Feeling incomplete


Feeling incomplete




                                                      (ფრაგმენტი რომანიდან)

                   ...

 

                        45 mn.

 

                        ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩვენ გარკვეული დისტანციიდან ვუყურებთ ამ სოციალურ (თუ ანტისოციალურ) პრობლემას. სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ა) ეს ხალხი (ტაქსის მძღოლები, ავტობუსის მძღოლები, არამძღოლები თუ სხვ.) იმ ფასეულობებით არის აღზრდილი, რომელიც არავის არასდროს არ დაუყენებია ეჭვქვეშ. ანუ ის მოძალადე კი არაა, არამედ ჰგონია, რომ ეს ასეა და მორჩა, რადგან მან ასე იცის, ასე ასწავლა "კულტურამ", რომელშიც ის აღიზარდა "ქალი გვერდით დაუჯდა - ესე იგი, ბ...ია". ამ დროს, ვინმემ ასწავლა, აუხსნა, ჩააგონა, რომ ეს ასე არაა? ბ) ცოტა ყურს ჭრის სიტყვები "ტაქსისტი", რადგან ნებსით თუ უნებლიეთ კონკრეტული საქმიანობის სტიგმატიზაციას ახდენს, ანუ დამაკნინებლად ისმის. რას ნიშნავს "მძღოლი"? ირონიას რომ თავი დავანებოთ - ყველა ტაქსის მძღოლს რომ სამ-სამი დიპლომი აქვს - რეალურად მართლაც უამრავ ადამიანს მოუხდა ამ საქმით დაკავება ეკონომიკური პრობლემების გამო და კულტურული დონით თუ ინტელექტით ბევრს გაუწევენ კონკურენციას. ჩემი რჩევა იქნებოდა, არ გვეხმარა სიტყვა "ტაქსისტი", არამედ მამაკაციპასიური მოძალადე და ა. შ. მაგრამ, ცხადია, ეს არ ნიშნავს იმის უგულვებელყოფას, რომ ქალს, მინიმუმ, უხერხულობა არ ექმნება "წინ ჯდომის დროს". ალბათ - ალბათ კი არა, დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ 20-დან 18-ს უსიამოვნო განცდა რჩება, თუკი ის საჭესთან მჯდომი უცნობი მამაკაცისპასიური მოძალადის გვერდით აღმოჩნდება. მაგრამ შეკითხვა ასეთია: ის იმიტომ ძალადობს პასიურად, რომ ბუნებითაა მოძალადე თუ სოციალურ-ისტორიულ-ყოფით ნიშნებს ენდობა, სადაც ქალის მისგან ხელმარცხნივ (თუ ხელმარჯვნივ) დაჯდომა გარკვეული სიგნალის მატარებელია? გვერდით დამიჯდა - მაშასადამე, გარკვეულ აქტს პოზიციონირებს. ეს ნიშნები კი საქართველოში დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა. შესაბამისად, აქ მოძალადეებთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ არასწორ "სიგნალებთან", რომელთა შინაარსიც უნდა შეიცვალოს. ეს და ამგვარი დისკუსიები კი ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა.

 

          პ. ს. აქვე მივმართავ იმ პირებს, რომლებიც "თავისუფალი დამსწრეების" სტატუსით სარგებლობენ. ჩემი ლექცია "სტალინი - პიროვნების კულტი და უკულტურო ნაციონალიზმი პოსტსაბჭოთა საქართველოში" გაიმართება მომდევნო ხუთშაბათს. დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ.

 

          74 like.

 

            - ე. ი. სანამ პასიურ მოძალადეებს სიგნალების სწორად წაკითხვას არ ვასწავლით, მანამდე ქალებმა თავი შევიკავოთ წინ დაჯდომისგან?

 

          - მე წინ იმიტომ არ ვჯდები, რომ სისულელეებზე ლაპარაკი მეზარება... და ტაქსისტები უმეტესად ენას ვერ აჩერებენ. ან პოლიტიკაზე ლაპარაკობენ, ან მანქანის ნაწილებზე... ან თავიანთ დიად წარსულზე...

 

          -  ქართულ ტაქსებში მამაკაცის სუნი დგას.

 

            1-ლი: მე არ მითქვამს, რომ ქალებმა (ან კაცებმა) განათლების კურსები უნდა ჩაუტარონ ტაქსის მძღოლებს, მე ვთქვი, რომ ამ საკითხს კომპლექსურად უნდა შევხედოთ - სოციალური და მენტალური გამოცდილების კუთხით. მე-2: მოძალადე მოძალადეა, თუკი ის ძალადობს, რეაქციაც შესაბამისი უნდა იყოს - განათლების საკითხი აქ მეორეხარისხოვანია. მე-3: ვისწავლოთ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა. მე-4: ვიაროთ ფეხით, ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის იქნება უკეთესი.

 

          - ანუ გვერდით დავუჯდეთ თუ არ დავუჯდეთ, ვერ გავიგე?!?!

 

          მგონი, ძალიან კარგად გაიგეთ ყველაფერი. თუ ვერა, იხ. ჩემი ტექსტი.

 

          - სინამდვილეში, ძალიან მარტივადაა ყველაფერი... ტაქსისტი კაცების უმეტესობა მოძალადეა... მთელი დღე მანქანაში არიან, ტვინი ულაყდებათ და სექსი უნდათ... ვიღაცა მიყვებოდა, რომ დიდხანს ჯდომისგან აქვთ მუდმივი ერექცია... ხნიერებს - არა. ყველაზე საშიში ასაკი ამ მხრივ - 45-იდან 55 წლამდეა. ქალებმა არ უნდა გარისკონ ამ ასაკის კაცების გვერდით ჯდომა მანქანაში. ძალიან ახალგაზრდები და ხნიერები საშიშები არ არიან.

 

          - ტაქსის რომ გავაჩერებთ, სანამ ჩავჯდებით, მძღოლს ასაკი უნდა ვკითხოთ? "საით?“ - "ჯერ მიპასუხეთ, რამდენი წლის ხართ?"

 

          7 like.

 

            ისევ მათ სტიგმატიზაციას ვახდენთ. თუმცა მესმის - ხუმრობა გვინდა და ვხუმრობთ. ზოგს ეს წარმატებით გამოუდის, ზოგს წარუმატებლად.

 

          - ეწყინა. მგონი, გავაბრაზეთ.

 

          ნამდვილად არა, უბრალოდ ძალიან ბევრი საქმე მაქვს და დროებით უნდა დაგემშვიდობოთ.

 

          10.

 

          nika-ს არ უყვარდა, როცა არ ეთანხმებოდნენ, მით უმეტეს, მისი აზრით, ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე, ამიტომ მართლაც გაღიზიანდა და გაბრაზდა კიდეც, რომ შესაძლოა სხვებს დაანახა თავისი გაღიზიანება. განსაკუთრებით emma უშლიდა ნერვებს - ეს აქტიური და მოკამათე ფსევდონიმი, რომელიც შემაწუხებელი ფამილარულობით ეხმიანებოდა. ცხადია, თვითონ ვერ დაწერდა, მაგრამ nika სიამოვნებით წაიკითხავდა სხვის მიერ დაწერილ ტექსტს, სადაც მას პირფერულად (და ობიექტურად) შეაქებდნენ: "nika, რატომ იღლი თავს უსაგნო კამათით? რატომ უყრი ღორებს მარგალიტს?" მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ასე არავინ გამოესარჩლებოდა, მათ შორის, ყველაზე ახლო მეგობრები და ოჯახის წევრებიც კი (ოჯახის წევრებზე საერთოდ არც ღირდა ლაპარაკი). ამ დროს, როგორ სჭირდებოდა, რომ დროდადრო ვინმეს დაეცვა (თუმცა თავი ისე ეჭირა, რომ სულაც არ სჭირდებოდა გამხნევება), მაგრამ რა მოხდებოდა, რომ ღიად და ერთმნიშვნელოვნად შეექო ვინმეს და თუნდაც ასე დაეწერა: ხალხო, იმ ცოდნის მეათედი მაინც რომ გქონდეთ, რაც nika-აქვს, კიდევ გექნებოდათ უფლება, რომ მას შეპასუხებოდით, მადლობა თქვით, რომ მისი პოსტების წაკითხვის საშუალება გაქვთ და ამ ადამიანის მეგობრობით სარგებლობთ, თორემ ერთ დღესაც მობეზრდება თქვენთვის ელემენტარული ცნებების განსაზღვრება და წავა. ისედაც მილიონი საქმე აქვს!.. ხალხო, ისწავლეთ, მოუსმინეთ, ნუ ეკამათებით...

            nika-ს უნებლიეთ გაეღიმა კიდეც ამ ორიგინალურ შესაძლებლობაზე, თუმცა, როცა კიდევ ერთ მოკამათეს წააწყდა თავისი ტექსტის ქვეშ, თავში გამოუქვეყნებელ ტექსტად გაურბინა დიდი ხნის წინ ჩამოყალებულმა გადაწყვეტილებამ: "უნდა გამოვიდე აქედან".

            nika-ს გაახსენდა, რომ სახლში შემოსვლისთანავე მიუჯდა თავის კედელს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ქუჩაში ყოფნის დროს ეფსმოდა, ჯერაც არ შესულა საპირფარეშოში. საერთოდ, ჩვევად ექცია ხელების ხშირი დაბანა, ახლა კი ესეც დავიწყებოდა, და რომ არა ხელებიდან ასული სუნი - სხვისი სუნი, სუნამოსი, საჭმლის, თუ ორივესი ერთად, - ალბათ, ეგონებოდა, რომ ხელები სახლში შემოსვლისთანავე დაიბანა. კიდევ დიდხანს გაუძლია ამ სუნით, ამ ტკბილი სიმყრალით, რომელიც სხვისგან აკრობოდა და თითქმის გულისრევით ახსენებდა იმ სხვას... ამ დროს, ორი საათის წინ სულაც არ ფიქრობდა ასე - არათუ გული ერეოდა, არამედ პირიქით, ძალიანაც უნდოდა მასთან შეხვედრა (თუ არა მხოლოდ შეხვედრა). დღევანდელი დღე, უფრო სწორად, საღამო ამ დამღლელი ამპლიტუდით ეცხოვრა - სიმპათიიდან გულისრევამდე (სწორედ გულისრევამდე, არც მეტი, არც ნაკლები), რაც უკვე მესამე თვეა ჩვევად ქცეოდა: საღამოს ხუთ საათზე - სიმპათია, შვიდი-რვაზე - გულისრევა, სიმპათია, გულისრევა, სიმპათია, გულისრევა... რეალურად ერწყევინებოდა ამ სუნზე და არა ფიგურალურად. ეს კი იმიტომ, რომ ხუთზე ჯერ კიდევ არ ჰქონდა მასთან სექსი, რვისთვის კი უკვე მოლეული ჰქონდა.

 

            11.

 

          nika ხელებს იბანდა, ნიჟარის ხვრელში ჩამავალ წყლის ნაკადს უყურებდა და nina-ს მიერ შვილისთვის მექანიკურად თქმული სიტყვის შესახებ ფიქრობდა ("მიყვარხარ"): ნეტა როდის იყო ეს ადამიანი ნამდვილი? ან ვისთან იყო ნამდვილი? შვილს ყურისმომჭრელი ტექნიკურობით, ფორმალური ემოციურობით ეუბნებოდა ამ სიტყვას, ისე, თითქოს რაღაც რუტინულს უდასტურებდა (სხვა რომ უფრო მოკლედ - ok-ok-ს იტყოდა), და თითქოს nika-ს გასაგონად, რომ ამას დაენახა, არა, გაეგონა, როგორი ურთიერთობა ჰქონდა დედა-შვილს. "აქ ჩამოგსვამ, სორი". ჰო, აი, თუნდაც ეს სორი! ხომ შეიძლებოდა "ბოდიში" ეთქვა ან "მაპატიე, რა". არა - სორი, რომ ვითომ sorry-ს მთქმელი ქალია, ამ დროს, ალბათ, ორ წინადადებას ვერ გეტყოდა ინგლისურად შეცდომის გარეშე. რას მალავდა?

            სექსის დროს? რაღაცნაირად კომიკურად რომ იბჯენდა თავზე ხელებს? თუ ორგაზმი ჰქონდა ნამდვილი? გამორიცხულია, რომ თავი შეეკავებინა სიმულაციისგან, ან შეიძლება ასე სიმულაციურად აღწევდა სიამოვნების პიკამდე. სად არ ტყუოდა?

            იქნებ ჭამის დროს? როცა ამბობდა, რომ აი, ძალიან შიოდა. მაგრამ ამასაც რაღაც არადამაჯერებლად ამბობდა - თითქოს იმიტომ, რომ არ იცოდა, რა უნდა ეთქვა.

            დღეს რა უთხრა? "მოგეწებე". ესეც არცთუ გულწრფელად. თან "მოგეწეპე" და არა მოგეწებე. პ ბ-ს ნაცვლად.

            ან ოფიციანტს როგორ უღიმოდა? ისე, ვითომ ძალიან კულტურული ყოფილიყო.

           და მისი კედელი? როცა წერდა, რომ ტელევიზორისთვის ორი თვეა არ ეყურებინა ან ვითომ რაღაც პოლიტიკური სიახლე რომ არ იცოდა ხოლმე... "მე არ ვუყურებ ტელევიზორს!" რა არადამაჯერებელია! სახლში დღე და ღამე ტელევიზორი ექნებოდა ჩართული და, ალბათ, ჭამდა თავის ტელეფონში ამოყრილ ინფორმაციას!.. ინფოფაგი!.. ან გულებს რომ უხატავდა უცნობებს და ნაცნობებს... თუ იქნებ სწორედ იქ  იყო ნამდვილი? როცა ძალიან სერიოზული სახით, საქმიანად უსვამდა ათობით like-ს თავის პირველ თუ მეორეხარისხოვან მეგობრებს?! ჰო, ამ დროს, როგორც წესი, წარბები შეჭმუხნული ჰქონდა, ტუჩები ოდნავ მოღრეცილი და მთელი თხემიდან ტერფამდე დაძაბული იყო - ალბათ, ძვლებიც კი უმკაფიოვდებოდა კანქვეშ, რადგან ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნებდა ამ პროცედურას - ეს ხომ ყურადღების სიმპათიები იყო, გულუხვად გაცემული like-ბი ტექსტების წაკითხვის გარეშე... სავალდებულო რიტუალი, ავანსად გაცემული მოწონება, რომელიც მასაც დაუბრუნდებოდა სხვებისგან... აი, სად იყო ნამდვილი, თუკი ეს სინამდვილეა.

            გულისამრევია!

            nika ბოლო ოთხი თვეა ამ კონტრასტული შეგრძნებებით ცხოვრობდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ხელახლა აღმოცენებული სურვილი ოთხ-ხუთ დღეში სრულიად გამოუდევნიდა გაღიზიანების არამკაფიო მიზეზებს.

 


 


 


 

            12.

 

          nika ისე მიუბრუნდა თავის მაგიდას, რომ არც შეუხედავს სხვა ოთახებში. რაც მოვიდა, მისი საარსებო ტერიტორია დერეფანი, ეს პატარა საძინებელ-კაბინეტი და ტუალეტი იყო, უფრო ზუსტად, ორი სტიქია - წყლის (მოფსმა, ხელისბანა) და ილუზიის (ვირტუალური პლატფორმა). რაც სახლში ხდებოდა, ამას სხვა ოთახებიდან გამომავალი ხმებით ხვდებოდა - მამის ხველება, ფილმის (ან მულტფილმის) სიუჟეტის გამამძაფრებელი მუსიკა, ვიღაცის ნაბიჯები, ზანტი გადაადგილება კედლის უკან...

            nika-მ  ხუთშაბათის ლექციის თეზისები ამოანათა ეკრანზე, საიდანაც საყვედურით ამოჰხედა ახალგაზრდა და უდაოდ სიმპათიურმა იოსებ სტალინმა (იმხანად კობად წოდებულმა), რომელიც თითქოს უსიტყვოდ უმტკიცებდა თავის მარადიულ აქტუალობას: თქვენნაირები ვერაფერს დამაკლებენ, მე მაინც ვეყვარები პენსიონერების ხუთ პროცენტს.

            nika-ს მეორე თუ მესამე თეზისად მიეწერა სტალინის ვაჟის სიტყვები (უმცროსი დის მიმართ თქმული): "იცოდი, რომ მამა ადრე ქართველი ყოფილა?" სავარაუდოდ, nika სწორედ ამ მრავალმნიშვნელოვანი ფრაზით დაიწყებდა თავის ლექციას. რას ნიშნავს სტალინის ქართველობა?

            nika-მ სტალინის შვილის სიტყვებს მიაწერა თავისი შეკითხვა, თუმცა უკვე მესამე სიტყვის მესამე ასოზე (სტა...) საკუთარ გვერდზე შეხედვის უცაბედმა ვნებამ აიტანა და გახსნილი გვერდი სტალინიან-თეზისებიანად ჩააქრო. მის ბოლო ტექსტს კიდევ რამდენიმე მოწონება და ორი ცალი უინტერესო და უტიფრული რეპლიკა მიმატებოდა. უტიფრული კი იმიტომ, რომ ზოგ-ზოგიერთები ბედავდნენ და მისი ტექსტის ქვეშ იწყებდნენ ლაპარაკს განყენებულ თემებზე, რაც არა მხოლოდ nika-სთვის იყო გამაღიზიანებელი, არამედ აქ ქცევის კანონებისთვის იყო შეუფერებელი. ამიტომ არც დაფიქრებულა, ისე უცბად წაშალა "კანონის დამრღვევთა" სულელური გადაძახილ-გადმოძახილი, რაც შესაძლოა უკვე ამ ორისთვის ყოფილიყო შეურაცხმყოფელი, მაგრამ nika-ს ფეხებზე ეკიდა, რადგან ბავშვობიდან ვერ იტანდა თავხედებს. აქვე იმ მომღერლის დედის უშველებელ ტექსტს გადააწყდა, ვისაც პოლიტიკურად ანგაჟირებულ რუს დირიჟორთან ერთად ემღერა და არანორმალურად ისიამოვნა - თითქმის სამი წუთის განმავლობაში - მომღერლების თუ დედების მხარდამჭერების ურთიერთშეურაცხმყოფელი პოლემიკით. და, უცნაურია, მაგრამ ნაწყენი და აქტიური დედის პასუხის პასუხის წაკითხვის შემდეგ, მისი ბოლოდროინდელი სალექციო თეზისების მთავარ გმირზე - სტალინზე მოუნდა პატარა ტექსტის დაწერა, ოღონდ არც ახალგაზრდა სტალინზე და არც ხნიერზე, არამედ სტალინზე, რომელსაც ქალად ხედავდა.

 

            13.

 

          10 mn.

 

            ორი სიტყვა "დედების პოლემიკაზე" (აი, ახალი სამუშაო ტერმინი შემოვიტანე, დამიფასეთ...), რომელსაც ცოტა ხნის წინ გავეცანი. ვკითხულობ ცნობილი დივების დედების მიმოწერას (კინაღამ დევების დავწერე... ოჰ, ეს ფროიდისტული წამოცდენები!) და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ყველა ადამიანში ცოცხლობს ტირანი და ეს ტირანები, ბუნებრივია, საშინლად ვერ იტანენ, როცა კონკურენტი უჩნდებათ. პირველი დედა-ტირანი საყვედურობს მეორე დედა-ტირანის შვილს, მეორე დედა-ტირანი კი უკვე პირველს ესხმის თავს. სინამდვილეში, აქ არა მომღერლების სიმღერაარსიმღერაა, არამედ შვილების წარმატებებში რეალიზებული და ნიჭიერი შვილების შემქმნელი "უნიჭო" დედების კონფლიქტი. ერთგვარი დედასტალინების და არა მამების. ორმა დედასტალინმა შვილებში ჩადო ყველაფერი, რადგან ორივეს პროფესია "დედობა" იყო და, სავარაუდოდ, სხვაგან არც "უმუშავიათ" არასდროს (ბევრს ვიცნობთ ასეთებს - შვილებში "რეალიზებულებს"), და ახლაც სწორედ დედასტალინები განუსაზღვრავენ შვილებს, თუ ვინ და რატომ უნდა ჩათვალონ მტრად. დედასტალინმა ზუსტად იცის, სადაა მტერი! მე კლასშიც კი მყავდა ვუნდერკინდი, რომელსაც ტირანი დედასტალინი ჰყავდა მშობლად, რომელიც მთელ მის დროს და შეხედულებებს აკონტროლებდა და, ბუნებრივია, იმათაც, ვისთანაც ამ საბრალო და ნიჭიერ ტყვეს ეძლეოდა მეგობრობის უფლება. საინტერესოა, რომელი დედასტალინი მოიგებს ამ ბრძოლაში? არმიები, რასაც ვუყურებ, ორივეს საკმარისად ჰყავს მობილიზებული.

          p. s. კიდევ ერთი სიმბოლური მინიშნება: მოგეხსენებათ, ისევე, როგორც თბილისში გვიდგას "ქართლის დედის" ქანდაკება, ასევე ერევანშიც "ჰყავთ" თავიანთი "დედა-სომხეთი" (თბილისური "ქართლის დედის" მსგავსი), ჰოდა, საინტერესო ისაა, რომ ეს "დედა-სომხეთი" ამჟამად დგას კვარცხლბეკზე, რომელზედაც ოდესღაც სტალინის ქანდაკება იდგა. 1956 წელს სტალინი მოაძრეს, ხოლო გამოთავისუფლებულ კვარცხლბეკზე "დედა-სომხეთი" შედგეს. ეს კი, მგონი, სულაც არაა შემთხვევითი: მამის კულტს დედის კულტი ენაცვლება კავკასიაში. დიქტატორი მამა დიქტატორმა დედამ შეცვალა. ეს ნახევრად ხუმრობით.  

 

          100 like.

 

            - დედასტალინი... შედევრია!!!

 

          - ცოტა მარტივად რომ წერო - არა?!

 

          - მეორე მოუგებს.

 

          - "დედა-სომხეთის" ისტორია არ ვიცოდი! იმასაც ფიალა და ხმალი უჭირავს?

 

          - ხელები შორს ქართლის დედისგან...

 

          - უი, რამხელა ანალიზია, ნეტა რა აუცილებელი იყო ამხელა ტექსტის დაწერა ორ ფსიქოპატზე?

 

          ეს ბოლო რეპლიკა ისევ იმ emma-ს ეკუთვნოდა, nika-ს რომ უტიფრულად ეკამათებოდა, ჰოდა უცებ ყელში ამოუვიდა ეს მატრაკვეცა და ის ჩაიდინა, რასაც ძალიან იშვიათად შვრებოდა: მეგობრების ჩამონათვალიდან გააძევა. ძვირფასო emma, სხვაგან და სხვასთან წერე ამ უტიფარი და თავდაჯერებული ტონით! 

            nika-მ კმაყოფილი ღიმილით გადახედა თავის ტექსტს, ორი გამორჩენილი ასო ჩაამატა და მადლიერების ნიშნად ერთ-ერთი კომპლიმენტის ავტორს დაუსვა მოწონების ნიშანი.

            - რას შვები, ნიკა, გაგიჟდი შენ? - შემოესმა პრობლემის ხმა.

            პრობლემა კართან იდგა და nika-ს გაკვირვებული სახით უყურებდა.

            პრობლემას გრძელი ხალათი თუ ღამის პერანგი ეცვა (სიბნელეში არ ჩანდა), სწორი ქერა თმა მხრებამდე ჩამოშლოდა და წყენისგან თუ, შეიძლება, უკვე რისხვისგან, პატარა ღაბაბი უქანქარებდა.

            - არა, - გაუღიმა nika-მ, - უბრალოდ, ვერ გავიგე, რა გინდა. არ შეიძლება, რომ ყველა ჩემ პოსტზე არ დაწერო კომენტარი?

            - და ამის გამო უნდა ამომშალო? ვერ ხარ შენ?!

            - დიახ, ბატონო, იმიტომ, რომ განწყობას ქმნი ნეგატიურს... ერთი რომ ხედავს უარყოფით და თან აგდებულ კომენტარს, სხვაც იგივე ტონალობაში აგრძელებს.

            - უიმე, რა დაწერე შენც ამისთანა...

            - ამას რა მნიშვნელობა აქვს. არ შეიძლება, რომ არ წერო ჩემს კედელზე, არ მოიწონო და საერთოდ, ფეხებზე დაიკიდო, ვისზე და რაზე ვწერ?! უხერხულია უბრალოდ... მართლა...

            - ვისთან არის უხერხული? ვინ იცის, რომ მე ვწერ?

            - ყველამ!

            - ვინ ყველამ?

            - აი, ვინც მაგ დახურულ ჯგუფებში გყავს, ყველამ...

            - აზრზე არაა არავინ... კოწიკას ჰქონდა ეჭვი და ისიც ვერ მიხვდა...

            - მე არ მაინტერესებს კოწიკა... შემოდი შენი სახელით, არ წერო ფამილარული სისულელეები და აღარ ამოგშლი.

            - დედა, შენ როგორი პრობლემები გქონია... უკაცრავად, რა...

            - მე არ მაქვს პრობლემები, შენ გაქვს.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE