კარაქის ქალი


კარაქის ქალი




პოეტი, მთარგმნელი და ლიტერატული კრიტიკოსი. დაიბადა 1959 წელს ოსაკაში  და იზრდებოდა ჰიროსიმაში. პირველი პოეტური კრებული „მოცინარი ხოჭო“ 1991 წელს გამოიცა. სულ გამოცემული აქვს 11 პოეტური კრებული. არის არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელი იაპონიაში. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია 20-ზე  მეტ ენაზე. იასუჰირო იოცუმოტო იაპონურად თარგმნის როგორც ისეთ ცნობილ კლასიკურ ავტორებს, როგორებიცაა  ედგარ პო,  დანტე, რილკე, ემილი დიკინსონი, ასევე თანამედროვე და ზოგჯერ ნაკლებად ცნობილ პოეტებს. იოცუმოტო ასევე წერს რომანებს, ესეებს, კრიტიკულ წერილებს თანამედროვე ლიტერატურაზე. 2015 წელს ერთდროულად გამოიცა მისი პირველი რომანი „ყალბი პოეტი“ და ლიტერატურული ესეების კრებული „ძვირფას პოეტებს“.

2006 წლიდან იოცუმოტო არის “Poetry International”-ის გამოცემის იაპონური პოეზიის განყოფილების რედაქტორი. იასუჰირო იოცუმოტო 1986 წლიდან გერმანიაში, მიუნხენში ცხოვრობს.

 

 

            ომოტენაში

 

ერთი მონოქრომული საემიგრაციო ოფიცერი ვარ.
მგონია ყველა უცხოელი დემონია
და ვიცავ ამ კუნძულის უმანკოებას.

 

კოსმოპოლიტური აზროვნების მქონე შინტოისტი მღვდელი ვარ.
სარიტუალო ლოცვას ინგლისურ, ფრანგულ და

გერმანულ ენებზე აღვავლენ, შესაწირსაც უცხოურ ვალუტაში ვიღებ და

ჩემი ოცნებაა მსოფლიო ფუნდამენტალისტებთან სუმოს ორთაბრძოლის
გამართვა ტალახში.

 

გლობალიზმის წინ აღმდგარი ფარული ფოტოგრაფი ვარ.
ამ პლანეტაზე შემორჩენილი საზღვარი მხოლოდ
ქალის ქვედაბოლოს წყვდიადშია შემორჩენილი.

 

დამწყები თვითმკვლელი ვარ.
თუ ამ ცხოვრების ამაოების ბორკილებს თავს დავაღწევ,
რეინკარნირებული „მე“ ახალ ცხოვრებაში ვალსსაც იცეკვებს.

 

მიწისძვრაზე მეოცნებე პროგნოზისტი ვარ.
ის კი აუცილებლად მოვა. და თუ მოვა, უცილობელ
უამრავი სიცოცხლე შეეწირება.
მაშ წავიდეთ იოშინოიაში 1.

 

მონდომებული პროკურორი ვარ.
ვგლოვობ მკვლელობის მსხვერპლს,
თანავუგრძნობ დამნაშავეთა ცხოვრებისეულ გარემოებებს,
შეყვარებული ვარ მოსამართლის მანტიაზე, რომელიც სხვისი სატრფოა.

 

მომენტებში ცეცხლის მალული გამჩაღებელი ვარ.
ალი, რომელიც შეიგრძნობს ცივ ჰაერს, ძლიერ უხდება
ქაღალდითა და ხით ნაშენებ ამ ქვეყანას.
ხანძრის ზარები და მხიარული მაყურებლები
ამ ცხოვრების სიცოცხლის ნიშნებია.

 

ნანომეტრული მოძილა ვარ.
პირიდან საყვარელ გამოსხივებას ვაფრქვევ
და მოლეკულებზე წავბორძიკდები ხოლმე კიდეც.
შენს უჯრედებში ვმძვინვარებ.

 

ნაციონალისტი ვარ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით.
აქ მშვენიერია, აქ მშვენიერია - ასე თუ გავაგრძელებ გამეორებას,
აყროლებულ ტუალეტსაც კი ვარდის სუნი აუვა.

 

კიდევ ერთი იმპერატორი გახლავართ.
წარმოსახვითი სულაც არ ვარ.
რომ ვიყო, განა შევძლებდი პაჩინკოს 2 ბურთების ასე სროლას?!

 

ენისა და მეტყველების სკეპტიკური სპეციალისტი ვარ.
ლოგიკაზე მაღლა ემოციები რომ დგას ამ ქვეყანაში,
სიტყვებს განა რაღა ძალა აქვს?

 

კონსტიტუციის მეცხრე მუხლის 3 მიმართ
პათეტიკურად განწყობილი ადამიანი ვარ.
საბოლოო ჯამში მაინც ერთი ტვიტით, ერთი დაწკაპუნებით
ზედ გადამაწერ ამ მუხლს, ხომ ასეა?

 

ტანდაბალი და ახლომხედველი წინასწარმეტყველი ვარ.
ამიტომაც საკუთარ ხელზე ვკითხულობ მომავალს.
თუმცა, შესაძლოა, სწორედ აქ ამოვიკითხო ყველაფერი ამ ეპოქის შესახებ.

 

იმედგაცრუებაზე მოფიქრალი სკოლის მოსწავლე ვარ.

ოცნების რუკა დახატეთო, დაგვავალა სასაკლაოზე მიმავალი
ძროხის თვალებით მომზირალმა მასწავლებელმა. 

 

კაცის მოკვეთილი თავი ვარ.
თავმდაბლობითა და თავაზიანი სიტყვებით შენიღბული.
ანთებულია თვალები ჩემი.
ასე ვარ მოთავსებული კულტურისა და განათლების სამინისტროს

მთავარ შესასვლელში.

 

მობარბაცე ქალბატონი ვატანაბე 4 ვარ.
იაპონიის ბანკის მმართველის ერთმა დაუდევარმა სიტყვამ
აქციების ფასის სრული ცვლილება და ჩემი გაბანკროტება გამოიწვია.
ახლა 1400 ტრილიონი იენის აქტივები სვავების ხელშია.

 

ერთი მოკრძალებული უსახლკარო ვარ.
სმარტფონებით მოსიარულე ხალხის ულევ ნაკადს ვაკვირდები
და თვალის დახამხამებით თითქოს ტომოგრაფიას ვუკეთებ.

 

სუშის ესთეტიკური მზარეული ვარ.
მონადირებული სიცოცხლეებით საჭმელ ძვირფასეულობას ვამზადებ.
რესტორანში ნამდვილი რენუარის დაკიდება ჩემი ოცნებაა.

 

კოლექტიურ ცნობიერებაში მოხეტიალე მოხუცი ვარ.
ნავიგაციის სისტემით მომდიეთ კვალდაკვალ.
ალბათ ამომავალი სულის სილუეტსაც დაინახავთ!

 

მაღაზიის ღამის მენეჯერი ვარ.
დედამიწაზე უკვე აღარავინ დარჩა.
სანამ ჟურნალების ყდებიდან გოგონები მიყურებენ,
ოდენს 5 ცოტაოდენ სუპს დავუმატებ.

 

სიმართლის მიმდევარი სტალკერი ვარ.
ალბათ უკვე მალე გამოვა ის ქალი მეტროდან
ნაბიჯებით, რომლებშიც ნათლად ჩანს, რომ
მას წარმოდგენაც არ აქვს, თუ რას მალავს საკუთარ თავში.

 

9784014400107 ვარ.
წინა ცხოვრებაშ 9784014400106 ვიყავი.
იმედს ვიტოვებ, მომავალ ცხოვრებაში ანონიმური რწყილი ვიქნები,
თუმცა ვიცი, ალბათ მაინც 9784014401108 გავხდები.

 

ანორექსიით დაავადებული პოეტი ვარ.
დანაყრების ეპოქაში დაბადებულს
ჭამისთანავე მაღებინებს.
რომ ვაფრქვევ, ეს რა არის? სიტყვები თუ ნარწყევი?

 

ორმხრივ სიმეტრიული დალაქი ვარ.
სარკის წინ სამართებლით ხელში ვდგავარ
და შუადღის დადგომის ნიშანს ველი.

 

უამრავი სახე მაქვს,
თუმცა მაინც მარტო ვარ საკუთარ თავთან.
ასე ვდგავარ კარაოკეს ოთახის სარკეებიან კედლებს შორის
და შენს მობრძანებას ველი.

 

 

               მხედველობის ორგანოთა განვითარების შესახებ 

 

ნათქვამია, ასოს წვერით უნდა შეგეძლოს იმის გარჩევა,
ქალის ენაზე მდნარ ნაყინს
ტრუფელიანი მწვანე ჩაის გემო აქვს
თუ სეზონური "კასისის"6, მაგრამ...

 

მზის სათვალეები გვიკეთია და შუადღის მზეზე
ვსაუბრობთ დედამიწისეული სიცოცხლის
პირველადი ფორმების თვალით დანახულ სამყაროზე.

 

ხელის გაშვერით სულ რომ მითითებდი

და მაყურებინებდი დინოზავრის ნარჩენების მსგავს
გემის ჩონჩხზე, რომელიც ნაპირის მოშორებით მოსჩანს

და ჰაერში მოლივლივე ხეზე.

 

როგორი შიშისმომგვრელი უნდა იყოს

მოულოდნელი შუქი სრულ უკუნეთში
და მასში გამოსახული სახეები.
მაგრამ ვაითუ ერთ-ერთი მათგანი შენ გეკუთვნის...

 

მრავალწლიანი პროგრესის შემდეგ
თვალებდახუჭული მარტო ვიხსენებ
იმ დღეს ველოსიპედზე მჯდომარეს
ნარინჯისფერი კაბა რომ გიფრიალებდა.

 

სახელოს ჭრილიდან ვუმზერდი
შენი ბიუსტჰალტერის პრიალა ნაჭერს.
რამდენი რამ იყო დამოკიდებული
იმ ლურჯ ფერზე.

 

 

               მამის პორტრეტი

 

მეხანძრის ტანსაცმელში გამოწყობილები
სხედან მამაკაცები მიწაზე

 

გამჭვარტლულსახეებიანი სხედან

ნახანძრალთან ზურგშექცევით.

 

ნეტავ რაზე ფიქრობენ?

არცერთი მათგანი არ იღებს ხმას.

 

ქალის მომზადებული თბილი სადილიდან და

ფანჯრის რაფაზე დალაგებული ნიჟარებიდან შორსმყოფნი

 

მოდუნებულნი ჩანან

სიბნელით, დაღლილობითა და მარცხით გარემოცულნი.

 

თითქოს საკუთარ სახლს მიაგნოო,

მარჯვნიდან მესამეს მუხლზე ჩაფხუტი ჩამოუდია.

 

ნაწილობრივ გაპარსული სახით

ყმაწვილი უჩუმრად წინასწარმეტყველებს შენზე.

 

 

დედისერთას ხუთხაზიანი ლექსი

 

დედა მოციმციმე სტადიონია.

მამა 65 000 გულშემატკივარი

და მორბენალი მოთამაშეები

...

მე კი ღამის ცაში ატყორცნილი ბურთი.

 

*

მამა მისაღებ ოთახში ტყავის ტახტზე მოთავსებული

ტელევიზორის უზარმაზარი და უთხელესი ეკრანიდან

წინასწარმეტყველებას ისმენს.

დედა კი ბაბუას ფირსაკრავის ჰანგებზე

მელანქოლურ ტანგოს ასრულებს.

 

*

მამას ტვინის სივრცეებში

ავდრიან ღამეში დამწყვდეული ხარივითაა

მიჯაჭვული ბრაზი.

დედას კი სულ ამაოდ სჯერა რომ

სიყვარულია მისი წამალი.

მაგრამ მენდეთ, ის მატადორია.

 

                        *

დედა, ყურეში შემოვიდა

პავლონიას 7 ხის პატარა ნავით,

რომელიც დილის ნისლს მშრალი ყინულივით მოაპობდა.

ის მთელი ცხოვრება გასცემდა იმას,

რასაც მისგან ითხოვდნენ და

მისი პირველი სიყვარული ვარ მე!

 

                        *

ყოველდღე, როდესაც თვალს ვახელ,

ყველაფერი სხვაგვარად გამოიყურება.

დედა ამბობს, ყოველდღიურად ტანს იყრი და იმიტომო.

ქვიშის მტვერი წამოიშალა ჰორიზონტს მიღმა.

დაკარის რალია ნეტა თუ კამეჩების ნახირი?

არა დედა! ცდები! ეს მამების სისხლის კვამლია!

 

                        *

მამა პირველი კლასის არქიტექტორია.

„შენი სტრუქტურული გეგმა ჩემი დაწერილია.

ნუ იღელვებ! სეისმურად მედეგი ხარ!“

ღიმილით მეუბნება ხოლმე.

თუმცა, ჩემი სხეული რყევას განაგრძობს.

აი, ფეხის თითებს შორის მიწაც კი

ლამისაა ამოიფრქვეს!

მეტი საყრდენი დამიმატე!

ეს ხომ შენი მოწოდებაა!

 

                        *

მამის არსის შეუცნობლად ქუჩაში

შუახნის მთვრალ მამაკაცებს თავს ვესხმოდი.

დედის არსის შეუცნობლად

„ვეჩეთავებოდი“ ზრდასრულ ქალებს.

ჰეისეის8 ეპოქის ოიდიპოსები უკან ბრუნდებიან.

მდინარეზე გადებული რკინიგზის

სევდით მოცული ლიანდაგები

გუნდურად მოსთქვამდნენ.

ფენიქსის საიდუმლოს ამოხსნას

მოდი, ვიკიპედიასა და კომპიუტერებს მივანდობ.

 

                        *

ყოველთვის, როდესაც ირმებზე ვნადირობ,

ჩემი უფროსი და მახსენდება,

ამქვეყნიური ცხოვრება რომ არ უნახავს.

ის რომ ყოფილიყო, ერთ ლექსსაც არ დავწერდი,

ერთხელაც არ მომიწევდა გაწითლება.

 

                        *

სამოგზაუროდ მივემგზავრები!

პირველ პირში მამის ნაჩუქარი

ბეისბოლის ბიტით ხელდამშვენებული

და მეორე პირში დედის ნაჩუქარ

ცხენზე ამხედრებული

მივეშურები მაცივრის კარს მიღმა

ცისფერ მესამე პირში.

 

 

ეძღვნება მამაჩემის ხსოვნას

 

„წვიმიანი დღეები მირჩევნია,
გული ვეღარ უძლებს

ნათელ, მზიან დღეებს“

თქვა მან ერთხელ ვამპირივით.

 

სწორედ იმ დროიდან იყო,

უნიტაზზე მჯდომარემ რომ დაიწყო მოშარდვა

ოჯახის წევრებს არაფერს გვეუბნებოდა

და ქაღალდსაც აშრიალებდა

ხმა რომ გადაეფარა.

 

დივანის გადასაფარებლის გამოძენძილ ძაფს

ისე დასცქეროდა როგორც მოხუცი ქალი

წმინდა სამოსელის ბოჭკოებს.

 

როგორც პიანისტი

მხოლოდ თითებს ამოძრავებდა

მოუსვენრად და თან

კალციუმისფსკერიანი ელექტროჩაიდნის

დუღილის ხმას უსმენდა ყურადღებით.

 

კრისტალების წარმოების საზოგადოების

უფროსსაც მისწერა წერილი რომელშიც

სიტყვები „მადლი“ და „სისასტიკე“

ერთმანეთის სინონიმებად გამოიყენა.

 

„სამი წლის ბავშვსაც მოელის ცხოვრების ბოლო წლები“

აღმოხდა ერთ შუადღეს ძილის დროს.

 

დედაჩემისგან განცალკევებით მძინარეს

სადგურის გზაზე მდგარი ერთი უსახური

ელექტროგადამცემი ბოძიც შეუყვარდა.

 

დრო იყო ჩრჩილი შიშის ზარს სცემდა

ახლა კი სულ გაუქრა ეს შეგრძნება და

განათების ქვეშ მათთან ერთად

ცეკვაც კი გაბედა.

 

სავსე ცხოვრებით მცხოვრებმა კაცი

რომელმაც მაილების დაგროვების ბარათზეც 9 კი უარი თქვა

სიცოცხლის ბოლო დღემდე დღიურის ფონტებს ცვლიდა.

 

და ბოლოს ალბათ უმნიშვნელოვანესი

„იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“

სრულად შეეძლო ემღერა!

 

 

ნაკვალევი

 

ჩემში მინდა გათოვდეს

საქათმის სახურავი და

გზები დაფაროს რომელზეც

გამვლელები დაიარებიან

ნაზად მოეფინოს თოვლი

მაღალი კოშკის წვერს

ჩემში მინდა გათოვდეს

დაათოვოს სილამაზესა და სიმახინჯეს

ორივეს ერთნაირი მოხრილი სილუეტი მისცეს

ჩურჩული სიცილი ტირილი

წარმავალი დღეების მელოდიები

მიჩუმდეს ჩემში ყველა.

(თუმცა შეშა გააგრძელებს ტკაცატკუცს...)

მერე მინდა გავიარო

ქალაქის გარეუბნამდე

და ნახევრად გადათეთრებულ

ველზე დავიჩოქო.

თოვლის ქვეშ მიმავალი

წყლის ხმა მინდა მოვისმინო

თუნდაც გავიყინო

და თუ იქ ერთი ფეხის ნაკვალევს

მაინც მივაგნებ -

დაუცველობაში ჩამალულ

ჭეშმარიტების სიმბოლოს -

მინდა ჩემში გათოვდეს

 

 

ღრუბელი აღმართის თავზე

 

-1-

მოთხრობაში აღმართის თავზე ღრუბელი

მორჩილად ცდილობს იყოს

ღრუბლების ნაწილი.

ჩიტისთვის, მოთხრობის  გარეთ რომ დაფრინავს

წვიმაა, დარია თუ

ვარსკვლავებით მოჭედილი ცა,

ღრუბელი ღრუბელზე მეტია.

 

ისტორიების მოყოლით შეპყრობილი ადამიანები

სიტყვების ჟანგიან მოქლონებს ტყორცნიან ირმის ნახტომს,

რომელიც დიდი აფეთქების მერე არც შეცვლილა.

ზღვის სანაპიროზე ქვიშაზე სახეები

იხატება და ირეცხება, კვლავ

იხატება და ირეცხება...

ლექსი, ნიჟარებს რომ აგროვებს

და ქვიშას რომ მიმოფანტავს,

იმ პატარა გოგონას

გარუჯული შიშველი ფეხია.

გოგონა ზოგ ნიჟარას ლურჯი ცისკენ აღმართავს,

სიუჟეტსა და სათაურს კი

არსებითი სახელების ზღვას აყლაპებს,

გაუმაძღარი ზღვა კი მათ

გამჭვირვალე ტალღებად აქცევს.

 

ტალღებში თევზის თვალები

უცქერენ ფრთებს, რომლებიც

ადრე ღრუბელი იყო.

 

 

                        -2-

 

შენ იყავი ფრთების თრთოლვა

როდესაც მე ვიყავი პეპლების სამაგრი ქინძისთავი

 

შენ იყავი თითებს შორის ჩამოღვრილი ქვიშა

როდესაც მე ვიყავი თეთრი ძვალი

 

შენ იყავი კლეებზე მიხეთქებული ტალღების

ტყვეობაში ჩავარდნილი

ცისარტყელის ბრწყინვალება

როდესაც მე ვიყავი საკუთარ თავს

შემოხვეული რიფი

 

შენ ტკბილი ტყუილი იყავი,

მე კი მწარე სიმართლე

 

როდესაც შენ ქსოვდი ათას ერთი ღამის ისტორიებს

და შორს ვარსკვლავებიან ცაში ისროდი

 

მე ვარ ხრეში

თავდაყირა მდგომი მივილტვი

დედამიწის სიღრმისკენ, მაგმისკენ!

 

 

კარაქის ქალი

 

თოვლის ფიფქით მორთული

უნატიფესი ზურგის მქონე

შემობრუნდა ქალი

 

ოდნავ ოფლიანი

თავის დანებებას

ფიქრობსო თითქოს

 

კარაქის ქალთან ურთიერთობები

მალევე უნდა დაასრულო

სანამ სამზარეულოს უკუნეთში

მაცივრის კარია ღია და

ცოლ-შვილს მშვიდად სძინავს

 

ვარსკვლავებიც რომ არ მოჩანს

ისეთი ცხელი ზაფხულის ღამეა

 

„აი სადაცაა დავდნები!

მალე დავდნები“ ჩურჩულებდა ქალი

ვერცხლისფერი შესაფუთი ქაღალდი მოიძრო

და თმის სუნი დააყენა

 

მამაკაცი დაბრაწული პურის ნაჭერი იყო

მის თითოეულ მოძრაობაზე ქალი

ყავისფერი ნაფშხვენებით იფარებოდა

მას კი თითქოს სიმამაცე არ ჰყოფნიდა

თავად ჩამოეფხიკა თავი

 

ნაჩქარევი სიყვარულის შემდეგ

უმებოშის 10 გვერდზე იწვა ქალი

და ფართო, დათოვლილ

ველებზე ოცნებობდა

 

სავსე მთვარის შუქქვეშ

თეფშის მიღმა ყურებდაცქვეტილ მამაკაცს

ესმოდა ოქროს თავთავების ხმა

როგორც ოკეანის ტალღებისა

 

 

  1. იოშინოია (იაპ. 吉野家) - იაპონიაში გავრცელებული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც დაარსდა 1899 წელს ქალაქ ტოკიოში.
  2. პაჩინკო (იაპ.パチンコ ) - სათამაშო აპარატები იაპონიაში. აპარატი მუშაობს პინბოლის მსგავსი პრინციპით და იძლევა თანხის მოგების საშუალებას. იმის გათვალისწინებით, რომ იაპონიაში აზარტული თამაშები და კაზინოები კანონით არის აკრძალული, პაჩინკო ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.
  3. კონსტიტუციის მეცხრე მუხლი - იაპონიის კონსტიტუციის მუხლი, რომლის თანახმადაც იაპონია უარს ამბობს ომზე, როგორც საერთაშორისო დავების მოგვარების საშუალებაზე. ამავე მუხლით იაპონია უარს ამბობს იყოლიოს მუქმივმოქმედი ჯარი.
  4. ვატანაბე (იაპ.渡辺 ) - იაპონიაში მეხუთე ყველაზე გავრცელებული გვარი.
  5. ოდენი (იაპ.おでん) - იაპონიაში გავრცელებული ზამთრის კერძი, რომელიც მზადდება ბოსტნეულისგან და ტრადიციულ იაპონურ ბულიონზე („დაში“).
  6. კასისი (ფრან. Crème De Casis) - ფრანგული მუქი წითელი ფერის ლიქიორი, რომელიც მზადდება შავი მოცხარისგან.
  7. პავლონია - ხის სახეობა, რომელიც გავრცელებულია შორეულ აღმოსავლეთში. ძირითადად ჩინეთში და ლაოსში. დიდი პოპულარობით სარგებლობს იაპონიასა და კორეაში.
  8. ჰეისეი (იაპ. 平成) - პერიოდი, ეპოქა იაპონიაში. ჰეისეის პერიოდი იაპონიაში დაიწყო 1989 წლის 8 იანვარს, მას შემდეგ რაც იმპერატორი აკიჰიტო ავიდა ტახტზე. ყოველი იმპერატორის გარდაცვალების და ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლის შემდეგ ქვეყანაში იწყება ახალი პერიდი, ახალი ეპოქა, რაც ზეგავლენას ახდენს ქვეყნის წელთაღრიცხვის სისტემაზე. იაპონიაში დღეს არის ჰეისეის 28 წელი ანუ 28 წელი მას შემდეგ, რაც იმპერატორი აკიჰიტო ავიდა ტახტზე.
  9. მაილების დაგროვების ბარათი - მსოფლიო ავიაკომპანიების ერთგვარი საბონუსე სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მგზავრს, იქონიოს სპეციალური საწევრო ბარათი, რომელზეც ყოველი ფრენის შემდეგ ირიცხება ქულების გარკვეული რაოდენობა. დაგროვილი ქულები საშუალებას აძლევს კლიენტს, მიიღოს ფასდაკლება მომდევნო ფრენაზე ან პროგრამით გათვალისწინებული სხვა საჩუქარი.
  10. უმებოში (იაპ. 梅干) - იაპონური საჭმლის სახეობა. დამარილებული, დამჟავებული ქლიავი.

 

იაპონურიდან თარგმნა ხათუნა ბარქაიამ

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE