დაბერება
მშვიდად ვიცხოვროთ მეგობარო,
კაცის ფართო ხელისგულებით,
გრილი ენით,
კოცნითა და ჟრუანტელით
ფიფქდაყრილი ხერხემალი
აღარ გვექნება!
ვჭაღარავდებით,
ვბერდებით და ვემსგავსებით ჩვენ კლასელებს,
ბავშვობაში გათხოვილებს,
ბევრშვილიანებს,
კისერზე კუზამოზრდილებს,
ტანმორღვეულებს,
ჩვენი ასაკის დასაფარად
მათ კლასელობას
სულ რომ ვმალავდით.
მშვიდად ვიყოთ მეგობარო,
ნუ მომიყვები,
ისეც ვიცი,
წუხელ ბარის მიმქრალ შუქზე
ოდნავ ნასვამი,
ისე ძალიან ლამაზი და მარტო იყავი,
მოპირდაპირე მაგიდასთან
ზურგით მჯდომ კაცს
რამდენჯერმე დაუძახე
თვალებიდან ამოსული
გაბზარული ხმით.
მშვიდად დავწვეთ მეგობარო,
კარს ნუ ჩავკეტავთ,
ნუ გავაწვალებთ
ჩვენ ძმებსა და იმათ შვილებს
მძიმე კარის შემომტვრევაზე,
ოთახებში შემოღწევაზე,
სადაც ერთ დილას
გარდაცვლილები
შეიძლება ვიწვეთ
საწოლებზე,
რომლებიც
ვიყიდეთ განვადებით.
ჩემი შეყვარებული
(ვუძღვნი ჩემს ძმას და მის მეგობრებს, ელიავას ბაზრობის მუშებს)
დახუჭული თვალების ფსკერზე
ტროტუარებზე ჩამომსხდარ კაცებს
ჩემი შეყვარებულის მეგობრებს
დღიურ მუშებს
დაკეცილ გაზეთებზე
ხამსა და ლუდი უწყვიათ
დომინოს თამაშობენ და
კლიენტებს ელიან.
მთელი დღე.
ამ ლოყებჩაცვენილი
ხორცგაცლილი
კაცების მეგობარია
ჩემი შეყვარებული,
ფილტვები - ცემენტის მტვრით სავსე ტომრები
გალეულ ხერხემალზე ჰკიდიათ,
უფილტროს ახრჩოლებენ
და ოცნებობენ
შვილების ქორწილებზე,
სახურავის შეკეთებაზე...
უფრო ნატიფი ოცნებები გამოსასვლელ ტანსაცმელთან ერთად
შავ, ერთჯერად პარკებში
გამონასკვეს.
სამუდამოდ.
მკლავებზე რომ მიწვენს,
ხელებს მკერდზე მაფენს
და მუცელზე მკოცნის -
ტირის ჩემი შეყვარებული.
თბილი ენით სხეულს ვუტვიფრავ,
თავდება.
კვდება.
.............
იტიროს,
ედოს ჩემს კალთაში თავი,
იტიროს,
იჩურჩულოს
ჩემი სახელი.
წაიღოს,
მოსდოს ჩემი საცხის,
სუნამოს და თეთრეულის სურნელება
თავის
ჭუჭყიან,
დაღლილ მეგობრებს...
მოღალატე ცოლების სიყვარული
მე ბოლო ჟამის სიყვარულზე,
ნამდვილ სიყვარულზე,
ერთადერთ სიყვარულზე,
უშიშარ და თავხედ სიყვარულზე -
მოღალატე ცოლების სიყვარულზე ვწერ.
ბრმა ქმრებზე ვწერ,
მათ ნაცარჩაყრილ თვალებზე ვწერ,
და ცოლების სითბოშერჩენილ ლოგინებში
სახით ჩამხობაზე.
შვილებზე ვწერ,
სასულეში კითხვებგადაცდენილ შვილებზე,
მათ ვერცხოვრებაზე.
ამ სიყვარულის სინაზეზეც ვწერ -
ხან რა ფაქიზი და
მართალია,
მოიხურავს სულიწმინდის უსხეულობას,
მიიტოლებს შიშველ ბეჭზე ქერუბიმთა ფრთებს
და ადიდებს უფალს
ბილწი ენით
მოღალატე ცოლების სიყვარული.
რომ მომიყვებდეს დედაჩემი
რომ მომიყვებოდეს დედაჩემი
როგორ დაიხარა წინდების გასახდელად,
როგორ მოიშიშვლა ლამაზი ზურგი,
როგორ აკოცა მამაჩემმა,
როგორ დაწვნენ,
რა იჩურჩულეს,
რა სიტყვები უთხრეს ერთმანეთს -
რომელ თრთოლვას ჩამაყოლეს,
რომელ ჟრჟოლას მიმაბეს...
რომ მომიყვებოდეს.
რომ შეიძლებოდეს...