„ზღარბმა აისხა ეკლებზე, თურაშაული, კეხურა, გარეთ რომ გამოცუნცულდა, თავზეც ვაშლები ეხურა“... ალბათ, რამდენჯერ წამიკითხავს ნიცასთვის ეს და სხვა ლექსები. მაშინ ჯერ კიდევ ვერ სცნობდა ანბანის ასოებს, მაგრამ ფერადად ილუსტრირებული ბარათების უკან რომ ამბები ეწერა, ეგ ნამდვილად იცოდა. „კიდევ წამიკითხე“, იტყოდა ხოლმე და ეს კიდევ და კიდევ არასოდეს მთავრდებოდა. ვასო გულეურის „მელაკუდას მაღაზიის“ ღია ბარათები ერთი პერიოდი მისი უცვლელი ფავორიტი იყო. მერე, როცა წლები გავიდა და ერთ შეხვედრაზე ცოცხალი ვასო გულეური დავანახე, აი, ეს კაცი წერდა იმ ამბებს-მეთქი, ვუთხარი. თვალებგაფართოებულმა შემომხედა და დაუჯერებელიაო, - მითხრა.
როცა წერენ - ვასო გულეური, საბავშვო ავტორი, საბავშვო მწერალი - რას გრძნობ ხოლმე შენ. ამ დაკონკრეტებას რა განცდა მოაქვს? გსიამოვნებს თუ გზღუდავს რამენაირად?
დღემდე ვერ მივეჩვიე სიტყვას „მწერალი“. ამიტომ ყოველთვის, როცა მეკითხებიან, როგორ დავწეროთო, ვეუბნები, რომ დაწერონ „საბავშვო ავტორი“. არ ვიცი, რატომ მაქვს ეს განცდა. შეიძლება იმიტომ, რომ მწერალი ბავშვობიდან წარმოდგენილი მყავდა, როგორც განსაკუთრებული ადამიანი, ვისაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი და უნარი, შექმნას ის საოცარი სამყარო, სადაც წიგნის კითხვისას ხვდები. მით უფრო, საბავშვო მწერალი. ის (მასწავლებლის არ იყოს), უფრო რაღაც არამიწიერ ქმნილებად წარმომედგინა. მე კი ყოველდღიური, მიწიერი ცხოვრებით, ყოფითი პრობლემებით ვცხოვრობ.
ან, შეიძლება, იმიტომაც, რომ მეც, როგორც ბავშვებს, მწერალი უფრო ან ღრმად მოხუცი, ან გარდაცვლილი წარმომედგინა. ბავშვები უმეტესად ასე აღიქვამენ. ხშირად მქონია ასეთი შემთხვევა. ერთხელ, როცა ერთ-ერთ სკოლაში მიმიწვიეს, მასწავლებელმა მითხრა - როცა ვუთხარი, ის საბავშვო მწერალი უნდა გვესტუმროს, რომლის ლექსებიც თქვენ ასე გიყვართო, გაიკვირვეს - უი, მასწავლებელო, ცოცხალიაო? ერთ სკოლაში საუბრის დროს ერთმა ბავშვმა პირდაპირ გამიზიარა თავისი აზრი - მე უფრო ხანდაზმული მეგონეთო! ერთგან კი, შეხვედრის მერე გამომყვა ერთი ბავშვი გარეთ და ჯერ მკითხა - მეგობრები გყავთო? კი, რა თქმა უნდა, მყავს-მეთქი. არა, აი, სხვა საბავშვო მწერლები თუ გყავთ მეგობრებიო. ამაზეც რომ დავეთანხმე, ბოლოს დაასკვნა - ესე იგი, სხვა ცოცხალი საბავშვო მწერლებიც არსებობენო...
რას ნიშნავს შენთვის - წერდე ყველა უცნაური არსებებისათვის, ბავშვებისთვის, მითუმეტეს, რომ ისინი თითქმის არ თამაშობენ: ანმოსწონთ, ან არა.
სწორედ ეს თვისება, რომ გულწრფელები არიან, ან მოსწონთ, ან - არა, ყველაზე მეტად მაქეზებს ხოლმე წერისთვის. ვიცი, რომ თუ ბავშვი მეტყვის, ლექსი მომეწონაო, ესე იგი, ნამდვილად მოეწონა. თუ არ მოეწონა, ვიდრე იტყვის, სახეზევე შეეტყობა. როცა წერა დავიწყე, პირველი შემფასებლები სწორედ ბავშვები იყვნენ - ჩემი შვილები.
საერთოდ, ჩემთვის ბავშვებისთვის წერა ერთგვარი თავშესაფარია. თავშესაფარი დიდების სამყაროდან. ეს სამყარო სულ უფრო და უფრო მთრგუნავს. იმდენი ცუდი რაღაც ტივტივებს ზედაპირზე, იმდენად სასტიკი და ბრაზიანი ჩანს დიდების სამყარო, რომ ზოგჯერ მძაფრი სურვილი მაქვს, სადმე გავიქცე. აი, ამ დროს, ყველაზე კარგი გასაქცევი სწორედ ბავშვების სამყაროა, იქ მოსახვედრად ერთ-ერთი გზა კი - მათთვის წერაა.
როგორ დაიწყო და რატომ დაიწყო ასე - სწორედ ბავშვებისთვის? ვისთვის დაწერე და ვინ წაიკითხა სულ პირველად შენი ლექსები?
ახალს არაფერს ვიტყვი ალბათ - ბევრმა საბავშვო მწერალმა დაიწყო წერა საკუთარი შვილებისთვის. შვილის დაბადება საოცარი განცდაა - ახალი სიცოცხლე გაჩნდა, შენი სისხლი და ხორცი, და ამასთან, სრულიად დამოუკიდებელი, თავისუფალი, გონიერი არსება. ბავშვობაში კი ვწერდი რაღაც ბავშვურ ლექსებს, როგორც ბევრი ჩვენგანი, მაგრამ მაშინ არ მიფიქრია არასოდეს, რომ ოდესმე საბავშვო ლექსებს დავწერდი. როცა ჩემი პირველი შვილი, გიგა დაიბადა, იმდენად დიდი იყო ეს ემოცია, რომ ჯერ კიდევ სახლში მოყვანამდე დავუწერე რაღაც ლექსი. ეს არ იყო არც მთლად ბავშვური და არც საბავშვო ლექსი. ეს უფრო მამის სიხარული და ემოცია იყო. მერე, დაახლოებით ერთ წელიწადში, ლექსოც რომ მოევლინა ქვეყანას, ვიფიქრე - მალე მათ წიგნები უნდა წავუკითხო. კი, ბევრი კარგი საბავშვო წიგნია, ბევრი კარგი საბავშვო ლექსი, მაგრამ იქნებ რაიმე მეც დავწერო ამათთვის, რაღაც ახალი და სხვანაირი-მეთქი. სწორედ ჩემი შვილებისთვის დავიწყე წერა და პირველი მკითხველებიც ისინი იყვნენ. მათი ემოცია იყო ჩემთვის შეფასების მთავარი კრიტერიუმი. და ასეა ახლაც - ბავშვების აზრს ყოველთვის ვცდილობ, ყური დავუგდო, გავითვალისწინო, გავიაზრო - თუ მოეწონათ, რატომ მოეწონათ, თუ არ მოეწონათ - ეგეც რატომ.
სულ მეფიქრება - რა განასხვავებთ საბავშვო მწერლებს დანარჩენებისგან. რატომ ირჩევენ ისინი სწორედ ამ სამყაროს და ბოლომდე ჩემს თავთან შეთანხმებული პასუხი არა მაქვს. შენი აზრით?
მეც არ ვიცი ზუსტად. შეიძლება, კი არ ირჩევენ, არამედ პოულობენ - სამყაროს, სადაც ბევრად უკეთ გრძნობენ თავს, ვიდრე დიდების სამყაროში. მე ამ სამყაროში თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. პირველ რიგში, თავად ბავშვების გამო - როცა წერ ბავშვებისთვის, უფრო უახლოვდები მათ, და ამით საკუთარ ბავშვობასაც არ შორდები ძალიან, ინარჩუნებ რაღაც კავშირს. მეორეც, აქ შემიძლია საგნებს, ცხოველებს და ფრინველებს ველაპარაკო და ვალაპარაკო. ასეთი რამ ხშირად მემართება ხოლმე. აი, მაქვს რაღაც ნივთი, რომელიც აღარ მჭირდება, გამოუსადეგარია, ან უბრალოდ, ერთი შეხედვით, უსარგებლო რამაა - თუნდაც, გატეხილი სათვალე. დავაპირებ გადაგდებას, მაგრამ უცებ ეს სათვალე მეუბნება - რა დავაშავე, იმის გამო, რომ შენ არ გამიფრთხილდი და გამტეხე, ნაგავში უნდა მომისროლო? მე ხომ ამდენ ხანს მზისგან გიცავდი, შენამდე სანამ მოვაღწევდი, რამდენი გზა გამოვიარე. ვიღებ ამ სათვალეს და ნაგვის ურნის ნაცვლად საწერი მაგიდის უჯრაში ვდებ. მერე, როცა გამოვაღებ, ისე მადლიერი მიყურებს თავისი ცალი მინით, რომ მიხარია... ანდაც, სწორედ დილას, ქუჩაში ვიდექი და ტოტზე შაშვი შემოჯდა, ნისკარტით რაღაც მწერი ეჭირა. გაფრინდებოდა და უკან ბრუნდებოდა. ხან იქვე, სახლის ფანჯრის რაფაზე ჯდებოდა. აშკარად რაღაც აწუხებდა. ფანჯარა ღია იყო. მგონი, შიგნით უნდოდა შეფრენა. დავაკვირდი და ოთახიდან რაღაც ჟღურტული გავიგე. მე მგონი, ამის ბარტყები იყვნენ იქ - შეიძლება, სახლის პატრონმა ბუდიდან გადმოცვენილები ნახა და შეიფარა. აბა, ისე ხომ არ დაატყვევებდა? ჰოდა, ახლა დედას უნდოდა, საკვები მიეტანა მათთვის და თან ვერ ბედავდა. არ ვიცი, ასე იყო თუ არა სინამდვილეში, მაგრამ შაშვმა თავისი ფორიაქით და ჭახჭახით ეს მითხრა.
უფრო სხვანაირად ხედავ მათ, ვიდრე სხვა მწერლები? როგორ გგონია?
მე მათ ვხედავ, როგორც დამოუკიდებელ ადამიანებს, როგორც პიროვნებებს, მათი საკუთარი სამყაროთი, მათი სიხარულით და ტკივილით. არ ვიცი, სხვა მწერლები როგორ ხედავენ - იქნებ ისევე, როგორც დიდების უმრავლესობა? მათ ხომ ხშირად ჰგონიათ, რომ ბავშვის პრობლემა დიდი არაფერია. მერე რა, თუკი სათამაშო გატყდა. ბოლოს და ბოლოს, ახალს უყიდიან. რა იციან, რომ ის ძველი, უკვე გადაქუცული სათამაშო ბავშვისთვის მთელი სამყარო იყო და არა უბრალოდ ნივთი.
ერთხელ, ერთ შეხვედრაზე, ერთმა საკმაოდ ცნობილმა ქართველმა მწერალმა თქვა დაახლოებით ასეთი რამ - ბავშვებს სევდიანი წიგნები არ უნდა წავუკითხოთო. წარმოვიდგინე, რა იქნებოდა ჩემი ბავშვობა, რომ არ წამეკითხა „ბემბი“, „პატარა მაწანწალა“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „მეფე მათიუშ პირველი“, რომელიც პირველივე წინადადებიდან გვასევდიანებს - ვიგებთ, რომ მეფე თუ მალე არ გამომჯობინდებოდა, ცუდი ამბავი მოხდებოდა - მეფე მოკვდებოდა და მათიუში დაობლდებოდა. ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება, რომ ბავშვებს სევდიანი წიგნები სწორედაც რომ უნდა წავუკითხოთ, ბავშვებისთვის ვერ დაწერს. ყოველ შემთხვევაში, არ მინდა, რომ დაწეროს. მაგრამ თუ ძალიან მოუნდება, რას ვიზამთ? როგორც იმავე, ჩემთვის დღემდე საყვარელი მეფე მათიუშის წინასიტყვაობაში იანუშ კორჩაკი წერს, „დიდებს ხომ ვერ დაუშლი, არამც და არამც ეს არ გააკეთოო? ვერ დაუშლი. იმიტომ ვერ დაუშლი, რომ მათ შეუძლიათ, არ დაგემორჩილონ. მერე, ვინ რას უზამს, ვინ რას დააკლებს?“
როგორია შენი, როგორც ავტორის და მათი, როგორც მკითხველების ურთიერთობა? როგორ გხვდებიან, როცა გხვდებიან პირისპირ, რას გეუბნებიან და შენ რა ემოციას იღებ მათგან?
გარდა იმისა, რომ ხშირად მიწევს სკოლებში შეხვედრა ბავშვებთან, ყოველ შაბათს მწერალთა სახლშიც ვხვდებით. ასეთი პროექტია - „ბავშვები მწერალთა სახლში“, და შაბათობით რაიმე თემის ირგვლივ ვსაუბრობთ. ზოგჯერ ეს არის რომელიმე საბავშვო მწერალი, ზოგჯერ - რაიმე თემა, რაც ბავშვებს აინტერესებთ. ხან მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებს ვკითხულობთ და პარალელურად იმ ქვეყნის კულტურასა და ისტორიაზეც ვსაუბრობთ. ამ ხნის მანძილზე უკვე ძალიან დავმეგობრდით და ერთნაირად მიგვიხარია შაბათობით მწერალთა სახლისკენ. შეხვედრის თემების გარდა, ბევრ სხვა რამეზეც ვსაუბრობთ ხოლმე - საკუთარ ამბებს მიყვებიან, მეკითხებიან. სასაუბროს კი რა გამოლევს - ზოგი თავისი სკოლის ამბებს მიამბობს, ზოგი - თავის სურვილებზე მელაპარაკება, ზოგი - სამომავლო გეგმებზე J ძალიან წრფელები და გახსნილები არიან, თუკი დაინახეს, რომ შენც ასევე ღია ხარ მათთან ურთიერთობისთვის და მათ უყურებ, როგორც მეგობარს, როგორც პიროვნებას. ძალიან მიყვარს მათი გულწრფელი შეკითხვების მოსმენა - ყველაფერი აინტერესებთ, და აუცილებლად ასეთივე გულწრფელობით უნდა გასცე პასუხი.
შენთვის თუ არსებობდა ისეთი საბავშვი მწერალი, რომლის მსგავსიც სულ გინდოდა გამხდარიყავი? ან უბრალოდ საყვარელი საბავშვო მწერალი თუ გყავდა და ჰყავს და რა გამოარჩევდა მას სხვებისგან?
მსგავსი არა, მაგრამ საყვარელი საბავშო მწერლები მყავდა, რა თქმა უნდა. ახლაც მყავს. ერთ-ერთი უკვე ვახსენე - იანუშ კორჩაკი. „მეფე მათიუშის“ - ყველაზე სევდიანი მეფის ამბავი დღემდე გამორჩეულად მიყვარს. და თავად მწერალი ხომ საოცარი ადამიანი იყო. მთელი თავისი ცხოვრება ბავშვებს მიუძღვნა, და სიცოცხლეც - ვიცით, როგორ უთხრა უარი გერმანელ ოფიცერს შეწყალებაზე და თავის ბავშვებთან ერთად როგორ შევიდა გაზის კამერაში. მგონია, რომ მისი რჩევები, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ბავშვები, ყველა მშობელს არათუ წაკითხული უნდა ჰქონდეს, არამედ უნდა ასრულებდეს, როგორც მცნებებს.
ბევრი მწერალი შემიძლია დავასახელო, მაგრამ მხოლოდ ერთს ვიტყვი კიდევ - რეზო ინანიშვილი. ცხადია, არა მხოლოდ როგორც საბავშვო მწერალი, მაგრამ თავდაპირველად სწორედ საბავშვო მოთხრობებით გავიცანი მისი შემოქმედება, რომელიც ჩემთვის დღემდე საოცრად თბილი, სევდაშერეული, სიყვარულით სავსე სამყაროა. ახლაც, როცა ვკითხულობ, რაღაც უცნაურად მომაწვება ხოლმე ყელში, თან მასევდიანებს, თან - მათბობს. როგორ შეიძლება, ეს მოთხრობები არ წაიკითხონ ბავშვებმა?
როგორი ენით უნდა მოვუყვეთ ბავშვებს?
ჯერ ვიტყოდი, როგორი ენით არ უნდა მოვუყვეთ - არც ენემოჩლექით და არც გადაპრანჭული, მაღალფარდოვანი ენით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება და მაწუხებს, როცა ვისმენ, ბავშვი როგორ კითხულობს რაიმე ლექსს (ხშირად, სრულიად უგემოვნოს, მაგრამ შეიძლება, თავისთავად არცთუ ურიგოს, ოღონდ - არა საბავშვოს), როგორ ებერება ძარღვები და როგორ კრავს მუშტებს. განსაკუთრებით, თუ ისეთი სიტყვებს წამოიძახებს, როგორიცაა „სამშობლო“, „ღმერთი“, „ვაჟკაცი“ - მოკლედ, რაც მშობლების ერთი ნაწილის მიერ პატრიოტიზმის და ტრადიციების გადარჩენის სიმბოლოებად ქცეულა და ხშირად ბავშვებს ასწავლიან, აზეპირებენ. სიამოვნებით ჩავსვამდი ასეთ მშობლებს კარცერ-ლუქსში და ყველა კარგი საბავშვო წიგნის წაკითხვას ვაიძულებდი.
რაც შეეხება, იმას, თუ როგორი ენით უნდა მოვუყვეთ - ცხადია, ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები უნდა გავითვალისწინოთ. 3-5 წლის ბავშვს უფრო მარტივი ენით უნდა მოვუყვეთ, ნაკლები უცხო სიტყვა და ადვილად გასაგები წინადადებები უნდა იყოს. რაც უფრო დიდია ბავშვი, უფრო მეტი ახალი სიტყვა, მეტი საინტერესო თემა უნდა შევთავაზოთ. და, რაც მთვარია, ბავშვისთვის საინტერესოდ უნდა მოვყვეთ.
შენი შვილები რომ კითხულობდნენ ხოლმე შენს ლექსებს, რას გეუბნებოდნენ?
ვიდრე კითხვას ისწავლიდნენ, მე ვუკითხავდი და მათ რეაქციას ვაკვირდებოდი, მათ მიმიკას. მერე, როცა უკვე თვითონ კითხულობდნენ, აუცილებლად მიზიარებდნენ აზრს - რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ და რატომ. ხშირად, ლექსის წერის დროსაც მიკითხავს მათთვის აზრი, ან წამიკითხავს ნაწყვეტი - ეს კარგია თუ არა-მეთქი. თემაზეც მიკითხავს - რამდენად საინტერესოა ეს, როგორ ფიქრობთ, ამ თემაზე ასეთი ფორმით გასაგებია თუ არა... მოკლედ, ვიდრე პატარები იყვნენ, ჩემი პირველი მკითხველებიც და „ცენზორებიც“ ეგენი იყვნენ. ახლა საბავშვო ლექსებს აღარ კითხულობენ, თუმცა ჩემს ლექსებზე აზრს ზოგჯერ მაინც მეუბნებიან. ახლა უფრო მე ვარ ხოლმე მრჩეველი - რა წიგნი წაიკითხონ, რომელი ავტორი...
და თემები - შენ ყოველთვის ისეთ თემებზე წერ, რაც დიდ ცხოვრებაში მართლა ხდება - ბავშვი უბრალოდ კი არ იზეპირებს, ხვდება - ვინ კარგია, ვინ ცუდად მოიქცა...
ერთხელ მკითხეს - არსებობს თუ არა ბავშვებისთვის აკრძალული თემებიო? მე ვთვლი, რომ აკრძალული თემები არ არსებობს. ბავშვებს უნდა ვესაუბროთ ყველაფერზე, რაც აინტერესებთ. მთავარია, როგორ. ყოველთვის ვცდილობ, ვწერო იმაზე, რაც დღევანდელი ბავშვისთვის გასაგები იქნება, რაც მისთვის ნაცნობია, სადაც უხდება ცხოვრება, რასაც ხედავს. არც თანამედროვე ტერმინების შემოტანა მიმაჩნია ზედმეტად საბავშვო ნაწარმოებებში. ამიტომაა, რომ ჩემს ლექსებში შეხვდებით ბიზნესმელიას, ტურისტულ აგენტ ტურას, მის ჯუნგლების გამარჯვებულ სპილოს, მექორწილე ჭიანჭველებს, კომპიუტერული თამაშებით გატაცებულ მელიას, ვეგეტარიანელ ზვიგენს, ბურახის მოყვარულ მუხლუხოს, ვირს, რომელსაც ვირუსების არ ეშინია, ქათამს, რომელიც კვერცხებს ინკუბატორში ყიდულობს, ბაყაყს, რომელიც ხვლიკს მიჰყვება ცოლად... ამასთან, არ მიყვარს, როცა საბავშო ნაწარმოები ღიად დიდაქტიკურია და ბავშვს რაღაცას მიუთითებს, რაღაცას უკონკრეტებს და ჭკუას არიგებს - უნდა მივცეთ ბავშვს საშუალება, თვითონ გამოიტანოს დასკვნა, თვითონ იფიქროს და გაერკვეს - რა არის კარგი და რა - ცუდი.
ქართული ზღაპრები გიყვარდა?
საერთოდ, ზღაპრები მიყვარდა, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვა, ქართული ხალხური ზღაპრები - ნაკლებად. ფასკუნჯები, დევები და მსგავსი არსებები დიდად არ მიზიდავდა. თუმცა, არის ქართული ზღაპრებიც, რასაც სიამოვნებით ვკითხულობდი - მქონდა ქართული ზღაპრების წიგნი, სადაც პირველ ტომში იყო „ჯადოსნური ზღაპრები“, მეორეში - „საყოფაცხოვრებო ზღაპრები“. აი, ეს მეორე ტომი მიყვარდა. განსაკუთრებით მიყვარდა მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების კითხვა. ზღაპრის შინაარსთან ერთად იქ ის უცხო სიტყვები, სახელები, საგნები მიზიდავდა, რაც იმ ქვეყნისთვის იყო დამახასიათებელი. კიდევ, გამოდიოდა ჟურნალ „დილის“ ბიბლიოთეკის სერიით პატარა წიგნები - თითო წიგნი თითო ზღაპარი იყო. ახლაც მახსოვს ამ სერიით წაკითხული „ჯადოსნური ქოშები“, „მოთჰო და მუნგო“, „ხოჭო დეიდა“...
ზოგადად, რას ნიშნავს წერა შენთვის? რა პროცესია ეს, რას შეადარებდი?
წერა ერთგვარი თამაშია - სიტყვებით, სიუჟეტებით, სახეებით თამაში. დაახლოებით ისე, „პაზლების“ აწყობისას რომ ხდება. საჭირო ადგილზე უნდა მოარგო საჭირო სიტყვა, პერსონაჟი, ამბავი, რომ ბოლოს მთლიანი სურათი აეწყოს.
რა არის ის მთავარი ბიძგი, რაც გაწერინებს და რა გჭირდება იმისთვის, რომ წერო?
ზოგჯერ ეს შეიძლება რაღაც შემთხვევა იყოს, ან ბავშვის მიერ ნათქვამი რაიმე ფრაზა, ან სიტყვა, სულაც ქუჩაში გაგონილი. ასეც მომხდარა. ის ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, ბავშვებისთვისაც ხომ ნაცნობია. მთვარია, მათთვის გასაგები ფორმით დაწერო. ყოფილა, როცა ყოველდღე ვწერდი, ხან - საერთოდ დიდი ხნის მანძილზე ვერაფერი დამიწერია. განწყობაცაა საჭირო - სიშვიდე. თუ აფორიაქებული ვარ, ან რაიმე პრობლემა მაწუხებს, მაგ დროს ვერ დავწერ - საბავშვო ლექსს თუ ზღაპარს სხვანაირი სიმშვიდე უნდა. ავტორის ფორიაქი არ უნდა იგრძნობოდეს. ასეთ დროს ვთარგმნი ხოლმე.
როგორ ფიქრობ, რა სირთულეები ახლავს მწერლად ყოფნას საქართველოში?
ალბათ, ისეთივე სირთულეები, რაც ნებისმიერ სხვა საქმიანობას. უპირველესად ის, რომ თითქმის შეუძლებელია, აკეთო შენი საყვარელი საქმე და არ იფიქრო ყოფით პრობლემებზე. იმდენად მცირეა ჰონორარი, რომ გიწევს მოძებნო რაიმე სამუშაო, საიდანაც გექნება ის შემოსავალი, რითაც ყოველდღიურ საჭიროებებს როგორღაც გასწვდები. თითქოს ორმაგი ცხოვრება გიწევს.
შენ რომ ბავშვი იყო დღეს - შენი ლექსებიდან რომელი მოგეწონებოდა?
ცოტა გამიჭირდება კონკრტული ლექსის დასახელება. ალბათ, უფრო ის ლექსები, სადაც ჩემთვის ნაცნობი სიტუაცია, თემა ან პერსონაჟი შემხვდება, და კიდევ - ხალისიანი ლექსები. ყველაზე ხშირად ბავშვებს ასეთ ლექსებს შორის დაუსახელებით „ქინდერი“, „მელაკუდას მაღაზია“, „გოზინაყი“, „მელა და კომპიუტერი“...
მელია განსაკუთრებულად გიყვარს? თუ ვცდები?
არ ცდები, მელია მართლაც განსაკუთრებით საყვარელი პერსონაჟია. ბავშვობიდან მიყვარს. შეიძლება ეს „პატარა პრინცის“ გავლენაც იყო. როგორც ჩანს, რაღაცნაირად, მომიშინაურა მგონი, ყველაზე მეტი ლექსი მელიაზე მაქვს. ძალიან საყვარელი ვინმეა - ჭკვიანიც, მოხერხებულიც, ეშმაკიც, ზოგჯერ მატყუარაც, მაგრამ, რაც მთავარია, ბოროტი არ არის.
თარგმანები - შენ არაერთი ავტორი თარგმნე - რომელი იყო შენთვის ყველაზე გამორჩეულად საინტერესოც და რთულიც სათარგმნად?
თარგმნა უფრო ადრე დავიწყე, ვიდრე ბავშვებისთვის წერა - სტუდენტობისას. ჩვენმა ინგლისურის პედაგოგმა, მანანა ქველაძემ წამაქეზა ამ საქმისთვის, როცა ჩემი პირველი თარგმანები - ედგარ პოს „ელდორადო“ და ჰენრი ლონგფელოს „წვიმიანი დღე“ ვაჩვენე. მან კი იმ დროს გამომავალი გაზეთების, „რუბიკონის“ და „მესამე გზის“ რედაქციაში გამაგზავნა, სადაც დაიბეჭდა კიდეც ორივე თარგმანი. ეს ჩემთვის იმდენად დიდი მოტივაცია აღმოჩნდა, რომ თავი ვეღარ დავანებე. სტუდენტობის პერიოდში ძალიან გამიტაცა ნიკოლაი გუმილიოვის პოეზიამ. დღესაც ძალიან მიყვარს, თუმცა თარგმნით კარგა ხანია აღარ მითარგმნია. მიხარია, რომ გუმილიოვის რუსულენოვან საიტზე მისი ლექსების ქართული თარგმანები ძირითადად ჩემი თარგმანებით არის წარმოდგენილი.
ძირითადად ვთარგმნი მაშინ, როცა რაღაც მაწუხებს, როცა ცუდად ვარ. და ვთარგმნი იმ ავტორს, იმ ლექსს, რომელიც იმ მომენტში ჩემს განწყობას, ჩემს სათქმელს რაღაცნაირად გამოხატავს. ამიტომაც, ხშირად ერთ ავტორს ავიკვიატებ ხოლმე და რაღაც პერიოდის მანძილზე მხოლოდ მას ვთარგმნი. ერთ-ერთი ასეთი იყო ვერონიკა ტუშნოვა, ნაკლებად ცნობილი პოეტი არამხოლოდ საქართველოში. თუმცა, მის ლექსებზე შექმნილი რამდენიმე სიმღერა ძალიან პოპულარულია დღესაც. სიყვარულში საოცრად ტრაგიკული ბედის მქონე ქალი თავის ლექსებში ძირითადად სწორედ სიყვარულზე წერს. ორი წლის წინ ვიყავი მთრგმნელთა საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც მოსკოვში გაიმართა. ჩემი მოხსენების თემა სწორედ ტუშნოვას პოეზია და მისი ქართული თრგმანები იყო. შეხვედრის მოდერატორმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ტუშნოვას დღეს რუსეთშიც კი არ იცნობენ.
ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო და რთული იყო ავსტრიელი პოეტი ქალის, ქრისტინე ლავანტის ლექსების თარგმნა, რომელიც დათო ბარბაქაძემ შემომთავაზა „მეოცე საუკუნის ავსტრიული ლირიკის“ სერიისთვის. გერმანული არ ვიცი, ამიტომ ლავანტი ბწკარედით ვთარგმნე, ტატა კოტრიკაძესთან ერთად. ტატასთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესო იყო. ყველა ლექსს ვარჩევდით, ვაზუსტებდით. საბოლოოდ, ასზე მეტი ლექსი ვთარგმნეთ.
შენ თვითონ როგორი ბავშვი იყავი, რა გიყვარდა, რა არ გიყვარდა?
ყველაზე მეტად წიგნები მიყვარდა. ბავშვობაში ბევრად მეტს ვკითხულობდი, ვიდრე ახლა. თამაში მიყვარდა, როგორც ყველა ბავშვს. განსაკუთრებით ზაფხულის არდადეგებზე, როცა დედულეთში, გორთან ახლოს, სოფელ ხიდისთავში ვიყავი. უბანში ბევრი თანატოლი ვიყავით და ზაფხულის საღამოებს ძალიან საინტერესოდ ვატარებდით. ვაწყობდით წარმოდგენებს, ვდგამდით პიესებს. ერთხანს ძალიან ვიყავი გატაცებული ილუზიონისტის ხელოვნებით - რაღაც წიგნი მქონდა, სადაც მარტივი ფოკუსები იყო აღწერილი. ამ ფოკუსებს ვსწავლობდი და ჩვენს წარმოდგენებზე მე ილუზიონისტი ვიყავი ხოლმე.
ძალიან მიყვარდა თეატრი. გორის თეატრში ყველა სპექტაკლი მქონდა ნანახი, უმეტესობა - რამდენჯერმე.
ცირკი მიყვარდა - ის საზეიმო განწყობა, რაც საცირკო წარმოდგენისას არის. მაშინ ხშირად ჩამოდიოდნენ საცირკო კოლექტივები - გორს ჰქონდა თავისი საცირკო შენობა, რომელიც შემდეგ გაურკვეველ ვითრებაში დაიწვა. მამას დავყავდი ყველგან, ხშირად ჩემი თბილისელი დეიდაშვილებიც კი გორში მოდიოდნენ სპექტაკლზე ან საცირკო წარმოდგენაზე.
მეგობრებთან ერთად ყოფნა მიყვარდა, მაგრამ არ მიყვარდა უბრალოდ ქუჩაში ყოფნა. ვერასოდეს ვიგებდი, რატომ იდგნენ უბანში ბიჭები ყოველდღე უსაქმოდ, როცა შეიძლებოდა, რაიმე საინტერესო საქმე ეკეთებინათ, ან, უბრალოდ, საინტერესოდ დაესვენათ.
მატარებლით მგზავრობა მიყვარდა. ვერ ვიტანდი ავტობუსს. თბილისში ყოველთვის მატარებლით მოვდიოდით. ახლა კი, რამდენი წელია, მატარებლით თითქმის არ ვმგზავრობ და ავტობუსს ვინ ჩივის, მიკროავტობუსით მიწევს მგზავრობა.
ჰო, კიდევ წვნიანები არ მიყვარდა. საშინლად არ მიყვარდა. განსაკუთრებით, წვნიანში ხახვი და მწვანილი.
სულ პირველი ლექსი როცა დაწერე, ეგ მომენტი თუ გახსოვს და ვის წააკითხე?
როცა დავწერე, ეგ არ მახსოვს, თუმცა პატარაობიდან ვწერდი, როგორც ბევრი. პირველი მკითხველი მაშინ დედაჩემი იყო. მერეც, ხშირად სწორედ მას ვუწერდი ლექსებს. ვუწერდი მეგობრებსაც. ჩემი დეიდაშვილები თბილისში ცხოვრობენ და მაშინ სად იყო ინტერნეტი და ელექტროფოსტა - ჩვეულებრივი, საფოსტო კონვერტებით ვუგზავნიდით ერთმანეთს წერილებს. ხშირად მათაც ლექსად ვწერდი და ძალიან ვხალისობდით.
„დილა“ იყო, სადაც ბეჭდავდი. როგორ ფიქრობ, დღეს საბავშვო ჟურნალები რატომ აღარ არის პოპულარული და საერთოდ, თუ აქვს მომავალი იგივე „დილასნაირ“ ჟურნალებს?
პირველად სწორედ „დილაში“ დაიბეჭდა ჩემი საბავშვო ლექსი. მახსოვს, როგორ მიხაროდა - ჩემი ბავშვობის საყვარელ ჟურნალში ჩემი ლექსი იყო დაბეჭდილი. ახლაც სიამოვნებით ვთანამშრომლობ „დილასთან“. ვფიქრობ, რომ ასეთი საბავშვო ჟურნალები აუცილებელია. კი, დღეს ინტერნეტში ყველაფერია, ჟურნალებიც და წიგნებიც ელექტრონულად გამოდის, პოპულარობის შემცირებაც გარკვეულწილად ამის ბრალია, მაგრამ ბავშვის განვითარებისთვის ასეთ ნაბეჭდ ჟურნალს დიდი მნიშვნელობა აქვს. მგონია, რომ მომავალშიც თავისი ადგილი მაინც ექნება. ყველგან გამოდის ნაბეჭდი ჟურნალები და რატომ არ უნდა იყოს საქართველოში? მით უმეტეს, რომ „დილას“ საუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ესეც ხომ ძალიან ღირებულია. უბრალოდ, საჭიროა ბევრი რამის განახლება, არა მხოლოდ მასალის, არამედ კონცეფციის თვალსაზრისით.
ლიტერატურა რომ არ იყოს შენს ცხოვრებაში, ასეთი დოზით რა იქნებოდა, როგორ გგონია?
შეიძლება, მხატვრობა. ან - ფოტოგრაფია. ან, სულაც, კულინარია. ყოველ შემთხვევაში, ის, რასაც შემოქმედებითი მიდგომა სჭირდება. სხვა სფეროები ვერ წარმომიდგენია - საოცრად არაპრაგმატული ადამიანი ვარ. ემოციების და გრძნობების გარეშე მიჭირს რაიმე საქმის კეთება. ნამდვილად ვიცი, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიქნებოდი იურისტი, სამართალმცოდნე, ეკონომისტი... ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ რომელიმე ეს პროფესია ცუდია, უბრალოდ, მე არ შემიძლია ვაკეთო რაღაც, რაც მკაცრად განსაზღვრულ წესებს ექვემდებარება, რაც რაიმე ჩარჩოშია მოქცეული. არ შემიძლია ვაკეთო ის, სადაც ემოცია გვერდზე უნდა გადადო და ცივი გონებით აკეთო საქმე.
ხშირად ვეკითხები მწერლებს, რა უყვართ მათ ლიტერატურაში და ვეკითხები - რა არ უყვართ - შენი პასუხი რა იქნებოდა?
ერთადერთი, რაც არ მიყვარს ლიტერატურაში, და არა მხოლოდ ლიტერატურაში - სიყალბეა. თუმცა, თუკი ყალბია, რაღა ლიტერატურაა, არა? კიდევ, არ მიყვარს ეპატაჟი ეპატაჟისთვის.
მიყვარს, როცა წიგნი თავს წაგაკითხებს, არ გაძლევს საშუალებას, გადადო გვერდზე. ამას ხშირად ის განაპირობებს, თუ როგორი ენით წერს მწერალი. შეიძლება ნაკლებად საინტერესო თემაც კი იმდენად ჩამთრევი აღმოჩნდეს, რომ თავი ვერ დაანებო.
საბავშვო ლიტერატურას რაც შეეხება, ერთ-ერთი მთავარი პირობა ის არის, რომ მოსაწყენი არ უნდა იყოს. ბავშვებს არ უყვართ მოსაწყენი წიგნები.
სკოლა და სტუდენტობა როგორ გახსენდება? მაშინ თუ იფიქრებდი, რომ ერთ დღეს ამ ჟანრში ერთ-ერთი ცნობილი ავტორი გახდებოდი?
სკოლის პერიოდი ერთ-ერთი სასიამოვნოდ მოსაგონებელი დროა, ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობაა ასეთი. სტუდენტობა კი იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ქვეყანაში ყველაფერი აირია. მეორე კურსიდან სტიპენდიას - რამდენიმე ათას კუპონს ვიღებდი, ვიღებდი შაქრის და კარაქის ტალონებსაც. რამდენჯერ ყოფილა, „გეპეიდან“ ნახალოვკაში ფეხით წავსულვარ, რადგან ტრანსპორტი არ დადიოდა, დენიც არ იყო. თუმცა, 20-21 წლის ბიჭისთვის მაინც არ ჩანდა ყველაფერი ისე შავ ფერებში, როგორც ამ გადასახედიდან. სწორედ იმ პერიოდში დავიწყე თარგმნა და ესეც მშველოდა. მეგობრებთან ერთად რომელიმე ჩვენგანის უშუქო, ცივ ბინაში გატარებულ საღამოებსაც თავისი ხიბლი ჰქონდა.
მაშინ არ მიფიქრია, რომ ბავშვებისთვის წერას დავიწყებდი. ეს მერე მოხდა, თავისთავად. შეიძლება, სწორედ იმიტომაც, რომ მე თვითონ მომინდა უკან მიბრუნება იმ დროში, რომლის ფასსაც მოგვიანებით ვიგებთ.
მაშინ რა იყო შენი მთავარი გასართობი?
ჩემი სტუდენტობის დროს ჯერ კიდევ არ იყო კომპიუტერი, ინტერნეტი, 90-იანი წლების დასაწყისის თბილისიც ჩაღამებული, შიდა არეულობით და დაპირისპირებით გადაღლილი და მოწყენილი ქალაქი იყო. თუმცა, გართობას როგორღაც მაინც ვახერხებდით. ქალაქგარეთ გავდიოდით, ერთმანეთთან ვიკრიბებოდით. ცოტა მოგვიანებით, უკვე არქიტექტორის დიპლომი რომ ავიღე და საწერი მაგიდის უჯრაში მგონი, სამუდამოდ შევინახე, გორში დავბრუნდი და მეგობრებთან ერთად ახალგაზრდული კლუბი „ემბაზი“ დავაარსეთ. კვირაში ერთხელ ვიკრიბებოდით გორის ბიბლიოთეკაში, სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით, ვკითხულობდით, საინტერესო საღამოებს ვაწყობდით და ასე ვახალისებდით ერთფეროვან დღეებს.
შენ არაერთხელ შეგინიშნავს წუხილით, რომ საბავშვო მწერლობას საქართველოში „არ სწყალობენ“, არც საკონკურსო ნომინაციებს შორის არის ხოლმე საბავშვო ნაწარმოებები და ავტორები - როგორ ფიქრობ, რის ბრალია ეს?
ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ვინც უნდა მიაქციოს ამას ყურადღება, ვინც კონკურსებს ატარებს, ვინც უნდა იზრუნოს საბავშვო ლიტერატურის ხელშეწყობაზე - დიდები არიან. დიდებს კი რატომღაც ხშირად ავიწყდებათ, რომ ოდესღაც ისინიც ბავშვები იყვნენ.
შენს ყოველდღიურობაზე მინდა გკითხო - წერის გარდა რა არის ის, რაც ვასო გულეურს კიდევ აინტერესებს?
სამწუხაროდ, ყოველდღიურობა ხშირად არ მაძლევს იმის საშუალებას, ვაკეთო ის, რაც მაინტერესებს. ჩემი ყოველდღიურობა არის რუტინული სამსახური 9-დან 18 საათამდე. თუმცა, საბედნიეროდ, მაქვს იმის საშუალებაც, რომ ზოგჯერ მაინც ვაკეთო ის, რაც მიყვარს. ბავშვობიდან დამაინტერესა ფოტოგრაფიამ და როცა საშუალება მაქვს, გადაღება მიყვარს - ზოგჯერ უბრალოდ, რაღაც საინტერესო კადრს დაინახავ, ზოგჯერ კი ძებნა უნდა. ეს პროცესი მიზიდავს.
გორიდან როცა თბილისისკენ მოდიხარ, ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობ ხოლმე?
ვფიქრობ მათზე, ვინც დავტოვე გორში. და მათზე, ვინც დამხვდება თბილისში.
კიდევ - გზაზე. იმაზე, რაც გზიდან მოჩანს - როგორი სახლები, როგორი ადამიანები ცხოვრობენ იქ, რა უხარიათ, რა აწუხებთ. აი, მანქანამ გადაგვისწრო. ვინ ზის ამ მანქანაში, საიდან მოდის ან საით მიდის? აგერ, გზის პირას ბიჭებს სატაცური გამოუტანიათ გასაყიდად. ნეტავ, სად დაკრიფეს? რა უნდათ, რომ იყიდონ ამ ფულით? სახლში ვინ ჰყავთ, იქნებ არავინ ზრუნავას მათზე? ასე, გზიდან დანახულ ფრაგმენტებს მერე მე ვაგრძელებ ხოლმე ფიქრებით.
გორი როგორი ქალაქია შენთვის?
ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ გორის გარდა ვერსად ვიცხოვრებდი. შემიძლია, ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზირებით ვთქვა - ჩემი ქალაქი ჩემი ციხე-სიმაგრეა. ისე, გორის ციხეც, როგორც გორის სიმბოლო, ამ ნათქვამს ორაზროვან დატვირთვას აძლევს. ახლა მივეჩვიე, რომ ხშირად არ ვარ გორში, მაგრამ როცა მივდივარ, იქ სხვანაირ სიმყუდროვეს ვგრძნობ. ეს, ერთი მხრივ, პატარა ქალაქებისთვის დამახასიათებელიც არის, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ იქ ჩემი ბავშვობის მოგონებები მეგულება.
თუ არ ვცდები, კულინარიასთანაც მეგობრობ - წერა და კერძების მომზადება რით ჰგავს ერთმანეთს?
დაგემოვნებით. როგორც კერძის მომზადებისას ვაგემოვნებ ხოლმე, როგორი გამოვიდა, ასევე წერის დროს ვჩერდები, ვკითხულობ ცალკეულ წინადადებებს, სტროფებს და „ვაგემოვნებ“ - ბუნებრივია თუ არა, ხომ არ გადავამლაშე ან პირიქით, ზედმეტად დატკბილული ხომ არ გამოვიდა.
კიდევ - ფანტაზიით. არ მიყვარს კერძების მომზადება მკაცრად გაწერილი რეცეპტებით. უფრო მეტად გამოგონებები მიყვარს - რაღაც ახლის, ან უკვე არსებულის გადაკეთება, შეცვლა. წერაშიც ხომ ასეა - უნდა გამოიგონო, ან არსებულის მიხედვით შექმნა ახალი, უფრო საინტერესო.
და ფოტოგრაფია? შენ როგორი წამების დაჭერა გიყვარს ხოლმე?
ფოტოგრაფია ბავშვობიდან მიყვარს. მამა მასწავლიდა გადაღებას, ფირის გამჟღავნებას. ძალიან მიყვარდა ის წუთები, როცა წითელ სინათლეზე, სპეციალურ აბაზანაში, გასამჟღავნებელ სითხეში ჩადებულ ფოტოქაღალდზე ნელ-ნელა მჟღავნდებოდა სახეები. ახლა ციფრულმა ფოტოგრაფიამ დაიკავა ადგილი, თუმცა წამების დაჭერა ხომ ისევ ისე იმ ერთი, უნიკალური მომენტის მოხელთებაა, რომელიც აღარ განმეორდება. უფრო მეტად პეიზაჟების, ბუნების გადაღება მიყვარს. ადამიანებისაც - ემოცია, რომელიც დროის რაღაც მონაკვეთში ისევე მჟღავნდება ადამიანის სახეზე, როგორც ფოტოქაღალდზე.
პატარ-პატარა სიხარულები თუ გაქვს? რაღაც ისეთი, როგორიცაა მთიდან ჩამოსრიალება ან პარაშუტით გადმოხტომა..
სიხარულის შეგრძნება, სევდისგან განსხვავებით, მე მგონია, რომ ძალიან პატარა მონაკვეთია, ხანმოკლე. მთავარია, ამ მომენტის გააზრება და იმ სიხარულით ტკბობა. ყველაზე დიდი სიხარულიც კი არ გრძელდება ისე დიდხანს, როგორც სევდა. მაგრამ, ამ ხანმოკლეობაშია მისი ფასიც. ზოგჯერ შეიძლება ერთი შეხედვით უბრალო რაღაცამ გაგახაროს. მაგალითად, ასეთი სიხარულია ხოლმე, როცა გზაზე მიმავალი ყაყაჩოების და სოსანებისგან აფერადებულ ქართლის მიდვრებს გავუვლი. ასეთი სიხარული მაქვს ხოლმე, როცა სადღაც მივემგზავრები - აი, მოწყდა თვითმფრინავი მიწას და ჰაერში ვართ... ან, შეიძლება ძალიან ბანალური რაღაც იყოს - მაგალითად, როცა მეტროს ველოდები, ჩავიფიქრებ - რა ნომერი მოვა, ლუწი თუ კენტი. თუ გამოვიცანი, წუთიერად ისე მიხარია, თითქოს რაღაც მოხდა.
ეს პატარ-პატარა სიხარულები, თორემ ისე, ყველაზე მეტად ურთიერთობები მიხარია - ბავშვებთან, მეგობრებთან.
პროფესიით რომ არქიტექტორი ხარ, ეგ საქმე თუ გამოგდგომია რამეში?
არასოდეს არ მინანია, რომ ეს პროფესია ავირჩიე. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროფესიით არ მიმუშავია. თუ არ ჩავთვლით რამდენიმეწლიან პედაგოგიურ საქმიანობას, როცა ტექნიკური უნივერსიტეტის გორის ფილიალში მხაზველობით გეომეტრიას ვასწავლიდი. არ მინანია იმიტომ, რომ ამ პროფესიამ ბევრი რამე შემძინა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - ხედვაა. მივეჩვიე, რომ საგნებს, მოვლენებს, ადამიანებსაც, არ ვუყურო სიბრტყეზე, არამედ დავინახო სივრცით პერსპექტივაში. წერის დროსაც, სიტყვებით ლექსის აწყობა ხომ ძალიან ჰგავს შენებას. კიდევ იმიტომ, რომ ძალიან კარგი პედაგოგები და საინტერესო ადამიანები მასწავლიდნენ.
იმ დღეს დაგიწერია: „მინდა 4 წლის ვიყო, სიცხისგან ალმურადენილს დედა ძმრიან წინდებს მაცმევდეს, მისი სიგრილისგან თავდაპირველად ჟრუანტელი რომ დაუვლის სხეულს, მერე კი სიმხურვალეს გაანელებს და სასიამოვნოდ მოგთენთავს; შუბლზეც ძმრიან ტილოს მიცვლიდეს მალ-მალე და ნახევრად თვალდახუჭული ტელევიზორში რომელიმე საყვარელ მულტფილმს ვუყურებდეო“ - კიდევ რაზე ოცნებობ ხოლმე?
ეს იმ პერიოდის მონატრებაა, როცა ყოფითი პრობლემები არ გეხება და სიცხიანის ლოგინში წოლასაც კი დედის მზრუნველობა ნებივრობის წუთებად აქცევს. როცა წამლის დალევა არ გინდა, ამიტომ ძმრის უსიამოვნო სუნსა და მისგან მოგვრილ ჟრჟოლაზე ყაბულს ხარ, რადგან მერე დედა საბანს შემოგიგებს, სასიამოვნო სიმშვიდეს იგრძნობ და მულტფილმის ცქერაში ისე წახვალ სიზმრების სამყაროში, ვერც კი გაიგებ. იმის შეგრძნება, რომ შენზე ზრუნავენ, ავადმყოფობასაც რაღაც ხიბლს სძენს. ბავშვებს ხომ ყოველთვის აქვთ ეს მოთხოვნილება - სითბოს, ზრუნვის, სიყვარულის.
კიდევ, ვოცნებობ ხოლმე იმ დროზე, როცა სოფელში ვიყავი, ბაბოსთან. ქართლში ასე ვეძახით. მე კიდევ ძალიან თბილი და ტკბილი ბაბო მყავდა.
ვოცნებობ იმაზე, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს ასეთი მოგონებები, როცა დიდი გაიზრდება. ყველაზე მეტად კი იმაზე ვოცნებობ, რომ დადგეს დრო, როცა ბავშვები არ დაიხოცებიან - ომებისგან, შიმშილისგან, ავადმყოფობისგან, და ყველა ბავშვმა გამოსცადოს მშობლის ზრუნვა, სითბო და სიყვარული.