B2 ვაგონის მოლოდინში


B2 ვაგონის მოლოდინში




(ეპიზოდი რომანიდან “შეპყრობილნი”)

 

შიშვლები ვიწექით და თავს ვიკავებდი, ვნების ახალ ტალღას რომ არ წამოევლო. აღგზნებას რაიმე მეტაფიზიკური საკითხის განხილვა თუ ჩამიწყნარებდა. ამიტომ ჩემს საქმიანობას შევეხე და ვერკას ვუთხარი, ირკუტსკში ექსპედიციას ველოდები, ჩრდილოეთისკენ უნდა წავიდეთ, ძველი ცივილიზაციის საძებნად-მეთქი. ინტერესის სხვა სფეროებზეც ვისაუბრეთ და განწყობა გამომიკეთდა. თუ ქალს ვერ ჟიმავ, მაშინ რელიგიას უნდა მიაწვე და შენს რწმენაზე მოაქციო - იმედგაცრუებას თითქმის სრულად გადაგიფარავს.

- აი, ქრისტიანებს იესო ჰყავთ, მუსულმანებს კიდევ - მუჰამედი. ინდოელებს ჰყავთ ეგეთი ვინმე? - მკითხა ვერონიკამ. ისე მეხუტებოდა, თითქოს მანამდე დაუვიწყარი სექსი გვქონდა და ახლა, როგორც თავის მამაკაცს, ბოლომდე მიშინაურდებოდა. მის სუნთქვას მკერდის ბუსუსებით შევიგრძნობდი. კარდიოლოგიურ კლინიკაში მრავალთვიანი წვალებისას, ტანზე სხვადასხვანაირ სამედიცინო ხელსაწყოებს მამაგრებდნენ და მკერდის გაპარსვას სწორედ მაშინ დავეჩვიე. თავს ცხვარივით ვიკრეჭდი და ეს პროცესი ძალიან მხიბლავდა. განსაკუთრებით მომწონდა ბოლოს საკუთარ სლიკინა კანზე ხელის გასმა-მიტყაპუნება.

- ინდოელებს ჩაიტანია ჰყავდათ.

- როდის?

- 500 წლის წინ.

- და რას აკეთებდა?

- ცეკვავდა და მღეროდა.

- მეხუმრები?

- არა, მართლა ეგრე იყო.

წამოიწია და შემომხედა. სანამ მისი ცისფერი მზერით ვტკბებოდი, ის ჩემს გონებაში დაფათურობდა.

- ინდოეთში უყვართ ცეკვა-თამაში, - ვუთხარი.

- საინტერესო ვინმე იქნებოდა.

- მაღალი იყო, გრძელი, მუხლებამდე ხელები ჰქონდა და ლამაზი, შავი თმა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბოლომდე გადაიპარსა. პარიკმახერს ხელი უკანკალებდა, ძლივს კრეჭდა... თან ტიროდა. შემდეგ ყვირილით გაიქცა და პარიკმახერობას თავი დაანება.

ჩაიტანიამ კი სიმღერა დაიწყო და ყველა აჰყვა. არავინ დარჩენილა, რომ არ ემღერა. ნელ-ნელა ექსტაზში შევიდნენ და გიჟურ ცეკვაში გადაეშვნენ. ყველაზე ძლიერ ტრანსში მყოფნი დიდ ხეებს ეჭიდებოდნენ და მიწიდან ძირფესვიანად თხრიდნენ - ერთ ჯერზე, სწრაფად, ერთი ამოწევით.

- გაგიჟდნენ, თუ რა დაემართათ?

- სხვებს ეგონათ, გაგიჟდნენო, მაგრამ ესენი კარგად იყვნენ.

- ხეები ცოდო არ იყო?

ვაჰ, ეს ქალის ბუნება.

- ხეები უკან ჩარგეს, - დავამშვიდე, - მორწყეს და უფრო გაიხარა.

- ამოგლეჯილი ხე როგორღა გაიხარებდა?

- რა უფრო გიკვირს, ხეებს რომ გლეჯდნენ, თუ თავიდან ჩარგულები რომ ხარობდნენ?

- რომ გლეჯდნენ.

- ჰოდა, რაც უფრო საკვირველია, ჯერ ის გაიოცე, რა.

- კიდევ ვინ იყო?

- კიდევ... - დავფიქრდი, - შანკარა ცხოვრობდა მანამდე. VIII საუკუნეში.

- შანკარა რას აკეთებდა, ისიც ცეკვავდა?

- შანკარამ თქვა, ყველანი ღმერთები ვართო.

- მართლა? დაუჯერეს მერე?

- კი,  დაუჯერეს.

- თუ ყველა ღმერთია, ადამიანი ვინღაა?

- იცი, ერთმა ბუდისტმა ბერმა არ დაუჯერა და უთხრა, იცი, რას გეტყვი, შანკარჯი: მოდი, ნუ ატრაკებ რაო.

- უზრდელი ბერი ყოფილა.

- არა, ზრდილობიანი ბუდისტი იყო. მე გავამძაფრე. “ნუ ატრაკებო”, ასე არ უთქვამს. კულტურულად ეახლა და შანკარა კამათში გამოიწვია.

- ბუდისტი რას აწვებოდა?

- ზუსტად არ ვიცი. Mმგონი, იმას ამბობდა, ისე უნდა მოვკვდეთ, საერთოდ გავქრეთო.

- აუ, ეგ ვერსია მომწონს.

- გინდა,  არა, სულ რომ გაქრე?

- კი,  ძალიან მინდა. აღარ ვიფიქრებდი. არც მთვრალ მამას ვნახავდი.

- ბუდისტი გახდი.

- არ ვიცი ჯერ. პაექრობა როგორ დამთავრდა?

- ამბობენ, ბუდისტმა აჯობა და შანკარამ თავი მოიკლა, ადუღებულ კუპრში ჩახტაო.

- რა სიმხეცეა!

- თავისით ჩახტა, კი არ ჩაუგდიათ.

- ხო, მაგრამ მაინც. მანამდე ვინ იყო?

- მანამდე კრიშნა.

- კრიშნა გამიგია.

- პატარა იყო, შავგვრემანი,  სხარტი, კარაქს იპარავდა, ფლეიტაზე უკრავდა და ათასთავიანი გველის თავზე ცეკვავდა.

- მითია არა,  ეგ?

- ინდოეთში მითხრეს, ნაღდიაო. იქ სჯერათ ეგეთი რაღაცების.

- კიდევ რისი სჯერათ?

- იმისი სჯერათ, რომ მდინარე განგი ზეციდან ეშვება და თანაც ისეთი ნაკადით, რომ შივამ თავი თუ არ დაუხვედრა, ყველაფერს წალეკავს. განგი შივას თმაში იხლართება, იტოტება, მშვიდდება და შემდეგ ასე დაწყნარებული მიედინება დედამიწაზე.

- ეგ ალბათ ზღაპარია, არა? ათასთავიანი გველი ვის უნახავს? ჩვენთანაც ხომ არის ეგეთი რამე, ზღვიდან და მიწიდან შვიდთავიანი და რვათავიანი ურჩხულები რომ ამოდიან. არც ის ურჩხულები უნახავს ვინმეს. სასწაულის მომსწრენიც არ არსებობენ და აბა, როგორ უნდა დავიჯერო? ნამდვილი ჯადოქრობა ძველ ხანაში ხდებოდა, დღეს სამყარო გულგრილობამ შეიპყრო. წმინდანების არსებობის დრო და ადგილი მხოლოდ წარსულშია. თითქოს ზოგიერთი სულ რაღაც წლების წინ ცხოვრობდა, მაგრამ მაინც ვერ შევხვდით, ვერ შევეხეთ. ისღა დაგვრჩენია, ვიძახოთ, აი, მაშინ იყო თუ იყოო.

- ჰო, მეც მიფიქრია მაგაზე.

- ამბობენ, უკვე ღირსნიც აღარ ვართ, თავს რომ რაიმე საოცრება გადაგვხდესო. ისინიც კი, ვისაც დღევანდელობის წმინდანებად აღიარებენ, წარსულს მისტირიან და ძველი ეპოქოს საგმირო საქმეებზე გვიყვებიან.

- ეტყობა, სასწაულს დრო სჭირდება, რომ დამკვიდრდეს. თანაც, ეგ ხომ ცოცხალ შინაურებზე ზეგავლენას ვერ ახდენს. მხოლოდ უცნობებზე და მომავალ თაობაზე მუშაობს და ისიც, კარგად ორგანიზებული პიარის შემთხვევაში.

- შარავანდედიანი ღვთისმოსავები აღარ არსებობენ. სამაგიეროდ, მათი ნივთები შემოგვრჩა და ამ საგნებით უნდა ვირწმუნოთ ისინი.

- რა ვიცით, რომ მათი ნივთებია? იქნებ სხვისია?

- ამბობენ, მთავარია, ირწმუნო და სხვისიც რომ იყოს, იგივე ძალა ექნებაო.

- მთავარი ნივთი კი არა, რწმენა ყოფილა.

- რაღაცნაირად, მაინც საწყენია, რომელიმე ნივთს, როგორც მორწმუნეთა მფარველის ნაქონს, ისე რომ შემოგასაღებენ. თან, მოწმის არარსებობის შემთხვევაში, ვერც შეეწინააღმდეგები.

- რა გამოდის, ეს ჩემი გაცრეცილი, ბრეტელებიანი ღამის პერანგი წმინდანისაში რომ აერიოთ, მაინც უძლიერესი რამ იქნება? - წამოვიყვირე, - ურწმუნონი უნდა გავხდეთ, გული უნდა ავიცრუოთ. ვაღიაროთ, რომ წარსულის წმინდანები რეალურად არ არსებობენ. თუ ზემოთ ვინმე კიდევ არის, ვისაც ვუყვარვართ და გული შესტკივა ჩვენ გამო, სხვა გამოსავალი აღარ ექნება, ადგება და დაგვეხმარება. სხვანაირად, დაგვკარგავს. როცა იმის რწმენა გაქვს, რაც არასდროს გინახავს, შენ გამო თავს აღარავინ იტკიებს. წადი, იცხოვრე მარტო რწმენით. და რადგან ჯადოსნური არაფერი გადაგხდომია, ისღა დაგრჩენია, რომ ათასწლეულები მხოლოდ საკუთარი მორჩილებით იამაყო. მეტი არაფერი გაბადია და უკვე გულგრილობით გამომშრალ არსებად ხარ ქცეული. მეამბოხე სული ყოველთვის მეტ ყურადღებას და პატივისცემას იმსახურებდა, ვიდრე მორჩილი. მეამბოხე ადამიანი ყველას ახსოვს. მასზე ლეგენდებს ჰყვებიან, მისაბაძი ხდება. აჯანყებული სულის დასაწყნარებლად ზეციდან ანგელოზებს აგზავნიან. Mაშინ, როცა დამჯერი კაცი საუკუნეობრივი დავიწყებისთვის არის განწირული. მისი შემგუებლობა უინტერესოა, მგონი, თვით ღმერთისთვისაც კი. შეუპოვარი დემონი უნდა იყო, ანგელოზს რომ გადაეყარო, ორთაბრძოლისას მაინც.

- ინდოეთში რა დაგკარგვია?

- არაფერს ჰგავს. თითქოს ქაოსია, მაგრამ გულში სიმშვიდეა.

- აქ, ჩვენთან,  გარეთ სიმშვიდე და გულში ტკივილია. მაინტერესებს ინდოეთი, მაგათი კაბები მომწონს. მომიყევი რამე.

- რა მოგიყვე?

- რაც გადაგხდა, რამე უცნაური ამბავი.

მიყვარს, ისტორიებს რომ მაყოლებენ. აუდიტორიის წინაშე სასაცილო ამბების მოყოლა ამართლებს. ერთხელ პირველ არხზე დამპატიჟეს, დილაუთენია უნდა მეხუმრა. თავიდან პირდაპირ ეთერში კისკისი მიდიოდა და მერე სწორედ ის აზრი მომივიდა, უცაბედად რაღაც უზრდელობა რომ უნდა წამოიყვირო: “ტრაკში თითი! ჰა-მეთქი, თითი ტრაკში!” ამ დროს ოპერატორმა წამყვანის სახე უნდა გვიჩვენოს. არა, პირადად კი არაფერს ვერჩი, უბრალოდ, სპონტანურად წამოსროლილი, დაუგეგმავი ოხუნჯობა უფრო ამართლებს. მწყინს, რომ ვერ გავრისკე. თავი ხელში ავიყვანე და დავსერიოზულდი. შესაბამისად, ფილოსოფიური მსჯელობისკენ გადავიხარე და დიალაადრიანი პანაშვიდი მივიღეთ.

- რატომ გაჩუმდი, გეზარება?

- B2 ვაგონის ისტორიას მოგიყვები.

- აუ, ასწორებს. მიდი.

- ქალაქ მათჰურის რკინიგზის სადგურის პლატფორმაზე იმ ადგილს ვეძებდით, სადაც ნახევარი საათის მერე ჰარიდვარისკენ მიმავალი მატარებლის B2 ვაგონი უნდა გაჩერებულიყო. ადგილის წინასწარ პოვნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მატარებელი ბევრი ვაგონისგან შედგებოდა, ამ სადგურში ორ წუთზე მეტხანს არ ჩერდებოდა და ზუსტ ადგილზე თუ არ დავდგებოდით, დიდი ალბათობით ვაგონამდე მირბენას ვერ მოვასწრებდით. მხოლოდ ერთადერთი ინფორმაცია მოგვეპოვებოდა: მატარებელს A ვაგონები არ ჰქონდა და ათვლა სწორედ B-დან იწყებოდა: B1, B2... და ა.შ.

ოთხნი ვიყავით: მე, პაველ რომანოვი და რუსი ქალი ბავშვით. არც მე და არც პაშამ არ ვიცოდით, ვინ იყო ქალი ბავშვით. Uბრალოდ, ჩვენთან ერთად აღმოჩნდა რაღაც ეპიზოდის მერე და...

- რა ზღაპარს ჰყვები, ნამდვილი ამბავი მომიყევი, - გამიპროტესტა ვერონიკამ, - რას ნიშნავს, “არ ვიცოდით, ვინ იყო ქალი ბავშვით”!

- საერთოდ არ მოგიყვები არაფერს.

- აი დარდი, ნუ მომიყვები.

- იმ ქალს მართლა არ ვიცნობდით, ვაგზლისკენ მიმავალნი გადავეყარეთ და გვთხოვა, მეც წამიყვანეთო.

- კარგი, დაგიჯერე. განაგრძე.

- ინდოეთში ბაქანზე რაიმეს კითხვა და ინფორმაციის მოძიება აბსოლუტური წყლის ნაყვაა. მაგრამ დამღლელი გამოთვლებით საკუთარი თავის შეცდომაში შეყვანას, სჯობს, თავი სხვას ნატიფად მოატყუებინო და მოგვიანებით შენი უბედურება მას გადააბრალო. სწორედ ამიტომ, სადგურის ბაქანზე ბოლთისმცემელი, მაღალი, წარმოსადეგი სადგურის მუშაკისადმი დადებითად განვეწყვეთ და რჩევისთვის მივმართეთ. ეჭვი არ შეგეპაროთ, აი, აქ გაჩერდებაო, - დაგვარწმუნა შედარებით ღია კანის მქონე ინდოელმა და სადაც იდგა, იმ ადგილზე მიგვითითა. კი გავიფიქრე, ასე ზუსტად სწორ ადგილზე როგორ მოვხვდით-მეთქი და ეგრევე გავშიფრე - ვაგზლის კაცი ბაქანის ნებისმიერ სხვა ადგილზეც იგივეს გვეტყოდა. ასეთი პირდაპირი ტყუილიც არ გვაწყობდა.

- ერთი წამით, რა, - გამაწყვეტინა ვერონიკამ, - ასე მხატვრულად რატომ ჰყვები? არ შეგიძლია, ჩვეულებრივად ილაპარაკო?

- იმიტომ, რომ ამბავს უხდება, - სერიოზულობას სძენს.

- თუ ეგრეა, მაშინ განაგრძე.

- რადგან პასუხში ტყუილი ეგრევე ამოვიცანით, გადავწყვიტეთ, უფრო მეტად დამაჯერებელი მატყუარა გვეპოვა და ისეთი სიცრუე მოგვესმინა, რომელიც დროში გაგვეჭიმებოდა. ამის გავიფიქრება და ვაგზლის მეორე კაცის გამოჩენა ერთი იყო. როგორც თეატრში, ის სწორედ დროულად შემოვიდა სცენაზე და ისე შეგვათვალიერა, ვითომ ჩვენი დარდი არც ჰქონდა. არადა, ხომ ვიცოდით, ჩვენი გაცურების მოლოდინში უკვე გულ-მუცელი უდუღდა. აქ ტყუილად დაყუდებულხართო,  თქვა მან. თავი სადღაც შორს გაიქნია და დასძინა, იქით უნდა დადგეთო. “ამან რომ გვითხრა, აქ იყავითო?” - ვკითხეთ გამომცდელად. მაშინ აქ იდექით და ელოდეთო. რადგან ინიციატივა მის მხარეზე იყო, როგორც გამოჩნდა, ეგრევე უცბად გაქრა - ანუ ელვისებურად დაგვიკიდა. ცხადია, ფეხი არ მოგვიცვლია, მაგრამ შფოთმა და ნერვულმა ნერწყვის ყლაპვამ იჩინა ჩვენში თავი.

“- უკაცრავად მატაჯი,” - მივმართეთ მობაჯბაჯე მსუქან ქალბატონს, - “აბა, საიდან უნდა იცოდეთ, სად ჩერდება B2, მაგრამ დავუშვათ და, იცით. ხომ ვერ გვეტყვით, სად ველოდოთ, თავ-პირი რომ არ ვიმტვრიოთ შემდეგ სირბილით.”

“- აქ ჩერდება B2, - გაგვიღიმა პუტკუნამ, - მე თვითონ B1 მაქვს, და თქვენც იქვე იქნებით, გვერდით.”

შენ გაგახაროს კრიშნამ, დავლოცეთ და იქვე დავბანაკდით.

ცხადია, ეს ქალბატონიც გვატყუებდა, მაგრამ მისი აფერა გაცილებით უფრო დამაჯერებელი და, რაც მთავარია, ნატიფი გვეჩვენა. არანაირი ბილეთი მას არ ჰქონდა - არც B1-ის, არც სხვა ვაგონის. და საერთოდ, რომელიმე ტრანსპორტის ბილეთი როდის ედო ბოლოს ჯიბეში, სანაძლეოზეც ვერ გაიხსენებდა. მარტივი გეგმა ექნებოდა: ნებისმიერ ვაგონს უნდა შეხტომოდა და იქ პატარა სივრცე ეპოვა. შემდეგ მიწოლ-მიწოლით და სხეულის სპეციალური პოზების მიღებით სივრცის გაფართოებაზე ეზრუნა.

იქნებ მართლა აქვს B1-ის ბილეთიო, იკითხა რუსმა ქალმა და ამან ჩვენში კიდევ უფრო გაამყარა სიმართლედ ტრანფორმირებული ილუზია. სრული ბედნიერებისთვის ჩანთიდან ბოსტნეულის ცხარე პარათები ამოვაცურეთ და დამშვიდებულებმა გემრიელად დავიწყეთ ლუკმვა.

მაგრამ ათი წუთის მერე აღმოვაჩინეთ, რომ პუტკუნა გამქრალიყო. ღეალურად, ჩვენ თვალწინ რომ აორთქლებულიყო, ეს მოვლენა ისე არ დაგვზაფრავდა - ხომ გესმის, ინდოეთია მაინც. ბავშვის ნათქვამმა შეგვაშფოთა, დავინახე, თავისი ფეხით, მოპირისპირე მხარეს როგორ გაცუნცულდაო. ღალატს ჰქონდა ადგილი. ველოდეთ, მაგრამ აღარ დაბრუნდა და აღარ დაბრუნდა. Aარადა, მატარებელი, სადაცაა, შემოვიდოდა.

“- რატომ წავიდა იქით? - იკითხა პაშამ, - არავინ იცით?”

“- იქნებ დაბრუნდეს, - თქვა ბავშვიანმა ქალმა, - საპირფარეშოში წავიდა ალბათ.”

“- ახლა ნამდვილად აღარ გვაწყობს B1-ის ბილეთი ჯიბეში რომ ედოს, რადგან ეს არჩეული ადგილის სისწორეში დაგვაეჭვებს, - ვთქვი მე, - მაგრამ, როგორც გახსოვთ, თავიდანვე დარწმუნებულები ვიყავით, რომ ქალბატონს ბილეთი საერთოდ არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მისი გაუჩინარება ნაკლებად სადარდებელია.”

ამ დროს კიდევ ერთ ფორმიანს მოვკარით თვალი. ძალიან გრძელი თოფი ეკიდა - პოლიციელს ჰგავდა.

ჩვენს კითხვაზე ჩაეცინა, ეგ ცოტა რთული ამბავიაო. რატომ-მეთქი. Iმიტომ, რომ მატარებელს ორივე მხრიდან შეუძლია შემოსვლა. თუ მარცხნიდან შემოვა, მაშინ B2 აქ აღმოჩნდება, თუ - მარჯვნიდან, მაშინ აგეეეე, იქითო. ხოდა, გაიგეთ, საიდან შემოდის ეგ თქვენი მატარებელი, განა ასე რთულიაო, მიაწვა პაველი. სირთულე იმაშიცაა, რომ ხან თავით შემოდის, ანუ წინ ელმავალი მოუძღვის, ხან კიდევ უკანა სვლითო, თქვა პოლიციელმა. შესაბამისად, ოთხი ვარიანტია. ეგ ოთხი ვარიანტი ორამდე დადის-მეთქი და დიახო, სწრაფად დამეთანხმა. ინდოელები გამჭრიახნი არიან, პირი დაღებაც არ გჭირდება, ისედაც ხვდებიან, რის თქმას აპირებ.

მატარებლის შემოსვლის ბევრი ვარიანტი არც იყო საჭირო, ორი ვერსიაც გვარიანად გვაბნევდა. შემდეგ რომელი მიმართულებით მიდის, ეგ თუ იცის-მეთქი ვინმემ. მიმართულებით უეჭველი ჩრდილოეთით მიდისო. აი, იქით, გზაჯვარედინია, სადაც ელმავალი ჩრდილოეთის მიმართულებით დგება და შემდეგ წავა და დაუბერავსო. ბოლოში კი პოლიციელმა თავისი განწირულობის თეორია უმძიმესი დებულებით დაგვიგვირგვინა. მან თქვა, გარტყმაზეაო. ერთი ვარიანტი აარჩიეთ და იქნებ გაგიმართლოთო. თუ ვერ გამოიცანით, აქ დარჩებითო.

პულსაჩქარებული რელსებთან მივედი და გადავიხედე: ორგანზომილებიან სივრცეს გადავყურებდი. თითქოს სიმარტივეს ვგრძნობდი: ან აქეთ, ან იქით. მაგრამ სინამდვილეში საით?

მაშინ რომანოვმა პოლიციელს ჰკითხა: რატომ თქვი,  “აქ დარჩებითო”?

“- ვითომ არ იცი, რა, რატომაც თქვა, - ვუპასუხე პაველს გაღიზიანებულმა, - ერთი ბოლოდან მეორეში გადარბენის შანსი არ გვაქვს და მაგიტომაც თქვა.” თან პოლიციელს გადავხედე და მიუხედავად იმისა, რომ მეგობარს რუსულად ვუპასუხე, ინდოელმა დასტურის ნიშნად თავი გვერდით გადააქნია. მაშინ ქალმა თქვა, მივხვდი, შუაში უნდა დავდგეთ, ორივე ბოლოსთან ერთნაირი მანძილი რომ გვაშორებდესო. ეგ კარგი იდეაოო, დაეთანხმა ფორმიანი კაცი.

“- გამოდის,რომ ნახევარი გზის გარბენა ყველა ვარიანტში მოგვიწევს. ან ერთი, ან მეორე მიმართულებით,” - ჩავილაპარაკე ნირწამხდარმა.

პოლიციელმა მხრები აიჩეჩა: რომელი სჯობს, ერთი კონკრეტული მხარე აირჩიო და გამგზავრების შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზე გქონდეს - ვაგონში ან ახვალ, ან ვერა, თუ  - ირბინო და მატარებელს შეახტეო. ცხადია, სირბილი და შეხტომა გვირჩევნიაო, თქვა ბავშვიანმა ქალმა. ხოდა,  გონიერი მგზავრი სწორედ მაგ დასკვნამდე მიდისო, გვითხრა თოფიანმა და წავიდა.

შუაში გადავედით და იქ დავდექით. დარწმუნებულები არ ვიყავით, ზუსტად შუაში რომ ვიმყოფებოდით. აბა, როგორ უნდა გამოგვეთვალა? მაგრამ არაუშავს, შანსები ხომ მაინც მეტ-ნაკლებად გავათანაბრეთ. თუმცა ინდოეთი რისი ინდოეთია, ბოლომდე რომ არ გაგაოცოს.

- რა მოხდა? - სწრაფად მკითხა ვერკამ. ესე იგი, ყურადღებით მისმენდა.

- პლატფორმა ცარიელი რომ ყოფილიყო, მაშინ კი მოვასწრებდით შუიდან რომელიმე ბოლოში გადარბენას. მაგრამ პერონი ხალხით იყო სავსე. ამდენი მგზავრი არასოდეს მინახავს. ამ მასის გარღვევას დრო დასჭირდებოდა. ყველანი შუაში რომ ვმდგარიყავით, მაშინ ერთი ნახევარი მარცხნივ გაიქცეოდა, მეორე მარჯვნივ. მაგრამ ინდოელ ფილოსოფოს-პოლიციელის პრაგმატულ თეორიას ყველა არ იცნობდა და უმეტესობამ ორ სხვადასხვა ბოლოში დგომა ამჯობინა. ვიღაცამ დაიყვირა, მოდისო და თან დაფხრეწილი დინამიკიდანაც მგონი, იგივე გამოაცხადეს. ადამიანები ანერვიულდნენ და საშინელი მოცულობის დასკოტჩილი ფუთები თავზე შემოიდეს. წინ სანდომიანი სახის კაცმა ჩამირბინა და სახეში რაღაც ჩამყვირა. ასე მეგონა, გაიძახოდა, ამ მატარებელში B2 ვაგონი საერთოდ არ არისო...

შემდეგ ვაგზლური აპოკალიფსი დაიწყო. მატარებელი შემოგუგუნდა და B2- მა ისეთი ჩაგვიწუილა, რომ ამ მორწმუნე ხალხმა, ყველამ ერთხმად შევიგინეთ და დავედევნეთ. დავინახეთ ადამიანთა ნაკადი, ზვავი ინდოელებისა, რომელიც საკუთარი ვაგონის, შ1-ისმოსაძებნად ჩვენკენ მორბოდა. მე დავიყვირე: პა...

 

ამ დროს კარზე დააკაკუნეს.

- ვინ უნდა იყოს? - ჩავილაპარაკე შეშფოთებულმა. მე და ვერკას თითქოს ყველაფერი მოსწრებული გვქონდა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ვერც ვერაფერი მოვასწარით და უფრო მეტიც, ქალი ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა და სანამ გული ისევ მოულბებოდა, მანამდე ექსპედიციებში უნდა მევლო და ტიბეტელი ქალებისთვის მეპაჭუნებინა თვალები. ახლა ეგ მაკლდა კიდევ, ისედაც დაჩაგრულ ქალთან არარსებულ სექსზე რომ წავესწარი ვინმეს.

მაგრამ კაკუნი მაინც არ მესიამოვნა. რაღაც ხო მაინც გვქონდა: ძუძუზე ვაკოცე და რამდენიმე წამი ზემოდანაც ვაწექი. კინაღამ ბიკინიც კი ჩავხადე.

- ალინაა ალბათ, - თქვა ვერონიკამ და წამოდგა. ზემოდან ჩემი პერანგი ჩაიცვა. მოქმედება ისე ვითარდებოდა, როგორც ცენზურით დაკომპლექსებულ საბჭოთა კინოში, სადაც ჟიმაობის სცენა ყოველთვის ამოჭრილი იყო. მაშინდელ ფილმებში პერსონაჟები პალტოებში კოცნაობდნენ და თუ ლოგინის სცენებში ზოგიერთები წელსზემოთ შიშვლდებოდნენ კიდეც, ის განცდა, რომ ქვემოდან სქელი ფოხანები ეცვათ, არ გვტოვებდა. ახალგაზრდებს და გამოუცდელ დიდებს გვრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მომავალში ჩვენც შეგვეძლო გვეტყნაურა ისე, რომ ტანსაცმელი საერთოდ არ გაგვეხადა. როგორც ჩანს, ეს ილუზია და სექსისადმი შიში კაცობრიობის კავკასიურ ნაწილს კიდევ დიდხანს გაგვყვება.

საწოლიდან კარი არ ჩანდა, მაგრამ ლაპარაკზე მივხვდი, რომ ქალს ესაუბრებოდა. მალევე დაბრუნდა და ისევ ლოგინში შემომიწვა.

- ალინა იყო? - ვკითხე.

- ჰო, გასაღები უნდოდა.

- არ გაუკვირდა, აქ რომ გნახა?

- მე თვითონ ვუთხარი, აქ რომ ვიყავი და რატო გაუკვირდებოდა?

გამოდის, ალინას ეგონა, რომ აქ ვჟიმაობდით. ანუ ჩემი ქალი სასტუმროს მთელ პერსონალში, თავის სტუმრებიანად და, შესაძლოა, ირკუტსკის მოსახლეობის რომელიღაც ნაწილშიც, მამისტოლა კაცთან სექსის მისტიფიკაციას ქმნიდა. თუმცა მეტს რას უნდა გამოვრჩენოდი? როგორც ჩანს, 50 დოლარი მხოლოდ მასტურბაციას ჰყოფნიდა, ისიც თვითმომსახურების ფორმით.

- მატარებელში არასოდეს ვმჯდარვარ, - თქვა ვერონიკამ, - ჩემი ბებია იჯდა ერთხელ. მოხუცი ბებო მყავდა და სიარული უჭირდა. სოფლიდან მატარებლით უნდა გაგვემგზავრებინა. ბილეთი ბოლო ვაგონში ჰქონდა და სადაც ის ჩერდებოდა, ბაქანი კარგა ხნის დამთავრებული იყო. ძალიან დაბლა ვიდექით, რელსებისა და შპალების დონეზე. ბებო კი ვაგონის კიბეზე ისე ვერ ავიდოდა, რამეზე თუ არ შედგებოდა. სოფელში ერთი ნაცნობი გამცილებელი გვყავდა და იმან გვითხრა, მე ვიცი ზუსტად, სად გაჩერდება თქვენი ვაგონიო. ტაბურეტკა მივიტანეთ და სწორედ იმ ადგილას დავდგით, სადაც ვაგონის კიბე მოუწევდა. ბებია ზემოდან დავაყენეთ და მატარებელს დაველოდეთ. იცი, რაზე გამახსენდა? შენ რომ თქვი, ცოტა ხანი ჩერდებოდაო. აქაც ორი წუთი იდგა მხოლოდ. ვაგონი ცოტა გვერდით რომ გაჩერებულიყო, თუნდაც ორი მეტრის დაშორებით, ტაბურეტკის გადადგმას და თავიდან აცოცებას ბებო ვეღარ მოასწრებდა. ანუ ელმავალი სადგურში წივილით რომ შემოვარდა, მოხუცი ქალი ტაბურეტკაზე იდგა. მემანქანის გაკვირვებულ სახეს რა დამავიწყებს. ფეხზეც კი იყო წამოწეული, ფანჯრიდან თავი გადმოეყო და ბებოზე მზერაშეყინულს კისერი უფრო და უფრო ეღრიცებოდა. გაგვიმართლა და ვაგონის კარი ზუსტად ჩვენ წინ გაჩერდა. მარფა ვასილიევნას ქვემოდან მივაწექით, გამცილებელი კი ზემოდან სწევდა და ავასკუპეთ.

რა უცნაურია, ვერონიკა მატარებელშიც კი არ მჯდარა. ალბათ ბევრი სხვა რამეც არ უნახავს ცხოვრებაში. Aრადა, მასში ღრმა გრძნობები აღმოვაჩინე, ფიქრისა და აზროვნების ნიჭი. რუტინადან გაქცევის მცდელობა. საიდან ეს ყველაფერი? ინტერნეტიდან?

- გიყვარს წიგნების კითხვა? - ვკითხე.

- ძალიან მიყვარს.

მისი ტუჩები ძუძუსთავზე მომედო. შემეღიტინა და შევიშმუშნე. კიდევ წუთები და ვნების მეორე ტალღა წამომივლიდა. მისკენ გადავიწიე, თავი ოდნავ დავხარე და მკვრივ ძუძუზე კოცნითვე ვუპასუხე. რა იცი, რა ხდება, იქნებ უკვე შემეჩვია. ეგრევე ამისხლიტა და თემა შეცვალა:

- ფსიქიატრის მადლიერი ვარ, გადავეჩვიე როგორც იქნა კიკინს.

- რა კიკინს?

- ვკიკინებდი, როგორც თხა.

- ეგ წინასწარ უნდა გეთქვა.

- რა უნდა მეთქვა?

- გიჟი რომ იყავი.

- გიჟი არ ვარ.

- ჰო, რა ვიცი, აბა... თხა თუ არ ხარ, რატომ კიკინებდი?

- ვგავარ თხას?

- ცოტათი კი.

- გეშინია გიჟების?

- ძალიან მიყვარს, ერთი სული მაქვს, გულში ჩავიხუტო.

- შენთანაც არიან გიჟები?

- იქ არიან, თუ არიან.

- რას აკეთებენ?

- ნაგავს ყრიან ზემო სართულებიდან, კატებს აწვალებენ, თავის სახლებში სვამენ, მაგრამ ფსამენ შენს კართან, არჩევნების წინ ერთმანეთს დაერევიან ხოლმე და თავ-პირს ულეწავენ - გინდა თუ არა, სამშობლო ჩვენი გადასარჩენიაო. ერთხელ პარკში დავსეირნობდი, დილა იყო,  ცოტა ხალხი. უკნიდან შარიშურის ხმა გავიგე. სწრაფად მივტრიალდი. უცნობი მამაკაცი იდგა. იცი, რა მითხრა? წელამდე შედი ზღვაშიო. სად ზღვაში-მეთქი. გააკეთე, რასაც გეუბნები, ეცადე, მარჯვენა ხელი არ დაისველოო.

ვერონიკამ სიცილი დაიწყო.

- ფერებმა მიშველა, - თქვა ცოტა ხნის შემდეგ, - ვარდისფერის ჩაცმა დავიწყე. ვარდისფერი ბავშვობაშიც არ მცმია და დიდობაში მოვირგე. გავხალისდი. იასამნისფერიც მომიხდა. ცოტა ლურჯი, ცოტა მწვანე. ერთი პერიოდი ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელიც მახალისებდა.

აი, მუსიკას კი ვერ დავუბრუნდი. ლიოხას მერე ვერანაირ მუსიკას ვეღარ ვუსმენ. ცუდად ვხდები, კანკალი ამიტანს ხოლმე და ერთი სული მაქვს, გამოვრთო. კავშირს ვერ ვპოულობ. მუსიკის ფონზე რომ ვეცემე, ანდა ვეწამებინე, კიდევ ავხსნიდი. მაგრამ ვერაფრით მივაბი, არ ვიცი, რატომ მთრგუნავს მუსიკა.

- ლიოხა ვინღაა?

-ყოფილი შეყვარებული.

გამეღიმა.

- რა გაგიხარდა?

- წარმოვიდგინე, მუსიკის ქვეშ როგორ გაწამებდა.

კარზე დააკაკუნეს.

- ალინაა, გასაღები უნდა დამიბრუნოს.

ნახევრად შიშველი ისევ კართან მივიდა და გააღო.

ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, რომ მომელანდა, თითქოს ლიოხა მოვიდა და ქალს ულაპარაკოდ ყელში სწვდა.

- ვინ არის? - წამოვიყვირე.

- შენთან არიან.

ლიოხას ჩემთან რა უნდოდა, ვერ მივხვდი. ეტყობა, საქმის გასარჩევად მოვიდა.

ვერკამ თავისი ტანსაცმელი მოხვეტა და სააბაზანოში შეხტა. სწრაფად უნდა ავმდგარიყავი და რამე ჩამეცვა. ასე ტიტველი საქმეს ნაღდად ვერ გავარჩევდი, ჩემს ნათქვამს წონა არ ექნებოდა. წარმოიდგინე, მუშტებს იქნევ და თან ყვერები გიცანცარებს.

ნაბიჯების ხმა გავიგე და ოთახში პაველი შემოვიდა.

პირდაპირ ლოგინში მწოლიარეს დამადგა. სკამზე ჩამოჯდა და გამიღიმა. უცნაურად მიყურებდა, სადღაც გვერდით. გარედან შემოყოლილ თავისსავე ფიქრს ხათრს ვერ უტეხდა და უფრო იმას უღიმოდა, ვიდრე მე - ასეთი რამ ადრეც სჩვეოდა.

შემდეგ თვალებში შემომხედა და ხელი გამომიწოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მარჯვენა ხელი დასვრილი მქონდა. საბნიდან მარცხენა ამოვყავი და ჩამოვართვი. კი მეფარა, მაგრამ საბნის ქვეშ დედიშობილა ვიყავი და ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს.

- როგორ ხარ, საშ?

ასეთ შეხვედრას ნამდვილად არ ველოდი, უცხო იყო პაველი იმ წუთას ჩემთვის და გავიფიქრე, ნეტავ, არ მოსულიყო-მეთქი.

- ისე მგონია, რომ დანაშაულზე წამასწარი, - ვუპასუხე მეგობარს, რომელიც წლები იყო, რაც ნანახი არ მყავდა.

ლოგინში წამოვჯექი, მისკენ არ ვიყურებოდი, ტანსაცმელს ვეძებდი.

- ბოდიშს გიხდი, ადრე ვერ მოვედი.

უნდა ავდგე და ჩავიცვა-მეთქი. საბანმოხურული მეც სააბაზანოსთან მივედი და მივაკაკუნე:

- ვერკა!

არ მიპასუხა. უკან მივიხედე პაშასკენ, ხომ არ მიყურებს-მეთქი და მიყურებდა. საბანი ტრაკზე უკეთესად მივიფარე და ისევ დავიძახე:

- ვერკა!

- რა იყო?

- შემომიშვი,  რა.

- რატომ?

ისევ მეგობრისკენ გავიხედე და გავუღიმე. შემდეგ სახე ღრიჭოსთან ახლოს მივიტანე და დავიჩურჩულე:

- კარი გამიღე, ნერვებს ნუ მიშლი...

ჩემკენ იღებოდა და უკან დროულად გავხტი, შუბლში რომ არ მომხვედროდა.

- ოი, ბოდიში, ხომ არ მოგარტყი?

მაგას ვინ ჩიოდა. შევედი და ერთად განვაგრძეთ ჩაცმა. ამოდენა საბანი სად უნდა წამეღო, არ ვიცოდი და ყოყმანის მერე ავხტი და ფარდის მილზე ზემოდან გადავკიდე, მაგრამ ეგრევე იქითა მხარეს გადაცურდა და აბაზანაში ჩავარდა.

- რას წვალობდი, პირდაპირ ჩაგეგდო, - თქვა ვერკამ.

- დილით ველოდი და ახლა მოვიდა, - ჩავილაპარაკე ნაწყენმა. ის წუთები იყო, სიბრაზეს როცა ვერ ვთოკავდი.

- კარგი, რა, ისეთი არაფერი მომხდარა.

სანამ იმ სივიწროვეში ფიგურისტის რამდენიმე მოძრაობა არ მოვხაზე, მანამდე შარვალში ფეხი ვერ გავუყარე. ასეთი სრიალა მეტლახი ვინ დეგენერატმა დააგო ნეტავ?! რუსებს ხომ ბადალი არ ჰყავდათ ყინულზე შეხტომა-ბზრიალ-სამნახევარ-ბრუნის კეთებაში. გამოგიტყდებით და ფიგურულ სრიალში ყველაზე მეტად ის მომენტი მომწონდა, კაცი ქალს რომ მოისროდა ხოლმე და ისიც გამწარებული ყინულზე ენარცხებოდა.

მთავარი იყო, არ ავჭრილიყავი და თავი ხელში ამეყვანა, თორემ ჩემს ფხუკიანობას მალევე ვინანებდი და სირცხვილის გრძნობა გამაწამებდა.

სააბაზანოდან ერთად გამოვედით და დერეფნამდე მივაცილე.

- დღეს პაშას გავყვები. ხვალ დავბრუნდები და გნახავ.

მის მრავლისმეტყველ ღიმილს ვერ ჩავწვდი - ალბათ დამცინოდა. აქ დამელოდე-მეთქი და შესასვლელში ჩამოკიდებული ქურთუკიდან საფულე ამოვიღე. საფულედან - 50 დოლარი. გავედი და მივეცი.

- ვერ გამოგართმევ, - იუარა ვერკამ.

- ნუ დაიწყებ ახლა. მიდი, გამომართვი.

- ვერ ავიღებ.

- მეგობრულ ამბავში გაძლევ, გამოიყენებ რამეში.

- მეგონა, ხუმრობდი, როცა ფულზე ლაპარაკობდი.

- არ ვხუმრობდი, ქალებს სხვანაირად ვერ ვაბამ.

- არაფერი გვქონია.

- ჰოდა, გამომართვი.

- დამავალდებულებს ეგ ფული...

- წამლები იყიდე. ხომ მითხარი, ძვირ წამალს ვსვამო. ჰოდა, იყიდე.

- ეგ ხო, მაგრამ...

- მინდა, რომ ხანდახან გაგახსენდე, როგორც მევალე მაინც.

ფული ხელში ჩავუკუჭე. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ქალს ფულს არარსებულ სექსში ვაძლევდი. ფულის უპრაგონოდ გაცემა არასოდეს მყვარებია - ალბათ ძუნწი უფრო ვარ, ვიდრე ხელგაშლილი. მაგრამ ახლა მესიამოვნა ამის გაკეთება. ლოყაზე მაკოცა.

ნელი ნაბიჯით წავიდა. ვერ დაველოდებოდი, სანამ დერეფნის ბოლომდე მივიდოდა. პაველს ვერ ვაცდევინებდი. სიდინჯე მაკლდა. თითქოს სამყარო დაინგრეოდა, ვინმე თუ მოიწყენდა. რამდენჯერმე ვცადე, არ ავყოლოდი ამ კომპლექსს და აღარ მეზრუნა მოსაუბრის გართობაზე. ათიდან ცხრა შეწუხებულმა ერთი და იგივე კითხვები მომაყარა: რა იყო, ცუდად ხარ? რამე შეგემთხვა? ასე უცნაურად რატომ იქცევი? Mმინდოდა,  დამეყვირა: მიდი, ახლა შენ იმაიმუნე და მე ვიხალისებ.

და რადგან ვერ შევძელი თვალის მიდევნება და ფიქრის მიყოლება, ქალი გაქრა მყისიერად, თითქოს არც ყოფილა. ჩანაცვლება მოხდა ჩემში შიგნით. ვერონიკა ინტელექტუალმა რომანოვმა შეცვალა. ქალის ტკივილს სულ მალე პაველის თვითკმარობის განწყობილება გადაფარავდა. ვიცოდი, რთულ ტექსტში ჩაბმა დამამძიმებდა. ხოლო მეგობრის სახლში გადაბარგების შემდეგ ხომ საერთოდ, ჩამოუყალიბებელი სასიყვარულო ურთიერთობა მტკივნეულ იარას დამიტოვებდა გულში,  აბსურდული ზმანების სახით, ვერმოსწრებულ მასტურბაციაზე.

 

თუმცა ნომერში სხვა რამ დამხვდა. სკამზე მჯდომ პაველს ამ მოკლე ხანში სევდა შემოსწოლოდა და ემბრიონის პოზა მიეღო. მოხრილს, ხელები მუხლებზე ჰქონდა შემოჭდობილი. იატაკს დასცქეროდა და წინ და უკან ქანქარებდა.

სწრაფადვე გასწორდა და ყოველგვარი ფორმალური შესავლის გარეშე საქმეზე გადავიდა, თითქოს გუშინდელ საუბარს ვაგრძელებდით:

- როდის დაბრუნდება ძირითადი ჯგუფი?

- არ ვიცი ზუსტად. ორ-სამ კვირაში.

- აქ რამდენ ხანს გაჩერდებიან?

- ალბათ რამდენიმე დღე.

- მერე საითკენ აპირებთ?

არ მომეწონა ეს “საითკენ აპირებთ”. ნამდვილად უნდა ხსომებოდა, ჩვენთან ერთად რომ მოდიოდა. როგორც ჩანს, მარშრუტიც დავიწყებოდა.

- ალდანს უნდა ავუყვეთ ზემოთკენ, სტანავოი ხრებეტი გავიაროთ, იქიდან ალდანის ნაგორიემდე და უსტ-მაიამდე მივიდეთ. როგორც გვქონდა ჩაფიქრებული. იმედია, გადაწყვეტილება არ შეგიცვლია და შემოგვიერთდები.

თითქოს შეკრთა, თავი ისე გააქნია, ვერ მივხვდი: თანხმობა იყო თუ უარი.

- კოროგოდინი თქვენთან არის?

- კოროგოდინი არ წამოვიდა, ერთი პოლონელი პალეონტოლოგი ჩასვეს მის მაგივრად.

წელში გასწორდა. თავი უკან გადასწია და ჭერს ახედა. ცხვირით ღრმად შეისუნთქა. ზედმეტად აღგზნებული მეჩვენა.

- რატომ არ წამოვიდა კოროგოდინი?

არ ვიცოდი, რატომ არ წამოვიდა. ვერაფერი ვუპასუხე, მხრები ავიჩეჩე.

- იმიტომ, რომ ექსპედიცია მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, - თქვა პაველმა, - ეტყობა, უფრო სერიოზული რამ გამოუჩნდა.

- ჩვენ კარგი ჯგუფი გვყავს, პაველ.

- არც მულდაშევია?

- დაზვერვით სამუშაოებს ვატარებთ. მათ არ მოეთხოვებათ ახლა ჩვენ გვერდით ყოფნა, როცა საჭირო იქნება, შემოგვიერთდებიან.

წამოდგა და ფანჯრიდან გაიხედა. დილით მეც მონდომებით ვიცქირებოდი იმავე ფანჯრიდან და შიდა ეზოსა და სასტუმროს გარაჟების გარდა, ვერაფერი დავინახე.

- უაზრობაა ეგ თქვენი ექსპედიცია, - ჩაილაპარაკა.

- ეგრე ნუ იტყვი, რა. ეგრე ყველაფერი უაზრობაა. ადრე სხვანაირად ფიქრობდი.

- ახლა ეგრე აღარ ვფიქრობ.

გაღიზიანებული იყო, მიმიკაც სხვანაირი ჰქონდა. რომანოვი ასეთი არასოდეს მინახავს. ენერგიულად ალაპარაკდა. ცდილობდა, დაპირისპირებულობის განწყობა შეექმნა. საუბრისას სწორი კონცეტრაცია ჰქონდა, მაგრამ სიუჟეტის ხელოვნურობა ვიგრძენი. უნდოდა მსმენელი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერაფერს მივმხვდარიყავი:

- რა დროს ექსპედიციაა? მალე ყინვები დაიწყება, მინუს ორმოც გრადუსზე გაჭირდება მაღალმთიან რაიონებში ასვლა. უნდა ეფიქრათ ამაზე. თითქოს სამყაროს აბსურდულობა გვაკლდეს, ახლა ჩვენც რომ ვუწყობთ ხელს ჩვენივე ბრიყვული გეგმებით. ზამთარში ყველანი ერთ ოთახში ჩავიკეტებით და ერთმანეთის ატანა მოგვიწევს. ძნელია, მთელი რვა თვე ერთ სივრცეში ყოფნა. ხშირად საყვარელი ადამიანის საქციელიც კი საშინლად გაღიზიანებს. იძულებულნი გავხდებით, ისევ ნიცშეს მივაწვეთ.

- რა დროს ნიცშე და დეპრესიაა!

- მე თვალი გადავავლე აბსურდის მამების უეცარ სიკვდილებს, სიგიჟეებს, თვითმკვლელობებს, ფინალურ მონანიებებს და ვკითხე ჩემს თავს: რა ხეირია ბოლოსდაბოლოს მათგან, საკუთარი თავები ვისაც ვერ უმართიათ? ცარიელი პროტესტი ყელში ამოვიდა. რაციონალური აზროვნება ყოველთვის ჩიხში შედის და ცუდ ნიმუშებს ტოვებს. არსებობდა მუდმივი დაპირისპირება და არ იყო სიმშვიდე. ვკარგავდი ღმერთს და სანაცვლოდ ვპოულობდი დიდულვაშიან ბიძას. რატომ თქვა, ღმერთი მოკვდაო, რატომ? მკვდრისგან რა ხეირია? ეტყობა სურვილებს არ უსრულებდა და ამანაც - მოკვდაო.

თვალდახუჭულმა ზემოთკენ აიხედა და ისევ ღრმად ჩაისუნთქა:

- ხომ გესმის, არავის სჭირდება ეგ შენი ექსპედიცია, არავის.

- ჩვენ გვჭირდება,  პაშა,  ძმაო. რა უცნაურად საუბრობ! საკმარისი არ არის, ჩვენ რომ გვჭირდება?

სუსტი არგუმენტი იყო. მისნაირ პიროვნებას მხოლოდ პირადი კეთილდღეობის იდეით ვერ მოხიბლავდი.

თითქოს ოდნავ დამშვიდდაო, მაგრამ როგორც კი განაგრძო, თვალები ისევ აენთო და ხმაც შეეცვალა:

- იმ დღეს ერთი გერმანელი პასტორი ლექციას ატარებდა. ვუსმენდი და ვრწმუნდებოდი, ქრისტიანობის არაფერი ეცხო. ილუზიის თეორიის აგორებას ცდილობდა: ყველაფერი ტყუილია, ეს სამყაროც სიზმარია და ჩვენი ქმედებაც საფუძველს მოკლებულიაო. Eეტყობა, გადაცმული პასტორი იყო, თორემ სად ქრისტიანობა და სად მაიავადური ფილოსოფია. დიდხანს გაიძახოდა, სიცრუესა და ილუზიაში ვცხოვრობთო. ვეღარ მოვითმინე და წამოვხტი: ეი, შენ, აქეთ მომისმინე და თან კარგად ჩაუკვირდი შენს ნაბოდვარს-მეთქი!

დარბაზი გაიტრუნა. თუ ყველაფერი ტყუილია, მაშინ რასაც ახლა გვიმტკიცებ, ეგაც ილუზია გამოდის და რატომ უნდა დაგიჯეროთ-მეთქი. გალაქტიკების დონეზე არსებული ტყუილი ნებისმიერ ჩვენს თეორიას და სწავლებას საფუძველს აცლის და დიდ გაუგებრობაში გვხვევს. დალაგების მაგივრად, სამყარო ირევა, რადგან თითოეული აზრი, ნათქვამი, გრძნობა, ღიმილი და კიდევ სხვა უთვალავი რამ, თურმე ამაოებას ემსახურება. თუ ამ საყოველთაო ტყუილში მხოლოდ შენი ნათქვამია სიმართლე, გამოდის, ყოველივე არ ყოფილა სიცრუე და სიმართლემაც შეიძლება იარსებოს-მეთქი.

რაღაცის ბოდიალი დაიწყო. ასეთი მარტივი კონცეფცია დავუპირისპირე და ეგრევე აიჭრა. როგორც ამგვარ ფილოსოფოსებს სჩვევიათ, საღი პასუხი კი არ გამცა, არამედ სპეკულაციები შეუბერა. რა თავბრუს გვახვევ, შე გადაცმულო პროვოკატორო, გავცხარდი. ვიფიქრე, დარბაზი მხარს ამიბამდა. ხელს ნუ გვიშლი, მოგვასმენინე, გარეთ გადი, შენ თვითონ ხარ პროვოკატორიო - აუდიტორიამ აქეთ შემომიტია. არსადაც არ გავალ, მარტივი კითხვაა და პასუხი გამცეს, სიმართლეს ამბობს, თუ ტყუის-მეთქი.

- პაველ...

- როცა ამტკიცებ, რომ ცხოვრებას საფუძვლად სიცრუე უდევს, იმ ტოტს ჭრი, რომელზეც ზიხარ. ანუ შენი ნათქვამი ეგრევე აზრს კარგავს, თქმის მომენტშივე ქრება, ვერც კი იბადება.

- ჩვენ ვიცით, რომ სამყარო რეალურია, რატომ უბრუნდები ამ თემას? არაერთხელ გვილაპარაკია ამაზე.

- იცი, რატომ? იმიტომ, რომ მაშინ მსურდა, ჩემი არსებობა ილუზია ყოფილიყო. რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ მალე საშინელი გამოცდა მელოდა - სულისშემხუთველ განცდებს უნდა დავპირისპირებოდი. პასტორის მტკიცებულება კი იმდენად წყალწყალა აღმოჩნდა, ძალიანაც რომ მდომებოდა, თავს ვერ მოვიტყუებდი. ხალხს ეგონა, მღვდელმსახურის გამოჭერას ვცდილობდი; არადა მის მხარეზე ვიყავი. მან კი ჩაისვარა.

ვიღაც ძუძუებგადმოყრილი ქერა ქალი გამოესარჩლა. იტყლარჭებოდა, საკუთარი თავის წარმოჩენას ცდილობდა. “დეკოლტიანი ფილოსოფია” უახლესი სამყაროს სახეა და ამ უცნაური შეჯვარებით მიღებულ რომელიმე მოაზროვნეს კიდევ აიტანს კაცი. მაგრამ იმ დარბაზში ცუდ ჰიბრიდთან გვქონდა საქმე. ახლა ამ ქალს მივაწექი, უნდა დამიმტკიცო, რომ, ის, რაშიც კაცობრიობაა გახვეული ოდითგანვე, ტყულია. თუ დამაჯერებ, ხვალიდან ყველა წიგნს მოვისვრი, რადგან ადამიანის სიცოცხლე აზრს დაკარგავს და ეს ძალიან მაწყობს-მეთქი.

- პაველ! რა გჭირს? რაღაც მოხდა, არა?

გაჩუმდა, თუმცა თვალები ისევ დაურბოდა.

- მითხარი, რა მოხდა.

- არაფერი.

ისევ ფანჯარასთან მივიდა და თქვა:

- სახლში ვერ მიგიპატიჟებ, ბოდიშს გიხდი.

- ეგ რა პრობლემაა, სასტუმროში დავრჩები, აქ მომწონს. თვითონაც ხომ ნახე, რომ აქ კარგად ვარ.

- ქვევით ჩამყევი, ოთახის ფულს მე გადაგიხდი. რამდენი ხანი გაჩერდები, მითხარი?

- სისულელეს ნუ ამბობ. ფული მეც მაქვს, შენ რატომ უნდა გადამიხადო.

- სახლში ვერ გეპატიჟები, ხომ გესმის. მე გადავიხდი სასტუმროს ფულს. ადექი, ჩამყევი დაბლა.

- მიმღები ახლა დაკეტილია, ხვალამდე ვერ გადავიხდით.

- კარგი, ხვალ დილით მოვალ. - წამოდგა და კარისკენ წავიდა.

ასე ვერ გავუშვებდი. ვერაფრით დავიჯერებდი, რომ ეს სცენა თავის დაძვრენისთვის გაითამაშა. არც იმის მჯეროდა, რომ ირკუტსკის სიცივეებმა გული გაუყინა.

- არ წახვიდე! - ხმას ავუწიე, - მოდი, დაბრუნდი. მითხარი, რა მოხდა!

ახლოს მოვიდა, თვალებში ჩავაცქერდი. ხმადაბლა ვუთხარი:

- თქვი, ნუ წელავ.

- ქსენია დაიკარგა, ჩემი ქალიშვილი.

- რას ამბობ! როგორ, დაიკარგა?

- ვეძებთ და ვერაფრით ვპოულობთ...

- რამდენი ხანია?

- უკვე მეექვსე დღეა.

- პოლიცია არ ეძებს?

- ეჭვმიტანილი ჰყავთ. ვარაუდობენ, რომ ქსიუშა ცოცხალი აღარ არის.

გაშეშებული ვიდექი, არ ვიცოდი, ასეთ განცდას რანაირი მოძრაობა შეესაბამება.

- ჩემი ცოლისძმა მეხმარება, ირკუტსკის “ომონში” მუშაობს.

- მარია სად არის?

- მარია წასულია. სახლიდან წავიდა. აქ ვეღარ გაძლო და გაიქცა. კოლიაც წაიყვანა. არა უშავს, გადაუვლის და დაბრუნდება.

ძნელია, რამე თქვა. არ გეგონოთ, რომ განცდებმა დამამუნჯა. უბრალოდ, არ მინდოდა, ყალბი ვყოფილიყავი. უნდა იგრძნო და მხოლოდ მაშინ წამოიყვირებ ნაღდ სიტყვას, რაიმე უაზრობას, შესაძლოა, სრულიად შეუსაბამოს ასეთი ვითარებისთვის. გულთან ახლოს თუ ვერ მიგაქვს, მაშინ ეძებ სიტყვებს, რომელსაც ვერ პოულობ და დგახარ გაშეშებული.

- ექსპედიცია ჩემთვის გადაიდო. ბევრი სხვა რამეც გადაიდო, - თქვა დადარდიანებულმა.

გოგონას გაუჩინარების ამბავს პოლიცია კი იძიებდა, მაგრამ მეგობარს გვერდით მაინც უნდა დავდგომოდი. დამასწრო და მითხრა, მარიას წასვლის მერე მარტო ყოფნა მსურსო. ასეთ განცდებში მყოფს, მარტოკას როგორ უნდა გაეძლო? თუმცა აღარ ჩავაცივდი.

დაბლა ჩავედით და გაჩერებამდე მივაცილე. რკინიგზის სადგურისკენ მიმავალი ავტობუსი იქვე ჩერდებოდა. წესიერად ვერც დავილაპარაკეთ. შევატყვე, ეჩქარებოდა. ვუთხარი, რომ მარტოობა კი უყვარდა, მაგრამ ასე გულხელდაკრეფილი მაინც ვერ ვიჯდებოდი და მის სანახავად ჩავიდოდი. სახლის მისამართი ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ მომცა.

უკან გულდამძიმებული დავბრუნდი. დაკარგული გოგოს ამბავს სანახევროდაც ვერ ვაცნობიერებდი და ვერც პაველის განცდებს ვიზიარებდი სრულფასოვნად. ასეთმა მოკლე საუბარმა არ დამაკმაყოფილმა. პასიურ მდგომარეობაში ყოფნა გულს მიღრღნიდა. ფიქრმაც კი გამიელვა, ნეტავ ექსპედიცია მალე ჩამოვიდეს და გავყვე-მეთქი. მაშინ ვერონიკასთან მომიწევდა განშორება და ეს ძალიან არ მსურდა. მისი შეყვარების მოკრძალებული მცდელობაც კი კეთილშობილს მხდიდა. გულწრფელი რუსი გოგონას მესაიდუმლე გავხდი და ისევ დამიბრუნდა სულიერი პრაქტიკით შესუსტებული მამაკაცურობა. თავს ვერ ვუტყდებოდი, მაგრამ გულის სიღრმეში მიხაროდა, პაველმა სახლში რომ არ წამიყვანა.

  

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE