ცირა ყურაშვილის სალაპარაკო ენა


ცირა ყურაშვილის სალაპარაკო ენა




ლიტერატურა ჩემი სალაპარაკო ენააო, კი მითხრა, მაგრამ სიტყვასიტყვით რას გულისხმობდა, მხოლოდ მისი მოთხრობების წაკითხვის შემდეგ მივხვდი. მართლა თავისი, განსაკუთრებული  ენა აქვს ცირა ყურაშვილს - მთლად ბოლომდე რომ ვერ ამოიცნობ, სად ურევს და ანაცვლებს თავის გამოგონილ სიტყვებს დიალექტურ სიტყვებში, წინადადებებს კი პლასტელინივით საითაც და როგორც უნდა, ისე ატრიალებს. ცირა სულ სხვა ამბებს ჰყვება - დაშორებულს „დედაქალაქური პროზისგან“ - სხვა გმირებით და სხვა თავგადასავლებით.

....

ინტერნეტში ერთ მოკლე ვიდეოს გადავაწყდი, რომელშიც შენი ბავშვობიდან ერთ ამბავს უყვები შენს ქალიშვილს. მოდი, ეგ ამბავი შევავსოთ: სად დაიბადე, როგორ სახლში, ვის ოჯახში, დედა და მამა ვინ იყვნენ და როგორი იყო ცხოვრება შვიდ დედმამიშვილთან ერთად.

დავიბადე ბაღდათში, მაშინ დაბა მაიაკოვსკი ერქვა, მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმამდე თითქმის ერთი კილომეტრის დაშორებით, ხის უბრალო და კეთილმოუწყობელ სახლში. დედა დიასახლისი, თბილი და შვილებზე თანგადაყოლილი არსება, მამა კი მეტად ნიჭიერი, ცოცხალი გონების  კაცი, წერდა ლექსებს, იყო ადგილობრივი გაზეთის შტატგარეშე კორესპონდენტი, ბაღდათის მხარის ისტორიით, არტეფაქტებით, ტოპონიმიკით დაინტერესებული და ბაღდათის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებელი. მას კიდევ  ბევრნაირი საქმე ეხერხებოდა: ელექტროგაყვანილობა, მშენებლობა, თუმცა, საქმის კეთება ხშირად შემოქმედი ადამიანისთვის ასე დამახასიათებელი არათანმიმდევრულობით და აუცილებლობიდან გამომდინარეზე მეტად, განწყობის მიხედვით უყვარდა. დავიბადე ძველი სტილით 14 მაისს, თამარობას, ჩვენი სახლის სადარბაზო ოთახში, სამხრეთის მხარეს, ხის კედელთან მიდგმულ ძველებურ რკინის საწოლზე.  ექიმმა დედას ურჩია, ჩემთვის თამარი დაერქმიათ და ნახევრადსერიოზულად ჩემი ჩვილი თავის მისთვის დათმობა სთხოვა, რადგან ბებიას ეწყინა ქალის  დაბადება, ის ვაჟს ელოდა. მაგრამ მამისთვის პირიქით იყო, სახელი მეც და შვიდივე შვილს თვითონ შეგვირჩია.  აკვანში პირველად თვალის ახელისთანავე,  რიკულზე ბებიას მიერ ჩამოკიდებულ ძველსა და გაცვეთილ ქარვის მძივს ზემოთ, ჭერში აკრულ ლამფაზე წვიმით დახატული, წაწვეტებულნისკარტიანი კოდალა დავიგულე. აი, ამ კოდალას თვალწინ გაიფრინა ჩემმა ბავშვობამ ჩემს შვიდ დედმამიშვილთან ერთად და რამდენიმე სიზმარში, სანამ საჰაერო ბურთით (ისიც სიზმარში) ცას მივწვდებოდი, სწორედ მის სიახლოვეს ფრენით  ვიჯერე გული.

შენ თვითონ როგორი ბავშვი იყავი, დანარჩენებისგან რა გამოგარჩევდა?

მეოთხე კლასიდან ხშირად ვწერდი, ალბათ, მხოლოდ ეს გამომარჩევდა ჩემს დედმამიშვილთაგან...

აი, დღეს, თვალებს რომ ხუჭავ ხოლმე, რა კადრი ამოტივტივდება ხოლმე ყველაზე მკვეთრად იმ დროიდან?

ჰორიზონტალურად წაწვეტებული სამკუთხედი, რომელშიც ღვთის თვალია ჩახატული და ტაძრის გუმბათიდან იმზირება – აი, ამ ხატში განივთდა ის ჩემი ბავშვობის, სახლის ჭერში დახატული წვიმის კოდალა, რომელიც იმ ნამდვილ ხეკოდა ფრინველს ჰგავს, ნისკარტი რომ ემსხვრევა, ტვინი რომ ემთხვლევა  ხის ზროზე და მაინც აცლის მასში ჩაბუდებულ ჭია-ღუას. გამუდმებით რომ მითვალთვალებს, როგორც ღვთის თვალი, ჩემ მიერ წინგადადგმული ნაბიჯი ახარებს და წაფორხილებაზე წუხს.

რა იყო შენი მაშინდელი მთავარი გასართობი, ან შენი დაკვირვების წყარო? რაც გაგახსენდება: ფერები, სუნები, ადგილები, შეგრძნებები.

სწორედ ამ ყველაფერს ეხება  ჩემი  ნოველათა კრებული ,,ჟამსა თამაშობისასა“, რომელიც სულ ახლახან გამოვიდა, იქ ეს ყველაფერი ერთადაა  თავმოყრილი...

როგორ შეაფასებდი თქვენი ოჯახის თავგადასავალს ერთი სიტყვით?

ეს არის დიდი ოჯახის ისტორია, რომელმაც ხუთი სასულიერო პირი მისცა ქვეყანას, და მე მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ამ ოჯახში დამბადა, ჩემი მშობლების მიერ,  მოსიყვარულე დედმამიშვილთა შორის.

შენი ძმის ამბავი მთელმა საქართველომ იცის - მას მერე ბევრი წელი გავიდა - დღემდე წერენ მასზე და იხსენებენ - შენ როგორი გახსოვს ბერი ანდრია, რომელიც აფხაზეთში დახვრიტეს? უფრო სწორად, მანამდე როგორი იყო, სანამ საერო ცხოვრებას დატოვებდა?

მისი საერო სახელია პაატა, ძალიან მშრომელი და მიზანმიმართული იყო. ზოგჯერ ჰგონიათ, რომ ახალგაზრდა კაცს სასულიერო ცხოვრებისკენ ამა სოფლის ამაოებათა დატოვებასა და ცოდვათაგან გარიდებასთან ერთად ისიც უბიძგებს, რომ საკუთარ ადგილს ვერ პოულობს ცხოვრებაში, საქმიანობა არ გამოუდის... პაატას შემთხვევაში ასე არ იყო, მისი ფიზიკური გარჯა ყოველთვის შედეგიანი და ნაყოფიერი იყო, ის რაღაცნაირი ხელხვავიანობით გამოირჩეოდა... იყო ძალიან სუფთა და თავგანწირული ბუნების ბიჭი, დაჩაგრული ეცოდებოდა, არაერთხელ, მდინარეში დახრჩობასაც გადაარჩინა ბავშვები. მისდევდა სპორტს, იყო სპორტის ოსტატობის კანდიდატი და არაერთი ტურნირის გამარჯვებული ჭიდაობაში. ერთ ტურნირზე  ნაცნობ ყმაწვილს შეაჯიბრეს. მას რომ გული არ გატეხოდა, პაატამ გაამარჯვებინა - ამას შემდეგ ის ყმაწვილი ამბობდა.  პაატა ვარჯიშობდა კარატეშიც, სიყმაწვილიდანვე ცდილობდა დაეთრგუნა შიში... ამიტომ მამა ანდრიას მოწამეობრივი აღსასრული, ყმაწვილი ბიჭის - პაატას ხასიათიდან გამომდინარე, მისი ცხოვრების გზის თანმიმდევრული გაგრძელება აღმოჩნდა.

აფხაზეთმა, ალბათ, თქვენი ცხოვრება, ოჯახის, ამოატრიალა - იმ დროიდან რა გახსენდება ყველაზე მძაფრად?

კი, ყველაფერი შეცვალა... მამა ანდრიას აღსასრული მახსენდება ყველაზე ხშირად. ეს მოთხრობაში - ,,უკან არ მიიხედო“ - მაქვს აღწერილი, რადგან მისი აღსასრული ჩვენი ცხოვრების გზის დასაწყისი აღმოჩნდა. მთელი ჩვენი ოჯახი სულიერ ტალღაზე გადაეწყო, სხვაგვარად ადვილად ვერ შევძლებდით ასეთი მძიმე განსაცდელიდან  მსუბუქად და იმედიანად გამოსვლას.

...

როდის მიხვდი, რომ წერა, წიგნები, ლიტერატურა  იყო, რაც მთელი ცხოვრება არ დაგტოვებდა?

ამას სულ ცოტა ხნის წინ მივხვდი, როცა რომანის წერა დავიწყე.

წერამდე რა იყო? რა ინტერესები? რით გატაცება?

ბავშვობის ამბებზე თუ მეკითხები, მანამდე იყო ფოტოგრაფიით გატაცება. სარდაფში გვქონდა პატარა ლაბორატორია გამართული და მე და მამა იქ ჩვენ მიერ (მამის zork-4-ით, ხოლო ჩემი vilia-avto-თი) გადაღებულ ფოტოსურათებს ვამჟღავნებდით. ვისაც ფოტოების გამჟღავნების ის ძველი პროცესი ახსოვს, მიხვდება, რა იდუმალ და მრავალმხრივ სიმბოლურ საქმესთან გვქონდა კავშირი...

საკერავი მანქანაც ჩემი გატაცება იყო, უამრავი დრო მაქვს დახარჯული მისი სახელურის ტრიალში. ვიკერავდი ყველაფერს, დაწყებული კაბებიდან, ქურთუკებით დამთავრებული, სანამ ქვეყანაში მეორადი ტანსაცმლის შემოტანა არ დაიწყეს. ჩასაცმელში ფულის ტყუილი ფლარტვნა არ მიყვარს. მაქვს ორლარიანი ჟაკეტები, ხოლო განსაკუთრებული აუცილებლობის დროს ჩემი ქალიშვილების გარდერობს მივმართავ.

ტექნიკის გამოყენება საერთოდ მიტაცებს - ელექტრობურღიდან დაწყებული, ბენზოცელით, ხერხით დამთავრებული, მამას ვგავარ...  ერთხელ ბენზოცელის ნაწილიც კი შევცვალე დამოუკიდებლად.

მიყვარს ველოსიპედით სეირნობა და დროდადრო მხრებზე ჩამოწოლილ სიმძიმეს იმით ვიმსუბუქებ.

და წერა როდისღა დაიწყე? გახსოვს ის პირველი ტექსტები? რას წერდი, რა ჟანრის ლიტერატურა იყო და ვის წააკითხე პირველად? რა გითხრეს, როგორ შეგაფასეს?

პირველი ლექსი მეორე თუ მესამე  კლასში დავწერე: საღამო იყო, ქუთაისელი პოეტი ელდარ მიქაძე  მამასთან სტუმრად მოვიდა, კურორტ საირმეში მიდიოდა და გზად შემოგვიარა. მახსოვს, ძალიან პეწიანად იყო ჩაცმული. თუ არ ვცდები, მონღოლური ქუთუთოების ჭრილის მქონე პატარა, კოხტა ქალიც მაშინ ახლდა. ხელში ლიმონათის ბოთლის ოქროსფერ გასახსნელს ათამაშებდა და მერე საჩუქრად დაგვიტოვა. მამამ დამიძახა, რომ სტუმრისთვის ჩემი ლექსი წამეკითხა. მეც წავუკითხე: ,,თაგვი და კატა“ - ,,საიდანღაც წრუწუნა სახლში შემოცუნცულდა, შიშით თვალებს აცეცებს, ეძებს პურის ნამცეცებს, ფისომ თვალი დაადგა, უცებ წვერებცანცარა უცხო სტუმარს ეძგერა, ჭამა როდი აცალა, ოჰ, შე ბრიყვო წრუწუნავ, გეცოცხლა ვერ შეძელი, სხვასთან საზრდოს მძებნელი ვერ იქნება დღეგრძელი“. ელდარმა გადაიხარხარა. ახლა რომ ვკითხულობ, მიკვირს, ასე პატარამ ეს დიდაქტიკური ლექსი მართლა მე დავწერე? მამამ ხომ არ დამიწერა? მაგრამ მამას თავისი გასაჭირი ჰქონდა, ბევრს ეგონა, რომ მას ახალგაზრდობაში ლექსებს ჰერედიას ლექსების ბრწყინვალედ მთარგმნელი, მაშინ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის დირექტორი მიქელ პატარიძე თუ უწერდა...  მერე მეოთხე კლასში დავწერე პატარა ჩანახატი, რადგან საღამოს სარკეეთას მთას თავზე მთვარე ყვითელი ბერეტივით ეხურა, ჩვენს ეზოში კი ტყემლის დიდი ხე  თეთრი ყვავილებით გაპენტილიყო და მისი არაამქვეყნიური სურნელი ჩვენს ღია ფანჯრებში ისე შემოდიოდა, გამოუთქმელი სევდით და ნეტარებით მავსებდა. ეს ჩანახატი მამამ მომიწონა.

რა შეგრძნებაა ეს - როცა წერ? რა მოაქვს და რა მიაქვს?

მიაქვს ძალა, რომლის აღდგენაც მერე სწრაფად შეიძლება, მოაქვს განცდა იმისა, რომ ის შეიძლება, როგორც გამოცდილება, მკითხველს რაიმეში გამოადგეს...

მერე იყავით ერთად ქუთაისის ლიტერატურული ფლანგი - შენ, მანანა ღურჭუმელიძე, გივი, კანტი, მარსიანი, მათ ახსენებ კიდეც შენს მოთხრობაში - რას დაარქმევდი ამ პერიოდს, როგორ შეაფასებდი და რამდენად მნიშვნელოვანი იყო იქაური ლიტერატურული ცხოვრებისათვის?

არა მგონია ამ ძალის ენერგია, რაც მაშინ ქუთაისში ამოიფრქვა, ერთხანს კიდევ განმეორდეს. ამ ჩვენს პერიოდს დაემთხვა მუსიკოს რობი კუხიანიძის ჯგუფის - ,,აუტსაიდერის“ ანდერგრაუნდიც. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ ზოგადად, ჩვენი  ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში.

რა იდეა გამოძრავებდათ მაშინ და რა დარჩა იმდროინდელი იდეალებიდან დღეს?

ეროვნული იდეა გვამოძრავებდა, არავითარი რეგალია არ მიგვიღია და არც მიღებაზე გვიფიქრია. მხარს ვუჭერდით ზვიად გამსახურდიას სწრაფვას ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. მაშინაც, როცა მწერალთა დიდი ნაწილი ზვიადს გადაუდგა, მისი წიგნების - ,,საქართველოს სულიერი მისია“ და ლექსების კრებულის - ,,მთვარის ნიშნობა“ განხილვებს ვაწყობდით. ხალხმრავალ შეკრებებზე სიტყვითაც გამოვდიოდით. უარი ვთქვით მწერალთა კავშირში შესვლაზე და პირველად ქართულ სინამდვილეში დავაფუძნეთ მწერალთა დამოუკიდებელი ასოციაცია ,,ურანი“ - 1991 წელს. გამოვეცით გაზეთის ერთი ნომერი  და ჟურნალი ჟურნალში - ,,ურანი“ - ,,განთიადში“... სწორედ ამ წინააღმდეგობათა გამო  მის რამდენიმე თანამშრომელს რედაქციის დატოვება მოგვიწია. ბოლოს დავიფანტეთ, დაგვრჩა მოგონებები ამ პერიოდისა,  დამოუკიდებლობის იდეა კი ჩვენს არსებას, შემოქმედებას  შეენივთა.

გიფიქრია ხოლმე იმაზე, რატომ წერ? და რა შეგრძნებაა ხოლმე, როცა წერტილს დასვამ და ტექსტს მკითხველთან გაუშვებ?

კი, გაუაზრებლად ხელს არაფერს ვკიდებ. მშვიდი მოლოდინის შეგრძნება მაქვს. რაც მეეჭვება, იმგვარ სიგნალებს მკითხველთან აღარ ვაგზავნი...

აქამდე გამოქვეყნებული შენი წიგნებიდან, ნაწარმოებებიდან განსაკუთრებულად თუ გიყვარს რომელიმე და რატომ? ან პირიქით?

ცოტა 80-იან წლებში გამოცემული პოეტური კრებული - ,,ასფალტის ყვავილები“ მაღიზიანებს -  ირონიულ-პაროდიული ნაკადიდან. დანარჩენს ჩვეულებრივად, მკითხველთან გასაგზავნად ვთვლი.

რა არის ის მთავარი, რაც შენ, როგორც ავტორს გაწერინებს?

ლიტერატურა, ეს  ჩემი სალაპარაკო ენაა, მე ამით ვურთიერთობ ჩემი ხასიათის მსგავს ადამიანებთან, იმის მიუხედავად, ისინი წერენ, თუ მხოლოდ კითხულობენ...

ერთხელ მალხაზ ხარბედიამ ასე დაწერა შენს მოთხრობაზე  -  „საოცარი ნაზავია სხვადასხვა ენების, რაღაცა დიალექტი, რომელიც სხვანაირადაა გამოყენებული. სოფლის გარემო, ქალაქის გარემო, ამ ქალაქის გარემოში ლიტერატურული ცხოვრება, ქუთაისური ანდერგრაუნდის. შელოცვები. ეგ კი არა, მოთხრობაში ქოროც კი შემოდის რაღაც მომენტში. მოკლედ, ეს მრავალფეროვნება, რომელიც შეიძლება მრავალფეროვნებაც კი არაა, არამედ რაღაცა ზღვრული მდგომარეობა. შეიძლება ასე ვთქვათ, რომ შეშლილი მოთხრობაა“ - შენ თავად როგორ დაახასიათებდი ამ გახმაურებულ მოთხრობას?

ამ მოთხრობის დამსახურებაა, რომ ჩემი ცხოვრების  ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ნაწილი სრულიად ამოიშალა  მეხსიერებიდან, რადგან მას წიგნში მიეჩინა ადგილი. ძალიან მენანება მკითხველი ამ მოთხრობის განცდებისთვის, მაგრამ რას ვიზამ...

 „უკან არ მიიხედოს“ მერე ყველაზე რეზონანსული შენი რომელი ნაწარმოები გახდა? ან პირიქით, რომელი უნდა გამხდარიყო შენი აზრით და ყურადღება დააკლდა მკითხველის მხრიდან?

,,მასწავლე, როგორ გავხდე მწერალი“ - ამ ვრცელ მოთხრობას დააკლდა მკითხველის ყურადღება, თუ არ ჩავთვლით მაია ჯალიაშვილის  წერილს. თუმცა სამივე ეს ვრცელი მოთხრობა: ,,უკან არ მიიხედო“ ,,კუჩიელას ქალი“ და ,,მასწავლე როგორ გავხდე მწერალი“ ერთ რკალში მოქცეული ნაწარმოებებია და ერთმანეთში გადასული, დამაკავშირებელი  სურათ-ხატებით სინამდვილეში პატარა რომანს წარმოადგენს.

„ქუთაისური ანდერგრაუნდი“ - ეს ფრაზა ჩამრჩა  - როგორ ახსნიდი, მართლაც არსებობდა ასეთი რამ? და თუ -  კი, რა იყო ეს, რა პერიოდი, რა პროცესი?

ზემოთაც ვთქვი, ეს 90-იანი წლების დასაწყისიდან იყო, სამოქალაქო ომი, ჩაბნელებული ქალაქი, საზოგადოებრივი ურთიერთდაპირისპირება, ეროვნული იდეალებისადმი  ერთგულება ქუთაისელი  პოეტების 80-90-იანელთა თაობისა...  ყოველგვარ ეკონომიურ სახსარს მოკლებულნი, მაინც ვიკრიბებოდით მწერალთა სახლში, აქ ვაწყობდით საღამოებს ლიტერატურისმოყვარულთა მცირე წრისთვის. საერთოდ, ამ დროის ცხოვრება  ნამდვილი მიწისქვეშეთი იყო. თითქოს დროის შეგრძნება დავკარგეთ... და უცნაური სწორედ ის არის, რომ ამ პერიოდს, მის უსახსრობა-უსამსახურობა-აუჩქარებლობას, როგორც მაინც ერთ-ერთ ნათელ პერიოდს, ისე ვიხსენებ.

იმ დღეს გივი ადრეულის დაბადების დღე იყო, გაიხსენე კიდეც ლექსებით - ამ ამბავზე მინდა გთხოვო მოყოლა - ორი პოეტის შეხვედრის ამბავსა და დაშორებაზე - რაც მოგეყოლება და რაც გეთქმევინება. სად შეხვდით ერთმანეთს, სიყვარული როგორ დაიწყო, რა ხდებოდა...

ქუთაისის პედინსტიტუტის წინ შევხვდი პირველად. ვიცნობდი ასე შორიდან, მოიარებით, სამწერლო წრიდან, გაზეთში ერთად იბეჭდებოდა ჩვენი ლექსები. ჯარიდან ახალი ჩამოსული იყო, ლექციებს შორის შუალედში მეგობარმა გოგონამ ჩამჭიდა ხელი და გამაქანა - წამო, უნდა გაგაცნო, მოგეწონება, კარგი პოეტია, საშენო ბიჭიაო... ისე გულუბრყვილო ვიყავი, არც მიფიქრია, მას თუ მოსწონდა და მე მხოლოდ ჩანგალივით გამიყოლა...

იმ დროს მოდაში იყო გოგონების მოტაცება, რამდენჯერმე გადავურჩი არასასურველ საქმროებს და რაკი აღმოვაჩინე განათლებული, კარგი გარეგნობის ადამიანი, თან პოეტი, თან ჩემსავით არაფრის მქონე, რომლის ქონება არ შემზღუდავდა და მის უპირატესობას არ მაგრძნობინებდა (ასე ანგარიშიანად ვფიქრობდი მაშინ), მხოლოდ გარეგნული სიმპათიით დავკმაყოფილდი და ჩვენს ხასიათთა სირთულეს არ დავკვირვებივარ, მალე დავოჯახდით... დანარჩენი, მცირე ნაწილი, მოთხრობაში ჩანს.

ძნელი იყო ორი შემოქმედის თანაცხოვრება? ან ასე გკითხავ - რა სირთულე და სიმარტივე ახლდა ამ ერთად ყოფნას?

 სამი ქალიშვილი მყავს, ერთი დაოჯახებულია, ბედნიერი ვარ, რომ მისი მეუღლე პოეტი არ არის, ვიდეოოპერატორია, მშვიდი, განათლებული და უკეთილშობილესი ადამიანი. იმედი მაქვს არც დანარჩენებს შეეშლებათ არჩევანი...  მგონი, სასურველია, პოეტმა არაპოეტი მოძებნოს, უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი, რადგან ერთნაირი მუხტები ფიზიკის კანონის საწინააღმდეგოდ (თანახმადაც), თუ იზიდებიან, კიდევ უფრო მეტადაც  განიზიდებიან...

როცა გეძებდი, ასეც მოიძებნე ინტერნეტში - ქუთაისელი მწერალიო - რას ნიშნავს შენთვის იქ ყოფნა და  იქ ცხოვრება, გიფიქრია დიდ ქალაქში გადმოსახლებაზე?

არა, თბილისში გადმოსახლებაზე არასდროს მიფიქრია, მიჭირს ამ დიდ ქალაქში გაჩერება, მთრგუნავს მისი ხმაური, გამონაბოლქვი, ეგ კი არა, უკვე ქუთაისშიც ვეღარ ვჩერდები, ისიც ნელ-ნელა კარგავს სიმყუდროვეს. სართულნახევრიანი ქუთაისი ბოლოდროინდელი მახინჯი, ცისკენ მიბჯენილი შენობებით  მეგაპოლისს ემსგავსება.

ერთხელ თქვი, მე რომ დავწერ, ის ჩემი აღარ არის, მკითხველისააო - მკითხველზე წერის დროსაც გეფიქრება?

მკითხველი ჩემი წერის პროცესის ერთგვარი იდუმალი თანამონაწილეა, მისთვის ვწერ, მინდა, მისთვის მკაფიოდ გასაგები იყოს ჩემი განცდები, რათა შემდეგ მას დავუთმო და მეტი აღარაფერი მაკავშირებდეს ამ ნაწარმოებთან. შემდეგ განცდების ახალ-ახალ გამოხატულობათაკენ მიმიწევს გული. ამიტომ გარდასულ ტექსტებს მხოლოდ იძულებით ვკითხულობ.

არ უნდა იზომებოდეს ნაწარმოები, უნდა იწონებოდესო - ესეც შენი სიტყვებია, რაღაცამ გათქმევინა, ალბათ, მიზეზი იქნებოდა - როგორ გგონია, ეს დიდი პრობლემაა საქართველოში?

გონებრივი შრომა უმძიმესი შრომაა, ის ფიზიკურ შრომაზე, ვთქვათ თოხის ქნევაზე არანაკლებ მძიმეა და ამ შრომას სათანადო დაფასება სჭირდება. ვერასდროს იხეირებს  სახელმწიფო, თუკი მწერალს გაემიჯნა და მას სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევს... რადგან სწორედ მწერალი ინახავს ეპოქის სუნთქვას და კონტურებს, ის აწესებს მეხსიერების საზღვრებს, მას შეაქვს მოკრძალებული წვლილი ქვეყნის მომავლის ჩამოყალიბებაში. ნაწარმოები კი, ჰონორარის განსასაზღვრად, სტრიქონ-სტრიქონ მართლა არ უნდა იზომებოდეს  (ისიც სადაა),  უნდა იწონებოდეს სიღრმისა და გამომსახველობითი საშუალებების პინაზე...

სამსახურიდან შენი გათავისუფლების გახმაურებული ამბავიც გავიხსენე - და კითხვაც ასეთი მაქვს, როგორ გგონია, პოეტი, ავტორი, ზოგადად რა დოზით უნდა იყოს „მოქალაქე“? ვგულისხმობ, რამდენად აქტიურად უნდა იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული  და თუნდაც ბარიკადებზე იდგეს?

ჟან-პოლ სარტრი  თავის პროგრამულ განცხადებაში, სადაც საუბარია მწერლურ პასუხისმგებლობაზე, ბურჟუას ადარებს იმ მწერალს, რომელიც ემიჯნება სოციალურ მანქანას, რათა შეინარჩუნოს პირადი კომფორტი. სარტრის აზრით, მწერალს, როგორც ამავე დროს მოქალაქეს, ჩამორთმეული აქვს ეპოქიდან გაქცევის უფლება, რადგან ის ეპოქისთვის არის შექმნილი, ეპოქა კი მწერლისთვის. თუკი მწერალი არ ცხოვრობს, როგორც მოქალაქე, და გაურბის ამ პასუხისმგებლობას, ეს ნიშნავს, რომ მან რაღაც ძალიან კარგი შანსი, მისი ჰუმანისტური, მწერლური სახის სრულყოფილებისა, სამუდამოდ გაუშვა ხელიდან... მაგრამ ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს მწერლური პასუხისმგებლობის ღრმა გაშინაგანება და  ამ თემით პოპულიზმი.

წერის გარდა რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს დღეს და მეტ სიამოვნებას განიჭებს?

წერა-კითხვის გარდა სოფელი, მიწის, ნარგავების  მოვლა-პატრონობა მანიჭებს დიდ სიამოვნებას. ნარგავებს ძირებს რომ გავუსუფთავებ, წავალ, მალევე ვბრუნდები, ვუცქერ და ვტკბები...  ან ცოტა ხნის წინ დათესილი მცენარის აღმოცენებას შევესწრები,  და როგორც ღვთის გამოცხადება, ისე მიკვირს და მიხარია.

შენი ცხოვრების მთავარი თავგადასავალი რა არისო, რომ გკითხონ, რას მოუთხრობდი?

მკითხველს უკვე მოვუყევი ამის შესახებ ჩემი მოთხრობების წიგნით: ,,ხიზნები კომანის მონასტერთან“. მალე იმ რომანითაც მოვუთხრობ, რომელსაც პირობითად ,,სამოთხის ღამე“ დავარქვი.

როგორ ფიქრობ, რა აკლია დღეს ქართულ მწერლობას, ან რა აქვს გამორჩეული, რის გამოც ის უნდა იკითხონ და არა მხოლოდ საქართველოში?

ძალიან რთული შეკითხვაა, ჩვენი ლიტერატურის საფუძვლიან, ძირეულ მოჩხრეკას საჭიროებს. თუნდაც ის, რომ ჩვენი ლიტერატურა იმ დიდი და  მრავალფეროვანი ლიტერატურის ნაწილია, რასაც მსოფლიო კლასიკა ჰქვია, უკვე საგულისხმო ამბავია. თუმცა საინტერესოა, ცნობილ დასავლელ მოაზროვნეთა შეხედულებებიდან,  რასაც ისინი დასავლური ხელოვნების კრიზისზე გამოთქვამენ და რაც, რა თქმა უნდა, ამ ხელოვნების უეჭველ მოსპობას კი არა, ახალი გრძნობადი შინაარსისა და ფორმების დამკვიდრებას გულისხმობს, რა დოზით ეხება ეს  ჩვენს ლიტერატურას. ისე, თუ ვინმეს ამ თემაზე ჩემი სიმპათია დააინტერესებს, ვეტყვი, რომ ხელოვნების, კერძოდ ლიტერატურის სამი გავრცელებული შინაარსიდან, ორ - უკიდურესად   ირაციონალურსა და გრძნობად ლიტერატურათა შორის გარდამავალ, იდეალისტურ ლიტერატურას ვირჩევ, მხოლოდ გრძნობადი ლიტერატურა ჩემთვის საკმარისი არ არის.

დღევანდელობა როგორია შენი - თენდება... და მერე რა ხდება?

თენდება და დაღამებამდე  საქმიდან საქმეზე, ხშირად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულზე - გადავდივარ. ვეცნობი ახალ-ახალ ,,პროფესიებს“,  თუმც ,,პროფესიები“ ხმამაღალი ნათქვამია, უბრალოდ - ყოფისთვის აუცილებელ საქმიანობებს. ეს კი, ცნობილია, როგორც გადახალისების საუკეთესო საშუალება. თანაც, ჩემთვის  ბუნებრივი მოთხოვნილებაა და არა თვითმიზანი. ქალის, კაცის, გონებრივი, ფიზიკური საქმის მონაცვლეობა მოწყენისთვის დროს არ მიტოვებს.  დეპრესია სამუდამოდ ამოიძირკვა ჩემი ცხოვრებიდან, ძირითადად ერთნაირ ხასიათზე ვარ, არც განსაკუთრებით ვწუხვარ, არც გაგიჟებით მიხარია.

შენ თუ გყავს ისეთი მწერალი, რომელსაც უცვლელი ადგილი უჭირავს და სულ ახლოსაა?

 აწგარდაცვლილი მწერალი რეზო ჭეიშვილი. ვმუშაობდი მისი მთავარრედაქტორობის პერიოდში, ჩვეულებრივი ალმანახიდან მის მიერ პოპულარულ ჟურნალად ქცეულ ,,განთიადში“. ვმეგობრობდით უფროს-უმცროსობის კვალობაზე, თუმცა, ბევრ რაიმეზე (პოლიტიკა, ლიტერატურა) სრულიად განსხვავებული აზრი და წარმოდგენა გვქონდა. რამდენჯერმე სხვადასხვა ჟურნალში, ინტერნეტგამოცემაში დავწერე მასზე, ჩემს ნაწარმოებებშიც ჩანს მისი იდუმალი, ფანტომური წერის მანერით მოგვრილი აღფრთოვანება, კიდევ არაერთხელ დავწერ მასზე...

რა არის შენთვის კარგი ლიტერატურა და რა პირიქით - როგორ ანსხვავებ ხოლმე?

მიყვარს მეტატექსტები, როცა ნაწარმოებს ქვედინებად მიჰყვება ის, რასაც მხოლოდ შეიგრძნობ და სიტყვით ვერ მოიხელთებ, რაც ქმნის ტექსტის მაგიურ ქსოვილს. განსაკუთრებით  ბიბლიური  ტექსტების საფუძველზე დამყარებული ნაწარმოებები მიზიდავს. ვთქვათ - ჯონ მაქსველ კუტზეეს ,,იესოს ბავშვობა“ - რომლის საფუძველს, ყოფითი შენობის საძირკველს  სახარებისეული იდუმალი შრეები ქმნიან. სიამოვნებით დავწერდი მასზე სიღრმისეულად,  დრო რომ მქონდეს, ან ვინმე წესიერ ანაზღაურებას მპირდებოდეს.

შენ რას ჰკითხავდი ცირა ყურაშვილს და რას გიპასუხებდა იგი?

ჩემს მოთხრობაში - ,,მასწავლე, როგორ გავხდე მწერალი“, დასასრულის აბზაცი ზუსტად გამოხატავს, რას ვკითხავდი ჩემს შინაგან ,,მე“-ს და რას უპასუხებდა ის: ,,ვიჯექი და ვქსოვდი იმ ბაღში, რომელშიც ჩემი გულის სახლი იყო ჩადგმული, ვქსოვდი ჩემს სამოსელს, ველოდი კაკუნს და როცა ფერები შემომაკლდებოდა, ვდგებოდი, ხახვის ნაფცქვენებში ვხარშავდი ძაფებს, ატმის ფოთლებშიც ვხარშავდი, კოწახურის ტოტებშიც ვხარშავდი, რომ პირველ ფერებს დავახლოებოდი. დროდადრო სიტყვებითაც ვქსოვდი, რათა დიდი მონატრების ჟამს, როცა თავადი მკითხავდა: ,,და რაია არსებაი შენი?“, მე ამეღო და გამეწოდებინა ეს ფურცლები“.

რამე ისეთი თემა თუ არის, რაზეც როგორც მწერალს, სულ გინდა ხმამაღლა ილაპარაკო?

ნუ გაყიდით მიწას!

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE