ეგზორციზმი


ეგზორციზმი




ანა ბლანდიანა (ოტილია ვალერია კომანის ფსევდონიმი) გამოჩენილი რუმინელი პოეტია, კომუნიზმის ეპოქის წამყვანი დისიდენტი, 2014 წლის ნობელის პრემიის კანდიდატი ლიტერატურის დარგში; ბლანდიანამ, ჩაუშესკუს რეჟიმის ცნობილმა ოპონენტმა, სახელი მოიხვეჭა თავისი გაბედული ლექსებითა და ეთიკური ღირებულებების შეუპოვარი დაცვით. წლების განმავლობაში მისი ლექსები გადაიქცა ტოტალიტარული რეჟიმისადმი წინააღმდეგობის სიმბოლოდ.

ოტილია ვალერია კომანი დაიბადა 1942 წელს რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარაში. პოეტმა  ფსევდონიმი 17 წლის ასაკშია შეარჩია,  რათა თავისი ნამდვილი ვინაობა დაემალა უშიშროების სამსახურისათვის, თუმცაღა კომუნისტურმა ხელისუფლებამ მისი ვინაობა მალე გამოარკვია, თვით პოეტი ,,ხალხის მტრის“ შვილად გამოაცხადა, მისი ლექსების გამოქვეყნება კი ყველა ჟურნალსა დ აგამომცემლობას აუკრძალა მთელი რუმინეთის მასშტაბით. 4 წლის განმავლობაში პოეტს წართმეული ჰქონდა როგორც თავისი ნაწარმოებების გამოქვეყნების, ასევე უნივერსიტეტში სწავლის უფლებაც.  ფსევდონიმი „ანა ბლანდიანა“ მითოლოგიური ასოციაციებითაა დახუნძლული – ბლანდიანა ტრანსილვანიის თვალწარმტაცი სოფელია მდინარე მურეშზე, სადაც პოეტის დედა დაიბადა და ცხოვრობდა; „ანა“, გარდა იმისა, რომ ,,ბლანდიანას“ ერითმება, ტრადიციული რუმინული ბალადის გმირიცაა.

ანა ბლანდიანა ე. წ. 60-იანელთა თაობას ეკუთვნის, 1940-იან წლებში დაბადებულ პოეტთა ჯგუფს (ნიკიტა სტანესკუ, მარინ სორესკუ, იოან ალექსანდრუ და სხვ). ამ მოძრაობის წარმომადგენლებს, რომლებსაც „ნეომოდერნისტებსაც“ უწოდებდნენ, აერთიანებდათ მისწრაფება, აღედგინათ დიალოგი 20-30-იანი წლების პოეტებთან (გეორგ ბაკოვია, ლუსიან ბლაგა, იონ ბარბუ), რომელიც ორი ათწლეულის მანძილზე შეწყვეტილი იყო სოციალისტური რეალიზმისა თუ პროლეტკულტის წარმომადგენელთა ზეწოლის შედეგად. 60-იან წლებში – შედარებითი პოლიტიკური ,,დათბობის“ ხანაში – ნეომოდერნისტებმა ოფიციალური იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ შეიმუშავეს მეტაფორული, ჰერმეტული ენა და ესთეტიკური იდიომი, რომელიც თავისი ესთეტიზმით ძირს უთხრიდა იდეოლოგიურ ინდოქტრინაციას.  მიისწრაფვოდნენ რა „წმინდა პოეზიისაკენ“, ნეომოდერნისტები ქმნიდნენ ინტროსპექტულ,  ფილოსოფიური მედიტაციებითა და მძლავრი მეტაფიზიკური აქცენტებით გაჯერებულ ლექსებს.

ათწლეულების მანძილზე ანა ბლანდიანამ თავი დაიმკვიდრა როგორც არამარტო მისი თაობის, არამედ რუმინეთის ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პოეტმა. მას გამოქვეყნებული აქვს თოთხმეტი პოეტური და ორი პროზაული კრებული, ესეების ცხრა წიგნი და ერთი რომანი. მისი ქმნილებები თარგმნილია ოცდაოთხ ენაზე და შეტანილია 58 პოეტურ თუ პროზაულ კრებულში. იგი უამრავი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია.

ბლანდიანა არის თავისუფლებისა და დემოკრატიული გარდაქმნისათვის მებრძოლი დამოუკიდებელი არაპოლიტიკური ორგანიზაციის,  „სამოქალაქო ალიანსის ფონდის“ (Civic Alliance Foundation) თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი 1990 წლიდან. მან ხელახლა დააფუძნა რუმინეთის პენ-კლუბი, რომელსაც 1990 წლიდან მოყოლებული დღემდე თავადვე ხელმძღვანელობს. 1993 წელს ბლანდიანამ შექმა ,,კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალი“ (Memorial for the Victims of Communism). ევროპული კულტურის წინაშე მისი დამსახურებისა და ადამიანთა უფლებების დაცვისათვის 2009 წელს საფრანგეთმა მას თავისი უმაღლესი ჯილდო – საპატიო ლეგიონის ორდენი - მიანიჭა.

ბლანდიანას ბოლო პოეტური კრებული ,,ჩემი მშობლიური მიწა A4“ (“My Native Land A4”) 2010 წელს დაიბეჭდა რუმინეთში, ხოლო მისი ინგლისურენოვანი თარგმანი 2014 წელს გამოქვეყნდა (Ana Blandiana, My Native Land A4. Translated by Paul Scott Derrick and Viorica Patea. Bloodaxe Books, 2014).

პოეტი თითქოსდა ცდილობს ვიზიონერული სივრცეები ერთი გვერდის ჩარჩოებში თუ ფარგლებში მოაქციოს. აქედან – A4 კრებულის სათაურში. კრებულში წარმოდგენილი ლექსები ერთგვარი პოეტური მედიტაციებია ისეთ ფუნდამენტურ თემებზე, როგორიცაა  წუთისოფლის მსწრაფლწარმავლობა და მუხანათობა, დროის დაუნდობელი და შეუჩერებელი დინება, ადამიანის მდგომარეობა სამყაროში, სიკვდილ-სიცოცხლის თანაფარდობა სამყაროს კოსმიურ რიტმებში.

მთარგმნელისაგან

 

ფრესკებზე

 

დამფუძნებლებს ხელთ უპყრიათ

მძიმე მონასტრები,

როგორც განვრცობადი კაპიტალი

საიქიოს სავალუტო პუნქტში.

ახალგაზრდა ბერმონაზვნები

კემბრიჯში მიღებული დოქტორის ხარისხით

და ხანშიშესული გლეხის ქალები

თაყვანს სცემენ ლიტურგიულ ორნამენტებს

და მუხლებზე დახოხავენ

კირილიცურწარწერებიან ფილაქანზე:

დინამიკები

გადასცემენ წირვას,

რომელიც კარვებით გადაჭედილ ეზომდეც აღწევს

და გზისპირამდეც, სადაც

დაყენებული მანქანები

კურთხევას ელიან;

ამ დროს კი რწმენა -

როგორც მერცხლები,

ზარებისგან დაფეთებულნი,

 დაფრთხიალებს გუმბათის ქვეშ -

კრთის შიშისაგან,

ენარცხება პანტოკრატორის

მოხატულ კედელს,

ქვემოთ ეშვება,

და მორჩილად ივანებს ფრესკებზე.

 

 

რა ძნელია, მიუალერსო

 

რა ძნელია, მიუალერსო ანგელოსის ბუმბულებს!

რამდენადაც ახლოს უნდა იყოს, ის გაურბის შენს შეხებას,

იმის შიშით, რომ შეიძლება შეიპყრო იგი,

ირგვლივ დაფრინავს წრეებად და ისევ ბრუნდება -

მისი ფრთების უხმო შრიალი

ერთადერთი ჩქამია, ის რომ გამოსცემს.

ანგელოსებმა არ იციან, როგორ ილაპარაკონ,

სიტყვები არ გამოდგება

მათ გამოსახატად.

მათი მუნჯური სათქმელი მათი ყოფნაა.

ხანდახან ისინი ახლოს მოდიან,

რათა შემოგვარტყან თავიანთი აურა,

მაგრამ მაშინვე გვეცლებიან, სიახლოვით დამფრთხალნი.

ფრთხილნი, მაგრამ არა ფამილარულნი,

ისინი ყოველთვის ინარჩუნებენ დისტანციას, რომლის გადალახვასაც

ჩემი სიტყვები ცდილობენ, რათა მათ მისწვდნენ.

მე ვერასოდეს გავიგებ, ისინი გაიგონებენ თუ არა ამ სიტყვებს.

რწმენის ნაკლულობა!

არ იცოდე, ესმით თუ არა მათ შენი; არ იცოდე, თვით შენ თუ გესმის.

ყველა გრძნობიდან მხოლოდ შეხების ოცნება რჩება,

ოცნება, შეეხო ანგელოსის ბუმბულებს ისე, რომ არ დააფრთხო.

 

 

ეგზორციზმი

 

როცა ფეხშიშველი დავდივარ ბალახზე

ელექტრონი დამივლის და

მიწაში ჩადის

როგორც ეშმაკი,

შეპყრობილის სხეულიდან განდევნილი,

ჩადის მიწაში ეგზორცისტის ბრძანებით.

 

მე მთელი არსებით ბალახს მივენდობი.

ის დააცხრობს ჩემს დაძაბულობას -

და ცვარში ვტოვებ მხოლოდ ჩემს შიშველ ფეხისგულებს,

საიდანაც შენ ამოძვრები,

ჩემში რომ დასახლდე.

 

 

ატმოსფერო

 

ჰორიზონტები მჭიდროდ მერტყმიან გარს,

როგორც სახვევები

ჩემს ჭრილობათა განსაკურნად,

სისხლის დენის შესაჩერებლად.

მათ მიღმა ბნელი, ქაოტური, ბუნდოვანი ნისლის ფენები

დალიცლიცებენ ყველაფრის ირგვლივ, ზუსტად ისე,

როგორც ატმოსფერო დალიცლიცებს დედამიწის გარშემო.

 

ადამიანები ახლოს მოდიან,

ცნობისმოყვარეობით შეპყრობილნი, ეხებიან ჩემს ჭრილობებს,

აინფიცირებენ მათ,

ავსებენ ყოველ ღრუს -

ყურს, ცხვირს, პირს,

ყოველ  ღრმულს სიძულვილით -

მე ყრუ ვარ, მუნჯი, მოხრჩობილი,

გადაქანცული, თავისუფლება თანდათან უკან იხევს:

ბუნებას სძულს სიცარიელე.

 

 

კენტი თუ ლუწი

 

როგორც ჰაერში ასროლილი მონეტის

ძნელად გასარჩევი სახე,

რომელიც უნდა ჩამოვარდეს და გადაწყვიტოს -

- კენტი თუ ლუწი -

და  არც კი უწყი, რა ბედი გელის:

სწორედ ასევე თვალი გკიდე,

როცა ცას მოსწყდი,

ღრუბლები დაგლიჯე თეთრ ქულებად,

რომლებიც სუდარასავით  შემოგეხვივნენ,

თითქოსდა  უკვე  იცოდი,

რომ ბოლოს იქ დაეშვებოდი

ასფალტზე, სადაც  მე გელოდი,

რომ ჩემი ბედი ანგელოსის ნაკვალევში ამომეკითხა.

 

 

ქვიშის საათი

 

მე ვუჭვრეტ ქვიშის საათს,

რომელშიც ქვიშის მარცვალი

გაიჭედა

და უარს ამბობს ჩამოვარდნაზე.

ოცნებასა ჰგავს:

არაფერი იძვრის.

მე ვუჭვრეტ სარკეს:

არაფერი იცვლება.

სიკვდილისაკენ მიმავალ გზაზე შეჩერების ოცნება

იგივეა, რაც თვით სიკვდილი.

 

 

ფუღურო კედლები

 

ჩვენ აქ ვართ,

ფუღურო კედლებს შორის.

ყოველ ღამით

ჩვენ ვსვამთ

გამომხმარი ტოტებივით

დამზრალი და დასიებული ხელებით

მეზობლის მიერ მოწველილ ძროხის რძეს.

ჩვენ აქ ვართ,

უძველეს ქლიავის ხეთა შორის,

ნაყოფს რომ ვეღარ ისხამენ,

და სიბერისაგან გაბერწებული ქალებიც ვეღარ შობენ გლეხებს.

ჩვენ აქ ვართ,

და მშვენივრად ვგრძნობთ თავს, თითქოსდა შინ ვიყოთ

ამ სამყაროში, 

რომლისგანაც ჩვენ ვსწავლობთ მხოლოდ კვდომას.

 

 

პარალელები

 

გაღვიძების იმედი არ არსებობს.

გამოვკეტილვართ ჩვენს საკუთარ სიზმარში,

როგორც ჰერმეტულად დახშულ გარსში,

სადაც თითოეულს განსხვავებული სიზმარი ესიზმრება

და ვერც კი წარმოუდგენია, რომ ეს შეიძლება არც იყოს სინამდვილე.

 

კბილებამდე შეიარაღებული მძინარე ჯარისკაცები

წინ მიიწევენ ჩაფხუტებით, ჯამ-ჭურჭლით, საბნებით, ამუნიციით,

იარაღით, რომელსაც იყენებენ - გამოღვიძების გარეშე - დასახოცად

პარალელურ სიზმარში დანთქმული ჯარისკაცებისა.

ამ დროს კი,

კატალეფსიით შეპყრობილი ისტორიკოსები

საკუთარი კოშმარიდან წერენ ქრონიკებს

ყოველივე ამისა,

ხოლო პოეტებს ესიზმრებათ, რომ ისინი გაიღვიძებენ და აღმოაჩენენ,

რომ რეალობა სადღაც სხვაგანაა.

 

 

მისტერიები

 

როცა მე ვუმზერ მუხის ხის ფოთლებს,

ქარისგან რხეულთ, რასაც მხოლოდ  ისინი გრძნობენ,

დოდონას მისტერია უფრო გასაგები მეჩვენება

და აღმოვაჩენ, რომ წარმოვიდგენ განდევნილ ზევსს.

უცნაურია, რომ ადამიანებს არასოდეს აინტერესებთ,

თუ სად ცხოვრობენ ღმერთები, როცა ისინი ღმერთები აღარ არიან,

უკვდავნი, რომელთაც მარადისობა უნდა გალიონ

ძალაუფლებისაგან განძარცვულებმა.  დამცირებულნი

ჩვენი სამყაროს უხილავ აუდიტორიად იქცევიან,

რომელიც  ვერც კი  ცნობს საკუთარ მისტერიებს.

 

თუმცაღა,  ჟამიდან ჟამზე  ვგრძნობ, რომ ისინი ახლოს მოდიან:

აპოლონი მეცხადება  სიზმრებში, აღებს კარს,

მესმის მისი ფეხის ხმა სამზარეულოს იატაკზე,

ჩემს ნაწერებს ათვალიერებს, ეხება კლავიატურას,

შემდეგ ყოვნდება, რათა ჯვარცმას შეავლოს თვალი -

ალბათ მაშინ იგი ხვდება,

თუ როგორ ჩაანაცვლა მისტერიების ერთი წყება მეორემ.

 

 

გამუდმებული დაკარგვა

 

დაკარგვა სულაც  არ არის ძნელი,

ის თავისთავად სასიამოვნოც შეიძლება იყოს,

დამაბნევეელი იმ მოუხელთებელი სიხარულის გამოისობით,

რომელიც მოგიცავს,

როცა აღმოაჩენ,  რომ შეგძლებია ცხოვრება

იმის გარეშეც, რაც დაკარგე.

 

და, თუნდაც დაკარგო ის, ვინც გიყვარს,

ტკივილი შეიცავს თავისუფლების

ერთ ციდა მარცვალს,

იმდენად მცირეს, რომ ამ მარცვლიდან,

ცრელმლებისდა მიუხედავად,

რაღაც სხვა შეიძლება იშვას.

 

დაკარგვა  სულაც არ  არის ძნელი,

ფაქტობრივად,  ამაღლება სხვა არაფერია,

თუ არა გამუდმებული დაკარგვა,

იმ საგნების და არსებების ტვირთი, რომელიც უკან მოიტოვე,

გშველის, რომ აღდგე,

გიბიძგებს ქაოსისაკენ,

სადაც მარტოობა იქცევა

ნედლ მასალად

იმ უძველეს ოცნებათა სასახლეთათვის,

სადაც აღარავინ ცხოვრობს.

 

თარგმნა ირაკლი ცხვედიანმა

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE