ისე მოხდა, რომ ლიტერატურული კრიტიკა აქამდე მხოლოდ ცოცხალ, ჩემს თანამედროვე ავტორთა, ან საუკუნეების წინათ გარდაცვლილ კლასიკოსთა შემოქმედებაზე თუ დამიწერია. პირველ შემთხვევაში საკუთარ თავთან ცოტაოდენი ბრძოლა გიწევს - შენში გააქტიურებულ უხერხულობას იგნორირებას უკეთებ, ცდილობ, პირუთვნელი იყო და თავს იმშვიდებ, რომ ლიტერატურას ემსახურები და არა მწერალს. მეორე შემთხვევაში საქმე უფრო მარტივადაა – ავტორი საუკუნეების წინ მიებარა მიწას და, შესაბამისად, მის თვალებში ჩახედვისაც არ გერიდება, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე იწყებ მუშაობას.
მაგრამ როცა შოთა იათაშვილმა ზაზა თვარაძის წიგნად გამოსული პოემა, ,,მხიარული ლანდები” მრავალმნიშვნელოვნად მაჩუქა (მრავალმნიშვნელოვნად იმიტომ, რომ ალბათ გულისგულში ელოდა, რომ ამ პოემაზე დაწერის სურვილი გამიჩნდებოდა და არც მოუტყუებია ინტუიციას), როცა წავიკითხე და ჩემში ნაცნობი განცდა - ტექსტზე საუბრის სურვილი გამოიკვეთა, ერთბაშად ვიგრძენი, რომ რაღაცამ შემბოჭა - ზაზა ჩემ მიერ ზემოთ ნახსენებ არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა. სამწუხაროდ, ის სულ ახლახან – რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, და მე უკვე აღარ ვიცოდი, იმ ადამიანის შემოქმედებაზე, რომლის წასვლით გამოწვეული სიმძიმე ჯერაც არსებობს, რა უნდა მეთქვა, თუკი, ვთქვათ, კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმა მომინდებოდა; ხომ არ იყო ეს უხერხული მაშინ, როცა მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ჯერ კიდევ არ გაგვნელებია...
ბოლოს ისევ ზაზას პოემა დამეხმარა. კიდევ ერთხელ გადავიკითხე და ვიგრძენი, რომ ამ თავიდან ბოლომდე კონვენციური ტექსტის ავტორმა მკითხველის სათქმელიც კი წინასწარ იცოდა. სწორედ ამის მერე მივხვდი მთავარს, რომ წერილი ზაზას მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის კი არა, თავად ზაზასთვის უნდა დამეწერა. სათქმელსაც ყველაზე უკეთ ის გაიგებდა და აღიქვამდა.
“მხიარული ლანდები” ზაზა თვარაძის დაუსრულებელი პოემაა, რომელიც მისმა მეუღლემ ზაზას გარდაცვალების შემდეგ დაალაგა, რედაქტირება გაუკეთა და გამოსცა.
მთელი ამ ასგვერდიანი ეკლექტიკური ნაწარმოების კითხვისას, პერიოდულად გიჩნდებათ მოლოდინი, რომ ამა თუ იმ ადგილას პოემა უნდა დასრულდეს, რადგან სათქმელი ითქვა, რადგან ტექსტში მოცემულმა “არეულობამ” ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. მაგრამ პოემა გრძელდება და მისი რიტმი, მისი ჭრელი დეკლამაცია შენში აგრძელებს რევერბერაციას, გიყოლიებს, ავტორის დაუმთავრებელ სათქმელებს გახმოვანებინებს, ერთი სიტყვით, დამთავრების პირი არა და არ ჩნდება. რადგან ის ყველაფერი, რაც იქ არის მოთხრობილი, სიცოცხლიდან სიკვდილში და პირიქით - სიკვდილიდან სიცოცხლეში უსასრულო გადადინება-გადმოდინებაა, სადაც ავტორთან ერთად, ყველა ჩვენგანმა საკუთარი შეგრძნებები უნდა გადმოვცეთ. აი, სწორედ ამიტომაა ასეთი მიმზიდველი ეს ტექსტი, რომ პოეტი შენც ამ მოყოლილი ამბების თანამონაწილედ გაქცევს, გაიძულებს, რომ იზრუნო მასზე, ხელი არ გაუშვა, რადგან ის “წერტილის დასმას” აპირებს.
“დასვი წერტილი” - ეს მინირეფრენი მთელი ტექსტის მანძილზე ერთდროულად გამშვიდებს და სასოწარკვეთილებაშიც გაგდებს: მუდმივი მოლოდინი სუიციდურ რემინისცენციას, რაღაც ბუნდოვან ისტერიას იწვევს და ამავდროულად გამოსავალსაც გთავაზობს დასასრულის სახით.
თუკი ფიზიკაში ფორმულის მეშვეობით გამოვსახავთ ელექტრობას, სითბოსა თუ მიზიდულობას, ლიტერატურაში ეს რთულია და კიდევ უფრო რთულია ამ პოემაში. როგორ უნდა განვიხილოთ ტექსტი, რომელშიც ერთმანეთშია არეული ლიტერატურული და ყოფითი ენა, ფაბულური და ირეალურ-მხატვრული დრო-სივრცე... თავად ტერმინი “ყოფითი ენაც” არაა ერთმნიშვნელოვანი ცნება. ის თავის თავში მოიცავს სასაუბრო ლექსიკას, ძველ თუ ახალ ჟარგონს და ა.შ. ასეთ დროს ფიქრობ, სჭირდება თუ არა მკითხველს “შუამავალი”, რომელიც ამ ავტორთან უფრო მიაახლოებს, მის “არეულ-დარეულ” ტექსტს მოწესრიგებულად მიაწვდის და გზის გაგნებაში დაეხმარება? იქნებ ეს ის ნაწარმოებია, სადაც “დალაგება” ყველაფერს ,,არევს”, გააფუჭებს... მაგრამ ასეთ ფიქრებს არათუ ამ მცირე წერილის, არამედ მთელი ლიტერატურული ესეისტიკის უარყოფამდე მივყავართ, თუმცა კი, გამოსავალს ისევ ვპოულობთ: გზამკვლევის ფუნქციაც ისეთივე მრავალაზროვანი შეიძლება იყოს, როგორიც თავად ნაწარმოებია; მეტიც, ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად შეიძლება მიუდგეს სიტყვას და მხოლოდ თავისთვის ნიშანდობლივი, ინტროვერტული შეგრძნების პროდუქტი – ახალი ნაწარმოები აღმოგვაჩენინოს.
პირველივე სტროფებიდან შემოდის ექსპრესიული პოეტური სამყარო - ერთი შეხედვით აბსურდულად გადაჯაჭვული მოვლენები; იკვეთება ავტორი, რომელიც არ ექვემდებარება ხელოვნების გამოხატვის ე. წ. კორექტულ ფორმებს და სახლიდან გაქცეული ცელქი ბავშვივით აწყდება სამყაროს უცნობ თუ ნაცნობ ბარიერებს. დრო მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ქრონოლოგიას მხოლოდ შინაგანი ლოგიკით ალაგებს. სტრიქონიდან სტრიქონში განსხვავებულ ნახტომებს აკეთებს, ხანდახან მათ შორის შემაერთებელ ხიდსაც კი ამტვრევს, თითქოს უნდა, რომ მკითხველი თავიდან მოიცილოს და მარტო დარჩეს. მისი მცდელობა ამაოა, რადგან გამოსავალს მაინც ვერსად ხედავს: “წერტილი-მეთქი! რაც ხარ, ეგა ხარ: შეუსრულებლის ვერშემსრულები!”
თითოეული სტროფი პრობლემიდან მოწყდომა და დიდ, გაურკვეველ სივრცეში გადაშვებაა, თითქოს უხილავი კარის გაღების სურვილი, მაგრამ ესეც ამაოდ. “ეს სხვა ხალხია, შენს სულ სხვას ეძებ,” ამბობს და მუდამ განხიბლული, მუდამ მოტყუებული რჩება.
შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამ პოემის სახით მივადექით რაღაც ისეთ მოვლენას, რომელიც გამორიცხავს ჩვენს რელატივიზმს, რადგან საქმე გვაქვს მეტ-ნაკლებად ურთიერთსაპირისპირო ესთეტიკურ კრიტერიუმთა მონაცვლეობასთან. განწყობილებები, თამაში ესთეტიკით, იუმორით, სარკაზმით, პათეტიკიდან სასოწარკვეთამდე, მერე კი უკან - ამ ყველაფრის ხელახლა გასავლელად და კიდევ ერთხელ სათქმელად პერიოდულად გაისმის: “დასვი წერტილი!” ამ სიტყვებს ავტორი ხან მეტისმეტი სიმკაცრით ამბობს და დაუნდობლად იჭრის რეალობას, ხან სასოწარკვეთილი, სუსტი და თავის თავში ჩაკეტილია. დროდადრო მისი პირქუში, დარდით დამძიმებული მეტყველება პოეტური სახეებით, როგორც ბრჭყვიალა ნიჟარებით, ნათებას იწყებს. აი, მაგალითად, “დილამ ქალაქი გაასილაქა”, ამბობს და მკითხველიც სილაშემოლაწუნებულივით ცდილობს, გამოერკვეს და ახალი განწყობილებითა და მოლოდინით გააგრძელოს კითხვა.
ყველაფერი ერთადაა აგლესილი – ბავშვობა , სკოლა, მოხუცებულობა, მკვდართა სულები, ცოცხალი ადამიანების სახეები. ეს ნაკრები ერთი დიდი, მთლიანი სამყაროა. ავტორი სხვა განზომილებაშია გადასული და ამიტომაც ახერხებს, განზომილებრივი უკიდურესობების მფლობელი იყოს – სიკვდილი და სიცოცხლე, ბავშვობა და ასაკოვნება... და არ იცის, რა უყოს ამ არეულ ნაკრებს, რითი მართოს… თითქოს ნაადრევად დამწიფებული სული მის ხელთ არსებულ ინფორმაციას თავს ვერ ართმევს და დაბნეულობისგან წერტილის დასმას ამიტომ მიელტვის.
ქვეყნისგან ავტორის ძირითადი განხიბვლა კი ამ საკვანძო სტრიქონებში ჩანს:
“და დროის მიღმა, და რღვევის მიღმა
ქვეყანა ახალს არაფერს ამხელს.
და ყველაფერი ხდება დამღლელი,
და ყველაფერი ხდება უაზრო,
ისე ირღვევა ეს სინამდვილე,
რომ აშენება ვერც კი მოასწრო.”
პოეტის ერთ-ერთი მთავარი დარდი ისაა, რომ “არსებობს სადღაც ფარული ენა, სიტყვებს მიღმა რომ მიედინება.” და სწორედ ამ ენის ძებნის გზაზეა, რომ მას ამდენი ნაივურობა სდევს თან. ზაზას პოეზია იმ საწყისის ნახევრად პოვნაა და ალბათ ამიტომ გვესმის და თან არ გვესმის მისი სიტყვები.
“სხივმა აოტნა ბნელნი სრულებით,
გორის კორტოხზე დასცა კარავი,
ხედავ – მოგორავს გზაზე ურემი
და მის კოფოზე მღერის არავინ.”
აქ სამყაროს სისავსე უპირისპირდება მის განყენებულობას და სიცარიელეს. სწორედ ამიტომ, ხელახლა იჩენს თავს ეს განცდა. მაშინაც კი, როცა ნაცნობი სამყარო ძალიან მოსწონს, ის მაინც აგორაფობიით შეპყრობილივით გარბის, რომ რაც შეიძლება მალე მიაწყდეს შემაფერხებელ, ყველაფრის ჩამკეტავ კედელს. ნებისმიერი სტრიქონი სუიციდით სუნთქავს და უსაზრისობითაა განმსჭვალული. „მე წავალ მარტო, მე აღარ მართობს მშობლიურ ცისქვეშ ყოფნა წერტილად.”
პოეზიაში გამოყენებული მეტაფორების ვიზუალიზაცია რომ ვცადოთ, შეიძლება თავგზა აგვებნეს. მაგრამ ეს ფსიქოლოგიური საკითხია, რომელიც პოეტის მიერ შექმნილ მეტაფორებსა და კრეატიულ მკითხველს შორის კონტაქტის მოწესრიგებას უწყობს ხელს. რაც შემდეგ ლიტერატურის გარეთ, ზოგადინტელექტუალურ ფასეულობებში უნდა გადავიდეს და იქ გააგრძელოს ფარული თუ ღია ცხოვრება, დაიმკვიდროს ადგილი ჭეშმარიტებათა შორის. სხვა საკითხია, თუ ვინ რას მიიჩნევს მართებულ ფორმულირებად. მაგალითად, ელიოტი თვლის, რომ დანტეს მოსაზრებები შექსპირთან შედარებით გაცილებით მეტ ჭეშმარიტებას ატარებს. ხოლო ბოდლერი მიიჩნევს, რომ გარკვეული შესაბამისობაა უმთავრესი, რომელიც ყველგან და ყველაფერშია. რას გაუგებ ადამიანებს, და მით უფრო, პოეტ-ადამიანებს. ისინი ხომ ტექსტს ხშირად მყისიერად მოხელთებული შეგრძნებებისგან ქმნიან, რომელთა დახასიათება და შინაგანი ბუნება მათთვისაც არეული ძაფივითაა. და ხშირად ტყუილად ვწვალობთ ისინი, ვინც ვკითხულობთ და ვცდილობთ, ამ ემფატიკურ აბურდულობაში ჩვენ-ჩვენი ძაფის წვერი ვიპოვნოთ.
ზაზა თვარაძის პოეზია გარეგანი და შინაგანი სამყაროების გადაკვეთის წერტილია. ის დანის პირზე დადის და, ცხადია, ფეხიც უცდება. სწორედ ასეთ მომენტებში პოულობს ის საკუთარ თავს და ლექსიც „მშვიდდება”. სწორედ ასეთი, სახეებისა და განწყობის ერთდროულობის უიშვიათესი ნიმუშია:
,,უკვე თენდება, ცივი დღე არის, მოქალაქენი გარეთ გადიან,
ჰორიზონტიდან ქარი უბერავს, და ხანძარივით ანთებს განთიადს.”
ეს არის ქარის მოვალეობა, ეს არის სიზმრის ცივი სიმართლე,
ფრინავს ქალაქი, როგორც ხომალდი და აფრასავით მისდევს სინათლე”
უცნაურ ესთეტიკას ვაწყდებით ზაზა თვარაძის ამ პოემაში – როდესაც ყოველი მომდევნო სტრიქონი საზღვრებს სცილდება, ტრანსცენდენტურ ფორმაში გადადის და ავტორი ფილოსოფიურ უკიდეგანობაში გვკარგავს, უცებ, მოულოდნელად ამბობს ისეთ შეუსაბამო სიტყვებს: „ჭყვიში”, „გორი”, „მეზობელი ბუხუტი” და ა.შ. რომელიც გვაღიზიანებს, მიწაზე გვანარცხებს და ვიწყებთ ფიქრს, რატომ იქცევა ასე ავტორი, რატომ გვისხამს ღვინოში წყალს, რითიც რეალობაში გვაბრუნებს და პრაგმატულ სოციალურ ყოფაში გვიზავებს თავის ეგზისტენციალურ აპათიას. და მხოლოდ მერე, ტექსტის ხელახალი წაკითხვისას ხვდები, რომ გვიფრთხილდება, არ ვემეტებით იმ სამყაროში გადასაკარგად, სადაც თვითონაა გადახვეწილი და ერთგვარი კომიზმით გვაბრუნებს უკან – მიწაზე: „ფარისევლობას – რწმენა გვიქვია, თვით ,,ივერია” არის სასისკი, აქ კოსმოსს, ვარსკვლავს, ცას და ტელესკოპს ზედ არ აფურთხებს ერთი კაციც კი...”
პოემის სტროფებში ერთმანეთს ენაცვლება მარცვალთა სხვადასხვა რაოდენობა, მათი შეწყობა-შეთანხმება ტაეპებს შიგნით. ერთ ადგილას ზაზას შემოაქვს გამომწვევი რიტმი – ერთმარცვლიან სიტყვათა რეპი:
,,თუ ჩემს წინ მდგარ ძმას ვძენ ამ გზით მხნე სულს,
არც სხვა რამ მწადს და არც სხვა რამ არ მსურს”
მისი ენა ისეთივე ჭრელია, როგორც ის სამყარო, რომელსაც გვიხატავს. არის ჟარგონიც, ბარბარიზმებიც, სლენგიც – ეს ნორმები გვერდიგვერდ თანაცხოვრობენ. მაგალითად, ჯერ წერს: „ავი სულები ავად ბაზრობენ”. და იქვე ასეთი პათეტიკური აკადემიზმით აგრძელებს:
„სინამდვილე ხომ რაღაცას ფარავს,
როგორც ღამის ზღვა და ნისლი დილის,
და ბოდვაშიც ხომ მარად და მარად
გაკრთება უცნობ სიცხადის ჩრდილი.”
პოემაში არც თუ ისე სანთლით საძებარია ბანალურ რითმათა წყვილები, როგორიცაა, მაგალითად: „სიმართლე – სინათლე”, „თილისმას - თბილისმა” და სხვა. თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმდენად, რამდენადაც ზაზამ ამ პოემის დასრულება ვერ შეძლო, ჩასასწორებელიც ბევრი დარჩა.
რენე უელეკი და ოსტინ ოურენი თავის ცნობილ წიგნში, „ლიტერატურის თეორია”, წერენ, რომ ლექსის ყოველი წაკითხვა უფრო მეტია, ვიდრე თვით ლექსი. და მართლაც, ჩვენ – სხვადასხვა მსოფლმხედველობის და ესთეტიკის მკითხველები - ახალი განცდით ვტვირთავთ, ვამდიდრებთ ნაწარმოებს, რომელიც თავის მხრივ არა როგორც ლიტერატურული ტექსტი, არამედ როგორც ცნობიერების დამატებითი ნაწილაკი, მკვიდრდება ჩვენს გონებაში. სწორედ ასეთ შეგრძნებას იწვევს ზაზა თვარაძის პოემა „მხიარული ლანდებიც”, რომელიც თავისი ღირსებებითა და ცოტ-ცოტა ლაფსუსებით სრულიად ახალ წყალში გვავლებს და გვავიწყებს ნიშნულს, შლის ზღვარს ხელოვნების ნიმუშსა და ადამიანს შორის. ამის მეტი მას, რაღა მოეთხოვება...