ორშაბათიდან ყველაფერი შეიცვლება


ორშაბათიდან ყველაფერი შეიცვლება




 

“..-. ..- -.-. -.- / - .... . / .-.. .. ..-. . “

ავტორი. 2014 წ.

***

 

რამდენიმე ოფლიან ადამიანს შორის გავძვერი და ტუალეტის რიგში ჩავდექი. დერეფანში ორი თუ სამი კარი იყო, მგონი - სამივე ტუალეტის. პირველი, რაც გავიფიქრე, იყო ის, რომ ფეხზე მეკიდა, რომ რიგი იყო, მეორე, რომ ასევე ფეხზე მეკიდა, ვინ იყო ჩემ წინ და ვის უფრო მეტად ეფსმოდა. და აი, მოხდა ის, რაც იშვიათად ხდება ხოლმე მეტროს ბაქანზე - კარი ზუსტად ჩემ წინ გაიღო და იქიდან ორი ადამიანი გამოვიდა, მათ თავებზე ტუალეტის თეთრი განათების შარავანდედები ედგათ და თვალებიდან ალკოჰოლის სუნი ამოსდიოდათ. არ შემიხედავს მათთვის, ვინც გავწირე და ბაქანზე ჩამომდგარ ტუალეტში შევვარდი. კარი ურდულით გადავკეტე და უნიტაზს დავხედე, როგორც ჩანს, პლასტმასის თავსახურის გაკეთება თავიდანვე არ უფიქრიათ, ისე გაათავისუფლეს კაცებიც და ქალებიც ახდა-დახურვის ყოველდღიური ტანჯვისაგან. ქაღალდი ზუსტად ჩემი სამყოფი იყო, ზურგჩანთა არც მომიხსნია, ისე ჩავიხადე და ტრაკი უნიტაზის პარალელურ წრფეებზე გამკვრივებულ ჰაერზე ჩამოვდე. „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“, - გავიფიქრე და კედლებზე წარწერების კითხვა დავიწყე. იმედი მალე გამიცრუვდა, კედელზე დატოვებული წარწერები ბარის დიზაინის ნაწილი იყო და არა უნიტაზის მომხმარებლების ალკოჰოლური სიზმრები. სახეზე წყალი შევიხსი და სარკეში საკუთარ არაფხიზელ თვალებს მივაშტერდი.

 

 

***

 

7:50. მესამე მაღვიძარას ვრთავ. ტანს ძირს მიგდებული მატრასიდან ვაგდებ, ტანის პირსახოცს და ტელეფონს ვიღებ და სააბაზანოში შევდივარ. წყალს ვუშვებ, ტელეფონზე dance playlist-ს ვრთავ და აბაზანაში ვდგები. გუშინდელიდან ყველაფერი კარგად მახსოვს. ვისთან ერთად ვიყავი, რა დავლიე, სახლში რითი დავბრუნდი, როგორ გავიხადე, როდის დავწექი. ისევ არცერთი სისულელე, ისევ არცერთი შეცდომა. 08:30. ჯანდაბა, ისევ ფიქრში გავერთე. ისევ ვაგვიანებ. რას ვიცვამ, ფენი, თმის უთო, შარვალი გასაუთოებელი მაქვს, ისეთს ვიცვამ, რომელიც მოტკეცილია და ჩაცმისას სწორდება. ლინზები. ლინზებს ისევ სარკესთან ვისვამ და იძულებული ვარ, კარგად ჩავიხედო ჩასისხლიანებულ თვალებში, გავასწორო ფოკუსი და შევხედო საკუთარ თავს ისეთს, როგორსაც ის სხვები მხედავენ, რომლებიც ახლომხედველნი არ არიან.

 

 

***

 

ყოველ სამუშაო დღეს გასავლელი გზა ერთი და იგივეა. თუმცა, დღეები ერთმანეთისგან მაინც განსხვავდება. მაგალითად, იმით, ვიბანავე თუ არა წინა ღამეს. თუ ვიბანავე, მაშინ შემიძლია, ერთი საათით მეტი მეძინოს, თუ - არა, მაშინ ერთი საათით ნაკლები  და ამ დღის წინასწარი მოცემულობა არის ის, რომ უბედური ვარ. სახლიდან სულ ნელა გამოვდივარ, არa აქვს მნიშვნელობა, ვაგვიანებ თუ არა, მხოლოდ მას მერე, რაც გზამდე ორი-სამი მეტრია დარჩენილი, გავრბივარ და პირველსავე ტაქსის ვუქნევ ხელს. ტაქსები, როგორც წესი, ოთხი-ხუთი მეტრის იქით ჩერდებიან, ვიდრე მანქანის კარს გამოვაღებდე, კარგად ვხედავ მათი საბურავების მიერ მუხრუჭის დროს დატოვებულ კვალს ასფალტზე. მანქანაში უმეტესწილად ბენზინის სუნია, ესეც იმ შემთხვევაში, თუ მიმართლებს, თუ არა - ფანჯარას ვწევ და თავს სანადიროდ წაყვანილი მწევარი ძაღლივით ვყოფ გარეთ. ვგრძნობ, როგორ მევსება თვალები ნაგვით და ცრემლით. მარშრუტი ორია. ერთმანეთისგან ბევრით არაფრით განსხვავდება - ერთ გზაზე ყოველთვის საცობია, მეორეზე - ყოველთვის მზე. მე ვხუჭავ ხოლმე თვალებს და ვეფიცხები მზეს. მინდა, ვიფიქრო იმაზე, რაზეც მინდა, მაგრამ ძალაუნებურად მეფიქრება იმაზე, თუ რას ფიქრობენ იმ მანქანების მგზავრები, რომლებიც ჩემს ფანჯარაში იყურებიან და ხედავენ, როგორ მაქვს დახუჭული თვალები და როგორ ვეფიცხები მზეს. ამ დროს ფიქრი შეიძლება ყველაფერზე, მაგალითად, იმაზე, თუ როგორ იქნება ყველა კაცი ერთნაირი, თუ ყველა ტაქსის მძღოლი სხვადასხვანაირია და ყველა ტაქსის მძღოლი კაცია?

 

BMW. მარჯვენასაჭიანი. თვითონ ტაქსისტი პატარა ბიჭია.

- რაო, არაო ოთხად?

- ხო, ეცოტავა,  - ვუპასუხე მე.

- რა იყო, ორი თუ სამი შუქნიშანია, რა არ მოეწონა.

- რა ვიცი, ალბათ არ იცოდა ვაკის პარკი სად იყო.

- ვაკის პარკი რანაირად არ იცოდა.

- რა ვიცი, არ იციან ხოლმე ვაკის პარკი, გაგარინის მოედანი, სპორტის სასახლე.

- აბა, რაღას დადიან.

- აბა, მე რა ვიცი.

- მე დავდივარ ხოლმე დილით რვისკენ და ღამე ამ დროისთვის გამოვდივარ.

- საცობებს ერიდები?

- ხო, არ შემიძლია პრობკებში სიარული, ნერვები მეშლება. ხოდა იმ დღეს დილით ადრე გამოვდივარ და მხვდება ტიპი და აეროპორტში წამიყვანეო. ოღონდ ძალიან მეჩქარებაო და ორასი ლარი მომცა ჯარიმებისთვის. ხოდა 50 ისე გადამიხადა. თუ დროზე მიმიყვანო. ხოდა ისე ვიფრინე, კახეთის გზატკეცილზე ორასი არ დამიგდია. ოღონდ იქ ორ-სამ ადგილას კამერებია და თან მანქანაში რადარის ამომცნობი მაქვს. ხოდა, მაგ ადგილებში ვაგდებდი სიჩქარეს.

- მერე, მიასწარით?

- კი, აბა რა, პროსტა მერე იმას თვითონ გული ერეოდა.

- თან მანქანაც გიწყობს ხელს.

- ხოო, ამას ისე ვუვლი, თან 100% ვენდობი.



***

ამინდსა და ჩემს წნევას შორის კორელაციაა. კორელაცია იმიტომ, რომ არ ვარ დარწმუნებული, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირია. თუმცა, შესაძლოა, სულაც ჩემი წნევის დავარდნა იწვევდეს ამინდის მკვეთრ ცვალებადობას, რატომაც არა? სამყაროში ერთადერთი, რისი მტკიცებაც შეიძლება, არის ის, რომ არსებობს წონასწორობა. თუ ჩემი წნევა ნორმაზე დაბალია, ე.ი. წონასწორობა რაიმე გზით უნდა აღდგეს, და იქნება ეს გზა ამინდის ცვლილებაა?

 

***

 

შესვენებაზე გამოვედი. საკვები ობიექტები ბევრი არ არის. უფრო ზუსტად, გემრიელი საჭმლის დიდი არჩევანი არაა, ამას ემატება კიდევ ერთი მოთხოვნა - სისწრაფე და ამის გამო ვდგავარ მაკდონალდსში და ჩემს რიგს ველი. ჩემ წინ დაბალი, შეშინებული გოგოა, ალბათ მისთვის პირველი სამუშაო დღეა, ჩემთვის კი ამ თვეში პირველი სამუშაო დღეა, როცა შესვენებაზე გამოსასვლელად და საჭმელად მოვიცალე. ვუყურებ, როგორ იტანჯება, როგორ ავიწყდება კეტჩუპი, ხურდა, კოვზი, საწრუპი… ვუყურებ და მის ადგილას გიგანტურ ჩიზბურგერს ვხედავ. საბედნიეროდ, მაკდონალდსის სალაროსთან ხმაურია და ჩემი კუჭის ნაწლავურ-ინსტრუმენტალური სოლო არავის ესმის.

_ სალარო თავისუფალია.

_ მეც თავისუფალი ვარ.

_ ბატონო?

_ ორი ჩიზბურგერი, ერთი საშუალო ფრი, ერთი საშუალო კოლა ყინულების გარეშე.

_ კეტჩუპი, მაიონეზი?

_ არა, მადლობა.

_ აქცია გვაქვს (კხამჯ)ურგერის მენიუს თუ იყიდით, საჩუქრად მიიღებთ პატარა ფრის და კოლას.

_ რის მენიუს?

_ (კხამჯ)ურგერის მენიუს.

_ არ მინდა, მადლობა.

_ დარბაზში მიირთმევთ?

_ დიახ.

_ ხურდა ინებეთ.

_ გმადლობთ.

(საუკუნის შემდეგ)

_ გემრიელად მიირთვით და კვლავ გვეწვიეთ.

 

მეორე სართულზე ოთხკაციან მაგიდას ვპოულობ და ვჯდები. საერთოდ არ მაწუხებს სინდისი, არ შემიძლია ახლა ბარის სკამზე ან გახევებულ სკამზე დაჯდომა. მე მინდა სავარძელი, რომელიც მიმიღებს, გამიგებს და დამიყვავებს. 15 წუთში წავალ, 15 წუთი მოიცადონ. პირველ ლუკმას ღმერთის გემო აქვს და უკვე დარბაზის დასათვალიერებლად ვიცლი. ჩემ წინ, ზუსტად იგივენაირ მაგიდასთან, ჩემკენ ზურგით ზის წყვილი. ერთმანეთს აჭმევენ და ყოველი ფრის შეჭმის მერე ერთმანეთს კოცნიან. არ მაწუხებს, უბრალოდ, გასართობი არაფერი არ მაქვს და მაინტერესებს, ფრი როდის გაუთავდებათ. მე არა, მაგრამ მოპირდაპირე მხარეს რომ შუახნის ქალია 4 წლის ბავშვით, იმას ნამდვილად აწუხებს. ვითომ, რამდენადაც ასაჯაროებ შენს ურთიერთობას, იმდენად მეტი ადამიანი თვლის, რომ მასში ჩარევის უფლება აქვს? თუ არ არის ამ ორ მოცემულობას შორის კავშირი?

 


***

_ რა გესიზმრა წუხელ?

_ არ ვიცი, ტელეფონზე მესიჯმა გამაღვიძა და არ მახსოვს.

_ ვინ გწერს დილაადრიან მესიჯებს.

_ ვინ და სილამაზის სალონები და ტექნიკის სახლები. წუხელ საერთოდ საოცრება იყო, მომდის მესიჯი და ასე იწყება: “რას აკეთებ შენი იღლიების სილამაზისთვის? მხოლოდ იპარსავ?”

_ reply არ შეგიძლია მაგ მესიჯებზე, ხო?

_ არა, სამწუხაროდ.

 

***

 

ნეტა ვინმე ებმება ამით? ვდგავარ გზაზე და გზის მეორე მხარეს ბიჭები ჩემი მისამართით სახელებს ყვირიან. უი. აი! გაარტყეს. მეშვიდე ცდაზე. მე მაინც მგონია, რომ რამე ისეთი სახელი უნდა გერქვას, რაც არავის ჰქვია. საერთოდ არავის. ანუ კი,არ უნდა არსებობდეს სახელები, უნდა იქმნებოდეს თითოეული ადამიანისთვის. მაგრამ მერე გვექნებოდა ილუზია, რომ ერთადერთები და განუმეორებლები ვართ და რომ ჩვენნაირი არავინაა. ახლა არ გვაქვს ეგ ილუზია და მეტნაკლებად დაცულები ვართ საკუთარი თავით იმედგაცრუებისგან. საერთოდ არ გვაქვს.


 

***

 

ზარი დავრეკე, კარი გამიღეს. ქურთუკს ვიხდი, ჩანთას ვიხსნი, ხელებს ვიბან და ჩემს ოთახში ვუჩინარდები. ჩემი ოთახი შუამიწეთის შაირია, იმ განსხვავებით, რომ მასში მე ვცხოვრობ. ვიცვლი, კომპიუტერს ვრთავ და ფილმებს ვეძებ, ამ დროს გონების ავტოპილოტი ირთვება და ვერ ვხვდები, საიდან სად აღმოვჩნდი, რომ ვფხიზლდები, რაღაც რუსულ ვიდეოს ვუყურებ და მესმის:

- Думаю, что вам нужно выпить и потрахаться.

- Надо сказать, психотерапевт вы действительно неплохой!

ძალიან ხმამაღლა მეცინება იმის პირობაზე, რომ ოთახში მარტო ვარ. უცებ აქეთ-იქით ვიხედები. ჩემი ოთახიდან ხმა არ გადის. ვიდეოს ყურებას ვაგრძელებ. მერე გაუაზრებლად ვრთავ კომპიუტერს, ვწვები და მეძინება.



 

***

_ მომიყევი რამე.

_ რა, ისტორია?

_ ხო, აი, რამე ისეთი, თბილი. თორე ბოლო დროს კარგი არაფერი მესმის, სამსახური-სახლი, ცუდი სიზმრები, არც მეგობრების ნახვა მშველის, ვილაპარაკებთ, დავიშლებით. ხანდახან უბრალოდ ვზივარ და ვუყურებ ხოლმე. მერე ტექნიკურად ვიპარები, როცა ყველა თვრება.

_ ვიცი, რაც გინდა შენ. შარშან გერმანიაში რომ ვიყავით, მთებში მოინდომეს ბიჭებმა წასვლა, შორს აღარ წავსულვართ, ჩავყარეთ მანქანებში კარვები და მთაში ავედით. დავეცით კარავი ტბის პირას, ღამე ცეცხლი გვენთო, ვსვამდით. დილით გამოვდივარ კარვიდან და თვალთან თითს ვერ მიიტან, ისეთი ნისლია. და უცებ შორიდან მესმის ყვირილი:  "ЁЖИК!!! ЁЁЁЖИИИК!!!"

_  ვიცი ეგ ანეკდოტი, თქვენ არ შეგმთხვევიათ.

_ აბა, ასე უცებ რა მოგიყვე, საუბრის დროს ადვილია და ესე, ჰოპ! და ისტორია გაიხსენე, ეგრე არ ხდება.


 

***

 

მთავარი სურვილია, თორემ ნებისმიერი უაზრობის აღნიშვნა შეიძლება, მაგ. რომ ძუძუზე ხალი გაქვს, ან რომ არ გაქვს. ან არ ვიცი, ათასი რამის. ასე მოვხვდი ხალხმრავალ გარემოში, რომელიც რაღაც ეგეთს აღნიშნავდა. ჩემი სურვილით მივედი, მციოდა, თუმცა, დალევა არც მიფიქრია. დარწმუნებული რომ ვყოფილიყავი, რომ სიმთვრალე ცოტა გამათავისუფლებდა, ალბათ დავლევდი, მაგრამ ვიცოდი, რომ იმდენს არ დავლევდი და  აზრი არ ჰქონდა. ვიდექი, ვუყურებდი და ვუსმენდი ბიჭს, რომელიც მომწონდა და რომელიც იმ მომენტში არსად არ მიდიოდა. სასმელის და სასუსნავის მომარაგების შემდეგაც ყოველ ჯერზე უკან ბრუნდებოდა, მაგრამ მე ზედმეტად ფხიზელი ვიყავი იმისთვის, რომ მგონებოდა, რომ მასაც მოვწონდი.

 

ვფიქრობდი კიდევ იმაზე, თუ რამდენად შთამბეჭდავია, ვიდგე ადამიანთან ძალიან ახლოს, ვფიქრობდე მასზე რაღაცას და მას წარმოდგენა არ ჰქონდეს. ასეთ დროს თავი დევიდ კოპერფილდი მგონია. შემიძლია, ვუყურებდე თვალებში და დავუმალო სპილო. არათუ გავაქრო, არამედ არც კი დავანახო.

სპილო კი არის. მაგრამ კიდევ არის დიდი ტკივილი. მე შეიძლება წინ დაგიდო სპილო და შენ ვერაფრით ვერ დაინახო. იმიტომ, რომ შენ ისევე შეგიძლია არ დაინახო ის, რისი დანახვაც არ გინდა, როგორც მე შემიძლია არ გაჩვენო ის, რისი ჩვენებაც არ მსურს.

 

 

***

 

- რას აკეთებ?

- არც რას, უბრალოდ, არ მძინავს. შენ?

- მეც.

- რატო?

- რავი, აი, ადრე, პატარა რომ ვიყავი, რაღაცნაირად მეამაყებოდა, რომ არ მძინავს, ეტყობა, ღრმა ბავშვობიდან გამომყვა, როცა თავს ძალით ვიფხიზლებდით, რომ დიდებივით ვყოფილიყავით. ახლა რაღაც უაზრო რიტუალს დაემგვანა. აი, ხომ ვიცი, რომ ხვალ 7-ზე ან რვაზე მაინც უნდა ავდგე, რომ დროულად მივიდე სამსახურში. მაინც ესე ვზივარ და ინტერნეტში უაზრო surfing-ით ვარ დაკავებული.

-ეგ უკვე იმდენად ჩვევაშია, რომ ვერ უზამ ვერაფერს, მეც ესე ვარ. თუმცა, სულ არ მეამაყება. უბრალოდ მიხარია ხოლმე, როცა გწერ და აქ ხარ.

-ხო, მეც, თან სულ უფრო და უფრო ცოტა ხალხია ღამე facebook-ზე. მე კიდე, თუ მერხევა, ღამე მერხევა და ამ დროს არავინ არის, რომ ველაპარაკო, მაგრამ ყველაზე ცუდად მაშინ ვხდები, როცა ხდება სასწაული, ღვიძავს ხალხს, მეც ვითომ რაღაცა მაწუხებს, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიწყებ ამაზე საუბარს. მერე გავა ოცი წუთი, ნახევარი საათი და ტკბილი ძილიო, რომ ვკითხულობ მონიტორზე, აი, მანდ ვხვდები, როგორც უნდა დავიწყო ლაპარაკი, მაგრამ გვიანია უკვე.

 

 

***

 

ისევ დამაგვიანდა. უფრო ზუსტად, ჯერ არ დამგვიანებია, მაგრამ ზუსტად 15 წუთში დამაგვიანდება. აზრზე რომ მოვდივარ, კბილებს ისე მწარედ ვიხეხავ, რომ ჯაგრისი სისხლისა და ქაფის ნარევისგან ვარდისფერდება. ვიფურთხები და არამარტო სისხლს ვაფურთხებ და არამარტო ნიჟარაში ვაფურთხებ, ვაფურთხებ ყველა იმ რუტინას, რაც ჩემს ცხოვრებაში გაიჭედა. ორი ფილმია, რომელიც მძულს და ორივე ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ხშირად გადიოდა ერთ დროს რუსთავი2-ზე. ერთი არის “ზაზუნას დღე”. ეს უკანასკნელი ხშირადაც რომ არ გასულიყო, იმდენად ხშირად მეორდება ფილმში ერთი და იგივე, რომ ჭირივით მეჯავრებოდა. ახლა კიდევ მე თვითონ ვარ გაჭედილი ამ შეკრულ წრეში და ვერაფრით ვერ გამოვეტენე. დღეს პარასკევია. ზუსტად ვიცი, საღამოს რას გავაკეთებ.

 


***

 

პატარა რომ ვიყავი, თათბირი რაღაც განსაკუთრებული მეგონა. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ თათბირზე ადამიანები უბრალოდ ისხდნენ და საუბრობდნენ. იმას მითუმეტეს ვერ ვიფიქრებდი, რომ თათბირზე შეიძლებოდა, ვინმე დაემცირებინათ ან დაეტუქსათ. ბავშვობის მერე ბევრ თათბირზე ვყოფილვარ, უკვე იმდენად ბევრზე, რომ ვეღარც ვიხსნებ, რა მეგონა ეს თათბირი. რაღაც იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე აზრების ან ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა? ან დავალებების მიცემა? ან თუნდაც  „შეხვედრა“, ამ ცნებაზეც უფრო მეტ მოლოდინებს ვამყარებდი, ვიდრე უბრალოდ ადამიანების მიერ ერთმანეთის ნახვა და რაღაც საკითხებზე შეთანხმებაა. უკვე დიდი ხანი გავიდა მას მერე, რაც პატარა აღარ ვარ და ახლა ჩემი გამოცდილებიდან რაიმე კატეგორია რომ ავიღო და სია შევადგინო, ყველაზე გრძელი სია ჩემი იმედგაცრუებებისგან გამოვა.

დღევანდელმა თათბირმა და შეხვედრებმა კარგად ჩაიარა. იმაზე უკეთ, ვიდრე მოველოდი, შესრულების ვადებიც შეამცირეს და მარწუხებივით მომიჭირეს, ალბათ იმ მიზნით, რომ ცეცხლშენთებული წყლის მოლეკულასავით ავმოძრავდე. მათთვის ჯერ არ მითქვამს, რომ ჩემთვის ასე უფრო კომფორტულია.

 

***

 

- დღეს ვსვამთ?

- დღეს აუცილებლად.

 

 

***

 

რამდენიმე ოფლიან ადამიანს შორის გავძვერი და ტუალეტის რიგში ჩავდექი. დერეფანში ორი თუ სამი კარი იყო, მგონი - სამივე ტუალეტის. პირველი, რაც გავიფიქრე, იყო ის, რომ ფეხზე მეკიდა, რომ რიგი იყო, მეორე, რომ ასევე ფეხზე მეკიდა, ვინ იყო ჩემ წინ და ვის უფრო მეტად ეფსმოდა. და აი, მოხდა ის, რაც იშვიათად ხდება-ხოლმე მეტროს ბაქანზე - კარი ზუსტად ჩემ წინ გაიღო და იქიდან ორი ადამიანი გამოვიდა, მათ თავებზე ტუალეტის თეთრი განათების შარავანდედები ედგათ და თვალებიდან ალკოჰოლის სუნი ამოსდიოდათ. არ შემიხედავს მათთვის, ვინც გავწირე და ბაქანზე ჩამომდგარ ტუალეტში შევვარდი. კარი ურდულით გადავკეტე და უნიტაზს დავხედე, როგორც ჩანს, პლასტმასის თავსახურის გაკეთება თავიდანვე არ უფიქრიათ, ისე გაათავისუფლეს კაცებიც და ქალებიც ახდა-დახურვის ყოველდღიური ტანჯვისაგან. ქაღალდი ზუსტად ჩემი სამყოფი იყო, ზურგჩანთა არც მომიხსნია, ისე ჩავიხადე და ტრაკი უნიტაზის პარალელურ წრფეებზე გამკვრივებულ ჰაერზე ჩამოვდე. „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“, - გავიფიქრე და კედლებზე წარწერების კითხვა დავიწყე. იმედი მალე გამიცრუვდა, კედელზე დატოვებული წარწერები ბარის დიზაინის ნაწილი იყო და არა უნიტაზის მომხმარებლების ალკოჰოლური სიზმრები. სახეზე წყალი შევიხსი და სარკეში საკუთარ არაფხიზელ თვალებს მივაშტერდი.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE