ნაციონალური თვითიდენტიფიკაციის გამოვლენის მნიშვნელობა თანამედროვე მუსიკაში


ნაციონალური თვითიდენტიფიკაციის გამოვლენის მნიშვნელობა თანამედროვე მუსიკაში




ანუ პოპ-მუსიკა, როგორც თანამედროვე ფოლკლორი

 

თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ჯონ ლენონმა ასე გამოხატა თავისი სიყვარული პოპ-მუსიკის მიმართ: ”ეს არის ჭეშმარიტად სახალხო მუსიკა, თანამედროვე ფოლკლორი”-ო. როდესაც ეს წავიკითხე, მოზარდი ვიყავი და მართალი გითხრათ, ვერ გავიგე პოპ-მუსიკა რატომ იყო თანამედროვე ფოლკლორი, თორემ ჭეშმარიტად სახალხო მუსიკა რომ იყო, ამას უკვე დიდი ხანი ვხვდებოდი. მხოლოდ წლების შემდეგ, როდესაც სერიოზულად დავინტერესდი პოპ-კულტურით, როდესაც გავაცნობიერე, რომ “ფოლკლორი” სხვა რამეა, ვიდრე ის, რაც ბავშვობიდანვე მეგონა, მივხვდი ლენონის ამ მარტივი მოსაზრების გენიალურობას; კერძოდ იმას, რომ ფოლკლორული მუსიკა, ეს არის ამა თუ იმ ეპოქაში, დედამიწის ამა თუ იმ კუთხეში მოსახლე ადამიანების ყოფით გაპირობებული მსოფლშეგრძნების მუსიკალურ-ვერბალური  გამოვლინება, უფრო მეტიც, ეთნიკურ მუსიკას, განსხვავებით აკადემიურისგან,  ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან გააჩნდა სოციალური კონტექსტი, ირეკლავდა რა იმ განწყობილებას, რაც გაბატონებული იყო (ქართული ხალხური სიმღერებიც ამის დადასტურებაა) ამა თუ იმ ხალხში - სწორედ უბრალო ხალხში და არა ელიტარულ-არისტოკრატიულ ფენაში, რომლებიც უმთავრესად სრულიად მოწყვეტილნი იყვნენ რეალობას და თავიანთი უპირატესობის დასამტკიცებლად “ჰქმნიდნენ” ამ ე.წ. ელიტარულ ხელოვნებას, რომელსაც ხშირად არანაირი კავშირი სინამდვილესთან  სრულებით არ ჰქონდა.    ფოლკლორული  მუსიკის ამდაგვარი განმარტება შეგვიძლია სიტყვასიტყვით მოვარგოთ 20-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან წამოსულ ე.წ. პოპ (იგულისხმე იგივე როკ) მუსიკას, კიდევ უფრო გადემოკრატიულებულს, გლობალიზებულს, რომელიც წმინდა მუსიკალური თეორიებით შეიძლება უმეცარი და ვულგარულიც იყოს, მაგრამ სამაგიეროდ უფრო ხელშესახები, რეალური და ნამდვილია, რომელიც ყველაზე ზუსტად გრძნობს ეპოქის მაჯისცემას და მკვეთრად რეაგირებს მასზე. ანუ ეს მუსიკა მთელი თავისი მრავალფეროვანი ჰიპოსტასებით ყველაზე ზუსტად ირეკლავს თანამედროვე ადამიანის (და განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანის) ყოფით გაპირობებულ მსოფლშეგრძნებას, ისევე როგორც ადრეულ ეპოქებში ამას აკეთებდა ფოლკლორი. ანუ იცვლება ეპოქა, იცვლება სამყაროს აღქმა, ფასეულობები, მორალურ-მენტალური კრიტერიუმები, და ეს ყველაფერი ფიქსირდება ჭეშმარიტად სახალხო მუსიკაში, თანამედროვე ფოლკლორში, რომელსაც დღეს ჰქვია პოპ-მუსიკა. აი ამას გულისხმობდა ლენონი, რომელსაც შეგვიძლია ამ შემთხვევაში ბოლომდე ვენდოთ. მაგრამ…არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: ადრე დედამიწის ამა თუ იმ რეგიონში ეთნიკური მუსიკა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ურთიერთგაზიარება შეუძლებელი იყო და ამიტომ მჭიდროდ იყო მიჯაჭვული ამა თუ იმ ტერიტორიას. როდესაც შესაძლებელი გახდა მუსიკის ჩაწერა, მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი სხვადასხვა ტერიტორიებზე შექმნილი მუსიკის გაზიარება დანარჩენი სამყაროსთვის. შესაბამისად, იქ, სადაც ხმისჩამწერი ტექნიკა (და სხვა ტექნოლოგიები) განვითარდა, სწორედ იმ ქვეყნის პოპულარული (იგულისხმე ფოლკ) მუსიკა გახდა დომინირებული მთელ მსოფლიოში: ჯერ ამერიკული ჯაზი და შემდეგ ამერიკული ე.წ პოპ-მუსიკა, რომელიც პოპულარული მუსიკის  დამოუკიდებელ მუსიკალურ ჟანრად  იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა მას შეერწყა როკ-ნ-როლი, რომელიც თავისთავად წარმოადგენდა  აბსოლუტურად თვითკმარ, დამოუკიდებელ სამყაროს და უფრო მეტი იყო (სამწუხაროდ დღეს ასე არ არის), ვიდრე უბრალოდ მხოლოდ მუსიკა და რომელმაც საერთოდ შეცვალა წარმოდგენა მუსიკის შეფასების კრიტერიუმებზე. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ წმინდა მუსიკალური ინგრედიენტების კუთხით, როკ-ნ-როლიც კი არ სცილდება ე.წ. ფოლკ-მუსიკის საზღვრებს: აფრო-ამერიკელთა ფოლკლორი, მათი რიტმ-შეგრძნება, პლიუს ბრიტანეთიდან (განსაკუთრებით ირლანდიიდან) ამერიკულ ყაიდაზე გადატანილი, ქანთრის სახელით ცნობილი ეთნიკური მუსიკა. საინტერესოა ის, რომ ეს ბალანსი, რა თქმა უნდა სხვადასხვა აქცენტებით, დღემდე დაცულია და მუშაობს. ის, რომ ამერიკა ყველაზე ადრე განვითარდა პოლიტიკურ-ეკონომიურად და ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, პირდაპირ კავშირშია იმასთან რომ მათი პოპ-კულტურა (აქ მარტო მუსიკაზე არაა საუბარი, მაგ. ჰოლივუდი) დომინირებს მსოფლიოში. აი, დიდი ბრიტანეთი რომ მუსიკალური გავლენებით მას დიდად არ ჩამორჩება, ეს სწორედ იმით აიხსნება, რომ ამერიკული პოპ-მუსიკის ერთ-ერთი დასაყრდენი სწორედ ბრიტანული ეთნიკური მუსიკალური კულტურაა და ამიტომაც არის, რომ ყველა ახალი კრეატიული იდეის დახვეწა (და არა წარმოშობა) სწორედ ბრიტანელი არტისტების ხარჯზე ხდებოდა. სწორედ ამიტომ წარმოიშვა მითი იმის შესახებ, რომ ანგლო-ამერიკული თანამედროვე მუსიკა საუკეთესოა მსოფლიოში და დანარჩენები ან ბაძავენ მათ ან ინტეგრირებულები არიან ამ სივრცეში, ან ცდილობენ, რომ მოერგონ იმ ტენდენციებს, რომლებიც ამ ქვეყნებში წარმოიქმნება. სწორედ აქედან მოდის მითიც ინგლისური ენის როკ-ძლევამოსილების შეასახებ. უკვე რამოდენიმეჯერ ნახსენებმა ჯონ ლენონმაც კი ერთხელ ასეთი რამ თქვა: ფრანგული როკ-მუსიკა იგივეა, რაც ინგლისური ღვინოო. აი, აქ კი არ დავეთანხმები მას, რადგანაც ფრანგები, შეიძლება თავიანთი ყოყლოჩინობის გამოც, თავიდანვე ცდილობდნენ შეექმნათ ისეთი თანამედროვე პოპ-მუსიკა, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ანგლო-ამერიკულისგან. ისინი ცდილობდნენ, ჩაედოთ ეს ყბადაღებული ფრანგული სენსიტიურობა თავიანთ ქმნილებებში და უნდა ითქვას, რომ ბევრმა მათგანმა ეს საკმაოდ წარმატებითაც მოახერხა. აი სწორედ აქ ყოფს თავს, ეს ე.წ. ფოლკლორი, სერჟ გინზბურგი, ალენ ბაშუნგი, “მეტალ ურბაინ” (პანკ-ბენდი) და სხვა მრავალი ფრანგი როკ თუ პოპ ვარსკვლავი, და ისინი თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ თანამედროვე ფრანგული მუსიკალური ფოლკლორის კორიფეებად. რატომ? იმიტომ რომ მათ მუსიკაში მკვეთრად, ხაზგასმულად იგრძნობა მათი ფრანგულ-ეთნიკური იდენტურობა, და სწორედ ამიტომაც არიან ისინი (და  სხვებიც) ახალი ფრანგული მუსიკალური კულტურის შემქმნელები და სწორედ ამიტომ იქნებიან ისინი ყოველთვის უფრო დიდი ფიგურები ფრანგული კულტურისთვის, ვიდრე რომელიმე ევროკარიერისტი ფრანგული ჯგუფი: “დაფტ პანკ” თუ “აირ”. ანუ მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო: ეს არ არის ე.წ ნეო-ფოლკი, ანუ მუსიკა რომელიც აპელირებს უკვე შექმნილ ფოლკლორზე (არქაული იქნება ეს თუ აქტუალური). მე მხედველობაში მაქვს თანამედროვე მსოფლშეგრძნება, რომელიც გაპირობებულია თანამედროვე ყოფით და რომელიც ჯერჯერობით (და საბედნიეროდ) განსხვავებულია ამერიკაში, ფინეთში, რუსეთში, მალიში და ა.შ. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, როცა ეს განსხვავება ირეკლება მუსიკაში, რომელიც იქმნება ამა თუ იმ ადგილას. და სწორედ ეს მინდა დავინახო  იმ ახალგაზრდა ქართველ არტისტებშიც, რომლებიც გულწრფელად ცდილობენ, ძალიან ცდილობენ შექმნან ღირებული მუსიკალური ნამუშევრები, მაგრამ არ გამოსდით. განა იმიტომ, რომ უნიჭოები არიან, ან ინტელექტის დეფიციტი აქვთ, არამედ იმიტომ რომ შემოქმედებითი პლატფორმა, პოზიცია აქვთ მცდარი და იმასაც ვერ ხვდებიან, რომ რომელიღაც თუნდაც წარმატებულ დასავლურ “ლეიბლთან” კონტრაქტს რომ გამოკრან ხელი და იქ მეტნაკლებად მოთხოვნადიც რომ გახდნენ, მაინც სუროგატულად, მეორეხარისხოვნად ჩაითვლებიან, თუ არ ჩადებენ თავინთ მუსიკაში იმ “საიდენტიფიკაციო კოდებს”, რომელიც მხოლოდ მათთვისაა დამახასიათებელი (თუნდაც ეროვნული კუთხით). დღეს აბსოლუტურად უნაყოფოა ის მუსიკა, რომელიც არ იკვებება იმ გარემოთი, რომელშიც იქმნება და რომელშიც არ დევს ის თუნდაც მანკიერი ვნება, რომლითაც სულდგმულობს არტისტის გარშემო არსებული თუნდაც უვარგისი საზოგადოება. დანარჩენი სხვა “ხალტურაა”. შეიძლება კარგად შეფუთული, პროფესიონალურად გაკეთებული, უზადო, მაგრამ მაინც “ხალტურა”, რომელსაც შემოქმედებასთან არანაირი კავშირი არა აქვს და ჩემი აზრით არაფრით არაა უკეთესი რიგით (გინდაც ელიტარულ) ქორწილში შესრულებულ მუსიკალურ ნომრებზე. გლობალიზაცია კარგია, მაგრამ არა ხელოვნებაში. ფრანგული კინო ყოველთვის განსხვავებული იქნება ამერიკულისგან, კორეული ბრიტანულისგან, ხოლო რუსული ესპანურისგან. ერთ დროს ქართულიც განსხვავებული იყო ყველა დანარჩენისგან, რადგანაც, საუკეთესო ნიმუშებში, ეროვნული თვითიდენტობის გამოვლინების უნიკალური ნიმუშები შექმნა. თანაც თუ დავაკვირდებით, ეს იყო ხშირად ნეგატიურის, მანკიერის გამოვლინება, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელი, თვითირონიულიც და სწორედ ეს იყო ყველასთვის საინტერესო. სწორედ ასეთი მიდგომა აკლია დღეს ქართულ ე.წ. აქტუალურ მუსიკას, და არა მარტო მას. ამიტომაც კარგი იქნება, თუ ქართველი არტისტები გათავისუფლდებიან სტერეოტიპებისგან და მიხვდებიან, რომ ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი მათი შემოქმედება გახდება მაშინ (“იაფფასიანი” წარმატება არ მაქვს მხედველობაში), როდესაც მათი ნამუშევრები თანამედროვე ფოლკლორის ნიმუშებად იქცევა.

ძალიან განზოგადოებული ლაპარაკი რომ არ გამოგვივიდეს, ვეცდები დავკონკრეტდე და მაგალითები მოვიყვანო.  60-იანი წლების მეორე ნახევრამდე არანაირი პოპ და როკ მუსიკა არ არსებობდა, გარდა ანგლო-ამერიკულისა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგანაც ეს კულტურა ძალიან ახალგაზრდა იყო და მთლიანად ეყრდნობოდა იმ მუსიკალურ ტრადიციებს, რომლებიც  მანამდე არსებობდა ამ ტერიტორიებზე. და აი, 60-იანების მიწურულს ბრაზილიაში გამოჩნდა ახალგაზრდა მუსიკოსების მცირე ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა შეექმნა ბრაზილიური თანამედროვე მუსიკა, ისე რომ გაეთვალისწინათ ანგლო-ამერიკელთა მუსიკალური  მიღწევები. ეს მთელ კულტურულ მოძრაობად გადაიქცა, რომელიც “ტროპიკალიის” სახელით არის ცნობილი. თავის იდეოლოგიად  მათ გამოაცხადეს ჯერ კიდევ 30-იან წლებში შექმნილი ბრაზილიური არტ-მანიფესტი სახელად “კულტურული კანიბალიზმი”: თურმე ბრაზილიის ტერიტორიაზე ისტორიულად ცხოვრობდა “ტუპ”-ების ტომი, რომელიც კანიბალიზმითაც ერთობოდა, მაგრამ ჭამდნენ მხოლოდ იმათ, ვინც მათზე ძლიერებად ან განვითარებულად მიაჩნდათ, ეგონათ რა, რომ ამით პროგრესს მიაღწევდნენ ისე, რომ საკუთარ თვითმყოფადობასაც შეინარჩუნებდნენ. როგორც “ტროპიკალიას” ლიდერი, შესანიშნავი მუსიკოსი გაეტანო ველოსო მოგვიანებით იხსენებდა, მათ მთლიანად შეისრუტეს ანგლოამერიკული  როკ-მუსიკა, რომელზეც აღმოაცენეს თვისობრივად ახალი ბრაზილიური მუსიკა და თუ წინა თაობის ბრაზილიელებში ნაციონალური თვითიდენტობის გამოვლინებად მხოლოდ სამბა და ბოსანოვა ითვლებოდა, უკვე 60-იანების მიწურულიდან ასეთად ‘’ტროპიკალია’’ იქცა. ეს ნამდვილი კულტურული რევოლუცია იყო (რომელიც შეეხო პოეზიას, ლიტერატურას და საერთოდ არტს) და დაანახა ბრაზილიურ საზოგადოებას, რომ კულტურული თვითიდენტიფიკაცია განუწყვეტელი, მუდმივად განახლებადი პროცესი უნდა იყოს და არა ერთჯერად-სტატიკური. სწორედ ამიტომ არის, რომ თანამედროვე ბრაზილიური მუსიკა საკმაოდ მაღალი დონისაა და აბსოლიტურად თვითკმარია. მათ მოახერხეს და პორტუგალიური ენა საოცრად ჰარმონიულად მოარგეს თუნდაც როკ-ნ-როლს. უფრო მეტიც, თავის დროზე “ტროპიკალიის” ლიდერების: გაეტანო ველოსოს, ჟილბერტო ჟილის და შესანიშნავი როკ-ბენდის, “ოს მუტანტეს” ზოგიერთი ალბომების ინგლისურენოვანი ვერსიებიც გამოვიდა გარე ბაზრისთვის და უნდა ითქვას რომ  პორტუგალენოვანი, ორიგინალური ვერსიები აშკარად უკეთესია. ამ მუსიკოსებმა მოახერხეს და შექმნეს ისეთი თვითმყოფადი მუსიკალურ-აკუსტიკური სივრცე, რომელშიც სწორედ პორტუგალიური ფრაზეოლოგიაა უფრო მოქნილი და ელასტიური, ანუ შესაბამისად უფრო ადეკვატურია, ვიდრე ინგლისური. აი, ეს არის ნამდვილი შემოქმედებითი წარმატება, სწორედ ის თანამედროვე აქტუალური “ფოლკლორი”, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით. მათ დაამტკიცეს, რომ როკ-ნ-როლშიც კი ვერცერთი მუსიკოს-არტისტისთვის, რაც არ უნდა ეგზოტიკური კუთხის წარმომადგენელი იყოს იგი, ენა ვერასდროს იქნება ბარიერი, თუ ის სწორი ინტენციებით იკვებება. ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ასეთ  მუსიკოსებს  მარტო თავიანთ ქვეყნებში იცნობენ და სხვაგან მათი მუსიკა ნაკლებად აინტერესებს ვინმესო, მაგრამ საქმეც სწორედ ამაშია და მათი შემოქმედების მთავარი ძალას და უპირატესობას სწორედ ის წარმოადგენს, რომ ისინი პირველ რიგში თავიანთ პუბლიკას მიმართავენ, მათი ადრესატი ის ხალხი და საზოგადოებაა, რომელშიც ცხოვრობენ. სწორედ ამას მოაქვს პოზიტიური რეზულტატი, თორემ აბა სხვანაირად რა აზრი აქვს... სხვანაირად წარმოუდგენელია კონტაქტი პუბლიკასთან, რის დეფიციტზეც ასე ბევრს წუწუნებენ ჩვენი სამამულო მუსიკოს-არტისტები. რა თქმა უნდა მე მხედველობაში  მყავს ისინი, რომელთაც აქვთ ამბიცია კულტურული ღირებულების მქონე, ორიგინალური შემოქმედების ავტორობაზე და არა კონიუნქტურულ არტისტებზე. როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ირაკლი ჩარკვიანი ჩვენში ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა? სწორედაც იმიტომ, რომ ის დროზე მიხვდა: მისი შემოქმედების მთავარი მომხმარებელი უნდა ყოფილიყო ის სოციუმი, რომელშიც არსებობდა და ქმნიდა. ამ თვალსაზრისით ის ნამდვილად არ იყო პირველი, მაგრამ პირველმა სცადა ქართული ალტერნატივის წარმომადგენელთაგან, გასაგები ყოფილიყო უფრო ფართე აუდიტორიისთვის, გაეთვალისწინებინა ამ აუდიტორიის მენტალური მდგომარეობა. იყო ის ყველაზე ნიჭიერი მუსიკოსი თუნდაც მხოლოდ მისი თაობის მუსიკოსთა შორის? უდავოდ არა, მაგრამ სამაგიეროდ მას ჰქონდა ალბათ ყველაზე ძლიერი ინტელექტუალური ბექგრაუნდი, რამაც უზრუნველყო თუნდაც ის, რომ ქართული ენა საკმაოდ მოქნილად გამოჩნდა მის პოპ-მელოდიებში (თუმცა აქაც ის არ იყო ნოვატორი), რომლებიც თავის მხრივ დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა და ხშირად ერთ ყალიბში ჩამოსხმულსაც ემსგავსებოდა, მაგრამ თითქმის არასდროს დაშვებულა ანგარებიანი “პაპსას” დონეზე. ასე მივიღეთ ჩვენ ქართული თანამედროვე ფოლკლორის – იგივე პოპ- მუსიკის - მნიშვნელოვანი ნიმუშები, რომლებშიც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, აზრზე მოსული უცხოელები ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ დაინახავენ და ეს სრულიად გასაგებია, რადგან ჩარკვიანის სიმღერები მათთვის არ არის გათვლილი, ის ჩვენთვისაა გათვლილი და ეს უფრო მნიშვნელოვანია. მე ქართულ თემატიკას კიდევ დავუბრუნდები, ახლა კი დავძენ, სწორედ  ამიტომაც არის, რომ ამა თუ იმ ქვეყნის თუ ნაციის ჭეშმარიტი “გმირი” მუსიკოსების შესახებ ხშირად “სხვებს”  ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, მაშინ როცა რომელიმე კომერციულად წარმატებული მეკონიუნქტურე, რომელსაც თავის ქვეყანაში დიდად არ სწყალობენ, სხვაგან (მაგალითად ჩვენში) პოპულარულები არიან. სწორედ ამიტომ ვამბობ რომ ნაციონალური თვითიდენტურობის გამოვლენა და ხანდახან მკვეთრიც კი, უაღრესად აუცილებელია თანამედროვე (გინდ პოპ დაარქვით, გინდ როკ და გინდაც ელექტრო) მუსიკაში. ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა არა მარტო ის, თუ რა ცხოველ ინტერესს იწვევს მაგალითად თანამედროვე აფრიკული (განსაკუთრებით მალიური) მართლაც უაღრესად საინტერესო მუსიკა მთელ მსოფლიოში, არამედ ის პროცესებიც, რომელიც ხდება თვით ევროპაშიც, რაც გამოიხატება იმაში რომ, ე.წ. საერთაშორისო, ინტერნაციონალური სახელის და დიდების, თუ ასეთი პოტენციის მქონე მუსიკოსები ნაკლებად საინტერესონი ხდებიან, მაშინ როცა ლოკალური, ლამის ეთნიკური ხასიათის მქონე მუსიკა დიდ პატივშია და კრეატიულად მართლაც საინტერესოა (კომერციული მხარე არ მაქვს მხედველობაში). ამის მკაფიო მაგალითია ახალი ფინური, 21-ე საუკუნის უაღრესად საინტერესო, ჭეშმარიტად ახალგაზრდული, ე.წ. “ფსაიხო”-ფოლკ მუსიკა (არავითარი ნეო-ფოლკი). “ტყის მუსიკა ახალი, უცნაური ფინელებისგან”, როგორც ამ მუსიკას უწოდებენ დღეს დანარჩენ სამყაროში. ერთი მხრივ ეს მუსიკა უაღრესად აქტუალურია თავის ულტრათანამედროვე საუნდით და მეორე მხრივ ლამის არქაულ-ეთნიკურია, რომელშიც თითქოს მთელი ეს მკაცრი, უკაცრიელი ჩრდილოურ-ყინულოვანი მისტიკა იღვრება, ერთდროულად ბრუტალური და უმანკო რომ არის და საოცრად ვლინდება მათ სასიმღერო მანერაში. ამ მუსიკას არანაირი კავშირი არა აქვს ბრიტანულ-ამერიკულ თანამედროვე აქტუალურ მუსიკასთან და არაფრით ჩამოუვარდება მას, აბსოლუტურად თვითმყოფადია და მონოლითური. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ მხოლოდ ფინურად მღერიან და მათი ტექსტები მარტო ფინელებს ესმით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრს გასტროლიორობენ მთელ მსოფლიოში და ენობრივ ბარიერსაც არცერთი ქვეყნის პუბლიკა არ უჩივის, რადგანაც იმდენად ზუსტად არის ფინური ფრაზირება მორგებული ამ უცნაურ აკუსტიკურ ნაკადს, რომ როგორც საუნდეფექტი, ისე აღიქმება. წარმოუდგენელია ფინელების მიმართ უზარმაზარი პატივისცემით არ განიმსჭვალო, როცა ამ მუსიკას უსმენ. არავის ეკეკლუცებიან და არავის არაფერს უმტკიცებენ, ღრმად არიან დარწმუნებულები თავიანთი არჩევანის (და აქ უკვე მარტო მუსიკასაც აღარა აქვს მნიშვნელობა) სისწორეში, მიუხედავად იმისა რომ მრავალათასიან დარბაზებს ვერ ავსებენ. აი, სწორედ ეს მდგომარეობა მინდა დავინახო თანამედროვე ქართულ ახალგაზრდულ მუსიკაში.

   ახლა რაც შეეხება ქართულ რეალობას. რამდენად პერსპექტიულია ჩვენში განვითარდეს და დამკვიდრდეს ქართული, თანამედროვე, აქტუალური  მუსიკალური  კულტურა? Aარა ეროვნებით  ქართველი მუსიკოსების მიერ შექმნილი ანგლო-ამერიკული სუროგატი, არამედ ისეთი, რომელიც მნიშვნელოვანი სეგმენტი გახდება, თუნდაც პესპექტივაში ზოგადად ქართული კულტურისა. მინდა გითხრათ, რომ წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით ამის ძალიან ხელსაყრელი პირობები ნამდვილად იყო, ჯერ კიდევ 60-70-იან წლებში იატაკქვეშეთში მყოფი როკ-მუსიკოსები, თუ ოფიციალური ესტრადის, ანუ იმდროინდელი მეინსტრიმის წარმომადგენლები საკმაოდ აქტიურად ცდილობდნენ ქართული მუსიკალური ცნობიერება დაეკავშირებინათ პოპ-მუსიკასთან. უნდა ითქვას, რომ როკ-მუსიკოსებს ეს არ გამოუვიდათ, რადგანაც ისინი ეყრდნობოდნენ ტრადიციულ როკს, რომელიც აკუსტიკურად წმინდა ანგლო-ამერიკულია, და იქ ქართული ტრადიციული ფოლკლორის ელემენტების შეყვანა აშკარად ხელოვნური და უნაყოფო იყო. რაც შეეხება “მეინსტრიმელებს”, მათი მცდელობები ხშირად საკმაოდ წარმატებულიც იყო, უფრო სწორედ, შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ კომფორტულ საბჭოთა ყოფას ვერ შეელიენ და აღარ გარისკეს. აი, 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან კი გამოჩნდნენ ახალი თაობის არტისტები, რომლებიც სრულ ალტერნატივას წარმოადგენდნენ იმისას, რაც მანამდე  არსებობდა, და უნდა ითქვას რომ მათი გზა იყო ერთადერთი სწორი იმ დროს, რადგანაც სწორედ ალტერნატიული მუსიკა, უარყოფს რა სტანდარტულ შაბლონებს და ტრადიციულ ანგლო-ამერიკულ მუსიკალურ იდიომებს, იყო გამოსავალი იმ ჩიხიდან, რომელშიც ექცეოდნენ  მანამდელი როკ-მუსიკოსები. ლადო ბურდულის “რეცეპტი”, დადა დადიანის “ტაქსი”, ქიშო გლუნჩაძე და ახალი ქართული მუსიკის სხვა პიონერების შემოქმედება იკვებებოდა იმ რეალობით და განწყობილებებით, რომელიც მაშინ სუფევდა. ისინი ყოველთვის გულწრფელად, ხანდახან ხისტადაც გამოხატავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას ჩვენში მიმდინარე პროცესების მიმართ და ცდილობდნენ თავიანთი სულისკვეთება მთელი თაობისთვის გაეზიარებინათ. სწორედ ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო როკ-ნ-როლის ტრადიციებში შესრულებული ნამდვილად აქტუალური ეროვნული მუსიკა. მარტო ის რად ღირს, რომ მათ საბოლოოდ დაანგრიეს მითი იმის შესახებ, რომ ქართულად როკს ვერ იმღერებ. ეს ცოტა ნამდვილად არ იყო. ამან საკმაოდ მძლავრი იმპულსი და ენთუზიაზმი გამოიწვია და უკვე 90-იანებში საკმაოდ სერიოზული და საინტერესო პლეადა წამოვიდა ქართულ თანამედროვე მუსიკაში. იმ დროს შექმნილი მუსიკა თამამად შეიძლება  ჩაითვალოს სწორედ იმ თანამედროვე ფოლკლორად, რომელზეც ზევით გვქონდა საუბარი. იმათიც კი, ვინც ინგლისურად მღეროდა, რადგანაც მათი მუსიკა მთლიანად იყო გაჟღენთილი იმ მდგომარეობით და შეგრძნებებით რაც მაშინ აქ სუფევდა და არანაირი კავშირი არ ჰქონდა არც ლონდონთან და არც ნიუ-იორკთან. მარტო ის რად ღირს, რომ გაჩნდა ახალი ეპიცენტრი - ქუთაისი. მუსიკა, რომელიც იქ იქმნებოდა, მთლიანად ემყარებოდა სწორედ ქუთაისურ ყოფას, ქუთაისურ სენსიტიურობას და სრულიად განსხვავებული თბილისურისგან (ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია რობი კუხიანიძე და “აუტსაიდერი”). საყოველთაო აღიარება ამ არტისტებმა ვერ მოიპოვეს. გასაგებია, 90-იანები... მაგრამ ამაზე ლაპარაკი ახლა შორს წაგვიყვანს, მაშინ იმის საშუალებაც არ იყო, რომ ეს მუსიკა მეტ-ნაკლებად ხარისხიანი ფორმით ჩაწერილიყო, რათა ხალხისთვის უფრო ადვილი აღსაქმელი ყოფილიყო. მაგრამ ეს გზა იყო რეალური, პერსპექტიული, რომელიც მომავალში მოიტანდა სერიოზულ რეზულტატებს, მაგრამ 21-ე საუკუნეში ეს ტენდენციები ნელ-ნელა გაფერმკრთალდა და დაღმა წავიდა.  ეს არ მოხდა იმიტომ, რომ ნიჭიერები აღარ გამოჩნდნენ შემდეგ, ან ახლა არ არიან. პირიქით, მე მგონია რომ დღევანდელები უფრო მოხერხებული მუსიკოსები არიან, ვიდრე ვეტერანები, მაგრამ მათ თითქოს სრულიად აქვთ დაკარგული კონტაქტი იმ რეალობასთან, რომელშიც არსებობენ. თბილისური მსოფლშეგრძნებით ისინი ბრიტანული მუსიკის შექმნას ცდილობენ, რაც წინასწარ განწირულია სუროგატისთვის. სწორედ ამიტომაა თვითიდენტურობის გამოვლენის დეფიციტი თანამედროვე “ქართულ” აქტუალურ მუსიკაში. რა თქმა უნდა ეს ზოგადი ტენდენციებია და ყველას არ ეხება, მაგრამ დომინირებული ტენდენცია რომ არის, ეს ფაქტია. რატომ ხდება ასე? ეს უკვე სულ სხვა საუბრის თემაა და ამაზე ალბათ სხვა დროს.

P.S. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც გადაეყრები რაიმე ფენომენალურს, რაღაც აუხსნელს, ენით აუწერელს, როდესაც საქმე გვაქვს უნიკალური არტისტების მიერ შექმნილ უნიკალურ მუსიკალურ ნამუშევრებთან,  აი მაშინ მთელი ეს ჩემი მოსაზრებები და მსჯელობები  უკვე აღარ მუშაობს, საერთოდ აზრს კარგავს და ძალიანაც კარგი, რადგანაც ეს უკვე ის შემთხვევებია, როდესაც ჯობია ცდებოდე, ვიდრე მართალი იყო და რაც უფრო ხშირად მოხდება ეს, მით უკეთესი.

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE