სამოთხეში


სამოთხეში




სამოთხეში

 

მოგონებები მძიმე ტვირთად მაწვანან მხრებზე.

მე სამოთხეშიც დავრჩები ამ ცრემლის ამარა.

იმ ძველ სიტყვებს კი, რომ მოხდეს და ჩვენ ისევ შევხვდეთ,

მე არ დავმალავ.

 

იქ, სადაც ლაღად დარონინებს ანგელოზთ წყება;

იქ, სადაც ქნარი, ბავშვთა ქორო და გვირილები

არიან ნეტარ სიმშვიდეში, მე მოუსვენრად

მზერას შენსას ჩავაფრინდები.

 

სამოთხის ხილვებს მივაცილებ ჩუმი სიცილით.

მე - უმანკო და უკარება ქალწულთ შორისაც -

ისევ ვიმღერებ - უცნაური და მიწიერი -

ამა სოფლისას.

 

მოგონებები მძიმე ტვირთად მაწვანან მხრებზე.

დადგება წამი, არ დავმალავ თვალებს ცრემლიანს.

არც აქ და არც იქ - ჩვენ აღარსად არ უნდა შევხვდეთ

და სამოთხეშიც  ჩვენ შეხვედრა არ გვიწერია.

 

 

***

კურთხეულ იყოს ყოველდღიური გარჯა.

კურთხეულ იყოს ყოველღამისა –  ძილი.

ღვთის მოწყალება – უფალი ღმერთის მსჯავრთან,

კანონი ქველი – კანონი ქვისებრ ქმნილი.

 

და ჩემი კვერთხი – აწ სხივჩამქრალი – მტვრისგან,

სამოსი ჩემი – გამცვდარი ძოწეული.

და კიდევ, ღმერთო, კურთხეულ იყოს სითბო

სხვის ოჯახში და სხვისი ღუმელის პური.

 

 

***

იქმენინ დღე!  და - დღე ფერმკრთალი და ნისლიანი

უსულო წყალზე დაეფინა, როგორც სუდარა.

მიმოავლო რა მზერა ტკივილ-ღიმილიანი,

- იქმენინ ღამე! - თქვა სხვამ, უცხო ხმით მოუბარმა.

 

და მიიბრუნა მან თვალები ფიქრით აღსავსე,

და გააგრძელა გზა თავისი ღრუბელთა მიღმა.

ეს  შ ე ნ  გიმღერი, ვინც ღამეებს დასდე სათავე,

ჩემს ღამეებს და ჩემს არსებას რომ უთხარ: იყავ!

 

 

***

მე - ვარ. შენ - მოხვალ. ჩვენ ორს შორის არის უფსკრული.

მე ვსვამ. შენ გწყურის. ამაოა თქმა და ხსენება.

ჩვენ ათი წელი და ჩვენ ასი ათასწლეული

გვაშორებს ერთურთს, რადგან უფალს ასე ენება.

 

იყავ! - ანდერძი არის ჩემი. მე უნდა აგცდე,

რომ დაბრკოლებად არ დაგიხვდე, მოხვალ  როდესაც.

მე - ვარ. შენ - მოხვალ და ათეულ გაზაფხულს შემდეგ

შენ იტყვი: - ვარ! - მე კი ჩუმად ვიტყვი: - ოდესღაც...

 

 

 ***

რაც სხვებს არ სჭირდებათ – მომეცით, მოიტათ!

დაე, ყოველივე ჩემს ცეცხლში დაიწვას!

სიცოცხლეს ვიზიდავ, სიკვდილსაც ვიზიდავ

და ვრაცხ ამ ყველაფერს ცეცხლისთვის მიძღვნილად.

 

ალს უყვარს ასეთი მსუბუქი ნივთები:

ძველი წლის ჩინჩხვარი – გვირგვინნი – სიტყვები.

ალი წერს ამგვარი მასალით – საკვებით!

გჯეროდეთ – ფერფლიდან თქვენ წმინდა აღსდგებით!

 

ვარ ჩიტი-ფენიქსი – გიზგიზში ვმღერივარ!

და ხელი შემიწყეთ – ზეცისკენ ფრენისას!

ვიწვები ზესწრაფვით – და ვიწვი ძირამდე!

დაე, თქვენს ღამეებს თან ახლდეთ სინათლე!

 

ყინულის კოცონს თუ ცეცხლოვან შადრევანს!

მე ლაღად ვატარებ ჩემს ლამაზ საროს ტანს,

მე ლაღად ვატარებ ჩემს ლამაზ საროს ტანს –

თანამზრახველნო და მემკვიდრეებო!

                                     

 

დონ-ჟუანი (5)

 

                      ***

დიახ, ჰქონდაო დონ-ჟუანს - დაშნა,

დიახ, ჰყავდაო დონ-ჟუანს - დონნა ანნა.

აი ის, რასაც ამბობდა ხალხი

მშვენიერსა და უიღბლო დონ-ჟუანზე.

 

მაგრამ მე მაინც მძლია გუმანმა:

შუაღამისას გამოვედი შავბნელ შარაზე.

ვიღაც მომდევდა ფეხდაფეხ გზაზე -

მომყვებოდა და მეძახდა თანაც.

 

და უცხო შუქი ახლდა მისას სამოსს და არგანს...

- არა ჰყოლია დონ-ჟუანს - დონნა ანნა!

 

 

***

ჩემს მხარზე, მარჯვენაზე

დასკუპდა მტრედი - დილა.

ჩემს მხარზე, მარცხენაზე

დასკუპდა ჭოტი - ღამე.

 

დავალ ვით მეფე ყაზანისა,

რიღასი გეშინოდეს, გულო? -

შერიგებულან მტრები ოდინდელნი,

რომ მე მიდარაჯონ  - ერთად!

 

 

               ***

შენს თავს წავართმევ ძალით ყველა მიწას და ზეცას,

რადგანაც ტყეა ჩემი აკვანიც და სამარეც,

რადგანაც მხოლოდ ცალი ფეხით ვეყრდნობი მიწას,

რადგან გიმღერი ისე, როგორც ამ ქვეყნად არვინ.

 

შენს თავს წავართმევ ძალით ყველა დროთა და ღამეთ,

ყველა ოქროსფერ დროშას, ალესილ მახვილს ყველას,

მე ჩამოვგლეჯავ კლიტეს და შორს დავიფრენ ძაღლებს,

რადგან ცივ ღამეებში ძაღლზე ერთგული მე ვარ.

 

შენს თავს წავართმევ ძალით ყველა სხვასა და იმ ერთს,

შენ არ იქნები სიძე, მე სხვისი ცოლი - არა!

მე გამოვტაცებ შენს თავს - ჩუმად! - ვით ბოლო იმედს

მას, ვისთან პირისპირაც იაკობი თუ მდგარა.

 

მაგრამ ვიდრე მე მკერდზე შემოგაჭდობდე თითებს,

ვაი, რომ შენად რჩები და ხარ ყოვლისა გარე.

შენი წყვილი ფრთა ესწრაფვის მხოლოდ ცისას

სამყარო არის შენი აკვანიც და სამარეც!

 

 

***

ჩემს ლექსებს, ნაწერს ასე ადრიან,

როცა თავს პოეტს ვერც კი ვარქმევდი,

მომწყდართ ვით წვეთებს შადრევანიდან

და მაშხალიდან გაყრილ ნაპერწკლებს.

 

ალქაჯებივით შემოცვივნილებს

საყდრად - სურნელში საკმეველისა;

ლექსებს ყრმობაზე, ლექსებს სიკვდილზე,

ლექსებს, წაკითხვა რომ არ ეღირსათ!

 

ლექსებს, დახლთ მტვერში რომ მარტვილობენ

და ძველდებიან იქ ხელუხლებლად;

ჩემს ლექსებს, როგორც ძვირფას ღვინოებს,

დრო დაუდგებათ!

 

 

***

მე მომწონს ის, რომ სნეული ხართ თქვენ არა ჩემით,

მე მომწონს ის, რომ სნეული ვარ არა თქვენ გამო,

რომ დედამიწის მძიმე ბურთი ჩვენს ფეხთა ქვევით

არ იძვრის არსად და გამოცლას არასდროს ლამობს.

მე მომწონს, რომ ვარ ამნაირი თავაშვებული,

სასაცილო და არცა ვცდილობ სიტყვებით თამაშს;

რომ არ ვკრთები და არ ვწითლდები სუნთქვაშეკრული

სახელოებით ერთმანეთთან შეხებისაგან.

 

მე მომწონს ისიც, ჩვეულებრივ, ჩემს სიახლოვეს

სხვას რომ ეხვევით თქვენ ასეთი თავდაჯერებით

და არ მაგზავნით ჯოჯოხეთის ალმურში ხოლმე,

იმის გამო რომ არ გკოცნით და არ გეფერებით.

რომ ჩემს სახელსაც, ჩემო კარგო, ნატიფს და ფაქიზს

თქვენ არ ახსენებთ არც დღისით და არც ღამით - სულ არ...

რომ ეკლესიის სიჩუმეში თავდახრილთათვის -

ჩვენთვის - არასდროს გაიჟღერებს: ალილუია!

 

მადლობა თქვენს გულს და თქვენს ხელებს, მადლობა თქვენდა

იმისთვის, რომ მე - თქვენ თვითონ რომ არ იცით, ისე -

გიყვარვართ! გმადლობთ სიმშვიდისთვის ჩემთა ღამეთა,

ასე იშვიათ შეხვედრისთვის საღამოსპირზე;

იმისთვის რომ არ დავსეირნობთ მთვარიან გზებით,

მზისთვის, რომელიც არ დაგვნათის ჩვენ თავზე ამოდ.

იმისთვის, რომ თქვენ სნეული ხართ - ო! - არა ჩემით,

იმისთვის, რომ მე სნეული ვარ არა თქვენ გამო.

 

 

***           

მზე ერთია და - დააბიჯებს ყველა ქალაქში.

მზე ჩემია და - არ დავუთმობ მე მზეს არავის.

 

არცერთი წუთით და არცერთ სხივს - არც ვის - არასდროს.

დე, ქალაქები უსასრულო ღამემ დამარხოს.

ხელში ავიყვან!  რომ ვერ შეძლოს წრეზე ტრიალი,

დამწვას ხელები, ბაგეები, გული - ტიალი.

და მარადიულ ღამეში თუ წავა - წავყვები...

ჩემი ხარ, მზეო, ჩემო მზეო - სულ და სავსებით.

 

 

***

მე ვიცი სიმართლე! - ყველა სხვა სიმართლე - შორს!

ადამიანები ერთურთთან ბრძოლაში არ უნდა ჩავერთოთ.

შეხედეთ: საღამო სულ მალე ღამესა შობს.

რას იტყვით - პოეტებო, მიჯნურნო და მხედართმთავრებო?

 

უკვე ქარია ირგვლივ, მიწას კი ნამი ჰფარავს,

ქარბუქი ცას აყრის გაყინულ ვარსკვლავებს.

და ჩვენ, ყველანი, მიწაში მივიძინებთ ჩქარა,

მიწაზე ძილი ვინც ერთმანეთს არ ვაცალეთ.

 

 

რუსულიდან თარგმნა თემურ ჩხეტიანმა

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE