* * *
სიკვდილის ვარცლში ფეხჩადგმული
კუბოს ითლი და ღეჭავ თამბაქოს
ცოლი სარკმლიდან გადმოგყურებს
თავშლის სწორებით
თვითონ ზურგზე გრძნობ ჩამქრალ თვალებს
ტკივილს
სიყვარულს
და გაწევს ტვირთად მისი ცხოვრება
ცოლის გადაღლას
დამჭკნარ ღაწვებს
დაბეჩავებას
შენს თავს აბრალებ
სიკვდილშამაეწუხრა დგება დაცლილი სოფლის
წყალწყალა რწმენა შეგრჩენია
როგორც სიბრმავე
და კვდები
კვდები
თან სიკვდილიც არ გაქვს სამყოფი
გადააფურთხებ მწარე თამბაქოს
ცდილობ სული გადააყოლო
მზის გადაწვერას
გადააყოლო გაჭირვება
ცოდვა
სიბრალე
ცოლი კი გზვერავს
შეპარვია მასაც სიბრმავე
და მისი მზერა
გინგრევს ნეკნებს
გინგრევს სოფელს
მიწას ხლეჩს და
რაც ცოლი გახდა
გაგიძნელდა სიტყვა „მიყვარხარ“
ამასობაში დაგიბერდა
დაგიბეჩავდა
ურვა დაბერებისა
გაიარა ბერდიამ მამულში, დადო ქვა და თქვა: “აქ დავბერდი”
გაიარა ჭირ-ლხინში ბერდიამ, დადო ქვა და თქვა: “აქ დავბერდი”
ბერდიამ გაიარა სინდის-ნამუსში, დადო ქვა და თქვა: “აქ დავბერდი”
ჯვარში გაიარა ბერდიამ, დადო ქვა და თქვა: “აქ დავბერდი”
გაიარა ბერდიამ ცოლში, დადო ქვა და თქვა: “აქ დავბერდი”
სიცოცხლეში ბერდიამ გაიარა, დადო ქვა და თქვა: “აქ დავბერდი”
გაიარა ბერდიამ,
ვეღარ ნახა ქვა დასადები, დაბერდა და თქვა: “ყველაფერი ვადით არი.”
ფსალმუნი
"Google"
/ლარი პეიჯი, სერგეი ბრინი / 1996.
ვინც დაიძინებს - გადარჩება.
ვინც თვალს დახუჭავს - გადარჩება.
ვინც ჩუმად იქნება - გადარჩება.
ღმერთო სთხოვე ადამიანს - დაიძინოს.
ღმერთო სთხოვე ადამიანს - დადუმდეს.
ღმერთო სთხოვე ადამიანს - არ მიგატოვოს.
პურის ნამცეცებში გეძებ.
www.google.com
ღმერთი - :ძებნა: :იღბალს მივენდობი:
თქვენი შეკითხვა; - “ღმერთი” –
არ მოერგო არცერთ დოკუმენტს.
რჩევა-დარიგება:
დარწმუნდით სიტყვის მართლწერაში.
სცადეთ სხვა საკვანძო სიტყვები.
სცადეთ ნაკლები საკვანძო სიტყვები.
სცადეთ უფრო ზოგადი საკვანძო სიტყვები.
* * *
ეზო.
თოკზე ქალის და ბავშვის ტანსაცმელი.
მოთიბულ ბალახზე მიწოლილი ცელი.
ასკილის ჩრდილში სძინავს ბავშვს.
ქალი ჩრდილს ყარაულობს და
გაჭრილ თითს თავშლით იხვევს.
ურვა ქცევისა
იძახა გაგამ
წესნი ქცევისა, ყურადიღებდეთ:
სტუმარს ყოველთვის გაეგებეთ კარში და წასვლისას მიჰყევით კარამდე.
თუ მოშუღლარი შენზე კარგად ხმარობს ხმალ-ხანჯარს – ხელ გაუმართიდ.
შუღლში ძლიერად თუ დაჰკრავ ხმალს – ის იფიქრებს, შევაშინეო.
თუ ქალი გულში ჩაგივარდა და არ უნდიხარ,
შეიზიზღე, თორემ დაგაბერებს,
(წარმოდგინე, როგორ ჰკოცნის შენს მტერს კისერზე.)
თუ პურის ნახორს ფხოჭნის შვილი,
არ მიაჩვიო გაჭირვებას.
თუ ნადირთ უქმში გაერიე,
სანთელი აანთე და დაისვენე.
თუ დასევადული საკუთარი გონი იგრძენი,
გადი სამჭედლოში და ჭედე ხმალი.
ზოგჯერ ასეა, ღაბახადაც არ ვარგა კაცი.
ვინც ცხენზე დაჯდომას მოინდომებს, ჯერ ცხენს ძუა გამოუნასკვოს,
ვინც კაცის მოკვლას მოინდომებს, ჯერ გააჩინოს,
ვინც ფიცის გატეხას მოინდომებს, ჯერ დადოს ფიცი,
ვინც ჯვარის ღალატს მოინდომებს, ჯერ შეჰფიცოს ერთგულება.
ვინც არგნის გათლას მოინდომებს, ჯერ საკუთარ ფიქრს დაეყუდოს.
ერთხელ, ბისოელმა ხთისომ, ბაკურხეველი ფიცხელაური დავითი სახლში მოიწვია, მასპინძელმა ბევრი ასვა, აჭამა, კარგად გაუმასპინძლდა. გიორგით დავითს არაყმა აწყინა და გული აერია. გაწყრა ბისოელი ხთისო და სტუმარს ხანჯარი ყუაზე დაჰკრა: - იმდენად არაფრად ჩამაგდო, რომ ჩემი პატივისცემა ჩემსავე სახლში ამოსთხიაო.
და თქვენ,
გაიგონიდით:
ჭამეთ და სვით იმდენი,
რომ შეგერგოთ,
ზოგჯერ ნერწყვი იმყოფინეთ
გასაძღომად და გასაჯავრებლად.
ნაწყვეტი პოემიდან „ალდის ლექსი. ალდის სიზმრები“
* * *
საიდან მოვიდა სიკვდილი,
რომელ ქარს ჩამოჰყვა სოფლამდე,
ივლისისაა თუ იანვრისა,
რომელი ღელე გადმოიარა,
რომელ წყაროსთან გაჩერდა სულისმოსაქცევად,
რომელ წელთგზაზე არ დაუცდა ფეხი...
აათავა ბილიკი ალდიმ და თქვა:
„სირცხვილი რომ მოგადგება - სიკვდილი ეგ არი,
ბეჩავად ყოფნა და კარში ვერგამოსვლა -
სიკვდილი ეგ არი,
დიაცთან რომ შერცხვები - სიკვდილი ეგ არი.
შინ ყვირილი რო გაგიადვილდება და გარეთ ხმის გაღების შეგრცხვება - სიკვდილი ეგ არი.
სტუმრად მოსულ მტერს რომ ხელცალია ან მწოლიარე ავადმყოფი დახვდები -
სიკვდილი ეგ არი.
შენს მკვდარ შვილს ზურგში რო ექნება ჭრილობა - სიკვდილი ეგ არი.
(ეგ ორჯერ მკვდარია, გაქცეული რო ჰკვდები.)
მარტო კაცის ყოფა - სიკვდილი ეგ არი.
ცოცხალი რო ხარ - სიკვდილი ეგ არი.
ჩამოჯდა ალდი ქვაზე,
გადააფურთხა თამბაქო და თქვა: -
სიკვდილო, არც რა შენ ყოფილხარ სირცხვილზე მეტი.
......
ნეტავ შეიძლებოდეს ხორცი წაიყარო ტანიდან,
როგორც ტალავარი
და სული ზემოთ დატოვო,
ნეტა შეიძლებოდეს
ჩამოქცეული სახლის ბანი მარტო კაცის ხელით
მთელდებოდეს და იტკეპნებოდეს.
ნეტავ შეიძლებოდეს ამ ბანზე ბალღები დარბოდნენ და
კვამლი ამოდიოდეს.
ნეტავ შეიძლებოდეს,
ისეთი გუბეების დაშრობა,
შიგ ჩაწოლა რომ არ გჭირდებოდეს.
ნეტავ შეიძლებოდეს სიკვდილი მოდიოდეს
და სახლში პატიჟებდე,
ნეტავ შეიძლებოდეს,
სიკვდილის სოფელში,
იმათ მკვდართ საფლავებზე ქრისტესისხლები ამოდიოდეს,
ნეტავ შეიძლებოდეს
სიკვდილი წინ გეჯდეს, არაყს ასმევდე და
ბალღის სიცილს ასმენინებდე,
ნეტავ შეიძლებოდეს
სიკვდილს შენ საბანს აფარებდე და
თვითონ მიწას არ გაყრიდეს.
.......
რა ხნისაა სიკვდილი და
რამდენი და-ძმა ჰყავს?
ნეტავ რა ჰქვია დედას სიკვდილისას, თუ
იცის ტალავრის ქსოვა და
ლოცვა შეშინებულისა? ნეტავ თუ დაჰღამებია მამას შეშაზე წასულს
და თუ ჰლოდინებია სიკვდილი ცისპირისტეხამდე?!
.....
რა ფერია სიკვდილი?
თბილია თუ ცივი სახლში შემოპატიჟებული?
სად მიდის სიკვდილი?
სად სძინავს სიკვდილს?
* * *
პირველად რომ დავტოვე,
იდგა გოგო აკაფული დგნალივით და
საკუთარ ჩრდილს ეფარებოდა.
მეორედ რომ დავტოვე,
იდგა გოგო ნაძვივით გირჩებდაყრილი.
მესამედ რომ დავტოვე,
იდგა გოგო დანგრეული ტაძარივით
და სიმირგვლივ ქვებისგან ყორეს იშენებდა.
სამივეჯერ იდგა გოგო,
მე კი წამოსვლისას სამივეჯერ დავგორდი
ნარეკლიან ფერდობზე.
ურვა მწერალთა
გეძახით მწერალთ,
გეძახით მწერელთ;
ნეტავ რას ხაპავთ ამდენ მელანს,
ან წამკითხველი რისთვის
მოგდევთ სიტყვების კვალში?!
კაცმა იმდენი უნდა წეროს,
არ გადაასწროს საკუთარ თავს,
არც დაეწიოს
და ეს მანძილი ზომოს
გზიდან აკვნის კარბამდე.
ცოტა დაწერეთ,
ბევრს რასამ ყური დააყოლეთ,
დაისწავლეთ ენა ცხოველისა,
რადგან ერთნია მოუბარნი და არას მთქმელნი.
მოუსმინეთ მდინარისა და მყვართა სიმღერას
მემრ გაარჩიეთ კაცთა მიმართ მათი განწყობა.
დააკვირდით ყვავილებს,
გაარჩიეთ ფერები ერთმანეთისაგან,
ყველა ფერს თავისი სახელი დაარქვით,
აურიეთ ერთმანეთში, მერმე ააწყვეთ.
და თქვით რატომაა ყველა(ფერი) გარდაუვალი,
რა ბედენაა თუ სიბნელე ჩაგვყლაპავს ყველას.
დააკვირდით ქვებს,
მოუსმინეთ და გაარჩიეთ ერთმანეთისგან
არა სიმძიმით,
არა ფერით,
არა ზედაპირით,
არამედ იმით, თუ რომელი გამოდგება სახლის საძირკვლად,
რომელი კერპად,
რომელი საფლავისთვის,
რომელი კაცის კვლისთვის და დაიხსომეთ ქვის წამალი ისევე ქვაა.
ეს დაიძახა თარხნათ გაგამ
და წარმოიდგინა ფერადი ქვების ყვავილობა
მდინარის პირას.
ურვა სიცოცხლისა
გზაზე გასული,
ლოდს გვერდს აუვლი,
კენჭს კი ფეხს გაჰკრავ –
თითქოს გზას გიფარავდეს...
აი, ეგღაა ჩემი სიცოცხლე
მაგასღა ქვია ჩემი სამზეო.
* * *
როცა ყველა მდინარე დაშრება,
როცა ჩემს სახლს ობისფერი გადაფარავს
და ლურჯი სიზმარი დასრულდება.
როცა მიწით შევიმოსები,
როცა ჩამყვება ყველა სურვილი მიწაში
და მეც ჩავყვები მწვანე ბილიკს სამარისაკენ -
მეტყვი:
- შენ მოკვდი მთაზე, რომელზეც ადიოდი,
როგორც მოკვდა აარონი,
შენი ძმა, ჰორის მთაზე,“
და მე ვიტყვი:
"როდესაც ვდუმდი - გაცვითა ჩემი ძვლები
ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა"
ურვა სიკვდილისა
იძახა გაგამ წესნი მკვდრის სამარხისა;
მკვდარს სანამ სული ამოუვა,
გაიყვანეთ,
წინგარდაზე დააწვინეთ,
ერთ ხელში სანთელი დააჭერინეთ, მეორეში ხმალი
მამკვდარს ნარევში გაუთენეთ,
ნარევში მყოფნი განიბანეთ დამარხვის მერე
და დაუბრუნდით საკუთარ ჯალაფს.
არ მიესალმოთ,
და ოჯახობა არ გამოკითხოთ მოსულს, მაწეულს,
ჭირის საწყენად მოსულ კაცებს
უთხარით მხოლოდ:
“ავზედ ნუღარ შაიყრებითო”.
მიცვალებულთან შორად დადგნენ:
ჯვარის ხუცესნი,
დასტურ-ხელოსანნი,
ქადაგ-მკითხავნი,
ხოლო მატირალთ დაიტირონ, როგორც მძინარე.
დაასაფლავეთ მესამე დღეს:
სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს ან კვირაეს.
მთელმა სოფელმა დაიუქმოს.
ვისაც მოჰყვება იარაღი, უკუღმ აისხან,
ხოლო დიაცნი პურის სამ კვერს გამოაცხობენ.
ქალებმ ნაწვანი მოიჭრან და მკვდარს ჩააყოლონ.
მესაფლაენო,
თუ ამოჩნდა სხვათა სამარხი,
გაპოხეთ ძვლები კარაქით და
უკან ჩაწყეთ.
ჩაასვენეთ და დედულთ შემდეგ
სამ-სამჯერ ბღუჯით მიაყარეთ
აკლდამას მიწა.
დაადეთ ქვა და თქვით შენდობა:
“იაღიმც შახოლ იაღშია,
გზაიმც ხსნი გაქვს,
სულიმც იაღი,
ნურც ცუდ ნათქომი,
ნურც ნაქნარი ნუ გაღონებს...”
თქვით მხოლოდ ოთხი:
შანდობა მკვდრისა,
მგებრთა,
დამჩომთა
და ბოლოს ღთისა.
დაიშალეთ და განირიდეთ სამარეს მკვდრისას.
ნაწყვეტები პოემიდან „ხოგაის მინდის ახალი მითი“
* * *
მე აქ გავიზარდე,
ქაჯთსოფელში.
ამ ოთახში,
ამ ვარცლში მბანდნენ შვიდი თვე.
მერე გუდანურში გამახვევდნენ,
რომელიც სავსე იყო გირწყილებით და ნაკბენებს
ორი ჭინკა მფხანდა,
ურძნის ჯოხით.
ბავშვობიდანვე შემაჩვიეს ქრისტიანის ხორცის ჭამას.
მეც ვჭამდი, როგორც საჭამადს და
ჩუმ-ჩუმად შუაცეცხლიდან ნაცარს
ვფხოჭნიდი
და პირში ვიტენიდი.
* * *
ხმიადს კუთხეს ვატეხდი და
მოხარშული ქრისტიანის ხორცის წვენში ვაწებდი...
- ასე მინდი, ასე. კარგად გაცოხნე დ ისე ჩათქი -
მეუბნებოდა აღმზრდელი დედიკა და
თვითონ მოხარშული ხერხემლიდან
ტვინს სწოვდა.
- მიდი, ჩემო ნაწილიანო,
სხვათაზედ უკეთესო,
წმიდათ ხელიანო..
ღთისრჩეულო.
შენ თუ გაუთბობ და გაუხარებ გულს შენს დედიკას,
შენ თუ დამარხავ,
შენ თუ დაიტირებ..
მესიზმრა მხედარი,
თეთრ ცხენზე იჯდა და მეუბნებოდა:
- წამოდიო, ბალღი აღარ ხარო. –
თვალი რომ გავახილე, გუდანურიდან გველი გასრიალდა.
უნდა გავიქცე -
ვთქვი და ვარცლიდან ფეხი ამოვყავი.
- სისხლი მოიწმინდე თვალებიდან მინდი,
- სისხლი მოიწმინდე შუბლიდან მინდი,
- სისხლის პერანგი გაიხადე მინდი.
* * *
თავისმოკვლა - ერთადერთი გამოსავალია,
თორემ გაცოხნა სიცოცხლემ მინდი,
ფარდაგივით გაიფინა
და დაშნასავით გაიბლაგვა.
ეს აზრი ბაწარივით
ეხვია ყელზე და რაც უფრო იჯერებდა, მით
სულფონად გრძნობდა თავს.
გვერდზე ოთახში დედიკა გველებს კლავდა და
სპილენძის ქვაბში ხარშავდა.
ბევრჯერ უნახავს მინდის,
როგორ იხარშებოდა ქვაბში მისი ბავშვობა
გველებთან ერთად.
ამ აზრმა იმდენად დაამსუბუქა მინდი,
რომ ფეხზე წამომდგარი დედაბოძს დაეგალა
და იქვე სამფეხა სკამზე ჩამოჯდა.
იჯდა მინდი დანაკვერჩხლებული თვალებით შუაცეცხლთან,
იჯდა და ღმერთზე ფიქრობდა,
როგორც ბავშვობაზე, რომელიც არაქაჯთსოფელში დაკარგა.
ბუტბუტებდა მინდი: -
ღმერთი - ქადისკვერი,
ღმერთი - ყორე,
ღმერთი - წყალი ან წყალობა,
რომელსაც ველზე გაშლილ ქალებს ეძახდნენ მამ-ბიძები.
ისხდნენ ქალები,
ხმიადებს ნამცეცს აახლეჩდნენ და ისე ჭამდნენ თითქოს აკრძალული ჰქონოდათ და
ატრიალებდნენ თვალებს.
კაცების წყალობაზე წამოიშლებოდნენ ხოლმე,
როგორც ფრინველები ზვავის ხმაზე...
მინდის სოფელში ქალებს
ერთდროულად შეეძლოთ გახარებოდათ კაცების შემოძახილი წყალობა,
შეშინებოდათ და ამით
ბედნიერნი ყოფილიყვნენ.
* * *
ცხრა ლოგინი გამოუცვალეს მინდის.
ცხრა ფერი იცვალა მინდიმ.
სიკვდილშეყრილი ხროტინით სუნთქავდა და
ამოსუნთქვისას პირიდან ფუტკარი ამოსდიოდა.
თვალებიდან სისხლი სდიოდა მინდის,
ძუძუსთავებიდანაც..
- მაგით გამოკვებე შვილები, შე ნაწილიანო -
ბუტბუტებდა სკივრზე ჩამომჯდარი ქაჯი.
მინდი კი, ქვაკაცას დამსგავსებული,
პირქვე იწვა და გმინავდა.
იღლიებთან კასრისოდენი ხორცმეტები ეკიდა და
გამალებით იქავებდა.
- ურსა მომიტანეთ - თქვა ერთხელ მინდიმ.
არცერთი ქაჯი არ გაიჩუჩა და ისხდნენ გრძელ სკამზე დატყვრეცილები.
- ჩემი ურსა - დაიღრიალა მინდიმ და
მისი პირიდან ყვავი ამოფრინდა,
ჯერ ჭერს ეცა,
მერე მოწყვეტილი ქაზდარს დაენარცხა,
ბოლოს კი სარკმელი იპოვა და ტყვიასავით დაეშვა
საფლავებისკენ.