ხუთი სიმღერა მკვდარი მამლისთვის


ხუთი სიმღერა მკვდარი მამლისთვის




 

BACK IN THE USSR**

 

         მე არ ვყოფილვარ აქ ისე დიდხანს...

                                 მარცინ სვეტლიცკი

 

მე არ ვყოფილვარ აქ ისე დიდხანს,

რომ სულ არაფერი შეცვლილა.

 

კვლავ ის სიმყრალე საფეხურებზე,

ისევ იგივე კავეენი ყველა არხზე, პირველის გარდა,

მაგრამ პირველზე კავეენიც კი ბედნიერება იქნებოდა,

თუმცა რაღა დროს ხუმრობაა ისევ და ისევ

ლორის გარშემო?

 

წერილები, როგორც ასეთი, უკვე არ მომდის,

მაგრამ რომელიღაც მოჩვენება გამუდმებით

კარქვეშ შემომიგდებს ხოლმე გადაუხდელ ქვითრებს,

ხან კიდევ ჟურნალ «კრივბასის კურიერს» თუ სხვა ნაგავს,

როგორიცაა, მაგალითად,

სიცილიური ჯავშანჟილეტის

წარდგინება

ან საბავშვო ნახატების გამოფენა

«ჩვენი სახლი უკრაინაა».

 

მე ვიცი, რომ უკრაინა ჩვენი სახლია.

 

მე შევბრუნდები კედლისკენ

და დავხუჭავ თვალებს,

რათა ორმოცდაათი წლით ძილს მივეცე,

რომლის მერეც აღარ გამოვიღვიძო.

 

 

 

*«მკვდარი მამალი» - უკრაინული როკ-ჯგუფი, რომელიც 1989 წელს ჩამოყალიბდა ლვოვში.

**BACKINTHEUSSR (ინგლ.) – “ისევ სსრკ-ში". პოლ მაკარტნის მუსიკალური პაროდია ჩაკ ბერის სიმღერაზე «ისევ აშშ-ში» (მთარგმნელის შენიშვნა).

 

 

WITHOUT YOU-2*

 

იგივე სურნელი, იგივე

სურნელოვანი სანთლები და იგივე მათი მსგავსი რამეები:

ზანზალაკები, ბუდები, ნიუ-ეიჯური ჩანაწერები,

ბლავატსკაია...

 

სხვა ყველაფერში ჩვენ სრული წესრიგი გვქონდა,

განა თუ ბინის დიასახლისი

იძულებული იყო შენიშვნა მოეცა ზეწარზე რამდენიმე ლაქის გამო.

 

სამწუხაროდ, უკეთესი სისუფთავე არ გამოგვდის.

უკეთესად ანგელოსებს გამოუვიდოდათ,

მაგრამ ანგელოსები ერთმანეთს არ ეტრფიან.

უკეთესი სისუფთავე არ არსებობს.

 

ვიღაცას სურდა, რომ მე

ჩვიდმეტთვიანი შესვენების მერე იქ ისევ გამოვჩენილიყავი:

ისევ იგივე სუნი, იგივე

სურნელოვანი სანთლები და მათი მსგავსი ინდოეთი:

მანდალა, კასტანედა, ძვლის ჩხირები, ნიუ-ეიჯური

ზანზალაკები...

 

და ისეთი გრძელი ღამე, ისეთი სიმარტოვე ჭერქვეშ,

და ისეთი სრული ულაქობა,

რომ გამიჩნდა ზეცაში მოხვედრის

არცთუ ცუდი შანსი.

 

მაგრამ ზეცაში ერთურთს არ ეტრფიან.

 

 

*WITHOUT YOU-2 (ინგლ.) - «შენთან ან უშენოდ». ირლანდიური როკ-ჯგუფის «U-2”-ს სიმღერა (მთარგმნელის შენიშვნა).

 

 

JUST IN BETWEEN*

 

...ეს ოდნავ მოჰგავს სასტუმროს

ნომრებს -

გამოსახლება თორმეტის წინ,

ჰოდა, ჩვენ ვხურავთ კარებს,

ჩავრბივართ ქვევით

და გასაღებს ვაბარებთ მორიგეს.

მაგრამ რა სჭირთ ნომრებს?

რა მოსდით მათ უჩვენოდ? რა ემართება

იმ ყველა აბურდულ ზეწარს, მთელ ამ დომხალს,

თავისი ხელსახოცებით,

ბალიშებით

და ფერფლიანი საფერფლეებით?

 

ნუთუ მათაც სარკმლიდან მონაქროლი

ნიავი მიიხვეტავს?

ნუთუ იქაც აბაზანაში

ასევე წვეთავს წყალი ონკანიდან? ნუთუ

დაორთქლილი სარკე ბოლოს და ბოლოს არ შრება?

რა მოჩანს მასში?

(როგორც კლასიკოსი იტყოდა:

, მე ბევრს გადავიხდიდი

იმის დანახვაში,

თუ რა ემართება ნომერს,

რომელიც დავტოვე!)

 

გასაგებია ისიც, რომ მოგვიანებით გამოჩნდება დამლაგებელი,

რათა გადაწმინდოს ჩვენ მიერ დატოვებული

უმნიშვნელო კვალიც კი, თითქოს აქ არც გვიცხოვრია.

და მას ეს გამოუვა.

 

გასაგებია ისიც, რომ მოგვიანებით

აქ გამოჩნდებიან სხვა, სხვაინაირი

მაცხოვრებლები.

 

მაგრამ რა ხდება შუალედ დროში?

ჩვენ წასვლასა და დამლაგებლის

გამოჩენას შორის?

 

სასტუმროს ნომერში,

სადაც ასე გვერდიგვერდ ვიწექით ორნი,

ასე გვერდიგვერდ ვსუნთქავდით?

 

*JUST IN BETWEEN (ინგლ.) - უბრალოდ შუალედში (მთარგმნელის შენიშვნა).

 

 

CALLING DEM*

 

სამოცდათვრამეტის აპრილში

მე ვიწექი ლვოვის ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის იატაკზე,

სიმთვრალისგან თითქმის გონდაკარგული,

თვრამეტი წლისა.

ჩემს თავს რაღაცა ხდებოდა, ჩემი უფროსი

მეგობრები მასპინძლობდნენ სტუმრებს, სვამდნენ ჩაის

და ღვინოს, ქაქანებდნენ ხელოვნებაზე.

ჩემს თავს კი თითქოს ცენტრიფუგა ატრიალებდა.

 

მგონი, ეს იყო უიღბლო სიყვარული

და საკურსოს პრობლემაც ამასთანავე.

 

დაბინდული მზერით

მე დავინახე დემის თმაგაჩეჩილი სილუეტი და დამნთქა

უფრო ღრმა უფსკრულმა: შეუძლებელია! Delirium

tremens**: დემი ჩემს ოთახში!

 

უკვე არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი,

მაგრამ თვრამეტი წლის ასაკში ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება

კულტები, ხატებები, კერპები.

დემი ალტერნატივის მხატვარი იყო.

დემი იყო ჰიპური, სიურული, ჯინსური,

ასოციალური, უნივერსალური.

მენტები მას თითქმის ყოველდღე კოჭავდნენ.

მის ნახატებს დასავლეთელი სნობები ყიდულობდნენ.

როგორც ყველა ფანატიკოსი, მე მზად ვიყავი

მისი ლანჩებგამძვრალი ფეხისგულების დასაბანად.

ის იყო ჩემი კულტის წმინდანი, you know what I mean.***

 

ორიათას ორის ოქტომბერში

(ერიჰა, ოცდახუთი წელიწადი თითქოს არცა ყოფილა!)

იგი ჩემს საღამოზე არ შემოუშვეს.

ამბობენ, იგი თითქმის უგონოდ მთვრალი იყო

და არ შემოიშვებოდაო. თანაც ასეთ

ალტერნატიულ შეკრებაზე.

რაც იმ საღამოს მისგან დარჩა -

ესაა საფოსტო მარკის ხელა

რაღაც ლითოგრაფია ჩემთვის.

არც კი ვიცი, რა ვუყო მას.

უხერხულია საფოსტო მარკის კედელზე დაკიდება.

 

მაგრამ ახლა მსურს შევეხო სხვა რამეს -

მარადიულ აცდენას გზაში. რამდენი სახე

შეიწოვეს მიუწვდომელმა ჭაობებმა!

ისინი იქიდან არც კი ყვირიან,

არც კი ყვირიან.

 

რამდენი რამე არ მოხდა და

რამდენი კიდევ არ მოხდება.

 

მეორე მხრივ კი

რა მაგარი რომანი დავწერეთ ჩვენ ორმა

ჩვენდა უნებურად! რა დაუპროშტავი ეპიკურობაა

მთელი მეოთხედი საუკუნის მანძილზე! დემ! გესმის?!!!

დემ!!!

 

ეს მე გიყვირი ჩემი ჭაობიდან.

 

 

*CALLING DEM (გერმ.) - დემის გამოხმობა.

**Delirium tremens (ლათ.) - თეთრი ცხელება.

*** you know what I mean (ინგლ.) - ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის, ნეილ დიამონდის სიმღერა «თქვენ თუ იცით, რას ვგულისხმობ» (მთარგმნელის შენიშვნა).

 

 

SIE KÖNNEN DEN COMPUTER JETZT AUSSCHALTEN*

 

...ბოლოს და ბოლოს ჩემამდე დავიდა:

უკვე კაი ნახევარი საათია, ვზივარ და

სულელივით მივჩერებივარ მონიტორს,

რომელზეც მისი ბოლო ფრაზაა.

სეანსი დამთავრებულია და უნდა ავდგე,

უწინარესად გამოვრთო კომპიუტერი და

გავიდე.

 

კი, მაგრამ, მერე რა? ნუთუ უნდა შევეჩვიო

ამ ავტოკატასტროფებს

მათი ასპროცენტიანი შედეგებით?

ამ ელექტრონულ უსტარებს,

რომლებიც უსაშინელეს ამბებს მამცნობენ?

 

და როგორ გამოვხატო პროტესტი? და რის წინააღმდეგ?

კედელს თავი ვახალო თუ სამუდამოდ გამოვრთო

კომპიუტერი?

 

საშკო კრივენკო.**

დღევანდელ ღამეს.

წავიდა სამუდამოდ.

 

ყველაფერი სწორად გავიგე, არაფერი მომჩვენებია?

რადგან თუ ეს რომანია,

სიუჟეტური სვლები

ერთფეროვანი გამოდის.

ავტორს აშკარად კრიზისი აქვს.

 

SIE KÖNNEN DEN COMPUTER JETZT AUSSCHALTEN.

არ დაგავიწყდეთ ტელევიზორის გამორთვა.

ღამე მშვიდობისა, პატარებო, ღამე მშვიდობისა.

ამ საღამოს მეტი სიახლე არა გვაქვს.

 

(რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს

ყოველ წუთს შეიძლება შეემთხვეს

ავტოკატასტროფა, დაემართოს გულის უკმარობა,

თეთრი ცხელება.

 

ჩვენ ყველანი უპირველესად ლოთები ვართ,

რაც კარგადაა ცნობილი ჩვენი მეურვეებისთვის ინტერნეტიდან.

ჩვენი ქვეყანა კარგა ხანია ამას დაეთანხმა

და ყოველ ასეთ ცნობას

შესაბამისი სიმშვიდით ხვდება.

ოღონდ რად მიბნელდება ამის გამო მზერა?)

 

გავდივარ ცოტაოდენი ჰაერის ჩასასუნთქად,

მაგრამ ეს არაფრით გამომდის.

 

SIE KÖNNEN DEN COMPUTER JETZT AUSSCHALTEN.

 

და მხოლოდ მოგვიანებით -

ჰაერთან ერთად -

ცხადზე უცხადესი გახდება:

 

იქაა ერთი ასეთი ადგილი.

საშკო კრივენკოსნაირთათვის.

და იქიდან ყველაფერი მოჩანს.

 

და საქმე ის კი არ გახლავთ, რომ

იგი მანდაა, ჩვენ კი აქა ვართ,

თუმცა ძნელია ამის გამო არ დაიკრუნჩხო

ჩვენი მწვანე სამყაროს შუაგულში.

 

საქმე ის გახლავთ,

რომ ამას ჰქვია გათავისუფლება

და იგი ისევე გარდუვალია,

როგორც ნებისმიერი პირველივე ავტოკატასტროფა.

 

 

* SIE KÖNNEN DEN COMPUTER JETZT AUSSCHALTEN (გერმ.) - ახლა თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ კომპიუტერი (გერმ). გერმანული ვერსია ფრაზისა, რომელიც ჩნდება მონიტორზე Windows-იდან გასვლის შემდეგ (ავტორის შენიშვნა).

 ** საშკო (ალექსანდრე) კრივენკო (1963-2003) — ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, დაიღუპა ავტოკატასტროფაში (მთარგმნელის შენიშვნა).

 

 

GLORY TO THE CAMELS*

 

ჩვენგან ისეთი შესანიშნავი წყვილი გამოვიდა,

რომ სარეკლამო კლიპისთვისაც ვივარგებდით.

დაახლოებით ასეთის:

 

ბარის დახლთან ზის ვაჟი.

რამდენიმე სკამის იქით – გოგო.

აგერ, გოგო ხელჩანთაში იქექება.

ვაჟი მას აწოდებს

სიგარეტის გახსნილ კოლოფს.

ამასობაში გოგო მიაგნებს

საკუთარს.

ვაჟი იცინის.

გოგო იღიმება.

 

მომდევნო პლანი:

 

ორი კოლოფი «ქემელი» ბარის დახლზე

გვერდიგვერდ,

გვერდიგვერდ.

 

საფერფლე,

ნამწვები,

კვამლი.

 

მერე ისევ:

ვაჟი და გოგო ერთად გამოდიან ბარიდან.

გასაგებია, მყოფადში.

 

წარწერა:

სიგარეტი «ქემელი» თავისთავად საუკეთესო მიზეზია გასაცნობად.

 

დარჩა რამდენიმე წვრილმანიღა:

 

მუსიკალური ფონის მოძებნა,

ინტერიერსა და მასობრივ სცენებზე მოლაპარაკება,

სამომავლო ამბების გადაწყვეტა.

 

თავდაპირველად იყო რამდენიმე

არცთუ ურიგო წერილი.

მერე იმ ორისგან ერთ-ერთს წერილის მოწერა დაუგვიანდა.

მერე ეს იქცა ნორმად, მერე მოვალეობად იქცა

ორიოდე სიტყვის მოწერა.

ცხოვრებამ ყველაფერი თავის ადგილზე მოაქცია.

ახლა ამაზე ფიქრიღა დამრჩენია:

იყო კი საერთოდ რაიმე, კვამლის გარდა?

 

მაგრამ რა ეშმაკად სრესდი შენ, მონსტრო,

საფერფლეში ყვითელ ნამწვებს

ისე განწირულად, როგორც მეაქლემე,

რომელიც შემთხვევით შეუშვეს ღირსეულ საზოგადოებაში?..

 

*GLORY TO THE CAMELS (ინგლ). - დიდება აქლემებს.

 

უკრაინულიდან თარგმნა რაულ ჩილაჩავამ

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE