მგლების ხორუმი


მგლების ხორუმი




 

- დეეეე, კიდე ჩაიფსა ამ ვირისთავმა. - ამრეზით დახედა საწოლზე მიგორებულ ჭყვიტინა, ხელებასავსავებულ ფუთას და მაგიდაზე გაწყობილ საუზმეს მიუჯდა.

- რანაირად ლაპარაკობ შენს ძმაზე ამხელა გოგო? - აბუზღუნდა სამზარეულოდან  დედა და ორთქლადენილი ჩაი გამოუტანა. - მაგრამ შენ რას გერჩი, ბოთე მამაშენი მყავს მოსაკლავი, ასე რო გაგატუტუცა.

ამის გაგონებაზე გოგოს თვალებში ეშმაკუნები აუცეკვდნენ.

- ტუტუცები, იცი, ვინ იყვნენ, დე?

- ვინ იყვნენ?

- ვინა და, თურმე, ადრე, ძველ მეფეებს ჰყავდათ ვიღაცეები, ტანი რო მოეფხანათ მათთვის... - ისე ჩაბჟირდა სიცილისგან, კინაღამ ცხელ ჭიქას ჩამოარტყა ცხვირი.

- ნელა, არ დაიფუფქო, შე გადარეულო! - დედასაც სიცილი გაუკრთა ხმაში.

- ჰოდა, დე... - ხალათზე ჩამოეკონწიალა და ქვემოდან შეჰღიმა ლეკვივით. - სანამ ჩაი გაგრილდება, ხომ გახდები ჩემი ტუტუცი, ჰა? - თან სასაცილოდ გაკნაჭული ზურგი მიუშვირა.

- როდის გაიზრდები და დაჭკვიანდები ნეტა... - გრილი ხელები ზურგზე დააწყო დედამ და ნელა, დაგემოვნებით დაუწყო ფხანა.

- მმმმ... - ნასიამოვნები ხმით  წაიკრუტუნა გოგომ. - მამამ თქვა, გოგო-მზეები არ იზრდებიანო.

- ეჰ, გოგო-მზეები კი არა, არც მაგათი მამები იზრდებიან და ჭკვიანდებიან, როგორც ვხედავ. - ახლა დედას გაეღიმა, მერე მზისფერ თმაზე აკოცა და საწოლისკენ წავიდა. - გიოს უნდა მივხედო. სველში წევს ბავშვი. რა დროს ზურგის ფხანებია.

- ...სულ გიო და გიო... მამა მაინც მოვიდეს მალე. - აბუზღუნდა გოგო, ჩაი მოსვა, ფანჯრის შუშას მიაორთქლა და ზედ საჩვენებელი თითით მგელი მიახატა.

 

***

ყველაფერი უორდებოდა თვალებში. უსამდებოდა, უოთხდებოდა. კედელს მიეყრდნო. მუსიკის გიჟურ რიტმს აყოლილი გულისცემის დაწყნარებას შეეცადა. მჭახე შუქებისთვის უნდოდა გაერიდებინა როგორმე თვალი, თორემ კიდევ უფრო უარესად ეხვეოდა თავბრუ და გულიც ერეოდა. საწყალი მზერით მიმოიხედა.

„ჩვენებიდან არ დარჩა ვინმე? აუ, ცუდად ვარ. რას ჰგვანან... მოვკვდები ეხლა. არ უნდა დამელია ამდენი. რას ვეჯიბრებოდი იმხელა სირს.“

ისევ წამოაზიდა. ძლივძლივობით გაიკვლია გზა მგლებად ქცეულ, ერთმანეთში ათქვეფილ რუხ მასაში. ირგვლივ სხეულის სხვადასხვა ნაწილების ქნევით რიტმულად ძიძგიძებდნენ სხვადასხვა ზომის და ასაკის ორფეხზე მდგარი მგლები. გასასვლელს მიაწყდა.

ზორბა მგელმა (დაცვამ) კარი გაუღო თუ არა, გარეთ გამოვარდა.  ოფლისგან გაწებილი თეთრი მაისური ტანზე ეკვროდა, პირი მჟავე ნარწყევით ჰქონდა ამოვსებული. თმაც ოფლიანი და სახეზე მიწებებული. გაყინულ კედელს მოტიტვლებული მხრით მიეყრდნო. სპაზმმა ორად მოკეცა. წელში რომ გაიმართა, იგრძნო, უარესად მოეკიდა სასმელი.

"მეც მგელი ხომ არ ვარ?" - გაუელვა თავში აზრმა და იქვე, შუშაში არეკლილ საკუთარ თავს შეავლო გაორებული მზერა. არა, იქიდან აშკარად გოგო უყურებდა - ჯინსებში, თეთრ, უმკლავებო მაისურში, შიშჩამდგარი თვალებით.

„ქურთუკი!“ - გაახსენდა უცებ თავში განთავსებულ აზუზუნებულ სკას და სიმთვრალის მიუხედავად, სიცივისგან გააკანკალა, - „არა. იქ მგლები არიან... არც მახსოვს, სად მივაგდე.“

ტაქსმა დაბარებულივით წაუჩერა ფეხებთან. ის იყო,  თბილ სალონში შეიკუჭა, ქურთუკში დატოვებული ფული გაახსენდა.

- შენი დედას შევეცი! - წამოსცდა ხმამაღლა.

- ვისი? შენ შიგ ხო არა გაქვს გოგო?! აბა, დროზე გადაეთრიე მანქანიდან!

ახლაღა შეამჩნია, რომ საჭესაც მგელი ეჯდა - ოღონდ ჭაღარა და მოტეხილი. თავზე კუბოკრული კეპით.

- შენი კი არა, ფული დამრჩა შიგნით.

- მაშინ მით უმეტეს, გადაეთრიე! წითელი ჯვარი კი არ მაქვს აქ! - ბებერმა მგელ-მძღოლმა ამრეზით გამოხედა გოგოს და ჩამოწეული ფანჯრიდან ნახველის ამოღებით გულიანად გადაიფურთხა.

- ჰოდა, მაშინ შენი დედასაც შევეცი! - კარი მთელი ძალით მიუჯახუნა და იმის გაგონებაზე, თუ როგორ გადმოვიდა ჭაღარა მგელი მუქარიანი გინებით მანქანიდან, იქვე მდებარე პარკისკენ წავიდა არეული ნაბიჯით. უკნიდან ჯერ ვიღაც ახალგაზრდა მგლების ყმუილნარევი სიცილი მოესმა, მერე მანქანის ბრაზიანი ბღუილი გაიგონა და უფრო უმატა არეულ-დარეულ ტემპს.

„პარკი კი არა, უღრანი ტყეა. ჯანდაბა, აქ რა მინდოდა. ტრასისკენ ვერ წავედი?"

უარესად ააკანკალა. ახლაღა იგრძნო, ცრიდა. ძლივს მიყანყალებდა სველ ხეებს შორის. ბალახიც გალუმპული იყო და  კედებზე ჩაფართხუნებულ ჯინსის ტოტებს უსველებდა. ოფლიან-წვიმიანი მაისური ტანზე ჰქონდა მიკრული. მხრებში აწურული და აძაგძაგებული მიფრატუნობდა.

უცებ უკნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა და ძალაუნებურად შეანელა სვლა. მიხვდა, ბევრნი იყვნენ და უსიამო გრძნობამ მისხალ-მისხალ ჩაუზომა ხერხემალი. უცბად მოფხიზლდა და საკუთარი გულისცემის გარდა ვერაფერი იგრძნო - ვერც წვიმა, ვერც სიცივე.  ერთ მთლიან ნერვად იქცა. ფეთქავდა და ჟღრიალებდა არასწორად დაჭიმული სიმივით. წინ გზის გასაყარი დალანდა, მთვარის შუქზე.

„მარცხნივ წახვალ - მოკვდები. მარჯვნივ წახვალ - მოკვდები. წინ წახვალ - გადარჩები“, - მამის ხმით წაკითხული ზღაპარი გაახსენდა.

წამით შეანელა აბლანდული ნაბიჯი. რატომღაც მარცხნივ გაუყვა. ფეხის ხმაც გაუჩერებლად აედევნა. მოეჩვენა, თითქოს ხრეშზე გაბევრებულ ფეხსაცმელებს ნადირის ქშენა გამოეყო და ლაწირაკი, მთვრალი ბიჭის ხმით ჰკითხა:

- სად მისეირნობ, გოგონი? - და შიშისგან თუ სიცივისგან აწურულ მხარზე ჯერ კიდევ ახალგაზრდა მგლის თათად ჩამოეკიდა.

მექანიკურად აიქნია მხარი და თვალდახუჭულმა მამის ხმის გახსენება სცადა:

„მიდის წითელქუდა უღრან ტყეში და უცებ ბუჩქებიდან მგელი გადმოუხტა...“

- შენ გელაპარაკები გოგო, რას გაშტერდი? - არ მოეშვა უშნოდ აღერღილი უცხო ხმა. ცივ და სლიკინა თევზად ქცეულმა თათმა თავისკენ უხეშად მიატრიალა. თან სველ კუდს მტკივნეულად უტყლაშუნებდა სახეში. დამძიმებული ქუთუთოები გაჭირვებით გაახილა და სამი, ჯინსის ქურთუკებში გამოწყობილი, კბილებდაკრეჭილი და ფირმა-ბოტასებიანი მგელი დაინახა. ბოტასები და კბილები თეთრად ქათქათებდნენ და მთვარეზე მეტად ანათებდნენ ჩაბნელებულ ტყეს.

- ბებიასთან მივდივარ... - მისი სათქმელი თითქოს სხვამ ჩამომარცვლა ჩავარდნილი ხმით. 

- ეს მგონი ვერაა, ე!- ახითხითდა მეორე მგელი და რატომღაც გველის ორკაპი ენა გამოასრიალა დაღებული ხახიდან.  

- მთლად უკეთესი! - ახროტინდა მესამე მგელი და თეთრი კბილები კიდევ უფრო წაეწვეტა.

გოგო მიტრიალდა და გზაჯვარედინისკენ გაიქცა.

„გაიხედა წიქარამ უკან და სავარცხლის გადაგდება უბრძანა ბიჭს...“ ისევ მამის ხმა და გადაშლილი ფურცლის შრიალი მოესმა. თავზე დანანებით გადაისვა თუ არა ხელისგული, ვიღაცის  წელთან შემოხვეულმა თათმა ჰაერში აიტაცა. სხვა თათებიც წამოეშველნენ და გახშირებული ქშენით გადაათრიეს სქელი ხის ძირში. სველ ნეშომპალაზე მიაგდეს და უხეშბეწვიანი, ნადირისსუნიანი ტანებით ზედ დაეზილნენ, ბასრი ბრჭყალებით ტანსაცმელი შემოაფლითეს და დაღებული პირებიდან ციური მანანასავით გადმოცვენილი დორბლებიც უხვად დააფრქვიეს.

- პირველი მე ვარ! - თქვა პირველმა მგელმა და თვალები დააბრიალა.

- კაი, - აწკმუტუნდა მეორე. - ოღონდ დროზე რა, გიო. გასხმაზე ვარ უკვე.

 

***

„ისევ არ მოსულა...“ მოწყენილი სახით გაიხედა ფანჯარაში. „უკვე მეორე კვირაა, არ დადის.“ მძიმედ ამოიხვნეშა და საკლასო დაფას ცალი თვალით გახედა. „თან დღეს საკონტროლო გვაქვს იმ დებილ ქალთან.“ საერთოდ ჩამოყარა ყურები და კინაღამ იმ ლეკვივით წკმუტუნი დაიწყო, მამა რომ ჩუქნიდა და დედამ არ დაატოვებინა - ძაღლი კი არა, ჩვენ ძლივს ვეტევით სახლშიო.

მასწავლებელმა სიის ამოკითხვა დაიწყო.

- ირაკლი კიდევ არ არის? - სათვალის ზემოდან გამოხედა გოგოს.

- არა, მას... - აქ საბოლოოდ მოიშალა და აკანკალებული ნიკაპი უაზროდ გადაფურცლულ წიგნს შეაფარა.

- რა ჭირიანია ეს ბავშვი. არ გამიგია ამდენი ავადმყოფობა! - უკმაყოფილოდ აშრაშუნდა ქალი და დაფაზე საკონტროლოს თემის ფხაჭნას შეუდგა. - დღეს დავწერთ თავისუფალ თემას: "მგელი - ტყის ექიმი."

კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. შემდეგ გაბურძგნული თავი შემოძვრა, ჯერ გოგოსკენ გააცურა ღიმილიანი მზერა, მერე მასწავლებელს მიანათა კრავის თვალები და სასაცილოდ ბოხი ხმით უთხრა:

- ქეთინო მასწ, დამაგვიანდა და შემომიშვებთ?

- ოჰ, ვაჟბატონო, რაღაი შენ გამოჩნდი... შემობრძანდი, რას დაყუდებულხარ კარებში...

- ავად ვიყავი, მასწ.

- მიდი, მიდი. მიუჯექი შენ კნეინას. ისედაც თვალები მოებრიცა კარისკენ ყურებით, და საკონტროლოსთვის მოემზადე.

ბიჭი სკამზე დაჯდა, რვეული გადაშალა და მარცხენა იდაყვით გოგოს გაჩხიკინებულ იდაყვს მიეხუტა ფრთხილად.

- იკუშ, მართლა სად დაიკარგე...

- მართლა ავად ვიყავი, გოგო-მზე... - გაუღიმა ბიჭმა.

- ოო, ნუ დაიწყე ეხლა შენც მამაჩემივით... - თავადაც გაეღიმა გოგოს.

- ხომ გადამაწერინებ?

 

***

- ეგაა! გავაფორმე. - კმაყოფილი ხვნეშით გადაძვრა პირველი მგელი. დარჩენილები ერთმანეთში წაძიძგილავდნენ და თეთრი, ბასრი კბილები გააელვეს გოგოს ცისკენ წაწვეტებული თეთრი ძუძუების ფონად.

- ეხლა მე! - ხმაში ხრინწი შეეპარა მეორეს და გოგოს ფეხებშორის სივრცის დაკავებას შეუდგა.

- შენ რატომ ვითომ?

- ჯერ ერთი, შენზე უფროსი ვარ... მეორეც ანბანშიც ი უფრო წინაა ვიდრე თ.

- მოიცაა, ეგ რანაირად... ა, ბ გ, დ, ე, ვ, ზ, თ, ი...

- თქვენ ხო არ გამოყლევდით? დროზე ქენით ეხლა! - აიღრინა პირველი მგელი.

„ღმერთო მწყალობელო. აბა ცოტათი მოუშვი თოკი, ამ ბრიყვსა და ავყიას ენა რომ დავამოკლებინოო! - ასძახა ცას ნაცარქექიამ, ჩუმად კი შინდის გამხმარი ჩხირი ამოიღო და დევს კისერში დააჭირა."

- მმმ... მიკბინა ამ წაკლამ! მოგკლავ, შენი დედაშევეცი!

ჯერ თბილი ფურთხი დაეცა გათოშილ სახეზე, და მეორე მგელმა სისხლიანი დრუნჩით დაიწყო გოგოს გაფატრვა.

- თან საქმე! თან საქმე რა, იკუშ! - ადგილს ვერ პოულობდა მესამე. პირველი კი ცას შეჰყმუოდა ნასიამოვნები.

 

***

- მა, გოგო-მზეები თუ არ იზრდებიან და ბერდებიან, აბა რა მოსდით? პირდაპირ ბავშვებად კვდებიან?

- არა. ერთ პლანეტას რომ საკმარისად გაათბობენ, მერე სხვა პლანეტაზე მიდიან სიყვარულის დასარიგებლად.

- მეც ეგრე წავალ, ხო?

- მაშ!

- დედა კიდე მეჯაჯღანება, სულ თემიკოს ნუ უსმენ, ამხელა გოგოს ზღაპრების ნუ გჯერაო...

- მოიცა რა, დედამ რა იცის... - გაეცინა მამას.

- დედამ გემრიელი ბლინების გამოცხობა იცის. ჰო, და კიდე ტუტუცივით ზურგის ფხანა. -  გაეცინა გოგოსაც.

***

- ჰა, ეხლა შენ, და მორჩით ბიჭო დროზე. გათენდა!

- ჰო, ჰო, ეხლავე. მაინცდამაინც ჩემ ჯერზე ნუ აგეშლებათ კუჭი!

ის იყო მესამე მგელი ამხედრდა მზეზე, რომ გზაჯვარედინზე ვიღაცის ფეხის ხმა მოისმა.

„მმმმმმმმმმმ!“ - აზმუვლდა გოგო და ნეშომპალაში აზელილი კიდურების აკრეფას შეეცადა.

- გააჩუმეთ, შეჩემა, გააჩუმეთ! - შიში შეეპარა გახრინწულ ხმაში პირველს.

- ჩუმად, შე დედამოტყნულო! - მთელი დაუხარჯავი ენერგიით ყელსა და პირზე დააწვა მესამე.

„მმმმმმმმმმ!“

- მოკეტე-მეთქი, ძუკნა! - მთელი ტანით დააწვა მესამე და უხეში ბეწვით ამოუტენა პირი.

„წვალობს ნაცარქექია, აფხარკალებს ფეხებს, ოხრავს, ქშინავს, მაგრამ კეცს ძვრას ვერ უშვრება... - უკითხავს მამა მშვიდი ხმით."

- ჩუ, ჩუ!.. გაიარა ხო?

- კი, მაგის დედას შევეცი. რა უნდა ამ დროს აქ?

- ამას რა ჭირს, ე! - უცნაურად ახროტინდა პირველი მგელი. 

გოგოს გარშემო დაიწყეს სუნსული და ცისკენ ახელილი თვალების ყნოსვა.

- რა ქენით, თქვე სირებო? - ხმაში ფოლადი გაერია პირველს და ბეწვი კისერთან ავად აეშალა.

- მე რა ვქენი, გიო... თემიკოს ბრალია. მე ფეხებს ვუჭერდი მარტო... - აწკმუტუნდა მეორე და კუდი ამოიძუა.

- მე რა... შენ არ იღრინებოდი, გააჩუმე, გააჩუმეო? - ყბის კანკალით მიუბრუნდა მესამე მგელი პირველს და სისხლიან-დორბლიანი ენა მიწაზე დაუშვა.

 - დავაი, გავქრით აქედან. დროზე, შე ყლეო, დროზე! - პირველმა მგელმა მესამეს კბილი გაჰკრა და ღამის სიბნელეს შეერია. დარჩენილებიც მიჰყვნენ სირბილით.

 

***

- ეს რა არი, დე? - გამოართვა გოგომ დედას ვერცხლისფერი ბაფთით შეკრული კოლოფი.

- გახსენი და ნახავ... - უპასუხა დედამ და პაკეტიდან პროდუქტების ამოლაგებას შეუდგა.

გოგო საწოლ ოთახში გავიდა და ვერცხლისფერ ბაფთას დაქაჩა.

ცოტა ხანში, ოთახიდან გამოსულს უმკლავებო თეთრი მაისური ეცვა. მაისურზე სამი ერთნაირი მგელი იყო ამოქარგული.

- ესენი ვინ არიან, დე? - შეეკითხა გოგო დედას ღიმილით.

- შენ ვინ გინდა, რომ იყვნენ? - გამოხედა ხახვის ფცქვნისგან აცრემლებულმა დედამ გოგოს.

გოგომ მაისურზე დაიხედა და სახე გაუნათდა.

- ერთი მამა...

- მეორე?

- მეორე - ქვეშაფსია გიოა...

- და?

- მესამე... მესამე ირაკლი იყოს... ჩემი კლასელი...

- რომელი უფრო გიყვარს? - შეეკითხა დედა.

- სამივე! - დაუფიქრებლად დაახეთქა გოგომ და სარკისკენ წაკუნტრუშდა.

 

***

წევს ნაფურთხები, სხივებშემოძარცვული და მზეჩამქრალი გოგო ნეშომპალიანი ხის ძირში. თან ცალი, ახალაციმციმებული თვალით ციდან დაჰყურებს პარკში ძუნძულით მიმავალ მგლებს.

- აბა, მგლებო, კბილები დაკრიჭეთ! - ამბობს უცებ დაბოხებული ხმით გოგო-მზე.

„და დაკრიჭეს მგლებმა წაწვეტებული კბილები და შიგნით ჩიჩია ჰქონდათ“, მშვიდი ხმით აგრძელებს მამა..."

ხის გვერდით თეთრი, დაფლეთილი მაისური ქათქათებს სიბნელეში.

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE