მჭიდროა კავშირი ჭადრაკსა და ხელოვნებას შორის. მათში ვხვდებით მსგავს სამოქმედო მექანიზმებს, რომლებიც წარმოსახვის თავისუფლებას ეფუძნება. მეტიც, ჭადრაკი თავადაა ქმნადობის მეტაფორა. ხელოვნებაში მისი ასახვის სიუხვეც ამას მოწმობს. ჭადრაკის თემას ვხვდებით მხატვრობაში, თეატრში, კინოში, მუსიკაში, ბალეტში... და ლიტერატურაში. ლიტერატურისა და ჭადრაკის წყვილზე, ყველაზე ხშირად, უთუოდ ცვაიგის "მოჭადრაკე" გვახსენდება, თუმცა თამაშთა მეფემ უამრავი ავტორი შთააგონა და ბევრი ნაწარმოების ცენტრშიც აღმოჩნდა. მწერალს მასში წარმოსახვის სიმდიდრე, სიმბოლოთა სიმძლავრე, მისტიციზმი, პოლიტიკური ქვეტექსტები და კომბინაციური დინამიკა იზიდავს, რასაც სიცოცხლის უსასრულო ვარიანტებთან მივყავართ.
რას ემსახურება ხელოვნება? "თამაშს, ფიქრობდა მალარმე, არაფრისგან ახალი სამყაროს შექმნას". განა ჭადრაკიც ეს არ არის?! აქ მოყვანილი ავტორებიც თამაშობენ. თამაშობენ განსხვავებულად, ნამდვილითა თუ წარმოსახვითით, განსხვავებული სტრატეგიითა თუ ტაქტიკით, განსხვავებულ სტილში, თუმცა ეს ისევ და ისევ ერთი და იმავე თეორიის ორი სხვადასხვა ვარიანტია.
მთარგმნელი
ნიკოლა დელესალი
ნიკოლა დელესალი (Nicolas Delesalle) 1972 წელს დაიბადა. იგი ყოველკვირეული ფრანგული ჟურნალის "ტელერამა" გრან-რეპორტიორი და გაზეთის "ებდო" მთავარი რედაქტორია. 2013 წელს მან საკუთარი ნოველებისთვის "ციფრული წიგნის მკვითხველთა" პრემია მიიღო. პირველი რომანი "მოთიბული ბალახის სურნელი" 2015 წელს გამოსცა. მეორე, "შუა ზღვაში" – 2016 წელს, ხოლო მესამე "ათასი მზე" – 2018 წელს. ჭადრაკის თემაზე მას არაერთი ნოველა აქვს დაწერილი. "ლასკერი-შლეხტერი" ისტორიული რეალობის მხატვრულად გადაწერისა და წარსულის ჩემპიონთა პროფილის დახატვის მცდელობაა.
"ლასკერი – შლეხტერი"
1910 წლის სუსხიანი ზამთარია. ვენასა და ბერლინში, ჭადრაკის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი მიმდინარეობს. ერთმანეთს უპირისპირდებიან გერმანელი ემანუელ ლასკერი და ავსტრიელი კარლ შლეხტერი. ჭადრაკი ჯერ კიდევ ისეთ მოსაწყენ თამაშად ითვლება, როგორც ფილატელიის კონკურსი. "სსრკ" ჯერ არ არსებობს და არც თამაშთა მეფე ქცეულა "მასების აღზრდის" მეთოდად.
16 წელია, რაც ლასკერი ჩემპიონია. პროფესიით მათემატიკოსსა და ფილოსოფოსს, ჭადრაკში "მკვლელის" რეპუტაცია აქვს. იგი ცნობილია თამაშის ბრუტალური სტილით, თამამი შეტევებითა და მდუღარე ტემპერამენტით.
კარლ შლეხტერი კი, მასთან შედარებით, კრავს ჰგავს. ავსტრიელი მოჭადრაკე თავდაცვითი სტრატეგიების დიდი მიმდევარია, მშვიდად და გაწონასწორებულად თამაშობს, ერთ მანევრსაც არ ასრულებს დაუფიქრებლად. დელიკატური კაცია, რბილი, თავაზიანი და უბრალო. პარტიის წინ, მისი მოკრძალებული იერი თითქოს მოწინააღმდეგეს ეუბნება: "მომიგე, თუ შეძლებ". იგი ერთ-ერთი საუკეთესო თავდამცველია მსოფლიოში. პარტიების უმრავლესობას ყაიმით ამთავრებს. თითქმის არასდროს იგებს, მაგრამ ძალიან ძნელია მისი დამარცხება. სახე ფერმკრთალი აქვს, ნეკნები - ჩავარდნილი. 36 წლისაა და დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობს. გულუხვი, არასდროს სთხოვს მევალეს ვალის გასტუმრებას, მაშინაც კი, როცა ჯიბეში გროში არ უდევს. სამიდან ორ სადილს ტოვებს. საკუთარი არსებობისთვისაც კი ბოდიშს იხდის. ყველგან ჩრდილივით დადის. არ სურს, ვინმე შეაწუხოს. არც ეს მატჩი ყოფილა მისი სურვილი, ვენის კლუბმა სთხოვა და კარლიც მათი ხათრით დათანხმდა. მოგება არ აინტერესებს, ყაიმიც ჰყოფნის, თუმცა წაგების იდეას ვერ ეგუება. წაგება მას კიდევ უფრო აქრობს ამ სამყაროდან, ამ ისედაც ნახევრადარსებულ, ბარის ალკოჰოლიკი მევიოლინის შვილს.
მატჩი 10 პარტიად ტარდება. ფრის შემთხვევაში, ლასკერი ტიტულს ინარჩუნებს. პირველი პარტია ვენის კლუბში იმართება. ლასკერი სიგარას ეწევა, მასიური სახე და გამჭოლი მზერა აქვს. ეტყობა, რომ შემცბარია მოწინააღმდეგის იდუმალი პიროვნებით, ცხოვრებაში მისი ასეთი ეფემერული და ჭადრაკის დაფასთან ზედმიწევნით თავდაჯერებული ქცევით. თამაშისას, შლეხტერი სულ სხვა კაცია: გამჭვირვალე, ფარფატა სხეული უეცრად მთლიანად მობილიზდება ერთადერთი მიზნისთვის – იხსნას საკუთარი მეფე. თამაშობს, არა მხოლოდ ტვინით, მთელი არსებით.
პირველი პარტია, ოთხსაათიანი ბრძოლის შემდეგ, მეორე დღისთვის იდება. ლასკერი პრესასთან მჭერმეტყველებს, შლეხტერი ქრება. მეორე დღეს, 2 პაიკის გადამწყვეტი უპირატესობით, ავსტრიელი დიდხანს ფიქრობს. დარბაზში, სიგარეტის კვამლის ღრუბლებში მოტივტივე დამსწრეთა სიჩუმე მეფობს. მხოლოდ ყავის მორევის ხმა ისმის. საბოლოოდ, ყველას გასაკვირად, შლეხტერი ლასკერს ყაიმს სთავაზობს. გერმანელი მაშინვე იღებს ამ გულუხვ შეთავაზებას.
შემდეგი სამი პარტიაც ყაიმებით სრულდება. ლასკერი კვლავ დაუმარცხებელია.
მეხუთე პარტია ძალიან დაძაბულ ატმოსფეროში იწყება. მაყურებლები მარიენბრუკეს კაფეს გარს ეხვევიან. შლეხტერი გზას ძლივს იკაფავს, დაფასთან ჯდება და... გონს ჰკარგავს: იგი საკუთარ სიღარიბეს მალავს. ექიმმა არ იცის, რომ მის პაციენტს, რამდენიმე კვირაა, თითქმის არაფერი უჭამია. მატჩი 3 დღით იდება. კარლი საავადმყოფოშია და ამჯერად საკვებზე უარს არ ამბობს. მატჩს ძალმოკრებილი უბრუნდება და ლასკერის შეტევებს კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით იგერიებს. მაყურებლები აღტაცებას ვერ მალავენ ამ გმირული თავდაცვის მიმართ.
და აჰა, ლასკერი უხეშ შეცდომას უშვებს და შლეხტერი იგებს მეხუთე პარტიას! ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლასკერი არახელსაყრელ მდგომარეობაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე. ბუკმეიკერები მოთამაშეების კოეფიციენტს ცვლიან. ლასკერს ასეთი მოწინააღმდეგე ჯერ არ ჰყოლია.
გერმანელს შეუდარებელი სტილი აქვს. რისკზე მიდის, გაურკვეველ პოზიციებს ქმნის. მის სვლებს დაუფიქრებლის ელფერი დაჰკრავს, მაგრამ ყველაფერი მოფიქრებულია. ლასკერი მოწინააღმდეგეებს დანაღმულ ველში იტყუებს, რათა უკეთ გაანადგუროს ისინი. ისე არავის ხელეწიფება ქაოსისგან მოგების შექმნა, როგორც ლასკერს. მან იცის, როგორ მიუდგეს თითოეულ მოწინააღმდეგეს: "ეს სვლა, ტარაშის წინააღმდეგ კარგია, მაგრამ ცუდია იანოვსკისთან". ლასკერი მათ ალყას არტყამს, ბოლომდე არავის ესმის მისი თამაშის ფილოსოფია.
მაგრამ შლეხტერი მაგრად დგას. თავმდაბალი ყაიმების კაცი არ მიჰყვება პროვოკაციების ტალღას.
შემდეგი ოთხი პარტია ბერლინში იმართება და აქაც მხოლოდ ყაიმებია. შლეხტერს ანგარიში ერთი ქულით მიჰყავს. ლასკერი ვერაფერს ახერხებს.
რჩება მეათე, ბოლო პარტია, გადამწყვეტი. თუ ესეც ყაიმით დამთავრდა, პრეტენდენტი შლეხტერი მსოფლიოს ჩემპიონად გამოცხადდება.
უცნაური რამ ხდება ამ პარტიის მეათე სვლაზე: კარლ შლეხტერი, პირველად თავის სიცოცხლეში, უტევს! 10...b4 :
სწორედ ეს სვლა, მეათე პარტიის მეათე სვლა დარჩება ყველაზე აგრესიულ სვლად შლეხტერის საჭადრაკო კარიერაში. ლასკერი, ასისტენტები და მაყურებლები გაოცებას ვერ მალავენ. შლეხტერი საკუთარი ტყავიდან გამოძვრა, და ეს მაშინ, როცა ტიტულის მოსაპოვებლად ყაიმიც ჰყოფნის, ყაიმი, რაც მას ასე ეხერხება. მაგრამ არა, იგი უტევს... მეთხუთმეტე სვლაზე, ლასკერი შეცდომას უშვებს. შლეხტერი უპირატესობას იღებს. ბუკმეიკერები კვლავ ცვლიან კოეფიციენტს. პოზიცია ისეთი ტაქტიკურია, ყაიმი წარმოუდგენელი ხდება. ეს იყო, ალბათ, ყველაზე მართალი მომენტი შლეხტერის ცხოვრებაში: იგი გაექცა იმას, რასაც მუდამ წარმოადგენდა. მან მიისაჯა: "ან მოგება, ან წაგება".
ოცდამეთხუთმეტე სვლაზე, ლასკერის ეc4-ის შემდეგ, შლეხტერი 40 წუთს ფიქრობს:
დარბაზში ჩურჩულებენ, რომ, თუ იგი ეტლს d8-ზე ითამაშებს, იგებს[1]. ავსტრიელი უთუოდ ხედავს ამ სვლას. მას ხომ ყველა ხედავს. მაგრამ კარლი არა და არ თამაშობს. კარლი ფიქრობს. ბოლოს, ერთსათიანი ფიქრის შემდეგ, როგორც იქნა, თამაშობს ეტლს...
...f4-ზე.
ლასკერი ქორის თვალებს ახელს, ულვაშიან ნისკარტს იქექს და სულ რამდენიმე სვლაში ანადგურებს შლეხტერს.
გერმანელი ტიტულს ინარჩუნებს.
არადა, როგორ ჯობდა შლეხტერის თამაში, ამ დღეს, ლასკერისას!
ლასკერი, ამ მატჩიდან 11 წლის მანძილზე, ჩემპიონად რჩება.
კარლ შლეხტერი კი სამუდამოდ ეშვება ანონიმურობასა და სიღარიბეში... და კვდება მატჩიდან 7 წლის შემდეგ, 44 წლისა, შიმშილისგან. მის სხეულს ქუჩაში პოულობენ.
კარიმ მირაუი
კარიმ მირაუი (Karim Miraoui) 1971 წელს დაიბადა, ქალაქ ნანტში. ამავე ქალაქის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მან მასწავლებლის საქმიანობას მიჰყო ხელი. იგი არის ნოველებისა და მოთხრობების ავტორი (ამჟამად მუშაობს რომანზე, რომელშიც, როგორც თავად განაცხადა, რამდენიმე პასაჟს საქართველოს მიუძღვნის), რომელთა თემები ხშირად ფიქციურია. თავად პროფესიონალი მოჭადრაკე, მირაუი ხშირად იყენებს ამ თამაშს, როგორც მხატვრულ ხერხს. საინტერესოა, რომ მან დაიცვა დისერტაცია "მოჭადრაკის ტიპი ლიტერატურაში". "ვაი შამათისგან" ტოტალიტარიზმის თემას ავითარებს, რომელშიც ჭადრაკი სახელმწიფოს ინსტრუმენტია.
ვაი შამათისგან
ტალს და 64 უჯრის სხვა გენიოსებს
მეზღვაურმა დუელის კოლოფი ჩართო და მოწინააღმდეგის დაბნევის იმედით, მედგრად ითამაშა b4. ეს წინასწარვე მარცხისთვის იყო განწირული.
ანტონოვიჩმა ზუსტად არ იცოდა, როდიდან მოქმედებდა ეს საშინელი კანონები, კატეგორიულად რომ კრძალავდა ძალადობის მცირე ჟესტსაც კი. იგი "შამათის თაობისა" გახლდათ და შესაბამისად, არასდროს სცოდნია კონფლიქტის მოგვარების სხვა საშუალება, ჭადრაკის გარდა. მეტიც, მასწავლებლობამდე, ჭადრაკის დიპლომიც კი ჰქონდა აღებული. რასაკვირველია, ეს არ ჩანდა მის ფუნჩულა ლოყებზე და აბურძგნულ წაბლისფერ თმაზე. მას არ ჰქონდა თანამოძმეთა უმრავლესობისთვის დამახასიათებელი, ჩამომდნარი სახე და გაშეშებული ნაკვთები. სათვალესაც კი არ ატარებდა - საჭადრაკო დაბრიყვებისთვის აუცილებელ გარეგნულ ინსტრუმენტს. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო ესხმოდნენ მას თავს უნიჭო ვიგინდარები. ცხადია, შეხლა დიდხანს არ გრძელდებოდა, იგი შეუდარებლად ძლიერი იყო, მაგრამ ძალიან განიცდიდა, როცა მოწინააღმდეგის თავისუფლების, სხეულის ხელშეუხებლობისა და ზოგჯერ სიცოცხლისთვისაც კი წერტილის დასმა უწევდა, აცხადებდა რა გარდაუვალ "ქიშსა და შამათს".
"ზღვა ყარს! როგორ ატარებს ეს საბრალო თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს ამ წუმპეზე?" - გაიფიქრა ანტონოვიჩმა და b4-ს d5-ით უპასუხა.
მოთამაშეები პარტიის დაწყების შემდეგ არ განძრეულან. ფეხმორთხმულნი ისხდნენ პორტის სველ ქვაფენილზე, ორ უშველებელ ყუთს შორის. ამას კანონი ითხოვდა. მეზღვაური თავს დაესხა ანტონოვიჩს და ფული მოსთხოვა. შესაბამისად, ისინი თავდასხმის ადგილზევე ჩამოჯდნენ სათამაშოდ. ჭადრაკი მეზღვაურმა გაშალა, რომელიც მუდამ შეიარაღებული გადაადგილდებოდა, როგორც მოქალაქეების უმრავლესობა. თავდამსხმელს, წესის თანახმად, თეთრებით უნდა ეთამაშა, რადგან იგი მოულოდნელობის უპირატესობას ფლობდა. მოთამაშეებს პარტიის პირობები დუელის კოლოფში დაერეგისტრირებინათ, რომელიც შვიდი წლის ასაკიდან, თეძოში ჰქონდათ ჩანერგილი: თავდამსხმელის გამარჯვების შემთხვევაში, მეზღვაური ფულს წაართმევდა ანტონოვიჩს, რომელიც წყალში უნდა გადავარდნილიყო. ხოლო თუ ანტონოვიჩი მოიგებდა, მილიცია დააკავებდა მეზვაურს და ორი კვირით სატუსაღოში მიაბრძანებდა. სხვათაშორის, მილიცია, რომელიც სასიგნალო შეტყობინებებს კოლოფებიდან იღებდა, უკვე აქ იყო და დუელის წესების ფარგლებში ჩატარებას უზრუნველყოფდა. თითოეული მოქალაქე, კანონის თანახმად, მსგავსი კოლოფით იყო აღჭურვილი, რომელიც თავის მხრივ, ცენტრალურ გამრიგებელზე იყო მიერთებული. ეს უკანასკნელი მოქალაქეთა გულისცემას ამოწმებდა, რათა წინასწარ გამოეცნო მოსალოდნელი ძალადობრივი ქმედება და ეს მილიციისთვის ეცნობებინა.
"ყოველ ინდივიდს, რომელიც ძალისმიერი საშუალებით, მოქალაქის სხეულის ხელშეუხებლობას დაარღვევს, დაუყოვნებლივ დააკავებს მილიცია - ერთადერთი ორგანო, რომელსაც დამნაშავისგან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, აქვს ძალის გამოყენების უფლება..." - ამბობდა კანონი.
ასეთ შემთხვევებში, მილიციას ჰაერის ბუშტი შეჰყავდა შფოთის ამტეხის სხეულში და მას გულისცემას უჩერებდა. ეს უკიდურესი მეთოდი, მიუხედავად რამდენიმე სრულიად გასაგები უარყოფითი ინტერპრეტაციისა, წარმატებით მუშაობდა. დროსთან ერთად, სხეულებრივი ძალადობაც აღმოიფხვრა, უფრო სწორად, გარდაიქმნა, რაზეც მეტყველებდა მრავალრიცხოვანი საჭადრაკო დაპირისპირება და "არახელსაყრელ" უბნებში გამეფებული შიშის კლიმატი.
მეზღვაურმა ჯერ ეტლი დაკარგა, შემდეგ კი მხედარი. ოცდამესამე სვლაზე, ანტონოვიჩმა პაიკი g1-ზე წასწია, მეორე ლაზიერი გააცოცხლა და საბოლოოდ გამოუტანა განაჩენი მოწინააღმდეგეს, გამოუცხადა რა მას ყოველგვარი სიამაყისგან დაცლილი:
- ქიში და შამათი!
შემდეგ წამოდგა, ნოტიო საჯდომი შეიმშრალა და გზა ისე განაგრძო, რომ არც კი უდარდია მისი საბრალო მსხვერპლის ბედ-იღბალზე. მისთვის ისიც საკმარისი იყო, რომ დაგვიანების გამო, პროვიზორთან თავი უნდა ემართლა.
რამდენიმე დღის შემდეგ, "ახალი ენციკლოპედიის" ფურცვლისას, ანტონოვიჩმა აღმოაჩინა, რომ სიტყვები "მკვლელობა" და "ბოროტმოქმედება" არქაიზმებად განიხილებოდა. "აი, კარგი თემა სამოქალაქო განათლების ხვალინდელი გაკვეთილისთვის!" - გაიფიქრა მან და უბნის ბიბლიოთეკაში წასვლა გადაწყვიტა. ორმოცდაათიოდე ნაბიჯიც არ გადაედგა, რომ აქოშინებული, გულის ასარევად შეჩერდა და გვარიანადაც შეუკურთხა 2042-ე განკარგულებას, რომელიც აირსაწინააღმდეგო ნიღბის ტარებას კრძალავდა. "ბუნებრივი შერჩევა!" - უთითებდა ხელისუფლება. "არადა გარემოს დაბინძურებაში არაფერია ბუნებრივი." - ფიქრობდა ანტონოვიჩი. მართლაც, მხოლოდ გულუბრყვილოს თუ გამოეპარებოდა აღნიშნული განკარგულების ორმაგი მიზანი: სიკვდილიანობის გაზრდა, რაც საუკუნის ბოროტებას - ჭარბმოსახლეობას აღმოფხვრიდა; და უსაფრთხოებისა და გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის მოტივით, მოქალაქეებისთვის სახლში გამოკეტვის იძულება. თუ პირველი მიზანი იოლად მიიღწა, მეორე ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად რჩებოდა. ამას მოწმობდა მრავალრიცხოვანი საჭადრაკო ორთაბრძოლა, ქუჩებში რომ ყოველდღიურად გადაეყრებოდით, და "სახურავივით დაბალი და მძიმე ცარგვალი"[2], შუადღის ქალაქს რომ ბინდ-ბუნდში სძირავდა. საუკუნის დასაწყისის გაშმაგებული ინდივიდუალიზმის მარცხით იმედგაცრუებულ ხალხს აღარ შერჩენოდა წარსულის შეცდომების გამეორების სურვილი.
ანტონოვიჩმა გაპარტახებულ და უკაცრიელ ბიბლიოთეკაში შეაბიჯა. მსგავს მდგომარეობაში იყო ქვეყნის კულტურული დაწესებულებების უმრავლესობა. მთავრობას "მცირე სახსრები და სხვა პრიორიტეტები" ჰქონდა. მასწავლებელმა XVIII ს-ით დათარიღებული ნაშრომი, "კანონთა გონი" გადმოიღო, პატარა მაგიდას მიუჯდა და კითხვას შეუდგა. "ამ "გონმა" დღეს სახე იცვალა. დემოკრატებს კი ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ხალხის სასიკეთოდ იღწვოდნენ... როგორი შორსმჭვრეტელები იყვნენ ჩვენი წინაპრები!" - გაიფიქრა მან ოცდამესამე თავის კითხვისას:
"მოსახლეობა და კანონმდებლობა: როგორც წესი, სახელმწიფოს სიმცირე ხელს უწყობს დემოგრაფიულ ზრდას, სიდიდე კი, პირიქით, აფერხებს მას. ამგვარად, პატარა ბერძნული ქალაქების კანონმდებლობა ეფუძნებოდა შობადობის კონტროლს."
მან უბრალოდ არ იცოდა, რომ მომავლში, მხოლოდ სახელმწიფო კი აღარ იქნებოდა ვიწრო, არამედ თავად დედამიწა. მხოლოდ ყველაზე თამამი ან ყველაზე პესიმისტი დემოგრაფები თუ იწინასწარმეტყველებდნენ, რომ ამ საუკუნის დასასრულს, პლანეტას ოთხმოცი მილიარდი ინდივიდის ატანა მოუწევდა.
ბიბლიოთეკიდან გამოსვლისას, ანტონოვიჩი ზედმეტი თავაზიანობის გარეშე დაემშვიდობა ბიბლიოთეკარს, რომელსაც "რადიკალად" იცნობდა და რომელიც მზად იყო, მილიციისთვის ეცნობებინა მისი დაწესებულებით ზედმეტად ხშირად დაინტერესებული "მეამბოხე სულების" შესახებ. "დისიდენტი მასწავლებელი" - ეს "ცუდ ტონად" ითვლებოდა!.. ანტონოვიჩი ბიბლიოთეკართან საუბარს ერიდებოდა. სახელმწიფოს არაოფიციალური წარმომადგენელი, ძალიან მოკლე დროში, ყველაზე უარესი სისულელეებისა და გულშემომყრელი ბანალურობების ციტირებას ახერხებდა. ანტონოვიჩი რომ განათლების მინისტრი ყოფილიყო, უთუოდ რიტორიკის სწავლებას აღადგენდა. იგი მხოლდ ფორმას აქცევდა ყურადღებას, როცა მსგავსი არსება ელაპარაკებოდა. მან იცოდა, რომ ქვეყანა ჯამბაზებითაა სავსე, რომელთა ძაფები სახელმწიფოს უჭირავს... თუმცა იძულებული იყო, ნდობა მაინც შეენარჩუნებინა. დემოკრატია მეტისმეტად მყიფე იყო, რომ მისთვის სახალხოდ გაელაშქრა...
ანტონოვიჩს მღვრიე ფიქრები კიდევ უფრო აემღვრა, როცა მისკენ მომავალი დეკადენტების ჯგუფი შეამჩნია. ეს ახალგაზრდები ყოველთვის ჯგუფ-ჯგუფად დაყიალებდნენ, რათა მსხვერპლს მათთან ერთდროულ სეანსში შებრძოლება ვერ გაებედა. საკმარისი იყო, დეკადენტებს მრავალი პარტიიდან ერთ-ერთი მოეგოთ, რომ მთელი ნადავლი მათ რჩებოდათ. შესაბამისად, მსხვერპლი ხშირად, უბრძოლველად უთმობდა მათ მთელს თავის ავლადიდებას. თუმცა ერთ-ერთმა, რომელიც ჯგუფის თავი ჩანდა, მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, დანარჩენებს ანიშნა, რომ თავს გზის მეორე მხარეს მოსიარულე მოხუცს უნდა დასხმოდნენ. "დარწმუნებული ვარ, მიცნო. - გაიფიქრა ანტონოვიჩმა - სიიოლის გზას დამდგარი, ჩემი ერთ-ერთი ყოფილი მოსწავლე იქნებოდა." ქუჩაში გასვლა დღითიდღე სახიფათო ხდებოდა. ამას მოწმობდა მიწაზე განრთხმული სხეული მოხუცისა, რომელიც იმ დროის კაცი იყო, ჭადრაკი რომ მხოლოდ თამაში გახლდათ.
მასწავლებელმა უახლოეს კაფეს მიაშურა, უკანასკნელ თავისუფალ სივრცეს, რომელიც ძირითადად ახალგაზრდებისთვის იყო განკუთვნილი. ზოგადად კი, მთავრობა მოქლაქეებს არ ურჩევდა "ამ მეტად საშიშ დაწესებულებაში" სიარულს. ანტონოვიჩს სული შეეხუთა პატარა, გაკვამლულ კაფეში შესვლისას, თუმცა მაინც შეერია ახალგაზრდებს, ძირითადად სტუდენტებს, თავისუფალი მაგიდა იპოვა და ვისკი-ლუდიც შეუკვეთა. "ო, ეს სიქორფე, ეს თავისთავადობა! იქნებ ესაა ბედნიერება? საამო სასმელი! ახალგაზრდების ჟრიამული!.. სულაც არ ვარ იძულებული, იმ ბოროტებაზე ვიფიქრო, რაც გარეთ სუფევს..." - ნებივრად გაიშხლართა სავარძელში ანტონოვიჩი და თავი ურბანულ ნირვანას მისცა.
პიროვნება, რომელიც დაუპატიჟებლად, მის წინ ჩამოჯდა, სხვა კლიენტებისგან გამოირჩეოდა. მუქი ფერის კოსტიუმი, მეწამული ჰალსტუხი, სწორი ნაკვთები, წოწოლა თვალები და მრუდე ცხვირი მას უასაკოს ხდიდა. მხოლოდ მსუბუქი სიქაჩლე უაშკარავებდა ორმოციოდე წელს. მან ჯერ პომიდვრის წვენი შეუკვეთა და მხოლოდ შემდეგ ინება გაოცებულ მასწავლებელთან ლაპარაკი:
- ჩვენს სიცოცხლეებს ვდებ ამ პარტიაში.
- უკაცრავად? არ მესმის რას გულისხმობთ...
უცნობს ფიგურები უკვე ამოეღო და ოლიმპიელის სიმშვიდით ალაგებდა იმ ოცდათორმეტ უჯრაზე, სადაც მათი საწყისი ადგილია.
- და რატომ სასიკვდილო დუელი? რა სისულელეა...
ანტონოვიჩი წუთიერი სამოთხიდან კვლავ უმოწყალო ჯოჯოხეთში ეშვებოდა, სადაც სიკვდილს თავისი უფლებები აქვს. უცნობი საუბარს არ აპირებდა, მას კი სურდა, სცოდნოდა... კიდევ ერთხელ... ვინ იცის, ბოლოჯერ... თუმცა დუელის კოლოფი უკვე აჩვენებდა პარტიის პირობებს. უცნობმა მეფის პაიკი დაძრა და დარბაზში მილიციაც გამოჩნდა. მოწინააღმდეგის პიროვნებისა და დუელის პირობების გათვალისწინებით, ანტონოვიჩმა უარი თქვა ჩვეულ სიცილიურ დაცვაზე და მეტოქეს სიმეტრიული სვლით უპასუხა. მესამე სვლაზე, f4-ზე პაიკის შეწირვით, უცნობმა გეზი სახიფათო ვენური პარტიისკენ აიღო. ეს იმის მაუწყებელი იყო, რომ დუელი მალევე დასრულდებოდა, თანაც აუცილებელი სიკვდილით. უცნობს სრულყოფილად უნდა ეთამაშა, რომ ამ დებიუტის მრავალრიცხოვანი მახე აეცილებინა.
მეჩვიდმეტე სვლა განსაკუთრებით კრიტიკული გამოდგა. ანტონოვიჩმა მიიღო თეორიული შეწირვა, მოსალოდნელი ახალი ხაფანგების მიუხედავად. უცნობმა, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, მეფის ფრთაზე სასტიკი შეტევა წამოიწყო. სიცხე აუტანელი ხდებოდა. კრინტს აღარავინ ძრავდა კაფეში, სადაც მილიციის ყოფნის მიუხედავად, უმაღლეს ხელოვნებაში გამობრძმედილი რამდენიმე სტუდენტი დარჩენილიყო და ტიტანთა შერკინებას უცქერდა. მართლაც, ორივე მებრძოლი საუკეთესო სვლებს აკეთებდა და ამით საკუთარ ოსტატობას უსვამდა ხაზს. ანტონოვიჩი, თითქოს პარტიამ შეისრუტაო, ისე იყო მთელი სხეულით დაფისკენ დახრილი. თუმცა მაინც ვერ გაეგო, ვინ იყო ეს კაცი, უცნობ მოთამაშესთან რომ სიცოცხლეს რისკავდა. საბოლოოდ, ყველაზე ნაკლებსავარაუდო ვერსიებში დაკარგულმა, მოწინააღმდეგის დაჟინებული შეტევის მოეგერიების მიზნით, პაიკით ითამაშა. დარბაზს დამსწრეების ჩურჩულმა დაუარა: ამ სვლით, ანტონოვიჩი მოწინააღმდეგის თეთრ კუს დიდ დიაგონალს უხსნიდა. ამ სვლის სტრატეგიული სისუსტის გაცნობიერებამ მასწავლებელს დღის ის არასასიამოვნო მომენტი გაახსენა, რის შემდეგაც იგი აქ გამოეშურა.
პროვიზორი ანტონოვიჩს ღიმილით უცქერდა. ეს პირველი შემთხვევა იყო მათი თანამშრომლობის შვიდი წლის მანძილზე. მაგიდის მეორე მხარეს, საკუთარი ბედისწერის პირისპირ მჯდარი მასწავლებელი დაანაღვლიანა ამ პარადოქსმა: "უტიფრად ცილს მწამებენ; სახიფათო გადახრებში მადანაშაულებენ, რადგან მოსწავლეებს წარსულს ვასწავლი, აწმყო რომ გაიგონ; ამისთვის კონფისკაცია მემუქრება... ეს ნაძირალა კი კმაყოფილებისგან იკრიჭება! აქამდე, მისი ღიმილი არავის უნახავს. არადა, კარგად ვიცნობ, არ არის რაპორტის დამწერი! მაშ, რატომ - ეს ღრმული მის ცხიმიან ლოყაზე?"
უცნობს საპასუხო სვლის გაკეთება არ დაუყოვნებია. მან მხედარი მუქარას გამოარიდა და ანტონოვიჩის მორიგი თავდაცვითი სვლის შემდეგ, კუ ფიანკეტოდან განავითარა. ეს გადამწყვეტი შეტევის მზადებას ჰგავდა. შავების კონტრთამაში ძალიან მწირი იყო იმისთვის, რომ თეთრები შეტევის ხაზიდან მოებრუნებინა. ამგვარად, შეტევის შესაკავებლად, ანტონოვიჩმა მოგებული ფიგურა უკანვე დააბრუნა და მეტოქეს მიმართა:
- თქვენი სახელი არ გითქვამთ.
- ჩემი სახელი არაფერს გეტყვით. კაენი მქვია.
თუ მასწავლებელს, აქამდე, ის უკვირდა, რომ ასეთი დონის მოჭადრაკეს ფიზიკურად არ იცნობდა, მისი სახელის არცოდნამ მთლად სახტად დატოვა. თუმცა მისი კონტრშეწირვის შემდეგ, უცნობის თავდაჯერებულობას სიმყიფე დაეტყო. პარტიის მდინარებაც კალაპოტს დაუბრუნდა. ასე გაგრძელდა მომდევნო რამდენიმე სვლის მანძილზე, სანამ თეთრებმა მორიგი, ამჯერადაც პოზიციური უზუსტობა არ დაუშვეს. უთავბოლო ფიქრებში ჩაძირული ანტონოვიჩის ტვინი თუხთუხებდა და ერთმანეთში ურევდა ჭადრაკის დაფასა და გარესამყაროს. მარცხნივ, დაორთქლილ მინაზე, პროვიზორის უგვანო სახე გამოიკვეთა.
კაენმა მომდევნო სამი სვლა დემონური სიზუსტით ითამაშა და მოწინააღმდეგე მეტად არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა. რაც უფრო ეკვროდა მარწუხები ანტონოვიჩის მეფეს, მით უფრო გრძნობდა იგი ციებ-ცხელების შემოტევას, რომელიც მხედველობასა და ანალიზს უმღვრევდა. მცირე ხნის წინ, თითქოს, დარბაზის გაკვამლული სიღრმიდან მისკენ მომზირალი ბიბლიოთეკარი შეამჩნია, მაგრამ ახლა მას ვეღარ პოულობდა. ძალისხმევისგან შეჭმუხნილი შუბლიდან ოფლი მსხვილ მარგალიტებად ეღვრებოდა. მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ მოწინააღმდეგე წინასწარ იცნობდა პარტიის ბედ-იღბალს. "ის ხომ ასე დარწმუნებულია გამარჯვებაში! მას ხომ ნერვიც არ უტოკავს, თითქოს თავისი სიცოცხლისთვის არ თამაშობდეს!" - ამ აზრმა შეაძრწუნა ანტონოვიჩი, რომელიც ხედავდა, თუ თანდათან, როგორ ეხდებოდა ფარდა ჭადრაკის ამ პარტიას.
მეტოქის მიერ მისი ეტლის აყვანას ანტონოვიჩმა, ყველასათვის მოულოდნელად, ლაზიერის სვლით უპასუხა, რაც აშკარად წამგებიანი იყო. დარბაზში მკვდრის სიჩუმე ჩამოვარდა. სინამდვილეში, ანტონოვიჩი აღარ თამაშობდა. უკვე მანაც წინასწარ იცოდა დუელის შედეგი, ვინაიდან მიმხვდარიყო მეტოქის ნამდვილ ვინაობას! ეს გახლდათ... ერთდროულად, მისი ბიბლიოთეკარი, პროვიზორი, ბინის მესაკუთრე, მოსწავლეების მშობლები...! სახელმწიფოს თავისი კოჭლი ჯამბაზის მოსპობა გადაეწყვიტა და მას სხვა ჯამბაზი მიუგზავნა, მისი ფლიდი ზრახვების აღმასრულებელი.
ანტონოვიჩმა თვალები დახუჭა და ხელები დაფისკენ დაუშვა. ყურების ბზუილის ფონზე, საბოლოო განაჩენად მოესმა დუელის კოლოფის მიერ სახელმწიფოს გამარჯვებულად გამოცხადება, სანამ უხმაუროდ, დაფაზე პირქვე განერთხმებოდა.
იატაკზე კუ[3] დავარდა.
ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ
[1] მიუხედავად მაშინდელი კომენტატორების ამ აზრისა, ანალიზი აჩვენებს, რომ 35...ეd8 არ იგებდა.
[2] ბოდლერი, სპლინი LXXVIII
[3] ფიგურა "კუ"-ს (Le fou, ფრ.) სახელწოდება ფრანგულად ისმის, როგორც "ჯამბაზი", "მასხარა".