სილამაზის პროფილაქტიკა ანუ "ცუდი მხატვრობის აპოლოგია


სილამაზის პროფილაქტიკა ანუ "ცუდი მხატვრობის აპოლოგია




ამ რადენიმე წლის წინათ, რაღაც ყურითმოთრეულ თბილისურ არტბაზრობაზე ერთმა საცოდაობამ მიიქცია ჩემი “მაღალი ყურადღება”: მიქელანჯელო კარავაჯოს ცნობილი ავტოპორტრეტის უგერგილო ასლი ჩამოეკონწიალებინათ; დილეტანტურად გადმოხატული, ანტიკვარიზებულ ჩარჩოში ჩასმული და სამუზეუმო ექსპონატის “სტილში” - თითბრის ფირფიტაზე ამოტვიფრული წარწერით გამშვენებული...

ღმერთო, რა იყო ეს - apropriational art, ტრანსავანგარდი თუ?..

არც ერთი, არც მეორე და არც...

ელემენტარულად, “ცუდ მხატვრობადაც” კი არ ვარგოდა; “ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდ ხელოვნებადაც” კი ვერ გაასაღებდი...

არადა, ყოფილი “დახურული ბაზრის” (ასე ეძახდნენ ჩემს ბავშვობაში) სუპერმარკეტიზებულ სივრცეში “ღიად” გამოიტანეს მაღალი კულტურული ღირებულების მქონე არტეფაქტის აბსოლუტურად არაღიარებული “ასლი”.

თანაც ისე, რომ ორგანიზატორებს (თავი კურატორებად რომ მიაჩნდათ), წარმოდგენაც არ ჰქონდათ, თუ რა საყურადღებო “ფენომენს” გაუწიეს ლობირება.

არც გვარი მახსოვს ავტორისა და არც სახელი.

თავის დროზე უნდა გამეკითხა და ჩვეული თანაგრძნობა მეთქვა: ასე (“ჩემო მანასეო...”), ასე განაგრძე და რაც შეიძლება მეტი აკეთე “ცუდი მხატვრობა”; ოღონდ, კარგად აკეთე; შეძლებისამებრ კარგად...

ანდა, ღვთაებრივმა აკაკიმ რომ მისწერა ვინმე ვარდენ ღვანკითელს, იმის პერიფრაზით:

“ხატე, ხატე, ჩემო (...) თუ მხატვარი არ გამოხვალ, ხატვას მაინც ისწავლიო.”

არადა, ეტყობა, Contemporary art--ის ცოდვით სავსემ, საერთოდ მიანება ამ საქმეს თავი.

მაინც რამ გამახსენა ქართველი “კარავაჯისტი”?

რამ და, ოლეგ ტიმჩენკოს “ექსჰიბიციამ”, სახელწოდებით “HOP-გალერისტები”.

ცხადია, ამ “სეირს” წინ შესაბამისი პროექტი უძღვოდა.

აბა, ახლა უპროექტოდ რომელი თავმომწონე მხატვარი დახატავს?!

ვერნისაჟამდე დაიყარა ქალაქში ხმები...

შევედი ახორხოცებულ გალერეაში, ჩემი გამჭრიახი თვალი შევავლე ერთ “ფერწერულ ტილოს”, მეორეს, მესამეს... და “არაჩვეულებრივი გამოფენა” გამახსენდა - “ჩვენ კი გვითხრეს, შიშვლები გააკეთესო”.

გამოვიკვლიე რა საქმის ვითარება, დავასკვენი, რომ საქმე სხვაგვარადაა!

ტიმჩენკოს მხოლოდ სანახევროდ გაუხდია თავისი მოდელები - დიაცი გალერისტები; ზოგი ლამაზი, ზოგიც ალტერნატიული სილამაზის პატრონი...

ხო - მართლა, ერთი მამრიც ერია; თავისთავად ძალზე სიმპათიური ადამიანი და მხატვრობის თავგადაკლული ქომაგი.

ტიმჩენკომ თავისი “მოდელები” სოცრეალისტური კიჩის უნიფორმებით შემოსა, მათი აღკვეთილი სექსუალობა კი მისთვის დამახასიათებელი მოკრძალებით შემოგვაპარა.

აი, თურმე, როგორ წარმოუდგენია მხატვარს თავის მარჩენალ გალერისტთა (თუ ექს-გალერისტთა) იმიჯები!

იმიჯები “სავსე ქართული პატიოსნებით”...

ესპანური “ბადაგონეს”-ის ადეპტი ველასკესისეულ ინფანტათა ფარჩა-ჩაატლასებულ “ვერტუგადენებს” რომ დახელოვნებულად ხატავდა, ეს კი ვიცოდი, მაგრამ დიაცთა ღამის საცვლების მატერიას თუ ასე ხელშეუხებლად დატოვებდა, ეგ კი არ მეგონა!

მოკლედ, ვერანაირ მანუალურ ნაწერზე, როგორც არტე-ფაქტზე ვერ წავასწარი!

ყველა ნამუშევარში ალიბი დაიტოვა: მძიმე და მავნე შრომისაგან დაღლილი ქალები მცონარე მდგომარეობებში გაყინა და შეეცადა, მათი ქალური მიმზიდველობა ძირითადად წამოწოლილი პოზებით მიეპყრო.

არადა, იქნებ, სწორედ “შრომითი თემა” გამომდგარიყო უფრო უპრიანი და ეფექტური.

მახლას, ვერც “vita contemplativa” დავლანდეთ ტიმჩენკოსეულ “მახებში” და ვერც “vita activa”.

სამწუხაროდ, ვერც ცოცხალი სხეულიდან მომდინარე წინააღმდეგობა განვჭვრიტეთ და ვერც ტანი-სიმულაკრის ვირტუალობა.

“სასაცილოა აქ ეს ფარისევლური “სამწუხაროდ”! - ესე იტყოდა ვლადიმერ ილიას ძე ლენინი.

ისე, თავისებური “აზღუდი” მაინც გააპარა “ოსტატმა”, რითაც პირადად მე მომცა საბაბი, თვალი გამეპარებინა “ავტორის” არაცნობიერი ანტიპათიისადმი.

ნუ შეცბებით, ბატონებო, დამშვიდდით:

მე ახლა ვლაპარაკობ ანტიპათიაზე - არა კონკრეტულად, ოლეგის “ერთი შეხედვით” “სიმპათი-ზანტი” არსებებისადმი, არამედ მათი პირმშვენიერობის მიღმა გარინდებული საქმიანი ფლუიდისადმი.

მხედველობაში მაქვს თავად საგალერეო (თუ საკურატორო) პრაქსისი, მხატვარს “მონურ შრომას” რომ აიძულებს; თანაც, ისე, რომ ეს უკანასკნელი, რომ იტყვიან, აზრზეც არ არის, თუ რა ‘შავ დღეშია” ჩაგდებული.

სხვა ამბავია, რომ ტიმჩენკოსეული გალერეის “თოფ-მოდელებსაც” ანალოგიურ შრომად უღირთ თავიანთ უმადურ, მაგრამ საყვარელ საქმეში მოპოვებული წარმატება.

აბა, სხვანაირად როგორ გახდებოდნენ მხატვრის ყალმის ღირსნი?!

კერძო-საგალერეო სექტორი სულაც არაა ხელწამოსაკრავი ინსტიტუცია და ტიმჩენკოს “მოდელთაგან” ერთი-ორი (ან სამი-ოთხი) მართლაც იმსახურებს ბარაქალას.

და ისინი მაინც გვინდოდა, გვეხილა ზეთში კარგად ნაწერი სახით.

არც იმას დავმალავ, რომ ჩვენი გალერეები ჯერაც ვერ მიუახლოვდნენ იმ სტანდარტებს, რომ არტკრიტიკამ თავისი ვექტორი შეცვალოს და თავად “არტის” კრიტიკიდან ინსტიტუციის კრიტიკად იქცეს.

ბარაქალა ეთქმის მხატვარსაც, რომელმაც, უნებლიეთ, ასეთი “ცუდი მხატვრობით”, გალერისტთა გემოვნების თავისებური მონიტორინგიც წარმოგვიდგინა - გადაამოწმა, ვის მოეწონებოდა მისი “უსულგულო” ნახელავი და ვის - არა!

ვიმეორებ, სხვა ამბავია, რომ ტიმჩენკო უკვე საკმაოდაა გაწაფულ-დახელოვნებული “ცუდი მხატვრობის” ამ - ისევ ვიმეორებ - პრინციპულად “ცუდი ხელოვნების” საშურ საქმეში და ბეჯითად გვთავაზობს ამგვარი მხატვრობის ფაბრიკაციებს.

ტიმჩენკოს სასარგებლოდვე ვიტყოდი, რომ გამოფენილი “ფერწერა” “ფინთი” კი იყო, მაგრამ მაინც აშკარად სჯობდა იმგვარ კოლორისტულ უმწეობას, სხვები საღებავების ტკეპნითაც რომ ვერ აღწევენ.

წეღან “აზღუდი” ვახსენე.

ჟორჟ ბატაიც სწორედ ამგვარ “აზღუდებზე” (ტიმჩენკოს ნახევარნიუებში მიმზიდველი საცვლებით, ბიკინ-“ლიფჩიკებით” რომაა ჩანაცვლებული) წერდა: “ერთი პაწია ნიშანიც კი, მატერიალურ მონობას რომ გვახსენებს, საკმარისია, რათა ის იქცეს წინაღობად სურვილის (წაიკითხე: ლიბიდოს! დ.ა.) გზაზე.

და თუკი უგვანობა (“სიმახინჯეს” არ ვხმარობ!) ხშირად დაღლილობის, სიმძიმილის, დაქანცულობის ნიშანია, სამაგიეროდ, “სასურველი” სილამაზე მუდამ პირუკუა - ცოცხალ-ცინცხალი მფეთქავი ენერგიის საზრისით გვიპყრობს...

ისეც ხდება, რომ სილამაზე შრომასთან თანაარსებობს, უგვანობა კი, უქნარობასთან...

აი, შრომა კი, მაინც ვერასოდეს ვერ უზავდება სილამაზეს.

ამიტომ, თუ გვინდა, ლამაზებად დავრჩეთ მარად, თავი დავანებოთ გარჯას.

მოკლედ, ტიმჩენკომ თავად იკისრა კურატორობა, ბორის გროისის სტრატეგია გაატარა და თავისი “უხარისხო პროდუქციით” მოგვევლინა “მხატვრად, როგორც ცუდი ხელოვნების კურატორად”.

ცუდი (თუ კარგი) ისაა, რომ თავად ვერ გაარკვია, ცუდ მხატვრობას “აკეთებდა” თუ კარგს; გააზრებული რომ ჰქონებოდა “ცუდი ხელოვნების” ანატომია, მაშინ კიდევ უფრო ცუდად დახატავდა თავის HOP-გალერისტებს.

თუმცა, ამაზე უფრო ცუდი ხატვა, საბედნიეროდ, მგონი, არ შეუძლია.

და ამიტომაცაა კარგი მხატვარი; “ცუდი მხატვრობის” კარგი მხატვარი.

ახლა კი, განვაზოგადოთ:

დღევანდელი ქართველი მხატვარი, ჯერჯერობით მაინც, საბჭოთა ხელოვნების მემკვიდრეა.

საბჭოთა მხატვართა მთელი თაობები კი, არა იმდენად ხელოვნების ისტორიის მიღმა, არამედ “სხვა” ხელოვნების ისტორიაში იღვწოდნენ.

დისიდენტურმა ჟესტმა რა ხანია, ჩვენს არტრეალობაშიც ფასი დაკარგა.

რაც შეეხება ყბადაღებულ დასავლეთს, მისთვის არაოფიციალურ ხელოვნებას მით უფრო ნეგატიური რეაქცია ახლავს.

არაოფიციალური მხატვარი ხარ? Mაშასადამე, დისიდენტი ყოფილხარ!

დისიდენტი ანუ პოლიტიკანი.

პოლიტიკა კი ხელოვნების საქმე არაა.

ასეთია დასავლური ლოგიკა.

თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების (და არა “არტის”) პრეზენტაციის რეჟიმი ისევ ანტიისტორიულობაა.

ანტიისტორიულობა და უტოპიურობა.

არადა, ეს უტოპიურობა ზოგიერთმა, თავისთავად, კარგმა არტისტმა მშვენივრად მოირგო, როგორც “ბომჟის” ტანისამოსი.

ასეთ “ბომჟებს” დელიკატურად ინტერტექსტუალისტებად მოვიხსენიებთ ხოლმე.

ერთი ნაბიჯიც და, ასეთი “ინტერტექსტუალისტი” ღატაკ პოსტსაბჭოთა “ინტურისტად” შეიძლება მოგვევლინოს.

რა უჭირს, როცა ასეთი “უსახლკარო” კარგი არტისტიცაა; მაგრამ როცა სოციალური ინვალიდი იწყებს არტისტობას (თუ მედიაარტისტობას), ალბათ კარისკენ უნდა მიუთითო, ხომ?!

თუმცა, სადაა კარი?

ის მაინც ვისწავლოთ, რომ კარგად მოვირგოთ ნიღაბი ტრივიალური, საშუალო, მაგრამ, წარუმატებელი მხატვრისა, ანუ “პატარა ადამიანის” თავისებური ვარიანტი...

აი, ამისათვის კი, კაბაკოვი უნდა იყო; ილია კაბაკოვი...

მტერს ვუსურვებ, ზურაბ წერეთლის იმიჯს ეზომებოდეს!

რახან წერეთელი ვახსენე, მგონი, ის ერთადერთი ქართველი საბჭოთა მხატვარია, უფრო ზუსტად, მხატვარი-კურატორი, უკიდურესად “ცუდი ხელოვნების” - “არახელოვნების” რეპრეზენტაციას რომ ახდენს; თანაც, პირდაპირი გაგებით, სხვისი ხელოვნებისა, უფრო ზუსტად, სხვისი ნახელავის რეპრეზენტაციას...

რაც მთავარია, არავითარი “ზეწოლა” მასზე არ ჭრის;

ჯავშნოსანია, რაღა?!

“ჯავშნოსანი წერეთელი”.

და ის მძიმე, “მასონური” წინსაფარი, რომლითაც, როგორც “Гертруда“, ისე კეკლუცობს რეპორტიორების წინაშე, ჯავშნოსანივით მძიმეა და შეუვალი.

სჯობს, ისევ ჩვენი მკვდარი ვიტიროთ.

მართლაც, უცნაური სიტუაციაა, არა?!

თუკი მხატვარი ხელოვნებას, როგორც ფაინ-არტს გვთავაზობს, გამოდის, რომ ცუდი მხატვარია, მისი სურათები კი - კიჩია.

მეტიც, მისი ხელგარჯილობა პროფესიონალი კურატორის უფლებათა უზურპაციად აღიქმება.

გინდათ, იყოთ კარგი მხატვრები?

თქვენც გამოფინეთ; და რაც შეიძლება პრეზენტაბელურად გამოფინეთ “ცუდი მხატვრობა”!

ამგვარ ჟესტს სხვანაირად “არაღირებულის ვალიორიზაციას” ეძახიან.

ჩვენი არტისტები კვლავაც სტაბილური წარმატებით გვთავაზობენ უხარისხო პროდუქციას; პრინციპულად “ცუდ ხელოვნებას” კი - იშვიათად!

არადა, ასეთი, “კარგად” გაგებული “ცუდი” - უკვე წარმატების მანიშნებელია.

წარმატების მოპოვების ამ მექანიზმს გამოცდილი “ავანტიურისტები” იყენებენ ეფექტურად - ”ცუდი ხელოვნების” დამაჯერებელ სიმულირებას მიმართავენ.

უმეტესობა კი, ნაღდი, აუთენტური რადიკალურობისა თუ ტალანტის უქონლობის (რომ არა ვთქვა-უნიჭობის) გამო, ამ “ცუდ ხელოვნებას” ცუდადვე აკეთებს.

ჩვენ კი, გვესაჭიროება “ცუდი, როგორც ჯერ არს”.

მოდი, ასე ვთქვათ, აქსიოლოგიური “გაცუდება” გვაკლია.

მთავარი ისაა, რომ, როგორც ვაჟა იტყოდა, “არ უნდა გაცუდდეს ლამაზი არსი ჩვენი კაცობისა.”

სკკპ ყრილობის თეზისებივით მინდა ჩამოვაყალიბო:

1. დღეს, ჩვენში გაცილებით აქტუალური უნდა იყოს ლამენტაციები (ანუ წუწუნი) არა კარგი ხელოვნების, არამედ par excellence  “ცუდი ხელოვნების” უქონლობის გამო. პრინციპულად “ცუდი ხელოვნების” კეთება მხოლოდ ნიჭიერ მხატვრებს ძალუძთ.

2. არანაკლებ აქტუალურია საკითხი, თუ როგორ ვაკეთებთ ამ “ცუდ მხატვრობას”.

3. ჩვენს პირობებში, მხატვარს ყველაზე მეტად, არა უბრალოდ ცხოვრება, არამედ საკუთრივ სოციალური ყოველდღიურობა უჭირს, თავისი ხელოვნების სოციალური გამართლება.

4. დღეს სოციალური სამყარო ისეა აქტუალიზებული (გნებავთ, ტერაქტუალიზებული) და “სპაქტაკულიზებულ-ინსტალირებული”, რომ წარმოგვიდგება არა როგორც შედეგი, არამედ, როგორც პროცესი.

5. კითხვა, თუ როგორ ვაკეთებთ სოციალური სტრუქტურიზაციის (ე. გიდენისეული) თეორიის კონტექსტშიც, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რას ვაკეთებთ.

6. (პოსტ)თანამედროვე მხატვარი, როგორც არასდროს, არტისტი, უფრო ზუსტად, მსახიობი უნდა იყოს - მძაფრად გრძნობდეს პუბლიკას (სხვათაშორის, არც გალერისტ-კურატორებს აწყენდათ ამ “პუბლიკის” გრძნობა).

7. მხატვარს (და კურატორსაც) ისიც უნდა მოეხსენებოდეს, რომ ხელოვნება, რახანია, კონტექსტთან მუშაობას გულისხმობს. ესაა მუზეუმიფიცირებული სივრცის დესაკრალიზაცია ანუ ტრადიციული სურათის მაყურებლისათვის მიყენებული “პირველი ტრავმა”.

8. დიახ, მხატვრობაც სცენაა, უფრო ზუსტად, პირველსცენა, სადაც ერთდროულად უნდა გათამაშდეს არტისტული ხდომილება, თავის მხრივ, ინტერაქციულ ატრაქციონში რომ ჩააბამს მაყურებელს და ვან დუსბურგს თუ დავესესხებით, ადამიანს მხატვრობის საზღვრებში კი არ დახუთავს, არამედ გზას გაუხსნის ახალი რეალობისაკენ.

9. ასე იქცევა სურათი კონტექსტზე მარეგულირებელ სისტემად, რომელიც ვირტუალურ მაყურებელს დიახაც, ინტერაქციული ზემოქმედებით შეუძლია შეცვალოს. ეს ინტერაქციულობა კი, არა მხოლოდ ლოკალიზებულ, არამედ ტელემატურ სივრცეში უნდა ხორციელდებოდეს და შექმნას ახალი ინტერფეისი ექსპოსივრცესა და ვარიაბელურ მხატვრობას შორის.

10. ასე გადაიქცევა სურათი ალბერტისეული “უძრავი ფანჯრიდან” კარად, საიდანაც მაყურებელი შეიძლება მოხვდეს კონტექსტუალიზებულ ველში.

11. “ხელოვნების გაცუდება” სწორედ ამგვარ დისკურსულ ველშია მისაღებიც, გასაგებიც და აღსაქმელიც.

იური ლოტმანი წერდა, ცუდი პოეზიის გავრცელება ფუნდამენტურ ძვრებს მოწმობსო ესთეტიკურ კულტურაში.

და მართლაც, XVIII-XIX საუკუნეთა შესაყარზე, რუსულ პოეზიაში, ლიტერატურულ და პარალიტერატურულ გალიმათიას შორის ზღვარი იშლება.

სამაგიეროდ, ვღებულობთ დ. ხვოსტოვისა თუ ვ. პუშკინის ტიპის რითმიზებულ გრაფომანიას, ს. ბობროვის “მეცნიერულ” პოეზიას, ალ. პუშკინისეულ “უტოპიას”...

ცოტაა?!

აი, მიხაილ გასპაროვი კი, თავის “ჩანაწერებსა და ამონაწერებში” იხსენებს, ერთხელ ალექსანდრ პანჩენკოს, ძველი რუსული მწერლობის ცნობილ მკვლევარს უთქვამს, თანამედროვენი, ჩვეულებისამებრ, “ცუდ ლიტერატურას” ეტანებიანო.

სხვათაშორის, ეს პანჩენკო პირველად და უკანასკნელად, სტუდენტობისას თბილისის უნივერსიტეტში ვნახე რაღაც კონფერენციაზე...

მოგვიანებით, როცა წავიკითხე ლიხაჩოვ-პანჩენკოს ერთობლივი მონოგრაფია ”Смех в древней Руси” - მაშინ გამახსენდა.

ხო, მართლა! მესამე ავტორიც ჰყავს ამ წიგნს, ტექსტოლოგი (ახლა ლაპოდიკოლოგს ეძახიან) ნატალია პონირკო.

ტიმჩენკოსთვის პანჩენკო (ლიხაჩოვი არ ვიცი!) რა ავტორიტეტი უნდა იყოს, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის, მაინც მიღირდა მათი დამოწმება.

რაც შეეხება მხატვრობას, აქაც ანალოგიური სურათი იხატება - თანამედროვეებს არ უყვართ “ცუდი ხელოვნება”

და საერთოდ, ეტყობა, ეს “ცუდი ხელოვნება”, როგორც ასეთი, “ცუდია” პლიუს ნიშნით, რადგანაც, გვინდა-არ გვინდა, მაინც ხელოვნების (თუ პარახელოვნების) ჩარჩოებში ჯდება.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დეფინიცია - ”ცუდი ხელოვნება” მთელ ჟანრზეც შეიძლება გავრცელდეს.

მაგალითად, დღეს a priori ცუდ ხელოვნებად გვევლინება თანამედროვე ხატწერა; იგივე ითქმის საეკლესიო ფრესკაზეც.

ამგვარ სიტუაციაში კი, “ცუდი ხელოვნება” აუთენტურისა და მეტიც, აუცილებლის სტატუსით შეიძლება დამკვიდრდეს; იდეალურად “ცუდი მხატვრობის” თუნდაც დროებითი “გამეფება” პროგრესულ სტრატეგიად მოგვევლინოს, მისი სიმულირება კი, როგორც მოგახსენეთ, წარმატების ავანტიურული მექანიზმის სახით ამოქმედდეს.

ასე რომ, გამოტყდით, რომ “ცუდ ხელოვნებას” აკეთებთ და აღიარებაც გარანტირებული გექნებათ.

აღიარებითი ჩვენება თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს!

ანდა, ელემენტარულად, დაჯექით (მერე, დაწექით, ანდა წამოწექით, თუნდაც თქვენს “მოდელებთან” ერთად) და... არაფერი ხატოთ.

უბრალოდ, დაჯექით; უკაცრავად, დაბრძანდით.

ახლა კი, ნება მიბოძეთ, მოგიძებნოთ ვენა და ზუსტად გიჩხვლიტოთ.

ხომ ვერაფერი გაიგეთ?

აი, ასე: მთავარია, კარგად აკეთოთ-მეთქი ცუდი ხელოვნება; და ეს იქნება თქვენ მიერ ათვალწუნებული (და მიუწვდომელი) სილამაზის პროფილაქტიკა.

მოკლედ, ტიმჩენკო შეეცადა პროვოკაციას, ანუ პრინციპულად  “ცუდი მხატვრობის” დემონსტრაციას, თუმცა, გამოფენას ეს მაინცდამაინც არ დატყობია.

ვერნისაჟზე საუბარი მიდიოდა მხოლოდ “ნატურათა” მი-მსგავსებაზე და არა იმაზე, თუ რამდენად ხარისხიანი ფერწერით იყო ეს “მიმსგავსება” რეალიზებული.

საერთოდ, ტიმჩენკოს “მიმეზისი” რომ არ უჭირს, ცხადია. თუ დასჭირდა, ჰიპერრეალისტურ ტექნიკასაც ფლობს და დილეტანტურ ნაივურსაც.

ახლა კი, ისევ რეკომენდაციები. კიდევ ერთ რამეს გასწავლით: “ცუდი ფერწერა” შეგიძლიათ გაასაღოთ “კარგ ფრესკად”, “ცუდი ქანდაკება” - კარგ “თოჯინად”; მერე, ეს “ცუდი ქანდაკება” - კარგ “კინეტიკურ მონუმენტად”...     

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...

იშვიათ გამონაკლისთა გარდა, ჩვენში ძნელად ბედავენ, რათა (პ)არახელოვნება აღიარონ ხელოვნების კრიტერიუმად.

აბა, სცადეთ, და ვინმეს შეჰკადრეთ, რომ (პ)არახელოვნებას ქმნის?!

ასე და ამრიგად, თუკი დღეს, მხატვარი ხელოვნებას (ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით) “აკეთებს”, მისი “კარგ მხატვრად” ლეგიტიმაცია, რბილად რომ ვთქვათ, გაჭირდება.

დღეს აუთენტურ მხატვრად ის ითვლება, ვინც (პ)არახელოვნებითაა დაკავებული.

სხვაგვარად, როგორ გახდები Contemporary art-ის აქტორი?!

რას იზამ, ასეთია პოსტმოდერნული ხელოვნების რეჟიმი!

მაშ, ასე: გაბედულად ვაკეთოთ “ცუდი მხატვრობა” და სუყველანი გავხდეთ... “მხატვრები, როგორც ცუდი ხელოვნების კურატორები”.

კი, მაგრამ, კურატორებმა რაღა ჰქნან?

რა და, მიხედონ ხარისხიან მხატვრობას.

სამკალი ამ მხრივაც ფრიად არის...

ჰოდა, ახლა ერთად ვიმღეროთ: “ნამგალი ბიჭებო, ნამგალი, მოუსვით ბიჭებო, მოუსვით”...

სად მოვუსვათ?

სად და ტილოზე; ანდა ტილოს მიღმა...

P.S. ერთი მხატვარი მეუბნება იმ დღეს, კურატორობა რა კაცის საქმეაო...

         დავფიქრდი, ხომ იცით?!

     კაცის საქმე - კორატორების კურატორობაა-მეთქი!

A    ანდა, პრო-კურატორობა!

  

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE