკიდოს ზურგზე, დამძიმდეს, თავდაპირველნი, სხვა სიტყვები ქარისასათვის, რადგან ქარისა ბრძენი ქარია, ამოვარდება და ჩადგება, ჩამყუდროვდება, ქარისა ბრძენი ქარია და გოგო არ არის.
აჰა, კინამო ნელსუნნელი რაღაც ყვავილი, ეგვიპტით რგული... ქარისა აფენს მას გულმკერდზე მძინარ გამიხარდს, რომ გაანელოს, განაგრილოს, ხრწნილების მატლი უჩინო ჰყოს, უხრწნელების მადლით შემოსოს. უჟამო ნათლით მოიხელთოს, რაც არ ივნება, რაც არ იკლებს, არ განილევა... განიშოროს და დაიბრუნოს სამარადჟამოდ.
და აჰა, იხილა ქუჩის მტვერში ამოგანგლილი ორი ცოცხალი ბეწვის გორგალი ქარისამ. ღრენით და წკმუილით, ტკივილით, ტანჯვით სხვადასხვა მხარეს მიმსწრაფი ორი თავტანი, გაჭიმული, გაწელილი არსი, ერთარსი. ტანის ბოლოთი, კუდუსუნით ერთურთს შერწყმულნი, გადაბმულნი, ხან რომ წკმუილით კბენენ, ეშვს უჭერენ ერთმანეთს დასისხლულ ყელში, ხან წამიერად სულმოთქმულნი, ერთარსობას ვერ შეჩვეულნი, კვლავ საპირისპიროდ იზიდებიან, რომ დაფლითონ ეს ერთარსი, შორს რომ გაიჭრან, ერთმანეთისგან გათავისუფლდნენ. “მთელი ადამიანური ყოფაც ეს არის... მხოლოდ ფიზიკური სხეულით, კიარა, სამშვინველითაც გადაგვაბა დიდმა მხატვარმა და თვალს მიეფარა.” - თქვა ქარისამ და უამურ სცენას მოარიდა თვითონაც თვალი.
და იხილა ქარისამ ნაკადულები, ღელე-ღულენი, ქაფის ქობებით, ხვეულ მაქმანებით ნაპირშემკულნი, ნერგებით ნაპირებშეუმოსავნი, თითქოსდა ხმაზე: “იყავნ!” ან “გამომყევ!”, ან “ვიდინათ!”- მიწიდან ამომსკდარიყვნენ, უხილავ მეგზურს მოდევნებულთ პირველი კალაპოტი გაეჭრათ და პირველივე შემხვედრ ქვებს ასე უშუალო, უნაპირო დენით, მდინარებით, თეთრ ციალად, ბროლის ცეცხლად მოჰკიდებოდნენ, მათზე ღრუბელთა ბროლებად, ლოლოთა კრისტალებად გადმოფშხვნილიყვნენ. ამ ბროლთა გრილმა, ნოტიო შხეფებმა გამიხარდის ფერმკრთალი ხატი ამოზიდეს, ააცახცახეს.
“ხაიხვია, ხაბატიო,
ახლა წმინდა საოთები
არ მინდიხარ, არ წამოვალ,
თვალში მექარსაოტები...” *
(*უცნობი ფშაური კაფია)
დათვის ჯვარს გადაეწნა და იხილა ქარისამ გიორგიწმიდის ფიჭვები, ტანაშოლტილი, ცისფერსისხლიანი ულპობელი ფიჭვები, და თქვა - “ასე მაღალია ჩემი სიყვარულიც, მაღალი და ულპობელი”.
ქეროზა ჩიტივით გაფრინდა ქარისა, საცა იახსარის შოლტით გაპობილი დევქვა იწვა, როგორც მთისძირი, ორად გაპობილი, იმ ჟამისა, მთებს რომ აღმოფხურიდნენ და ერთმანეთს სტყორცნიდნენ ღვთის შვილნი - გაჯავრებისას.
ამ ქვასავით გაიპობა, წკვარამი და ქასქანჯიელი, სანამ მოჟონავს მირონის მარგალიტი სამოთხის ღამის ბაღიდან. - თქვა ქარისამ.
გარდასული ღამე სამოთხისა, დიადია, ჩვენ არაფერი ვიცით მის შესახებ, თქვა ქარისამ, მისი ბუნება, მზესავით მოკაშკაშე, სიბნელით იმალავს სახეს ჩვენგან. ღამით რომ გაგვახელინა ანთებული თვალი და დილის ქვეყნის მოხილვის ნაცვლად ღამის ქვეყანა აჩრდილებად ქცეულთ მოგვახილვინა, რამდენ რაიმეს შევიმეცნებდით, მაგრამ ჩვენ მხოლოდ დილის და დღის ქვეყნები, ღამის ოდენ მკრთალი ანარეკლები მიგვიხმობენ, გვაზეიმებენ.
***
უძველესი ქალაქის ხიდი - ძველი ბურჯებით, ჩრდილო-სამხრეთით გაშლილი სივრცით, ამ ადგილმა უცნაური ნეტარებით იცის დათენთვა, ზედ ხიდის თავზე მზე ჩაბუდდა, მზემ მოიკრუხა, ნათლის ჭუჭულებს გზავნის მგზავრებთან.
აქ შეიძლება შეხვედროდნენ ისინი ერთურთს - ბედისწერული შემთხვევითობით - ჯერ კიდევ ბიჭი - კაცად საქცევი, ქალად ქცეული ჯერ კიდევ გოგო.
ქვემოთ მდინარე - სამხრეთისკენ ფეთიანად გაჭრილი და ძირუქონელი, შოკოლადის ღვარცოფით სავსე, გაზაფხულთა წყალდიდობის კოსმიურ დაზგით კრემისფერ მაქმანს მიაბეჭავს ყავისფერი ატლასის ქსელზე... ურღვევად და უცვეთად ნაქსელს ყოველი წამით გამოშლის და შემოახვევს ბურჯებს მუხლებზე.
ხიდზე კი ბიჭი, წვენ-მაჭრიანი, ჟრუანტლის მქონე უხად ჭურივით, ანდა ტატანი მზის ანაორთქლით, ვარსკვლავმორბედად ეთერს შერთული. ჯერ არ უგრძვნია ღრუბელთ შემმუსვრელ ტფილთა და ცივთა ქართა კვეთება, ჯერ არც ქუხილი, არც გაელვება - ქალის პროფილით გადაკვეთილი.
ქალი ზეფირი, ჭალიკონი, ან ნიავი, ან ნელი თელხი... მზით და ვარსკვლავთა სიმხურვალით ატაცებული, მარად მოძრავი... უცივესი ღრუბელთა ზემოთ და თბილი, თბილი... თუკი ღრუბელს ქვემოთ მოება.
აქ იორთქლება ეს ტატანი, რომ ქალის ტანს შემოეგზნოს საკვირველი განსხეულებით, ან წინ აღუდგნენ ერთურთს კვეთებით...
აქ იტყვის ქალი: არ იცის დაღლა, “სული ქრინ იქით, საითაც უნებნ” (იოანე ღვთისმეტყველი),
ჩვენი შეხვედრა აქ არ იქნება, ღრუბლის კარავში შევხვდებით მაღლით...
ასე ითქმება, ჯერ განუცდელთა გრძნობების წრედში უხმო ძაგძაგის, ტვინის დამგრეხი ფილენჯის ქარით, ჭიდილით - გულთან, ღაწვთა სიწითლე, ელდანაკრავი სირცხვილის შოლტით.
დროც არის, ვიდრე დამცხრალ მდინარის დინოზავრული, ზანტი დინება მოლის მომჭმელად წაიბალახებს ზამთრის სუროსფერ ნაკადთა ენით.
***
- ძალიან შეტოპა ჩვენმა ხელდამსხმელ-მომავლინებელმა, გაუჭირდება აქედან თავის დახსნა - თქვა ქარისამ - არ შევთანხმებულვართ, არ მისურვებია მკითხველს ებურთავებინა ჩემი გრძნობები!
- არ უნდა მიგვეცა უფლება - თქვა გამიხარდიმ - კარგი რა შეიძლება აქედან გამოვიდეს? ხომ შეატყე, რაც სურს?
- სიუჟეტის განვითარებაზე უარი თქვა, მხოლოდ შთაბეჭდილებებით შემოიფარგლა, ლანდშაფტის გაუცხოებაც სურს, მოქმედების გადატანა ხევსურეთში, ამბობს, რომ გრძნობათა ამ რეგისტრს ვაკე ადგილი არ შეჰფერის...
- სიზუსტეს ცდილობს, არ გამოუდის, სიმბოლური სახეებიც ამად შემოაქვს, ქარის სახე შენთვის ძალიან ზოგადია, ვინ იტყვის საიდან, რომელ მხრიდან რაგვარად ჰქრი? ან იმ ოცდაათი სახეობის ქარიდან რომელია ზუსტად შენი სახე? მე ტატანად, მყარ ჰაერში ვარსკვლავმორბედად დამსახა, თითქოს უმადურობა არ მმართებს, მაგრამ ამ ბედისწერით მზით გამთბარ ტატანს - ღრუბლის სიღრუეში გამიტაცებ, ქარით შემმუსრავ, ქართა შეჯახებით განხეთქილი ელვად გავკრთები... ვარსკვლავობა კარგია, მაგრამ ცრუ ვარსკვლავი? ისიც გამსკდარი, გახეთქილი.
- ავტორმა სიმპათია დაგიდასტურა, გამიხარდი გიწოდა, გიორგიწმიდის ფიჭვებს მე კიარა, მან გადარა... ეს ტატანი კი, ვარსკვლავთმორბედი, ისევე ცრუა და ილუზორული, როგორც მიწიდან ატაცებული ორთქლის ბუშტი, ის ყოველთვის გასკდება, დაიშლება, გაიფანტება, მიწას ბუნებად ეს წესი აქვს...
- ცუდ დღეში ჩაგვყარა. რა საჭირო იყო ამ ამბის თხრობა? და თუ მაინც, სულ სხვაგვარად უნდა დაეწყო: როგორ შევხვდით, რა დღეა, რა გვაცვია, რას ვფიქრობთ. რატომ უნდა გაექცე ტრადიციას, თუკი ხელისგულზე გიდევს ყველაფერი?
- მგონი პირიქით, თავი დაიზღვია, სირთულეებს გაექცა!
- წავედი. მეც მაქვს სირთულეები, უამრავი საქმე მეძახის!
- არ წახვიდე, ნუ ფიცხობ, ის ჩვენი ნაწილია, ამ რეალობაში ჩვენი ხელდამსმელი და მომავლინებელი. ბოლომდე გავყვეთ!
***
და მართლაც რა აცვიათ? რა აცვია გამიხარდის? რა აცვია ქარისას? სად არის გამიხარდის ის ჭაობისფერი მაისური, რომლის ზურგზეც ქარისას ორი ხელია ამოტვიფრული? ორივე ხელია დადუღაბებული. თვალდახუჭულ ქარისას ორი ხელი მიმავალი გამიხარდის ზურგზე, ფილტვებთან. და მერე როგორ იქცევა ამგვარ ძალის, ინფორმაციის მქონე კანთსაფარველი, ტანთსაფარველი დაძენძილ და უფორმო ნაჭრად?
ქარისას მწვანით დაჩითული კაბა სად არის? როგორ ადიან დაწალიკებით იმ გორაკზე ფიჭვების ძირას? მეჩხერ ფიჭვთა სრულიად უხარისხო სახეობა- კატარი, მათი კრებული, მათი ვარჯები, შეუბუმბლავ ბარტყების მსგავსად ნახევრად გაპუტულ- დაწოწვილნი, საიდან ფლობენ სულში ტკივილის ჩარჩენის ამგვარ ძალას? ამგვარ შთამბეჭდაობას?
*
ავტორი იმედოვნებს, რომ პესრონაჟებს შეინარჩუნებს სამომავლო მოქმედებებში, დასასრულს კი არ გპირდებათ...