ყაზბეგის 15 -ში, მესამე სართულზე, 54 ნომერ ბინაში, 40 წელს გადაცილებული ლევან მოსიძე ცხოვრობდა. თუმცა, გადასახადებს ამ ბინაზე იგორ პოტრჟებსკი იხდიდა. იგორსა და ლევანს არანაირი ნათესაური კავშირი არ ჰქონდათ, ერთმანეთს არც იცნობდნენ. ქუჩაში რომ შემთხვევით შეხვედროდნენ, ჩვეულებრივი უცნობებივით გვერდს აუქცევდნენ. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო მათი ქუჩაში შეხვედრა გამორიცხული იყო.
ეს უცნაური და ნაცნობობამოკლებული კავშირი კი იმით დაიწყო, რომ 40 წელს გადაცილებული მარტოხელა ლევანი უძილობამ შეაწუხა. გულაღმა დაწვებოდა ხოლმე, თვალს დახუჭავდა და ფიქრების პროექტორს ქუთუთოებზე მიმართავდა, რომ განვლილი ცხოვრების კადრებისთვის ეცქირა. ზოგიერთ მონაკვეთს უბრუნდებოდა კიდეც და გულდასმითაც აკვირდებოდა, თან რაღაცეებს გაუგებრად ბუტბუტებდა.
რამდენჯერმე სცადა დაოჯახება, მაგრამ არაფერი გამოვიდა. საქმე საქმეზე მიდგებოდა თუ არა, რამე მიზეზს იპოვნიდა და თავს დაიძვრენდა ხოლმე. ასეთ დროს თითქოს რაღაცნაირ შვებასაც კი გრძნობდა, რომ მარტოობის ერთგვარ წესრიგს, რომლიც ლამის წესად ექცა, ვერავინ დაურღვევდა. ერთი შეხედვით, ცხოვრება აწყობილი ჰქონდა, ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში რიგითი ფინანსური მოხელიდან ფინანსურ დირექტორობამდე ტალახიანი და ქვაღორღიანი აღმართი აიარა. რამდენჯერ შიგ ცხვირ-პირშიც მოხვედრია კარგა მოზრდილი ბელტი. კარგი შემოსავალი ჰქონდა, სახლი – გამოტენილი თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ყველა ეგზემპლარით. რეკლამებში ნაჩვენები მანქანაც ჰყავდა და აგარაკიც შეიძინა, რომელზეც არასდროს დადიოდა. რამდენჯერაც დააპირა, შიშმა შეიპყრო, რომ იქ კიდევ უფრო დიდი და სახიფათო მარტოობა ჩასაფრებოდა. არ ჰყავდა მეგობრები. არ ყავდა საყვარელი. უკანონო შვილიც კი არ ჰყავდა. ან როგორ უნდა ჰყოლოდა? ფიზიკურ ურთიერთობებს გაურბოდა და სულიწმინდა კიდე ეს არ იყო. მთელ დროს სამსახურში ატარებდა. ნათესავებთანაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, მათ გახსენებაზე მხოლოდ დახმარების თხოვნები ახსენდებოდა.
და აი, გაეღვიძა ლევანს ამ ღამითაც, თავში ათასი ეჭვი და შიში უტრიალებდა, სიგარეტს მოუკიდა, ფანჯარა გამოაღო და ინსტინქტურად მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებს დაუწყო თვალიერება. კორპუსის ყველა ბინადარზე ყველაფერი იცოდა. ვინ რითი ცხოვრობდა და ვინ რა ტიკიტომარაც იყო. სხვების ცხოვრება ყოველთვის აინტერესებდა, რადგან საკუთარში არაფერი საინტერესო არ ხდებოდა. ღრმა ნაფაზმა ხველა დააწყებინა, ფანჯრიდან გადააპურჭყა და უეცრად, მესამე სართულზე, იმ ბინაში, რომელშიც უკვე დიდი ხანი იყო არავინ ცხოვრობდა, ქალის ლანდს მოჰკრა თვალი, რომელიც თითქოს მას უყურებდა. ლევანმა სიგარეტის ნამწვი გადააგდო, ფანჯარა დახურა და საწოლზე წამოწვა. „გადმოსულა ვიღაცა“, ჩაილაპარაკა.
მეორე დღეს, როდესაც მანქანის სახურავიდან ფოთლებს ყრიდა, სხვათაშორის ჰკითხა სადარბაზოდან გამოსულ მეზობელს, „ვინ გადმოვიდა მესამეზე, სამიანში?“
მეზობელმა თავი გაიქნია, „არავინ, ვინ უნდა გადმოსულიყო? არეშიძეები არ ყიდიან ბინას, რამდენი ხანია, საზღვარგარეთ არიან, ადრეც იყვნენ მყიდველები მოსულები, მაგრამ ვერაფრით დაუკავშირდნენ.“
ლევანს უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, იმ ქალის ლანდმა ახლა უფრო შეაშინა, ვიდრე გუშინ. „იქნებ მომეჩვენა? - ფიქრობდა ლევანი, - იქნებ ნერვები ვერ მაქვს წესრიგში? რამე დამამშვიდებელი უნდა მივიღო.“
სამსახურის შემდეგ ლევანი ექიმთან მივიდა. რომელთანაც საკუთარი შფოთვების მხოლოდ მცირე ნაწილი გათქვა და კარგა მძლავრი ანტიდეპრესანტების რეცეპტიც გამოიმუშავა. დალევაც დაიწყო. თითქოს ძილიც მოუწესრიგდა და ის იყო, სიმშვიდე დაიბრუნა, რომ ერთ ღამეს ტელეფონის გაბმულმა ზარმა, საძილე აბებით ძლივს ჩაძინებული ლევანი საწოლიდან წამოახტუნა. „ვინ უნდა იყოს“ - გაიფიქრა. საათს შეხედა. ღამის ოთხი სრულდებოდა, ასეთ დროს არავინ რეკავდა ხოლმე. „იქნებ, რაიმე ცუდი მოხდა?“ - გაიფიქრა. ცოტათი კმაყოფილებაც იგრძნო, რომ ვინმესთვის საჭირო გახდა. მაგრამ ვერავინ გაიხსენა გონებაში ისეთი, ვისაც რაიმე ცუდის შემთხვევისას შეიძლებოდა მისთვის მიემართა.
- გისმენთ.
- ანი მინდა. – გაისმა 20 წლამდე ბიჭის ხმა.
- სხვაგან მოხვდი, - უპასუხა ლევანმა და დასევდიანდა.
„ახლა დარეკავს ანისთან, მთელი ღამე ილაპარაკებენ, მერე შეხვდებიან, ერთმანეთს აკოცებენ, მერე შვილები ეყოლებათ..“ ლევანს გული აუჩუყდა, უეცრად გაახსენდა შვიდიოდე წლის წინათ რომ ვიღაც ჩასუქებულ ნანას თუ ნინას რომ ურიგებდნენ, შემდეგ ფიქრი გაექცა და უეცრად წარმოუდგა თვალწინ რა მოხდებოდა, ცოლად რომ შეერთო. მივიდოდა ხოლმე სახლში, ნანა თუ ნინა კარს გაუღებდა, გასუქებული და ფორმადაკარგული კი იქნებოდა, სამაგიეროდ ,ფქვილით დასვრილი წინსაფარი ეკეთებოდა, ლევანის საყვარელ ხორცის ბლინებს გამოიტანდა, მერე გამოსხავდა მოწესრიგებულად ჩაცმულ ბავშვებს, რომლებიც მწყობრი ნაბიჯით გაეშურებოდნენ მამისაკენ და რიგრიგობით აკოცებდნენ ლოყაზე. „აბა, ბავშვებო, მამას ძილინებისა უთხარით“ ეტყოდა დედა ბავშვებს, ბავშვებიც ერთხმად იტყოდნენ „ძილინებისა მამიკო,“ და მწყობრი ნაბიჯითვე გაეშურებოდნენ საძინებლისაკენ. ლევანი სამზარეულოს მაგიდას მიუჯდებოდა. ხორციან ბლინებს ერთმანეთის მიყოლებით ჩაიყრიდა პირში. ლევანმა ბლინების გემოს წარმოდგენაც კი სცადა და უეცრად მოეჩვენა, რომ მარილი აკლდა, შემდეგ გული მოუვიდა და წარმოდგენა სასწრაფოდ შეასწორა. ცოლი იქვე იდგებოდა მოღიმარი სახით, შემდეგ ჩაისაც დაუსხამდა. ლევანი ფიქრით ისე გაერთო, რომ ანაზდად ყბები აამუშავა, თითქოს მართლა ხორციან ბლინებს ღეჭავდა. სახე გაბადრული ჰქონდა, შემდეგ სიგარეტს მოუკიდა, ფანჯარა გამოაღო, გააბოლა და უეცრად ტანში გასცრა. სახლში, რომელშიც არავინ ცხოვრობდა, ისევ ქალის აჩრდილი ჩამომდგარიყო და ხელი მისკენ ჰქონდა გამოშვერილი. თითქოს მიზანში ამოეღო. ლევანს მუხლები მოეკეცა, იატაკზე დაჯდა და ცივმა ოფლმა დაასხა. მერე მალულად, ისე, რომ არ წამომდგარა საწოლამდე მიხოხდა, შიგნით შეძვრა და თავზე საბანი გადაიფარა.
დიდხანს არ დაეძინა, მხოლოდ გამთენიისას ჩასთვლიმა. მეორე დილით სწორედ იმ სახლს მიაშურა, საიდანაც წინა ღამით ქალის აჩრდილმა შეაშინა. გამალებით აბრახუნებდა კარზე. იმდენი ქნა, სანამ ხმაურმა მოპირდაპირე ბინაში მცხოვრები მეზობელი არ შეაწუხა.
„უი, თქვენ ხართ, ბატონო ლევან?” - გაუკვირდა მეზობელს, - „ამ ბინაში, უკვე რამდენი ხანია, არავინ ცხოვრობს“.
- იქნებ ცხოვრობს და თქვენ არ იცით? - უკმეხად მიუგო ლევანმა და კარზე ბრახუნი განაგრძო.
მეზობელმა გაკვირვებული სახით დახურა კარი. ლევანი გრძნობდა, რომ უკვე ისტერიკაში იყო. სამსახურში დარეკა და ერთკვირიანი შვებულება აიღო. შემდეგ მაღაზიაში გაეშურა, სათვალთვალო დურბინდი და ფოტოაპარატი იყიდა და მომდევნო რამდენიმე ღამე ფანჯარასთან შეიარაღებულ თვალთვალში გაატარა. მაგრამ ქალის აჩრდილი აღარსად ჩანდა. მეოთხე ღამეს, ყველაფერი ნერვებს და წამლებს დააბრალა, ბინოკლი გადადო და მშვიდად დაიძინა.
რამდენიმე კვირა ისე გავიდა, ლევანს თითქმის გადაავიწყდა მოპირდაპირე სახლის ფანჯარაში გამოცხადებული ქალის აჩრდილი. საკუთარ მდივანს არშიყიც კი დაუწყო, მართალია, ფლირტში დახელოვნებული არ იყო, მაგრამ ყავაზე დაპატიჟება არ აღმოჩნდა ძნელი საქმე. შემდეგ კი გათამამდა და სახლშიც მიიპატიჟა. კონიაკის ჭიქების ჭახუნს საწოლი ოთახი და სქელი საბანი მოჰყვა. ლევანი ლოშნიდა მდივანს, რომელსაც ჩაცმულს არ ეტყობოდა, რომ დიდი მუცელი და თმიანი ზურგი ჰქონდა, მაგრამ ახლა რაღას იზამდა? აგრძელებდა დაწყებულ საქმეს და თან ფქვილით დასვრილ წინსაფარზე ფიქრობდა. ღამის 5 საათი იქნებოდა, როდესაც მდივანმა გააღვიძა, უნდა წავიდეო. კაცს წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრია. ტაქსი გამოუძახა და მხოლოდ კარამდე მიაცილა. შემდეგ სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარა გამოაღო.
ქუჩა ცარიელი იყო, ლევანი კი კმაყოფილი, მდივანთან რომანი გააბა, მოჩვენებები აღარ ჰქონდა, და, ნუ, არც ისეთი მხცოვანი იყო, ცოლის მოყვანა რომ ვერ მოესწრო. წარმოიდგინა ხორცის ბლინები და მწყობრი ნაბიჯით საძინებლისკენ მიმავალი ბავშვები… და უეცრად მოპირდაპირე კორპუსის სადარბაზოდან გამოსული ორი მამაკაცი შენიშნა, რომლებიც უზარმაზარ ჩანთას მოათრევდნენ, თან აქეთ-იქით საეჭვოდ იყურებოდნენ, თითქოს ამოწმებდნენ, ვინმე ხედავდა თუ არა. მერე ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს და ჩანთა დაბლა დადეს. ლევანი თავპირისმტვრევით გავარდა კარადისკენ, სადაც ბინოკლი ეგულებოდა და მკვირცხლადვე დაუბრუნდა სათვალთვალო ადგილს. სიბნელეში უცნობების სახეები ცუდად ირჩეოდა, ამიტომ მზერა ჩანთაზე გადაიტანა, საიდანაც გარკვევით მოჩანდა ადამიანის მაჯამდე გადმოვარდნილი ხელი. ბინოკლი ხელიდან გაუვარდა, მოიკუნტა, ფანჯრის რაფის ქვეშ იატაკზე დაჯდა, მერე ტელეფონამდე მიფორთხდა და პოლიციაში დარეკა.
- დარწმუნებული ხართ, რომ ქალის ხელი იყო? იქნებ სიბნელეში ვერ გაარჩიეთ კარგად? - ეკითხებოდა პოლიციელი.
- არა, დარწმუნებული ვარ, ქალის ხელი იყო! – იმეორებდა აღელვებული ლევანი.
ჯერ გათენებულიც არ იყო და ეზო უკვე სავსე იყო პოლიციელებითა და მეზობლებით.
- ბატონო ლევან, მთელი სადარბაზო გავჩხრიკეთ, არანაირი კვალი არ არის, მეზობლებსაც არაფერი გაუგიათ, - უთხრა ლევანს სადარბაზოდან გამოსულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა. ნამძინარევი მეზობლები ეჭვის თვალით უყურებდნენ.
- ბატონო ლევან, აქამდეც ხომ არ შეგინიშნავთ რამე საეჭვო?
- აი, მოპირდაპირე სახლიდან, არავინ რომ ცხოვრობს…
ლევანი უცებ გაჩუმდა, მიხვდა, რომ ახლა ამ წინადადების დამთავრება და მისი გიჟად შერაცხვა ერთი და იგივე იქნებოდა.
- მერე? - ჩაეკითხა პოლიციელი,
- არაფერი - უთხრა ლევანმა და სახლისკენ წავიდა.
მდივანმა, რომლის ძმისშვილიც ბანკში მუშაობდა, ლევანს იმ სახლის გადასახადების ამონაწერი მოუტანა, რომელშიც არავინ ცხოვრობდა,.
- აი, ეს ვიღაც იგორ პოტრჟებსკია, ეს კაცი კიდევ 9 სხვა ბინაზე იხდის გადასახადებს, აქ ამ სახლების მისამართებიცაა, - დააყოლა მდივანმა.
ლევანმა ამონაწერი სწრაფად ჩამოართვა.
- რა ხდება ლევან? მოხდა რამე? რაღაც ცუდად გამოიყურები.
- არაფერია, მერე აგიხსნი რა, - თქვა კაცმა და მანქანისკენ წავიდა.
ლევანი ყველა იმ მისამართზე მივიდა, სადაც იგორი გადასახადებს იხდიდა, ყველგან ერთი და იგივე პასუხი მიიღო მეზობლებისგან, „ამ სახლში არავინ ცხოვრობს“. ლევანი ხვდებოდა, რომ რაღაც ხდებოდა, რაღაც ისეთი, რაც მისთვის სრულიად გაუგებარი იყო, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო, გარდა იმისა, რომ ისევ იმ ბინისათვის ეთვალთვალა, მისი სახლის მოპირდაპირე მხარეს.
ერთთვიანი თვალთვალისა და უძილო ღამეების შემდეგ, ლევანმა დაასკვნა, რომ ყოველ ორშაბათს, დილის 5 საათზე, მოდიოდა შავებში ჩაცმული უცნობი, შავი პარკით ხელში, დაახლოებით 3 წუთით შედიოდა სადარბაზოში და შემდეგ უკან ბრუნდებოდა.
მომდევნო ორშაბათს, დილის ხუთ საათზე, ლევანი მოპირდაპირე კორპუსის სადარბაზოში შევიდა და სახლის კარზე, რომელშიც არავინ ცხოვრობდა, ფრთხილად დააკაკუნა. ლევანს ხელში დანა და ფანარი ეჭირა. ერთიანად ოფლში ცურავდა, მთელი სხეული შიშისგან უთრთოდა, უეცრად კარს მიღმა ნაბიჯების ხმა გაისმა, ლევანს გული შეეკუმშა, ნაბიჯების ხმა თანდათან ახლოვდებოდა, და ბოლოს კარებთან გაჩერდა. ლევანი არ სუნთქავდა. უცებ კარი გაიღო, ლევანი კარს მიაწვა და ჩაბნელებულ სახლში შევარდა. ვიღაცას დაეჯახა და წააქცია, მერე ფანარი მიანათა და დაინახა ხანშიშესული ქალი, რომელიც შეშინებული და გაოგნებული თვალებით შეჰყურებდა ლევანს, რომელსაც დანა მოემარჯვებინა.
ქალმა ხელი ოდნავ ასწია, ხელი მასაც უთრთოდა. „დამშვიდდი, ნუ გეშინია“ - აღმოხდა ქალს. გაჭირვებით წამოდგა, ისე, რომ კაცს თვალს არ აშორებდა. შემდეგ სანთელი აანთო და იქვე მდგარ პატარა მაგიდაზე დადო. ლევანს ხელით ძველ სავარძელზე მიანიშნა და თვითონაც დაჯდა. ერთხანს ჩუმად ისხდნენ, შემდეგ ლევანმა დაარღვია დუმილი, ”რა ჯანდაბა ხდება აქ?”
- ვიცოდი, რომ მოხვიდოდი, - თქვა ქალმა.
- იცოდი? საიდან იცოდი? - გაოცდა კაცი.
- იმიტომ, რომ შენც მარტო ხარ და დახმარება გჭირდება.
- მეც მარტო ვარ - რას ნიშნავს? ან შენ ვინა ხარ?
- მე… მე მარტო ვიყავი და ახლა ღმერთთან ვარ…
- სულ ეგ არის? არა, აქ რაღაც ხდება, - ლევანმა ოთახი მოათვალიერა,- აქ მოკლეს ის ქალი?
- არა, აქ არავინ მოუკლავთ, ის ჩემი და იყო, სიმსივნით გარდაიცვალა, უბრალოდ, დასამარხად წაიღეს.
ლევანი ძალიან დაბნეული იყო,
- რას ნიშნავს წაიღეს? მერე პანაშვიდი, ან დასაფლავება… ან რატომ ჰგონია ხალხს, რომ აქ არავინ ცხოვრობს?
- იმიტომ, რომ ასე უკეთესია. ძნელია ამის ახსნა, ეს სამყარო, გარეთ... მას ყველაფერი მიაქვს. ყველაფერი ის, რაც ღმერთმა თავის მსგავსი მოგანიჭა. ეს ყალბი ურთიერთობები... ცრუ საქმიანობები, რომლითაც თავს ვირწმუნებთ, თითქოს რაიმე საჭიროს, მნიშვნელოვანს ვაკეთებთ, იქ ღმერთს შორდები… შორდები საკუთარ თავსაც. მექანიკური თოჯინები დადიან სამსახურამდე და სახლამდე, მთელ დროს ამ დიდ შეჯიბრში ხარჯავენ, რომ სხვებზე მეტი ჰქონდეთ, სხვებზე უკეთესი კომფორტი მოიწყონ, ბევრი უმნიშვნელო და ბრჭყვიალა ნივთი შეაგროვონ, რომელიც არაფერში გარგია, რომლითაც თავს ირთობ, და ივიწყებ ყველაფერ მთავარს და მნიშვნელოვანს. როგორც კი გარეთ გადიხარ, ერთვები ამ ატრაქციონში, წყდები რეალობას. შორდები საკუთარ თავსაც და ღმერთსაც.
- ადამიანები… - აღმოხდა ლევანს.
- ადამიანები, - გაიმეორა ქალმა. - რას გაძლევენ ადამიანები? რას ელოდები მათგან, თანაგრძნობას? პატივისცემას, რომ საკუთარი პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილო? ადამიანი, რომელიც უნდა გადარდებდეს, ეს შენ ხარ. საკუთარ თავს არ უნდა დაშორდე, იქ, გარეთ, ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ შენს თავთან ურთიერთობის დრო არ დაგრჩეს, ათას სისულელეზე იფიქრო, ცრუ პრობლემებზე, ყოველდღიურ წვრილმანებზე, რაც სინამდვილეში უმნიშვნელოა. ჩვენ ვწყდებით რეალობას, როდესაც იქ, გარეთ, ამ ფანტომურ პროცესებს ვიღებთ, როგორც სინამდვილეს. განა ღმერთს სჭირდება შენგან, რომ სამსახურში კარიერა გაიკეთო? ან თვეობით სამსახურში დახარჯული დროის შემდეგ დაგროვილი ფულით მორიგი უსარგებლო ნივთი მიიტანო სახლში, რომელსაც მხოლოდ იმიტომ ყიდულობ, რომ სხვებს დაანახო?
- და რა საჭიროა ამისთვის სახლში გამოკეტვა, გგონია, ვინმე დაგიშლის ისე ცხოვრებას, როგორც შენ გინდა?
ქალს გაეღიმა.
- სადაც უნდა წახვიდე, ეს ქაოსი ყველგან მოგწვდება. თავისი წესებითა და მოვალეობებით. ადამიანთა ენებითა და მზერებით. მორიგ მსხვერპლად იქცევი, რომელსაც ხალხი მორალის სახელით გაასამართლებს და სხვად, უცხოდ შერაცხავს. და შემდეგ ამ უცხოს სახელი უნდა ზიდო. ხანდახან შეიძლება ფიქრიც გაგექცეს და დროც ამაზე ფიქრში. ყველაზე უსაფრთხო ადგილი სწორედ ის არის, რომელიც არ არსებობს. ყველაზე უსაფრთხო ადამიანიც ის, რომელიც აქ არ არის, არამედ სხვაგან. თვალში არავის ხვდება და ძებნასაც არავინ უწყებს, რადგან ჰგონიათ, რომ სადმე სხვაგან მონაწილეობს ამ ფერხულში, რომელიც ადამიანმა საკუთარ თავს დაუწესა. როგორც კი მიხვდებიან, რომ ამ ყველაფერზე უარს ამბობ, მაშინვე ძებნას დაგიწყებენ. მაშინვე სახელებს დაგარქმევენ, საკუთარი ზიზღისა და დაცინვის ობიექტად გაქცევენ. შენ დროის მოპარვას დაიწყებენ,
ლევანი გაოცებული უსმენდა ქალს, რომელიც რაღაც თავისუფლებაზე ლაპარაკობდა, ადგილზე, სადაც ვერავინ დაინახავდა, ვერავინ შეამჩნევდა, სადაც გარესამყარო ვერ შემოაღწევდა, და თან არსად წასვლა არ იყო საჭირო.
- კი, მაგრამ, რითი ცხოვრობ? - იკითხა ლევანმა.
- ორგანიზაცია რომელიც მეხმარება, მაძლევს იმის საშუალებას, რომ სახლიდან გაუსვლელად მივიღო ყველაფერი, რაც მჭირდება. ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემი სახლი მათ დარჩებათ. მაგრამ ღმერთი გეუბნება, რომ შენი ულუფა შენი ოფლით უნდა მოიპოვო, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ, რაც ხელიდან გამომდის, ვქსოვ, ვკერავ, კვირაში ერთხელ მოდის იგორი, მიაქვს ჩემი ხელნაკეთები, აბარებს და ყიდულობს ყველაფერს, რასაც ვაბარებ.
- ეს სიგიჟეა, - თქვა ლევანმა.
- რა თქმა უნდა, ეს სიგიჟეა, ვიღაცისთვის უნდა იყოს კიდეც, ჩემთვის ეს სიმშვიდეა. აი, შენ, რამდენიმე წელიც და გამოგიჩნდებიან შორეული ნათესავები, რომლებიც იკამათებენ, რომელს ეკუთვნის შენი ბინა, გულს აგირევს მათი ანგარებიანი ყურადღება. სადაც წახვალ, ყველგან დაგხვდება თვალები, რომელშიც ამოიკითხავ, „მარტოა და რაში სჭირდება ამდენი რამე.“
- არა, მე ეგ არ მემუქრება,- თქვა ლევანმა და შეეშინდა.
- ხო, რა თქმა უნდა, - გაიღიმა ქალმა.
- არც არავინ მყავს, რომ ვინმესთვის რამის დატოვების გამო ან ფული ვაგროვო, ან რამე ქონება შევიძინო.
- აქ ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება, - ქალმა გადმოაწყო ძველი ალბომები, გადმოიღო გაცრეცილი სათამაშოები, - აი, ეს კი, ეს ის სამყაროა, რომელსაც მე ვქმნი, თქვა და ლევანს ხის პატარა თოჯინებიან მაგიდაზე მიუთითა, სადაც მთელი ქალაქის მაკეტი იყო გაკეთებული. ამას იგორი წაიღებს მომავალ კვირას გასაყიდად.
ლევანი ჩუმად იდგა, გაოცებისაგან არ იცოდა, რა ეთქვა. ალბათ ყველაფერს ელოდა, ამის გარდა.
- და ბევრნი ხართ ეგეთები? - იკიტხა ბოლოს.
- საკმაოდ, შენ ბევრი სახლი იცი ისეთი, რომელშიც არავინ ცხოვრობს? ხანდახან ერთმანეთს წერილებს ვწერთ, მე, მაგალითად ნონას ვწერ წერილებს, ნონა 84 წლის არის, საოცრად ხატავს, მისი ნახატები არაერთ გალერეაშია გამოკიდული, თუმცა, არავინ იცის, რომ ეს ნონას დახატულია. ნონამ იცის, რისთვის ცხოვრობს. შენ არ იცი. ოდესმე გიფიქრია, რას გააკეთებდი, მუშაობა რომ არ დაგჭირვებოდა არსებობისთვის? ჩვენ ისე ვცხოვრობთ, არ ვსვამთ კითხვას, რისი გაკეთება გვინდა, რა გვინდა, ვინ ვართ, ვინ გვინდა რომ ვიყოთ… გარესამყარო სხვადასხვა როლებს გთავაზობს, რომელსაც თავისი ფასი აქვს. მე არავინ მინდა ვიყო იმის გარდა, რაც ისედაც ვარ. საკუთარ სულს ვუფრთხილდები, მე ახლოს ვარ ღმერთთან.
ქალმა კედლისკენ გაიშვირა ხელი, სადაც უამრავი ხატი ეკიდა.
- აი, როდესაც მარტო რჩები ღმერთთან და საკუთარ თავთან, მაშინ ყველაფერი იცვლება…
ახლა ვეღარავინ გახდება შენიანი… ყველა, ვინც შენიანი იყო, აღარაა, ერთადერთი, ვინც მთელი ცხოვრება შენთან იყო, ვისაც ვერ ამჩნევდი, ვინც დაგრჩა - ღმერთია. მასთან უნდა დარჩე, მასთან უნდა განაგრძო ცხოვრება…ეს არის ნათელი, ეს არის ის სიმშვიდე, რაზეც ადამიანებს წარმოდგენაც კი არა აქვთ, რაც იმქვეყნიური ნეტარება ჰგონიათ…
ლევანმა ქალი ხელით უხეშად გაწია და კარიდან გავიდა.
უკვე გათენებულიყო. მიდიოდა სახლში, თავი გატენილი ჰქონდა ათასი აზრით, ხელში ისევ ანთებული ფანარი და დანა ეჭირა, ქუჩაში ფეხით მოსიარულეები გაოცებულ მზერას აყოლებდნენ. ლევანმა უცებ იგრძნო, რომ სხვა იყო, მათგან განსხვავებული.
რამდენიმე კვირის შემდეგ, მდივანი ლევანის კართან იდგა და კარზე ძლიერად აკაკუნებდა. ცოტა ხანში მოპირდაპირე კარი გაიღო და მეზობელმა ვინაობა ჰკითხა.
- მე ბატონი ლევანის მდივანი ვარ, რამდენიმე დღეა, სამსახურში არ გამოჩენილა. ხომ არ იცით რამე?”
- ლევანი საზღვარგარეთ წავიდა, რა ხანია, ამ სახლში უკვე არავინ ცხოვრობს.- თქვა მეზობელმა და კარი დახურა.