ინსტრუქცია ცოცხლად დარჩენილთათვის


ინსტრუქცია ცოცხლად დარჩენილთათვის




ადამიანში,
როგორც წყალში უნდა შეხვიდე.
ოღონდ მუხლამდე.
ოღონდ უსაფრთხოდ.
მერე იდგე და მშვიდად ელოდო:
თუ დაგიშრება.
თუ გულამდე უცებ მოგწვდება.
ადამიანში,
როგორც წყალში უნდა გაჩერდე.
ოღონდ ნაპირთან.
ოღონდ მოთმენით -
მეტად ნაბიჯი არ გადადგა.
მეტის ცდუნებამ აღარ გძლიოს.
თუ იგრძნობს,
როგორ გაყრის ხორკლი გაყინულ კანზე -
ადიდდება და თავად დაგფარავს.
შენ მხოლოდ მასში ოდნავ შეტოპე -
დახრჩობა მერე თავად მოგძებნის.

 

როგორიც მიწიდან ამოდის,
ცხოვრება ისეთი უნდა დალიო -
შაქრისა და თაფლიანი კვერების გარეშე,
შეთბობის და ტკბობის გარეშე.
ყინულივით კბილისმომჭრელი.
ჩამუხლულმა, პეშვთან დახრილმა.
ზოგჯერ ძირსაც ჩამოგეღვრება,
ზოგჯერ თითებში გაგექცევა,
სანამ წყურვილის მოკვლას მოასწრებ.
ყელშიც ბევრჯერ გადაგცდება მოულოდნელად.
შეგაშინებს,
ცისკენ ყურებას დაგაწყებინებს.
რამდენის მიტანას გულამდე მოასწრებ,
ცხოვრება იმდენი უნდა დალიო.
ხშირად ტუჩსაც ვერ გაისველებ.
ერთხელ სწორედ ის წვეთი მოგკლავს,

მიწაზე რომ არ დაიღვარა,
სასულეში გადაცდენილი.

 

რომ იყო მდინარე,
ამოგიღონ საკუთარი კალაპოტიდან.
ნაპირზე დაგდონ.
გითხრან:
იცხოვრე.
შენი ცხოვრება ახლა მხოლოდ შეგრძნებებია -
როცა მხოლოდ მზერით ეხები 
და მხოლოდ გახსოვს.
მკლავზე, როგორც სუსტ ტალღაზე,
ჩამოაყრდენი საკუთარი ამღვრეულობა
და უყურე ბალახებზე წამოწოლილმა
შენი სხეულის ჩვეულ სამყოფელს.
ტანს აყოლილი სველი ქვიშა თუ გაგახსენებს უცნაური წვით,
რომ რა ხანია,
უსისტემოდ მიედინები.

 

...

ის პირველი დაზავება გიჭირს სიკვდილთან.
ის პირველი აღიარება.
მერე,
როგორც თევზი წყალში ხარ.
როგორც ფრთებგაშლილი ჩიტი ჰაერში.
როგორც ყველა გამოვლილი ბანალურობა.
მერე, თვალს უკვე აღარ არიდებ,
თუ რამდენჯერ გადაგირბენს გზაზე მხეცივით.
გაჩერდება. შემოგხედავს.
წამით სახეზე დაგაკვირდება
და თითქოს გეტყვის:
ისევ შევხვდებით, ჩემო ტკბილო ადამიანო.
ის პირველი აღიარება გიჭირს სიკვდილის.
ის პირველი დარწმუნების ხელით შეხება.
უკვე მუჭში რომ გიცემს გული,
ყველა შიში რომ სულერთი ხდება.
დგახარ გზაზე და ჯიუტად,
საკუთარ თავს თვალს არ აშორებ.

 

...

წარმოუდგენელია სიკვდილში გადასვლა,
ისევე, როგორც განცდა -
მდინარეების ლივლივი დაგვიდიოდეს ტანში,
ვიყოთ წყალივით გამჭვირვალე
და ტუჩების მკვეთრი მოძრაობით კი არა -
ტალღების დგაფუნით გადმოვდიოდეთ სხეულებიდან.
წარმოუდგენელია, ზღვის სიმლაშის ხაზი ჰაერთან
იყოს კანქვეშ გატარებული მაღალი ძაბვა,
ან ხელი ჩავყოთ ერთმანეთში, როგორც წყალში
და გავიოცოთ:
რა შეუცნობლები ვართ,
მოუხელთებლად უფორმოები,
არც მუჭში ვრჩებით,
არც ხელისგულზე -
მხოლოდ ამღვრევა შეგვიძლია ერთმანეთის,
ისე,
ვითომ გავიარეთ პატარა გუბე.
წარმოუდგენელია,
დავიჯეროთ ხორცის არქონა,
მდინარესავით ვარდნა,
როგორც სიკვდილში შესვლა.

 

...

როგორ იბრძვიან ადამიანები გადარჩენისთვის,
როგორი განწირული სასოწარკვეთით,
ჭაში ჩავარდნილივით ასცქერიან ზევით იმედებს,
ოკრობოკროდ შემოსაზღვრულ გამჭვირვალებას.
რა კარგია,
რომ ექო არ აქვს ცისკენ ყურებას,
რა კარგია მოგუგუნე ქვის კედლების ცხადი დუმილი,
როცა ტკაცუნით სკდება გულები,
ცელოფნისგან გაბერილი მრგვალი ბურთები -
თითქოს ვიღაც ზის
და წინ გაფენილ თბილ სხეულებს ორი თითით მშვიდად მიჰყვება,
როცა შენი ყველა იმედით უკვე წყალში ხარ,
უკვე წყალია შენში.

 

...

იფიქრებ,
ნეტა ტანსაცმელი ყოფილიყავი.
ქურთუკი, მაგალითად.
გადმოგაბრუნებდნენ და გახდებოდი
სათვალიო, დაუფარავი,
ხელისგულზე გაშლილივით უმტკივნეულო.
ასე კი,
ერთი ადამიანი ხარ,
რა სარწმუნო ხარ.
მაინც ვერ შეძლებ, რომ აჩვენო
შენ შიგნით ყველა გაჭრილი და დაკერებული.
ან რა უნდა თქვა,
როგორც ქურთუკს თუ ვერ გადმოგაბრუნებს? -
ვერ დაარწმუნებ,
მკლავს ვერ გაყოფენ.

 

...

შენი ჭირი ყველაზე ტკბილია.
შენი ჭირი ყოველთვის ახლოს გინდა გყავდეს ადამიანს.
უნდა გჭამდეს ყოველ წამს -
გიჭამდეს კანს, ხორცს, ძვლებს.
გავიდეს სისხლში და
დარჩეს სამუდამოდ.
მერე რა, რომ სულ ენდომება,
წავიდეს და მოედოს მთელ ქვეყანას.
ჭირი მაგისია -
უნდა გავრცელდეს ჰაერიდან, წყლიდან, მიწიდან.
შენი მაინც შენთან დარჩება,
ყველაზე ტკბილი,
შენი ყველაზე დიდი სიმშვიდე.

 

...

როგორ უნდა გავძღეთ ადამიანებით,
ავივსოთ თხემამდე და
ერთი მონატრების ადგილიც კი
აღარ შემოგვრჩეს?
როგორ უნდა გავიდეთ ამ სიცოცხლიდან,
რომ არ გვებღაუჭებოდეს უკან არავინ?
და ეს სულისშემხუთველი მიზიდულობა,
მოვიდე და შენს თითებში სახე ჩავმალო,
მაჩუმებდეს იმ ყველაფერზე,
სხვისი სულით გაუმაძღრები
როგორ მივდივართ 
და მხოლოდ ხორცით თავებს ვინაყრებთ
და ტუჩის კუთხეს,
სისხლიანი კვალივით რომ შიმშილი რჩება,
ვიწმენდთ ხელით ვითომ გულგრილად.
როგორ უნდა გავძღე შენით,
მობეზრებამდე რომ აივსოს ჩვენი მსგავსება?
და თუ ვარ სრულად - 
ვიყო შენ და ვერასოდეს მოგისაკლისო?

 

...

ისე გაველება იცის სიკვდილმა,
გაორგულება.
გადაუყარე ტკივილები საკენკივით,
მიუგდე საკუთარი ხორცი,
შენი სისხლით სავსე ჯამი დაუდგი რძესავით. 
თუ გინდ ძვლები ამოიტეხე 
და იტყუე შორიდან -
მოდი, სიკვდილო, მოდი, მოდი, 
სულ არ მოგშივდი?!..
ერთს არ მოგხედავს,
ისე იცის ზოგჯერ მანაც გატყიურება,
ბებერ ძაღლივით საკუთარ თავს დაედევნება 
და შენ თითქოს არც კი არსებობ -
გადაგივიწყებს.

ნეტაი ერთი,
მისი გასავლელია მისი სიკვდილი - 
გაიფიქრებ.
თითი ვისაც გაეჭრა, იმას ეწვოდეს, 
შენ მხოლოდ ბინტი მიურბენინე -
მისი შესახვევია მისი თითი,
შენ ათივე გილაგია საღად ჯიბეში 
და შეგიძლია მხოლოდ უყურო.
არც სიკვდილი გაგრძელდება დაუსრულებლად -
დააკვირდები.
მიხვალ.
ნიკაპს მიტკლით აუხვევ.
სხვა არაფერი.

 

..

გადაშენდნენ სიჩუმეები.
დინოზავრებივით გადაშენდნენ.
ბრტყელი, მოუქნელი ფეხების სასაცილო ტყაპუნით.
- რაღა დროს ჩვენი დროა?! -
თქვეს ძალიან ხმადაბლა და
გადაშენდნენ გამოზომილად,
როგორც სიზმრებში წყლის ზედაპირზე სიარულია,
როცა მხოლოდ ძილი გაკავებს ზუსტი სიმძიმით -
წყალს ტერფები ისე შეახო,
რომ მხოლოდ სველი იგრძნო სიგრილე.

გადაშენდნენ სიჩუმეები.
ცხრა მთის იქით ისე უხმოდ გადაიკარგნენ,
როგორც გარეთ შეუმჩნევლად იწყებს თენებას.
როგორც სიტყვა "ნისლს" გამოცვლის სიტყვა "რიჟრაჟი"
და მერე, უცებ, ყველა სიტყვა აყაყანდება.

 

..

რა კარგია და ფუფუნება,
უჩინმაჩინის ქუდი ზოგჯერ რომ დაიხურო.
მთაში ვინც არის - ბარში ეგონო.
ვინც ბარშია, ფიქრობდეს რომ წყალმა წაგიღო.
მკვდარს ეგონო, რომ ცოცხალი ხარ -
ცოცხლებმა კი დაგმარხონ და გამოგიტირონ.
რა კარგია, ზოგჯერ ჩუმად განხორციელდე,
განსხეულდე, მოისროლო ყოფიერება.
იჯდე შენთვის ბნელ ოთახში -
გეღიმებოდეს ბარზე, 
მთაზე, ზღვებზე, მკვდრებზე
და ცოცხლებზე, ვინც დაგივიწყა.

 

...

მათ რა უნდა ქნან,
ვისაც ღმერთმა გულის მაგიერ ჩაუტოვა მიწის სიმძიმე?
სად მოისროლონ აბეზარი სიყვარული,
როგორ შეეხონ,
თუ როგორც ბავშვი,
მუხლზე პირველი დაცემისას უეცარი სისხლის დანახვით,
ისე შფოთავენ?..
რა უნდა ქნან, მათ,
მარტოსულმა უგულოებმა,
ახმაურებულ ყურებზე თუ
ვეღარ შველით ხელისგულები?
და ღამღამობით,
თითქოს მეწყერი წამოვიდა მკერდიდან ყელში -
სიზმრიდან მიწით ავსებული პირი აღვიძებთ.

 

...

მინდოდა, რომ დღეს მოსულიყო წვიმა.
მერე რა -
წვიმა არ ჩამორეცხავს სოციალურ თემებს.
უფრო სწორედ - არ გამორიცხავს.
და არც ქარი, ან შემოდგომა
და ან ფოთლები.
ყველაფერი შეიძლება იყოს რომანტიკულად,
რატომ უსკდებათ გული წვიმით გაჟღენთილ სიღატაკეზე?
რატომ ფიქრობენ, 
თუ რამეს დაწერ შეუვალ სახით -
აღმოჩენაა?
ვისაც რა უნდა, ის დაწეროს.
ამით არ ყირავდება არც მაგიდა, 
არც დედამიწა,
რომელზეც თეთრი ფურცელი დადეს.
ვიღაც თუ თოვლში იგულისხმებს ნამდვილ სიყვარულს,
ვინმესთვის იქნებ წვიმა ნიშნავს უსაშველობას?
ძნელია, ალბათ, თავს დაარქვა დიდი პოეტი
და რაღაც წიგნში დაგაწყვილონ პოეტესებთან -
ალბათ ისევე "გასატეხია",
როგორც ფოთლის და სოციუმის მდარე რომანი.
არა და, მსურდა ეს მარტივი ბედნიერება -
დილიდან წვიმა ყოფილიყო.
არც პოეზია, არც ნახევრად შეხსნილი კარი -
მხოლოდ და მხოლოდ ნესტიანი გზების სიშორე.

 

...

ან რა აზრი აქვს სეზონების ცვლას, 
ხეების კვდომა-გაცოცხლებებს?
დანაკუწებას ქაღალდების,
კიბეზე ფრთხილად ჩამორბენას - 
ვეცემით მაინც და ვეღარ ვდგებით.
ჰო და მითხარი,
რა აზრი აქვს ამ ჩვენ შეხვედრას?

ადამიანებს რა აზრი აქვთ?! 
მათ აღმოჩენებს,
ვითომ პოვნებს და აღმაფრენებს, 
მუჭში მომწყვდეულ მწერების ფართხალს,
ან უბადრუკ ვითომ იმედებს,
თქვი, რა აზრი აქვს?

როცა მოვკვდებით მივხვდებით რომ ეს ხელები
გულზე კი არა - დასაკრეფად ვაშლის მოგვაბეს -
ჭიანაჭამი და მომჟავო ცდუნებებისთვის.

მზე დილით ადგა. მზემ ქუჩები გამოიარა.
ცხელი და მძიმე, მიწიანი შავი ფეხებით.
თქვი, რა აზრი აქვს სიზმრებიდან გამოფხიზლებას?
მე სულ ვიძინებ. 
მე მზის სულელურ მოლოდინზე გამეცინება,
რომ დღემდე სჯერა -
ცაზე მისთვის ამოვა ვინმე.

 

...

იდგე მუხლამდე ყვავილებში
და ირწეოდე...
ყველა შხამი ამავალია ცხელი სისხლივით
და მიუყვება სხეულს, როგორც ცისფერი ხაზი.
მე გავიარე მასში, როგორც შეღებულ კარში.
მე გავიარე მასში, როგორც კარის მიხურვა.
ტრიალ მინდორში სად შეგხვდება ხის ჩარჩოები?
ადგე და შხამი, როგორც წყალი უნდა დალიო.
ბოლო ერთია - მოკრუნჩხვა და განმარტოება.
ძილი ერთია - ხმელ მუხლების მკერდთან მიტანა.
შენ, ჩემო დიდო იმედო და დიდო შეცდომავ,
მკლავებს ზურგსუკან გადამიგრეხს ჩუმი ტკივილი.
ხომ არის ზოგჯერ, ორი კადრი შეუსაბამო:
1. იდგეს მოსათიბ ბალახზე და მუხლში მომცელოს.
2. ვიდგე გადაჭრილ კიდურების ცხელი კანკალით.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE